პროზა (თარგმანი)

სილვია პლათი – მერი ვენტურა და მეცხრე სამეფო

 

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ 

 „მერი ვენტურა და მეცხრე სამეფო“ სილვია პლათმა (რომელიც იმხანად სმითის კოლეჯში სწავლობდა) 1952 წელს დაწერა. მან მოთხრობა შესთავაზა ჟურნალ „მადემუაზელს“, მაგრამ ჟურნალმა გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ მოთხრობა ათწლეულების განმავლობაში ინახებოდა პლათის არქივში (ინდიანას უნივერსიტეტში) და მკითხველები მხოლოდ ახლახან, 2019 წელს გაეცნენ მას.

ცნობილია, რომ 1952 წლის ნოემბერში პლათმა წაიკითხა დანტე, რამაც გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე. კერძოდ, მოთხრობაში „მერი ვენტურა და მეცხრე სამეფო“ აშკარად შეიმჩნევა ალუზიები დანტეს „ჯოჯოხეთთან“. მერის იდუმალი თანამგზავრი ქალი (რომლის პროტოტიპად შეიძლება ვერგილიუსი ვიგულისხმოთ) შემთხვევით როდი ახსენებს „წრეებს“. მატარებელი თითქმის შეუჩერებლად მიდის ჩაბნელებულ გვირაბებში (მიწისქვეშეთი), რომლებიც სიმბოლურად ჯოჯოხეთს განასახიერებს, ხოლო როდესაც დღის სინათლეზე გადის, ეს სინათლე პირქუშია, უღიმღამო, მზე კი – ავბედითი ნარინჯისფერი ან მოწითალო ფერისა. საგულისხმოა ისიც, რომ რაც უფრო შორს მიდის მატარებელი, მით უფრო მატულობს სიცივე, გვირაბის კედლების ნაპრალებში ყინულის ნაღვენთები მოჩანს და მერის აჟრჟოლებს, ისევე, როგორც ჯოჯოხეთის მეცხრე წრისკენ, „მარადიულ ყინულის გზაზე“ მიმავალ დანტეს. ამგვარად, მეცხრე სამეფო ალეგორიულად განასახიერებს ჯოჯოხეთის მეცხრე წრეს, სადაც „აჩრდილნი უკვე სავსებით ყინულის ლოლუებს შეემოსათ და გაეთოშათ“. ესაა „გაყინული ნების“ სამეფო. მატარებლის მგზავრებიც აჩრდილებს ჰგვანან – არაფერს არ ხედავენ და არაფერზე რეაგირებენ. მატარებლის ფანჯრიდან მოჩანს ხრიოკი მინდვრები, უკაცრიელი სადგურები, გადამწვარი ტყეების კვამლი – აპოკალიფსური სურათები. მოთხრობის პროტაგონისტი თავს აღწევს საბედისწერო, თითქმის გარდაუვალ პერსპექტივას, ახერხებს გაიქცეს, და აღმოჩნდება აყვავებულ წალკოტში, სადაც გაზაფხულია, ბავშვების სიცილი ისმის და თანამგზავრი ქალი „სიყვარულით აღსავსე ცისფერ მზერას შეაგებებს“ მერის. დღეს, როდესაც ვიცით ავტორის ბიოგრაფია, მერის გაქცევას მატარებლიდან „ჰეფი-ენდად“ ვერ მივიჩნევთ. ეს, უფრო, თვითმკვლელობის ალეგორიაა. 1952 წელს სილვია პლათს რამდენიმე თვე აშორებდა თვითმკვლელობის პირველი მცდელობიდან და 11 წელი – თვითმკვლელობიდან (1963 წ.).

სადგურში წითელი ნეონის უამრავი ნათურა ციმციმებდა. რეპროდუქტორი გაჰყვიროდა:

– მატარებელი გადის მესამე ლიანდაგიდან. . . მატარებელი გადის. . . მატარებელი გადის. . .

– ეს შენი მატარებელია, – უთხრა დედამ მერი ვენტურას. – დარწმუნებული ვარ, საყვარელო. იჩქარე. ბილეთი თან გაქვს?

– ჰო, დედა, თან მაქვს. რატომ უნდა ვიჩქარო? განა ადრე არ არის?

– ხომ იცი, მატარებლები ზუსტი განრიგით მოძრაობენ. – თქვა მერის მამამ. რუხი ფეტრის ქუდი მის სახეს უპიროვნო გამომეტყველებას ანიჭებდა – ისეთს, ინკოგნიტოდ მგზავრობისას რომ აქვთ ხოლმე ადამიანებს. – მატარებელი არ დაგიცდის.

– ჰო, მამა, ვიცი.

კედლის საათის გრძელმა შავმა ისარმა კიდევ ერთი დანაყოფით გადაინაცვლა. მგზავრები მატარებლისკენ გარბოდნენ. მათ თავზე რკინიგზის სადგურის კამარა უზარმაზარი ტაძრის გუმბათივით აღმართულიყო.

– მატარებელი გადის მესამე ლიანდაგიდან. . . მატარებელი გადის. . . მატარებელი გადის. . .

– იჩქარე, საყვარელო.

მისის ვენტურამ მერის ხელი ჩაჰკიდა. მათ სწრაფი ნაბიჯით გაიარეს სადგურის შენობის დარბაზები, რომელთა კედლები მოლაპლაპე მარმარილოთი იყო მოპირკეთებული. მამა უკან მიჰყვებოდა და ჩემოდანი მიჰქონდა. უამრავი ხალხი გარბოდა ბაქანზე გამავალი კარისკენ, რომელზეც ნომერი სამი ეწერა. იქვე მდგარ, შავ ფორმაში გამოწყობილ გამყოლს სახეს ქუდის წინაფრა უფარავდა.

– დედა, – თქვა მერიმ. და გაჩუმდა, როდესაც ორთქლმავლის ხმამაღალი შიშინი შემოესმა. შემდეგ კი განაგრძო. – დღეს გამგზავრება არ შემიძლია, უბრალოდ, არ შემიძლია. მზად არა ვარ სააამისოდ.

– რა სისულელეა, მერი, – შეაწყვეტინა მამამ მხიარულად. – უბრალოდ, ღელავ. ჩრდილოეთისკენ გამგზავრება მძიმე განსაცდელი როდია. უბრალოდ, ჩაჯექი მატარებელში და, სანამ დანიშნულების ადგილას ჩახვიდოდე, ნურაფერზე იღელვებ. შემდეგ კი გამყოლი შეგატყობინებს, საით უნდა წახვიდე.

– წამოდი, ჩემო საყვარელო. – მერის დედამ ქერა თმა შავი ხავერდის ქუდქვეშ შეიკეცა. – მგზავრობა სიამოვნებას მოგანიჭებს. გარდა ამისა, ოდესმე ყველამ უნდა დატოვოს მშობლიური სახლი. ადრე თუ გვიან ყველა უნდა წავიდეს.

მერი დაიღალა და მშობლებს წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა.

– კარგი, თანახმა ვარ.

მან თავი აიძულა, გაევლო რკინის კარი და გასულიყო ბაქანზე, სადაც ჰაერი ორთქლს შეესქელებინა.

– იყიდეთ გაზეთის საგანგებო გამოშვება! – გაზეთის გამყიდველები ხმამაღლა გაჰყვიროდნენ ვაგონის კართან. – იყიდეთ… ბრალდებულია ათი ათასი ადამიანი… კიდევ ათი ათასი ადამიანი…

– დიდი ამბავი! – წაიბუზღუნა მერის დედამ. – ამაზე ფიქრით თავი არ აიტკივო.

ის მოფუსფუსე ბრბოში გზას იკვლევდა. მერი უკან მიჰყვებოდა, სანამ მატარებლის ბოლო ვაგონთან მივიდოდნენ. ვაგონში წითელი პლუშის სავარძლები ორ რიგად იყო ჩამწკრივებული. ჭერზე მიმაგრებული ნათურების კაშკაშა შუქზე მათ ღვინის ფერი გადაჰკრავდა. ვაგონის კედლებზე სპილენძის ლურსმნები ელვარებდა.

– აი, აქ ხომ არ დაჯდები?

მისტერ ვენტურამ თავისი ქალიშვილის პასუხს არ დაუცადა და ჩემოდანი სავარძელთან დადგა. შემდეგ უკან დაიხია. მისის ვენტურა ცხვირსახოცით შეეხო თავის წითლად შეღებილ ტუჩებს, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. სათქმელი არაფერი ჰქონდა.

– მშვიდობით, – უთხრა მერიმ მშობლებს მექანიკურად.

– მშვიდობით, საყვარელო. – მისის ვენტურა დაიხარა და, ფიქრებში წასულმა, მერის აკოცა.

მისტერ და მისის ვენტურა შეტრიალდნენ, გასასვლელისკენ გაემართნენ, ბაქანზე ჩავიდნენ და სადგურის შენობაში შევიდნენ. მერიმ ხელი დაუქნია, მაგრამ მშობლებს უკან აღარ მოუხედავთ. შემდეგ მერიმ თავისი წითელი პალტო გაიხადა, სპილენძის კაუჭზე ჩამოკიდა და ფანჯარასთან დაჯდა. ვაგონი ნელ-ნელა გაივსო მგზავრებით. რამდენიმე მათგანი დადიოდა და ცარიელ ადგილებს ეძებდა. ლურჯ ჟაკეტში გამოწყობილი ქალი, რომელსაც ჭუჭყიან თეთრ საბანში გახვეული ბავშვი ჰყავდა ატატებული, მერის სავარძელთან წუთით შეჩერდა, შემდეგ კი ვაგონის უკანა ნაწილისკენ გაემართა, სადაც მეტი სიხალვათე იყო.

– ეს ადგილი დაკავებულია? – ქოშინით ჰკითხა მერის სახეაწითლებულმა მსხვილტუჩებიანმა ქალმა და გაუღიმა. დანაოჭებულ სახეზე ლურჯი თვალები უციმციმებდა. ხელში ყავისფერი ჩანთა ეკავა.

– არა, აქ არავინ ზის, – საპასუხოდ გაუღიმა მერიმ და ფანჯრისკენ მიიწია. ქალმა თავის გაქუცული ყავისფერი ქუდი მოიხადა და ყავისფერი ლაბადა გაიძრო. შემდეგ „უჰო“, ამოიხვნეშა და მძიმედ დაეშვა წითელი პლუშის სავარძელზე. – მეშინოდა, ვაითუ მატარებელს ვერ მივასწრო-მეთქი. საცაა, დაიძვრება.

ლოკომოტივმა ამოიქშინა, შეჯანჯღარდა და შეჩერდა. ვაგონის კარმა გაიჯახუნა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ყველანი ვაგონში იყვნენ გამოკეტილნი.

– ესეც ასე, – თქვა ქალმა. – დავიძარით.

მატარებელი ნელა ამოძრავდა ლიანდაგზე. ფანჯარაში აღარაფერი ჩანდა, კვამლის ბოლქვების გარდა.

ქალმა ჩანთიდან საქსოვი ამოიღო. რბილი მწვანე შალის ძაფისგან ქსოვდა რაღაცას.

– ოჰ, რა ლამაზია, – წამიძახა მერიმ. – ბოლოს რა გამოვა?

– ბოლოს კაბა გამოვა, – ქალმა მოჭუტული თვალები შეავლო მერის. – დაახლოებით თქვენი ზომების მქონე ახალგაზრდა ქალისთვის.

– დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოეწონება.

ქალმა მერის გაუღიმა, იმედი მაქვსო, მიუგო და მეტი არაფერი უთქვამს.

მატარებელი ჩაბნელებულ გვირაბში მიდიოდა, როდესაც მერის წინ მსხდომ მგზავრებს შორის აყალმაყალი დაიწყო. აქ ორი ბიჭუნა კალის პაწაწინა ჯარისკაცებით თამაშობდა. მათი დედა მოშორებით, სავარძლების მეორე რიგში იჯდა და ჟურნალს კითხულობდა.

– მომეცი, – უთხრა უფროსმა შავთვალა ბიჭმა თავის ძმას. – ეს ჩემი ჯარისკაცია. რატომ აიღე?

– არ ამიღია, – მიუგო ფერმკრთალმა ქერათმიანმა ბიჭუნამ. – არ ამიღია.

– როგორ არა! დაგინახე. – და უფროსმა ბიჭუნამ სათამაშო ჯარისკაცი თავის ძმას შებლში ჩასცხო. – ესეც შენ! ახია შენზე.

პატარა, რომელსაც შუბლიდან სისხლი გადმოსკდა, აზლუქუნდა.

– მეზიზღები! – კრუსუნებდა ის. – მეზიზღები!

– კარგი, კარგი, გეყოთ, – თქვა მერის გვერდით მჯდარმა ქალმა, წინ გადაიხარა და ბიჭუნას თავისი რბილი თეთრი ტილოს ცხვირსახოცით სისხლი ფრთხილად მოსწმინდა. – გრცხვენოდეთ, ბავშვებო! ეს სულელური სათამაშოები ვერ გაგიყვიათ.

ბიჭუნებმა ქალს შეუბღვირეს და თამაში განაგრძეს.

ქალი საზურგეს მიეყრდნო.

– არ ვიცი, რა ეშველებათ ახლანდელ ბავშვებს. ძალიან ჭირვეულები არიან. – ამოიოხრა მან და კვლავ ქსოვას შეუდგა. უეცრად ფანჯრებში კაშკაშა შუქმა შემოანათა.

– შეხეთ, – თქვა მერიმ. – გვირაბიდან გამოვედით.

მატარებელი პირქუშ, უღიმღამო დღეში გავიდა. ლიანდაგის მიწაყრილის ორივე მხარეს შემოდგომის გახრიოკებული მინდვრები იყო გადაჭიმული. ცაში მზის ნარინჯისფერი დისკო ეკიდა.

– როგორი კვამლიანი ჰაერია, – წამოიძახა მერიმ. – არასოდეს მინახავს ასეთი უცნაური ფერის მზე.

– ტყეები იწვის. – მიუგო ქალმა. – წელიწადის ამ დროს ქარს ყოველთვის მოაქვს კვამლი ჩრდილოეთიდან. მოგვიანებით ჰაერი კიდევ უფრო კვამლიანი იქნება.

ლიანდაგის მახლობლად გამოჩნდა და შემდეგ გაუჩინარდა ხის ქოხი. ფანჯრები აჭედილი ჰქონდა.

– ნეტავ რისთვის ააგეს ეს სახლი, ასეთ უკაცრიელ ადგილას?

– საცხოვრებელი სახლი არაა. უწინ აქ ამ ხაზის პირველი სადგური იყო. ახლა აღარ იყენებენ, ამიტომაცაა დაკეტილი. ამ ხაზზე ახლა მხოლოდ ჩქარი მატარებლები დადიან.

ბორბლების რიტმული ხმაურით გაბრუებული მერი კვლავ ფანჯარაში იყურებოდა. ერთ-ერთ ნაყანევში მან დაინახა გადაჯვარედინებული ძელებისგან გაკეთებული საფრთხობელა. მის ძირში სიმინდის ფუჩეჩი ლპებოდა. საფრთხობელას შავ დაგლეჯილ პალტოს ქარი არხევდა. ამ უცნაური ფიგურის ქვეშ ყვავები მიწაზე მიმობნეულ სიმინდის მარცვლებს კენკავდნენ.

მატარებელმა სვლას მოუმატა.

– ვაგონ-რესტორანში ერთ ფინჯან ყავას დავლევ. – უთხრა ქალმა მერის. – ხომ არ წამომყვებით?

– სიამოვნებით, – მიუგო მერიმ. – თან მუხლსაც გავმართავ.

ისინი წამოდგნენ და წინა ვაგონისკენ გაემართნენ. ეს მწეველთა ვაგონი იყო და გაბოლილმა ჰაერმა მერის თვალები აუწვა. ფანჯრებთან ბანქოს სათამაშო მაგიდები იდგა. მამაკაცები პოკერს თამაშობდნენ. თეთრხალათიან ოფიციანტებს სასმელი დაჰქონდათ. ხმამაღალი სიცილი და ყინულის კუბურების წკრიალი ისმოდა.

– შემდეგი ვაგონ-რესტორანია, – უკანმოუხედავად ჩაილაპარაკა ქალმა. კარი გააღო, მოქანავე პლატფორმა გაიარა და მომდევნო ვაგონში შევიდა. მერი უკან მიჰყვებოდა,

ვაგონ-რესტორანში პრიალა ხის მაგიდებზე ვაშლი, ქლიავი და სათბურში მოყვანილი კენკრა ეწყო, რომელთაც წითელი პლუშის სავარძლებზე მსხდარი მგზავრები შეექცეოდნენ. რეპროდუქტორიდან ჩუმი მუსიკა გაისმოდა.

ქალი ორადგილიან მაგიდასთან შეჩერდა და მერის შესთავაზა, დაჯექიო.

– რას შეუკვეთავთ? – იკითხა თეთრ კოსტიუმში გამოწყობილმა შავკანიანმა ოფიციანტმა, რომელიც შეუმჩნევლად მოსულიყო მათ მაგიდასთან. ხელში ფანქარი და ბლოკნოტი ეჭირა. მან ყინულიანი წყალი მოუტანა ორივეს.

– ჯანჯაფილის ლუდს დავლევდი, – თქვა მერიმ.

– მე კი ყავა, ნაღები და შაქარი მომიტანეთ. – გაუღიმა ქალმა ოფიციანტს, რომელმაც თეთრი კბილები გააელვა და თავის ბლოკნოტში რაღაც იეროგლიფები ჩაწერა.

შეკვეთილი სასმელები მოიტანეს: ყავა – მოჭიქული მწვანე კერამიკული ფინჯნით და ჯანჯაფილის ლუდი, რომელსაც თავზე პაწაწინა ვერცხლისფერი ქაფი ეხურა. მაღალი ჭიქის ფსკერზე წითელი ალუბალი იდო.

– რა გემრიელია! – წამოიძახა მერიმ, – ვაგონ-რესტორანში უწინ არასდროს ვყოფილვარ. შესანიშნავია.

-ჰო, – დაეთანხმა ქალი, რომელსაც ყავის ოხშივრიანი ფინჯნისთვის თითები შემოეჭდო. – სარკინიგზო ხაზის მფლობლები ცდილობენ, რომ მგზავრობა სასიამოვნო იყოს.

უჩინარი დინამიკიდან განუწყვეტლივ იღვრებოდა მუსიკის ხმები. მერიმ ჯანჯაფილის ლუდის უკანასკნელი წვეთები დალია, ჭიქა გადააბრუნა და პეშვში ჩავარდნილი ტკბილი ალუბალი პირში ჩაიდო.

გარეთ, ფანჯრის ჩარჩოების მიღმა, ნარინჯისფერი მზე ჩადიოდა. ახლა უფრო პატარა იყო, ვიდრე მაშინ, როდესაც მერიმ ის უკანასკნელად დაინახა. ნარინჯისფერს მოწითალო ფერი შერეოდა.

– მალე დაღამდება, – შენიშნა მერიმ და თვალი შეავლო უსიცოცხლო პეიზაჟს, რომელიც ნელ-ნელა ბნელში ეფლობოდა.

– მგზავრობისას დრო შეუმჩნევლად გადის, – თავი დააქნია ქალმა. – მატარებელში ისეთი სიმყუდროვეა! უკვე მეხუთე გაჩერება გავიარეთ, ეს კი ნიშნავს, რომ, საცაა, გრძელ გვირაბში შევალთ. ჩვენს ვაგონში ხომ არ დავბრუნდეთ?

– დავბრუნდეთ. ვახშმის საფასური ახლა გადავიხადოთ?

– არა, – მიუგო ქალმა. – უბრალოდ, მგზავრობის ბოლოს ამ თანხას თქვენს ქვითარში ჩაწერენ.

ის წამოდგა და თავისი ვაგონისკენ გაემართა. ფეხებს მძიმედ ადგამდა, ვაგონის ქანაობის გამო ძირს რომ არ დავარდნილიყო.

როდესაც თავიანთ ადგილებზე დასხდნენ, ქალმა კვლავ განაგრძო ქსოვა, მერი კი თვალმოუშორებლად უყურებდა უკაცრიელ მინდვრებს, რომლებიც მის წინ ჩნდებოდნენ და მალევე ისევ ქრებოდნენ. ვაგონის ბოლოში ვიღაცის ნებიერა ბავშვი ატირდა. სამი კომერსანტი წამოდგა და კოქტეილ-ბარისკენ გაემართა. ტორტმანებდნენ და იცინოდნენ. ჭერზე მიმაგრებული ნათურები უძრავ მოციმციმე ვარსკვლავებს ჰგავდნენ.

– გააწყალა გული ამ ნაბიჭვარმა, – თქვა ერთმა მათგანმა.

– გეთანხმები. – თქვე მეორემ. სამივეს ერთნაირი ფეტრის ქუდები ეხურათ და ერთმანეთს ჰგავდნენ. ვაგონი ბორძიკით, ქანაობით გაიარეს. ბავშვი კვლავ ტიროდა, ისე, თითქოს არასოდეს დაწყნარდებოდა. მატარებელი კიდევ ერთ გვირაბში შევიდა. გვირაბის ჩამუქებული კლდოვანი კედლები სწრაფად გარბოდნენ. ბორბლები უზარმაზარი საათის კბილანებივით ხმაურობდნენ.

ვაგონის კარი გაიღო და წვრილმანმა მოვაჭრემ ტორტმანით გაიარა ვაგონი, თან გაიძახოდა:„კანფე-ტები, ბატი-ბუტი, თხი-ლი… იყიდეთ კანფე-ტები, ბატი-ბუტი, თხი-ლი…

– შოკოლადს ვიყიდი, შევექცეთ. – თქვა ქალმა, თავისი ყავისფერი ჩანთა გახსნა და გაცვეთილი ხელჩანთა ამოიღო.

– არა, არა, – შეეპასუხა მერი. – გთხოვთ, მე გადავიხდი საფასურს.

– არაფრის გულისთვის, ძვირფასო, – თქვა ქალმა. – მე დაგპატიჟებთ. თქვენ კი ფული დაზოგეთ, რომ მგზავრობის საფასურის გადახდა არ გაგიჭირდეთ.

გამყიდველი მათ სავარძელთან შეჩერდა, წითელი ქუდი კეფაზე გადაიწია და ცერა თითები წითელ და თეთრზოლებიანი აბრეშუმის ჟილეტში შეიყო.

– რა გნებავთ? – თქვა მოწყენით. – შემიძლია შემოგთავაზოთ… – ის გაჩუმდა, ქალს ყურადღებით დააკვირდა და ხრინწიანად გაიცინა.

– ისევ ამ ხაზზე მგზავრობ? – ხმადაბლა, თითქოს საიდუმლოდ თქვა მან. – ამ ჯერზე ვერავითარ სარგებელს ვერ ნახავ. ხელშეკრულება ხელმოწერილია, დაბეჭდილი და საჭირო ადგილას მიტანილი.

– ძალიან დარწმუნებულიც ნუ ხარ, ბერტ, – გაუღიმა ქალმა. – დროდადრო ბუღალტრებიც კი ცდებიან.

– ბუღალტრები შეიძლება შეცდნენ, მაგრამ ჩვენი უფროსი არ ცდება. – ეშმაკურად ჩაიცინა ბერტმა. – ყველაფერი მოაგვარა. პირადად. ამჯერად – პირადად.

ქალმა ხმამაღლა გაიცინა.

– ჰო, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით იმ შეცდომის გათვალისწინებით, რომელიც მან ბოლოს დაუშვა: მატარებლები ზედა ხაზზე გადაიყვანა და მგზავრები მოხვდნენ წალკოტში, სადაც ბავშვებივით ლაღობდნენ და ტოროლებივით ბედნიერნი იყვნენ. გგონია, მის სურვილს დაემორჩილებოდნენ და ქვედა ხაზზე დაბრუნდებოდნენ? არავითარ შემთხვევაში.

ბერტი მაიმუნივით დაიმანჭა.

– ჰო, – თქვა მან მორჩილად. – ვფიქრობ, მოგებიდან გარკვეულ პროცენტს იმსახურებ.

– სწორედ ამიტომ ვიმყოფები აქ ახლა, – თქვა ქალმა, – შოკოლადის ფილას ავიღებ.

– დიდს თუ პატარას?

– დიდს, – მიუგო ქალმა და ოცდახუთი ცენტი გაუწოდა.

-აბა, კარგად იყავი, – უთხრა ბერტმა და დამშვიდობების ნიშნად ქუდს შეეხო. – იღბლიან ნადირობას გისურვებ, – და გასასვლელს გაჰყვა, თან მონოტონურად იმეორებდა: კანფე-ტები, ბატი-ბუტი, თხი-ლი…

– საწყალი ბერტი, – უთხრა ქალმა მერის და შოკოლადის ფილას ქაღალდი მოაძრო, ისე, რომ ფოლგა არ გაუხსნია. – მარტოობით იტანჯება, როდესაც არავინ ელაპარაკება. ეს მგზავრობა იმდენ ხანს გრძელდება, რომ, ალბათ, მეორედ ამ მატარებელში არავინ ჩაჯდება.

ქალმა შოკოლადი გატეხა და დიდი ნატეხი მერის გაუწოდა. შოკოლადი მსუყე და არომატული იყო.

– მმმ!- – წაიდუდუნა მერიმ. – რა სურნელოვანია.

მან მოკბიჩა და მოწუწნა შოკოლადი. ტკბილი სითხე ყელში ჩაეღვარა.

– მგონი, ბევრი რამ იცით ამ მატარებლით მგზავრობის შესახებ, – უთხრა მერიმ ქალს. – ხშირად მგზავრობთ ხოლმე?

– ღმერთო ჩემო, რა თქმა უნდა! რაც თავი მახსოვს, ვმგზავრობ. ყველაზე უფრო ხშირად – ამ ხაზზე.

– გასაკვირი არაა. მართლაც კომფორტული მატარებელია. როგორ ზრუნავენ მგზავრებზე! საუზმე, სასმელები, ბანქოს სათამაშო ვაგონი, სავარძლები ვაგონ-რესტორანში. თითქმის ისეთივე დონის მომსახურებაა, როგორც – კარგ სასტუმროში.

ქალმა მერის ალმაცერად გადახედა.

– დიახ, ჩემო კარგო, – ცივად თქვა მან, – მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყოველივე ამის საფასური უნდა გადაიხადოთ. ბოლოს უნდა გადაიხადოთ. მატერიალურად დაინტერესებულნი არიან, რომ მგზავრობა სასიამოვნო იყოს. რკინიგზის კომპანია მხოლოდ მეგობრული გრძნობებით როდი ხელმძღვანელობს.

– ალბათ, მართალი ხართ, – გაეცინა მერის. – ამაზე არ მიფიქრია. მაგრამ მითხარით, რა მოხდება, როცა მატარებლიდან ჩავალთ? ტურისტულ რეკლამებში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როგორი ჰავააა ქვეყნის ჩრდილოეთში და როგორი ადამიანები ცხოვრობენ იქ. სრულიად არაფერი.

ქალი თავის საქსოვზე დაიხარა, განასკვული ძაფი გაასწორა და ქსოვა განაგრძო.

– მგონი, ბოლომდე მგზავრობთ, – თქვა მან.

– კი, ბოლომდე. მამამ მითხრა, რომ გადაჯდომა არ დამჭირდება და რომ გამყოლი მეტყვის, სად უნდა წავიდე შემდეგ.

– ბოლო სადგური, – წაიჩურჩულა ქალმა. – დარწმუნებული ხართ?

– დიახ. ყოველ შემთხვევაში, ასე წერია ჩემს ბილეთში. უცნაური ბილეთია. შავ ფონზე წითლად წერია „მეცხრე სამეფო“. რა უცნაური სახელწოდება აქვს რკინიგზის სადგურს.

– დროთა განმავლობაში ყველაფერს ეჩვევი, – თქვა ქალმა, ისე, თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა, – ეჩვევი სივრცის აბსურდულ პატარა დანაყოფებს, ქვედანაყოფებს და სახელწოდებებს. მაგრამ საკმარისია ერთი პატარა მოძრაობა, ერთი ჟესტი, რომ მთელი ეს კონსტრუქცია დაინგრეს, ნაწილებად დაიშალოს.

– კარგად არ მესმის, რას გულისხმობთ. – თქვა მერიმ.

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასო. დამავიწყდა, რომ ამ საკითხებში საკმარისად გარკვეული არა ხართ. წრეებზე ვლაპარაკობდი. მაგრამ მითხარით, ჩვენი მატარებლის მგზავრებს რამე უჩვეულოს ხომ არ ატყობთ?

– დიახაც ვატყობ. – უპასუხა მერიმ და მიიხედ-მოიხედა. – დიახაც ვატყობ, – გაიმეორა მან დაბნევით. – ჩემი აზრით, კარგად გამოიყურებიან.

– მგონი, ზედმეტად მფრთხალი ვარ. – ამოიოხრა ქალმა.

ფანჯრის მიღმა წითელი ნეონის ნათურები აციმციმდა და მეექვსე სამეფოს სადგურთან მატარებელმა სვლას შეუნელა. ვაგონის კარი გაიღო. გამყოლი მივიდა ქერათმიან ქალთან, რომელსაც წითლად შეღებილი ტუჩები ჰქონდა. ქალი გაფითრდა, ქურქში გაეხვია და მოიკუნტა.

– ჯერ არა, – თქვა ქალმა, – გთხოვთ, ჯერ არა. ეს ჩემი სადგური არაა. ცოტა მაცალეთ.

– თქვენი ბილეთი მიჩვენეთ, – თქვა გამყოლმა. ქალმა სისხლისფერი ტუჩები მოილოკა.

– დავკარგე. ვერ ვპოულობ. – თქვა ქალმა.

– მარჯვენა ხელთათმანშია, – მშვიდად უთხრა გამყოლმა. – იქ გაქვთ დამალული.

ქალს გაბრაზება დაეტყო. მან მკვეთრი მოძრაობით გაიძრო ხელთათმანი მარჯვენა ხელიდან, წითელი მუყაოს ნაჭერი ამოიღო და გამყოლს მიაჩეჩა. გამყოლმა ბილეთი გახია და ქალს მცირე მონაჭერი მისცა.

– უნდა გადაჯდეთ, რომ მდინარეზე გადახვიდეთ, – თქვა გამყოლმა. – ჯობია, ახლავე გაემზადოთ.

ქალი არ შერხეულა. გამყოლმა მას ხელი სტაცა.

– მაპატიეთ, უნდა წახვიდეთ. ამ მატარებელში თვითნებური ქცევა დაუშვებელია. მგზავრების მხოლოდ გარკვეული რაოდენობა გადაგვყავს.

– მივდივარ, – ამრეზით თქვა ქალმა. – ხელი გამიშვით. მტკივა.

ის წამოდგა. ამაყად თავაწეული მიდიოდა. მისი ჟოლოსფერი შალის ქვედატანი გამომწვევად ირხეოდა. ბაქანზე ორი მცველი ელოდა. ნეონის წითელ შუქზე მერიმ დაინახა, რომ მცველები ქალს ორივე მხრიდან ამოუდგნენ და ჭიშკარში გაიყვანეს.

გამყოლი ვაგონში დაბრუნდა. შუბლს წითელი აბრეშუმის ცხვირსახოცით იმშრალებდა. როდესაც მერის სავარძელს ჩაუარა, მის მეზობელ ქალს გაუღიმა. ღრმა შავ თვალებში სიცილის ცივი წინწკლები უკრთოდა.

– ჩვეულებრივ, მგზავრები არც ისე ბევრ პრობლემას გვიქმნიან, როდესაც მატარებელი მათ სადგურთან ჩერდება, – თქვა მან.

ქალმაც გაუღიმა, მაგრამ მისი ხმა სევდიანად ჟღერდა.

– ჰო, ისინი, ძირითადად, არაფერს აპროტესტებენ. როდესაც მათი დრო დგება, ყველაფერს ეთანხმებიან.

– რას ეთანხმებიან? – მერიმ ცნობისმოყვარეობით შეავლო თვალი ორივეს და გაახსენდა ქერათმიანი ქალის შეშინებული სახე, ნამიანი, სისხლისფერი ტუჩები.

გამყოლმა ქალს თვალი ჩაუკრა და ვაგონი გაიარა. კედლებზე ნათურები სანთლებივით ენთო. ვაგონს მომრგვალებული ჭერი ჰქონდა. სადგურის წითელი შუქი ფანჯრებში იჭრებოდა და მგზავრების სახეებს ალისფრად ღებავდა. შემდეგ მატარებელი კვლავ დაიძრა.

– რას ეთანხმებიან? – კვლავ იკითხა მერიმ. უნებურად შეაჟრჟოლა, თითქოს ცივმა ქარმა დაუბერაო.

– გცივათ, ძვირფასო?

– არა. – შეეპასუხა მერი. – რას ეთანხმებიან?

– იმას, რომ დანიშნულების ადგილას მატარებელი უნდა დატოვონ. – მიუგო ქალმა და მარჯვედ გაუყარა ჩხირი საქსოვს. მერი მის ხელებს აკვირდებოდა.

– მგზავრები ბილეთებს ყიდულობენ, – განაგრძო ქალმა, თან თვლებს მდუმარედ ითვლიდა, – ისინი ირჩევენ მატარებელს, მარშრუტს, ყიდულობენ ბილეთებს და ამიტომ დანიშნულების ადგილას უნდა ჩავიდნენ…

– ვიცი. მაგრამ ის ქალი… ისეთი შეშინებული იყო…

– დიახ, ზოგჯერ ასეთი მგზავრებიც მინახავს. ბოლო წუთს შიში შეიპყრობთ ხოლმე. ძალზე გვიან ხვდებიან ყველაფერს. და ნანობენ, რომ ბილეთი იყიდეს. სინანულით ვერაფერს გააწყობენ. ყველაფერი წინასწარ უნდა გაეთვალისწინებინათ.

– არ მესმის, რატომ არ შეიძლება, გადაიფიქრო და ვაგონში დარჩე. ხომ შეეძლო, დამატებითი თანხა მგზავრობის ბოლოს გადაეხადა.

– რკინიგზის კომპანია მგზავრებს ამის უფლებას არ აძლევს. – თქვა ქალმა. – ეს არეულობას გამოიწვევს.

მერიმ ამოიოხრა.

– რას იზამ. ყოველ შემთხვევაში, დანარჩენი მგზავრები კმაყოფილნი არიან.

– კმაყოფილნი არ არიან. საშინელება სწორედ ესაა.

– საშინელება? – მერიმ ხმას აუწია. – რას გულისხმობთ? საშინელება? ისე ლაპარაკობთ, თითქოს ძალზე იდუმალი რამ ხდება.

– გაუგებარი არაფერია. მგზავრები იმდენად გულგრილნი, იმდენად განურჩეველნი არიან, რომ არ ადარდებთ, სად მიემგზავრებიან. არ აინტერესებთ, სადაა დანიშნულების ადგილი. და ასეთ მდგომარეობაში იქნებიან, სანამ მეცხრე სამეფოში ჩავლენ.

– კი მაგრამ, რა არის მეცხრე სამეფო? – მოუთმენლად წამოიძახა მერიმ და სახეზე ისეთი ტანჯვა გამოეხატა, თითქოს, ეს-ესაა, ატირდებაო. – რა არის ეს საშინელი მეცხრე სამეფო?

– ნუ ტირით, – დაუყვავა მას ქალმა. – შოკოლადი მიირთვით. მე ამხელა ფილას ვერ ვერ შევჭამ.

მერიმ კვლავ ჩაკბიჩა ერთი ნაჭერი. შოკოლადს მომწარო გემო ჰქონდა.

– უფრო ბედნიერი იქნებით, თუკი არაფერი გეცოდინებათ, – ალერსით მიმართა მას ქალმა. – როცა მეცხრე სამეფოში მოხვდებით, ნახავთ, რომ ის არც ისე ურიგოა. მგზავრობა დიდხანს გასტანს და ჰავა ნელა, ძალიან ნელა შეიცვლება. როდესაც ადამიანი გაკაჟებულია, სიცივე არც ისე ძნელად ასატანია. ფანჯარაში გაიხედეთ. გვირაბის კედლებს ყინული მოედო, მაგრამ ამას არავინ ამჩნევს და არავინ წუწუნებს.

მერიმ შეხედა შავ კედლებს, რომელთა შორისაც მატარებელი მოძრაობდა. ლოდების ნაპრალებში, ყინულის თეთრი ნაღვენთები მოჩანდა. გაყინული ლოდები, რომლებზეც მატარებლის შუქი ირეკლებოდა, ისე ლაპლაპებდა, თითქოს ვერცხლისა იყო.

მერი შეკრთა.

– რომ მცოდნოდა, არ წამოვიდოდი. აქ არ დავრჩები. არ დავრჩები! – წამოიძახა მან. – მომდევნო მატარებლით შინ დავბრუნდები.

– რკინიგზის ამ ხაზზე საპირისპირო მიმართულების მატარებლები არ დადიან, – ჩუმად თქვა ქალმა. – როდესაც მეცხრე სამეფოში მოხვდებით, უკან ვეღარ დაბრუნდებით. ის გაყინული ნების სამეფოა. მრავალი სახელი აქვს.

– ჩემთვის სულ ერთია. მომდევნო გაჩერებაზე ჩამოვალ. არ დავრჩები მატარებელში, სადაც ეს ამაზრზენი ადამიანები იმყოფებიან. განა არ იციან, სად მიემგზავრებიან? განა არ ანაღვლებთ ეს?

– ბრმები არიან. – თქვა ქალმა და მერის ჩააშტერდა. – ბრმები!

– კი მაგრამ, თქვენ? – წამოიძახა მერიმ და რისხვით მიუბრუნდა ქალს. – ალბათ, თქვენც ბრმა ხართ!

ხმამაღლა ლაპარაკობდა, მაგრამ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. არავინ მობრუნებულა, რომ შეეხედა, რა ხდებაო.

– არა, – თქვა ქალმა მოულოდნელი ალერსით. – ბრმა არ ვარ… არც ყრუ… მაგრამ ვიცი, რომ მატარებელი არსად შეჩერდება, სანამ მეცხრე სამეფოს არ მივაღწევთ.

– არაფერი გესმით! – მერი ატირდა. – ჩემი ბრალი არაა, რომ ამ მატარებელში ჩავჯექი. მშობლებმა მაიძულეს.

– კი, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაგიწევიათ, როდესაც ბილეთი იყიდეს, – მიუგო ქალმა. – წინააღმდეგობა არ გაგიწევიათ, როდესაც ამ მატარებელში ჩაგსვეს. ასე არაა? ხომ დაეთანხმეთ მათ?

– ეს დანაშაული არაა, – წამოიძახა მერიმ სასოწარკვეთით, მაგრამ ქალი საყვედურით უყურებდა და მერიმ იგრძნო, რომ რცხვენოდა. დანაშაულიო, ყურისწამღებად ჭახჭახებდნენ მატარებლის ბორბლები, მრგვალი შავი ფრინველებივის მსგავსად. დანაშაული, დანაშაული, დანაშაული…

დანაშაულიო, წკარუნებდნენ საქსოვი ჩხირები.

– თქვენ არ გესმით… – კვლავ დაიწყო მერიმ. – ნება მომეცით აგიხსნათ… ვცდილობდი, შინ დავრჩენილიყავი. მართლა არ მინდოდა წამოსვლა. სადგურზეც კი ვცდილობდი, დავბრუნებულიყავი.

– მაგრამ არ დაბრუნდით, – თქვა ქალმა და მწვანე ძაფი ჩხირზე დაახვია. სევდიანი თვალები ჰქონდა. – გადაიფიქრეთ… და ახლა ვერაფერს გააწყობთ.

მერი უეცრად წელში გაიმართა, ცრემლიანი თვალებით შეხედა ქალს და გამომწვევად უთხრა: – ჯერ კიდევ შემიძლია ყველაფერი გამოვასწორო. მატარებელს გავაჩერებ. საავარიო მუხრუჭით.

ქალს სახე უეცარმა ღიმილმა გაუნათა. მერის აღტაცებით უყურებდა.

– ოჰ, – წაიჩურჩულა მან. – რა კარგია! როგორი გაბედული ყოფილხართ. თქვენ გაუმკლავდებით მათ. თავისუფალი ნების მხოლოდ ერთი გამოვლინების საშუალება გაქვთ. მეგონა, თქვენი ნება გაყინული იყო. ახლა გადარჩენის შანსი არსებობს.

– რას გულისხმობთ? – ეჭვით დაეკითხა მერი. – რა შანსი?

– გაქცევის შანსს ვგულისხმობ. მისმინეთ, ახლა მეშვიდე სადგურს ვუახლოვდებით. ამ მარშრუტს კარგად ვიცნობ. დრო ჯერ კიდევ გვაქვს. გაცნობებთ, როდის ჯობია დამუხრუჭება, რომ გაქცევა შეძლოთ. სადგურის ბაქანი უკაცრიელი იქნება, რადგან იქ მატარებელში არავინ ჯდება და არც მატარებლიდან ჩამოდიან.

– სადან იცით? ვითომ, უნდა გენდოთ?

– როგორი ეჭვიანი ხართ, – ქალის ხმაში ალერსი ისმოდა. – მე ყოველთვის თქვენს მხარეზე ვიყავი. მაგრამ ამას ვერ გიმხელდით. ვერ დაგეხმარებოდით, თუკი თვითონ არ მიიღებდით გადაწყვეტილებას. ეს ერთ-ერთი აუცილებელი წესია.

– რა წესებზე საუბრობთ?

– რკინიგზის კომპანიის წესებს ვგულისხმობ. ხომ იცით, ყოველ ორგანიზაციას თავისი წესდება აქვს, იმისთვის, რომ მისი საქმიანობა შეუფერხებლად მიმდინარეობდეს. ახლა მეშვიდე სამეფოს ვუახლოდებით, – განაგრძო ქალმა. – ვაგონის ბოლოსკენ წადით, ვერავინ დაგინახავთ. დაამუხრუჭეთ და რაც უნდა მოხდეს, ყურადღება არ მიაქციოთ. გაიქეცით.

– კი მაგრამ, თქვენ? – იკითხა მერიმ. – განა არ წამომყვებით?

– მე? ვერ წამოგყვებით. გარდატეხა თქვენში უნდა მოხდეს – თვითონ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და შესაბამისად მოიქცეთ. მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ მალე მნახავთ.

– როგორ? ვერ ვხვდები. ხომ მითხარით, რომ მატარებლები საპირისპირო მიმართულებით არ დადიან… ხომ მითხარით, რომ ვერავინ ახერხებს თავის დახსნას მეცხრე სამეფოდან.

– გამონაკლისებიც არსებობს, – უთხრა ქალმა ღიმილით. – მე ყველა წესს როდი ვემორჩილები. ახლა კი უნდა იჩქაროთ. საცაა, სადგური გამოჩნდება. უკვე დროა.

– ერთი წუთით მაცადეთ. ჩემი ჩემოდანი უნდა ავიღო. ჩემი ნივთები…

– ჩემოდანი დატოვეთ, – დაარიგა ქალმა. – არ დაგჭირდებათ, მხოლოდ ხელს შეგიშლით. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, უსწრაფესად უნდა გაიქცეთ. – მან ხმას დაუწია. – განათებულ ჭიშკარს დაინახავთ. მასში არ შეხვიდეთ. კიბეზე ადით, თუნდაც შავი საფეხურები ჰქონდეს. თუნდაც იქ ხვლიკები დაინახოთ. დამიჯერეთ და კიბეზე ადით.

– კარგი, – დაეთანხმა მერი, წამოდგა, ქალს ჩაუარა და ვაგონის ბოლოსკენ გაემართა. – კარგი.

ნელა, დაბნეული მიდიოდა. ყურადღებას არავინ აქცევდა. ვაგონის ბოლოს მან ხელი გაიწვდინა და მოქაჩა ზონარს, რომელზეც „საავარიო მუხრუჭი“ ეწერა. უეცრად სიჩუმე სირენის შემზარავმა ხმამ გაარღვია. მერიმ კარი გააღო და გავიდა მოქანავე პლატფორმაზე, რომელიც ვაგონებს ერთმანეთთან აკავშირებდა. გაისმა დაკბილული ბორბლების საშინელი ღრჭიალი და მატარებელი გაჩერდა.

ეს მეშვიდე სამეფოს უკაცრიელი ბაქანი იყო. მერი ერთი ნახტომით გადააფრინდა მატარებლის სამ საფეხურს და ცემენტის ბაქანზე აღმოჩნდა. ტერფები სტკიოდა. მატარებელში გამყოლები აყვირდნენ.

– ჰეი, რონ, რა მოხდა? – ხრინწიანად იკითხა ვიღაცამ. ვაგონებში წითელი ნათურები აინთო.

-არაფერი ვიცი. მეგონა, მატარებელი შენ გააჩერე, ელ.

წინ  მოჩანდა წითელი ნეონის ნათურებით გაჩირაღდნებული ჭიშკარი. საიდანღაც ჯაზმუსიკის სინკოპები მოისმოდა. არა, ჭიშკარში გასვლა არ შეიძლებოდა. მერიმ მარჯვნივ ჩაბნელებული ვიწრო კიბე დალანდა, შეტრიალდა და კიბისკენ გაიქცა. ქვის კედლები მისი ნაბიჯების ექოს გამოსცემდნენ. სუნთქვა ეკვროდა.

– შეხეთ! ეს ქალია. მირბის!

– დაიჭირეთ, სწრაფად!

წითელი შუქი სულ უფრო უახლოვდებოდა.

– თუ მგზავრი გაგვექცევა, სამსახურს დავკარგავთ.

მერი კიბესთან წამით შეჩერდა და უკან მიიხედა. დაინახა მატარებლის ფანჯრები – უღიმღამო, უსიცოცხლო ოქროსფერი კვადრატები. გამყოლები ვაგონებიდან ჩამორბოდნენ და მერის მისდევდნენ. ჭიშკრის წითელი ნეონის შუქზე მათ სახეებს სისხლისფერი ედო. გამყოლების ფარნები ირხეოდნენ და ბოლავდნენ.

მერის ყვირილი ყელში გაეჩხირა. ის შეტრიალდა, რათა შავი ციცაბო საფეხურები  აერბინა. ლოყაზე აბლაბუდა მოედო, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. ბორძიკობდა, ხორკლიან კედელს ეყრდნობოდა და თითები ეკაწრებოდა.

ბოლოს გამყოლთა ყვირილი მიწყდა. შემდეგ მერიმ გაიგონა, რომ მატარებელი დაიძრა და რახრახით გააგრძელა გზა გაყინულ ლიანდაგებზე.

მერი წამით დაიხარა გამჭვარტლული კედლისკენ სულის მოსათქმელად. ქოშინებდა. პირში მომწარო გემოს გრძნობდა. თავისუფალი იყო.

შემდეგ ის კვლავ აუყვა ჩაბნელებულ კიბეს. ახლა საფეხურები უფრო ფართო და გლუვი იყო, ჰაერი კი – უფრო სუფთა და გამჭვირვალე. საიდანღაც გაისმა ზარების რეკვის ხმა. როგორც ჩანს, მახლობლად საათიანი კოშკი იყო.

როდესაც მერიმ კიბის მორიგ ბაქანს მიაღწია, მზის სხივებში გაეხვია. ჰაერის, მიწისა და ახალგათიბული ბალახის დავიწყებული ტკბილი სურნელი იგრძნო. წინ მოჩანდა თაღი, რომელიც ქალაქის პარკში გადიოდა.

მერი კიბის თავზე ავიდა. მზის კაშკაშა სხივებისგან მზერადაბინდული, მათ ოქროსფერ ქსელში გახვეული, თვალებს ახამხამებდა. მიწიდან თეთრი და ლურჯი მტრედები აფრინდნენ და მის თავზე დაიწყეს ტრიალი. სადღაც, ბუჩქებში, ბავშვები თამაშობდნენ და იცინოდნენ. პარკის ირგვლივ მოჩანდა თეთრი გრანიტის წვეტიანი მაღალი კოშკები, რომელთა ფანჯრები მზეზე ლაპლაპებდა.

თითქოს მკვდრეთით დაბრუნებული მერი ბილიკს გაჰყვა. ბილიკზე თეთრი, ქათქათა კენჭები ეყარა. გაზაფხული იყო. ქუჩის კუთხეში ქალი ყვავილებს ყიდდა და ღიღინებდა. მერიმ დაინახა თეთრი ვარდებითა და ნარგიზებით გავსებული კოლოფები, რომლებზეც მწვანე ფოთლები იყო შემოვლებული. ყავისფერლაბადიანი ქალი ყვავილებს თითქოს ეალერსებოდა.

როდესაც მერი ქალს მიუახლოვდა, მან თავი ასწია და მერის სიყვარულით აღსავსე ცისფერი მზერა შეაგება.

– გელოდებოდით, ჩემო საყვარელო. – თქვა მან.

© The Hudson Review

22 იანვარი, 2019

თარგმანი © არილი

Facebook Comments Box