ესე

უ(მ)არილო 8 წელი

arili-3888

ბოლო დროს ძალიან ხშირად ახსენებენ ხოლმე ჩვენი ისტორიის უკანასკნელ, 9 წლიან პერიოდს. ბევრმა ყველაფრის საზომად აქცია ეს 9 წელი, კარგსაც და ცუდსაც ამ 9 წლით ზომავენ. ზოგისთვის უარესობის 9 წელი იყო, სხვების აზრით კი საუკეთესო 9 წელი გავიარეთ. მოკლედ, ცოტათი მოგვაბეზრა თავი ამ “9 წელმა”, ამიტომ ჩვენი დროითი ცნება გვინდა შემოვიტანოთ, “8 წელი”. ყველას თავისი საწყაო აქვს, ჩვენი კი ამჯერად 8 წლიან პერიოდს გულისხმობს, უმარილო 8 წელს, უმარილოს, ანუ უარილოს!

უმარილო უგემურს, მტკნარს და უკბილოს ნიშნავს. “არილის” გარეშე გატარებული წლები ჩვენთვის ხშირად ასეთი იყო, უგემური. ამ 8 წლის მანძილზე ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაც მოხდა, ახალ საქმეებს მოვეკიდეთ – ახალი ფიქრები, ახალი იდეები, ახალი დასკვნები, იმედგაცრუებები, ნევროზები, მიზანსწრაფულობა, წარმატებები. ზოგი საკუთარ რწმენას და იმედებს აწრთობდა ამ წლების მანძილზე, სხვები დაბნეულობაში პოულობდნენ საზრდოს. ყველაფერი იყო ამ 8 წლის მანძილზე – სიახლეები, ძლიერი შთაბეჭდილებები, თავგადასავლები, შეცდომები, სიყვარული, რისხვა, პატიება. არ იყო მხოლოდ “არილი”, ყოველთვიური ჟურნალი ყოველდღიურობის დასაძლევად, “არილი” ფიქრისთვის და გაქცევისთვის, მარტოობისთვის და ერთიანობისთვის. არსებობდა ბლოგი “არილი”, სადაც ძველ და ხანდახან ახალ მასალებსაც ვაქვეყნებდით, მაგრამ არ გამოდიოდა ჟურნალი “არილი”, ნაბეჭდი, ისეთი, რომლის სურნელსაც ვიგრძნობდით, გადავფურცლავდით, ჩავნიშნავდით.

ბევრი ძვირფასი ადამიანიც დავკარგეთ ამ 8 წლიან უმარილო მონაკვეთში. ალბათ ჩვენშიც ბევრი რამე მოკვდა და შეიცვალა – მკითხველებში, მწერლებში, ახლებში და ძველებში. 8 წელი მემგონი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ადამიანი ან ქვეყანა საფუძვლიანად შეიცვალოს, ასერომ, მოდით ერთად დავაკვირდეთ როგორ შევიცვალეთ ჩვენ, ადამიანები. შევიცალეთ კი საერთოდ? შეიცვალა ჩვენი ქყეყანა? იქნებ ისევ ძველ წრეზე ვტრიალებთ? გავიზარდეთ თუ არა მკითხველები და მწერლები? ფხიზლად ვართ თუ ჩამოგვეძინა? დაგვრჩა დრო ლიტერატურისთვის თუ მხოლოდ სათაურების და ფეისბუკ-სტატუსების თვალიერებისთვის ვიცლით?

დღევანდელ ნომერში შეიმას ჰინის ერთი კარგი ესეს თარგმანს გთავაზობთ, სადაც ასეთი სიტყვებიცაა: ”განა ლიტერატურის საბოლოო ფუნქცია ის არაა, რომ სიხარული და სიამოვნება მიანიჭოს მათ, ვინც იზრდება? ის, აგრეთვე, ცოდნის ჰორიზონტს უფართოებს მათ, ვინც “არ იცვლება”. ბოლოს, ლიტერატურა ტკბილ – ან, შესაძლოა, მღელვარე – მოგონებებს აღუძრავს მათ, ვინც “მოკლდება””. ჩვენი “არილიც” ასეა, იგი მათთვის აღდგა, ვინც იზრდება და პირველად ეხება ლიტერატურას, განიცდის და წვავს ყოველი სიტყვა. აღდგა ერთგული და გამოცდილი მკითხველისთვისაც, ვინც იაზრებს და ტკბება ყოველი სიტყვით. და მათთვისაც, ვისშიც ლიტერატურა მხოლოდ მღელვარე მოგონებებს აღძრავს.

ესაა “არილი” 8 წლიანი პაუზის შემდეგ, ჟურნალი ზუსტად 20 წლიანი დაძველებით.

რედაქტორები

© “არილი

Facebook Comments Box