მაურიციო ბონოს ინტერვიუ. «ლა რეპუბლიკა», 5 სექტემბერი, 2011 წ.
იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ
«ბატონო ეკო, მართალია, რასაც ამბობენ, რომ თავიდან დაგიწერიათ “ვარდის სახელი”, რათა ახალი მკითხველისათვის მოგერგოთ მისი ტექსტი?»
«რას ამბობთ. საზაფხულო აყალ-მაყალია და მეტი არაფერი, – გვპასუხობს მწერალი. – როგორ გგონიათ, ავტორი თავიდან დაწერს წიგნს, რომელსაც უდიდესი წარმატება ხვდა წილად და რომელიც დღემდე ბესტსელერია?»
ამ თემაზე რამდენიმე კვირაა, წერენ არა მხოლოდ იტალიური, არამედ უცხოური გაზეთებიც.
Le Monde-ში პიერ ასოლინი აცხადებს: «ეკომ ხელახლა დაწერა ‘ვარდის სახელი’, უბირთათვის». Telerama გვამცნობს, რომ ყველაფერი ამერიკელ გამომცემელთან კამათით დაწყებულა, რომელსაც უთხოვია ეკოსთვის, ახლაგაზრდა მკითხველზე მოერგო რომანის სტილი. El País კი წერს, რომ ეკომ ტექსტი ინტერნეტის თაობისთვის ხელახლა დაწერა. ამ ინტერვიუში ავტორი ნათელს ჰფენს ყოველგვარ გაუგებრობას.
– პროფესორო, იმდენს ლაპარაკობენ “ვარდის სახელის” “ხელახლა დაწერაზე”, რომ, მგონი, მთლად ტყუილი არ უნდა იყოს…
– აბა რა გითხრათ, ზაფხულია, გაზეთებმაც ხომ უნდა წერონ რამეზე, თუნდაც იმისთვის, რომ ხალხმა მარტო ეკონომიკურ კრიზისზე არ იფიქროს… ახალგაზრდა მკითხველს კი წიგნი ისეთი უნდა მოეწონოს, როგორიც იყო და როგორიც არის, თუ არა და, თავად იციან… როგორც კროჩე ამბობდა, ახალგაზრდის უპირველესი ვალდებულებაა, დაბერდეს.
– უილიამ ბასკერვილელის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, შეცდომებიდან და სიყალბიდანაც სწავლობს ადამიანი: განგაში, რომ “ვარდის სახელის” ტექსტი “დროს მოერგო” და მის მიხედვით ადაპტირდა, შესაძლოა, იმათ შფოთვას უფრო გამოხატავს, ვინც “ფეისბუქის სტილისა” და “სმს”-ების ცივილიზაციის შიშითაა შეპყრობილი…
– მგონი, სწორედ ისინი აცხობენ ენამჭევრ სტატიებს იმაზე, რომ ახალგაზრდები აღარ კითხულობენ – რაც ტყუილია. არ კითხულობს ის – ახალგაზრდა იქნება თუ ხანდაზმული – ვინც არც ადრე კითხულობდა.
– თქვენი შუასაუკუნეების პერსონაჟები მაგონდება, რომლებიც “ჭაღარა სამყაროს დაუძლურებაზე” მოთქვამდნენ, სამყაროზე, სადაც “ყმაწვილთ ცოდნა აღარ სწყურიათ…” მაგრამ გამომცემლობამაც გაავრცელა პრესით ინფორმაცია, სადაც იუწყებოდა, რომ თქვენ საჭიროდ მიიჩნიეთ ტექსტის გადახედვა, რათა ის “ახალგაზრდა მკითხველისთვის უფრო ხელმისაწვდომი გაგეხადათ”.
– რა საინტერესო გამოთქმაა! მის ავტორს, ალბათ, სურდა, წიგნის მაღაზიებისთვის მიენიშნებინა, რომ ახალი გამოცემა ახალი მკითხველის ყურადღებას მიიპყრობდა (ეს კომერციული კრიტერიუმი, პრინციპში, ყველა წიგნისთვის მოქმედებს), მაგრამ უეჭველია (მათთვის მაინც, ვისაც სჯერა, რომ ფხვნილი ”ომო” მართლა სხვა ფხვნილებზე უკეთ ათეთრებს), ასეთმა ფორმულირებამ ბევრს აფიქრებინა, რომ მე მართლა დელფინს მოვარგე ახალი გამოცემა (Il Delfino – საბავშვო წიგნის ცნობილი მაღაზია). არა, ეს წიგნი კვლავაც ვეშაპებზეა გათვლილი. თან, რამდენადაც მახსოვს, გამომცემლობა თავის კომენტარში ხაზს უსვამდა, რომ ავტორს ”წიგნი ხელახლა არ დაუწერია, როგორც სხვა ბევრი ავტორი მოიქცა” და, მგონი, იმასაც ამბობდა, რომ წიგნი 550 გვერდიანია. საკმარისი იქნებოდა, გვერდების რაოდენობა შეემოწმებინათ, როგორც La Stampa-ს ჟურნალისტმა, გრამელინიმ გააკეთა, რათა მიმხვდარიყვნენ, რომ ახალ გამოცემაში 18 გვერდით მეტია, ვიდრე წინაში და ევარაუდათ, რომ ეს ნამდვილად არაა საგანგებოდ რეგვენებისთვის შემოკლებული გამოცემა. უფრო მეტიც: შემოკლებული კი არა, ახალი გამოცემა წინაზე გრძელიც გამოდის (თუმცა, ვფიქრობ, გვერდების რაოდენობაში განსხვავება მაინც არეების გაფართოებამ გამოიწვია, რაც აშკარად საჭირო იყო). მაგრამ ყველაზე უღირსი საქციელი, ჟურნალისტური ეთიკის თვალსაზრისით მაინც, ის იყო, რომ გამომცემლობის კომუნიკაციიდან ამოგლეჯილი, არასრული წინადადების საფუძველზე გულანთებული სალანძღავი სტატიები დაწერეს, ისე, რომ ახალი გამოცემა ნანახიც არ ჰქონდათ, რომელიც, სხვათა შორის, ჯერ არ არსებობს (სტატია სექტემბერში გამოვიდა, ხოლო რომანის შესწორებული გამოცემა – ოქტომბრის ბოლოს. – ხ.ც.). თითოეული სტატია წინა სტატიაზე იყო დაშენებული და ყველა ავტორი იმდენად ზედაპირული აღმოჩნდა, რომ ლაპარაკობდნენ წიგნზე, რომელიც არც წაკითხული ჰქონდათ და არც ხელში სჭეროდათ. როგორც ერთი ჩვენი მეგობარი იტყოდა, ეს დანაშაულზე უარესია: ეს შეცდომაა. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც (იმას რომ თავი დავანებოთ, როგორია მისი სტატია), დარეკა მაინც გამომცემლობაში, შავი ვარიანტის ჩვენებაც ითხოვა და დარწმუნდა, რომ რომანი ხელახლა კი არ დაწერილა, არამედ მასში შეცდომები, ლექსიკური უზუსტობები და ა.შ. ჩასწორდა, იყო პაოლო დი სტეფანო, Corriere-დან. დღეს ხომ ჟურნალისტი, რომელიც თუნდაც დაინტერესდება წყაროთი, პულიცერის პრემიას იმსახურებს.
– კი მაგრამ, როგორ წარდგება ახალი გამოცემა მკითხველის წინაშე?
– კოლოფონში (იქ, სადაც, როგორც წესი, საავტორო უფლება აღინიშნება ხოლმე) ჩაიწერება „ჩასწორებული გამოცემა“. ეს ხშირად კეთდება, როცა წიგნი მრავალი წლის შემდეგ ხელახლა გამოიცემა. ძირითადად ჩავასწორე უზუსტობები, ისეთი ადგილები, სადაც რომელიმე სიტყვა შემაწუხებლად მეორდებოდა სულ რამდენიმე პწკარის დაშორებით; ზოგანაც რიტმი არ მომწონდა, ხანდახან ერთი ზედსართავის შეცვლა ან ერთი ნაწილაკის მოშორება კმარა, რომ მთელმა აბზაცმა შეიძინოს ჰაეროვნება. კბილს რომ გიბჟენენ, ხანდახან გეჩვენება, რომ ახლად გაკეთებული კბილი პირში არ გეტევა; ექიმი წამით გადაატარებს ბორცვზე ბორმანქანას და ვეებერთელა მასა თვალის დახამხამებაში მსუბუქდება, კბილები იდეალურად აჯდება ერთმანეთს. ერთადერთი საგრძნობი განსხვავება, ალბათ, ბიბლიოთეკარის სახის აღწერაში შევიტანე: მინდოდა, მომეშორებინა შემაწუხებელი ნეოგოთური მინიშნება ამ ადგილას. შეცვლილია სულ რამდენიმე პწკარი.
– შეცდომებიც იყო ჩასასწორებელი?
– ცოტა, მაგრამ იყო. ოცდაათი წლის მანძილზე მრცხვენოდა ამ შეცდომების გამო. მაგალითად, თავის დროზე მცენარეთა ერთ ძველ წიგნში შემხვდა cicerbita – ვარდკაჭკაჭას ერთ-ერთი ნაირსახეობა. როგორც ჩანს, მაშინ cucurbita წავიკითხე, რის შედეგადაც დავწერე გოგრა (Cucurbitaceae – გოგრისებრთა ლათინური სახელწოდება). თუმცა, გოგრა შუასაუკუნეების ევროპაში საერთოდ არ იყო ცნობილი, რადგან ის მოგვიანებით, ამერიკის კონტინენტიდან შემოვიდა. იგივე ეხება წიწაკასაც. ერთგან ნახსენები მქონდა ვიოლინო, იმ ეპოქაში კი არსებობდა ჩელოს მსგავსი ინსტრუმენტი, რომელსაც veilla-ს ეძახდნენ, მაგრამ არა ვიოლინო. სადღაც ადსო ამბობს, “რამდენიმე წამშიო”, მაშინ, როცა წამის დროითი განზომილება შუა საუკუნეებში არ ასებობდა.
– და მხოლოდ ოცდაათი წლის შემდეგ გადაწყვიტეთ, ტექსტი მოგეწესრიგებინათ?
– აბა რა გითხრათ, ამ ოცდაათ წელიწადში კიდევ ხუთი რომანი დავწერე და “ვარდის სახელი” ისე მიდიოდა, თავისით, გამოცემიდან გამოცემამდე, თარგმანიდან თარგმანამდე, რომ მე თვალყურისაც მიდევნებასაც ვერ ვასწრებდი. ჩემი შემდგომი რომანების თითოეული მომდევნო გამოცემა ჩასწორებულია. ეს იმიტომაც მოხდა, რომ როგორც კი წიგნი იტალიურად გამოვიდოდა, მაშინვე იწყებდა თარგმანი. მოგახსენებთ, რომ არ არსებობს უფრო სკრუპულოზური და მკაცრი მკითხველი, ვიდრე მთარგმნელია, რომელიც სიტყვა-სიტყვით ამუშავებს ტექსტს. მთარგმნელები ამჩნევენ, რომ აქ რაღაც შეცდომა დაუშვი, აქ სამხრეთის ნაცვლად ჩრდილოეთი გიწერია, რომ ესა თუ ის წინადადება ბუნდოვანია და აზრის გაგება ჭირს, რომ, შესაძლოა, სადმე მძიმე აკლია და ასე შემდეგ. როცა ეს შენიშვნები თითქმის ერთდროულად მოგდის, მეორე, ან მესამე იტალიურ გამოცემაშივე აკეთებ ჩასწორებებს. “ვარდის სახელის” თარგმანები კი ნელ-ნელა წამოვიდა, ერთი-მეორისაგან წლებით იყო დაშორებული, მისი იტალიური გამოცემები კი ელვის სისწრაფით იბეჭდებოდა. გარდა ამისა, არის გამეორებები, რომლებიც საშინლად ჭრის ავტორს ყურს, როცა წიგნს ხელახლა კითხულობს; დღეს ერთი კლავიშის დაჭერით შეგიძლია დათვალო, რამდენჯერ გაქვს გამეორებული ესათუის ზედსართავი ხუთასგვერდიან ტექსტში, “ვარდის სახელის” წერისას კი ჯერ კიდევ საბეჭდ მანქანას ვიყენებდი და ძალიან გვიან აღმომაჩნდა ხელთ კომპიუტერზე აკრეფილი ტექსტი, რომ ასე შემძლებოდა მისი შემოწმება.
– მაშასადამე, მან, ვისაც “ვარდის სახელი” ადრე აქვს წაკითხული, შეიძლება, ვერც კი შენიშნოს ცვლილებები?
– ცხადია, თუ მაინცდამაინც კონტინის მიმდევარი და შენიშვნების, კონსპექტებისა და ჩანაწერების კირკიტა ტრფიალი არ აღმოჩნდება. თუ ვინმე მოისურვებს, სადიპლომო ნაშრომი მიუძღვნას ამ ტექსტში შეტანილ შესწორებებს, აღმოაჩენს, რომ ყველაზე საგრძნობი ცვლილებები ლათინურ ციტატებშია. ლათინური ენა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო და არის იმისთვის, რომ ტექსტს მონასტრის სურნელი შეენარჩუნებინა და შუასაუკუნეების მოსაზრებებიც უფრო დამაჯერებელი და ავთენტური ყოფილიყო. თანაც, ლათინურს ერთგვარი პენიტენციური ფუნქციაც ჰქონდა. მაგრამ შემაწუხა იმ ფაქტმა, რომ ბევრი მკითხველი მეუბნებოდა, რომ ლექსიკონის გამოყენება დასჭირდა ლათინური ციტატების შინაარსის გასაგებად. ის არ მადარდებს, სადაც ლათინურად წიგნების სათაურები მაქვს აღნიშნული: ეს ისტორიული დისტანცირების მიზნითაც მნიშვნელოვანი და საჭიროა. მაგრამ ზოგან შევნიშნე, რომ ვინც ციტატის შინაარსს ვერ გაიგებდა, ვერ მიხვდებოდა, რას ვამბობდი იმ მონაკვეთში. გერმანელმა გამომცემელმა (და აქვე ვიტყვი, რომ გერმანელი მკითხველი განათლებული მკითხველია) საჭიროდ მიიჩნია, სქოლიოში ციტატების თარგმანი მიეცა მკითხველისთვის, რამაც მაშინ ძალიან გამაღიზიანა. თავის დროზე ჩემმა ამერიკელმა გამომცემელმა, ჰელენ ვოლფმა შენიშნა, რომ ევროპელ მკითხველს, თუნდაც მას ლათინური სკოლაში არ ჰქონდეს ნასწავლი, ლათინური არ ეუცხოვება. ლათინური ჩვეული და შინაურია ევროპელისთვის, მისი თვალი მუდმივად ხვდება ლათინურ წარწერებს ტაძრების, სასახლეების კედლებზე. ევროპელს უამრავი ფილოსოფიური, იურიდიული, რელიგიური ლათინური გამოთქმა ესმის ცხოვრების მანძილზე, ამიტომ მას არ შეაშინებდა ისეთი სიტყვები, როგორიცაა, მაგალითად, dominus ან legitur. ამერიკელი მკითხველისთვის კი მათი აღქმა ბევრად უფრო ძნელია – როგორც ჩვენთვის, მაგალითად, უნგრული ციტატებით სავსე წიგნის წაკითხვა იქნება. ამრიგად (ოცდაათი წლის წინ, ხაზს ვუსვამ) ჩემს მთარგმნელთან, ბილ უიევერთან ერთად ლათინური ციტატების ოდნავ შემსუბუქებას შევუდექი. ზოგან ტექსტშივე ვაკეთებდით ერთგვარ პერიფრაზს ინგლისურად, თუ მთელი ციტატისა არა – მისი არსებითი ნაწილისა მაინც. მუშაობის პროცესში მახსენდებოდა, რომ ჩემს მხარეში, როცა დიალექტზე საუბრობენ, სათქმელის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ხშირად იტალიურად იმეორებენ ხოლმე, რათა უფრო ნათელი იყოს აზრი. იგივე კრიტერიუმი გამოვიყენე ამ იტალიური გამოცემისთვისაც. მაგალითს მოვიყვან: ერთგან უილიამი ბეკონის სიტყვებს იგონებს და ამბობს: “ქრისტიანული მეცნიერება ხელახლა უნდა დაეუფლოს ამ ცოდნის საგანძურს, ჩამოართვას იგი წარმართთა და მწვალებელთ,tamquam ab iniustis possessoribus”. ახალ გამოცემაში ეს მონაკვეთი ასეა ფორმულირებული: “ქრისტიანული მეცნიერება ხელახლა უნდა დაეუფლოს ამ ცოდნის საგანძურს, ჩამოართვას იგი წარმართთა და მწვალებელთ, tamquam ab iniustis possessoribus, როგორც უკანონო მფლობელთ.”
– ანუ, არანაირი “სმს” სტილი და გაადვილებული საკითხავი დათრგუნული მკითხველისთვის, როგორც ვხვდები.
– ვაიმე, ამას ნუ ამბობთ, მუცელი მტკივა სიცილით. ეს შესწორებები უფრო ჩემთვისაა გაკეთებული, რომ მე ვიგრძნო თავი კომფორტულად: უპირველეს ყოვლისა, სტილისტური თვალსაზრისით, თუმცა, ზოგან – თხრობის მეტი სისხარტისათვის, ზოგან – რიტმის დასახვეწად, მაგრამ არა დათრგუნული მკითხველისთვის კითხვის გასაადვილებლად. წიგნი იგივეა, რაც ადრე იყო და კვლავაც მომავალშიც დათრგუნავს მკითხველს. იმას კი გეტყვით, რომ ეს საქმე (ხელახლა გადაკითხვა, ჩასწორება, გალამაზება, დალაქივით, რომ გაგკრეჭს და მერე სარკით დაგანახებს საკუთარ კეფას, რომ საბოლოოდ გააკოხტავოს ნამუშევარი) ძალიან მომეწონა. ახლა უკვე, როცა თავისუფალი დრო მექნება, ჩემს სხვა რომანებსაც გადავხედავ და ჩავასწორებ.
– ისიც ითქვა, უცხოელ გამომცემლებს ხელახლა მოუწევთ თარგმანების გამოცემაო…
რას ამბობთ. ჯერ ერთი, ამ შესწორებების ნახევარზე მეტი თარგმანების უმრავლესობაში საერთოდ არ აისახება. თანაც, ჩემს მთარგმნელებს ახალ ვერსიას გავუგზავნი, სადაც წითლად იქნება ხაზგასმული ჩასწორებული ადგილები, ასე რომ სულ რაღაც რამდენიმე საათში შეძლებენ ტექსტის გადახედვას და იმ შესწორებების შეტანას, რომლებსაც ისინი მიიჩნევენ თავიანთი გამოცემისთვის მნიშვნელოვნად.
“ვარდის სახელის” “შესწორებულ ვერსიას” ერთვის ავტორის შენიშვნა, სადაც ის განმარტავს, თუ რატომ და რა ტიპის შესწორებები შეიტანა ტექსტში: ამბობს, რომ ჩაასწორა გამეორებები, “გაპარული შეცდომები” და, ზოგ შემთხვევაში, “შეკვეცა და განმარტა ლათინური ციტატები”. ეკოს ბესტსელერი, რომელიც პირველად 1980 წელს გამოვიდა და 1982 წელს სტრეგას პრემიის მფლობელი გახდა, 47 ენაზეა თარგმნილი. (იტალიურ ენაზე გაყიდულია “ვარდის სახლის” ექვს მილიონ ნახევარზე მეტი ეგზემპლარი). გაზეთმა Le Monde რომანი XXI საუკუნის 100 ძირითადი წიგნის სიაში შეიტანა. 1983 წელს კი New York Times-მა ის წლისპირველ ბესტსელერად დაასახელა.
© “არილი”
One Comment
Anonymous
რამდენი ხანია არაფერი დამატებია ბლოგს, იმედია ყველაფერი წესრიგშია 🙁 ყველაზე საინტერესო ბლოგია ალბათ ნეტში რასაც ვკითხულობ რეგულარულად.