ტონი მორისონი, სულა, გამომცემლობა ინტელექტი, მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე
„ქლოს ოლივია მოსწონდა“, – წავიკითხე და უცებ გაკრთა გონებაში აზრი, რომ ეს სიტყვები უზარმაზარ ცვლილებას მოასწავებდა. ალბათ ლიტერატურის ისტორიაში პირველად მოსწონდა ქლოს ოლივია. კლეოპატრას არ მოსწონდა ოქტავია. და რომ მოსწონებოდა, წარმოიდგინეთ, როგორ სრულიად შეიცვლებოდა „ანტონიუსი და კლეოპატრა“ – ამ სიტყვებს ვირჯინია ვულფი წერს თავის ვრცელ ესეიში “საკუთარი ოთახი” და მერე მსჯელობს იმის შესახებ, რაც, მისი აზრით, ასე აკლია ლიტერატურას: ორი ქალის მეგობრობა. ვულფის აზრით, ქალები არა უბრალოდ მეორე სქესის მიერ არიან აღწერილები წიგნებში, არამედ მხოლოდ მეორე სქესთან ურთიერთობაშიც. მათი როლების რაოდენობა შეზღუდულია და ამ შეზღუდულ როლებს შორის არ არის “მეგობარი ქალის” როლი. ამიტომ სურათი – როგორ მეგობრობენ ქალები – ის სურათია, რომელიც ლიტერატურაში ჯერ არავის უნახავს და ამ სურათის აღწერა დაემსგავსება ჩაბნელებულ სივრცეებში ფარნით შესვლას, რადგან აქამდე “სიყვარული ერთადერთი თარჯიმანი იყო ხელოვანსა და ქალს შორის”, სხვა ყველაფერი კი უთარგმნელი და გაუგებარი რჩებოდა.
ამას ვირჯინია მერი ქარმაიკლის ერთი რომანიდან (“ცხოვრების თავგადასავალი”) გამომდინარე წერს და იქვე დასძენს: მიეცით მას კიდევ ასი წელიწადი, საკუთარი ოთახი და ხუთასი ფუნტი წელიწადში და ის უკეთეს წიგნებს დაწერს; ასი წლის მერე სულაც პოეტი იქნებაო.
“საკუთარი ოთახის” გამოქვეყნებიდან 50 წელიც არ იყო გასული, როცა “სულა” დაიწერა. ტონი მორისონის რიგით მეორე რომანი, რომელიც სწორედ იმ ჩაბნელებულ დარბაზს აშუქებს ფარნით, რომელსაც ვულფი გულისხმობდა.
პირველად 1973 წელს გამოქვეყნებული და არც ისე დიდი ხნის წინ ქართულად თარგმნილი “სულა” ქალების მეგობრობის ამბავია. ორი ფერადკანიანი გოგონას მეგობრობის ამბავი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული მთელი დასახლების, მთელი საზოგადოების ისტორიასთან, რომლისთვისაც თვალის გასწორება არც ისე იოლია ამ ისტორიის შემოქმედებისთვის.
ერთ მოზრდილ დასახლებაში ორი რადიკალურად განსხვავებული ბავშვი ცხოვრობს – სულა და ნელი. მიუხედავად იმისა, რომ თვისობრივად არაფრით ჰგვანან ერთმანეთს, ისინი ბავშვობიდან მეგობრობენ და არა მარტო ყოველდღიურობა, არამედ ფიქრებიც კი საზიარო აქვთ. მთელი სიცოცხლის (შესაბამისად, მთელი ტექსტის) მანძილზე, მხოლოდ ორი რამ არის, რაც მარტო ერთს ეკუთვნის და მეორეს – არა.
ერთი უნებურად ჩადენილი დანაშაულია – წრიპა წიწილას სიკვდილი. მეორე კი ჯუდი, კაცი, რომელიც ნელზე ქორწინდება.
პირველ შემთხვევაში, ნელი გადაწყვეტს, რომ მომხდარი მხოლოდ სულას ეხება, ეს მისი შეცდომაა, რომელიც სამუდამოდ უნდა ახსოვდეს. მეორე შემთხვევაშიც, კვლავ ნელი ავლებს ზღვარს მასა და სულას შორის: ის დაქორწინებულია და აქვს რაღაც, რასაც მეგობარს ვერ გაუნაწილებს – ამიტომაც სულასა და მისი ქმრის ურთიერთობა ხდება მათი მრავალწლიანი მეგობრობის შეწყვეტის მიზეზი.
მათ მეგობრობაზე წერა ამ მეგობრობის დასასრულით უნდა დავიწყო, ესე იგი, სულასა და ნელის უკანასკნელი შეხვედრით.
„როგორ მიხვდი?“ – ეკითხება სულა ნელს.
„რას როგორ მივხვდი?“
„ჩვენ ორში კარგი გოგო რომელი ვიყავით, იქნებადა, შენც არც ყოფილხარ“.
ამ შეკითხვას – როგორ მიხვდა ნელი, როგორ მიხვდნენ დანარჩენები, როგორ ხვდებიან საერთოდ ადამიანები, რომელია და ვინ არის „კარგი გოგო“ – არასოდეს სვამს არავინ, ვინც ნელსა და სულას იცნობს. მათთვის იმთავითვე დადგენილია, რომ ნელი, რომელიც ისაა, რასაც მისგან ელიან, ისეთი, როგორიც ფერადკანიანი ქალი უნდა იყოს – კარგი გოგოა. ხოლო სულა, რომელიც ზურგს აქცევს ამ მოლოდინებს, ყველა გამხელილ თუ გაუმხელელ ტაბუს არღვევს, ყველა მკვეთრ თუ უხილავ საზღვარს ტოვებს, თეთრკანიან კაცებთანაც კი წევს (ალბათ) და, რაც ყველაზე “უარესია”, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობებისგან სრულიად თავისუფალია, შეუძლებელია, იყოს კარგი გოგო.
ტონი მორისონს აქ ის კი არ აინტერესებს, თეთრკანიანებს რა წარმოდგენა აქვთ ფერადკანიან ქალზე და რას „ითხოვენ“ მისგან, არამედ ის ბარიერები, რომლებიც თავად ფერადკანიანთა შორის იქმნება ქალებისთვის.
როცა სულას სიკვდილის წინ ნელი ლაპარაკობს, სინამდვილეში, მისი გავლით მთელი დასახლება ლაპარაკობს; სულაც და მკითხველიც მშვენივრად ხვდება, რომ ასეთ ჩაკეტილ საზოგადოებებში ქალი მხოლოდ მედიუმია, „პირი“, რომლითაც კოლექტივი, მთელი ჯგუფი ამბობს საკუთარ სათქმელს. ნელის სიტყვები ნელის სიტყვები არაა, ნელს არ აქვს საკუთარი ენა და, საერთოდ, შეუძლია კი ნელს ანუ სუბალტერნს ლაპარაკი? (სპივაკი გვეუბნება, რომ არა. პატრიარქატი და იმპერიალიზმი „მესამე სამყაროს“ ქალებს ხმას ართმევს. ქალი სრულიად უჩინარდება ასეთ მოცემულობაში.)
ტონი მორისონი თავად წერდა, ღია კარები და ინტერპრეტაციისთვის ღია წიგნები მიყვარსო, ამიტომ ამ კითხვისთვის პასუხის პოვნა მკითხველს უნდა მივანდოთ. რაც შეეხება სულას, მან იცის (და ზუსტად ამ ცოდნის გამო იტანჯება), რომ ნელი უკვე გადაიბირეს დანარჩენებმა და მისგან სასურველი მეზობელი, დედა და ქალი გამოძერწეს – ესე იგი, მას სამუდამოდ წაართვეს თავისი ხმის გაჟღერების შესაძლებლობა.
„ეს ჩემი სიმარტოვეა. შენი სიმარტოვე კი ვიღაც სხვისი. სხვამ მოიგონა და მოგაჩეჩა, ეგრე არ არის? ნახმარი და გამონაცვალი სიმარტოვე.“ – ეუბნება სულა ნელს.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფერადკანიანის „მთავარი საქმე და საკეთებელი“ კვდომაა, მაინც არის რაღაც, რაც ზოგიერთ „კვდომას“ უფრო ღირსეულ და უფრო საინტერესო პროცესად აქცევს. ეს საკუთარი თავის გათავისუფლებაა, „მედ“ ყოფნა, რასაც ნელიც ცდილობდა ბავშვობაში, როცა ჩურჩულებდა, არც ამათი ქალიშვილი ვარ და არც ნელი, უბრალოდ „მე“ ვარო. მაგრამ ნელის მცდელობა – წარუმატებელია. ეს ჯერ კიდევ მაშინაა აშკარა, როცა საკუთარი თავის დანახვას მხოლოდ ჯუდის თვალებით ახერხებს. ასე რომ, ძნელი სათქმელია, ვისი ცხოვრებაა უფრო ტრაგიკული. ყველასგან გარიყული და მიტოვებული სულასი, რომელმაც საკუთარი თავი იპოვა თუ ნელის, რომელმაც გამონაცვალი, მეორეული სიმარტოვით იცოცხლა სულაზე დიდხანს.
ტონი მორისონი წერდა, „სულაზე“ მუშაობა იმიტომ დავიწყე, რომ გონებაში ჩამრჩა ერთი ქალის სურათი და მახსოვდა, როგორ ამბობდნენ მის სახელსო. ამ ქალს ჰანა ერქვა, თუმცა თავად ჰანაზე მეტად მორისონმა ის დაიმახსოვრა, თუ როგორ წარმოთქვამდნენ მის სახელს და როგორ გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს ამის შემდეგ.
ასე მოქმედებს რომანის პერსონაჟებზე სულას სახელიც. ასე მოქმედებს სულა – ის უსიტყვოდ აერთიანებს მთელ დასახლებას თავისივე თავის წინააღმდეგ. ამიტომ, როცა სულა კვდება, კვდება ერთ მთლიანობად არსებობის შესაძლებლობაც და მკითხველის თვალწინ იშლება ფსკერი ნაწილებად.
© არილი