პროზა

სოფიო კუბლაშვილი – ნარინჯისფერი ავტობუსი

მზემ მთიდან რომ გადმოიხედა და ხის ქვეშ მდგარ მრგვალ მაგიდაზე ისარივით დასცა ყვითელი სხივი, მძღოლმა ბოლოჯერ გააგორა ნარდის კამათელი, წყვილიო! – შეჰყვირა, უკანასკნელი შავი კენჭებიც გაყარა, გასწორდა, გამარჯვებულის იერით თვალი ჩაუკრა მზეს, დამარცხებულს ბეჭზე ხელი დაჰკრა და ზმორებით წამოიმართა.

– აბა, დავეშვი, ბიჭებო!

– მიდი, მიდი, დაძარი, მეც გადმოვაყენებ მარშრუტს.

– შენც უცებ არ გაივსო, ვერ ხედავ, ცარიელია ავტობუსი. აღარსად დადის ხალხი.

– კვირაა და პირველი რეისია. მეტი რა გინდა?! თან არჩევნებია, ვინ გაბედავს ამ დროს  რაიონის დატოვებას. ადე, ადე!

ნარინჯისფერი ავტობუსი ნელი სვლით გასცდა ავტოსადგურს, მთავარ გზაზე გადაუხვია თუ არა, სიჩქარეს უმატა და ქუჩის ხმაური დაახშო მისი ძრავის თუხთუხმა.

ცხრა სოფლის აღმართ-დაღმართი მოხრეშილი გზა უნდა გადაევლო და დიდ ქალაქში ჩაეყვანა მგზავრები.

მისამართი მობილური ტელეფონის ეკრანიდან ფურცელზე გადმოიწერა, შარვლის ჯიბეში ჩაიდო. – ასე უფრო სწრაფად დავხედავო. – ჩაითქვა. პიჯაკი შემოიცვა, ჯიბე მოისინჯა, ნამდვილად იქ იყო ქაღალდში გახვეული ლითონის მოცეკვავე კაცის ფიგურა. თითები მოუჭირა. გაეღიმა. შარვლის ტოტებზე ფართო ხელისგული ჩაიკრა, ჩაიფერთხა ოთახის მტვერი. – წავედი! – დაუბარა ცარიელ ოთახს და დაღმართზე დაეშვა. – პირველის ოცი წუთია. ათ წუთში გზამდე კი ჩავალ, ჩავუსწრებ! – თითქმის გარბოდა. – მივალ, თუ მეტყვის, რომ მელოდებოდა… თუ მეტყვის, რომ მელოდებოდა… არა, არ ვიცი, არა, რას ვიზამ. თუ აღარ მელოდებოდა, დავუტოვებ, რისი დაბრუნებაც მთხოვა და გავშორდები იქაურობას. ეს ნამდვილად ვიცი. მაგრამ როგორ მივხვდები? როგორ ვერ მივხვდები?! მივხვდები… იოლი იქნება – მაშინვე უკან გამოვბრუნდები. იოლი იქნება, არ გამიჭირდება. და თუ მელოდებოდა?! რას ვიზამ? რთული იქნება დარწმუნება, რომ ამჯერად მართლა მივედი მასთან, სამუდამოდ… რთული იქნება! იოლი ისევ მისი მიტოვებაა, არა? ჯერ ჩავიდე, იქამდე მივიდე, მივაგნო.

ტრასა გამოჩნდა. შორიდან ძრავის ხმაც მოესმა. ოთხი ნაბიჯიც და დაინახა ნარინჯისფერი ავტობუსი.

ადრე ადგა იმ დილას. გრილოდა. ქმარი არ გააღვიძა. გადაიცვა. სარკეს ჩაუარა. მაინც გადაისვა ხელი ჩამოშლილ თმაზე. თავსაფარი წამოიფარა. საბინძურო ხალათი შემოიცვა. სახლიდან ბოსლამდე ლოგინის სითბო მიჰყვა. იქ საქონლის ნასუნთქი ცხელი ჰაერი ჩაისუნთქა, გააჟრჟოლა. პირუტყვი ზეზე წამოყარა. ბაგა მოხვეტა. ჩაწმინდა. მიუჯდა. წველას შეუდგა. – ყველს ამოვიყვან, სადილს მოვუმზადებ ბავშვებს და წავალ. პირველის-ნახევრიანს გავყვები. თორმეტ კილომდე კი იქნება ის ყველი. ჩავაბარებ, ბაზარს მოვივლი და სამიანს კი ამოვყვები უკან. – დაგეგმა დღე. – ფეხი გააჩერე! – მოასწრო სარძევე ვედრის წიხლისთვის არიდება. ლოყამდე მისწვდა შხეფი. მხრით მოიწმინდა.

სარკესთან დადგა. თავის სილუეტს გაუღიმა. ასე ღიმილითვე გახედა ტელევიზორის წინ მჯდომ ქმარს. მისკენ ზურგით დამჯდარიყო. ეკრანს კი მოჰკრა თვალი: „21 სექტემბერი. საპარლამენტო არჩევნები!“ – ეს არჩევნები ვიღას გაახსენდა. საღამოს გავალ საბჭოში. – ჩუმად გაესაუბრა ორეულს. თითებს დახედა, უნებურად მუჭებში გამოისრისა. გამომალა.

– წავედი! სადილი მზადაა. ბავშვებს მიაქციე ყურადღება. ნუ გახვალ გარეთ, გრილა. გახველებს და…

– ადრე არაა ჯერ?

– პირველის ოცი წუთია. ათ წუთში ჩამოივლის.

გზის პირას დადგა. მძიმე ჩანთა გაამყარა ქვებზე. ფრჩხილი ფრჩხილით გამოისუფთავა, ათივე. სუნამოს სუნი ეცა. – ბევრი მომივიდა, უჰ! – გვერდზე გაწია ცხვირი.

ჩამოდგა ნარინჯისფერი ავტობუსი.

დედაქალაქის უნივერსიტეტში უნდოდა სწავლის გაგრძელება. შარშან ძმა რომ არ გარდასცვლოდა, ასეც მოიქცეოდა. ვერ დატოვა ერთმანეთის შემყურე მგლოვიარე მშობლები სოფელში. თვითონაც აღარ შერჩა ხალისი. ხასიათი გაუფუჭდა. წიგნის კითხვაზე უფრო საქონლის მწყემსვა და ოცნება ეიოლა. – ცოლს მოვიყვან. შვილებს გავზრდი. ვიცხოვრებ სხვებივით. რით ვჯობივარ ვითომ იმ ბიჭებს, სოფელში რომ რჩებიანო…

მერე გაზაფხულმა ძველი სურვილები ამოუქექა.

– სწავლა უნდა გავაგრძელო. – ღვინის ყლუპმა მეორე ცდით ჩაიარა ყელი.

– შეძლებ? – დედამ პირს ააცილა წვნიანი კოვზი, ნიკაპზე ჩამოიღვარა. სალფეტკის მოსაწოდებლად ხელი გაუწოდა შვილს.

– მარტო გვტოვებ? – მამას პური ჩაუვარდა თეფშში, კერძის შხეფები სახეზე შეესხა. – ფუ, შენი!

– ხშირად ამოვალ. ყოველ შაბათ-კვირას. ეროვნულ უნივერსიტეტში აღარ ვაბარებ. ჩვენს ქალაქში მოვეწყობი სადმე. სულ ერთია სად… – თავი არ აუწევია, სულს უბერავდა ხარჩოს.

– კი, ბატონო!

გამოცდები ჩააბარა. მიღებული ქულებით რასაც შეწვდა, იმას დასჯერდა. – საქონლის მწყემსვას აჯობებსო.

კვირაობით მიდიოდა ქალაქში.

იმ დღეს იადრა. ბიჭებს უნდა შეხვედროდა. – „არჩევნები“ აღვნიშნოთო!

ზურგჩანთა მოიგდო და გზამდე მოკლე ბილიკს ჩაუყვა.

სამ წუთში გამოჩნდა ნარინჯისფერი ავტობუსი.

იმ შაბათს პროვინციაში დედის სანახავად ჩავიდა. ერთ ღამეს გაათევდა და ქალაქში დაბრუნდებოდა. საძინებლის ფანჯრიდან თვალს გადააწვდენდა აჭრელებულ ტყეს, სუსხნარევი ნიავით შეზავებულ ჰაერს ღრმად შეისუნთქავდა და გაგრილებული გულისყურით მოისმენდა დედის საყვედურებსა და წუწუნს.

– ან შემოირიგე, ან სხვა ქალი იპოვე, შვილო. ვერ გაუძლებ მარტოობას, ან გალოთდები, ან უცხოეთში გადაიხვეწები, ან დარდისგან დაავადდები, ან…

– დედა!

– რა დედა? რა დედა?

– შენი ბრალია ყველაფერი.

– მე რა შუაში ვარ? გადაწყვეტილება შენ მიიღე, მე ძალით ვერას გავხდებოდი…

– მე მივიღე. დიახ, მე მივიღე! სხვანაირად ვერ გაგაჩუმე. შენ მოგწონდა, შენ გინდოდა, შენ მირჩიე.

– შენ შეგიყვარდა.

– მერე?

– მერე, რაც მოხდებოდა, მე არ ვიცოდი.

– არაფერიც არ მომხდარა; უბრალოდ, ისეთი არ აღმოჩნდა, შენ რომ წარმოგედგინა. გოგომ თავისი კუთვნილი ადგილი და ხმა მოითხოვა. თავისი ოჯახის შექმნა მოინდომა, არათუ შენს ოჯახში შემოსვლა. სულ ეს იყო. ეს ვერ აიტანე და აწუწუნდი.

– არ გამოგადგებოდა.

– ჩემთვის არ გიკითხავს. თვითონაც მოახერხე, მისთვის აქაურობა შეგეძულებინა. არაფრად აგდებდი, არ უსმენდი…

– შენ რატომ ითმენდი ჩემს საქციელს, თუ არასწორად მიიჩნევდი, რატომ?

– ვერ დავიცავი. მივატოვე. შვილი გავწირე. მივაგდე. სახლიც კი გავუყიდე. ცოდვები გამანადგურებს, დედა!

– ანჩხლი ქალია. ნუ მისტირი! უკეთესი შეგირჩიე.

– გაჩუმდი! ფეხმძიმედაა შენი შერჩეული.

– როგორ?

– მეორე შვილიშვილი გეყოლება, ამჯერად ვაჟი. გილოცავ! ცოლად არ მოვიყვან! გთხოვ, დამტოვე, უნდა დავიძინო. ხვალ დილით ქალაქში ვბრუნდები.

გათენდა.

მშვიდად ისაუზმეს. ჩანთა ჩაულაგა, დალოცა, გააცილა. დედა მანამ იდგა ჭიშკართან, სანამ ნარინჯისფერი ავტობუსი წერტილად გადაიქცეოდა.

უნივერსიტეტის სტუდენტი როცა გახდა, მშობლები აღარ მუშაობდნენ. პროფესია სიყვარულით შეარჩია, არც უფიქრია, რამდენად სასარგებლო იქნებოდა მისთვის, თორემ სამშობლოს გამოვადგები და ჩემს ცოდნა-გამოცდილებას თაობებს მოვახმარო, რა თქმა უნდა, არ უფიქრია მაშინ.

წარმატებით გაიარა ყველა სასწავლო წელიწადი და სადიპლომო ნაშრომითაც აღაფრთოვანა საგამოცდო კომისიის აკადემიკოსობა. ის იყო, შესთავაზეს, კათედრაზე მუშაობას თუ მოინდომებ, ჩვენ მხარს დაგიჭერთო და მეტი რა უნდოდა იმედ-იმედ წამოშენებულ ახალკურსდამთავრებულს. აეკვიატა მეცნიერობაზე ფიქრი. უკარნახეს საკვლევი სფერო, ძიების მიმართულება და ნაშრომის სათაურიც კი. ეს ყოფილა მხარდაჭერაო, დაასკვნა და კვლავ დანებდა. არც ამჯერად დაუთვლია მომავალი ფინანსური სარგებელი არც თავისთვის, არც ქვეყნისთვის.

მშობლიურ პატარა ქალაქში რომ მოდიოდა ერთი კვირის წინ, იმედი ჰქონდა, ბავშვობის ადგილები დარდს გადააცლიდა გონებას და ხალისს დაუბრუნებდა. ასეც მოხდა. სუფთა ჟანგბადით სუნთქვამ სასწაული მოახდინა. ენერგიისა და გამარჯვების განცდის მოჭარბებაც კი იგრძნო. მოხუცი მშობლები დააიმედა, აკადემიური ხარისხის მომატებით ხელფასი გამეზრდება, ცოლსაც შევირთავ და მალე ისევ გესტუმრებითო.

– ეჰ, შვილო, საკუთარ სახლში თუ სტუმრად ბრუნდები ხოლმე, რაღად მინდა სიცოცხლე! – დანანებით უსაყვედურა მამამ.

– კაცო, გამოსულელდი შენ? ბიჭს აქაურობა გინდა, შეაძულო?! – ბუზღუნით უჩურჩულა დედამ და საყრდენ-საბიჟგებელი ჯოხი კოჭებთან მიარტყა ქმარს.

– მეცნიერებას დიდი მასშტაბი აქვს. დიდი! – მძიმე ჩანთას წამოავლო ხელი შვილმა.

– მშვიდობით იმგზავრე, მშვიდობით! ეჰ, კიც გამოჩნდა შენი ავტობუსი.

მთელი რაიონი შეძრა წინა ზაფხულს ამ ამბავმა. მდინარემ ჩამოატარა და წყალში ჩაკიდებულ ანკესს წამოედო. მეთევზეს ეუცნაურა, ნაპირ-ნაპირ დაედევნა, თან მოზიდა ძუა თავისკენ, კაუჭმა ფუთას მიმართულება შეუცვალა, ამოაბრუნა, გამოშალა, ქსოვილი ქვებს შორის მოეტნა, თოკი გაიქაჩა და გაწყდა. მამაკაცმა შეტოპა, წელამდე დასველდა, ცალი ხელით გამორიყული ხის ტოტს მოეჭიდა, მეორით გადასწვდა შეხვეულ საგანს, იღლიაში ამოიჩარა. გამოიტანა. დააგდო. ჯერ შიშით ვერ მიეკარა. მერე ინტერესმა იძალა, მოსინჯა, რბილი იყო და ფორმებიანი. გაშალა. რას ხედავს: ახალშობილი. ხელების კანკალით განზე გახტა. დარწმუნდა, რომ არ სუნთქავდა, ფერიც შესცვლოდა. – რა უნდა ექნა?! – ისევ შეახვია, თავისი ნივთები აკრიფა და ჩვილის ცხედარი პოლიციის განყოფილებაში მიიტანა.

გამოძიების დასრულებას სულმოუთქმელად ელოდებოდა. უამრავი დაბარება-დაკითხვის მიუხედავად, მაინც ბუნდოვანი დარჩა დანაშაული. თითქოს ციდან წვიმას ჩამოჰყოლოდა ბავშვი.

მის შემდეგ რაღაც მოხდა მეთევზის თავში. რაღაც შებრუნდა თუ გაცოცხლდა. მდინარეს აღარ გაჰკარებია. დიდ ქალაქში თევზით ვაჭრობა წამოიწყო და ხშირად მგზავრობდა რაიონის ავტობუსით.

იმ დილით ცოლმა წერილი გადასცა. ჭიშკრის რკინაზე ყოფილიყო წამოცმული. ჩუმად წაიკითხა და თოფნაკრავივით აღრიალდა.

– ტყუილია! მოგონილია! მტრები მყავს! მტრები…

აღარ უფიქრია. გამოეწყო და გზას ფეხით დაადგა.

– სად მიდიხარ, კაცო?

– ქალაქში. წამომეწევა ავტობუსი.

– რა წერია მაგ წერილში?

– არაფერი. რას მომდევ, რას? დაბრუნდი.

ცოლი რომ ჩამოსცილდა, ნაბიჯი შეანელა, ისევ გაშალა ფურცელი და ხმამაღლა ამოიკითხა, თითქოს ყურითაც გადაამოწმა თვალით ამოკითხული.

„მდინარეში ნაპოვნი ბავშვი ჩვენი ბიჭი იყო. შენ მიმატოვე. სამაგიერო ასე გადაგიხადე. სიკვდილამდე დაიტანჯები. შენი ნიბლია“

ნარინჯისფერი ავტობუსის დანახვისთანავე შეინახა კონვერტი.

შემთხვევით შეხვდა თანაკლასელს ბაზარში. ცნობით მაინც იცნობდა, მაგრამ არ ეამა თვალიდან საფეთქლისკენ გაწოლილი ნაოჭები, არც ყბას ჩამოცილებული ლოყა დაურჩა სასიამოვნოდ. ვაითუ, მეც ასე გამოვიყურებიო. – გაეფიქრა. მოიკითხეს ერთმანეთი, ქალიშვილობის სახუმარო მოგონებებითაც იცინეს. ის იყო, დაემშვიდობა სკოლის მეგობარი, რომ მოულოდნელად შემოუბრუნა საუბარი.

– ვერ გაიგებდი შენ…

– რა უნდა გამეგო?

– ორი თვის წინ გარდაიცვალა, სიმსივნე ჰქონია საწყალს.

– ვინ, გოგო? არ მითხრა ახლა…

– მიხვდი შენ. კი, „ის“.

– ეგ არ გეთქვა, და…

– სხვისგან გაიგებდი.

– ბოლოს ნანას ბიჭის ქორწილში ვნახე.

– მახსოვს. თვალს ვერ გაცილებდა. სიკვდილამდე შენ უყვარდი.

– ნუ ლაპარაკობ სისულელეს. შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა ცოლთან და შვილებით ხარობდა კაცი.

– როგორც იტყვი. წავედი, წავედი… მეჩქარება.

მის შემდეგ ფიქრი ჩაუბრუნდა წარსულში ქალს. რამდენჯერ უნატრია მის გვერდით ყოფნა, თავს მის მეუღლედ წარმოიდგენდა, მისი შვილების დედად. დაქვრივებულს აღარაფერი ეხალისებოდა, გარდა წარმოსახული მომავლისა. იმ ქორწილში ყური მოჰკრა, ცოლს გულის შეტევა გადაუტანია და იდუმალი იმედით ელოდა მორიგ შეტევას. იქნებ… არა, არასდროს დაუსრულებია სიტყვით ეს ფიქრი. ახლა რაღა ქნას?!

დილით შვილების მოსანახულებლად წასვლა გადაწყვიტა. ნაუცბადევად გამოაწყო მაცივრიდან, თაროდან, კარადიდან ნამზადი, ფრთხილად ჩაალაგა ქილები ჩანთაში. აზიდა. ემძიმა. არაფერიაო! ამაზე მძიმე გულს დავატარებო!

თხუთმეტ წუთში ჩამოივლიდა ნარინჯისფერი ავტობუსი. მიუსწრებდა.

ახალგაზრდა მძღოლი მართავდა ავტობუსს. გვერდით შუახნის კაცი ეჯდა, აი, იმათგანი, ლაპარაკისთვის რომ ჩამოსხდებიან ხოლმე წინა სკამზე. მათ დიალოგს დიალოგსაც ვერ დაარქმევდით, უფრო რიგრიგობითი მონოლოგი იყო.

– ოცდაათი წელია ლტოლვილი ვარო. რამდენი მთავრობის ხელში გამოვიარე და სახლიდან არავის გამოვუგდივარო. მაინც სად გამოიჩეკა ეს ინვესტორი, სავაჭრო ცენტრი უნდა აშენდესო და დაიყოლია სამინისტრო, თორემ აქამდე თუ არავის ვუშლიდით, ახლა ვინ გავაღიზიანეთ, კაცო?!

– მერე?

– მერე და გამობრძანდით მაგ შენობიდან, დემონტაჟი უნდა მოხდესო. რანაირად შევარჩინო ეს წინადადება ახლა იმას. აგერ მაქვს ხელმოწერები, მარტო მე კი არ ვცხოვრობ იქ?! ხალხმა ოჯახები მოიწყო იმ ოთახებში. გადააკეთა, მოაშენა და გაარემონტა. რაღაც ერთოთახიანი ბინით გაგვაჩუმებენ?!

– მართლა იმედი გაქვს, თუ?!

– იმედი თუ არა, ბრაზი და ბოღმა მაქვს. მივალ გუბერნატორთან, ამოვანთხევ, გავთავისუფლდები და წამოვალ სახლში.

– რა გამაცინე, ბიძია.

– ე, ბიჭო, ნელა! სად შემოგიხტა ის მანქანა.

– არ მითხრათ ახლა, ყველა არჩევნებზე მივდივართო. – სარკეში მოავლო თვალი მძღოლმა სალონს.

– არაფერია სახუმარო! რა თქმა უნდა, მივდივარ. მასწავლებელი ვარ და როგორ ავუხსნა მოსწავლეებს არწასვლის მიზეზი ხვალ? მაგისთვის ავჩქარდი ამ დილას.

– მართლა გგონია, რომ რამე შეიცვლება? ამ მთავრობის ხელში ხუთი ბოლტი ვერ მიყიდია, მეშინია სადმე პაგრიშკა არ მომძვრეს.

– მე შემოვხაზავ და მოვიხდი ვალს. სხვა რა შემიძლია?!

– არაფერი. ის ხომ შეგიძლია, მოსწავლეები დაარწმუნო, თუ რამე არ მოგწონთ, გამოდით და იყვირეთ-თქო?

– და სამსახური დავკარგო?! მე არ გასწავლი მაგ საჭის მართვას და თქვენც ნუ მიმითითებთ, როგორ ვიმუშაო, გენაცვალე!

– მართალია… მაპატიეთ!

ქალაქამდე დაღმართია. წინ გადაიხარა ავტობუსი.

– გამიჩერე თუ ძმა ხარ, წყაროსთან!

– კი, ბიძია. – გადმოხედა მგზავრს. – გამარჯობა, ვერ გიცანი უცებ. აქ რა გინდა, ქალაქში არ მომყვები?

– აქ ახლობელთან უნდა გავიარო, მოსაკითხი გამომატანეს, მეგობარი კაცია, უარს ვერ ვეტყოდი.

– კაი, ბატონო, არაა პრობლემა. ოღონდ მაგ ფული შეინახეთ, არ ავიღებ არავითარ შემთხვევაში.

– რას ქვია, არ აიღებ. შენ კი არ გაძლევ, საქმეს სჭირდება ასე. მამაშენი აღარ მუშაობს?

– დღეს მე დავჯექი, გუშინ ისე დათვრა მამაჩემი, ამ დილას წელი ვეღარ აითრია და რეისს ხომ არ გავაცდენდით.

– რა იცი, ბიჭო, შენ მერე ავტობუსის მართვა?

– ვისწავლე, მეორედ ვზივარ დღეს. ჰო ჩამოვედი მშვიდობით.

– ღმერთმა გატაროს, ბიძია. ე, აქ, ჩამოვალ… აბა, კარგად იყავით!

ჩამოჯდა წყაროსთან. – წნევა ამიწევდაო, დავისვენებო. საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.

– ჯერ პენსიას გამოვიტან, მერე ექიმთან მივალ, მერე აფთიაქში გამოვივლი, მერე საქონლის საჭმელს ვიყიდი, მერე ბაზარში შევივლი, – რა დამაბარეს ბავშვებმა? რა ჯანდაბამ დამავიწყა! იქნება კი გამახსენდეს. ფული თუ დამრჩება, იმასაც ვიყიდი, აბა, რას ვიზამ და წამოვალ სახლში. – უი, არჩევნები? მოვასწრებ ვითომ? თუ დამრჩება დრო, კი მივალ, ისევე ეს ძველი ჯობია, ვიცი მაინც რისი გამკეთებლები არიან, ახალი სულ არევს ქვეყანას… რაღა მაინცდამაინც დღეს გამომატანა ეს ყველი იმ კაცმა. რაც არის, ეს არის, ერთ წუთში შევივლი და გამოვიქცევი.

წამოდგა.

იმ დაღმართს ფეხით რომ დაუყვა, უბედურებას წამოადგა თავზე.

ხალხი გზის პირას დამდგარიყო და დაბლა იხედებოდა. ყურისწამღები ხმაური იდგა. თვითონაც მათ მიუახლოვდა. გადაიხედა. რაღაცას სახლის სახურავი ჩაემტვრია, კვამლი და ბუღი ერთმანეთში არეულიყო და თვალს ეფარებოდა. გარკვევით ვერაფერი დაინახა.

– რა გადავარდა?

– ნარინჯისფერი ავტობუსი.

– ხალხი? მგზავრები? მძღოლი?

– ამბობენ, ვერავინ გადარჩაო…

© არილი

Facebook Comments Box