ჩერნობილი, მეორე მსოფლიო ომი, საბჭოთა კავშირში გაზრდილი ადამიანების გამოცდილებები, ავღანეთის ომი, ბავშვები, რომლებიც მეტისმეტად ადრე იქცნენ ზრდასრულებად – ეს თემები იყრის თავს სვეტლანა ალექსიევიჩთან, რომელმაც თავის ტექსტებში უტოპიის ხმები გააჟღერა. „ჩერნობილის ლოცვა“, „ომს არ აქვს ქალის სახე“, „სექენდ ჰენდის დრო“, ალექსიევიჩის სხვა „დოკუმენტურ რომანებთან“ ერთად, ყველაზე საზარელი მოვლენების მოწმეების მონათხრობია, რომელმაც ასახა ომი, მოპარული ბავშვობა, რადიაციული დაბინძურება, სიღარიბე… ამასთან ერთად კი ადამიანების გამძლეობისა და მოთმინების უნარი. ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატმა მწერალმა მოახერხა და შეაგროვა უნიკალური ამბები, რომლებიც დავიწყებისთვის იყო განწირული.
„Los Angeles Review of Books“-თან ინტერვიუში სვეტლანა ალექსიევიჩმა სწორედ ამ თემებზე ილაპარაკა.
ინტერვიუ დაიწყო ომსა და ომზე წერისას ენის წარუმატებლობის შესახებ საუბრით:
„მე ვფიქრობ, ომი ადამიანური სისასტიკის საზომია. ესაა ყველაზე დიდი საშინელება, რისი გამოცდაც კაცობრიობას შეუძლია. მაგალითად, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, წარმოუდგენელი ძალით ზემოქმედებს ჩვენზე. პირველ თვეებში, როცა ჩერნობილზე წიგნის წერა დავიწყე, გავაცნობიერე, რომ ჩარჩო მზღუდავდა. ადამიანებს ეშინოდათ წყლის, მიწაზე ჯდომის, ყვავილების ჩუქების. ეშინოდათ ყველაფრის, პირველ ყოვლისა, მიწის. სიკვდილი ყველგან იყო, უცხო აღარ ჩანდა. შემდეგ გავაცნობიერე, რომ ჩვენი წინარე ცოდნა საშინელების შესახებ სუსტი აღმოჩნდა. ჩვენ უკვე გამოგვიჭირა გარდამავალმა დრომ, გარდამავალმა ერთი სამყაროდან მეორეში, სამყაროს საშიშ მომავალში, რომელშიც ცივილიზაცია და პროგრესი ომისკენ მიგვიძღვის.
რა თქმა უნდა, ყველაზე რთული რამ წერის პროცესში ახალი სიტყვების პოვნა იყო ახალი გრძნობებისთვის, რომელთა შესახებაც ადამიანებმა მიამბეს. მაგალითად, რას ნიშნავს, გეშინოდეს ვაშლების ჭამის. შენ არ შეგიძლია მათი ჭამა. ხელში აღებაც კი სახიფათოა. რას ნიშნავს, როცა გეშინია იმის, ვინც გიყვარს, ვიღაცის, ვინც უკვე რადიოაქტიური საგნის მსგავსია და ექიმები გეუბნებიან, რომ არ უნდა შეეხო. რა შეიძლება უწოდო ამას? როგორ უნდა აღწერო? აქ სიტყვები არ არსებობს. პირველი, რაც აღმოვაჩინე მუშაობის განმავლობაში, იყო უმწეობა იმ კულტურის, რომელშიც ვცხოვრობდით. ახლა ვფიქრობ, იმავე უმწეობის განცდა გვაქვს უკრაინის ომში, რადგან სწორედ ჩვენი უმწეობის დამსახურებაა, ომი სამყაროს დასასრულით რომ გვემუქრება”.
ინტერვიუ შეეხო „ჩერნობილის ლოცვასაც“:
„ჩერნობილი რაღაც უფრო ღრმაა, იმიტომ, რომ ის ეხება ჩვენს კავშირს ბუნებასთან და იმ ფაქტს, რომ ტექნოლოგიების თანაზომიერნი არ ვართ. ჩვენ შევქმენით ტექნოლოგია, რომლისთვისაც მზად არ იყო ჩვენი მორალი და წარმოდგენა ცხოვრების შესახებ. როცა ჩერნობილის სადგურზე წავედი, გავაცნობიერე, რომ ჩვენთვის ამის გაგება რთულია. რთულია სიტყვების პოვნა, რათა აღწერო. ახალი რეალობისთვის კაცობრიობა სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. რადიაცია არ არის ხილვადი, არ აქვს სუნი, ვერ შეეხები. მთელი ეს დრო ყველაფერი გვეუბნებოდა, რომ ისეთი კატასტროფის ნაწილად ვიქეცით, რომლისთვისაც ბიოლოგიურად მზად არ ვიყავით. ბიოლოგიურად, ჩვენ არ შევქმნილვართ იმისათვის, რომ გაგვეგო: ჩიტებმა, ხოჭოებმა, ჭიებმა, ყველაფერმა, რაც ღრმადაა მიწაში, რაღაც იცის, ჩვენ კი -არა. ჩვენი შვილები ფეხბურთს თამაშობდნენ. ჩვენ მაისის დემონსტრაციაზე ვიყავით. ჩვენ უკვე ავივსეთ ჩერნობილით. მას ვსუნთქავდით, მაგრამ არ ვიცოდით, იმ პატარა არსებებმა კი იცოდნენ. ბევრი ფილოსოფიური შეკითხვა გაჩნდა ამ კატასტროფის პასუხად“.
ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ სწორი სიტყვების პოვნის, ჩერნობილისა და ომის მხატვრული რეპრეზენტაციის სირთულის გათვალისწინებით, სვეტლანა ალექსიევიჩის ნამუშევრები ძალიან განსხვავდება ტრადიციული ჟურნალისტიკისა და დოკუმენტალისტიკისგან და იმით დაინტერესდა, რა შეიძლება გამორჩეს საჯარო დისკურსს, მაგალითად, უკრაინის ომზე საუბრისას.
„მე ვიწერ იმას, რასაც ხალხი მიამბობს. მათ ვხვდები და ის, რასაც ისინი ჰყვებიან, გასაოცარია. არ არსებობენ საკმარისი ჟურნალისტები, ვინც მოისმენენ და ჩაიწერენ მათ და როცა დრო გავა, წიგნს შექმნიან მათ შესახებ. მაგრამ ეს წიგნი დაიწერება, იმიტომ, რომ ტანჯვაც ტექსტია. ტანჯვა არსებობს ცხოვრებაში და ის მოითხოვს ხელოვნების შექმნას“ – პასუხობს მწერალი.
სვეტლანა ალექსიევიჩი ხსნის იმასაც, თუ რატომ შეარჩია ასეთი ფორმა თავისი ტექსტებისთვის და ამბობს: „მე ვიპოვე ჩემთვის შესაბამისი ფორმა: ხმები. ვცადე, დამეჭირა ხმა, რომლითაც თითოეული ადამიანი ფიქრობს, ლაპარაკობს, ჰყვება ამბავს. ჩვენ განსხვავებულად ვუყვებით განსხვავებულ ადამიანებს ამბებს“.
აღსანიშნავია, რომ ორიგინალი პუბლიკაციის შემდეგ სვეტლანა ალექსიევიჩმა წიგნის რედაქტირება განაგრძო და ზოგიერთი რამ შეცვალა.
“25 წლის შემდეგ მე მივიღე უამრავი წერილი იმ ადამიანებისა, რომლებმაც წიგნი წაიკითხეს და რაღაცის დამატება უნდოდათ. მათ ახალი მოგონებები აღმოაჩინეს, ახალი სიმამაცე. ნახეს, როგორ საუბრობდნენ სხვები ამის შესახებ და საკუთარი გამოცდილებებიც სხვაგვარად დაინახეს. მომწერეს და ხელახლა მიმიწვიეს სასაუბროდ. შევხვდი, მეტი ვისაუბრეთ და ამან მოახდინა გავლენა ახალ გამოცემაზე“ – განმარტავს და დასძენს, რომ სანამ ადამიანი ცოცხალია, წიგნი დასრულებული არაა, ხმა კვლავ ჟღერს და მათ ისევ უჩნდებათ ახალი აზრები.
ალექსიევიჩმა ინტერვიუში ახალ წიგნზეც ისაუბრა, რომელიც ბელორუსიის რევოლუციას შეეხება. როგორც ის ამბობს, ამ ამბებზე წერას ცდილობს, თუმცა ჯერ საბჭოთა ადამიანზე უნდა დაასრულოს წერა. „გვეგონა, ეს ყველაფერი დამთავრდა. კომუნიზმი მკვდარია, დიქტატურა მკვდარია, მაგრამ არა, ის გრძელდება. ვფიქრობდი, წიგნი თითქმის დავასრულე-მეთქი, მაგრამ მერე უკრაინაში ომი დაიწყო და გავაცნობიერე, რომ წერა უნდა განვაგრძო, რადგან ყველაფერი დაკავშირებულია. ისიც უნდა დავამატო, რაც იქ ხდება“.
„წითელ ადამიანზე“ საუბრისას კი აღნიშნა, რომ „როცა მთელ ცხოვრებას ციხის საკანში ატარებ და მერე გათავისუფლებენ, თავისუფალი არ ხდები. ეს არ ნიშნავს თავისუფლებას, შენ უბრალოდ სხვა სივრცეში ხარ. ჩვენ მშვიდობიანი რევოლუციის მცდელობა გვქონდა. ახლა ჩვენ გვაქვს ომი უკრაინაში და რუსული ფაშიზმი. ახალი ტიპის ფაშიზმი. ასე რომ, წიგნი გრძელდება, რადგან ცხოვრება გრძელდება. ისეთი განცდა მაქვს, რომ მთელი წიგნი ხელახლა უნდა დავწერო. ბევრი მასალაა და გაჩერება არ შემიძლია“.
კითხვაზე, რა შეცვლა ნობელის პრემიის ლაურეატობამ, სვეტლანა პასუხობს, რომ ცდილობს, ხალხს შეხვდეს არა როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი, არამედ როგორც მათი მეგობარი ან მეზობელი.
ალექსიევიჩმა რამდენიმე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და ემოციური ეპიზოდიც გაიხსენა. მაგალითად, ევაკუირებულ სოფელში როგორ შეხვდა ქალს, რომელიც ჩიტებს აპურებდა და არც მაშინ ეშინოდა, როცა მგელი მიდიოდა მასთან. „მგლების არ მეშინია, ისინი ადამიანებით მარტოსულები არიან“ – ამბობდა ის. გაიხსენა ჩერნობილში სტუმრობაც, როცა მოულოდნელად აღმოაჩინა, რა სწრაფად ივიწყებს მიწა ადამიანს და ისიც, რომ როცა წვიმა დაიწყო, იასამნისფერი შუქი დადგა, რომლის სილამაზის სანახავად ბავშვები და მშობლები მიდიოდნენ და არ ესმოდათ, რომ ეს სიკვდილი იყო.
წერის პროცესზე საუბრისას შეეხო იმასაც, რომ მასზე გავლენა ფილოსოფიურმა იდეებმა მოახდინა და არა იმან, თუ როგორ წერდნენ კონკრეტული ავტორები ომზე. აღნიშნა ისიც, რომ ფიქციამ იმედები გაუცრუა: „მნიშვნელობა – კონფლიქტი კეთილსა და ბოროტს შორის – როგორღაც განზავებულია ფიქციაში. ნახევრად დოკუმენტურ ჟანრს მეტი შანსი აქვს, რომ უთქმელი რამეები მოგვითხროს და თან უფრო სწრაფად. კარგ რომანს ჩქარა ვერ დაწერ, დიდი დროა საჭირო“. აქედან გამომდინარე, მისთვის ლიტერატურაში ცენტრალური გმირი მოწმეა.
ინტერვიუს დასასრულს სვეტლანა ალექსიევიჩი აღნიშნავს: „ვფიქრობ, ჩვენ, ყველანი პასუხისმგებელნი ვართ ამ დროისა და იმის გამო, რაც ხდება. უნდა გავიგოთ, რომ, შესაძლოა, ბევრს ვერაფერს მივაღწიოთ, მაგრამ თუ გავჩუმდებით, ეს ბევრად უარესი იქნება“.
© არილი