
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ
სიგრიდ ნუნიესი (Sigrid Nunez, დ. 1951) – ამერიკელი მწერალი, ესეისტი. დაიბადა ნიუ–იორკში. მამა ჩინური წარმოშობის პანამელი იყო, დედა – გერმანელი. თანამშრომლობდა გამოცემებთან: The New Yorker, The New York Times, The New York Review of Books, The Paris Review და სხვ. არის არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, მისი ნაწარმოებები მრავალ ენაზეა თარგმნილი. 2024 წელს პედრო ალმოდოვარმა მისი 2020 წლის რომანის მიხედვით („რას უძლებ“, „What Are You Going Through“) გადაიღო ფილმი „ოთახი მეზობლად“, რომელშიც მთავარ როლებს ჯულიანა მური და ტილდა სუინტონი ასრულებენ.
„ერთი მითხარით, – უთხრა ქალმა ექიმ-ფსიქოთერაპევტს, – რატომაა, რომ იდუმალი ხმები საშინელ, შემზარავ სიტყვებს ამბობენ. რატომ არასოდეს იტყვიან: „შესანიშნავი, ჭკვიანი, დიდებული ადამიანი ხარ. ღირსეულად ცხოვრობ და ბედნიერებას იმსახურებ“? ამის ნაცვლად ჩურჩულებენ: „ცუდი ადამიანი ხარ. შენი სიცოცხლე ფუჭია. ყველას სძულხარ. ტკივილსა და სიკვდილს იმსახურებ“.
„რაც კიდევ უფრო უარესია, – განაგრძო ქალმა, – ხმები განუწყვეტლივ ბრძანებენ, ახლავე წადი, რომელიმე უდანაშაულო უცნობს ხელი ჰკარი და მატარებლის ქვეშ ჩააგდეო. რატომ არ ამბობენ, აი, იმ მოხუც ქალს დაეხმარე და მძიმე ჩანთები გამოართვიო?“.
ექიმს კინაღამ გაეცინა, მაგრამ ქალი სერიოზულად ლაპარაკობდა. ახალგაზრდა იყო. ალბათ, ოცდაათიოდე წლისა იქნებოდა. ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული სახე ჰქონდა, გარდა იმდენად შავი თვალებისა, რომ გუგას ფერადი გარსისგან ვერ განასხვავებდით. შუბლზე შეჭრილი თმა მისი შავი თმის ერთადერთი ნაწილი იყო, რომელიც ბაცი ფერის საღებავით შეეღება. ტუჩებზე წითელი პომადა ესვა და ნატის გრძელი, მწვანე ძველებური კაბა ეცვა. ექიმი თვალს ვერ აცილებდა მის ბრჭყვიალა ფრჩხილებს, რომლებიც, იაპონური ხოჭოს მსგავსად, სპილენძის ფერისა იყო.
ექიმის აზრით, ქალის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ხმები ადამიანებს ყოველთვის როდი აშინებენ და არც ყოველთვის უბიძგებენ ბოროტი ქცევებისკენ. ზოგჯერ ნეიტრალურ თემებზე ლაპარაკობენ. ისეც ხდება, რომ ადამიანს სიკეთისკენ მოუწოდებენ. ზოგჯერ საერთოდ არაფერს ამბობენ და მხოლოდ ხვნეშიან – რაც, ექიმის ვარაუდით, შეიძლება ისეთივე ავბედითი ყოფილიყო, როგორც მუქარა ან წყევლა. ზოგჯერ ღიღინებენ ან მღერიან. „იავნანა მესმის“, – უთხრა მას ერთმა პაციენტმა.
ექიმს ამ „ლედი გრინსლივსთან“ საუბრის გაგრძელება რომ მოენდომებინა, ყოველივე ამას ეტყოდა. და დასძენდა, რომ ხმები, თვით სასიამოვნოც კი, მაინც უარყოფით სიმპტომს წარმოადგენდა. ის ორმოცდაათი წლის პაციენტი, როდესაც „იავნანა“ ესმოდა, აქეთ-იქით ქანაობდა და ცერს წუწნიდა ხოლმე. რასაკვირველია, არსებობენ გარკვეული ტიპის – ალბათ, ყველაზე უარესი ტიპის – ადამიანები, რომლებსაც ხმები გამუდმებით ეუბნებიან, რომ ისინი არაჩვეულებრივი პიროვნებები არიან და რომლებიც თავს დაჩაგრულად მიიჩნევენ, რადგან მათ სრულყოფილებას არავინ აღიარებს.
მოსწყინდა, გაიფიქრა ქალმა. არ მისმენს. უბრალოდ, თავაზიანია. თუმცა, საჭიროდ არც კი მიიჩნევს, რომ ითვალთმაქცოს, თითქოს ჩემი ნათქვამი აინტერესებს. თავაზიანი სულაც არაა.
სინამდვილეში ექიმს ქალის ნათქვამის მხოლოდ ერთი ასპექტი აინტერესებდა: ის, თუ, ქალის წარმოდგენით, რატომ იყო ეს ხმები უსიამოვნო, მაშინ, როდესაც შეიძლებოდა თბილი და მოალერსე ყოფილიყო. ზოგადად კი, ამგვარი შემთხვევები ექიმისთვის ჩვეული იყო. ღმერთს შეეძლო, სურვილისამებრ, ნებისმიერი სამყარო შეექმნა – მაშ, რატომ შეარჩია ასეთი ცუდი?
ექიმს საუბრის გაგრძელება რომ მოენდომებინა და არ შეშინებოდა იმისა, რომ ქედმაღალი ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებდა, შეეძლო გამოეთქვა გნოსტიკური თვალსაზრისი, რომ ეს სამყარო უზენაეს არსებას არ შეუქმნია და არ მართავს მას; პასუხისმგებლობა ეკისრება სხვა, უფრო კნინ არსს, და არა ყოვლად ქველსა და ყოვლად ბრძენს. თუმცა, ქალს, ალბათ, არაფერი სმენოდა გნოსტიციზმზე. ექიმს ამგვარი არაფერი უთქვამს არა პატრიარქალური შემწყნარებლობის გამო (რომელიც მას ჩაუნერგა დედამ – თავისი თაობის ერთ-ერთმა საუკეთესო ისტორიკოსმა, რომლის დედამ, თავის მხრივ, სახელი გაითქვა გამოკვლევებით ბიოქიმიაში. ამიტომაც ექიმი ამგვარ შეცდომას არ დაუშვებდა), არამედ ქალის ახალგაზრდული ასაკის გათვალისწინებით. ექიმის დამ, რომელიც ინგლისურ ენას ასწავლიდა სტუდენტებს, უამბო, როგორ მიხვდა იდიომის – „«to wash one’s hands of something» – შესახებ მსჯელობისას, რომ სტუდენტებს წარმოდგენა არ ჰქონდათ პონტიუს პილატეს შესახებ.
ქალი ექიმთან ძალზე ახლოს იჯდა. ექიმს გაახსენდა ძველი (ორდინატურაში სწავლის დროინდელი) ხუმრობა: „მაკოცებთ, ექიმო?“ „რას ჰქვია, გაკოცებთ? ამ დივანზე თქვენ გვერდითაც კი არ უნდა ვიჯდე!“
ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ დაავადებების გამოვლინებები და რომლებიც ეძებენ რჩევებს სიმპტომებთან დაკავშირებით, და სახელოს იკაპიწებენ, რათა ექიმს ხალი აჩვენონ – რომელი ექიმი არ წასწყდომია მათ თავისი კაბინეტის კედლებს გარეთ? ერთ ქირურგს საღამოს წვეულებაზე ქალმა სთხოვა, სააბაზანოში შეჰყოლოდა და შეემოწმებინა, მკერდი გამკვრივებული ხომ არ ჰქონდა. ბევრი კითხვა, რომლებსაც მას უსვამდნენ, იწყებოდა სიტყვებით: „ეს ნორმალურია? ეს არანორმალურია?….“. ნორმალურია თუ არა, რომ ადამიანს სურს მთელი ცხოვრება მარტო გაატაროს? არანორმალურია თუ არა, რომ ადამიანს უყვარს თავისი პარტნიორი, მაგრამ საწოლში მის მიმართ ზიზღს გრძნობს?
მაგრამ ექიმს არ სჭირდებოდა საუბრის გაგრძელება ლედი გრინსლივსთან. არ სჭირდებოდა იმის თქმა, რომ იცოდა ფსიქოზისა და სმენითი ჰალუცინაციების არსი. არ უნდა მჯდარიყო დივანზე, სადაც ქალი მასთან ძალზე ახლოს იჯდა. შეეძლო, ბოდიში მოეხადა და…
„მეჩვენება თუ სიმართლეა, რომ ამჟამად შეშლილები სულ უფრო ხშირად გვხვდებიან, განსაკუთრებით, მეტროში?“
მათ ზურგს უკან, დივანსა და წიგნის თაროებს შორის, მამაკაცმა გაიარა. ცარიელი ჭიქა მიჰქონდა, რომლის გავსებასაც აპირებდა. ეს მამაკაცი, მისი ცოლი და ექიმი წვეულებაზე ერთდროულად მივიდნენ და ისინი ერთმანეთს მასპინძელმა ქალმა გააცნო. ექიმმა გაიფიქრა, რომ ამ ადამიანებს აღარასოდეს ნახავდა და ამიტომ მათი სახელები მყისვე დაავიწყდა. არც კი იცოდა, რა ესაქმებოდა აქ. მართალია, ის და მასპინძელი ათწლეულების განმავლობაში მეზობლები იყვნენ და ერთ სართულზე ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთმანეთს თითქმის არ იცნობდნენ. ეს ქვრივი ქალი, მაღალი საზოგადოების ერთ-ერთი მშვენება, ხშირად მართავდა წვეულებებს, მაგრამ უწინ არასოდეს ეპატიჟებოდა ექიმს. დღევანდელი წვეულება გამართა იმ ჟურნალისტის წიგნის გამოქვეყნების აღსანიშნავად, რომელსაც მხოლოდ სახელით იცნობდა. მასპინძელს შავ-ნარინჯისფერი მოსასხამი ეცვა, თავზე კი შავი დოლბანდი ეხურა, რომელსაც პარიკს ამჯობინებდა (რამდენიმე წლის წინ, კიბოს მკურნალობის პროცესში გაცვენილი თმა მხოლოდ ადგილ-ადგილ ამოსვლოდა).
ექიმს ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მისი დაპატიჟება ბოლო წუთს გადაწყდა. წინა დღეს ის და მასპინძელი ქალი ერთმანეთს ლიფტთან შეეჩეხნენ. როდესაც ძირს ჩადიოდნენ, რამდენიმე წუთს ესაუბრებოდნენ ერთმანეთს – არც კი ახსოვდა, რაზე ლაპარაკობდნენ – მაგრამ ექიმმა შეამჩნია, რომ ქალს რაღაც უჩვეულო დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ. ერთგვარი თანაგრძნობა. თავდაპირველად გაიფიქრა, რომ თანაგრძნობა დედამისის გარდაცვალებით იყო გამოწვეული, მაგრამ ექიმის დედა ხომ უკვე ნახევარი წლის წინ გარდაიცვალა. და, გარდა ამისა, საიდან უნდა სცოდნოდა ეს თითქმის უცნობ მეზობელს? შემდეგ, სადარბაზოსთან, ქალმა უთხრა: „თუ ხვალ საღამოს გეცლებათ, იქნებ, მეწვიოთ. წვეულებას ვმართავ“.
ექიმის ცოლის შესახებ სიტყვაც არ დაუძრავს.
როგორც ჩანს, სახლის მეპატრონის დედამ, რომელიც ყოველთვის პირველი სართულის ფანჯრიდან იყურებოდა ან ვესტიბიულში იდგა, აცნობა 14-F ბინაში მცხოვრებ ქვრივს, რომ 14-A ბინაში მცხოვრები კაცის ცოლი – მაღალი, კოხტად ჩაცმული და თავმომწონე – ქმარს გაშორდა.
მოულოდნელი მიპატიჟებისგან შეცბუნებულმა ექიმმა არ იცოდა, როგორ ეთქვა უარი. ბოლოს და ბოლოს, ეს იყო მეზობლისადმი თანაგრძნობის გამოვლინება. ექიმს არასოდეს უყვარდა წვეულებები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც იქ ბევრი უცნობი ადამიანი იმყოფებოდა. გადაწყვიტა, მხოლოდ ცოტა ხნით მისულიყო; საკმარისი იქნებოდა, თუკი, უბრალოდ, გამოჩნდებოდა. ეს ის ადამიანები არ იყვნენ, რომელთა გაცნობაც სურდა. საერთოდაც, აპირებდა, მალე სხვაგან გადასულიყო საცხოვრებლად, თუმცა ამის შესახებ სახლის მეპატრონისთვის ჯერ არაფერი ეთქვა.
მასპინძელი უზარმაზარი პეპელა-მონარქივით დაფარფატებდა სასტუმრო დარბაზში და მცირე ხნით უერთდებოდა სტუმრების ხან ერთ და ხან მეორე ჯგუფს. დროდადრო ის და ექიმის გვერდით მჯდარი ახალგაზრდა ქალი ერთმანეთს თვალს შეავლებდნენ ხოლმე. ეს ახალგაზრდა ქალი, მასპინძლის ყოფილი თანაშემწე, ახლა კინოსკოლაში სწავლობდა და თავის პირველ დოკუმენტურ ფილმს იღებდა. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ისინი მეგობრობდნენ და იმდენად ახლო იყვნენ ერთმანეთთან, რომ ტელეპათიური კავშირით ურთიერთობდნენ.
სასიამოვნო გარეგნობა აქვს, მაგრამ უკვე ხანდაზმულია.
არ ვარშიყობთ. უბრალოდ, ვლაპარაკობთ.
იქნებ თემა შეცვალო? მგონი, მოსწყინდა. არ გისმენს. რაღაც სხვაზე ფიქრობს. როგორც უკვე გითხარი, ცოლი ახლახან დასცილდა. მაგრამ ეს შენი სადარდებელი არაა. თუ მასთან მოგწყინდა, სხვებს გამოელაპარაკე.
ასეც მოვიქცევი. ჰო, მართლა, მშვენივრად გამოიყურები.
გმადლობ, ძვირფასო. შენთვისაც ეს მინდოდა მეთქვა. შენი ფრჩხილების ფერი მომწონს!
„აღარ თქვა სიტყვა „გიჟი“, – შენიშნა ქალმა, რომელიც ექიმისა და მისი თანამოსაუბრის პირდაპირ, ჟურნალების მაგიდის მეორე მხარეს მდგარ სავარძელში იჯდა. ტილოს ჩანთა ეჭირა, საიდანაც პაწაწინა იორკის თავხედური დრუნჩი მოჩანდა. ძაღლი ხშირ-ხშირად ცახცახებდა, თითქოს რაღაც ამაზრზენი აზრის ზეგავლენით.
„ვითომ, რატომ?“ – ჰკითხა მამაკაცმა, რომელიც დივნის უკან იდგა.
„იმიტომ, რომ ეს შეურაცხმყოფელია. უნდა თქვა „სულით ავადმყოფი“.
„იქნებ, მინდა, რომ შეურაცხყოფა მივაყენო?“ – თქვა – მამაკაცმა, – შენ რა, გიჟი ხარ?“
ქალმა ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო: „ვამჩნევ, რომ ადამიანები ყველგან ისე იქცევიან, თითქოს სულით ავადმყოფები არიან. ამას წინათ სუპერმარკეტში ვიყავი და მცველმა მიმითითა, რომ ხელთათმანი დამივარდა. ავიღე და მადლობა გადავუხადე, მან კი შემომიღრინა: თქვენი „მადლობა“ არ მჭირდება, ქალბატონოო, მითხრა. „ჩემს სამუშაოს ვასრულებ. ყველაფერს ვამჩნევ. თქვენი „მადლობის“ გულისთვის არ ვიქცევი ასე.“. გავოგნდი. მარტონი რომ ვყოფილიყავით, შემეშინდებოდა, ისეთი აგრესიული იყო. და ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა. რომ მადლობა გადავუხადე“.
„მეც მსგავსი რამ დამემართა.- თქვა სხვა ქალმა. – ტაქსის მძღოლმა დამიყვირა, რადგან როდესაც რესტორანს მივუახლოვდით, ვუთხარი, მანქანა აქ შეაჩერეთ-მეთქი. „მშვენივრად ვიცი, სადაცაა! თქვენი კარნახი არ მჭირდება“. მანქანიდან ასე სწრაფად არასოდეს გადმოვსულვარ“.
სტუმრებმა დარბაზის ცენტრიდან გადმოინაცვლეს პატარა მაგიდისკენ, რომლის მახლობლადაც ექიმი იჯდა, ამიტომ მან გაპარვა ვერ მოახერხა. მაგიდაზე ჟურნალისტის ახალი წიგნის ეგზემპლარი იდო, თვით ჟურნალისტი იქვე იდგა და ესაუბრებოდა ქალს, რომელიც ძალზე წააგავდა ექიმის ცოლს. ისეთივე წაბლისფერი თმა, ელფისმაგვარი პროფილი და თითქმის ისეთივე ლურჯი კოსტიუმი, რომელიც შეკვეთით შეიკერა.
ეს, უბრალოდ, შთაბეჭდილება იყო, რომლის გამოც გულისტკივილი არ უგრძნია. ცოლი არ ენატრებოდა. მისი დაბრუნება არ სურდა. მტრები არასოდეს ყოფილან, მაგრამ დიდი ხანია, მეგობრებიც არ იყვნენ. მათი სიყვარულის ისტორია ცნობილ ტრაექტორიას მიჰყვებოდა: ცხელა, თბილა, ცივა, ცივა. ბოლოს ერთმანეთს თითქოს ვერც კი ხედავდნენ. ასე წლობით გაგრძელდებოდა, როგორც ეს ხშირად ხდება, მაგრამ ერთხელ ექიმის ცოლი, რომელიც ხელოვნების კურატორი იყო, მოგზაურობისას ვიღაც სხვა მამაკაცს გადაეყარა. როდესაც ქალი საცხოვრებლად საყვარლის – მხატვრის – სახელოსნოში გადავიდა, ექიმს სურვილი გაუჩნდა, უფრო მომცრო და ნაკლებად კოპწია ბინაში გადასახლებულიყო, თანაც ისეთში, რომელიც მის ოფისთან ახლოს იქნებოდა. წიგნი აიღო და გადაფურცლა. უკვე იცოდა, რაზე იყოს ეს წიგნი. ავტორი მიეკუთვნებოდა თანამედროვე მეცნიერთა იმ ნაწილს, რომელიც ცდილობს, აშკარად მიუთითოს კაცობრიობას მის წინაშე წამოჭრილ ეგზისტენციალურ საფრთხეებზე, ისე, რომ მკითხველი სრულად არ დააბნიოს. რედაქტორის თქმით, წიგნი „შიშისა და იმედის ბრწყინვალე ბალანსს“ წარმოადგენდა და მისი თემატიკა ძალზე აქტუალური იყო ფსიქოთერაპიისთვის. ბოლო კონფერენცია, რომელშიც ექიმი მონაწილეობდა, ეძღვნებოდა კლიმატის ცვლილებებით აღძრული შიშის ზეგავლენას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ექიმი უკვე მრავალი წლის განმავლობაში მკურნალობდა პაციენტებს, რომელთა სტრესული აშლილობის სიმპტომები და ემოციური პრობლემები გამოწვეული იყო მომავლის გაურკვევლობითა და მის წინაშე შიშით. და ახლახან ამან მისი ოჯახიც დაანგრია.
მართალია, ექიმი წუხდა, მაგრამ ამ წუხილის მიზეზი ცოლი კი არა, ქალიშვილი იყო. მათი ერთადერთი შვილი, ალერსიანი და გულთბილი გოგონა, რომელსაც მშობლებისთვის არასოდეს მიუყენებია წყენა, და რომელიც ცოლ-ქმარს მართლაც ღვთის წყალობად ესახებოდა. უკვირდათ, რომ მათ, ესოდენ არასრულყოფილ არსებებს, ესოდენ სრულყოფილი შვილი ეყოლათ. ვინაიდან გოგონა საკუთარი ცხოვრებით სავსებით კმაყოფილი იყო, მშობლებს არ აწუხებდათ, რომ შვილი, მათგან განსხვავებით, წარმატებული მოსწავლე არ გახლდათ ან რომ მან, სკოლის დამთავრებისას, არ მოინდომა რაიმე გარკვეული პროფესია აერჩია. მაგრამ, თუმცა გოგონა პატივმოყვარე არ იყო, კითხვა ძალზე უყვარდა, ინტელექტუალურად განვითარებული გახლდათ და არც სიზარმაცე ან მოწყენა სჩვეოდა. ნამდვილად უფრო ბედნიერი იყო, ვიდრე მისი პერფექციონისტი თანატოლები და არ შურდა მათი. როგორც ჩანს, არავისი არ შურდა. ერთგული მეგობრები ჰყავდა. სხვადასხვა ადგილას ბეჯითად შრომობდა არასრული სამუშაო დღის განმავლობაში. მშობლები არ წუხდნენ იმის გამო, რომ ზოგჯერ საკუთარი ბინის ქირას ვერ იხდიდა და დროებით მშობლებთან ბრუნდებოდა ხოლმე. ცოლ-ქმრის ურთიერთობა უმჯობესდებოდა, როდესაც მათ გვერდით მათივე შვილი იმყოფებოდა. ღმერთს მადლობას სწირავდნენ, როდესაც ახსენდებოდათ სხვა მშობლები, რომლებიც შვილებთან საერთო ენას ვერ პოულობდნენ. ძველი ჭეშმარიტება, რომ ფსიქოთერაპევტთა შვილებს ემოციური აშლილობები ახასიათებთ, ამ შემთხვევაში არ გამართლდა.
მეგობრის ქორწილში ექიმის ქალიშვილი შეხვდა მამაკაცს, რომელზეც – როგორც იმედოვნებდა – ოდესმე გათხოვდებოდა და ერთ შვილს მაინც გააჩენდა. დედობაზე ყოველთვის ოცნებობდა და მას თავისი ცხოვრების ნაწილად – საუკეთესო ნაწილად – მიიჩნევდა. წყვილმა ერთად ცხოვრება „კოვიდის“ პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. იზოლაციამ მათი სიყვარული გაამყარა, მაგრამ ქალიშვილი ახლა ყოყმანობდა, რამდენად ზნეობრივი იქნებოდა შვილების გაჩენა ამგვარ აწეწილ სამყაროში. რომელი დედა შეიძლება იმედოვნებდეს, რომ მის შვილს ბედნიერი ცხოვრება ექნება? ბავშვი დაიბადება მრავალრიცხოვანი და ხანგრძლივი მსოფლიო კრიზისების პერიოდში და ფსიქოთერაპევტის ქალიშვილს არ ასვენებდა ავბედითი ხილვები იმისა, თუ რა მძიმე ცხოვრება ელოდა მის შვილს დედის გარდაცვალების შემდგომ.
საქმრო პატივს სცემდა ქალიშვილის გრძნობებს, თუმცა არ იზიარებდა მის პესიმიზმს. ის ამბობდა, რომ ზოგიერთ ძალზე ჭკვიან და სრულად ინფორმირებულ ადამიანს – მეცნიერებს, რომელთა შორისაც ეკოლოგიური და პოლიტიკური აქტივისტები იყვნენ – შვილები ჰყავდა; რომ შესაძლებელია კლიმატის ცვლილებათა მავნე შედეგების თავიდან აცილება, დემოკრატიის გადარჩენა, კაცობრიობის მორალის გაუმჯობესება.
მაგრამ, ქალის თქმით, კატასტროფის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო მხოლოდ ადამიანების გაერთიანებისა და მათი ერთობლივი ძალისხმევების წყალობით. და რა ხდებოდა რეალურად? მზარდი სეპარაცია, კონფლიქტები და რწმენა იმისა, რომ მომავალი პრობლემათა კოლექტიურ გადაწყვეტას კი არ უქადდა ადამიანებს, არამედ – ეგოიზმს, დემაგოგიასა და ძალმომრეობას. გააფთრებული ბრბოებს იმდენად სძულთ ერთმანეთი, რომ უმალ დაიხოცებიან, ვიდრე ერთობლივად შეეცდებიან პრობლემების გადაწყვეტას.
ქალიშვილს შეეძლო შეჰგუებოდა იმ აზრს, რომ შვილი არ ჰყავდა და არ ეყოლებოდა. სამაგიეროდ, სანანებლად არასოდეს დარჩებოდა ის, რომ შვილი ჰყავდა.
მამამისი ფრთხილობდა და ცდილობდა, ზეგავლენა არ მოეხდინა შვილის გადაწყვეტილებაზე, – ისევე, როგორც ფრთხილობდა თავის რამდენიმე პაციენტთან, რომლებიც იმავე პრობლემის წინაშე იდგნენ. მეორე მხრივ, დედა კიცხავდა ქალიშვილის „კაპიტულანტურ“ პოზიციას. შვილიშვილებზე ოცნებობდა. არასოდეს გაპატიებო, – ეუბნებოდა მკაცრად.
ექიმის აზრით, ამ ვითარებიდან გამოსავალი არსებობდა. ჯერ ერთი, მის ქალიშვილს შეეძლო გადაეფიქრებინა (ჯერ კიდევ საკმარისად ახალგაზრდა იყო ამისთვის) და თუ ასე არ მოიქცეოდა, შეეძლო შვილის აყვანის შესაძლებლობაზე ეფიქრა. მას გაცილებით მეტად აღელვებდა ქალიშვილის ტემპერამენტის მკვეთრი ცვლილება – მას უწინ დეპრესია არასოდეს აწუხებდა, ახლა კი უფსკრულში მიექანებოდა. არაფერს უჩიოდა, მაგრამ რობოტივით განურჩეველი გახდა და ცხოვრებისგან არაფერ სასიკეთოს არ მოელოდა. უარი განაცხადა ფსიქოთერაპიაზე ან წამლების მიღებაზე. ყველაფერი რიგზეაო, ამბობდა, მაგრამ ერთი წელი გავიდა და მისი მდგომარეობა არ შეცვლილა.
როდესაც ექიმმა შეიტყო, რომ მისმა ქალიშვილმა ბიძაშვილს აჩუქა თავისი ტანსაცმელი, ყავისფერი ტყავის ქურთუკის ჩათვლით, რომელიც ძალიან უყვარდა, ძალზე შეშფოთდა. ცნობილია, რომ თვითმკვლელობის წინ ადამიანები თავიანთ ტანსაცმელს არიგებენ.
მის ქალიშვილს გაეცინა. „ნუ წუხხარ, მამა. უბრალოდ, მომბეზრდა ეს ძველი ტანსაცმელი“.
შემდეგ მოულოდნელად მოისურვა ემოგზაურა. ლამაზ ადგილებში გამგზავრებულიყო. მარტო გამგზავრებულიყო. ქალ-ვაჟს რამდენიმე ხნით ცალ-ცალკე უნდა ეცხოვრა. რასაკვირველია, მათი ურთერთდამოკიდებულება დაიძაბა. ვაჟი იჟინებდა, მთელი ცხოვრება შენთან ერთად (შვილებით ან მათ გარეშე) უნდა გავატაროო, მაგრამ ქალი თავს მაინც დამნაშავედ მიიჩნევდა.
და ექიმი კვლავ შეშფოთდა. ადამიანები, რომლებიც თვითმკვლელობას აპირებენ, ხშირად მიემგზავრებიან სახლიდან ამის ჩასადენად. სასტუმროებში ხშირად ხდება თვითმკვლელობები. მის ქალიშვილს კვლავ გაეღიმა: „როგორ ფიქრობ, დედამიწის შორეული კუთხეებში იმისთვის მივემგზავრები, რომ მერე გაიძულოთ, ჩემი გვამი იქიდან ჩამოასვენოთ?“
წვეულებაზე უეცრად სიჩუმე ჩამოვარდა.
ქალმა, რომელიც ჟურნალისტს ესაუბრებოდა, პირველმა დაარღვია სიჩუმე. „ერთხელ მითხრეს, რომ თურქეთში, როდესაც საუბრისას ყველა ჩუმდება, ამბობენ, სადღაც გოგონა დაიბადაო. ესე იგი, როდესაც ბიჭი იბადება, ეს სიხარულისა და ზეიმის საბაბია, ხოლო როდესაც გოგონა იბადება, არავინ იცის, რა თქვას. ამიტომ უხერხულად დუმან“.
ყველამ ამოიოხრა. იორკშირის ტერიერი შეკრთა, დივანზე მჯდომმა ქალმა კი ხმამაღლა, უკმაყოფილო კილოთი წარმოთქვა: „თურქი ვარ, მაგრამ ასეთი რამ არასოდეს მსმენია“.
იმავ წუთს აწკრიალდა ექიმის ტელეფონი, რომელიც ჟურნალების მაგიდაზე იდო. ექიმმა შეტყობინებას დახედა: „დეპრესია ჯერ კიდევ მაწუხებს, მაგრამ ახლა პეიზაჟი მთრგუნავს“.
ექიმს გაეცინა. უნდა აეხსნა, რაში იყო საქმე, და, უბრალოდ, თქვა: „ჩემი ქალიშვილი მწერს“.
დანარჩენებმაც გაიცინეს და მასპინძელმა ჭიქა მაღლა ასწია.
„ჩვენს ქალიშვილებს გაუმარჯოს!“ – თქვა მან.
„ქალიშვილების სადღეგრძელო იყოს!“
ექიმს არ გაჰკვირვებია, როდესაც თანამოსაუბრე ქალი უკან გაჰყვა. იმ ერთი საათის განმავლობაში, სანამ ექიმი წვეულებაზე იმყოფებოდა, ეს ქალი მის გვერდით იჯდა ან იდგა და როდესაც ექიმმა წასვლა დააპირა, ისიც გაჰყვა.
თავის ბინაში შესვლისას ექიმს ქალისთვის ალკოჰოლური სასმელი არ შეუთავაზებია. ისედაც ნასვამები იყვნენ. კოჭას ჩაი მოადუღა, რომელიც სამზარეულოში დალიეს.
ქალმა თქვა, რომ მის ძმას მრავალი წლის განმავლობაში ესმოდა ხმები, რასაც ყველას უმალავდა, უფროს დასაც კი, რომელიც უყვარდა. ბოლო დრომდე იურიდიულ კოლეჯში სწავლობდა, სადაც ხმები – რომლებიც ხან ჩუმად გაისმოდა, ხან კი უწყვეტ ყვირილად იქცეოდა ხოლმე – უბიძგებდნენ, მონაწილეობა მიეღო ბრძოლაში იმათ წინააღმდეგ, ვისი საბოლოო მიზანიც პლანეტის კონტროლი იყო. ამაში ჩარეული იყვნენ მისი პროფესორებიც – ამ ლათინური წარმომავლობის ადამიანებს ფარული, მაგრამ აშკარად ბოროტი ზრახვები ამოძრავებდათ. ყმაწვილი სკოლიდან გამოიპარა და მშობლების სახლში ჩაიკეტა, სადაც ახლა უცხოდ გრძნობდა თავს, თუმცა აქ იყო გაზრდილი. შემდეგ დაბინავდა ქალაქის პარკში, ხეზე, თუმცა, იქაურ მტრედებს არ ენდობოდა: მტერს ზოგიერთ მათგანის გამოყენება შეეძლო თავისი შეტყობინებების გადასაგზავნად.
სხვა მაწანწალასთან წაკინკლავების შემდეგ ყმაწვილმა იპოვა თავშესაფარი კერძო ბაღში, სადაც მეპატრონეები დააფრთხო. ცარიელი თუნუქის ქილა, რომელიც ისროლა, მიზანს ვერ მოახვედრა, მაგრამ ყმაწვილი მაინც დააპატიმრეს კერძო ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევისა და მეპატრონეებზე თავდასხმის მცდელობის გამო. ის აღმოჩნდა არა ციხეში, არამედ – საავადმყოფოში, სადაც შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს.
„ვცდილობდი, რაც შეიძლება, მეტი ინფორმაცია მომეპოვებინა,“ – თქვა ქალმა. „ყველა ამბობს, შიზოფრენია არ იკურნებაო, მაგრამ ასე მგონია, უბრალოდ, მკურნალობაზე ხელი ჩაიქნიეს. წამლებით გაჭყიპეს. წამლებმა მხოლოდ დაამშვიდა ჩემი ძმა, მაგრამ ვერ დაუბრუნა მისი ჭეშმარიტი „მე“.
იქნებ, მცდარი დიაგნოზი დაუსვეს? ქალის თქმით, მცდარ დიაგნოზებს განუწყვეტლივ სვამდნენ. მან, ასევე, შეიტყო, რომ ფსიქოზს ზოგჯერ არა გონების, არამედ სხეულის დაავადებები იწვევს.
ეს იყო იმ ფილმის თემა, რომელზეც ახლა მუშაობდა. დოკუმენტური ფილმი ძმისა და მისი დაავადების შესახებ.
„შესაძლოა, ეს მეტაბოლიზმის გამო მოხდა“, – თქვა მან, „ შეიძლება, რეაქციაა რაღაც ტოქსინზე, რომელიც მან მიიღო“. ან, იქნებ, ძმას აწუხებდა არა შიზოფრენია, არამედ სხვა ფსიქიკური დაავადება, რომლის განკურნება შესაძლებელი იყო.
ექიმს არ შეეძლო ეთქვა ის, რასაც ქალი მოელოდა. ყოველთვის იცავდა ავადმყოფთა ახლობლებთან ურთიერთობის ურყევ წესს: ყოფილიყო გულწრფელი, მაგრამ არა – სასტიკი. და არ წაექეზებინა ამაო იმედები.
„ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, – უყოყმანოდ თქვა ქალმა. – „ზოგჯერ წლობით კომაში მყოფი ადამიანებიც კი გონს მოდიან“.
ქალი რაღაც უჩვეულო ძალით იყო გასხივოსნებული, რაც ექიმს ადრე არ შეუმჩნევია, ახლა კი სიყვარულის ნიშნად მიიჩნია, ქალის უდიდესი სიყვარულისა საწყალი ძმისადმი, რომლის დემონებთან ბრძოლასაც აპირებდა.
ექიმს წვეულებაზე არაფერი უჭამია და როდესაც კუჭი აუბუყბუყდა, მაშინვე, თითქოს საპასუხოდ, ქალის კუჭმაც ბუყბუყი დაიწყო. ექიმმა პირველად დაინახა მის სახეზე ფართო ღიმილი, რომელმაც უზადო კბილები გამოაჩინა და დაამშვენა.
მაცივარში ეწყო ნახევარი ქათამი და ბროკოლი, რომელიც ექიმმა წინა საღამოს ჩინურ რესტორანში შეუკვეთა, ახლა კი მიკროტალღოვან ღუმელში გააცხელა. ქალმა ხორცი მოციცქნა.
ექიმს ადრეც მოსწონდა ქალის თვალები, მაგრამ ახლა გრძელ წამწამებსაც მიაქცია ყურადღება.
განმარტა, რომ ვერაფერს იტყოდა პაციენტზე, რომელიც არასოდეს ენახა და ბოდიში მოიხადა, რომ ვერაფრით დაეხმარებოდა. თქვა, რომ შიზოფრენიის მკურნალობის საქმეში ექსპერტი არ იყო და ახალი პაციენტებიც არ აჰყავდა (ეს სიმართლე იყო, თუმცა არ უთქვამს, რომ აპირებდა, თავი დაენებებინა პრაქტიკისთვის და მხოლოდ პედაგოგიური საქმიანობა გაეგრძელებინა).
ვარაუდობდა, რომ ქალი ქალაქში ცხოვრობდა, მაგრამ სინამდვილეში მისი სახლი სხვა შტატში იყო. წვეულებაზე მატარებლით ჩამოსულიყო. ასე გვიანი რომ არ ყოფილიყო, 14-F-ში გაათევდა ღამეს, როგორც უწინ იქცეოდა ხოლმე. მაგრამ ქალმა თქვა, ჩემი მეგობარი, ალბათ, უკვე დასაძინებლად დაწვებოდაო.
ბინაში ორი თავისუფალი საძინებელი ოთახი იყო. ქალმა ექიმის ქალიშვილის საძინებელი აირჩია.
ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ექიმი თავის ოთახში დაწვა. ელოდებოდა, როდის შემოვიდოდა მასთან ქალი.
შემდეგ ის აკვირდებოდა ქალის პაწაწინა ფიგურას ქვემოთ, ქუჩაში, როდესაც ის ტაქსიში ჯდებოდა. ღამით იწვიმა და ახლა ლამპიონების სუსტ შუქზე ყველაფერი სადაფისფრად ლაპლაპებდა. მაცდურად უშფოთველი სამყარო!
ექიმი ბინაში ბოლთას სცემდა, თან ფინჯნიდან ყავას წრუპავდა. ერთი თვის შემდეგ უნდა დაეტოვებინა ეს ბინა, რომ არასოდეს ეხილა ოთახები, სადაც ოდესღაც მისი ოჯახი ცხოვრობდა. ბედნიერი პირველი წლები ცოლთან და პატარა გოგონასთან ერთად… მაგრამ ცოლი დასცილდა, ხოლო უსაყვარლესი ერთადერთი შვილი იტანჯება.
მისი ქალიშვილის ოთახში ლოგინი გასწორებული იყო, თუმცა ერთ ადგილას საბანი ჩათელილიყო. ექიმმა წარმოიდგინა, როგორ იჯდა აქ ქალი.
მის მეზობელსაც ადრე გაეღვიძა. წინა ღამეს, როდესაც უკანასკნელი სტუმარი წავიდა, ქალი სასტუმრო ოთახში დაჯდა და ატირდა. ყოველი წვეულების შემდეგ ასე იქცეოდა. იმისგან დამოუკიდებლად, წარმატებით ჩაიარა თუ არა წვეულებამ, ყოველთვის ტიროდა. იტირა, შემდეგ სიგარეტი მოსწია – ერთ-ერთი იმ სამი სიგარეტისგან, რომლებსაც დღის განმავლობაში ეწეოდა ხოლმე. შემდეგ აბი გადაყლაპა და დასაძინებლად გაემართა. მეორე დილას, გაღვიძებისას, უგუნებოდ იყო და იცოდა, რომ ასეთი განწყობილება საღამომდე გაგრძელდებოდა.
ამას თავის წშდ-ს უწოდებდა. წვეულებისშემდგომ დეპრესიას.
ყოველთვის, როდესაც საწოლიდან ადგომა უჭირდა, იხსენებდა, რა უთხრა ფსიქოანალიტიკოსმა მრავალი წლის წინ: „ფეხები იატაკზე ჩამოდგი“.
ტელეფონი აწკრიალდა: მისი ახალგაზრდა მეგობარი მატარებლიდან რეკავდა.
მათ ილაყბეს წვეულების შესახებ (რომელმაც ამჯერად წარმატებით ჩაიარა), სანამ გადავიდოდნენ იმაზე, რაც მოგვიანებით მოხდა 14-A-ში.
„მართლა გგონია, რომ შეუძლია დაგეხმაროს?“
„არ ვიცი, რამდენად დამეხმარება, მაგრამ კარგი იქნებოდა მისნაირი მოკავშირე მყოლოდა. ეს დიდ დახმარებას გაუწევს არა მარტო ჩემს ძმას, არამედ – ფილმსაც. იქნებ მისი ინტერვიუც ჩავიწერო.
„თუ ფული დაგჭირდება, აუცილებლად შემატყობინე (ის უკვე დათანხმდა, მთელი პროექტი დაეფინანსებინა).
„ასეც მოვიქცევი. გმადლობ“.
„შენ მასთან შეხვედრა გინდა. მაგრამ უნდა თუ არა მას ეს?“
„მომდევნო შეხვედრის შესახებ არაფერი უთქვამს. გულწრფელად გითხრა, მგონი, ყოყმანობდა, რაც, ჩემი აზრით, გასაგებია, იმის გათვალისწინებით, რომ ცოლს ახლახან დასცილდა. მაგრამ, მგონი, მოვწონვარ. ძალზე ვნებიანი იყო. და, როგორც ჩანს, უნდოდა, რომ მომწონებოდა.“
„რას აპირებ? პაემანს დაუნიშნავ?“
„ვამჯობინებდი, ინიციატივა მას გამოეჩინა. უკვე საკმაოდ აშკარად მივანიშნე ჩემს გრძნობებზე. არ მინდა, იფიქროს, თითქოს სასოწარკვეთილი ვარ, ან თითქოს მდიდარ ქმარს ვეძებ, ან სხვა რამ.“
„ჰო. ქალი ყოველთვის თავშეკავებულად უნდა მოიქცეს.“
„უახლოეს ხანებში კიდევ ერთი წვეულების მოწყობას ხომ არ აპირებ?“
„არა, მაგრამ შემიძლია, ორივენი ვახშმად დაგპატიჟოთ“.
ისინი ხომ საუკეთესო მეგობრები იყვნენ.
იმ დღეს ექიმმა გადაწყვიტა, თავის ოფისამდე ორი მილი ფეხით გაევლო. ფიზიკური ვარჯიში სჭირდებოდა და დარწმუნებული იყო, რომ სიარული აზროვნებას ამახვილებდა და გონებას უნათებდა. სანამ პირველ პაციენტს მიიღებდა, თავის ქალიშვილთან დარეკვას მოასწრებდა. მან აიძულა ქალიშვილი, დაჰპირებოდა, რომ ერთმანეთს ყოველდღე დაურეკავდნენ ან მისწერდნენ.
როდესაც თავისი ოფისისკენ მიდიოდა, გაახსენდა მელოდია – ძველი ინგლისური ხალხური სიმღერა, რომლის მელოდიასაც კოლეჯში სწავლისას გიტარაზე უკრავდა.
როდესაც ოფისში მივიდა, კომპიუტერი ჩართო და Google-ის საძიებო სტრიქონში აკრიფა სიტყვა „Greensleeves“. ყოველთვის ფიქრობდა რომ ეს სიყვარულისა და სევდის რომანტიკული გამოხატულება იყო – როგორ მოხდა, რომ ის იქცა პოპულარულ სიმღერად ქრისტეს შობის შესახებ?
ახლა შეიტყო, რომ მხოლოდ ლეგენდა იყო, თითქოს ეს სიმღერა დაწერა ჰენრი VIII-მ, როდესაც ენ ბოლეინი შეუყვარდა. სინამდვილეში სიმღერის ავტორის ვინაობა არავინ იცოდა.
ინტერნეტში ამ სიმღერის სხვადასხვა ვერსია მონახა, რომლებსაც უკრავდნენ გიტარაზე, ფორტეპიანოზე, ბარბითზე, ვიოლინოზე, საქსოფონზე, ან ასრულებდა ორკესტრი, როკ-ჯგუფი, ან კიდევ „ა კაპელა“ მღეროდნენ. სტვენითაც კი.
ჯეიმს ტეილორი. ჯეიმს გოლუეი. The King’s Singers-ი. ოლივია ნიუტონ-ჯონი. Lynyrd Skynyrd-ი. ვოან უილიამსი. ჯონ ქოლთრეინი. ეს სიმღერა ყველას უყვარდა.
მერიენ ფეიტფულის ჩანაწერი შეარჩია, 1964 წლისა.
ოთხასწლიანი არსებობის გარკვეულ მომენტში ლედი გრინსლივსს მეძავად, ან, ყოველ შემთხვევაში, მსუბუქი ყოფაქცევის ქალად მიიჩნევდნენ. ამბობდნენ, რომ სიმღერის დაწერის პერიოდში მწვანე ფერი სექსს აღნიშნავდა. მაგალითად, მოლზე წამოწოლილი ქალის კაბას შემდგომ ბალახის მწვანე ფერი აჰყვებოდა ხოლმე.
ექიმისთვის რომ გეკითხათ, ამგვარი ინტერპრეტაცია დამაჯერებელი სულაც იყო.
ბევრის აზრით, ესაა ყველაზე მომხიბვლელი სიმღერა სიყვარულის შესახებ.
მან კიდევ ერთხელ მოუსმინა მას.
და კიდევ ერთხელ.
[1] „მწვანე სახელოები“ („Greensleeves“)- ინგლისური ხალხური სიმღერა. შექსპირის „უინძორელ მხიარულ ქალებში“ მას ორჯერ მოიხსენიებს მისის ფორდი და ერთხელ – სერ ჯონ ფოლსტაფი (მთარგმნ. შენიშვნა).
© არილი