ახალი ამბები,  ახალი წიგნები

სექტემბრის ბიბლიოდღიური

არილი იწყებს ახალ, ყოველთვიურ რუბრიკას, რომელშიც გასულ თვეში გამოცემულ მნიშვნელოვან წიგნებს მოუყრის თავს. მკითხველს საშუალება ექნება, თვალი გადაავლოს წიგნებს, რომლებიც განვლილი ერთი თვის განმავლობაში გამოიცა და გადაწყვიტოს, რომელმა მათგანმა უნდა დაიდოს ბინა მის პირად ბიბლიოთეკაში.

ვნახოთ, რა სიახლეები გვქონდა სექტემბერში:

პატი სმითი, „უბრალოდ, ბავშვები“, სულაკაურის გამომცემლობა, 2022. მთარგმნელი: ბიძინა და ანა მაყაშვილები

„სულაკაურის გამომცემლობამ“ პატი სმითის ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, „უბრალოდ, ბავშვები“ გამოსცა. „უბრალოდ, ბავშვები“ „New York Times“-ის ბესტსელერი იყო, წიგნის ეროვნული პრემიით დაჯილდოვდა და მკითხველების განსაკუთრებული სიყვარულიც დაიმსახურა. წიგნი, ერთი მხრივ, მაშინდელ ნიუ-იორკზე გვიქმნის წარმოდგენას, მეორე მხრივ კი, თავად ავტორისა და მისი პარტნიორის,  მეპლთორპის საინტერესო, თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას გვიხატავს. ორი ახალგაზრდის ურთიერთობის ფონზე, პერსონალური და კონკრეტული ამბებით, პატი სმითი უნივერსალურ განცდებზე, პრობლემებსა და სიმართლეზე ლაპარაკობს. მკითხველს შეუძლია, ამერიკისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდის მოწმედ იქცეს, რადგან პატის ურთიერთობები ჰქონდა ცნობილ ხელოვანებთან, მუსიკოსებთან, რაც მის ტექსტშიცაა ასახული. როგორც მთარგმნელი აღნიშნავს, სმითი ადამიანური ენით, ძალიან გულახდილად წერს და მისით ახალგაზრდებიც დაინტერესებულნი არიან, მიუხედავად იმისა, რომ იგი სულ სხვა თაობის წარმომადგენელია.

სალი რუნი, „მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ“, სულაკაურის გამომცემლობა, 2022. მთარგმნელი: გურამ ღონღაძე

„სულაკაურმა“ სალი რუნის მესამე რომანიც გამოსცა. „მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ“ მოგვითხრობს კოლეჯის საუკეთესო მეგობრების, ელისისა და აილინის შესახებ. მეგობრები ერთმანეთს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უზიარებენ თავიანთ შეხედულებებსა და გამოცდილებებს. საუბრობენ ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, პოლიტიკისა და სიყვარულის შესახებ. ორი ქალის ინტელექტუალურ მეგობრობაზე დაწერილი ტექსტები იშვიათია, ასე რომ, რუნი ამ რომანით იმას გადმოგვცემს, რასაც ხშირად ვერ შევხვდებით ლიტერატურაში. მთარგმნელის თქმით, წიგნის დახურვის შემდეგ მკითხველს დიდხანს გაჰყვება ფიქრი, რომ ეს ხალხი პირადად გაიცნო და მათ რაღაცნაირად შეცვალეს.

ზაზა ბურჭულაძის რომანების განახლებული გამოცემა – „გასაბერი ანგელოზი“, „მინერალური ჯაზი“, „ადიბასი“. სულაკაურის გამომცემლობა, 2022

მკითხველს უკვე შეუძლია, ზაზა ბურჭულაძის რომანების განახლებული გამოცემები შეიძინოს, რომლებიც „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა. ზაზა ბურჭულაძე თანამედროვე ქართველი მწერალი და სცენარისტია, რომელსაც მკითხველი ორ ათწლეულზე მეტია რამდენიმე რომანით, პროზაული კრებულებითა და სცენარებით იცნობს.

გასაბერი ანგელოზი – „იმ დროს, როდესაც ისლანდიაში ვულკანი ეიაფიალაიოკული იწყებს ამოფრქვევას და ევროპის ცა ფერფლით იფარება, ხოლო ავიაკომპანიები ერთიმეორის მიყოლებით აუქმებენ რეისებს, თბილისში, მთაწმინდაზე, ნიკო და ნინო გოროზიები გიორგი გურჯიევის სულს იძახებენ თეფშის დატრიალებით, სიბნელიდან საშუალო სიმაღლის, დონდლო ტანის მოხუცი გამოდის, რაღაცით სელაპს ჩამოჰგავს. ესაა გურჯიევი – ფილოსოფოსი, გიმნასტი, იოგი და მოგვი. იმ ღამიდან გურჯიევი ახალგაზრდა ცოლ-ქმართან რჩება, მთელი დღეების განმავლობაში იგი გატაცებით ადევნებს თვალს სერიალებს, ეცნობა ინტერნეტსაიტებს, ფეისბუქზე საკუთარ კედელსაც კი ხსნის. ერთ მშვენიერ დღეს გურჯიევი გოროზიებს ფულის შოვნაში ეხმარება. კერძოდ, ერთ-ერთ მდიდარ მეზობელს იტაცებენ, რომელსაც გამოსასყიდს – მილიონ ევროს სთხოვენ. გოროზიებისა და გიორგი გურჯიევის უცნაური და სრულიად ფანტასტიკური თავგადასავალიც აქედან იწყება“.

მინერალური ჯაზი – „თანამედროვე ქართული პოსტმოდერნისტული რომანი. „მინერალური ჯაზი“ იწყება როგორც საცირკო ტრაგიკომედია, შემდეგ მდორედ გადადის დეტექტივში, ბოლოს კი სულაც გიჟდება და თავბრუდამხვევ კარნავალში გადაიზრდება. რომანი ერთდროულად მოგვაგონებს დახვეწილ სადღეგრძელოსა და ცოფიან ჯაზურ იმპროვიზაციას ფიუჟენის სტილში. ესაა ხალხური სიმღერის ვირტუოზული არანჟირება“

ადიბასი – „ადიბასი 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომზე მოგვითხრობს. იმის მიუხედავად, რომ წიგნში არ არის არც ერთი საბრძოლო სცენა, ომი მაინც ამ რომანის მთავარი პერსონაჟია. მთავარი პერსონაჟია სექსიც, რომელიც წიგნში ომის ერთგვარ სინონიმადაა წარმოდგენილი. „დანარჩენ“ პერსონაჟებს – რამდენიმე ახალგაზრდა კაცს და ქალს – თითქოს არ ეხებათ მათ გარშემო მიმდინარე პროცესები, მაგრამ ყველაფერი უკვე გაჟღენთილია ომით, რომელიც თბილისს უახლოვდება“.

„თანამედროვე ქართული პროზა ტომი I“, გამომცემლობა „პალიტრა L”, 2022

გამომცემლობა “პალიტრა L” გამოსცემს სერიას „ცხოვრება ქალების კალმით“, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე ქართული პროზის პირველი ტომი გამოიცა. წიგნში თანამედროვე ქართველი მწერალი ქალების მოთხრობებია შესული, რომლებიც თემატური და სტილისტური მრავალფეროვნებით იქცევს ყურადღებას, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ქალებს, ძირითადად, ყველა სოციალურ სივრცეში „ვარდისფერ“ თემებს ანდობდნენ, ისინი მაინც ყველაფერზე წერენ. წერის პროცესში კი, გარდა იმისა, რომ მათი ინდივიდუალიზმი მჟღავნდება, იქმნება ერთიანი სურათიც, რომელიც თანამედროვე ლიტერატურაში მათ ადგილას ასახავს.

„წლების განმავლობაში ჩვენ ხომ ამბებს, მათ შორის ქალების ამბებსაც, ხშირად კაცის პირით, მათი თვალთახედვით ვეცნობოდით და ქალი პერსონაჟების ზოგჯერ ზედაპირული ან არასრულყოფილი სურათებით კიდევ უფრო გვიმყარდებოდა გენდერული სტერეოტიპები“ – აღნიშნავს ეკატერინე ტოგონიძე (მისი მოთხრობა, “წმინდა შესაძლებლობა” შესულია კრებულში) და დასძენს, რომ ეს ანთოლოგია ქალის ხმით გადმოცემულ ეპოქას ჰგავს და დარღვეული ბალანსის აღდგენას ემსახურება.

„დავით წერედიანი. 85 ამბავი“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2022

„დავით წერედიანი. 85 ამბავი“ დავით წერედიანის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა. წიგნი მოიცავს ახლო მეგობრების, თანამშრომლების, ოჯახის წევრების, მასზე შეყვარებული ახალი თაობისა თუ მის გვერდით სხვადასხვა დროსა და გარემოებაში მოხვედრილი ადამიანების მოგონებებს. ასევე, მასში პირველად დაიბეჭდა დავით წერედიანის აქამდე გამოუქვეყნებელი ბავშვობისდროინდელი ლექსი. გამოცემაში შესული ავტორების სია ვრცელი და მრავალფეროვანია (მათ შორის არიან მანანა ღარიბაშვილი, ზურაბ კიკნაძე, ვახტანგ ჯავახაძე, ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა, რისმაგ გორდეზიანი და სხვ.).

წიგნი მელანო კობახიძემ, მანანა ღარიბაშვილმა და ზვიად კვარაცხელიამ შეადგინეს. ის გამომცემლობა „არტანუჯმა“ დასტამბა. „დავით წერედიანი. 85 ამბავი“ სერიის „თან საკითხავი“ ფარგლებში გამოიცა.

© არილი

Facebook Comments Box