პროზა (თარგმანი)

უილიამ ტრევორი – რწმენა


ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

უცნაური ადამიანი იყო, რთული ბუნების: ბავშვობაში – ჯიუტი, ყმაწვილქალობაში – თავქეიფა, იმპულსური. დაუნდობელი და ეჭვიანი მოგვიანებით გახდა. ადამიანებმა ყოველთვის როდი იციან, როგორ უნდა მოიქცნენო, უყვარდა გამეორება და საკუთარ რეცეპტსაც ყველას უმალ სთავაზობდა, უფრო ხშირად კი თავის უმცროს ძმას, ბართლომეოს. ესთერი ორმოცდაორის იყო, ბართლომეო ოცდაცხრამეტის. ესთერი არასდროს ყოფილა გათხოვილი: არ უნდოდა და იმიტომ.
აი, როგორ იყო მაგათი საქმე: დუბლინის რესპექტაბელურ უბანში იზრდებოდნენ, პურის მაღაზიის ზემოთ ეჭირათ ბინა, სხვა ხალხმრავალი ოჯახების გარემოცვაში უწევდათ ცხოვრება და ესთერს უკვე მაშინ დიდი გავლენა ჰქონდა ძმაზე. მათი მამა კლერკი იყო, იარუთის ხე-ტყის დამამზადებელ საწარმოში მუშაობდა, დედა კი ხელსაქმით იყო დაკავებული, სახლში იღებდა შეკვეთებს. ხელმოკლე პროტესტანტები მონდერ სტრიტზე, ქათქათა, ბადურა ფარდების მიღმა მოკრძალებით ეწეოდნენ ცხოვრების ჭაპანს, თავიანთი ღვთისმოსაობითა და მრწამსით ამაყობდნენ, და საერთოდ, საკუთარი თავით ერთობ კმაყოფილი იყვნენ. ესთერი სულ იმას გაიძახოდა, ჩემი მოვალეობა ბართლომეოზე ზრუნვააო.
დაოჯახების დრომ რომ უწია, ბართლომეოს ხელი მოეცარა. დინჯ, მგრძნობიარე ყმაწვილს, სულ ახლახანს რომ შესდგომოდა ღვთისმსახურებას, სელი ქერბერიზე შეუვარდა გული და როცა გოგონას ხელი სთხოვა, თანხმობაც მაშინვე მიიღო. წესისამებრ გაჭიანურებულმა ნიშნობის პერიოდმა გამოცდას გაუძლო და მალე ქორწილის დღეც დაინიშნა, მაგრამ ჯვრისწერის წინა საღამოს ყველაფერი ჩაიშალა. ეს ისეთი დარტყმა აღმოჩნდა ბართლომეოსთვის, რომლის მონელებასაც დიდი დრო შეალია. სელი ქერბერი, სიცოცხლით სავსე, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული, თავისებურად თვალისმიმტაცი გოგონა, ასე ვთქვათ, მათი სიყვარულის სულის ჩამდგმელი, ადგა და ვიღაც კონდიტერს გაჰყვა ცოლად.
ესთერი გაზის სამმართველოში მუშაობდა, მაგრამ დედა რომ გარდაეცვალათ, სამსახურს თავი დაანება. რა ექნა, მამა ჰყავდა მისახედი: საბრალო, სიცოცხლის ბოლო ცხრა წელი პარკინსონით იტანჯებოდა. ხალხი ამბობდა, მართალია, ეს გოგო ცოტა უკმეხია, სამაგიეროდ ბუნებით კეთილიაო და მის თავდადებას ყველა ერთხმად ასხამდა ხოტბას. “ჩვენ ყოველთვის ვუგებდით ერთმანეთს”, უთხრა ესთერმა ძმას მამის დაკრძალვის დღეს. “ყოველთვის… არა, ბართლომეო?”
ბართლომეო თითქოს დაეთანხმა, დუმილი ხომ თანხმობის ნიშანია, მაგრამ მოეჩვენა, რომ დამ რაღაც უთქმელი დატოვა: ერთმანეთს რომ უგებდნენ, ეს თავად ბართლომეოს დამსახურება გახლდათ. ყმაწვილი გარეგნობით ოჯახის წევრებს ჩამოჰგავდა – ქერა, ცისფერთვალა, მოქნილი, ერთი სიტყვით, ვერავინ დაიწუნებდა. ესთერიც ჰგავდა მათ, თუმცა ხიბლი აკლდა – ქალს მეტი მოეთხოვებოდა! მოკლედ, ასეთი დაუწერელი შეთანხმება არსებობდა: სიამტკბილობით ცხოვრებას კი უნდა უმადლოდნენ ბართლომეოს, მაგრამ წარამარა ამის აფიშირება სულაც არ არის საჭირო.
ბართლომეოს საკუთარი მრევლი არ ჰყავდა. ქალაქის ჩრდილოეთ უბანში სხვა ეკლესიის მღვდელს ეხმარებოდა: მოხუცებს სტუმრობდა, სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და ცენტრებს მეურვეობდა, შაბათობით ბავშვები მთებშიც დაჰყავდა და საცურაო აუზებზეც. მერე, როდესაც ხელს აღარ აძლევდათ პურის მაღაზიის ზემოთა ბინაში დარჩენა, და-ძმამ ქონება გაიყო. ბართლომეომ ოთახი მოიძია იმ ეპარქიაში, სადაც მოღვაწეობდა. ესთერიც შეუდგა ბინის ძებნას, გაზის სამმართველოსაც მიაკითხა, ადრე რომ მეჭირა ამ ოფისში, იმისდაგვარი ადგილი ხომ არ მოიპოვება ჩემთვისო, მაგრამ იქ უთხრეს, ჯერ-ჯერობით არაფერი ჩანსო. ამის მერე იყო, “ოსკარი” რომ აღმოაჩინა.
ვიკლოუს მთებში შეყუჟული ეს შორეული და ცივჰავიანი დასახლება ერთ დროს იმით გამოირჩეოდა, რომ იქ ოსკარის წარმატებული ეპარქია ყვაოდა, რომლის დიდებაც ახლა უკვალოდ გამქრალიყო, მაგრამ უკანა ხეივანში, ოჯახისა და მათი “მიმდევრებისთვის” მეტად მოსახერხებელ ადგილას, შედარებით მოგვიანებით აგებული პატარა ეკლესია ჯერ კიდევ მყარად იდგა. იმ ადგილ-მამულის დამხმარე შენობები კი – მარეკისა და ბაზიერის სახლ-კარი, ზედამხედველის კენჭებით მოკირწყლული სამყოფელი – გაერემონტებინათ და ახლა იქ ხალხს დაედო ბინა. ოსკარის გზაჯვარედინზე სწრაფი კვების მაღაზიაც იყო და ბენზინსაქაჩიც. აი, წერილების გასაგზავნად კი რამდენიმე მილის გავლა მოგიწევდათ.
ჰოდა, ესთერმა სთხოვა ბართლომეოს, ოსკარიში წამიყვანეო და ისიც უსიტყვოდ მიუჯდა საჭეს. ქალაქიდან ორშაბათს გავიდნენ, ამ დღეს ბართლომეო თავისუფალი იყო. უთენია არჩიეს გამგზავრება, თორემ მერე რა გაუძლებდა დუბლინის ტრანსპორტით გადაჭედილ გზებს! ბართლომეომ არ იცოდა, რას ისახავდა მიზნად ეს მცირე ექსკურსია: მისთვის ჯერ არაფერი ეთქვათ. საერთოდ, ესთერს არ ჩვეოდა საკუთარ განზრახვათა უმალ გამომზეურება. ბართლომეოს მაინცდამაინც არც უმტვრევია თავი ამ ამოცანის ამოსახსნელად, ბოლოს ხომ მაინც მეტყვისო, ფიქრობდა.
“იქ ერთი კაცია, ფლივეტი,” როგორც იქნა, გაენდო ესთერი. იმ კაცის გვარი თვითონ მიეჯღაბნა ქაღალდის ნაგლეჯზე და იქიდან ამოიკითხა. “ის გვეტყვის ყველაფერს.”
“მაინც რას, ესთერ?”
ესთერმა წყალობა მოიღო და ზოგი რამ შეატყობინა, ოღონდ ცხადია, ყველაფერი არ უთქვამს: ოსკარიში ადრე მოქმედ პატარა ეკლესიაზე თურმე ისევ ალაპარაკდნენ; იქაურ მრევლს, მათ შორის შინამოსამსახურეთა, მებაღეების და სამფლობელოს მუშახელის შთამომავლებს არ ჰქონდათ საშუალება სათანადოდ ედიდებინათ უფალი.
ბლესინგტონს რომ გასცდნენ, ბართლომეოს ადამისჟამინდელი A-30, რომლითაც ბავშვები მთებში აჰყავდა, რაღაც საეჭვოდ ახმაურდა. ადრე ასეთი რამ არ მომხდარა. ბართლომეოს ამაზე არაფერი უთქვამს და გზა განაგრძო. ისეთი რა უნდა იყოსო, იმშვიდებდა თავს.
“ჰოდა, მეც ვიფიქრე…” ჩაილაპარაკა ესთერმა.
“მაინც ვინ არის ის ფლივეტი?”
“იქაური კაცია.”
ესთერს აღარ დაუზუსტებია, საიდან შეიტყო მისი არსებობა, და არც სხვა რამ ინფორმაცია მიუწოდებია ძმისთვის.
“ვნახოთ, რას გვეტყვის მისტერ ფლივეტი,” ესღა გამოიმეტა.
ამ ტიპის დიალოგი ბართლომეოსთვის სიახლეს არ წარმოადგენდა. ესთერს არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, სათქმელს ბოლომდე არასდროს ამბობდა. უცხო ადამიანებს ზოგჯერ ეგონათ, ასე იმიტომ იქცევა, საუბარს მეტი იდუმალება რომ მიანიჭოსო, მაგრამ მოგვიანებით ხვდებოდნენ: ესთერს ყველაზე ნაკლებად მათი რეაქცია ადარდებდა. ეს მიკიბ-მოკიბვა ყოვლად უმიზნო რამ იყო, რითიც, თავისდაუნებურად, საუბარს ართულებდა. თავადაც არ იცოდა, საიდან მოსდგამდა ეს და, სხვათა შორის, არც აინტერესებდა.
“რა სჭირს?” ჰკითხა ბართლომეომ ავტოსადგომის პატრონს, როცა ბენზინის ჩასასხმელად გაჩერდა. იმან კი აუხსნა, მსგავსი ხმაურის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობსო.
“თუ არ შეწუხდებით, გაზს ფეხი დააჭირეთ, სერ,” სთხოვა მან ბართლომეოს, როდესაც ბენზიმის ჩასხმას მორჩა და მანქანას კაპოტი ახადა. “მაგრად დააჭირეთ ფეხი. იცით რას გეტყვით, სერ? ეს ძველი კარბიურატორი მთლად წესრიგში არ უნდა იყოს. აბა, ახლა ცოტა მოუკელით და ვნახოთ, რაშია საქმე.”
ბართლომეო ასეც მოიქცა და მერე ძრავა გამორთო. კაცმა ქანჩი მოიმარჯვა და განაცხადა, სულ რაღაც ორ წუთში მოვაგვარებ ყველაფერს და როცა მოვრჩები, ამაში ფულს არ გადაგახდევინებთო, მაგრამ ბართლომეომ თავი შორს დაიჭირა და სულ როგორ გეკადრებათო, იძახა.
“რამდენიმე სტრიქონი დაებეჭდათ ცნობის ფურცელში,” წამოიწყო ესთერმა, როცა კვლავ დაადგნენ გზას. იმ ჟურნალს გულისხმობდა, რელიგიასთან დაკავშირებულ ახალ ამბებს რომ აშუქებდა. “წირვა-ლოცვის ჩანაწერები ჰქონიათ თურმე.” თან გულში ფიქრობდა, ბართლომეო სულ ასეთი იყო, ძალით მიაჩეჩა კაცს ფული, როცა ეს კაცი არაფერს ითხოვდაო.
“ოჯახის ჩურჩუტი”, აი, რას ეძახდა მას მამა, და მერე კიდევ ერთხელ გაიმეორა ეს გამოთქმა გაღიმებულმა, როდესაც შეიტყო, რომ ბართლომეო მღვდლობას აპირებდა, მაგრამ დიდად არ აღშფოთებულა. არც დედას გამოუთქვამს უკმაყოფილება და არც ესთერს გაუგიჟებია თავი. სწორედ რომ ზედგამოჭრილი იყო მასზე მღვდლობა, თითქოს სრულქმნიდა და იცავდა კიდეც. აი, ესთერი ცოტა სხვაგვარად ცდილობდა ძმის დაცვას.
“კიდევ კარგი, შევჩერდით იმ ავტოსადგომთან”, ჩაიდუდღუნა ბართლომეომ, და ესთერი მიხვდა, რომ მისთვის უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენდა ოსკარიში გამგზავრების მიზეზი, უკვე გაეაზრებინა, რაც ხდებოდა და ამიტომ ახსენა ავტოსადგომი. ის ხომ ხშირად არიდებდა თავს საჩოთირო თემაზე საუბარს, იმ იმედით, რომ მოსახდენი ალბათ არ მოხდებოდა. ეს კი ისეთი რაღაც იყო, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლებოდა. რაც არ უნდა დიდ სირთულესთან ყოფილიყო დაკავშირებული, მაინც უნდა ეცადათ ბედი.
“მადლი ქნა იმ კაცმა”, შეეხმიანა დას ბართლომეო, ესთერმა კი, რომელიც ამასობაში ხიდან აფრენილ ჭილყვავთა გუნდს ადევნებდა თვალს, ასე უპასუხა:
“საინტერესო რაღაც ხდება იქ, ოსკარიში.”
ადგილზე ადრე ჩავიდნენ. თერთმეტს ათი წუთი აკლდა, როცა ბართლომეომ გზაჯვარედინზე, სწრაფი კვების მაღაზიასთან შეაჩერა მანქანა. “სად ვნახავ ვინმე მისტერ ფლივეტს?” იკითხა მან ერთადერთ სალაროსთან და მოლარემაც მიასწავლა.
მთავარი გზიდან გადაუხვია და ნელა გაუყვა ორღობეთა ლაბირინთს. აქა-იქ ბოძებზე პატარა დაფები გაეკრათ, რითიც მგზავრს ამა თუ იმ სახლის მიგნებას უადვილებდნენ. მალე ეკლესიაც გამოჩნდა. ყოფილი ხეივანი ერთიანად გავერანებულიყო. საფლავები კი იყო იქ, მაგრამ მიწის ვიწრო ზოლს, რომელიც ეკლესიის შენობას რკალავდა, მთლად ეკლესიის ეზოს ან სასაფლაოს ვერ დაარქმევდი. ერთ-ერთი სამარე სხვებთან შედარებით გვიანდელი უნდა ყოფილიყო, თუმცა წარწერიანი ქვა არსად ჩანდა. ეკლესია პატარა იყო, – მუქი, თითქმის შავი ქვით ნაგები, რის გამოც პირქუში შენობის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
“ადრე კარგი სამლოცველო იქნებოდა,” ივარაუდა ბართლომეომ.
“მისტერ ფლივეტი გვეტყვის ყველაფერს,” გაეპასუხა ესთერი.
შენობაში ობის სუნი იდგა, თუმცა მთლად მიტოვებულიც არ უნდა ყოფილიყო. საკურთხევლის ლარნაკებში ყვავილები არ იწონებდა თავს, მაგრამ პატარა დაფაზე ჰიმნების ნომრები მიეწერათ – 8, 196, 516. ანალოესა და მემორიალური დაფების სპილენძს მბზინვარება დაეკარგა, დაფარნი ერთიანად დაძენძილიყო და აშკარად არ აწყენდა გარეცხვა, ფანჯრის მინები კი, ოდნავ რომ დაჰკრავდა მოლურჯო-რუხი ელფერი, სულაც არ ქმნიდა ბიბლიურ ატმოსფეროს. ამას ეკლესიას ვერც დაარქმევო, გაიფიქრა ბართლომეომ, მაგრამ ხმამაღლა აღარ უთქვამს.
“მშვენივრად მოვაწყობდი აქაურობას,” ჩაილაპარაკა ესთერმა.
მისტერ ფლივეტი ხანდაზმული კაცი აღმოჩნდა, აკი ესთერმაც ასე ივარაუდა. ამჟამად აქ მარტო ვარო, მოიბოდიშა, როცა სინით ჩაი და რკინის პატარა კოლოფით ნამცხვარი შემოიტანა. და-ძმას კარში შეეგება, თუმცა ვიდრე შეიპატიჟებდა, კარგად შეათვალიერა.
“კი… რა თქმა უნდა, გვაქვს წირვა-ლოცვის ჩანაწერი. ეს საქმე მე მაბარია. აქ მხოლოდ დილის წირვის ჩანაწერია.”
ოსკარის ეკლესია ერთ-ერთი იყო იმ კომპლექსში, რომლის ყველაზე შორეული შენობაც ჩვიდმეტი მილის იქით მდებარეობდა. “საკმაოდ შორია მამა ფარნისთვის, თანაც ზოგი ჩანაწერს ვერ შეეგუა და ამიტომ კლონბირში ან ნიდში უხდებათ ჩასვლა. ისე კი, მისის უორტონს უნდა ვუმადლოდეთ…”
და სტუმრებს ხალისით აუხსნა, რაშიც იყო საქმე: “ამჟამად ოსკარის დაქსაქსული ერთობა ღარიბი და ოდნავ შეძლებული ოჯახებისგან შედგება. ამ ადგილ-მამულის ძირძველ მკვიდრთა შთამომავლების გარდა, აქ ახალმოსახლენიც ცხოვრობენ. მისის უორტონი, რომელიც ცოცხლებში აღარ წერია, ახალმოსახლე გახლდათ. მან ოსკარის ეკლესიას თავისი სახლი და სოლიდური თანხა უანდერძა. თანხა წინამძღვრისთვისაა განკუთვნილი, სახლი კი რეზიდენციად უნდა გადაკეთდეს…”
“აი, ასეთი საქმეა,” დაასრულა მისტერ ფლივეტმა და კიდევ ერთხელ ჩამოასხა ჩაი.
ესთერმა თავი დაუქნია. “დიახ, მეც მოვკარი ყური რაღაც ამდაგვარს. იქნებ ახალგაზრდა კაცს…”
“რა თქმა უნდა, მის…”
ბართლომეომ უხერხულად იგრძნო თავი. ესთერს ხშირად ჩვეოდა უსაგნო აღმაფრენა. იმ პატარა, პირქუშ ეკლესიაში კაცმა იგრძნო, თუ რა გასაქანი მისცემოდა მის ფანტაზიას… ნუთუ ვერ ხედავდა, როგორ გამოიყურებოდა იქაურობა, ნუთუ ვერ ამჩნევდა ირგვლივ გამეფებულ, მართალია შეძლებისდაგვარად მიჩქმალულ, მაგრამ მაინც აშკარა სიღარიბეს? ბართლომეოს აზრით, ამ საქმეს არაფერი ეშველებოდა…
“საერთოდ, ირლანდიის ეკლესია ძალიან ნელა მიიწევს წინ,” დაიჩივლა მისტერ ფლივეტმა. “ამაში ალბათ თქვენც დამეთანხმებით. თანაც მისის უორტონი, სულ რაღაც ხუთი თვის წინ გარდაიცვალა, მაგრამ დღენი ბოროტნი არიან… უნდა ვეშურვოთ ქველსა საქმესა… პატივი უნდა მივაგოთ მისის უორტონის სურვილს. ის ჩვენს პატარა სასაფლაოზეა დაკრძალული.
“მგონი, შევნიშნეთ მისი საფლავი,” ჩაურთო ბართლომეომ.
“მამა ფარნი სამოცდათერთმეტი წლისაა. ის არ მიგვატოვებს და არც აქვს საამისო მიზეზი. კარგი, გულისხმიერი ადამიანია და მისი წასვლა ყველას დააღონებს. ჩვენ მხოლოდ იმის გვეშინია, რომ მის შემდეგ კლონბირი, ნიდი და ოსკარი კვლავ გაერთიანდება, ოსკარი კი, არასახარბიელო მდებარეობის გამო, თითქმის მიტოვებულია. მისის უორტონის სახლი უკეთესი რეზიდენცია იქნებოდა, გაცილებით უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც ახლა კლონბირშია. სწორედ რომ სულზე მოგვისწრო იმ ადამიანის ხელგაშლილობამ.”
ბართლომეო წამოდგა. “დიდად გმადლობთ, მისტერ ფლივეტ. ბევრი საინტერესო რამ შევიტყვეთ. ვწუხვარ, დრო რომ წაგართვით.”
“არავითარ შემთხვევაში… არავითარი დრო არ წაგირთმევიათ.”
“ვიმედოვნებ, ყველაფერი თქვენდა სასიკეთოდ დაგვირგვინდება.”
“ჩვენც ამ იმედით ვცოცხლობთ.”
ბართლომეო მასპინძელს გამოეთხოვა. მისტერ ფლივეტმა ესთერსაც ჩამოართვა ხელი. “აკი მოგწერეთ… ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მობრძანება. მე სულ აქა ვარ. მოხარული ვიქნებით ყველა…”
ესთერმა თავი დაუქნია. ღიმილით ხშირად არ იღიმებოდა და არც ახლა გარჯილა, მაგრამ თავი კიდევ ერთხელ დაუქნია, ეს კი ალბათ გაღიმების ტოლფასი უნდა ყოფილიყო. და მერე, მანქანაში, ბართლომეო დაინტერესდა: “რა მოგწერა, ესთერ?” ესთერი დუმდა. თავიც კი არ მიუბრუნებია ფიქრებში გართულს. თებერვალი იდგა, გაზაფხული ჯერ წელს ითრევდა, მაგრამ ამინდს ვერ დაემდურებოდი.
“შენ მისწერე, ესთერ?”
“პატარა ცნობა იყო ჟურნალში, იმ ქალმა ფული და სახლი დაგვიტოვაო. მისტერ ფლივეტი აწერდა ხელს.”
ბართლომეო გაყუჩდა. იცოდა, ესთერს არაფერი შეეშლებოდა. მართალია, ზოგჯერ სხვანაირად ჩანდა, მაგრამ მან ხომ იცოდა…
“გინდა, ერთხელაც დავხედოთ ეკლესიას?” ჰკითხა ესთერმა.
ბართლომეომ მანქანა ეკლესიასთან გააჩერა. ყველაზე გვიანდელი საფლავი, ადრეც რომ შენიშნეს, მოუვლელის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. მის ირგვლივ ბალახი კოხტად გაეკრიჭათ და მიწის ბორცვი ერთგვარ მწვანე ჩარჩოში მოექციათ.
“თავიანთი საქმის თვითონ იციან,” ჩაილაპარაკა ესთერმა, როცა დასავლეთის მძიმე კარი შეაღო. “მე კი საგულდაგულოდ ჩავრაზავდი…”
შემოწირულობის Yყუთთან დალაქულ-გაქონილი, კუთხეებაპრეხილი ბარათები მიმოებნიათ და ფარდაზე, სამოსსაცავის კარის მაგივრობას რომ სწევდა, კირხსნარი შემხმარიყო, რომელსაც ჩიტების სატყუარად იყენებენ ზოგ ქვეყანაში.
“პირადად მე ამ უხეშ ჭილოფს აქედან მოვაშორებდი,” თქვა ესთერმა.
დუბლინამდე არ შეჩერებულან. ესთერი, ცხადია, დუმდა. მონდერ სტრიტამდე კრინტიც არ დაუძრავს. როცა იქ მისულმა დაცარიელებული ოთახები გაიარა და სამზარეულოს მიადგა, მაშინღა ამოიღო ხმა: “ახლა კი ერბოკვერცხს შევწვავ.” ბართლომეო უკან მიჰყვა.
“აქედან როდის გადადიხარ?” ჰკითხა დას, და მანაც მიუგო, იმ კვირის ბოლოს, არის რაღაც სადგომი ფეავიუ პარკთანო.
“რამედ თუ ვარგა?”
“დიდი არაფერი.”
“ვწუხვარ, საზრუნავი რომ მოგემატა. მეც ვეღარ მოგაქციე ყურადღება.”
“გაზის სამმართველოში მაბრუნებენ. მოულოდნელად გაჩნდა ვაკანსია.”
“კიდევ კარგი, ეგ საქმე მაინც მოგვარდა.”
ოსკარიდან მობრუნებულ ესთერს დიდი აღმაფრენა არ ეტყობოდა. არც არაფერს ამბობდა, მაგრამ ბართლომეო მშვენივრად ხვდებოდა, რა ფრთებიც შესხმოდა მის დას. გამოცარიელებულ სამზარეულოში იჯდა და თვალს არ აცილებდა ესთერს, ვიდრე ის დინჯად თქვეფდა ჩანგლით კვერცხის გულებს. მერე ქალმა მიღებულ მასას რძე და კარაქი დაუმატა და პილპილით შეაგემა. მართალია, ბართლომეოს არასდროს დაუჩივლია, მაგრამ ბავშვობიდან აღიზიანებდა მისი არმკითხე-მოამბეობა, გაუთავებელი შენიშვნები, აქტიურობა. მაინც პატიობდა, ასეთია და რა ქნასო! ბართლომეო ბუნებით მიმტევებელი იყო, ისევე როგორც ესთერი – უკმეხი და მედიდური. ქალი არასდროს დაინტერესებულა იმით, თუ რა ხდებოდა ძმის გულში.
“ოსკარიში წახვალ,” თქვა ბოლოს ესთერმა.
იქამდე, ვიდრე ოსკარიში დასახლდებოდნენ, ბართლომეო რატომღაც არ ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი ესთერის ნება-სურვილით ხდებოდა. ალბათ ასე მეწერა და ესთერი თუკი წარმართავს მოვლენებს, ეს ჩემივე ბედისწერის ფრაგმენტიაო. ამ თხუთმეტიოდე წლის წინ სელი ქერბერიმ უკანასკნელ წუთს იმიტომ გადაიფიქრა მასთან შეუღლება, რომ ესთერის ეშინოდა. მაშინ ბართლომეოს ვეღარაფერი გაეგო ამ გოგონასი: ძალიან შეიცვალა, მერყევი გახდა, გულდახურული. აბა, ბართლომეოს საიდან უნდა შეეტყო ამის მიზეზი და აღარ იცოდა, რომელი წყლისთვის მიეცა თავი. მოგვიანებით კი მიხვდა, რომ ამაში ესთერის ხელი ერია: სელი ქერბერის გადაწყვეტილებაზე ესთერმა იქონია გავლენა, მან შეასრულა განსაკუთრებული როლი. ერთი სიტყვით, მის დას არაფერი შეშლია. “სულელია”, აი როგორ ახასიათებდა ესთერი სელის – მისთვის სხვა სიტყვას არ იმეტებდა, ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ქალ-ვაჟს ერთმანეთი შეუყვარდებოდათ.
სამღვდელოებამ მოიწონა ოსკარის აღდეგენა-განახლების იდეა. მისტერ ფლივეტის ვარაუდის თანახმად, მართლაც მოსალოდნელი იყო, მოხუცი მამა ფარნის გარდაცვალების შემდეგ კლონბირის, ნიდისა და ოსკარის ხელახალი გართიანება. თანაც, ეჭვი არ იყო, კლონბირის საჭიროზე დიდ, ცივ, გასარემონტებელ რეზიდენციას ოსკარის შედარებით პატარა, მაგრამ გაცილებით მყუდრო და კეთილმოწყობილი შენობა დაჯაბნიდა. ასეც მოხდა, და ის, რომ კაცობრიობა განგებას ემორჩილება და უხილავი ხელით იმართება, ბართლომეოს ქადაგებათა უმრავლესობის წამყვან თემად იქცა. ამ ე.წ. მოსაზრების განსამტკიცებლად წმინდა წერილიდან მოჰყავდა ადგილები, რომლებიც ყველაზე უკეთ ადასტურებდნენ იმას, რომ იდუმალება ყოველთვის იდუმალებად დარჩებოდა კაცობრიობის სულიერი ყოფის წიაღში. ბართლომეოს სწამდა, რომ ძალიან ცოტას ნიშნავდა საგნების, სიტყვებისა და ადამიანების ფიზიკური არსებობა.
ამ აზრს ესთერიც იზიარებდა. რწმენა თითქოს მისი განუყოფელი ნაწილი იყო, ალალად, ყოველგვარი დაეჭვების გარეშე მიღებული, რომელიც ძალას მატებდა, ნდობას უღვივებდა და ნებას აძლევდა სხვებისაგან მოეთხოვა მისი პიროვნება აღექვათ ისეთად, როგორიც იყო; ნებას აძლევდა დაეგმო ნებისმიერი ადამიანის ჭეშმარიტი ბუნების მიჩქმალვა – როგორც აშკარა სიცრუე და თვალთმაქცობა. როდესაც მისი ძმის მრევლმა – თოთხმეტმა ადამიანმა ოსკარიდან, ოცდაშვიდმა კლონბირიდან და თერთმეტმაც ნიდიდან – ესთერი გაიცნო, ყველას, როგორც ერთს, ის აზრი დაებადა (რაც სხვა დროსაც ხშირად მომხდარა), რომ ბართლომეო და ესთერი ერთმანეთისგან დიდად განსხვავდებოდნენ. თუმცა ამ მრევლიდან სელი ქერბერივით მისი არავის ეშინოდა, ვინაიდან ის ქალები აშკარად მოკლებული იყვნენ “საცოლის” ინტუიციას. უბრალოდ უცხოს პოზიციიდან, გარეშე თვალით აფასებდნენ ესთერს. სელი ქერბერის შეშფოთება, მომავლის შიში, შიში ესთერთან დაახლოებისა სავსებით გასაგები იყო. ოსკარიში, კლონბირსა და ნიდში სულ ესთერის სახელი ეკერათ პირზე, ის იყო იქაურთა მუდმივი განსჯის საგანი.
როცა და-ძმა ასაკში შევიდა, მათ “ურთიერთგაგებას”, რომელმაც მონდერ სტრიტის არასახარბიელო საცხოვრებელ პირობებსაც გაუძლო, ახლა მოგონებებიღა ამყარებდა: დილაობით, განთიადზე ახლადგამომცხვარი პურის სურნელი, დედის უეცარი გარდაცვალება, მამის უწყალოდ გაჭიანურებული აღსასრული, ორი კრემაცია გლასნევინში. ხშირად ათვალიერებდნენ საოჯახო ალბომს, რომელშიც სანაპირზე გადაღებული სურათები ჩაეკრათ, იხსენებდნენ სტუმრობას დეიდებთან, ორივე ბებიასთან, სადაც სხვა თაობების განსჯის მოსმენა უხდებოდათ. აი, აწმყოს კი თითქოს გაურბოდნენ: მრევლი ყველგან რომ კლებულობდა, ირლანდიის ეკლესიას კუთვნილ მიწებს რომ არ უბრუნებდნენ და ალბათ არც დაუბრუნებდნენ, არცთუ ისე ხშირად აღინიშნებოდა. სხვათა შორის, ესთერს ეს ყველაფერი დიდად არც ანაღვლებდა. ბართლომეოს თანდათანობით სულ უფრო და უფრო ეძალებოდა მელანქოლია, მაგრამ ამას არც ესთერს უმჟღავნებდა და არც არავის.
ესთერმა კი საქმე გაიჩინა – ოსკარის ეკლესიის მოწესრიგება-განახლებას მიჰყო ხელი: ხეხავდა იატაკს, რეცხავდა ნოხებსა და გადასაფარებლებს, აპრიალებდა მივიწყებულ მერხებს, სასანთლეებს და სხვა საეკლესიო ჭურჭელს. ეს ხომ ჩემი ეკლესიაა… განა მე არ აღმოვაჩინე, განა მე არ დავუბრუნე სიცოცხლე? თანაც მარტო გარეგნულად ხომ არ შემიცვლია, სხვა მხრივაც ბევრი ვიღვაწეო, ფიქრობდა. საერთოდ, არ უყვარდა იმის აღნიშვნა, ყველაფერი კარგადააო, სწამდა, რომ უთქმელადაც შესანიშნავი იყო ის, რასაც თავად აკეთებდა. არ სურდა საკუთარი თავდაჯერებულობის გამომჟღავნება – გულისამაჩუყებელ, ფუჭ სენტიმენტალობად მიაჩნდა, მაგრამ როცა ბართლომეოს წინაშე საკურთხეველთან მუხლებზე დაეშვებოდა, და მისი ძმა კი ბარძიმს ასწევდა ან მის სატუჩეს აპრიალებდა, სულ იმას ფიქრობდა, ყველაფერი სწორედ ასე უნდა ყოფილიყოო. და-ძმამ იქ ჰპოვა ნავსაყუდელი, სადაც ისინი ესთერის დაუდეგარმა, მებრძოლმა სულმა მიიყვანა. “უფალი ჩვენთანა”, ასე ამთავრებდა ქადაგებას ბართლომეო და შემდეგ მრევლს ლოცავდა. განსაკუთრებული, შესანიშნავი სიტყვები იყო და ამ დროს რამდენიმე ადამიანთან ერთად მუხლმოყრილი ესთერიც განსაკუთრებულ და შეუდარებელ პიროვნებად აღიქვამდა თავს, ცხადია, იქამდე, ვიდრე ჩურჩული და ფეხების ფრატუნი დაარღვევდა იქ გამეფებულ იდუმალებას.
ახალგაზრდები იშვიათად დადიოდნენ ეკლესიაში, ჯვრისწერასა და ნათლობაზე (რაც ხშირად მოსდევდა ჯვრისწერას) თუ გამოჩნდებოდნენ და ბართლომეოსაც სევდა ეძალებოდა, იმ დროს იხსენებდა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს რომ მეურვეობდა, თვალწინ ეხატებოდა ის შაბათები, ყმაწვილები კილმაშოგსა და თუ როქში რომ აჰყავდა. კვირაობით, როცა კათედრიდან გადაჰყურებდა დაძაბულ, სმენადქცეულ მოხუცებს, მათ მობერებულ სახეებსა და სხივჩამქრალ თვალებს, და მერეც, როდესაც კართან ხელს ართმევდნენ, კიდევ უფრო უღვივდებოდა გულში იმ იმედის ნაპერწკალი, ასე უშურველად რომ უზიარებდა ქადაგებისას მრევლს: ფსალმუნებიცა და სახარებაც (ზოგჯერ მისივე ინტერპრეტაციით) ერთ რამეს პირდებოდა ადამიანს – აღსასრული სულაც არ იყო აღსასრული.
მერე კი, ერთ კვირა საღამოს გულდამძიმებულმა ბართლომეომ ისეთი რამ აღმოაჩინა, რამაც საშინელი დარტმყა მიაყენა მის სულს. არა, ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, მაგრამ უსაზღვრო სასოწარკვეთა დაეუფლა. ეს მის საძინებელში მოხდა, იქამდე, ვიდრე გაიხდიდა. ღამის ნათურა ენთო. ბართლომეოს უკვე კარი მიეხურა, ორივე ფარდა ჩამოეშვა და საწოლთან იდგა, ფეხსაცმლის ზონრებიც ის-ის იყო შეეხსნა. ერთი პირობა ისიც კი გაიფიქრა, ხომ არ დავეციო, მაგრამ არ დაცემულა; ეგონა, ვეღარაფერს ვხედავო, მაგრამ ხედავდა. რეალობასთან ისღა აკავშირებდა, ცალ ხელში ფეხსაცმელი რომ ეჭირა, და ისიც საწოლის კიდეზე რომ მოახერხა ჩამოჯდომა, ლინოლეუმზე დაცემული ფეხსაცმლის ბრაგვანმა კი საბოლოოოდ გამოაფხიზლა. ჯერ რაღაც შეცბუნების, უხერხულობის გრძნობა დაეუფლა, მერე ისიც გაქრა.
“მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა…”
მისი ხმა არ ჟღერდა დამაჯერებლად, მაგრამ მაინც გაისმოდა.
მოგვიანებით ბართლომეომ თავი დააჯერა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გაღიზიანების შედეგი იყო – გაღიზიანების, რომელსაც შეძლებისდაგვარად თრგუნავდა და რომელმაც ბოლოს და ბოლოს ამოხეთქა: აღიზიანებდა ნაქარგებსა და მაქმანებში გამოხვეული მარტივი ჭეშმარიტება, სენტიმენტალური, “დაჟინებული” ამბები, ასე რომ აიოლებდნენ რწმენას და ჰიმნები, რომლებსაც ვერ იტანდა. ბართლომეოსთვის იდუმალება, რწმენის ეს დაუშრეტელი წყარო, უსაზღვრო ძალად ქცეულიყო (მიუხედავად ყველა ამქვეყნიური უბედურებისა და ათასი ბოროტებისა), ადრინდელზე უფრო ძლევამოსილად, მაგრამ რაღაც მაინც უშფოთებდა სულს: ხომ არ შევცდი ჩემს არჩევანში, მგონი, ეს არ უნდა იყოს ჩემი მოწოდებაო. ეძებდა ყველაფერ ამის გამომწვევ მიზეზს, იხსენებდა იმ აღმაფრენას, პროფესიის არჩევისას რომ დაუფლებოდა. მაშინ მისთვის უცხო იყო მერყეობა და ახლა საკუთარ თავში ეძებდა იმას, რაც ადრე მის უტყუარ რწმენას განაპირობებდა, მაგრამ წარსულიდან ხსნა არ ჩანდა და ბართლომეოსაც რაღა დარჩენოდა: კვლავ სტუმრობდა მარტოსულებს და დავრდომილებს, იმეორებდა ქრისტიანულ დოქტრინებს, “ვაქებდეთ ღმერთსა”, და მრევლთან ერთად დიდებას აღავლენდა. გრძნობდა ეს არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ მაინც აკეთებდა.
ესთერს არ შეუნიშნავს ძმის სულიერი მდგომარეობა და არც ბართლომეოს უთქვამს რაიმე. ქალი თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებდა, რწმენა არ შერყევია, მრწამსი არ გადაუფასებია – ეჭვიც არაფერში შეუტანია, თუმცა კვლავ არ სჯეროდა იმისი, რაც ადრეც არ სწამდა. ცივი გამოხედვა ჰქონდა, ისევ ისეთი მედიდური იყო და თითქოს საზრდოობდა კიდეც საკუთარი მედიდურობით. მერე, ხანი რომ გამოხდა, ესთერსაც ეწვია საწუხარი. არა, არ დაუჩივლია. “ყველანი სიკვდილის შვილები ვართ”, ჩაილაპარაკა, როცა შეიტყო, თავად დიდი დღე რომ აღარ დარჩენოდა, თუმც არ ეგონა, ასე მალე თუ დაუდგებოდა აღსასრული.
ოსკარელმა ექიმმა, რომელიც ადრე ესთერს არასდროს შეუწუხებია, თავისი პირველი ეჭვი დაადასტურა და ამით იმ მცირე იმედისგანაც განძარცვა, წინა ვიზიტისას რომ გამოიმეტა. ექიმმა უთხრა ის, რაც უნდა სცოდნოდა და ესთერს კრინტი არ დაუძრავს, არც განმარტოებულს უქვითინია და არც ძმის შემზადებას ცდილა იმ განსაცდელისთვის, ორივეს (!) რომ ელოდა, მაგრამ მიილია ზაფხული და სექტემბრის ერთ დილასაც, როცა თბილ მზეს მინდობილნი ისხდნენ თავიანთ პატარა ბაღში, ბართლომეოს სიმართლე უთხრა. ესთერი სამოცისაც არ იყო მაშინ.
სასოწარკვეთილ ბართლომეოს უჭირდა ამის დაჯერება, მაგრამ ესთერი ისე უშიშრად ლაპარაკობდა, ისეთ მარტივ, გარდაუვალ ფაქტად აღიქვამდა საკუთარ ხვედრს, რომ კაცი მიხვდა, ახლა ჩემი ემოციების გამომჟღავნება სრულიად უადგილო იქნებაო. ესთერი დინჯად, აუღელვებლად ლაპარაკობდა, არც ხელები უცახცახებდა, ერთი სიტყვით, წარბიც არ შეუხრია. თანაგრძნობას ნამდვილად არ ითხოვდა. სხვათა შორის, ასეთი რამ არც ადრე გაუკეთებია. ბოლოს, ვითომდა აქ არაფერიო, ამინდზე, კერძოდ ზაფხულივით თბილ შემოდგომაზე ჩამოაგდო სიტყვა.
“ძალიან ვწუხვარ,” როგორც იქნა ამოღერღა ბართლომეომ.
თურმე ესთერი ადრე არ სცნობია. ახლაღა გაიაზრა, ამაზე თითქოს არასდროს უფიქრია. დის სიცივე, უკმეხობა, მოურიდებელი პირდაპირობა დიდად არ ეხმარებოდა მისი ხასიათის ამოცნობაში. მან ბართლომეო სელი ქერბერისგან იხსნა; თვითონ ალბათ ასე ფიქრობდა და ამართლებდა კიდეც თავის საქციელს. ბავშვობაში ბართლომეო გრძნობდა, რომ ესთერი მაინცდამაინც არ უყვარდათ და სულ ერთთავად მისი ხვედრის შემსუბუქებას ცდილობდა. კიდევ კარგი, ასე ვიქცეოდიო, გაიფიქრა. მაგრამ ყველა მის განცდასა თუ ფიქრს სწონიდა და ახუნებდა ის, რასაც ესთერი ასე მედგრად იტანდა… რასაც წარსულთან აღარაფერი ესაქმებოდა და მხოლოდ აწმყოს უკავშირდებოდა. და მაინც, ბართლომეოს საკუთარი საწუხარი უფრო უღრღნიდა გულს. ასე იყო, და რა ექნა? ჩვეული სტუმარი – სინდისის ქენჯნაც – მაშინვე ეწვია. იმ დღეს სახლში წაიფუსფუსა, ხელი შეაშველა დას.
“რა ძლიერი ქალი ყოფილხარ,” უთხრა ესთერს, როცა ზამთარი მიილია. ესთერმა თავი გააქნია: ეს სულაც არ იყო მისი დამსახურება, ძალა მას უბედურებამ შემატა. ყოჩივარდები ინატრა და მერე თვალს არ აცილებდა ძმას, როცა ის სანაპიროზე კრეფდა ყვავილებს. იმ ღამით საწოლის გვერდით, პატარა მაგიდაზე, მონდერ სტრიტიდან წამოღებულ ჭიქაში იწონებდა თავს ყოჩივარდების თაიგული.
“რატომ დამარქვეს ასეთი საშინელი სახელი?” ჰკითხა ბართლომეოს, როცა ის საღამოს მის ოთახში შევიდა. მათ საგვარეულოში, რამდენადაც იცოდა, არავის ერქვა ესთერი. ნეტავ, საიდან მოიტანესო, უკვირდა. აი, ბართლომეოს ამბავი გასაგები იყო: იმ დღეს (და ცხადია, არა საუკუნეში) დაბადებულა, როცა საფრანგეთში ჰუგენოტები ამოწყვიტეს.
“აი, ოვალტინი მოგიტანე,” შეეხმიანა ბართლომეო.
ამ ფხვნილს, წესით, უნდა დაეძინებინა, მაგრამ დილაობით, როცა ბართლომეოს მასთან ჩაი შეჰქონდა, უკვე აღარ ეკითხებოდა, სასიკეთოდ წაადგა იმ ღამით საძილე საშუალება, თუ არა.
გვიან თენდებოდა და ბართლომეოსაც გარიჟრაჟზე შეჰქონდა ჩაი.
ესთერი კვირაობით ეკლესიაში ვეღარ დადიოდა, მაგრამ მრევლისგან შეიტყო, რომ იქ მისთვის ლოცულობდნენ. და მანაც წარმოიდგინა, რა სიტყვებს წარმოთქვამდა ბართლომეო: “უფალო, მოწყალების თვალით გადმოხედე ზეციდან და შვება მიანიჭე შენს მხევალს… მოუვლინე სულის სიმშვიდე და რწმენაში განამტკიცე.” აი, ასე უნდა ლოცვაო, ფიქრობდა ესთერი. და როცა მშვიდად იწვა მიყუჩებულ რეზიდენციაში, სჯეროდა, რომ სწორედ ამ სიტყვებს წარმოთქვამდა მისი ძმა.
ნეტავ, მერე აქედან წასვლაზე თუ ვიფიქრებ, ნეტავ, თუ გავუძლებ უმისობასო, ეკითხებოდა ბართლომეო საკუთარ თავს. ალბათ დუბლინის ჩრდილოეთში დასახლდებოდა, ყველაზე უკეთ ამ უბანს იცნობდა. რაღაც სამუშაოს უთუოდ იშოვიდა – დიდს არაფერს გამოეკიდებოდა, მთავარია მისი შესაფერისი ყოფილიყო. იქნებ სადმე მაღაზიაში ან სასტუმროში მოწყობილიყო. ის ყმაწვილები, რომლებსაც ადრე მეურვეობდა, უკვე შუახნის მამაკაცები იყვნენ, რაღაცას როგორ ვერ მოუხერხებდნენ? სულაც თავისთან ამუშავებდნენ. და მაინც, ბართლომეოს, ცოტა არ იყოს, აბსურდულად ეჩვენებოდა ასეთი მეტამორფოზა. ისიც მშვენივრად მოეხსენებოდა, ბედს რომ შეურიგდებოდა და… არსად წამსვლელი არ იყო.
“ნახე, რა კარგად არის მოწყობილი,” ჩაიბუტბუტა ესთერმა. “ჯერ ცოცხლობ, სუნთქავ შენთვის გამოყოფილ დროს, მერე აქ აღარა ხარ. კარგად არის მოფიქრებული, კარგად.”
მის ტონსა და გამომეტყველებაში გაღიზიანება იგრძნობოდა, თითქოს რაღაცას საყვედურობდა ძმას. ბართლომეომ შენიშნა ეს და კმაყოფილებით გაიფიქრა, ერთ დღესაც დაუნდობლად შემომიტევს სინდისი, რადგან ჩემს მცირერიცხვოვან მრევლსაც ვატყუებდი და საკუთარ დასაც… გაუსაძლისად მიქცევს ცხოვრებას, მაგრამ ისიც საქმეა, ესთერი ამას რომ ვეღარ შეიტყობსო.
და აი, აღსასრულის დროც დადგა. ესთერმა იცოდა, იმ ღამით რომ მოკვდებოდა.
ბართლომეო მის საწოლს არ შორდებოდა. არც გრძნობების ამოფრქვევა, არც გულისამაჩუყებელი სიტყვები! ესთერი საერთოდ არ იღებდა ხმას და ბართლომეო მიხვდა, რომ იქ ახლა ტკივილიღა მეუფებდა. ისიც იცოდა, რომ ქალი გულში ერთსა და იმავეს იმეორებდა: “ასეთია ნება ღვთისა” – ალბათ ამასვე ამბობდა მაშინ, როცა შეიტყო, რომ მისი სნეულება სტუმარი იყო, რომელიც მხოლოდ ისე წავიდოდა, როგორც ახლა მიდიოდა. მისი რწმენის სიძლიერე, მისი სასოება აუტანელ ტკივილს არ დაუბრკოლებია. ბართლომეო გულში შესთხოვდა უფალს, მალე დახუჭოს თვალები და მიიცვალოსო. მაგრამ ესთერი არ ჩქარობდა. ბართლომეომ ექიმებთან გადარეკა, რათა კიდევ მიეწოდებინათ ცოტაოდენი მორფი.
“არ არის საჭირო, გავუძლებ,” ჩაიჩურჩულა ესთერმა, როდესაც ბართლომეოს ხმა ჩაესმა… თუმცა, ის მეორე ოთახიდან რეკავდა. არც ერთი ექიმი არ აღმოჩნდა ადგილზე, ყველგან ავტომოპასუხემ დართო ნება, შეტყობინება დატოვეთო.
“მალე… ეს ძალიან მალე მოხდება,” ჩაიჩიფჩიფა ესთერმა და მერე სთხოვა მაზიარეო.
გარეთ დილიდანვე ყინავდა. პატარა ბაღი, კოინდარი და მათ მიღმა გადაჭიმული მინდვრები თეთრად შეჭირხლულიყო. ბართლომეო ფანჯარასთან იდგა, თვალს ადევნებდა, თანდათანობით როგორ იქცეოდა ბინდი სიბნელედ და ნატრობდა, ნეტავ ახლა, ამ წუთას არ გაჩნდეს ჩვენს შორის უფსკრულიო. სწორედ ახლა იყო რწმენა ესთერის ძალა და სასოება, უკვე ელვარებდა მარადიული სიცოცხლის ნათელი და უზესთაესი ანგელოსებიც მზად იყვნენ გალობით წარეტაცათ სამოთხეში.
მერე ბართლომეო მის ოთახში შევიდა. ქალი გაუნძრევლად იწვა, თვალდახუჭული. ცოტა ხანში ალუღლუღდა, დაიკრუნჩხა, მერე ქუთუთოები დაეჭიმა… უკვე გამეტებით ურტყამდა თავს ბალიშს და ბართლომეომ კვლავ სცადა ექიმთან დაკავშირება. “ღმერთო, ღმერთო,” შეევედრა უფალს, მაგრამ ისევ ავტომოპასუხის ხმა გაისმა. მერე ბართლომეომ რაღაც ჩაილაპარაკა, ახლა უკვე ხმადაბლა და მის ხმაში ცუდად დაფარულმა სასოწარკვეთამ გაიჟღერა. გარეთ კი შაშვი, რომელიც მათ პატარა ბაღს შეჩვეოდა, გამწარებით იქექებოდა გაყინულ მიწაში.
“ესთერ,” დაუძახა ბართლომეომ, როცა კვლავ მის საწოლთან დაბრუნდა, მაგრამ ქალი აღარ გამოპასუხებია. არც იყო მოსალოდნელი. ესთერი მოკვდებოდა და მაინც აქ დარჩებოდა, აქ იქნებოდა და სხვაგან არსად. მაინც ვერ გაექცა მკრეხელურ აზრებს. კინაღამ ისიც კი არ წამოსცდა “არაფერიც არ არის,” და ძალიან მოუნდა ესთერისთვის გაეზიარებინა დარდი, სწორედ ისე, როგორც ის უზიარებდა სულთმობრძავის სატანჯველს.
“ესთერ,” კიდევ ერთხელ ჩაიჩურჩულა ბართლომეომ.
ესთერმა გვერდი იცვალა, მთელი არსებით შეებრძოლა კონვულსიურ შემოტევას, მაგრამ მალე იგივე განმეორდა. გამწარებული ცდილობდა წამოწევას. ბართლომეო მიეშველა, წამოსვა და ზურგით ბალიშებს მიაყუდა. მერე ესთერს მზერა დაეწმინდა, ტკივილისგან დამანჭული სახე Dჩაუწყნარდა. ბართლომეო მიხვდა, რომ ტკივილი სადღაც გამქრალიყო… მარადისობის ამ პირველ წამს მისი და გათავისუფლდა იმ ხანგრძლივი, გულისგამაწვრილებელი ტანჯვისგან. სიმშვიდე – ასე მოუხელთებელი სიცოცხლისათვის – ბოლოს და ბოლოს ეწვია ესთერს.
ბართლომეო მის ხელს დასწვდა: ჯერ კიდევ თბილი იყო.
მოეჩვენა, თითქოს უთხრა “გმადლობთ,” მაგრამ იცოდა, რომ არაფერი უთქვამს. და ვიდრე ზეწარს გადააფარებდა, ცოტა ხანს შეაჩერა მზერა მის გაქვავებულ სახეზე.
საჭირო ადგილებში გადარეკა, გააუქმა შეტყობინება, რომლითაც მორფს ითხოვდა, დაუკავშირდა დამკრძალავ ბიუროს; ოთახი მიალაგა, წამლები წამოკრიბა, ფინჯანი და ლამბაქი შეინახა. მერე ქვემოთ ჩავიდა და ცეცხლს მიუჯდა, რადგან გვარიანად აციებულიყო. გაიხსენა სიყმაწვილე და მონდერ სტრიტი, ეზოს თამაშები; მოიგონა ის დღე, ესთერმა ბოტანიკურ ბაღში რომ წაიყვანა და ისიც ერთხელ ქუჩაში მიმავალი ორკესტრანტები რომ აჩვენა.
ბართლომეო ახლა უკვე მინავლულ ცეცხლს ჩაშტერებოდა. იჯდა თავისთვის უდრტვინველად, არავინ აწუხებდა, ჭამა არც კი გახსენებია. იმ ღამეს მოუსვენრად ეძინა. წარამარა ეღვიძებოდა. ხან ესთერის გარდაცვალება ესიზმრებოდა და ხანაც საკუთარი დაცემა. და მერე, როცა ინათა, ესთერის ოთახში შევიდა.
ზეწარი გადახადა და დაინახა, რომ ჯერაც არ წარხოცილიყო მისი სახიდან ის სიმშვიდე და ნეტარება, გარდაცვალების წამს რომ დაეუფლა. ოთახიდან აღარ გასულა. მიცვალების ჟამს და მერეც ასეთი სიმშვიდის მოვლენა, ასეთი წყალობააო ჭეშმარიტი ხილული სასწაული, გაიფიქრა. ზეცა დიდია, ყველა ღირსეულს მიიღებს… ანგელოსებსაც დაიტევს და მართალთაც.

© “ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box