პოეზია (თარგმანი),  პროზა (თარგმანი)

უილიამ შექსპირი – ჰამლეტი  

ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა

ჰამლეტი ქართულად 1886 წელს გამოქვეყნდა და ივანე მაჩაბლის გონებამახვილი, პოეტურად უზადო ქართული ვერსია იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა მკითხველისთვის, რომ დღემდე არავის გადაუწყვეტია ალტერნატივის შეთავაზება. მეც ვთვლი, რომ მაჩაბლისეული ჰამლეტი, როგორც კონკრეტული ტექსტი, თავისი ფორმულებად ქცეული ფრთიანი ფრაზებით ისევე არ ექვემდებარება ხანდაზმულობას, როგორც ვთქვათ, ბარათაშვილის მერანი. თუმცა, რადგან ორიგინალი კიდევ უფრო ძველი და ამავე დროს, თემატურად და სტილისტურად თანამედროვეა, რაშიც ინგლისური ლიტერატურის კურსის ფარგლებში სტუდენტებისთვის ჰამლეტის რამდენიმეწლიანმა სწავლებამ დამარწმუნა, გადავწყვიტე, რომ დროული იქნებოდა ახალი თარგმანი. ვთვლი, რომ ამ მცდელობას ამართლებს ორიგინალის თავისუფალი რიტმი, რომელიც მაჩაბლის თარგმანში თეთრ ლექსად მოჩანს, აგრეთვე კონკრეტული პასაჟების განსხვავებულად წაკითხვის შესაძლებლობა, რაც არამც და არამც არ გულისხმობს თარგმანის მეტ სიზუსტეს. თარგმანში სიზუსტე ინტერპრეტაციას მაინც ვერასდროს სცდება. როგორც მე და თქვენ ახლა, მაჩაბელი, ორიგინალის ენასთან, საუკუნეებით იყო დაშორებული. ალბათ მისი თარგმანი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ქართულ კონტექსტს უფრო ირეკლავს ენობრივად და სტილისტურად, ვიდრე მეთექვსმეტე საუკუნის ინგლისს; ისე როგორც ორიგინალი ირეკლავს ელიზაბეთის სამეფოს და არა უფრო ძველი პერიოდის დანიას. მომავალი თაობებისთვის ეს თარგმანი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად იქცა კიდეც. უნდა ვაღიაროთ, რომ ახალგაზრდებისთვის დღეს ძალისხმევას მოითხოვს შექსპირის წაკითხვა ქართულად. არადა, შექსპირის თემები ისევ ძალიან დროულია. თუნდაც ამ პუბლიკაციაში შემოთავაზებული სცენა, ისევე გვაჩვენებს სქესებს და თაობებს შორის კონფლიქტს, როგორც ყოველდღიური რეპორტაჟები დღევანდელ მედიაში – ქალთა მდგომარეობას, ან მშობლების მიერ შვილებში ჩანერგილ ამბიციებს. ერთსაც დავამატებ, – ოფელია, როგორც შექსპირის პერიოდის ქალი პერსონაჟების უმრავლესობა, საყოველთაოდ მიიჩნევა პასიურ გმირად, მსხვერპლად, ხმას მოკლებულ არსებად. მოცემულ სცენაში კი, ოფელიას დიალოგი ძმასთან – აშკარა გამონაკლისია. მის მოკლე შეპასუხებაში ნამდვილად ისმის სუსტი, მაგრამ გასაგონი პროტესტი.

წლის ბოლოს გამომცემლობა არტანუჯი  „ჰამლეტის“ ამ ახალ ვერსიას სრულად გამოსცემს.

                                       მთარგმნელი

 

 

 (აქტი1, სცენა 3, ოთახი)

 

შემოდიან ლაერტესი და მისი და, ოფელია

 

ლაერტესი:

 ჩალაგდა ჩემი ბარგი. მშვიდობით.
დაო, როცა კი დაუბერავს ზურგის ქარი
და გემები გამოცურავენ,
არ დაიზარო, წერილები გამოატანე.
ოფელია:

ამაში ეჭვი გეპარება?
ლაერტესი:

ხოლო ჰამლეტს და შენდამი მის ყურადღებას რაც შეეხება,
ჩათვალე, რომ დროებითი გართობაა, სისხლის დუღილი,
ახალგაზრდული სულსწრაფობა, გაზაფხულზე მოსული ია,
ნაადრევად რომ ჩნდება და ჭკნება; ლამაზია, მაგრამ დღემოკლე,
მთელი მისი სურნელება არის მხოლოდ წუთის სამყოფი.
მეტს ვერ გაწვდება.
ოფელია:

ნუთუ მართლა მხოლოდ ეს არის.
ლაერტესი:

უფრო მეტი ნუ გეგონება.
რადგან მუდმივი ცვლილებაა კაცის ბუნება,
და არა მხოლოდ სხეულის ზრდა, ძალით ავსება,
არამედ ცვილი – გონების და სულის თასების სულ იძერწება,
რაც დრო გადის, უფრო ღრმავდება. ალბათ უყვარხარ,
ალბათ მართლა გულწრფელია და სუფთა მისი
ამჟამინდელი გრძნობა, მაგრამ უნდა გახსოვდეს,
ასე დიდებულს არ ეკუთვნის თავისი თავი –
დაბადებითვე მძევალია წარმომავლობის,
ჩვეულებრივი მოკვდავივით არ შეუძლია
საკუთარ ბედს თვითონ ჭედავდეს, რადგან სწორედ მის არჩევანზე
დგას მთელი ქვეყნის სიმშვიდე და კეთილდღეობა.
ბუნებრივია, ამ არჩევანს განაპირობებს
ხმა და თანხმობა მთელი სხეულის,
რომლის თავიც თვითონვე არის.
ამიტომ, თუნდაც იმეორებდეს, რომ უყვარხარ,
მხოლოდ მაშინ დაიჯერე მისი სიტყვების,
როცა ირწმუნებ, რომ ამ გრძნობას ხორცშესხმა ელის
და შეძლებს, საქმით დაგიმტკიცოს; ეს კი მხოლოდ მაშინ მოხდება,
თუ ამ კავშირს მხარს დაუჭერს სამეფო კარი.
კარგად აწონე, რა საფასურს გადაიხდი, თუ ღირსება დაგავიწყდება,
თუ ბოლომდე მიაპყრობ სმენას მის ტკბილ სიმღერებს,
გულის კარს თუ გაუღებ ფართოდ და შენს საგანძურს, უბიწოებას
მიანდობ მის უმართავ სურვილს.
ფრთხილად იყავი ოფელია, ძვირფასო დაო,
ეცადე თავი მართო, გრძნობა არ გაამჟღავნო,
ვნების საშიშ ნიაღვრებში არ ჩაგიყოლიოს.
უმანკოების დაკარგვისთვის საკმარისია,
მთვარემ სარკმლიდან მოკრას თვალი ქალის სიშიშვლეს.
უმწიკვლობასაც არ დაგიდევს ცილისწამება.
ძალიან ხშირად გაზაფხულის პირმშოებში მატლი იბუდებს
მანამდე, ვიდრე ღეროები კვირტებს გახსნიან;
ხშირად სინორჩის გარიჟრაჟზე, საამურ ნამში
შეეპარებათ ხოლმე ავი სნეულებები.
იფრთხილე, რადგან გადარჩენისთვის სწორედ შიში არის მთავარი.
თავის თავს ავნებს სიყმაწვილე ამბოხებებით, და სხვას არავის.

ოფელია:

გპირდები, მე ამ გაკვეთილის ყველა სიტყვას დავიმახსოვრებ,
დავიყენებ გულის დარაჯად, მაგრამ ჩემო კეთილო ძმაო,
ნუ მოიქცევი, როგორც ზოგი უღირსი მღვდელი,
ხალხს რომ უჩვენებს ციცაბო და ეკლიან გზას სამოთხისაკენ,
თვითონ კი ხელი აუღია თავზეც, სინდისზეც,
გადავარდნილა ავხორცული ვნების მორევში
და სხვის ცოდვებთან არის მხოლოდ სიტყვით მომრევი.

 

შემოდის  პოლონიუსი

 

ლაერტესი:

ჩემ გამო ნუ შეგეშინდება.

დიდხანს შევყოვნდი. მამაჩემმაც მომაკითხა.

ხელმეორე დალოცვასაც მივიღებ, როგორც ორმაგ წყალობას.

სარგებელი მოაქვს ზოგჯერ დაგვიანებას.

პოლონიუსი:

ლაერტეს, ისევ აქ ხარ? გრცხვენოდეს! სწრაფად, გემბანზე!

იღბლიანი ამინდია ნაოსნობისთვის,

შენ კი გემის გასვლას აყოვნებ. მოდი, დაგლოცო,

და რამდენიმე ოქროს წესი ჩაიბეჭდე ღრმად გონებაში:

ყველაფერს, რასაც გაიფიქრებ, ნუ ანდობ ენას,

და ნურც ცხელ გულზე ნაფიქრს აქცევ უმალ ქმედებად,

ხალხთან იყავი ახლოს, მაგრამ არ გაითქვიფო.

ძველი, ნაცადი მეგობრები, ვინც ნამდვილად გეიმედება,

სულთან მიიბი მტკიცე ღვედებით,

მაგრამ ყოველი შემთხვევითი ნაცნობობისთვის

თავს ნუ დასდებ და ალალბედზე ხელს ნუ გაისვრი.

ჩხუბს მოერიდე, მაგრამ თუკი ჩხუბში აღმოჩნდი,

მოქიშპეს ქიშპი გაუხადე სანანებელი,

ყური ათხოვე ყველას, თუმცა ნებისმიერს ხმას ნუ შეაწევ,

სხვების აზრები მოისმინე, მაგრამ ენდე საკუთარ განსჯას,

ჯიბე რამდენზეც გაგიწვდება, იმდენი ხარჯე,

მაგრამ ზედმეტიც ნუ მოგივა ზიზილ-პიპილა;

ტანსაცმლით კაცის შეფასება ხშირად მოსულა

და საფრანგეთში ვისაც გვარი აქვს და წოდება,

ამჟღავნებს ნატიფ გემოვნებას, იცვამს მოდურად.

დაიმახსოვრე – არც ისესხო, არც გაასესხო,

ვალი თავის თავს კარგავს ხშირად და მეგობარსაც,

და სესხება კი ბოლოს ქისას აცარიელებს.

და უმთავრესი ქვეყნად რაც არის – იყავ მართალი საკუთარ თავთან

და როგორც ცხადი მოსდევს ღამეს, თვითონვე ნახავ,

რომ არავისთან ტყუის კაცი, თუ თავის თავთან არის მართალი.

მშვიდობით. ამ გზით სიარულში შეგეწიოს ჩემი დალოცვა!

 

ლაერტესი:

თქვენის ნებართვით, წავალ მაშინ, ჩემო ბატონო.

პოლონიუსი:

დრო არ იცდის. მსახურები გელოდებიან.

ლაერტესი:

ოფელია, მშვიდობით! და არ დაივიწყო რაც გითხარი.

ოფელია:

ყველა სიტყვამ გონებაში დაიდო ბინა

და ამ სიბრძნის გასაღები შენც თან ატარე.

ლაერტესი:

მშვიდობით.

 

ლაერტესი  გადის.

 

პოლონიუსი:

რას გულისხმობდა, ოფელია, რა დაგარიგა?

ოფელია:

გეტყვით, ბატონო – ლორდ ჰამლეტზე მელაპარაკა.

პოლონიუსი:

კარგი უქნია, ღვთისმშობლის მადლმა.

ხმა მომივიდა, ძალიან ხშირად გვიანობით

გაკითხავს თურმე, და შენც, შენს მხრივ,

მეტისმეტად თავისუფლად და გულუხვად ხვდები.

თუ ისეა – როგორც ჩემამდე მოაღწია

ხმებმა კეთილისმყოფელებისგან, – უნდა გითხრა, რომ

მთლად მკაფიოდ არ გესმის მგონი

რა ევალება ჩემს ქალიშვილს და შენს ღირსებას.

თქვენ ორს შორის რა ხდება? გისმენ! სიმართლე თქვი.

ოფელია:

ჩემო ბატონო, ბოლო ხანებში სულ ჩემდამი თავის გრძნობებზე მესაუბრება.

პოლონიუსი:

თავის გრძნობებზე! გამოუცდელი სულელივით ლაპარაკობ,

ასეთ საფრთხილო საქმეებში სულ ვერ ერკვევი.

თვითონ გჯერა მისი გრძნობების, როგორც უწოდებ?

ოფელია:

ბატონო, მართლა დაბნეული ვარ და არ ვიცი, რა ვიფიქრო.

პოლონიუსი:

ღვთისმშობელო, დამეხმარე, ავუხსნა ამ ბავშვს. ჩათვალე რომ

გულუბრყვილობით მოგივიდა, თუკი მართლა დაიჯერე

რომ ეს „გრძნობები“ რამენაირად არის ნამდვილი. პატივი ეცი

შენს თავს (უფრო სწორედ, ცალ ყურში რომ არ შეუშვა),

პატივი მეცი მე, მამაშენს, და ყველას თვალში მასხარად არ გადამაქციო.

ოფელია:

ბატონო, თავის სიყვარულზე ღირსეულად მელაპარაკა.

პოლონიუსი:

„ღირსეულადაც“ დაარქვი ახლა. მიდი, განაგრძე.

ოფელია:

და ძალიან გულწრფელი ჩანდა, ჩემო ბატონო,

ზეცის წინაშე დაიფიცა ყველაფერი, რაც არის წმინდა.

პოლონიუსი:

კაკანათი ტყის ქათმებისთვის! კარგად ვიცი,

როცა სისხლი ჩქეფს, სული როგორ მიუშვებს ენას

ათასგვარი ქარაფშუტობა ილაპარაკოს. ეს კოცონი, ჩემო გოგონა,

უფრო მეტად ანათებს, ვიდრე ათბობს; მალევე ჩაიფერფლება,

სათქმელიც კი არ დარჩება შენთვის, რადგან ვნების ნაფოტებს

სიყვარულის ცეცხლი მუდამ არ ეკიდება. ამიერიდან,

როგორც ქალწულს შეეფერება, თავი მეტად დაიფასე,

იშვიათად შეხვდი, ნაკლები ელაპარაკე,

შენს სიტყვას ნუ გააიაფებ. გახსოვდეს, რომ ლორდი ჰამლეტი

ახალგაზრდა ბატონია და შეუძლია თავსაც

მეტის უფლება მისცეს, ვიდრე თვითონ გაქვს. ოფელია,

მოკლედ, ნუ უსმენ მის დაპირებებს; ხშირად სიტყვები

მაჭანკლები არიან, ტურფად მორთულები, მოკაზმულები,

რომ უხამსი წინადადება ლამაზად გითხრან,

ლაპარაკობენ ამაღლებულ, წმინდა კავშირზე

და ცოდვისკენ მიგაქანებენ. სულ ეს არის.

მარტივად რომ ვთქვათ, ამის შემდეგ

უფლებას არ გრთავ, გააგრძელო თავის შერცხვენა

ლორდ ჰამლეტთან შეხვედრებით და დროის კარგვით.

გაფრთხილებ, კარგად დაიმახსოვრე. ახლა წავედით.

ოფელია:

როგორც მიბრძანებთ, ჩემო ბატონო.

გადიან.

© არილი

Facebook Comments Box