ახალი წიგნები,  რეცენზია (თარგმანი)

სოფი ჰეიდოკის “ალები” – ეგონ შილეს მუზების მკაფიო პორტრეტები

ავტორი: ალისა ჯოლი

ეგონ შილეს ქალების გამოსახულებები გამომწვევი და მრავალფეროვანია: ზოგი – რთულად აღსაქმელი, მოუხელთებელი, ძნელსაცნაური ან თითქმის დეკორატიული, მაგრამ ბევრიც – სექსუალური, ძლევამოსილი და პროვოკაციული. თავიანთი გამოსახულებებით ეჭვს ბადებენ სავარაუდო ვიზიონიზმსა და ექსპლუატაციაზე.

ვინ იყვნენ ეს ქალები და რა როლს ასრულებდნენ შილეს ცხოვრებასა და შემოქმედებაში? ამ საიდუმლოს ამახსნას ცდილობს სოფი ჰეიდოკი თავისი ამბიციური და დამაინტრიგებელი სადებიუტო რომანით. ფოკუსირდება 4 ქალზე: გერტი – შილეს მესაკუთრე და; ვალბურგა („უოლი“) ნეიზილი – ხელოვანის მოდელი და საყვარელი; ადელი და ედიტი – მხატვრის მეზობელი დები, რომლებიც მის სტუდიოს ფანჯრიდან უთვალთვალებენ.

4 ნაწილად დაყოფილი რომანი თამამი, მაგრამ ილუზიებს აყოლილი ადელით იწყება, რომელსაც გადაუწყვეტია თავი დააღწიოს დისა და დედამისის „საცოდავ არსებობას“. მისი თვალებით ვაკვირდებით მომხიბვლელ ვენას, რომელიც „პროგრესისა და ცვლილების გზას კვალავს ახალ, დამაიმედებელ და უმანკო საუკუნეში“. მეორე მონაკვეთი გერტის და შილეს ბავშვობას აღწერს. პროვინციული სადგურის მეთაურ მკაცრ მამას თავი მაშინაც ღირსეულად ეჭირა, როცა სიფილისი მის გონებას ნელ-ნელა ანადგურებდა. მისგან განსხვავებით კი, მეამბოხე ახალგაზრდა შილე დახატულია თავის ოჯახსა და სამყაროს ადრეული წლებიდან დაუპირისპირდა და განუდგა.

შემდეგ თხრობასა და შილეს ცხოვრებაში გუსტავ კლიმტის შუამავლობით ვალბურგა შემოდის. ქალი ხელოვანს გვერდში უდგას მაშინაც, როცა ხელოვანი ბავშვებისთვის უხამსი გამოსახულებების ჩვენებისა და მეზობლის ქალიშვილის, 14 წლის ტატიანას, მოტაცების ბრალდებით დააპატიმრეს. ამის მიუხედავად, შილემ ის ედიტზე დასაქორწინებლად მიატოვა. როგორც წესი, ამ კავშირის მიზეზად სოციალურ გამორჩენას ასახელებენ, თუმცა ჰეიდოკის მიერ დახატული ედიტი ბევრად მეტია, ვიდრე ე. წ. „ჯილდო“ საპატარძლო კაბაში.

რომანი მკითხველს შილეს ისტორიის ფემინისტურ ინტერპრეტაციას სთავაზობს. ავტორი ხელოვანის მზერისგან ქალების გათავისუფლებას ახერხებს და მათი გავლით მე-20 საუკუნის გარდამტეხ მოვლენებს გამოგვატარებს: პირველი მსოფლიო ომი სრულდება, იმპერია ინგრევა და ქალები ნელ-ნელა გემოს უსინჯავენ თავისუფლებას. წიგნის კულმინაციას კი თანამედროვე რეზონანსი ახლავს თან, რასაც წერის დასაწყისში თავად ავტორიც არ მოელოდა – მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ქალაქში გავრცელებულმა ისპანკამ რომანის ისედაც მტკივნეული დასასრული კიდევ უფრო გაამძაფრა.

ტექსტის ერთადერთი ნაკლი, თუ შეიძლება ასე ითქვას, შილეს საეჭვო ქმედებებზე საუბრისას უცნაური თავშეკავებაა: როცა ედიტზე დაქორწინებას გადაწყვეტს, ცდილობს ვალბურნა დაარწმუნოს, რომ მასთან ურთიერთობის გაგრძელებას კვლავ მოახერხებს. ჰეიდოკის ინტერპრეტაციით აღნიშნული ქალთა გაგების უუნარობის შედეგია და არა ექსპლუატაციის ცინიკურ მცდელობა. ასევე თავს იკავებს როგორც ტატიანას ინციდენტის დეტალური განხილვის, ისე დასთან ინცესტური ურთიერთობის არსებობა-არარსებობის გამორკვევისგან.

აჯობებდა, ავტორი ამ მორალურ სირთულეებს მეტად შესჭიდებოდა. თუმცა რა ინტერპრეტაციაც არ უნდა მოვუძებნოთ ქალებთან შილეს ურთიერთობას, ვერ უარვყოფთ, რომ მხატვარი თავის ნამუშევრებში მათ ეპოქისთვის არადამახასიათებელი ძლევამოსილებითა და ავტონომიურობით ასახავდა.

მთლიანობაში, სადებიუტო რომანი მომხიბვლელი და სასიამოვნო წასაკითხია. ჰაიდოკის მიერ შექმნილი სამყაროები მყარი, მრავალშრიანი და სრულად დასახლებულია. ხოლო, რაც ყველაზე შთამბეჭდავია, დამაჯერებლად აღწერილი ადელისა და მის დის გადაუჭრელი ეჭვიანობის ფონზე ავტორი ახერხებს ახალი, შილესგან დამოუკიდებელი მზერის შექმნას, რომელიც ჯერ არნახული პერსპექტივით აღწერს ოთხ მუზასა და ხელოვანს შორის არსებულ სიყვარულს, ვნებასა და დაპირისპირებას.

© არილი

Facebook Comments Box