პოეზია

სოფიკო კვანტალიანი – ლექსები

სიტკბოს მუნასიბი

ჩემი კაბის
ქამხა-ატლასის გონებას
კარგად ახსოვს
შენი ხელის შემოცურება
ბარძაყებს შორის
და შეფრფენა ისე მკვეთრი,
უსხეულო, კრიალა ნაღებს
კარაქის ვარდი რომ გამოეყოს!..
ასე ვტკბებოდი – ფენა-ფენა,
შაქრის სიროფში თიმთიმებდა
ჩემი ძვალ-ხორცი,
ერბოთინაზელ ტკბილ ქადის ცომში
მეწყო სიზმრები.
ვიყავით მშვიდად მტკბარნი
“ერთ ხორც და ერთ სულ”,
მსუქან მუცლებით შეზრდილ
ტყუპ ქლიავივით.
ვისურვე
სიღრმეში ფრენა,
ვემალებოდი უცვლელ კანონს –
ხრწნადობის,
სულთგამოწვლილვის…
სიტკბოსგან დაბერილი ჩემი ბოლქვები
ლურჯ მიწაში ფაჩუნობდნენ,
სუფთა დინების,
ღმერთის ღიმილის მომლოდინემ კი –
აღმოვაჩინე საიდუმლო –
მურაბადქცევის!
სიტკბოთი უკვდავებაში გადასვლის.

იისფერი მუნასიბი

ფშუტეა ეს კაბაც,
მაგრამ მტკივნეული –
ჩემი კანიდან შეიზარდა
სუსტი სისხლძარღვი:
ერთად ვფეთქავთ ახლა,
ერთად ვავხორცობთ.
ტკრციალებდა ადრე იგი მხიარულად,
უბეში ჩაზრდილ
სარაინდე,
ვარდკოკობ ძუძუს იმალავდა
და როცა ქაცვის ნაშვერი ბრჭყალისგან
შვებით გაეხსნა ნაწიბური,
გამოჩნდა –
ბულულა კაბის
ტკბილ-ვარდისფერი ხორცი.
ზოგან ტიულის კანი
მსუბუქ ჩენჩოდ ჩამოეკიდა,
ტკბილი რბილობი შეიჭამა,
დარჩა მხოლოდ ხრტილები
და კაცთა საცდუნებლად დაფენილი
მოჩვენებითი სიმსუბუქე,
რომლის ქვეშაც თვლემენ უფსკრულები,
ზედაპირზე კი,
სადაც ფრთოვნულად ფრენენ ფრინველები,
ისევ თავიდან,
კენკროვანი ტკაცუნით სკდება
სიქალწულე რიშქალასი
და ისე ნაზად იხსება მისი გული,
თითქოს ღვთაებრივად მწიფე ბროწეული
უსისხლოდ გაგეხლიჩოს…
მე კი –
ყელის ზამბახისღეროვნებით
თავს ვიწონებ და
იისფერ ნერწყვს ვყლაპავ დროდრო!

უზუნდარა

როგორ შევებრძოლო ნაკადულებს
ჩემკენ რომ მოედინებიან??
სხვანაირი გაღვიძება მქონდა დღეს
ცეკვასავით –
მთელი ღამე კაცთან მძინებია თითქოს,
არადა ზრდასრული მზესუმზირა იწვა
ჩემ გვერდით!
მერამდენედ მივიღე ყვავილი
როგორც კაცი და
დავწექი მასთან!
შაქრისგან გაცისკროვნებული ვწევარ
და მთლად ვკაშკაშებ,
ჰე, მომაძრეთ გამსკდარი ფატას აპკი
და ამომიყარეთ თავიდან
საპატარძლო თეთრი ვარდები.
იები უნდა ამომივიდნენ ჭრილობაზე –
ჩემი თრომბული ყვავილები.
როგორ შევებრძოლო ნაკადულებს
ჩემკენ რომ მოედინებიან?
არეულ-დარეული თუ ვიქნები,
აუცილებლად ამაფრიალებენ,
ამიტომ
მოჩვენებითად უნდა ვიელვარო;
ტყე გადმოვაბრუნო
და დავინახო,
როგორ გამომწვევად ხასხასაა
მისი სარჩული.
ჩემი ფეხები თუა, ასე ჩქარ-ჩქარა რომ ცეკვავენ
უზუნდარას?
პირშიც აღმოსავლური ენა მიდევს –
მოქარგული იის ფოთოლი
და ვმღერი საკონცერტო ხმით:
ჰე, ფრინველნისკარტიანებო!
როგორ შევებრძოლო-მეთქი ნაკადულებს
ჩემკენ რომ მოედინებიან?
ან რა გავაუჩინარო გულში?
პირიქით,
ლამის ჩამოვიბერტყო
კაბაზე მიქარგული ატამი
და მზეს ტყუპისცალი გავუჩინო…

სიყვარულის მუნასიბი

ლაზარეს

ჩემი ტვინი
ისეთივე სურნელოვანია,
როგორც
იასამნის მოგრძო მტევანი,
ჩემი სიყვარული კი
აიფშრუკა,
ვნება გაიწოვა და
აღარ მიღიტინებს!
უკანასკნელად ვთქვი:
“ოჰ! სიყვარული…”
და ნება დაგრთე
გეცდუნებინე,
რომ მეგრძნო, კიდევ ერთხელ,
იისფერ ლეღვს
ზედმეტი სიტკბოსგან,
როგორ ეხსნება ჭრილობა,
როგორ ივსება მეწამულ ხორცით
და ბიბლიურ სისხლით.
ამის მერე კი
მალე ვიგრძენი –
მეკვირტებოდა შიგნით რაღაც,
მხიარული, ანგელოზური
და სქელი სიზმრიდან
გამოვედი ხელვარდიანი –
ჩვილ ლაზარეთი!
ამ პატარა, მარწყვისგულა
შვილიკოს გამო
უეცრად გადავიხარე
იის სინორჩისკენ
და არა სიკეკლუცის მიზნით,
არამედ რაღაც
ღვთაებრივი შეგრძნების გამო,
ხელით მოვისინჯე
ორი, ზომიერად მოზრდილი
ძუძუ!

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box