ახალი ამბები,  ახალი წიგნები

,,სულაკაურის გამომცემლობამ” ხორხე ლუის ბორხესის ორი კრებული დაბეჭდა

,,სულაკაურის გამომცემლობამ” ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობების ორი კრებულია: ,,ქვიშის წიგნი” და ,,ფიქციები” დაბეჭდა.

 ზაალ სამადაშვილი იგონებს: ,,გვარი ბორხესი ნახევარი საუკუნის წინ გავიგონე პირველად. კი არ გავიგონე, სქოლიოში გადავაწყდი ქართულად თარგმნილ “დეიდა ხულიას” კითხვისას ჟურნალ “საუნჯეში”. მთავარი გმირი ამბობდა, ბორხესის მსგავსი მოთხრობა უნდა დავწერო, განყენებული და ინტელექტუალურიო, ხოლო სქოლიოში ეწერა, თანამედროვე არგენტინელი მწერალი ბორხესი რეაქციონერიაო. რეაქციონერი უცხო სიტყვათა ლექსიკონის თანახმად, პროგრესის მოწინააღმდეგეს ნიშნავს.

რის მოწინააღმდეგე იყო ბორხესი, ვინც ლიტერატურასთან და სინდისთან მწყრალად არ არის – იცის, ოღონდ ეგეც არის, ის არ გახლავთ ყველას მწერალი, მათ შორის იმათიც, ვინც არ იცის, ვინ არის ბრმა პიუ, დაყეფილი მაწანწალა ძაღლების მიერ…

ხორხე ლუის ბორხესი, დაბადებული ზუსტად 123 წლის წინათ, 1899-ის 24 აგვისტოს – წერდა:

“მისი შრომა, ვინც ხუთას გვერდზე უნდა გაშალოს აზრი, რომლის გამოთქმასაც რამდენიმე წუთი სჭირდება, მძიმე და ქანცის გამწყვეტია. უმჯობესია ასე მოვიქცეთ – წარმოვიდგინოთ რომ ამ მოცულობის წიგნები უკვე დაწერილია და მკითხველებს მათი რეზიუმეები შევთავაზოთ. ასე მოიქცნენ კარლეილი და ბატლერი, როცა პირველმა “SARTOR RESARTUS” შექმნა, მეორემ კი – “THE FAIR HAVEN”. თუმცა, მათ წიგნები დაწერეს, მეორადი, მაგრამ მაინც წიგნები. მე კი, რადგან უფრო პრაქტიკული, ზარმაცი და ნაკლებ ნიჭიერი ვარ, უპირატესობას კომენტარებისა და შენიშვნების წერას ვანიჭებ წარმოსახვითი წიგნების შესახებ”.

ამ მოსაზრებას  მოკლედ წერის აპოლოგიად თუ აღვიქვამთ, შესაბამისი სულისკვეთებით გავიმსჭვალებით და ისე წავიკითხავთ მისი ავტორის თუნდაც ერთ კრებულს, მაგალითად “ბროდის ანგარიშს”, დარწმუნებული ვარ არ გაგვიჭირდება იმის წარმოდგენა, როგორი არარსებული სქელტანიანი რომანებისგანაა გამოდნობილი როსენდო ხუარესის – ხალხის აზრის არად ჩამგდები ფათერაკიანი კაცის, ანდა დევიდ  ბროდის – ამაზონიის ველურთა შორის ქრისტეს სწავლების გამავრცელებლის, შოტლანდიელი მისიონერის  ამბავი… ‘’

ბორხესის მოთხრობების ორივე კრებული ქართულად დოდო ყვავილაშვილმა თარგმნა.

© არილი

 

 

 

Facebook Comments Box