ავტორი: თაკო წულაია
სილვი დრაპო, “მდინარე”, გამომცემლობა “აგორა”, 2022, მთარგმნელი: თამარ ხოსრუაშვილი
რა რჩება, როცა ყველაზე ახლობელი ადამიანი კვდება? როგორ უნდა აურო გვერდი სიკვდილს, რომელიც კრისტალიზდა, განივთდა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ცხოვრების ყოველ კუთხეში გხვდება, რათა შენი არსებობის სივიწროვე გაგრძნობინოს? როგორ უნდა გაახსენო (და დაუმტკიცო) მშობლებს, რომ შენ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ?
სილვი დრაპო, რომელსაც წარმატებულ მსახიობად იცნობენ, 2015 წელს აქვეყნებს სადებიუტო წიგნს, რომლის მთავარი გმირიც მდინარეა, ერთდროულად სიკვდილისა და სიცოცხლის სინონიმი.
ხსენებული რომანი – „მდინარე“ – ფრანგულიდან თამარ ხოსრუაშვილმა თარგმნა და გამომცემლობა „აგორამ“ გამოსცა გასულ წელს.
რომანის სიუჟეტი მეტისმეტად მარტივია: ოჯახის მშვიდ, აუმღვრეველ ცხოვრებას მოულოდნელად ცვლის ტრაგედია – ოჯახის ერთ-ერთი წევრი, პატარა როში მდინარეში იხრჩობა. მთხრობელი მისი უმცროსი დაა, პატარა გოგონა, რომლის შეყვარებული და აღფრთოვანებული თვალები უფროს ძმას შეუმცდარობისა და სანდოობის სიმბოლოდ ხედავენ. სწორედ ამ თვალებით ვაკვირდებით „ხროვის“ (როგორც ოჯახი მოიხსენიებს საკუთარ თავს) ყოველდღიურ ყოფას.
ტექსტის სემანტიკური ველი მდინარედ და ხმელეთად არის დაყოფილი, ვიწრო ნაპირი კი საზღვარია, რომლის გადაკვეთაზეც სიცოცხლით უნდა აგონ პასუხი პერსონაჟებმა. ამიტომ ტრაგედიამდეც იგრძნობა მოსალოდნელი უბედურების გარდაუვალობა, მსხვერპლის გამოჩენის აუცილებლობა. მსხვერპლი ნაპირზე სეირნობს, როცა ადიდებული მდინარე გაიტაცებს, მაგრამ ამ მდინარეს თან არა მარტო ერთი ადამიანის უსულო სხეული, არამედ მთელი ოჯახის ბედნიერებაც მიაქვს; ისე შლის მათ განვლილ ცხოვრებას, როგორც ქვიშაზე დახაზულ უაზრო ფიგურებს.
მდინარეში ყველაზე შემზარავი ისაა, რომ ერთი ადამიანის სიკვდილი აზრს უკარგავს ყველა სხვა დანარჩენის სიცოცხლეს. წელიწადის დროების მონაცვლეობა, რუტინული და უსუსურობის შესანიღბად გამოგონილი საქმიანობები, მექანიზებული წასვლა და დაბრუნება – ესაა ფასადური სიმშვიდე, ყუთი, რომელიც ნამსხვრევებითაა სავსე. ამ ნამსხვრევებს შორის არიან ოჯახის „გადარჩენილი“ წევრები. სწორედ ამიტომ, ძმის სიკვდილის შემდეგ პატარა გოგონა აღმოაჩენს, რომ თვითონაც მკვდარია. არა, ძმისგან განსხვავებით, არც დაასაფლავეს და არც სიცოცხლე შეუწყვეტია, მაგრამ მაინც მკვდარია. სიკვდილი ძმისგან გადაედო. როცა მდინარის ნაპირიდან დედამისისკენ გარბოდა, რათა ეთქვა, როში დაიხრჩო და ვერ დავეხმარეთო, ნელ-ნელა თვითონაც მოკვდა. როცა დედას ერთი შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, აღმოჩნდა, რომ დანარჩენებიც აღარ იყვნენ ცოცხლები.
ტექსტი პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს. პირველი ნაწილი როშის სიკვდილით სრულდება, მეორე ნაწილში კი ხუთი წლის გოგო როშის სიკვდილის შედეგებთან ცდილობს გამკლავებას – ერთი მხრივ, მის გარეშე ცხოვრებას სწავლობს, მეორე მხრივ, მშობლებისთვის საკუთარი არსებობის შეხსენება სურს. მაგრამ ოჯახისთვის ბედნიერების განცდის დაბრუნება კი არა, ისეთი ყოფითი ამბებიც შეუძლებელი ჩანს, როგორებიცაა საჭმლის ჭამა და კბილების გახეხვა.
„სინათლეს არავინ ანთებს. შეიძლება არც აღარასოდეს ავანთოთ სინათლე.“
„სიტყვები აღარ არსებობს, ისინი შენ წამოგყვნენ მდინარის ფსკერზე.“
„ჩვენ აღარასოდეს შევჭამთ საჭმელს. აღარასოდეს გავიხეხავთ კბილებს.“
„ჩვენ აღარასდროს დავიძინებთ ჩვენს სიცოცხლეში.“
სილვი დრაპო მშვენივრად ახერხებს იმის ჩვენებას, რა გავლენა აქვს სიკვდილს ცოცხლად დარჩენილ ადამიანებზე; როგორ კარგავენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები სოციალურ ფუნქციებს და როგორ იქცევიან მხოლოდ განსხეულებულ მწუხარებად, რომელიც იძულებულია, შეერიოს ყოველდღიური ცხოვრების ნაკადს, რომელიც სრულიად გულგრილია მასში მოხვედრილი წვეთების მიმართ.
მიუხედავად ამისა, რომანს აქვს ნაკლი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლი: მთხრობელი ხუთი წლისაა, თუმცა რიგ ეპიზოდებში მისი მეტყველება სრულიად შეუთავსებელია მის ასაკთან. მართალია, გამოცდილება, რომელსაც ძმის სიკვდილის ნახვისას იღებს, დიდწილად შესაძლოა ხსნიდეს კიდეც მისი აზრების უჩვეულო მდინარებას, მაგრამ ეს ვერ მარწმუნებს იმაში, რომ ხუთი წლის გოგონამ შეიძლება გაზაფხული ასეთი სიტყვებით აღწეროს: „დიახ, გაზაფხულიც დადგა, ამაღლებული, ყინულის მძაფრი სურნელით გაჯერებული, რაღაც ძალადობაც იგრძნობოდა ამ ყველაფერში, რაღაც ისეთი, სისხლს რომ გიდუღებს და ლეთარგიის ყველანაირი ფორმიდან გამოყავხარ. ეს მიწის ეგზალტაციაა“.
ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, სადაც, ჩემი აზრით, ავტორს საკუთარი პერსონაჟი ავიწყდება და მის ნაცვლად თავად იწყებს ლაპარაკს.
მაგალითად, კრისტალიზებული სიკვდილი, რომელიც ფიზიკურ სივრცეს იკავებს და ცხოვრებას ავიწროებს, ან „არყოფნის სიცარიელე უსასრულო დღეების შუაგულში“, ან შიში, რომ ერთმანეთს თუ შეეხებიან, მარილის ფიგურებივით დაიმსხვრევიან, ან დედის ყვირილის შედარება აგონიაში მყოფი მხეცის ხმასთან (სად ნახა ბავშვმა აგონიაში მყოფი მხეცი?!), ან დედის წარმოდგენა უსხეულო არსებად, ჭერზე ჩამოკიდებულ ბუზად, რომელიც მხოლოდ მაშინ დაიბრუნებს სხეულს, როცა თავის შვილს დაინახავს – თავისთავად, ყველა ეს შედარება თუ მეტაფორა მშვენიერია, მაგრამ ისინი კარგავენ დამაჯერებლობას, როგორც კი გვახსენდება, რომ მთხრობელი სულ რაღაც ხუთი წლისაა.
სამაგიეროდ, ეჭვი არ მეპარება, რომ პატარა გოგომ მოულოდნელად განცდილი მწუხარება ნამდვილად შეიძლება შეადაროს ობობას, რომელიც გულმკერდზე აზის და კბენს და ისიც შეიძლება, მართლაც ჩაიხედოს ტანსაცმლის შიგნით მისი არსებობის შესამოწმებლად. იგივე გოგონა სკოლაში მასწავლებლის ნახვისას გაიფიქრებს, რომ მისმა მასწავლებელმა არ იცის, რა არის დარდი და ამ ცოდნას, რომელიც მხოლოდ თვითონ აქვს და არა მოცინარ მასწავლებელს, მას არასოდეს გაუზიარებს.
აქედან გამომდინარე, სილვი დრაპო მეტისმეტად რთულ რამეს ავალებს ერთ პერსონაჟს: თან ბავშვი უნდა იყოს და თან ის ყველაფერი უნდა თქვას სიკვდილზე, რისი თქმაც მის შემქმნელს, ავტორს უნდოდა.
მაგრამ შეგვიძლია, დავივიწყოთ ეს „პატარა“ შეუსაბამობა. ამ შემთხვევაში, იქნებ მოგვეწონოს კიდეც მდინარის პირას მცხოვრები „ხროვის“, გათხევადებული, მდინარედ ქცეული დედისა და იმ პატარა გოგოს ამბავი, რომელმაც ნახა, როგორ დაიხრჩო მისი ძმა.
ქართული გამოცემის ყდის ნახვის შემდეგ წიგნისთვის ილუსტრაციის მომზადება ხელოვნურ ინტელექტს ვთხოვე. Midjourney-ის მიერ შექმნილი სურათები ძალიან მომეწონა, ამიტომ მათგან საუკეთესოებს გიზიარებთ:
© არილი