ესე (თარგმანი),  კრიტიკა,  პორტრეტი

სტივენ გრინბლატი – შექსპირი ქსენოფობიის წინააღმდეგ

steven greenblatt

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

ჩემი სტუდენტობის დროინდელი სამყარო სრულიად განსხვავდებოდა იმ სამყაროსგან, რომელშიც ახლა ვცხოვრობ და პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი. უპირველეს ყოვლისა, უნდა გითხრათ, რომ იეილის კოლეჯი, რომლის სტუდენტიც 1961 წელს გავხდი, მამაკაცთა საუფლო გახლდათ. იქ მხოლოდ ჩემ მიერ კოლეჯის დამთავრებიდან ხუთი წლის თავზე დაიწყეს გოგონების ჩარიცხვა. ჩემს თანაკურსელთა შორის მხოლოდ ერთი-ორი აზიელი, აფრიკელი და ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული რამდენიმე სტუდენტი იყო. ძალზე იშვიათად ნახავდით აფროამერიკელ, ასევე – აზიური ან ესპანური წარმომავლობის ამერიკელ სტუდენტებს, თუ არ ჩავთვლით მდიდარი სამხრეთელი ოჯახების ორიოდ ახალგაზრდა წარმომადგენელს.

იეილი იმხანად პროტესტანტული და ჩრდილოამერიკული სულისკვეთებით გამსჭვალული უნივერსიტეტი გახლდათ, რომელიც უპირატესობას თეთრკანიან სტუდენტებს ანიჭებდა. მიმღები კომისიისთვის ძნელი იყო აბიტურიენტთა შორის კათოლიკეების ამოცნობა, მაგრამ აშკარად ირლანდიური, იტალიური ან პოლონური წარმომავლობის ახალგაზრდებს ამრეზით უცქერდნენ, ხოლო ებრაელების მიმართ მოქმედებდა numerus clausus-ის დაუწერელი კანონი[1]. და მთელი ეს საუნივერსიტეტო სისტემა ემყარებოდა უამრავ ტრადიციას, პრივილეგირებულობისა და ელიტარულობის ატმოსფეროს. სწრაფვას სამეცნიერო კვლევებისადმი ან წარჩინებული სწავლისადმი ჩემი თანაკურსელები სასაცილოდ იგდებდნენ. ეს იყო ეგრეთ წოდებული „ჯენტლმენთა ეპოქა“. ყოველივე ამას ნიუ-ჰეივენში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში მივხვდი, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ იეილის ტრადიციებს ვერასოდეს შევეგუებოდი. ჩემს მშობლებს კოლეჯებში არ უსწავლიათ. ბაბუაჩემს, რომელიც მეძველმანე გახლდათ, არ ჰქონდა საკმარისი სახსრები, რომ მის ვაჟს (მამაჩემს) სწავლის თუნდაც მინიმალური გადასახადი დაეფარა. ბაბუასა და ბებიას ესმოდათ, რომ სწავლა აუცილებელი იყო, მაგრამ, ჯერ ერთი, ღარიბები იყვნენ და, გარდა ამისა, მათი აზრით, ნებისმიერი განათლება აუცილებლად რელიგიური ხასიათისა უნდა ყოფილიყო. ჩემი წინაპრების კულტურულ სამყაროში ყველაზე მეტად ფასობდა არა სიმდიდრე ან ძალაუფლება, არამედ – თალმუდის ცოდნა. ეს იყო ჩაკეტილი საზოგადოება, რომელიც სქესობრივი გადარჩევის – დარვინის აზრით, ძუძუმწოვართა ევოლუციის ცენტრალური მამოძრავებელი ძალის შედეგად, საუკუნეთა განმავლობაში უპირატესობას ანიჭებდა გამხდარ, ახლომხედველ, წელში მოხრილ ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებიც წინ და უკან ირწეოდნენ და ცდილობდნენ, ებრაული კანონის რთული, ვრცელკომენტარებიანი, ხშირად ეზოთერული ტრაქტატების გააზრებას.

მაგრამ მე ამგვარად არ აღვზრდილვარ. ძველი ტრადიციების უმეტესი ნაწილი ბაბუამ და ბებიამ დატოვეს ცარისტულ ლიტვაში, საიდანაც ათას რვაას ოთხმოციან წლებში ბოსტონში გადმოსახლდნენ. მაგრამ თალმუდის მძიმე ტომებმა მათ სულებში დატოვა ერთგვარი ლექი – მემკვიდრეობით შეთვისებული პატივისცემა ტექსტების ინტერპრეტაციისადმი, რომელიც – უკვე სეკულარიზებული ფორმით – გამოვლინდა ჩემს ინტერესში ჰუმანიტარულ მეცნიერებების და, კერძოდ, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართ. იეილის უნივერსიტეტში სწავლის დროს მაკვირვებდა ბევრი ჩემი თანაკურსელის უცნაური გულგრილობა ამ სფეროს მიმართ. 1904 წელს ჰენრი ჯეიმსმა, ნიუ-იორკის იმიგრანტებზე დაკვირვების შედეგად, სინანულით აღნიშნა, სულ უფრო მეტი უცხოტომელი იპყრობს მაღალ ინტელექტუალურ მწვერვალებსო. თავი უცხოტომელად არ მიმაჩნდა – მეც და ჩემი მშობლებიც ამ ქვეყანაში დავიბადეთ. ამიტომ ყოველგვარი უხერხულობის გრძნობის გარეშე ვატარებდი იეილის სტუდენტების ტრადიციულ სვიტერს – მაგრამ თავდაუზოგავად ვეწაფებოდი მეცნიერებას და ამგვარი ენერგია, ზოგიერთის აზრით, მხოლოდ უცხოტომელებისთვის იყო დამახასიათებელი.

პირველ კურსზე განსაკუთრებით ინტენსიურად ვსწავლობდი ინგლისურ ლიტერატურას. სემესტრის დამთავრების შემდეგ პროფესორმა შემომთავაზა, მისთვის ასისტირება გამეწია და მის მიერვე ახლახან დაწერილი წიგნის ტერმინთა ინდექსი შემედგინა. მაშინვე დავთანხმდი. იმხანად ასეთი წესი იყო – პროფესორთა ასისტენტებს განცხადებები უნდა შეეტანათ სტუდენტთა ფინანსური დახმარების განყოფილებაში. იქ სიურპრიზი მელოდა.

– გრინბლატი ხომ ებრაული გვარია ? – მკითხა განყოფილების თანამშრომელმა. დავეთანხმე.

– გულწრფელად გითხრათ, – განაგრძო მან, – აქ უამრავი ებრაელი სტუდენტი მოდის და ცდილობს, ფული დაცინცლოს იეილის უნივერსიტეტს.

გაოცებისგან ენა დამება. შემდეგ ბორძიკით ვკითხე, თქვენს შეხედულებას რატომ განაზოგადებთ-მეთქი.

– კარგი, მისტერ გრინბლატ, – მიპასუხა მან.- რას ფიქრობთ სიცილიელების შესახებ?

ვუპასუხე, რომ არც ერთ სიცილიელს არ ვიცნობდი.

– ჯ. ედგარ ჰუვერს, – თქვა მან და გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის სიტყვები გაიმეორა: – აქვს სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, რომ სიცილიელები პოტენციური ავაზაკები არიან. ზუსტად ასევე, – განაგრძო მან, – იეილის უნივერსიტეტს აქვს სტატისტიკური მონაცემები იმის თაობაზე, რომ უამრავი ებრაელი სტუდენტი ცდილობს, მიიღოს ფულადი დახმარება იეილის უნივერსიტეტისგან სამეცნიერო კვლევათა ასისტირების სანაცვლოდ.

და დასძინა:

– შეგვეძლო მთელი უნივერსიტეტი დაგვეკომპლექტებინა ბრონქსის საშუალო სკოლის კურსდამთავრებულებით[2], მაგრამ ხომ ხედავთ, ასე არ ვიქცევით.

ბორძიკით ავუხსენი, ნიუტონის (მასაჩუსეტსის შტატი) საშუალო სკოლა დავამთავრე-მეთქი, და სწრაფად გავედი.

ამ საუბარმა გამაოგნა. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ამის შესახებ აღშფოთებითა და გაოცებით ვიხსენებ მას. ამასთან, აფროამერიკელი სტუდენტები, ებრაელებთან შედარებით, გაცილებით უარეს მდგომარეობაში იყვნენ, ახლა კი მათ სხვა ეთნიკური ჯგუფები და რელიგიები ჩაენაცვლნენ. იმ დროს განსაკუთრებით მაწუხებდა ის, რომ ამ შემთხვევამ, ერთგვარად, დაადასტურა ჩემი მშობლების შიში, რომელიც ბავშვობისას აბსურდული, მოძველებული და პროვინციული მეგონა. მათი წარმოდგენით, არსებობდა ორი სამყარო: „ჩვენი“ და „მათი“. ჩემი მშობლები ისე ცხოვრობდნენ, თითქოს სამუდამოდ ჩაკეტილიყვნენ თავიანთ ეთნიკურ გეტოში.

ფინანსური დახმარების განყოფილებაში ჩემი ვიზიტიდან დიდი დრო არ იყო გასული, რომ იეილს ეწვია უდიდესი თანამედროვე ინგლისურენოვანი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ტ.ს. ელიოტი. მისი ჩამოსვლის მოლოდინში ვღელავდი და გატაცებით ვკითხულობდი (და დღემდე ვკითხულობ) ელიოტის ნაწარმოებებს. მაგრამ ელიოტის ადრეულ პოეზიასა და პროზაში მალევე წავაწყდი ანტისემიტიზმის გამოვლინებებს, რომლებიც, საერთოდ, დამახასიათებელი იყო კონსერვატიული წრეებისთვის. „მოსახლეობა ერთგვაროვანი უნდა იყოს, – განაცხადა ელიოტმა ვირჯინიის უნივერსიტეტში 1933 წელს (სწორედ იმ წელს, როდესაც ჰიტლერმა ძალაუფლება ხელთ ჩაიგდო და როდესაც გამოაშკარავდა ლტოლვილთა მასობრივი ემიგრაციის აუცილებლობა, რაც მზარდი საფრთხით იყო ნაკარნახევი) – იქ, სადაც ორი ან მეტი კულტურა ერთსა და იმავე ტერიტორიაზე თანაარსებობს, ისინი ან განადგურდება, ან თავიანთ ორიგინალურ სახეს დაკარგავს“. შესაძლოა, იმის გამო, რომ შეეერთებულ შტატებში უკვე თანაარსებობდა „ორი ან მეტი კულტურა“, ელიოტმა დაამატა: „კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რელიგიური ერთგვაროვნება. რასობრივი და რელიგიური სხვაობა ის მიზეზებია, რომელთა გამო თავისუფლად მოაზროვნე ებრაელთა მზარდი რაოდენობა ჩვენთვის მიუღებელია“.

ელიოტის ადრეულ პოეზიაში მისი თვალსაზრისი საკმაოდ ნათლად ვლინდება. ლექსში „ბერბანკი ბედეკერით: ბლაისტაინი სიგარით“ ის წარმოიდგენს პირველყოფილ „ბულიონს“, საიდანაც გაჩნდა სიცოცხლე:

თითქოს კანალეტოსეულ პერსპექტივაში ვჭვრეტ,

როგორ გამოეყო უტიფარი და გადმოკარკლული თვალი

პირველყოფილ ლორწოს.

დროის სანთელი ჩაიწვა. ახალი რა ამბავია რიალტოზე?

ხიდის ბურჯებქვეშ ვირთხები დაძრწიან.

კაცობრიობის ფსკერზე ებრაელები დაფუთფუთებენ.

 პირველ კურსზე წავიკითხე „ვენეციელი ვაჭარი“, რომელშიც მეორდება შეკითხვა: „ახალი რა ამბავია რიალტოზე?“ ამ პიესას და ტ.ს. ელიოტის ნაწარმოებებს ერთდროულად გავეცანი და ამის შემდეგ კიდევ უფრო ტრაგიკულად აღვიქვამდი ჩემი მშობლების მოგონებებს წარსული ამბების შესახებ.

ძალზე უცნაური გრძნობები გეუფლებათ „ვენეციელი ვაჭრის“ კითხვისას, როდესაც წარმოიდგენთ ამ ცბიერი პერსონაჟის ხასიათსა და ქმედებებს; გეცინებათ, როდესაც შაილოკის მსახური, მასხარა გობო, ხედავს, როგორ გარბის მისი ძუნწი ბატონი; როდესაც შაილოკის ასული, ჯესიკა, მამისეულ სახლს ტოვებს და აცხადებს: „ისევ ჩემი ქმარი თუ დამიხსნის: აკი ქრისტიანად მომაქცია“; შიში გიპყრობთ, როდესაც შეუბრალებელი შაილოკი დანას თავისი ფეხსაცმლის ლანჩაზე ლესავს; სიხარულს გრძნობთ, როდესაც საზრიანი პორცია მოიგონებს იურიდიულ ფანდს, რომლის წყალობითაც შაილოკის ავბედით ზრახვებს გააცამტვერებს. ებრაელი, რომელიც კანონს ფორმალურად იცავდა, სწორედ სწორედ იმის წყალობით მარცხდება, რომ კანონი ფორმალურად იქნა დაცული; ეს ისაა, რასაც ლიტერატურულ მართლმსაჯულებას უწოდებენ. მიუხედავად ამისა, ერთგვარ შეუსაბამობას გრძნობთ.

მაინც, რას უკრავთ ტაშს და რაზე გეცინებათ? განა მოსაწონია ქცევა ებრაელი ასულისა, რომელმაც მამამისი გაქურდა და ფული თავის ქრისტიან ვერცხლმოყვარე თაყვანისმცემელს გადასცა? განა მოსაწონია საქციელი ქრისტიანებისა, რომლებიც დასცინიან და აფურთხებენ ებრაელს? ან იქნებ ფარულად ამართლებთ შაილოკის შურისმაძიებლურ ბოროტებას? რას გრძნობთ სასამართლოს სცენის დროს, როდესაც პორცია ეკითხება ადამიანს, რომელსაც ეშმაკობით აჯობა და დაამარცხა, ეთანხმები თუ არა ჩემს პირობებსო? პირობებს, რომელთა ძალითაც ის ქრისტიანად უნდა მონათლულიყო? „ჰა, ებრაელო, კმაყოფილი ხარ?“ – დაჟინებით კითხულობს პორცია.- „ არაფერს იტყვი?“. თქვენი აზრით, რას ფიქრობდა ებრაელი, როდესაც პასუხობდა პორციას, კმაყოფილი ვარო?

სტუდენტობისას ამ საკითხების მიმართ მყარი პოზიცია მეკავა: არაფრის დათმობას არ ვაპირებდი ფინანსური განყოფილების ფანატიკოსი თანამშრომლისთვის, მაგრამ ჩემი მშობლების პასიურობაც არ მხიბლავდა. არ მსურდა შემენიღბა ან დამემალა ჩემი განსხვავებულობა, არ მსურდა ჩავეთვალეთ იმად, ვინც არ ვიყავი. არ მსურდა უარი მეთქვა იმ ნაწარმოებების კვლევაზე, რომლებსაც შეიძლებოდა გული ეტკინათ ჩემთვის. ამიტომ დავაპირე, შეძლებისდაგვარად შემესწავლა კულტურის უზარმაზარი ქაოტური კორპუსი.

ახლა ინგლისური ლიტერატურის პროფესორი ვარ ჰარვარდში. ბოლო წლებში ჩემს ბევრ სტუდენტს აღშფოთებას ვამჩნევდი, როდესაც ვესაუბრებოდი იმ არაჰუმანური თვალსაზრისების შესახებ, რომლებიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ზოგიერთ ნიმუშშია გამოთქმული. ამის გამო ზოგჯერ სურვილი მიჩნდებოდა, დამეხურა და ბოლომდე არ წამეკითხა ბევრი დიდებული წიგნი. ან გამეზიარებინა ჩემი მშობლების მელანქოლია. როდესაც ისინი ჩვენი ავტომანქანის ფანჯრიდან თვალუწვდენელ ველებს უცქერდნენ, სინანულით ამბობდნენ ხოლმე, რომ აქ ევროპიდან დევნილი უამრავი ებრაელის დასახლება შეიძლებოდა (ამიტომ ჩემს მშობლებს ველების ხილვა ყოველთვის სევდას აღუძრავდა). მაგრამ საკუთარი თვალსაწიერის გაფართოება უფრო მიზიდავდა, ვიდრე – მათი პასიური მსოფლაღქმა. ზოგჯერ, როდესაც იეილის უზარმაზარი ბიბლიოთეკის წიგნებში ვიქექებოდი, აღგზნებისგან თავბრუ მეხვეოდა. იქ შესაძლებლობა მქონდა, გამერკვია – რა თქმა უნდა, შეძლებიდაგვარად – და გამეაზრებინა ის საკითხები, რომლებიც ესოდენ მტანჯავდა.

იმხანად მხოლოდ ბუნდოვნად ვხვდებოდი იმას, რაც ახლა კარგად მესმის: ჩემი განცდები (ერთდროულად დაბნეულობა, სიამოვნება და უხერხულობის გრძნობა) იყო მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი – რომლის წყარო გახლდათ რელიგია, ოჯახი, წარმომავლობა და ეპოქა – იმ განცდებისა, რომლებიც უჩნდება ყოველ მოაზროვნე ადამიანს ცხოვრების განმავლობაში სამყაროსა და კულტურის მიმართ: ყველაფერი, რასაც მემკვიდრეობით ვიღებთ სამყაროში – ყოველივე ის, რაც ჩვენ არ შეგვიქმნია და რაც გვქმნის ჩვენ, ერთდროულად ბიწიერიცაა და მშვენიერიც. ეს განსხვავება კარგად უნდა გავიაზროთ, ღვარძლი იფქლისგან უნდა გამოვყოთ.

საქმე ისაა, რომ ამქვეყნად არასრულყოფილნი ვიბადებით; ჩვენი, როგორც პიროვნებების სრულქმნა ხორციელდება იმ კულტურის ათვისებისას, რომელიც ასეულობით ათას წელს ითვლის. ის კი გარდაუვლად შეიცავს ბევრ რასმე უარყოფითს და, ასევე, დადებითს. ვერავინ აარიდებს თავს ამ ზეგავლენას – ვერც ებრაელი, ვერც მაჰმადიანი, ვერც მდაბიო, ვერც დიდგვაროვანი, ვერც ის, ვისი წინაპრებიც ამერიკაში „მეიფლაუერით“ ჩამოვიდნენ და ვერც ის, ვისი წინაპრებიც ინდიელები ან ლაპლანდიელები იყვნენ. და ჩვენ, ყველანი, განწირულნი ვართ იმისთვის, რომ ერთდროულად დადებითი და უარყოფითი თვისებების მქონე არსებები ვიყოთ. იმიტომ, რომ ადამიანები ვართ. რა თქმა უნდა, ქსენოფობია ამ რთული მემკვიდრეობის ნაწილია, მაგრამ ის, ეჭვგარეშეა, იმავე ინსტინქტიდან მომდინარეობს, რომელიც აიძულებს შიმპანზეებს, თავს დაესხან სხვა ტომების წარმომადგენლებს და დახოცონ ისინი. მაგრამ ეს მემკვიდრეობა გარდაუვალი და საბედისწერო როდია. თვით იმ ხუთიათასწლიანი ისტორიის მანძილზე, რომლის შესახებაც მიახლოებითი წარმოდგენა გვაქვს, შეგვიძლია დავაკვირდეთ საზოგადოებებისა და ინდივიდების ერთგვარ თამაშს, როდესაც ხან ბუნება გვმართავს, ხან – კულტურა, ხან კი – ორივე ერთად.

მეჩვიდმეტე საუკუნის ვენეციაში გამოქვეყნდა ბერძნული პოემა, რომელშიც აღწერილი იყო თავგადასავალი მდიდარი ებრაელი ქალიშვილისა, რომელსაც ღატაკი ბერძენი მართლმადიდებელი ხაბაზი შეუყვარდა. ქალიშვილმა მშობლების სახლი დატოვა, ქრისტიანული სარწმუნოება მიიღო და თავის შეყვარებულზე გათხოვდა. პოემაში ანტისემიტურად განწყობილი ქორო სასაცილოდ იგდებს ქალიშვილის დედას, რომელიც დარდისგან შეშლილა. მეჩვიდმეტე საუკუნის სომეხმა პოეტმა, იერემია ჩელები კეომურჯიანმა, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, გამოიყენა ეს სიუჟეტი, თავისი პოემისათვის[3], სახელწოდებით „ებრაელი პატარძალი“. მოქმედება სტამბოლში ხდება. კეომურჯიანის პოემის მთავარ პერსონაჟს, ებრაელ გოგონას, მრკადას, შეუყვარდა ალბანელი ქრისტიანი ჭაბუკი დიმო და მოინდომა თავი დაეხსნა ებრაული სამყაროს მკაცრი კანონებისგან: „ჩემი საწოლი მოწამლულია, სამშობლო კი – საპყრობილეა“. გოგონა ღამით გაიპარება მამის სახლიდან, მამაკაცის სამოსს გადაიცვამს და ქუდქვეშ დამალავს თავის ოქროსფერ თმას. შეყვარებულები თავს დააღწევენ მდევრებს და ჩავლენ ვლახეთის ქრისტიანულ სამთავროში, სადაც მრკადა საჯაროდ მიიღებს ქრისტიანულ სარწმუნოებას:

გოგონამ, რომელსაც უწოდეს უბიწო სოფია.

უარყო სულელური ებრაული რელიგია.

ამ ვერსიაში, ისევე, როგორც ბერძნულ წყაროში, მტირალ ებრაელ დედას დასცინის ქრისტიანი ქალიშვილების გუნდი, რომელიც სთავაზობს ქალს, წარმოიდგინოს თავისი შვილიშვილი:

შენი ასული უკვე ფეხმძიმედაა.

მალე გეყოლება შვილიშვილი –

ნარევი სისხლის მქონე პატარა ალბანელი.

ლურჯთვალა იქნება, მაგრამ

სახით უფრო ებრაელს ემგვანება,

იტირე, საზიზღარო ალქაჯო!

უცნაურია, მაგრამ შემდეგ ძირითადი ყურადღება ეთმობა დედის მწუხარების გადმოცემას:

მკერდიდან მომწყვიტეს ჩემი ერთა,

ჩემი ასული, უნაზესი ყვავილი,

მე, უბედური, ახლა უშვილო დედად ვიქეც,

…ოჯახი დამენგრა, ზეცა ჩამოიქცა,

სამყარო საპყრობილედ მექცა და

ჩემს მწუხარებას ყველა აბუჩად იგდებს.

სწორედ დედის სასოწარკვეთილებითა და სიკვდილით, რომელიც თანაგრძნობითაა გადმოცემული, მთავრდება ეს პოემა.

გაუგებარია, რატომ შეცვალა იერემიამ ამბის დასასრული. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მან პოემის ბოლო ნაწილში გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება, ზოგადად, სარწმუნოების შეცვლის, და, კერძოდ, ქრისტიანთა გამაჰმადიანების მიმართ. იერემია ჩელები კეომურჯიანი იყო ნიჭიერი პოეტი, რომელმაც თავისი ცხოვრება მრავალეთნიკურ ქვეყანაში გაატარა და შექმნა შესანიშნავი პოემა.

შარშან შესრულდა ხუთასი წელი ვენეციის გეტოს დაარსებიდან. ვენეციელებმა არ იცოდნენ, უნდა აღენიშნათ თუ არა ეს თარიღი და მათი დაბნეულობის მიზეზი სრულიად გასაგებია. 1516 წლიდან მოყოლებული, ებრაელებს, რომლებსაც უწინ შეეძლოთ ქალაქის ნებისმიერ ნაწილში ეცხოვრათ, მოსთხოვეს, რომ ეცხოვრათ და საღვთო რიტუალები აღესრულებინათ მომცრო, ღარიბულ რაიონში, ყოფილი სპილენძის სამსხმელო ქარხნის ტერიტორიაზე (ვენეციურ დიალექტზე სამსხმელოს „გეტო“ ეწოდება). მათ ნება დართეს, გაეხსნათ ლომბარდები, სადაც ფულს გარკვეული სარგებლით გაასესხებდნენ; რამდენიმე სახის საქმიანობის – ძველი ტანსაცმლის ყიდვა-გაყიდვის, სტამბებში ებრაული წიგნების ბეჭდვის, მუსიკისა და ცეკვის სწავლებისა და სამედიცინო საქმიანობის უფლება მისცეს. მაგრამ საღამოს ებრაელები აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყვნენ გეტოში, რომლის ჭიშკარი ღამით იკეტებოდა და რომლის ყარაულთა ჯამაგირიც თვით ებრაელებს უნდა გადაეხადათ. ებრაელ ექიმებს შეეძლოთ ღამით გამოსულიყვნენ გეტოდან, რათა მომსახურებოდნენ ქრისტიან პაციენტებს; ყველა სხვა პროფესიის ებრაელებს დილამდე გეტოდან გამოსვლა ეკრძალებოდათ.

ალბათ, არ ღირს ამ თარიღის აღნიშვნა ოცდამეერთე საუკუნეში, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ გეტოს დაარსებამ ჩამოაყალიბა ერთგვარი მოდუს ვივენდი, რომელიც ვენეციელებს საშუალებას აძლევდა, ეცხოვრათ არც ისე სასურველი, მაგრამ სასარგებლო მეზობლის მახლობლად. თუმცა, იმას, რომ ებრაელები სასარგებლო მეზობლები იყვნენ, ყველა როდი აღიარებდა. იმხანად იტალიასა და სხვა ქვეყნებში მოხეტიალე მქადაგებლები მოუწოდებდნენ ხალხს, განედევნათ ებრაელები, როგორც ეს მოხდა ესპანეთსა და პორტუგალიაში, რამდენიმე საუკუნით ადრე კი – ინგლისში. მოგვიანებით მარტინ ლუთერი გერმანიაში აქეზებდა პროტესტანტებს, გაენადგურებინათ სინაგოგები, ებრაელთა სკოლები და სახლები, დაეწვათ ებრაული სალოცავი წიგნები. იმ დროს, როდესაც გეტო შეიქმნა, ბევრს კარგად ახსოვდა, როგორ დაადანაშაულეს სამი ვენეციელი ებრაელი ქრისტიანთა რიტუალურ მკვლელობაში (რაც ებრაელებმა, ვითომდა, ქრისტიანული სისხლის მოპოვების მიზნით ჩაიდინეს) და, ამ სრულიად ფანტასტიკური ბოროტმოქმედების გამო, კოცონზე დაწვეს. ვენეციაში ღამით ებრაელთა ჩაკეტვა მეტ-ნაკლებად იცავდა მათ იმ პარანოიდალური შიშით შეპყრობილი ადამიანებისგან, რომლებთანაც მათ დღისით ჰქონდა ურთიერთობა. გეტო კომპრომისული წარმონაქმნი გახლდათ – ეს არ იყო არც ასიმილაცია, არც განდევნა, არამედ – უკიდურესი ამბივალენტობის ტოპოგრაფიული გამოხატულება.

შეიძლება, შექსპირმა იცოდა ყოველივე ამის შესახებ, როდესაც თავის კომედიას წერდა; ამ დროისათვის გეტო უკვე ოთხმოცი წლის განმავლობაში არსებობდა, ვენეციას კი ბევრი ინგლისელი მოგზაური სტუმრობდა. არსებობს იმის საბუთები, რომ დრამატურგი ცდილობდა, თავის პიესაში მაქსიმალური სიზუსტე დაეცვა. მაგალითად, მისი ებრაელი პერსონაჟები არ იფიცებენ მუჰამედს, როგორც ამას სჩადიოდნენ მეთხუთმეტე საუკუნის ინგლისელ დრამატურგთა ებრაელი პერსონაჟები. შექსპირმა კარგად იცოდა არა მარტო ის, რომ ებრაელთა კანონები კრძალავდა ღორის ხორცის გამოყენებას კერძებში, არამედ – ისიც, რომ კანონმორჩილ ებრაელებს ღორის ხორცის სუნიც კი სძაგდათ. მან შესანიშნავად გვიჩვენა, როგორ იყენებდა ებრაელი მევახშე ბიბლიას, რათა მახვილგონივრულად გაემართლებინა თავისი საქმიანობა. შექსპირმა ისიც იცოდა, რომ სწორედ რიალტოს ხიდზე შეიძლებოდა ახალი ამბების შეტყობა და ვაჭრობა. ამიტომაა, რომ შაილოკი ესოდენ ხშირად ახსენებს რიალტოს.

მაგრამ შექსპირს, შესაძლოა, არ აინტერესებდა ის ფაქტი, რომ ვენეციაში გეტო არსებობდა. და თუ იცოდა გეტოს არსებობის შესახებ, მის ყურადღებას იპყრობდა არა ებრაელთა იზოლირება ქრისტიანებისგან, არამედ – მათი ყოველდღიური ურთიერთობა. შაილოკი ამბობს, რომ ის არასოდეს შეჭამს, დალევს ან ილოცებს ქრისტიანებთან ერთად, მაგრამ ჩამოთვლის ქრისტიანებთან თავისი ურთიერთობის სახეობებს: „მე შემიძლია ვიყიდო თქვენგან, მოგყიდოთ თქვენ. ვილაპარაკო თქვენთან. გავიარო თქვენ გვერდით“, ამბობს ის. მაყურებლისთვის ინგლისში – ქვეყანაში, რომელმაც მთელი თავისი ებრაელი მოსახლეობა 1290 წელს განდევნა და დაბრუნების უფლება არ მისცა – ამგვარი ყოველდღიური ურთიერთობები მართლაც ახალი ხილი იყო.

„იტალიის ისტორიაში“ (1549 წელს) (ეს იყო ამ თემაზე დაწერილი პირველი წიგნი) უილიამ ტომასი თავის ძირითად თემას გვერდს უხვევს და საუბრობს იმის შესახებ, რასაც უწოდებს „უცხოტომელთა თავისუფლებას“, კერძოდ, ვენეციაში: „აქ არც ერთი ადამიანი არ ერევა სხვის საქმეებში ან… სხვის ცხოვრებაში. თუ პაპისტი ხარ, არავინ გკითხავს, როდის მარხულობ და როდის – არა. თუ ევანგელისტი ხარ, არავინ გაგკიცხავს, რომ კათოლიკურ ეკლესიაში არ დადიხარ. თუ ებრაელი, თურქი ან ეშმაკის თაყვანისმცემელი ხარ (და სხვებს არ მოუწოდებ შენი რწმენის გაზიარებისკენ), არავინ ეცდება შენი თავისუფლების შეზღუდვას. ასე რომ, აქ არავინ მოგაყენებს შეურაცხყოფას, თუ თვითონ არ შეურაცხყოფ ვისმე. ეს, ალბათ, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, რომლის გამოც ვენეცია იზიდავს მრავალ უცხოტომელს…“.

ამის საპირისპიროდ, რენესანსისდროინდელი ლონდონი აოგნებდა უცხოელებს ინგლისელთა ქსენოფობიით. „უცხოელებს ლონდონში არა მარტო არ სწყალობენ, არამედ სძულთ კიდეც ისინი. ამიტომ საკმარისად კეთილგონიერი უცხოელები ცდილობენ, რომ ლონდონში ინგლისური ყაიდის ტანსაცმელი ატარონ, რომ ადგილობრივ მკვიდრთაგან არ გამოირჩეოდნენ“, – წერდა ვენეციის საელჩოს კაპელანი ორაციო ბუზინო[4] თავის დღიურში, – „ხოლო საუბრისას უმთავრესად ჟესტიკულაციას მიმართავენ და ამ გზით თავიდან იცილებენ სხვადასხვანაირ საფრთხეს“.

ელისაბედის ეპოქის მოღვაწეთა აზრით, ვენეცია უჩვეულოდ კოსმოპოლიტური ქალაქი იყო. ამიტომ შექსპირი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ შაილოკს შეიძლებოდა იზოლირებულ გეტოში ეცხოვრა; ამის ნაცვლად ის წერს, რომ შაილოკის სახლი მდებარეობდა  „ხალხმრავალ ქუჩაზე“. თუკი ებრაელი ქალიშვილი არ დაკეტავდა კარს და არ დახურავდა დარაბებს, ის დაინახავდა ნიღბებიან „ბრიყვ ქრისტიანთა მსვლელობას და გაიგონებდა დაფდაფის ხმას და საზარელ ჭყიპინ-წრიპინს იმ მოღრეცილი საყვირისა!“ და, როდესაც პიესიდან ვიგებთ, რომ შაილოკი უხალისოდ გამოვიდა ღამით თავისი სახლიდან, რათა ქრისტიანებთან ერთად ევახშმა, ვხვდებით, რომ დრამატურგმა, როგორც ჩანს, არ იცოდა: ებრაელ მევახშეს რეალურ ცხოვრებაში ამისთვის საგანგებო ნებართვა დასჭირდებოდა. ინგლისელებმა ამგვარი ნებართვების საჭიროების შესახებ არაფერი უწყოდნენ; ეს ნებართვები ვენეციელთა მიერ ქსენოფობიური მემკვიდრეობის შერბილების მცდელობათა შედეგი გახლდათ.

თუმცა შექსპირს, შესაძლოა, არ მოეპოვებოდა სათანადო ცნობები გეტოს შესახებ, მაგრამ ისიც ცდილობდა, დაეძლია ქსენოფობიური მემკვიდრეობა. პიესის სიუჟეტში ის იცავს იდეას კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობის შესახებ. ვენეცია, როგორც კომერციული ცენტრი, რომელსაც მრავალი სავაჭრო პარტნიორი ჰყავდა, დამოკიდებული იყო „უცხოტომელთა თავისუფლებაზე“. საკუთრების უფლების დასაცავად და ნდობის შესანარჩუნებლად ვენეციის სამართლებრივ სისტემას უნდა გაეთვალისწინებინა ხელშეკრულებების სავალდებულოობა როგორც ქრისტიანთათვის, ისე – არაქრისტიანთათვის, როგორც საკუთარი მოქალაქეებისთვის, ისე – უცხოტომელთათვის. ებრაელი შაილოკი ფორმალურად სრულუფლებიან პიროვნებად გვევლინება სასამართლოს სცენაში. როდესაც მსაჯულად გადაცმული პორცია შედის სასამართლოს დარბაზში, რათა გამოიტანოს გადაწყვეტილება ანტონიოს და შაილოკის საქმესთან დაკავშირებით, ის კითხულობს: „რომელი არის აქ ვაჭარი? ან ებრაელი?“. მართალია, ეს რეპლიკა ხშირად სიცილს იწვევს, მაგრამ, იურიდიული თვალსაზრისით, ააშკარავებს სასამართლოს მიუკერძოებლობას.

შაილოკი შეუპოვრად იცავს თავს. „თქვენ ხომ ნაყიდი მონები გყავთ“, – ამბობს ის სასამართლოზე, – „და როგორც ვირებს, ვით ჯორებს თქვენსას, ან თქვენს ძაღლებს, აკეთებინებთ დამამცირებელ მონურ საქმეს“. ეს სიტყვები აბოლიციონისტური მანიფესტის დასაწყისს წააგავს:

ნებაც გაქვთ ამის,

რადგან ისინი ნაყიდი გყავთ და გითხრათ განა:

ათავისუფლეთ, მიათხოვეთ თქვენი ქალები!

რად აღვრევინებ ტვირთის ქვეშ ოფლს? მათაც თქვენსავით

რბილი ლოგინი გაუშალეთ.

მაგრამ აქ მთავარი მონობისგან განთავისუფლება როდია:

თქვენ მიპასუხებთ: ის მონები ჩვენ გვეკუთვნისო.

მეც მაგგვარივე პასუხს გაძლევთ: გირვანქა ხორცი

რომელსაც ახლა მაგასა ვთხოვ, ძვირი დამიჯდა.

სამართლებრივ პრინციპს, რომელსაც იცავს შაილოკი, საერთო არაფერი აქვს ადამიანის უფლებების პატივისცემათან. ესაა მხოლოდ საკუთრების დაცვა.

ამასთან, ებრაელები მაინც საგულდაგულოდ შემოზღუდული სფეროს მკვიდრნი არიან, რომლის გარეთ ქრისტიანებსა და მათ არ აკავშირებს ურთიერთნდობა, საერთო ფასეულობები და თანასწორობა. როგორც კი ფორმალური იურიდიული საკითხი სამოქალაქოდან ასპექტიდან კრიმინალურ ასპექტზე – ესე იგი, ებრაელის მცდელობაზე, მოკლას ვენეციელი ქრისტიანი – ინაცვლებს, შაილოკი სასამართლოს მიერ აღარ განიხილება, როგორც ანტონიოს თანასწორი პიროვნება. ამის ნაცვლად, აშკარავდება, რომ საზოგადოება მას უცხო ელემენტად მიიჩნევს.

„ვენეციელ ვაჭარში“ ურთიერთშემწყნარებლური დამოკიდებულების პერსპექტივა არ ჩანს. ქალაქის ქუჩებში და იურისდიქციის არენაზე ორი რელიგია სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვის ერთმანეთს. შაილოკი ცდილობს, პედანტურად გააზრებული კანონისა და თამასუქის პირობათა ფორმალურად დაცვის მეშვეობით დაამარცხოს თავისი ქრისტიანი მტერი; პორცია კი ახერხებს ებრაელი მევახშის დამარცხებას კანონის კიდევ უფრო პედანტურად გააზრების წყალობით. კომედიის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ფული, სექსუალური ლტოლვა, კანონი – და არა უშუალო ძალმომრეობა – საბოლოო ჯამში, საკმარისია, რათა გარემომცველმა ქრისტიანულმა საზოგადოებამ მოახდინოს უცხოელთა (ყოველ შემთხვევაში, მათი მნიშვნელოვანი რაოდენობის) ასიმილაცია. მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოების მიღებას – შაილოკის ქალიშვილის შემთხვევაში, მის გათხოვებას ქრისტიანზე ან, შაილოკის შემთხვევაში, მის იძულებით (სასჯელის შიშით) გაქრისტიანებას – შეუძლია დაძლიოს სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენელთა ურთიერთსიძულვილი და თავიდან აარიდოს სისხლისღვრა. ამიტომ „ვენეციელ ვაჭარს“ ვერ მივიჩნევთ განმანათლებლური ლიტერატურის ნიმუშად. რა თქმა უნდა, მასში არც საუკუნეობრივი რასობრივი და რელიგიური სიძულვილის ტრაგიკული ანაბეჭდი საცნაურდება. ფორმალურად ის კომედიად რჩება.

მიუხედავად ამისა, ეს ფორმალური თავისებურება არ განსაზღვრავს პიესის რეალურ არსს, ანუ მას კომედიად არ აღვიქვამ – არც ახლა და არც მაშინ, როდესაც ის, სტუდენტობისას, პირველად წავიკითხე. ალბათ, მას არც შექსპირის ეპოქაში მიიჩნევდნენ კომედიად. როდესაც შექსპირის ნაწარმოებებს მათი ხანგრძლივი კითხვის შემდეგ უფრო სრულად ჩავწვდი, მივხვდი, რომ უსიამოვნო განცდა, რომელიც ჩვიდმეტი წლის ასაკში გამიჩნდა „ვენეციელი ვაჭრის“ უარყოფითი პერსონაჟის ბედ-იღბლის გამო – პიესის კომიკური სიუჟეტის მიუხედავად – სულაც არ იყო განსაზღვრული ჩემი კონკრეტული პიროვნებით ან ცხოვრებისეული ისტორიით. პიესაში იგრძნობა შეუსაბამობა, რომელსაც გრძნობს ყველა მკითხველი თუ მაყურებელი. შაილოკი რომ ჭეშმარიტად კომიკური პერსონაჟი იყოს – ისეთი, როგორიცაა, მაგალითად, დონ ჯონ ბასტარდი პიესაში „აურზაური არაფრის გამო“ – არავითარი შეუსაბამობის განცდა არ გაგვიჩნდებოდა. მაგრამ შექსპირის ებრაელი მევახშე ძალზე მნიშვნელოვანი პერსონაჟია და გვეხმარება, გავიაზროთ საზღვრები საკუთარსა და უცხოს, ჩვენსა და მათს შორის.

შექსპირმა შეძლო გადმოეცა შაილოკის მწარე იუმორი, მისი გულისტკივილი, რომელიც იგრძნობა ბოროტი ზრახვების მიღმა; მისი სიამაყე თავისი ჭკუა-გონებით; წარმოგვიდგინა მისი პატარა ოჯახი; გვაგრძნობინა მისი მარტოობა. შაილოკში ვცნობთ ჩვენს თვისებებს, ჩვენი გამოცდილების ელემენტებს. ამიტომაა, რომ, მკითხველთა და მაყურებელთა უმრავლესობის აზრით, სათაურში მოხსენიებული ვენეციელი ვაჭარი – ებრაელია.

ვენეციის გეტო, რომელიც ერთდროულად იყო მიდრეკილი აგრესიისა და თავდაცვისკენ, მტერზე შურისძიებისა და მისი მოგერიებისკენ, საოცრად მყარი აღმოჩნდა – მისი განადგურება მხოლოდ ნაპოლეონმა შეძლო სერენისიმას[5] დაცემის წელს, 1797-ში. უფრო მეტიც, გეტო, რომელიც რეალურად არსებობდა ვენეციაში, სიმბოლურად არსებობდა მთელს იტალიაში, ევროპის სხვა ქვეყნებში და მსოფლიოში. და როდესაც გეტო გაცამტვერდა, ის სიმბოლურად კვლავაც რჩებოდა იმათ გონებასა და გულში, ვინც ამ წარმოსახული კედლების ორივე მხარეს ცხოვრობდა. ჩემმა მშობლებმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამგვარი კედლების მიღმა გაატარეს; უნდა ვაღიარო, რომ არასოდეს იყვნენ უფრო ბედნიერნი, ვიდრე მაშინ, როდესაც ამ კედლებს აფარებდნენ ხოლმე თავს. მაგრამ შექსპირს, რომლისთვისაც არც ისე მნიშვნელოვანი იყო ვენეციაში გეტოს არსებობის საკითხი, სძაგდა ნებისმიერი – რეალური თუ წარმოსახული – კედლები: პიესაში, რომელშიც ასახულია ადამიანთა რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირება, ის ანგრევს ამ კედლებს.

თავისი მიზნის განხორციელებისას შექსპირმა უცხოტომელის მიმზიდველი სახე კი არ შექმნა (მისი შაილოკი ბოროტმოქმედია, რომელიც არაფრად აგდებს კანონიერ მკვლელობას), არამედ  შაილოკს მეტი თეატრალური სასიცოცხლო ძალა მიანიჭა, უფრო ძლიერი ვნებების მქონე ადამიანად წარმოგვიდგინა, ვიდრე ამ პიესის ნებისმიერი სხვა პერსონაჟია. საუკუნეების განმავლობაში აქტუალობა არ დაუკარგავს შაილოკის სიტყვებს:

„შენ ძაღლს მეძახდი უმიზეზოდ და თუ ძაღლი ვარ,/ახლა ჩემს კბილებს მოერიდე. მთავარმა უნდა /მე სამართალი გამიჩინოს “; „კარგა კეთილი მასხარაა, მაგრამ ბევრს ხეთქავს; / ლოკოკინასებრ ზანტი არის მუშაობაში/ და გარეული კატის მსგავსად მთელი დღე სძინავს“; „განა ებრაელს კი არა აქვს თვალები? განა ებრაელს კი არა აქვს ხელები? განა არა აქვს ყველა ორგანო, გრძნობები, მისწრაფებანი, ვნებათღელვანი?“; „თუ გვიჩხვლიტეთ, განა ჩვენ არ დაგვედინება სისხლი? თუ გვიღიტინეთ, განა ჩვენ არ გაგვეცინება?“ ; „ნეტავ ჩემი ქალი მკვდარი დამიგდო ფეხებთან და ის მარგალიტები ყურებზე ეკიდოს“; „ ხედავ? ხედავ? ხედავ? თუ ხედავ-მეთქი? ალმასი დავკარგე. მერე რა ალმასი – ორი ათასი დუკატი მიმიცია ფრანკფურტში! დღემდე წყევა არ დასტყდომია ჩვენს მოდგმას, მე აქამდე აროდეს მიგრძვნია!“; „ზოგი ვერ იტანს პირღია გოჭს, ზოგსაც აგიჟებს / კატის დანახვა; ზოგს კი ცხვირწინ თუ ჩაუარა / მესტვირემ გუდით, არ ძალუძს შარდის შეკავება“.

ცხოვრება, რომელიც სცენაზე მიმდინარეობს, მოიცავს იმგვარ დეტალებსაც, რომლებიც სიუჟეტს თითქოსდა არაფერს მატებს. კერძოდ, როდესაც შაილოკი შეიტყობს, რომ მისმა ქალიშვილმა გაცვალა ფირუზის ბეჭედი მაიმუნში – ფირუზის ბეჭედი, რომელიც მამას მოჰპარა, ის კი შაილოკს აწ უკვე გარდაცვლილმა ცოლმა, ლიამ აჩუქა – მისი გულისტკივილი ეჭვს არ იწვევს. „შენ მაწამებ, ტუბალ. ის ხომ ჩემი ფირუზი იყო! უცოლო ვიყავი, ლიამ რომ მაჩუქა. მაიმუნების მთელი ტყე რომ მოეცათ, იმ ბეჭედს არ დავთმობდი!“ საკმარისია თუ არა ამგვარი დეტალები, რომ გააქარწყლოს შთაბეჭდილება შაილოკის, როგორც უარყოფითი პერსონაჟის შესახებ? სულაც არა. მაგრამ ისინი იწვევენ პიესის შეუსაბამობის განცდას. შესაძლოა, მას თვით შექსპირიც შეუსაბამოდ მიიჩნევდა. როგორც ჩანს, შექსპირს გადაწყვეტილი ჰქონდა დაეწერა მსუბუქი კომედია, რომლის სიუჟეტი ისესხა ჯოვანი ფიორენტინოს ნოველიდან Il Pecorone („ცხვარი“), მხოლოდ იმ მიზნით, რომ ჩასწვდომოდა დამცირებული ადამიანის სულს. მაგრამ შაილოკმა საფრთხე შეუქმნა პიესის სტრუქტურას, და ამ უკანასკნელის გადარჩენის მიზნით შექსპირმა ერთგვარ ხერხს მიმართა – მეხუთე მოქმედებიდან საბოლოოდ გაიყვანა ებრაელი მევახშე.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შექსპირის დრამატურგიაში თვით ცხოვრება – მთელი თავისი სიჭარბით – იჭრება (ამიტომაც გვიჩნდება შეუსაბამობის განცდა). როგორც ჩანს, ტრაგედიაში „რომეო და ჯულიეტა“ ის იძულებული იყო მოეკლა მერკუციო, სანამ მერკუციო, როგორც პერსონაჟი, გაანადგურებდა პიესას. ასევე მოიქცა შექსპირი ისეთი პერსონაჟების შემთხვევაში, როგორებიც არიან ჯეკ კეიდი, აარონ მავრი, მალვოლიო და კალიბანი. მართლაც, თითქმის ყველა პერსონაჟის სულის ღრმად – ზედმეტად ღრმად, სიუჟეტის გათვალისწინებით – წვდომის უნარი შექსპირის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. ამითვე აიხსნება ისეთი პერსონაჟების შთამბეჭდაობა, როგორებიც არიან ადრიანა პიესაში „შეცდომათა კომედია“; ფეიქარი კოჭა „ზაფხულის ღამის სიზმარში“; როზენკრანცი და გილდენსტერნი „ჰამლეტში“; კორნუოლის მამაცი მსახური „მეფე ლირში“ და მრავალი სხვა. ამიტომ გვექმნება უცნაური ილუზია, რომ შექსპირის ზოგიერთი პერსონაჟი არსებობს იმ პიესებისგან დამოუკიდებლად, რომლებშიც ისინი მონაწილეობენ. ეს კი განაპირობებს მორალურ და ესთეტიკურ სირთულეს, რომელიც დამახსიათებელია შექსპირის პიესებისთვის. ნიშანდობლივია, მაგალითად, ის ფაქტი, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში კრიტიკოსები კამათობდნენ იმის შესახებ, გმირია თუ ბოროტმოქმედია ბრუტუსი „იულიუს კეისარში“. ამ პიესის ბოლოდროინდელ დადგმაში (ოსკარ იუსტუსის მიერ) მაყურებლებმა იხილეს ტრამპის მსგავსი დესპოტი – მაგრამ შემდეგ ისინი გააოგნა კეისრის მკვლელობამ, რომლის მიზეზიც გახლდათ ბრუტუსის ყალბი წარმოდგენა საკუთარი სამართლიანობისა და შეუცდომლობის შესახებ. ტრაგედიის საფუძველია ბრუტუსის იდეოლოგიური პოზიცია, რომლის ზეგავლენით ის გაიაზრებს კეისარს არა როგორც, ზოგადად, ადამიანს, არამედ – როგორც „გველის წიწილს“. აქედან გამომდინარე, ის თვლის, რომ კეისრის მოკვლის უფლება აქვს.

მართალია, მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ვიკვლევ შექსპირის შემოქმედებას, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, რა ხერხებით მიაღწია მან თავისი პერსონაჟების უჩვეულო ცხოველმყოფელობას. ზოგჯერ მგონია, რომ პერსონაჟები წურბლებივით ასხდნენ ხელებზე და შექსპირი მათ ხელს არ უშლიდა, მისი სასიცოცხლო ძალა გამოეწუწნათ. რაც შეეხება შაილოკს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შექსპირს ოდესმე ენახა ებრაელი მევახშე, მაგრამ, შესაძლოა, ამ პერსონაჟის შექმნაში მას დაეხმარა მამამისის და, შესაძლოა, თავისი სავახშო საქმიანობა. სავარაუდოა, აგრეთვე, რომ არც ისე დიდი ხნის წინ შექსპირის კათოლიკური ოჯახი პროტესტანტული რელიგიის აღმსარებლად იქცა, რაც მტკივნეული უნდა ყოფილიყო დრამატურგისთვის და გამოიწვევდა ღრმა თანაგრძნობას შეილოკის მძიმე მდგომარეობისადმი: „ებრაელო, თანახმა ხარ?“

პერსონაჟისთვის ცხოველმყოფლობის მინიჭება მწერლის წარმოსახვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია. ვინაიდან ადამიანების ძალზე მცირე ნაწილია დაჯილდოებული გენიით, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ის თვისება, რომლის შესახებაც ვმსჯელობთ – ანუ სხვა ადამიანის შინაგანი ცხოვრების წვდომისა და თანაგრძნობის უნარი, გარკვეულწილად, დემოკრატიულადაა განაწილებული, თუმცა კი სხვადასხვაგვარი იდეოლოგიები ზღუდავენ მას და ბევრი მხატვრული ნაწარმოები სწორედ ამ იდეოლოგიებს ასახავს. უფრო კეთილშობილური ნაწარმოებები ემსახურება თანაგანცდის უნარის გაღვიძებას, ორგანიზებას და განვითარებას. შექსპირის ქმნილებები სრულქმნილი ლიტერატურული ნაწარმოებებია არა იმიტომ, რომ გვთავაზობენ მათში წამოჭრილი დილემების პრაქტიკული გადაწყვეტის გზებს, არამედ იმიტომ, რომ გვიჩვენებენ და გვაგრძნობინებენ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების სულიერ პროცესებს.

შექსპირის შემოქმედება საშუალებას გვაძლევს, თავი დავაღწიოთ მენტალურ გეტოებს, რომლებშიც ბევრი ჩვენგანი ცხოვრობს. ელისაბედის ეპოქაშიც, როდესაც ლუდხანები და დუქნები გავსებული იყო ჯაშუშებით, რომლებიც უსმენდნენ მთავრობის საწინააღმდეგო საუბრებს, დრამატურგს გამოჰყავდა სცენაზე მახინჯი სოციოპათი, რომელიც უზენაესი ხელისუფლებისკენ მიილტვოდა; გამოჰყავდა პერსონაჟი, რომელიც ეუბნებოდა მაყურებლებს, თავის საქმეში ძაღლიც ხომ ხელისუფალიაო; თანაუგრძნობდა მსახურს, რომელიც სასიკვდილო ჭრილობას აყენებდა ხელისუფალს, რათა ამ უკანასკნელს არ ეწამებინა ტყვე, და, ბოლოს, მან დაწერა კრიტიკული სტრიქონები, რომელთაც ვპოულობთ ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცულ ხელნაწერ პიესაში სერ ტომას მორის შესახებ (როგორც ჩანს, პიესა ცენზურამ აკრძალა). შექსპირი გვიჩვენებს ტომას მორს, რომელიც ეწინააღმდეგება ინგლისიდან უცხოტომელთა განდევნის მსურველ გააფთრებულ ბრბოს. „განდევნეთ ისინი“, ეუბნება მორი ბრბოს,

და წარმოიდგინეთ უბედური უცხოტომელები,

რომელთაც ბავშვები ჰყავთ აკიდებული ზურგზე და უბადრუკი ბარგი მიაქვთ;

რომლებიც მიდიან ნავსადგურებთან გასამგზავრებლად.

თქვენ კი მეფეებივით მორჭმულნი ისხდებით,

იმ შეგნებით, რომ უტიფრობა ყოვლისშემძლეა,

და ძალუძს გაანადგუროს წესრიგი; ამიტომ

სიბერემდე ვერ მიაღწევთ: სხვა უტიფარი ბრიყვები

ამავე მიზეზით თავს დაგესხმიან და ზვიგენებივით

დაერევით და დაჭამთ ერთმანეთს.

ამგვარი ენა ვერ შეენაცვლება ჰუმანური საერთაშორისო პოლიტიკის ენას, რომელიც დევნილების მიმართ გამოიყენება და რომელსაც მიმართავენ ხოლმე კონსტიტუციური სამართლის იურისტები და ბრძენი, ღირსეული დიპლომატები. მაგრამ ეს სიტყვები აცოცხლებენ ჩვენს ფანტაზიაში „უბედურ უცხოტომელებს“ მათი „ზურგზე აკიდებული ბავშვებით“. დრამატული დროის განმავლობაში მანძილი ადგილობრივ მცხოვრებთა და უცხოტომელებს შორის მცირდება; კედლები ირყევა; გეტო ინგრევა.

© The New Yorker, 10 ივლისი, 2017

თარგმანი © არილი


[1] რაოდენობის შეზღუდვა (ლათ.)

[2] ბრონქსის მკვიდრთა ნახევარზე ოდნავ მეტს სამხრეთამერიკელები შეადგენენ, მესამედს – აფროამერიკელები, მეათედს – თერთკანიანი ამერიკელები, სამ-ნახევარ პროცენტს – აზიელები, დანარჩენს – სხვა რასების წარმომადგენლები.

[3] კეომურჯიანმა თავისი პოემა დაწერა თურქულ ენაზე, მაგრამ – სომხური ასოებით.

[4] ვენეციის საელჩოს კაპელანი ლონდონში.

[5] ვენეციის რესპუბლიკის საზეიმო სახელწოდება.

Facebook Comments Box