ესე,  ესე (თარგმანი),  კრიტიკა,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლექცია,  ლიტერატურათმცოდნეობა

უმბერტო ეკო – გავლენის რაობაზე: ეკო და ბორხესი

იტალიურიდან თარგმნა ნათია აბრამიშვილმა

აქ ყოფნა ცოტა მეუხერხულება, რადგან ყოველთვის მიმაჩნდა, რომ კარდიოლოგების კონფერენციაზე გულით დაავადებული არ უნდა მიიწვიო. ჩემი ვალი, გარდა ამ დღეებში ჩემდამი თქმული კეთილი სიტყვებისთვის მადლობის გადახდისა, ისიცაა, რომ დუმილი არ დავარღვიო და ბოლომდე პატივი ვცე შემდეგ მოსაზრებას: დაწერილი ტექსტი ბოთლში ჩადებული წერილივითაა. ეს კი სულაც არ ნიშნავს, რომ ტექსტის წაკითხვა ნებისმიერი გზით შეიძლება. აქ ის იგულისხმება, რომ მას დაგვიანებით უნდა გაეცნო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ის კომენტარები და შენიშვნები, რომლებიც ამ დღეების მანძილზე ჩავინიშნე, სათითაოდ არ განვავრცო.

მირჩევნია, თქვენ მიერ წამოჭრილი იდეები გამოვიყენო და გავლენის არსი განვიხილო. იგი საკმაოდ მნიშვნელოვანი ცნებაა კრიტიკის, ლიტერატურის ისტორიისა და ნარატოლოგიისთვის. ამასთანავე, ის საკმაოდ საშიში კონცეპტიცაა. ბოლო დღეების მანძილზე ეს საშიშროება ბევრჯერ დავინახე და სწორედ ამაზე მინდა გესაუბროთ.

როცა ორ ავტორს – A და B შორის გავლენაზე ვსაუბრობთ, საქმე გვაქვს შემდეგი ორიდან ერთ-ერთ ვარიანტთან:

  1. A და B ერთ პერიოდში წერდნენ. შეგვიძლია, მაგალითად, ვიდავოთ, იყო თუ არა ურთიერთგავლენა პრუსტსა და ჯოისს შორის. რეალურად, არ იყო. მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ და ერთმანეთზე მეტ-ნაკლებად ამგვარი მოსაზრებისა იყვნენ: ,,არ მომწონს იგი, მის შემოქმედებასაც ძალიან ცუდად ვიცნობ.’’
  2. A ქრონოლოგიურად წინ უსწრებს B-ს, როგორც ამ დღეებში განხილვის საგნად ქცეულ შემთხვევაში იყო, შესაბამისად, საუბარია მხოლოდ A-ს გავლენაზე B-ზე.

თუმცა, ლიტერატურასა და ფილოსოფიაში გავლენის რაობაზე ვერ ვილაპარაკებთ, თუ სამკუთხედის თავზე X-ს არ დავსვამთ. რა დავარქვათ ამ X-ს? კულტურა? წინამორბედი გავლენების ჯაჭვი? ჩვენი განხილვების ერთგულნი რომ დავრჩეთ, მოდი, მას ენციკლოპედიის სამყარო ვუწოდოთ. X-ის მხედველობაში ქონა აუცილებელია, მითუმეტეს ბორხესის შემთხვევაში, რომელიც ჯოისის მსგავსად, (თუმც კი განსხვავებული ხერხით) უნივერსალურ კულტურას თამაშის ინსტრუმენტად გამოიყენებდა. სწორედ ბორხესის შემთხვევაში იძენს ფაქტორი X განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

A-სა და B-ს შორის დამოკიდებულება შეიძლება სხვადასხვაგვარად წარმოვადგინოთ:

  1. B -> A (X)

B აღმოაჩენს რაღაცას A-ს შემოქმედებაში და ვერ ხვდება, რომ ამ რაღაცის უკან X დგას.

  1. B -> A -> (X)

B აღმოაჩენს რაღაცას A-ს შემოქმედებაში და A-ს შემოქმედების გავლით გადის  X-ზე

  1. B -> (X)

B დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ X-თან და საერთოდაც არ იცის, რომ X A-ს ნაწარმოებშიცაა

  1. B -> (X) -> A

B აღმოაჩენს X-ს და მხოლოდ მაშინ ხვდება, რომ X A-ს შემოქმედებაშიცაა

მიზნად არ მაქვს ჩემი და ბორხესის ურთიერთობის ზუსტი სურათი დავხატო, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე მაგალითს შემოგთავაზებთ, თანაც შემთხვევითი თანმიმდევრობით. ზოგიერთმა თქვენგანმა, შეიძლება, ჩემი მაგალითები სამკუთხედის სხვადასხვა პოზიციებს მიუსადაგოს. გარდა ამისა, შესაძლოა, ეს მომენტები ერთმანეთშიც აირიოს, რადგან გავლენის არსის განხილვის დროს აუცილებელია მეხსიერების დროებითობის გათვალისწინება: მწერალს შესაძლოა შესანიშნავად ახსოვდეს სხვა ავტორის აზრი, რომელიც მან, ვთქვათ, 1958 წელს წაიკითხა, 1989 წელს, ნაწარმოების წერისას, სულაც აღარ აგონდებოდეს, 1990 წელს კი ხელახლა აღმოაჩინოს იგი (ან უბიძგონ, რომ აღმოაჩინოს). შესაძლებელია გავლენების ფსიქოანალიზის შემუშავებაც. მაგალითად, ჩემს შემოქმედებაში შემჩნეულია ისეთი გავლენები, რომელთა შესახებაც მშვენივრად ვიცოდი, ასევე ისეთები, რომელთაც გავლენა ვერ ეწოდება, რადგან მათი წყარო ჩემთვის ცნობილი არ იყო და არიან ისეთებიც, რომელთა არსებობამ გამაკვირვა, თუმცა, საბოლოოდ, მათი არსებობა დავიჯერე. ასეთია, მაგალითად, ჯორჯო ჩელის მიერ აღმოჩენილი დიმიტრი მერეზკოვსკის ისტორიული რომანების გავლენა. უნდა ვაღიარო, რომ ეს ნაწარმოებები 12 წლის ასაკში მართლაც წავიკითხე, თუმცა წერის დროს მათზე სულაც არ ვფიქრობდი.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი დიაგრამა არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. A-ს, B-ს და იმ ათასწლოვანი ჯაჭვის გარდა, რომელსაც X წარმოადგენს, გვაქვს აგრეთვე Zeitgeist. ცაიტგაისტი არც მეტაფიზიკური კონცეპტია და არც მეტაისტორიული. იგი შეიძლება გავიგოთ, როგორც ურთიერთდამოკიდებულ გავლენათა ჯაჭვი. საოცარი ისაა, რომ იგი პატარა  ბავშვის გონებაშიც კი არსებობს. მარია ტერეზა სერაფინის ანთოლოგიაში (Come si scrive un romanzo, Milano, Bompiani, 1986), რომელშიც იტალიელი ავტორები არა მხოლოდ იმას ჰყვებიან, თუ როგორ წერენ, არამედ, იმასაც, თუ რატომ დაიწყეს წერა, ამოიკითხავთ ამბავს,  როგორ ვიპოვე ძველ უჯრაში ჩემ მიერ 1942 წელს  დაწერილი მოთხრობა. მას ,,კალენდარი’’ ჰქვია და აღწერს ამბავს ჯადოქართა ჯგუფზე, რომელიც რაღაც უცნაურ ქვეყანას აშენებს. დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს მოთხრობა საკმაოდ ბორხესისეულია, თუმცა აშკარაა, 10 წლის ასაკში ბორხესი წაკითხული ვერ მექნებოდა (მითუმეტეს უცხო ენაზე). იმავეს ვიტყოდი მე-16, მე-17 და მე-18 საუკუნის უტოპიურ ნაწარმოებებზე იდეალური სამყაროს შესახებ. თუმცა, წაკითხული მქონდა ბევრი სათავგადასავლო წიგნი, ზღაპარი და ,,გარგანტუა და პანტაგრუელის’’ შემოკლებული საბავშვო ვერსიაც კი. ვინ იცის, ამ ყველაფერმა რა ქიმიური რეაქციები მოახდინა ჩემს წარმოსახვაში!

ცაიტგაისტმა შესაძლოა დროის ისრის შემობრუნებაზეც დაგვაფიქროს. იმავე ესეში, რომელშიც ჩემი წერის სტილზე ვსაუბრობ, ვყვები, თუ როგორ დავწერე 16 წლის ასაკში (დაახლოებით 1948 წელს) მოთხრობა პლანეტებზე: მთავარი მოქმედი გმირები არიან დედამიწა, მთვარე, ვენერა, რომელსაც მზე უყვარდება და ა.შ. რაღაც ,,კოსმოკომიქსის’’ მსგავსია. ახლაც მეცინება იმის გახსენებაზე, თუ როგორ მოახერხა კალვინომ წლების შემდეგ ჩემი სახლის დაყაჩაღება და ამ მოთხრობის ერთადერთი ეგზემპლარის აღმოჩენა. რა თქმა უნდა, ვხუმრობ, მაგრამ იმის თქმას ვცდილობ, რომ ზოგჯერ ცაიტგაისტის უნდა გწამდეს.

და ბოლოს, ბევრ ავტორს შეიძლება ჰქონდეს საერთო სამწერლო თემა, რადგან ეს თემები, ასე ვთქვათ, სინამდვილიდან მოდის. მაგალითად, ,,ვარდის სახელის’’ გამოქვეყნების შემდეგ მრავალი ისეთი წიგნი გაიხსენეს, რომელშიც მონასტერი იწვის, ამ წიგნთა უმრავლესობა კი წაკითხულიც არ მქონდა. იმის აღნიშვნა ყველას დაავიწყდა, რომ შუა საუკუნეებში მონასტრებისა და ტაძრების დაწვა ჩვეული მოვლენა იყო. თუ ვინმე წყნარ ოკეანეში ამერიკელთა ომზე ფილმის გადაღებას გადაწყვეტს და სცენარში თვითმფრინავი ვარდება, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რომელიმე სხვა ფილმის სცენარს იმეორებს? ომის დროს თვითმფრინავების ჩამოცვენა ხომ ხშირია!

ახლა კი ჩვენს დიაგრამას ცოტა დავცილდები და სამებაში – intentio auctoris, intentio operis, intentio lectoris ახალ წევრს – intentio intertextualitatis-ს შემოვიტან, რომელიც ჩემს განხილვაში საკმაოდ დიდ როლს შეასრულებს. ნება მომეცით, კვლავ შემთხვევითი თანმიმდევრობით განვიხილო ჩემი და ბორხესის ურთიერთობის სამი ტიპი: 1. შემთხვევები, როცა გააზრებული მქონდა ბორხესის გავლენა. 2. შემთხვევები, როცა გააზრებული  არ მქონდა, მაგრამ მკითხველებმა (და თქვენც ბოლო დღეების მანძილზე) მაიძულეს მეღიარებინა, რომ ქვეცნობიერად ბორხესის გავლენის ქვეშ ვიყავი. 3. ასეთ შემთხვევებში, სამკუთხედსა და ინტერტექსტუალობის სამყაროს რომ თავი დავანებოთ, იქამდე მივდივართ, რომ სამმხრივ გავლენას ორმხრივად მივიჩნევთ ხოლმე. იმის თქმა მინდა, რომ ბორხესს კულტურის სამყაროსი მართებს. ასე, რომ იმას, რასაც ბორხესი ამაყად კულტურისგან ნასესხებად აცხადებდა, ბორხესს ვერ მივაწერთ. გუშინ მისთვის შემთხვევით არ გვიწოდებია ,,შეშლილი არქივარიუსი’’. ბორხესის სიშმაგე შეუძლებელია იმ არქივის გარეშე არსებობდეს, რომელზეც იგი მუშაობდა. მჯერა, მისთვის, რომ ეთქვათ: ,,შენ ეს გამოიგონე’’, უპასუხებდა: ,,არა. არა! ეს უკვე არსებობდა!’’. და ამაყად მოიყვანდა პასკალის იმ ფრაზას, რომელიც ,,სემიოტიკის თეორიის’’ ეპიგრაფად ავირჩიე: ,,და არავის მივცემ უფლებას მითხრას, რომ ახალი არაფერი მითქვამს. La disposition des matiéres est nouvelle’’.

ამ ყველაფერს იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი ვალები (რომლებიც ბევრია) უარვყო. მინდა თქვენც და ჩემი თავიც იმ დასკვნამდე მივიყვანო, რომელიც, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია აქ მყოფთათვის. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის და ბორხესისთვის ასეა. დასკვნა კი შემდეგია: წიგნებს ერთმანეთს შორის საუბრის უნარი აქვთ.

1955 წელს ეინაუდის გამომცემლობამ Gettoni-ს სერიის ფარგლებში ბორხესის Ficciones (,,ფიქციები’’) დაბეჭდა სათაურით La biblioteca di Babele (ბაბილონის ბიბლიოთეკა). ამ წიგნის დაბეჭდვა გამომცემლობას დიდებულმა პოეტმა – სერჯო სოლმიმ ურჩია. მე მას დიდ პატივს ვცემ, განსაკუთრებით მომწონს მისი ესე სამეცნიერო ფანტასტიკაზე, როგორც ფანტასტიკის სახეობაზე, რომელიც რამდენიმე წლით ადრე დაწერა. ნახეთ, როგორ თამაშობს ცაიტგაისტი: სოლმი აღმოჩანეს ბორხესს ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის კითხვისას, რომელიც, თავის მხრივ (ალბათ, გაუცნობიერებლად), XVII-XVIII საუკუნის უტოპიური მოთხრობის სტილშია დაწერილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უილკინსმაც დაწერა წიგნი მთვარის მკვიდრთა შესახებ. შესაბამისად, იგი გოდუინისა და დანარჩენების მსგავსად, უკვე მოგზაურობდა სხვა სამყაროებში. ალბათ, 1956 ან 1957 წელი იქნებოდა, როცა მილანში, კათედრალის მოედანზე (Piazza del Duomo) სეირნობისას სოლმიმ მითხრა: ,,ეინაუდის მე ვურჩიე ამ წიგნის დაბეჭდვა და 500 ეგზემპლარიც კი ვერ გავყიდეთ. წაიკითხეთ, ძალიან კარგია.’’ სწორედ მაშინ შემიყვარდა პირველად ბორხესი და რადგანაც წიგნი მხოლოდ მე მქონდა, მეგობრებს ვსტუმრობდი და მათ ,,პიერ მენარიდან’’ ამონარიდებს ვუკითხავდი.

იმ პერიოდში პასტიჩო-პაროდიების წერას ვიწყებდი, რომლებიც შემდეგ ერთ წიგნად – Diario minimo-დ (მცირე დღიური) იქცა. რით ვიყავი შთაგონებული? ალბათ, ღვთაებრივი კომედიის პაროდიით, რომელიც 11 წლის ასაკში დავწერე და რომელსაც La Diacqua Commedia ვუწოდე. უფრო დიდი გავლენა კი, ალბათ, პრუსტის Pastiches et mélanges-მა (,,სტილიზაცია და ნარევი’’) მოახდინა და როცა ,,მცირე დღიურის’’ თარგმანი საფრანგეთში გამოიცა, სათაურად Pastiches et postiches-ც კი ავირჩიე. 1963 წელს წიგნის იტალიაში გამოცემამდე ისიც ვიფიქრე, მისთვის ელიო ვიტორინის Piccola Borghesia-ს (,,წვრილი ბურჟუაზია’’) მიბაძვით Piccola Borges-ia[1] მეწოდებინა. ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ დაგანახოთ, როგორ დაიწყო გავლენებისა და გამოძახილების თამაში.

თუმცა, იმ პერიოდში ბორხესზე მინიშნების უფლებას ჩემს თავს ვერ მივცემდი, რადგან იტალიაში მას ძალიან ცოტა თუ იცნობდა. იტალიაში ბორხესმა სახელი მხოლოდ მომდევნო ათწლეულში დაიმკვიდრა მას შემდეგ, რაც მისი დანარჩენი ნაწარმოებებიც გამოქვეყნდა. თუმცა, ყველაზე დიდი დამსახურება ამ საქმეში მაინც ჩემს უძვირფასეს მეგობარს – დომენიკო პორციოს მიუძღვის. იგი დიდი ინტელექტუალური ღიაობით და განსწავლულობით გამოირჩევა, თუმცა როგორც კრიტიკოსი, ტრადიციულია.

იმ ეპოქაში, როცა ჩვენთან ახალ ავანგარდიზმზე იყო კამათი გაჩაღებული, ბორხესს სულაც არ მიიჩნევდნენ ავანგარდისტ მწერლად. ეს ის დროა, როცა პოეზიის ანთოლოგია ,,Novissimi’’ და ჯგუფი 63 გამოჩნდა, რომლის წევრებიც ჯოისითა და გადათი იყვნენ შთაგონებულები. ნეო-ავანგარდისტები ექსპერიმენტებს აღმნიშვნელზე ატარებდნენ (ბარემ ისიც თქვათ, რომ მათი ნიმუში არაწაკითხვადი წიგნი იყო); ბორხესი კი კლასიკური ენით წერდა, იგი აღსანიშნზე მუშაობდა, რაც  ჩვენთვის მიუღებელი იყო. მისი არსებობა გვაწუხებდა, რადგან მას ჩარჩოებში მარტივად ვერ ვათავსებდით. უხეშად რომ ვთქვა (და, გთხოვთ, პოლიტიკური მნიშვნელობით ნუ გაიგებთ), თუ ჯოისი და რობ-გრიიე მემარცხენეები იყვნენ, ბორხესი მემარჯვენე გამოდიოდა. ზოგიერთი ჩვენგანისთვის იგი საიდუმლო სიყვარულიც კი იყო. ბორხესი მემარცხენე მხოლოდ მოგვიანებით, გრძელი გზის გავლით გახდა.

60-იანი წლების დასაწყისში ფანტასტიკური ჟანრი ან ტრადიციული ფანტასტიკა იყო ან სამეცნიერო ფანტასტიკა, შესაბამისად, ესეს დაწერა ფანტასტიკასა თუ სამეცნიერო ფანტასტიკაზე ლიტერატურის თეორიის ხსენების გარეშეც შეიძლებოდა. ვფიქრობ, ბორხესისადმი ინტერესი 60-იანი წლების შუა პერიოდში გაღვივდა და ეს მოვლენა სტრუქტურალისტურ და სემიოლოგიურ მოძრაობებთანაა დაკავშირებული.

აქ ერთ შეცდომაზე მინდა მოგახსენოთ, რომელიც სამეცნიერო ნაშრომებშიც ხშირადაა: ამბობენ, რომ იტალიური ნეო-ავანგარდია (ჯგუფი 63) სტრუქტურალისტური მიმართულებისა იყო. სინამდვილეში, ამ ჯგუფში ჩემ გარდა სტრუქტურალიზმი არავის აინტერესებდა და ჩემთვისაც იგი ფარული გატაცება იყო, რომელიც პავიისა (სეგრე, კორტი, ავალე) და პარიზის (ჩემი და სხვათა შეხვედრები ბარტთან)  საუნივერსიტეტო სივრცეებში დამებადა.

რატომ ვამბობ, რომ ინტერესი ბორხესისადმი სტრუქტურალიზმთან ერთად გაჩნდა? ზუსტად იმიტომ, რომ ბორხესი ექსპერიმენტებს არა სიტყვებზე, არამედ კონცეპტუალურ სტრუქტურებზე ატარებდა და მხოლოდ სტრუქტურალისტური მიდგომით შეიძლებოდა მისი შემოქმედების გაანალიზება და გაგება.

მოგვიანებით, როცა ,,ვარდის სახელის’’ წერა დავიწყე, ეჭვგარეშეა, ბიბლიოთეკის აგებისას ბორხესზე ვფიქრობდი. ეინაუდის ენციკლოპედიაში ჩემს სტატია ,,კოდს’’ (Codice) თუ მოძებნით, ნახავთ, რომ მის ერთ-ერთ ნაწილში ბაბილონის ბიბლიოთეკაზე (Biblioteca di Babele) ვატარებ ექსპერიმენტს. ეს სტატია 1976 წელს ანუ ,,ვარდის სახელის’’ დაწყებამდე ორი წლით ადრე დავწერე, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ბორხესისეული ბიბლიოთეკით კარგა ხანი იყო, შეპყრობილი ვიყავი. უშუალოდ წერის დაწყებისას კი თავისთავად მომივიდა ბიბლიოთეკისა და ბრმა ბიბლიოთეკარის იდეა, რომელსაც ხორხე დე ბურგოსი დავარქვი. ზუსტად არ მახსოვს, ამ სახელის დარქმევის მერე წავედი ბურგოსში, თუ მხოლოდ იმიტომ შევარჩიე ეს სახელი, რომ შუა საუკუნეებში იქ პერგამენტის ნაცვლად pergamino de pañoს ანუ ქაღალდის წარმოების ფაქტის შესახებ ვიცოდი. ზოგჯერ მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება, ხან რას წაიკითხავ, ხან რას და ბოლოს ვეღარ ხვდები, რას რა უძღოდა წინ.

მერე ყველა მეკითხებოდა, თუ რატომ გახდა ხორხე ჩემი წიგნის უარყოფითი პერსონაჟი. მე კი მხოლოდ იმის თქმა შემეძლო, რომ, როცა მას სახელი დავარქვი, წარმოდგენაც არ მქონდა, რას მოიმოქმედებდა (ასე ხდებოდა ჩემი ბევრი სხვა რომანის შემთხვევაშიც, ასე რომ, ზუსტი ალუზიების პოვნის მცდელობა მხოლოდ დროის ფუჭი კარგვაა). თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ, როცა ბორხესის აჩრდილი ამედევნა, ,,სიკვდილისა და კომპასის’’ გავლენის ქვეშ ვიყავი. ეს მოთხრობა წაკითხულიც მქონდა და ძალიანაც მიყვარდა იგი. აი, ნახეთ რა უცნაურია გავლენების თამაში: იმ მომენტში, როცა ხორხესა და უილიამის ორმხრივი ცდუნების სცენას აღვწერდი, ვინმეს რომ ეკითხა, ვიტყოდი, პრუსტზე ვფიქრობ-მეთქი: კერძოდ კი, შარლიუს მიერ ჟიუპიენის შეცდენის სცენაზე, რომელსაც ავტორი ყვავილის ირგვლივ მოზუზუნე ფუტკრის მეტაფორით აღწერს.

ამას გარდა, სხვა ლიტერატურულ ნიმუშებსაც ვიყენებდი, მაგალითად, დოქტორ ფაუსტს. ის, თუ როგორ ყვება მოხუცი ადსო ახალგაზრდული თვალით დანახულ ამბავს, დიდად ეხმიანება სერენუს ცაიტბოლმის მიერ დანახულ ადრიან ლევერკუნის ისტორიას. აი, კიდევ ერთი გავლენა, რომელიც ბევრმა ვერ შენიშნა: კრიტიკოსთაგან ძალიან ცოტას მოაგონდა დოქტორი ფაუსტი, სამაგიეროდ ბევრმა დაინახა ალუზიური კავშირი ნაფტასა და სეტემბრინის დიალოგებთან „ჯადოსნური მთიდან’’.

სხვა მაგალითებსაც დავასახელებ, მანამდე კი მინდა მადლობა ვუთხრა მას, ვინც ,,ფუკოს ქანქარაზე’’ ,,ბუვარისა და პეკუშეს’’ (Bouvard et Pécuchet) შესაძლო გავლენაზე ისაუბრა. იმ დროს მართლაც ბევრს ვფიქრობდი ამ წიგნზე და მისი გადაკითხვაც კი განვიზრახე, თუმცა, საბოლოო ჯამში, აღარ წავიკითხე – რაღაც გაგებით, პიერ მენარობა მოვინდომე.

განსხვავებული შემთხვევაა ჩემი გადაკვეთა როზენკროიცერებთან, რამაც განსაზღვრა კიდეც „ფუკოს ქანქარის’’ სტრუქტურა. ოკულტური მეცნიერებებისთვის ახალგაზრდობიდან მოყოლებული ცალკე თარო მქონდა გამოყოფილი, მერე, ერთ დღესაც ხელში სულელური წიგნი ჩამივარდა როზენკროიცერებზე და სწორედ მაშინ გადავწყვიტე ,,ბუვარი და პეკუშე’’ შემექმნა ოკულტურ იდიოტიზმზე. ამის შემდეგ, ერთი მხრივ, დაბალი დონის ოკულტისტების ტექსტები მოვიძიე, ხოლო, მეორე მხრივ, ისტორიულად სანდრო წყაროები როზენკროიცერებზე. რომანის წერა კარგა ხნის დაწყებული მქონდა, როცა ,,ტლონი’’ ჩამივარდა ხელში, რომელშიც ბორხესი როზენკროიცერებზე საუბრობს. როგორც ხშირად სჩვევია, ამას არაპირდაპირ წყაროებზე დაყრდნობით აკეთებს (დე ქუინსის ეყრდნობა), თუმცა საკითხი აშკარად იმ სწავლულებზე უკეთ ესმის, ვინც ამ საქმეს მთელი ცხოვრება მიუძღვნეს.

ერთ-ერთი მორიგი კვლევის დროს ხელში არნოლდის მონოგრაფია ჩამივარდა, რომელიც იმხანად აღარ იბეჭდებოდა. როცა ,,ფუკოს ქანქარა’’ გამოვიდა, ვთქვი, რომ არნოლდის ნაშრომი იტალიურად უნდა თარგმნილიყო. ერთმა ფრანგმა გამომცემელმა მაშინვე გადაწყვიტა მისი ხელახლა დაბეჭდვა და წინასიტყვაობის დაწერა მთხოვა. სწორედ ამ წინასიტყვაობაში ვახსენე პირველად და გაცნობიერებულად ბორხესი, საკუთრივ კი მისი ,,ტლონი, უქბარი, ორბის ტერტიუსი“.

მაგრამ ვის შეუძლია გამორიცხოს, რომ წლების წინ, ,,ტლონის’’ წაკითხვის მერე, ჩემი ტვინის შორეულ კუნჭულში სიტყვა როზენკროიცელი არ ამოიტვიფრა, რომელიც ათწლეულების შემდეგ (როცა შტერი როზენკროიცელის წიგნი წავიკითხე) ბორხესისეული მეხსიერების წყალობით ამომიტივტივდა გონებაში?

ამ დღეებში ბევრი ფიქრი მომიხდა იმაზეც, თუ რამხელა გავლენა აქვს ჩემზე „პიერ მენარის მოდელს’’. ეს არის წიგნი, რომლიდან ციტირებაც არასდროს შემიწყვეტია. რა გზით განსაზღვრა მან ჩემი სამწერლო სტილი? ვიტყოდი, რომ ნამდვილ ბორხესისეულ გავლენას ,,ვარდის სახელში’’ ლაბირინთი-ბიბლიოთეკა სულაც არ წარმოადგეს. კნოსოსიდან მოყოლებული, სამყარო სავსეა ლაბირინთებით, პოსტმოდერნიზმის თეორეტიკოსების მიხედვით კი, ლაბირინთი თანამედროვე ლიტერატურაში ძალიან გავრცელებული ხატია. ბორხესის გავლენა სულ სხვა რამეში გამოიხატა: მე შუა საუკუნეების ამბავს ხელახლა ვყვებოდი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლოს ვიყავი იმდროინდელ რეალობასთან, თანამედროვე მკითხველი მასში მაინც სხვა მნიშვნელობას დაინახავდა. ვიცოდი, რომ მე-14 საუკუნეში ფრატიჩელებსა და ფრა დოლჩინოს შორის მომხდარი ნამდვილი ამბავი რომ მომეყოლა, მკითხველი (სულ რომ არ მნდომოდა) მასში პირდაპირ მინიშნებებს ამოიკითხავდა წითელ ბრიგადებზე. საკმაოდ გავმხიარულდი, როცა აღმოვაჩინე, რომ ფრა დოლჩინოს მეუღლეს, რენატო კრუჩოს მეუღლის მსგავსად, მარგერიტა ერქვა. ,,მენარის მოდელი’’ მუშაობდა, თანაც გაცნობიერებულად: მშვენივრად ვიცოდი, რომ დოლჩინოს ცოლში მკითხველი კრუჩოს ცოლს ამოიცნობდა.

,,მენარის მოდელის’’ შემდეგ მინდა ,,ავეროესის მოდელზე’’ ვისაუბრო. ავეროესისა და თეატრის ამბავი ყოველთვის აღმაფრთოვანებდა და, მართლაც, ერთადერთი ესე, რომელიც თეატრის სემიოტიკაზე დავწერე, სწორედ ავეროესით იწყება. რა არის ამ ამბავში ასეთი განსაკუთრებული? ის, რომ ბორხესის ავეროესი შტერია არა ტრადიციული, არამედ კულტურული გაგებით. მის თვალწინ რეალობაა (ბავშვები, რომლებიც თამაშობენ), რომელსაც წიგნში მონათხრობს ვერ უკავშირებს. სხვათა შორის, ამ დღეებში ერთი უხეში შედარება მომივიდა აზრად: ავეროესის შემთხვევა რუსი ფორმალისტების მიერ პოეტიკაში აღწერილი ,,გაუცხოების’’ მოვლენის ეკვივალენტია. ეს მოვლენა თავის თავში გულისხმობს საგნის იმგვარად აღწერას, თითქოს ადამიანი მას პირველად ხედავდეს, შესაბამისად, მკითხველისთვის იგი რთულად აღსაქმელია. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს რომანებში ,,ავეროესის მოდელი’’ ამოვაბრუნე: პერსონაჟი (რომელიც კულტურულად შტერია) გაოცებული აღწერს ნანახს და ბევრს ვერაფერს ხვდება, მკითხველი კი პირიქით, მარტივად აღიქვამს საქმის არსს. მაშასადამე, იმისთვის ვიღვწი, რომ ჭკვიანი ავეროესი შევქმნა.

შეიძლება, როგორც ვიღაცამ აღნიშნა, სწორედ ესაა ჩემი შემოქმედების პოპულარობის მიზეზი: მე გაუცხოების ტექნიკის საპირისპირო მეთოდით ვმუშაობ და, ამგვარად, მკითხველს იმას ვაცნობ, რაც აქამდე არ იცოდა. ტეხასელი მკითხველი, რომელიც ევროპაში არასდროს ყოფილა, შუა საუკუნეების მონასტერში მიმყავს (ან ტამპლიერთა ხელმძღვანელობასთან, ან რთული ობიექტებით სავსე მუზეუმში, ან ბაროკოს დროინდელ ოთახში) და მას თავს კომფორტულად ვაგრძნობინებ. აღვწერ შუა საუკუნეების პერსონაჟს, რომელიც სათვალეს ისე იღებს ჯიბიდან, თითქოს ეს ბუნებრივი რამ იყოს, მერე კი მისი თანამედროვეები შემომყავს, რომლებიც აღფრთოვანებას ვერ მალავენ. მკითხველი თავიდან ვერ ხვდება მათი აღფრთოვანების მიზეზს, მერე კი იგებს, რომ სათვალე შუა საუკუნეებში გამოიგონეს. ეს ბორხესისეული ტექნიკა არაა, ეს ანტი-ავეროესის მოდელია, რომელსაც ბორხესის გარეშე ვერ შევიმუშავებდი.

სწორედ ესენია ნამდვილი გავლენები და არა ისინი, რომლებიც მხოლოდ ერთი შეხედვით გვეჩვენება გავლენად. დავუბრუნდეთ სამყაროს ლაბირინთისეულ უწესრიგობას, რაც ცალსახად ბორხესისეული თემაა. მე კი ეს თემა ჯოისთან და ასევე შუასაუკუნეებისდროინდელ წყაროებში აღმოვაჩინე. ,,სამყაროს ლაბირინთში’’, რომელიც კომენიუსმა 1623 წელს დაწერა, ვკითხულობთ, რომ ლაბირინთის კონცეპტი მანიერიზმისა და ბაროკოს იდეოლოგიის ნაწილია. შემთხვევითი სულაც არ არის, რომ ჰოკის შესანიშნავი წიგნი მანიერიზმზე – Die Welt als Labyrinth, რომელიც ჩვენს დროში შეიქმნა, სწორედ კომენიუსის იდეით იწყება. თუმცა, ეს ყველაფერი არაა. ის აზრი, რომ სამყაროს ყველანაირი კლასიფიკაცია ლაბირინთამდე ან იმ ბაღამდე მიდის, რომლის ბილიკებიც ორად იტოტება, გხვდება ლაიბნიცის შემოქმედებაშიც და დიდროსა და დ’ალემბერტის ენციკლოპედიაშიც, თანაც ამ უკანასკნელში საკმაოდ გარკვევითა და მკაფიოდ. სავარაუდოდ, სწორედ ესენია ბორხესის წყაროები. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ჩემთვისაც გაუგებარია მე (B) ვიპოვე  (A)-ს გავლით (X), თუ მე (B) აღმოვაჩინე (X)-ის ზოგიერთი ასპექტი და მერე შევნიშნე, რომ მას გავლენა (A)-ზეც მოუხდენია.

თუმცა, ბორხესისეულმა ლაბირინთებმა ისე ოსტატურად მოახდინა მანამდე სხვაგან ნანახი ლაბირინთების სინთეზი ჩემში, რომ საკუთარი თავისთვის ისიც კი მიკითხავს, შევძლებდი თუ არა ბორხესის გარეშე ,,ვარდის სახელის’’ დაწერას. დაახლოებით ასეთი კონტრაფაქტუალური ჰიპოთეზის წინაშე ვართ: ,,ნაპოლეონი სომალელი ქალი რომ ყოფილიყო, მოიგებდა ვატერლოოს ბრძოლას?’’ თეორიულად, მამა ემანუელეს[2] მანქანა რომ ავიღოთ და მაქსიმალურ სიჩქარეზე დავატრიალოთ, ბიბლიოთეკები უკვე არსებობდა, სიცილზე კამათი შუა საუკუნეებში დაწყებული იყო, სამყაროს წესრიგის რღვევის ჩანასახებიც არსებობდა, თანაც, ოკამიდან მოყოლებული, სარკის მაგიურობაზე უკვე ისაუბრეს ,,ვარდის რომანში’’ (Roman de la Rose) და იგი არაბებსაც შესწავლილი ჰქონდათ. გარდა ამისა, იქნებ ვინმეს ბატონი ნარცისის ამბავიც ახსოვდეს, რომელსაც სარკეში ჩახედვა ტკივილს აყენებდა? მინდა, ასევე ვახსენო რილკეს ლექსები სარკეზე, რომლებიც ახალგაზრდობიდანვე მხიბლავდა. მოხდებოდა ამ ყველაფრის კატალიზაცია ჩემს გონებაში, რომ არა ბორხესი? ალბათ, არა. მაგრამ, შეძლებდა კი თავად ბორხესი ამ ყველაფრის შექმნას, რომ არა ის ტექსტები, რომლებიც ზემოთ ვახსენე? მის გონებაში როგორ მოხდა ლაბირინთისა და სარკის მაგიურობის იდეის კატალიზაცია? ბორხესმაც უზარმაზარი ინტერტექსტუალური ტერიტორიიდან აიღო უკვე არსებული თემები და ისინი საუცხოო პარაბოლად აქცია.

ახლა მინდა იმ საფრთხეებზე ვისაუბრო, რომელიც ორმხრივი გავლენის კვლევას ახლავს თან. ეს საფრთხე ინტერტექსტუალური ჯაჭვის დაკარგვაა. ბორხესი ის ავტორია, რომელმაც თავის შემოქმედებაში ყველაფერი მოიცვა. კულტურის ისტორიაში ვერ ნახავთ ისეთ საკითხს, ბორხესს გაკვრით მაინც რომ არ ჰქონდეს ნახსენები. სწორედ გუშინ ვუსმენდი ერთ-ერთ გამომსვლელს, რომლის აზრითაც, ბორხესს შესაძლოა პლატონის ,,პარმენიდეზე’’ მოეხდინა გავლენა, რადგან სწორედ პლატონის მსგავსი პერსონაჟები ჰყავს შექმნილი. გუშინ ბეკონი-შექსპირის შესახებ დავაც ახსენა ვიღაცამ. ბორხესი ამ საკითხსაც ეხება, თუმცა მასზე უზარმაზარი ბიბლიოგრაფია არსებობს, რომელიც მე-17 საუკუნეში იწყება და გრძელდება მე-19 საუკუნის უზარმაზარი (და გიჟური) ნაწარმოებებით, დღეისათვის კი ამ საქმეს ფსევდო-საიდუმლო საზოგადოება აგრძელებს და შექსპირის ნაწარმოებებში ფრენსის ბეკონის გავლენებს იკვლევს. ბუნებრივია, ამ იდეამ (კერძოდ იმ იდეამ, რომ უდიდესი მგოსნის ნაწარმოებები სინამდვილეში სხვას ეკუთვნის, ის სხვა კი გამუდმებით ტოვებდა სტრიქონებში თავის კვალს ) ბორხესი აღაფრთოვანა. თუმცა, ვერ იტყვი, რომ ავტორი, რომელიც ბეკონი-შექსპირის შესახებ დავაზე საუბრობს, მაინცდამაინც ბორხესს ციტირებს.

ახლა კი ვარდის პრობლემაზე ვისაუბროთ. უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ ,,ვარდის სახელი’’ ნაჩქარევად ჩამოწერილი ათი სათაურიდან ამოარჩიეს ჩემმა მეგობრებმა. სიაში პირველი გახლდათ ,,მკვლელობები მონასტერში’’ (რომელიც აშკარა მინიშნებაა ინგლისურ დეტექტივზე, კერძოდ ნაწარმოებზე ,,მკვლელობა მღვდლის სახლში’’), რომლის ქვესათაურიც უნდა ყოფილიყო – ,,მე-14 საუკუნის იტალიური ისტორია’’ (ეს კი მანძონისეულია).  თუმცა, ეს სათაური ზედმეტად მძიმე მეჩვენა და სია შევქმენი. ყველაზე მეტად ამ სიიდან მომწონდა ,,Blitiri’’ (ტერმინებს ,,blitiri’’ და ,,babazuf’’ გვიანდელი სქოლასტიკოსები უწოდებდნენ მნიშვნელობის არ მქონე სიტყვას ), მაგრამ რადგან რომანის ბოლოს ბერნარ დე კლუნის ციტატა მომყავს, რომელიც ნომინალისტური ელფერის გამო შევარჩიე (“Stat rosa pristina nomine…”), სიაში ,,ვარდის სახელიც’’ შევიტანე. ადრეც მითქვამს, რომ ეს სახელი თავისი ზოგადობის გამო მომწონდა. წლების მანძილზე ვარდმა მისტიკისა და ლიტერატურის ისტორიაში უამრავი მნიშვნელობა შეიძინა, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოც კი. სწორედ ამიტომ, ვიმედოვნებდი, რომ ამ სახელს ერთმნიშვნელოვნად ვერ გაშიფრავდნენ.

თუმცა, ყველაფერი ამაო აღმოჩნდა: ყველა ზუსტი მნიშვნელობის გამოცნობას ცდილობდა და ზოგმა ეს სათაური შექსპირის ვარდთანაც[3] კი დააკავშირა, რაც საერთოდ ეწინააღმდეგება თავდაპირველ ჩანაფიქრს. ნებისმიერ შემთხვევაში, შემიძლია დავიფიცო, რომ ბორხესის ვარდებზე საერთოდ არ მიფიქრია. თუმცა, აღმაფრთოვანა იმ ფაქტმა, რომ ამასწინათ მარია კოდამამ[4] ანგელუს სილეზიუსი ახსენა. ალბათ, არ იცოდა, რომ ჩემს სათაურსა და სილეზიუსს შორის კავშირზე კარლო ოსოლამ წლების წინ შესანიშნავი ესე დაწერა. ოსოლამ რომანის ბოლო გვერდებზე იმ ეპოქის მისტიკური ტექსტების კოლაჟი შენიშნა, რომელშიც მოხუცი ადსო წერს. იქვე, კადნიერი ანაქრონიზმის უფლება მივეცი თავს და ანგელუს სილეზიუსის ციტატა ჩავსვი, რომელიც მანამდე სადღაც წამეკითხა. ამ დროს კი საერთოდ არ ვიცოდი, რომ სილეზიუსი ვარდის საკითხითაც იყო გატაცებული. აი, იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გართულდეს გავლენის სამკუთხედი. ამ შემთხვევაში საქმე ორმხრივ გავლენას ნამდვილად არ ეხება.

კიდევ ერთი ბორხესისეული თემა, რომელიც ახსენეს, არის გოლემი. ეს თემა ,,ფუკოს ქანქარაშიც’’ გვხვდება. მიზეზი კი ისაა, რომ იგი ოკულტიზმის შემადგენელი ნაწილია. ჩემი პირდაპირი წყარო, ბუნებრივია, მაირინკი იყო, ისევე როგორც, ცნობილი ფილმი და კაბალისტური ტექსტები, რომლებსაც შოლემის საშუალებით გავეცანი.

ისიც ითქვა, რომ ბორხესის ბევრი იდეა პირსისა და როისის გავლენას განიცდის. სინამდვილეში, ბორხესის შემოქმედებაში მათ სახელებს ვერსად აღმოაჩენთ, თუმცა სრულიად შესაძლებელია პირსისა და როისის გავლენა მას სხვა ავტორების საშუალებით განეცადა. რამდენიმე ისეთი შემთხვევა მქონია, რომელიც, ალბათ, ყველა დიდი ბიბლიოთეკის მქონე ადამიანისთვისაა ნაცნობი (მე უკვე 40 ათასი წიგნი მაქვს მილანსა და დანარჩენ სახლებში განაწილებული). პირველი ასეთი შემთხვევაა, როცა ვიღაც იდიოტი გსტუმრობს და გეუბნება: ,,რამდენი წიგნია! ყველა წაკითხული გაქვს?’’ ამ კითხვაზე სამი პასუხი შეიძლება არსებობდეს: 1. ,,არა, ეს ის წიგნებია, რომლებიც ხვალ უნდა წავიკითხო.’’ 2. ,,დიახ და თითოეული არაერთხელ.’’ 3. ,,რაღატომ შევინახავდი, უკვე წაკითხული რომ მქონდეს?’’ ეს უკანასკნელი, ალბათ, ყველაზე სწორი პასუხია. ბიბლიოთეკა არა წაკითხული, არამედ წასაკითხი წიგნების ერთობლიობაა, განსაკუთრებით, თუ დიდი რაოდენობით წიგნებს საჩუქრად იღებ. შესაბამისად, ბიბლიოთეკა წაუკითხავი წიგნებითაა სავსე და დაუსრულებელი სინანულის წყაროა.

ერთხელაც დგება დღე, როცა კონკრეტული საკითხის შესასწავლად უამრავი წაუკითხავი წიგნიდან ერთ-ერთს იღებ. შლი წიგნს, კითხულობ და ხვდები, რომ მას უკვე იცნობ. რა ხდება? არსებობს მისტიკურ-ბიოლოგიური ახსნა, რომ დროთა მანძილზე, წიგნების გადაადგილების, მათი მტვრისაგან გაწმენდის და თავის ადგილზე დაბრუნების დროს თითების გავლით წიგნის არსი თანდათან ადამიანის გონებამდე აღწევს. ამ ზედაპირულ და სისტემატურ ,,სკანირებას’’ სხვანაირი ახსნაც აქვს: დროთა მანძილზე, წიგნების გადმოლაგებისა და გადაადგილების დროს, ადამიანი მასში აუცილებლად ჩაიჭვრეტს ხოლმე. დღეს ერთ გვერდს მოკრავს თვალს, ერთი თვის შემდეგ კიდევ ერთს და ასე გრძელდება მანამ, სანამ წიგნის უდიდეს ნაწილს არ წაიკითხავს. და მნიშვნელობა არ აქვს, რომ ეს არათანმიმდევრულად ხდება. ამ ამბის ნამდვილი ახსნა კი შემდეგია: რომელიღაც წიგნის ხელში ჩავარდნისა და მისი გადაშლის მომენტებს შორის, მე სხვა წიგნები წავიკითხე, რომლებშიც იმ წიგნის რაღაც ნაწილი იყო და ამ დიდი ინტერტექსტუალური მოგზაურობის ბოლოს აღმოვაჩინე, რომ ის წაუკითხავი წიგნი უკვე ჩემი მენტალური მემკვიდრეობის ნაწილია და ჩემზე გავლენაც მოხდენილი აქვს. ალბათ, სწორედ ამგვარია ბორხესის, პირსისა და როისის შემთხვევა. თუ ამას გავლენა შეიძლება ვუწოდოთ, ის ორმხრივი ნამდვილად არაა.

რაც შეეხება ორეულის თემას. რატომ არის ეს თემა ,,გუშინდელი დღის კუნძულში’’? იმიტომ, რომ ტეზაურო ერთ-ერთ თავში (სახელად ,,არისტოტელეს ტელესკოპი’’) ამბობს: ორეულის თემა აუცილებლად უნდა იყოს ბაროკოს სტილის რომანში. ტეზაუროს წესი რომ არ დამერღვია, რომანის დასაწყისში ტყუპი ძმა შემოვიყვანე, რომლისთვისაც მოგვიანებით აღარ ვიცოდი, რა მეყო. შემოვიყვანდი მას (ტეზაუროს რჩევას რომ თავი დავანებოთ) რომ არა ბორხესი? იქნებ დოსტოევსკის გავლენის ქვეშ ვიყავი? იქნებ ბორხესი ტეზაურომ შთააგონა არაპირდაპირ, სხვა ბაროკოსდროინდელი ავტორების საშუალებით?

ამ გავლენებისა და ინტერტექსტუალურობის თამაშებში ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ყველაზე გულუბრყვილო პასუხი არ მივიჩნიოთ სწორად. ერთ-ერთმა თქვენგანმა აქ ბორხესის მაიმუნი ახსენა, რომელიც ალალბედზე კრეფს კლავიატურაზე და საბოლოოდ ,,ღვთაებრივ კომედიას’’ წერს. ის არგუმენტი, რომ  ღმერთის არსებობის უარყოფით, სამყაროს შემთხვევით შექმნაც უნდა ვაღიაროთ (იმ ცნობილი მაიმუნის ამბის მსგავსად), მე-19 საუკუნეში და შემდეგაც ფუნდამენტალისტების მიერ ევოლუციის და სამყაროს შემთხვევით შექმნის თეორიის წინააღმდეგ გამოიყენებოდა. ამ თემის განხილვა კიდევ უფრო ადრე დაიწყო – მას განიხილავდა დემოკრიტე და ასევე ეპიკურე, კლინამენზე (clinamen)  საუბრისას.

დილით აქ ვიღაცამ ფრიც მაუტნერი ახსენა და შემდეგი კითხვა დასვა: არის თუ არა რეალური ნიშნები ჩინური იეროგლიფებივით უძველესი? (რასაც შემდეგ მივყავართ ბორხესის ციურ იმპერიამდე (Celestial Emporium) ). რეალური ნიშნებისა და ჩინური იდეოგრამების მსგავსების შესახებ ჯერ კიდევ ფრენსის ბეკონმა გამოთქვა ვარაუდი და აქედან დაედო სათავე მე-17 საუკუნეში მთელ კვლევებს სრულყოფილი ენების შესახებ. დეკარტი კი ამ აზრს თავს ესხმის. არ ვიცი, მაუტნერის დამსახურებით თუ არა, მაგრამ ბორხესმა დეკარტის მამა მერსენისადმი მიწერილი ცნობილი წერილის შესახებ იცოდა. თუმცა, იცნობდა კი იგი ბეკონის მოსაზრებებს რეალურ ნიშნებსა და ჩინურ იდეოგრამებზე? იქნებ კირხერის საშუალებით აღმოაჩინა ეს თემა? ან რომელიმე სხვა ავტორის? ვფიქრობ, ინტერტექსტუალობის ბორბლებს მაქსიმალურ სიჩქარეზე ბრუნვის საშუალება უნდა მივცეთ, რათა დავინახოთ, თუ რა უცნაური გზებით ვითარდება გავლენის თამაშები. ზოგჯერ ყველაზე ძლიერი გავლენის წყაროს არა მაშინვე, არამედ მოგვიანებით აღმოაჩენ.

ახლა, ჩემი შემოქმედების იმ ასპექტებზე მინდა ვისაუბრო, რომელთაც ბორხესთან არაფერი აკავშირებთ. ვინაიდან უკვე დასასრულს ვუახლოვდებით, მოკლედ მოგახსენებთ. პოსტმოდერნისტ თეორეტიკოსებს თუ დავუჯერებთ, ე.წ. double coding საკმაოდ გავრცელებული ფენომენია: ტექსტი შესაძლოა წავიკითხოთ ,,გულუბრყვილოდ’’, ანუ თვალი მივადევნოთ მხოლოდ სიუჟეტს ან სიღრმისეულად და მასში ინტერტექსტუალური მიმართებებიც ვეძიოთ. ამბობენ, რომ ეს ფენომენი ჩემი რომანებისთვისაა დამახასიათებელი. ვფიქრობ, რომ double coding ბორხესის შემოქმედებისთვის უცხოა. ბორხესს ან სიღრმისეულად კითხულობ, ან საერთოდ ვერაფერს ხვდები. ამ გაგებით, იგი არა სახალხო, არამედ ელიტური შემოქმედია.

გვაქვს რაოდენობის პრობლემაც. ლეოპარდის ,,უსასრულო’’ პატარა ლექსია, კანტუს ,,მარგერიტა პუსტრელა’’ კი დიდი და მოსაწყენი წიგნია. ასეთივე დიდია ,,ღვთაებრივი კომედიაც’’, თუმცა იგი დიდებულია, ბურკიელოს პატარა სონეტი კი უბრალოდ თავშესაქცევი რამაა. ოპოზიცია მაქსიმალიზმი/მინიმალიზმი ვერ განსაზღვრავს ღირებულების საკითხს. იგი უფრო ჟანრისა და მეთოდის ოპოზიციაა. ამ შემთხვევაში ბორხესი მინიმალისტია, მე კი მაქსიმალისტი. ბორხესი სიჩქარის ნიშნის ქვეშ წერს, ამბავი ფინალამდე მალე მიჰყავს, რის გამოც მას კალვინო აფასებდა. მე კი ის ავტორი, ვარ, რომელიც ამბის დასრულებას აჭიანურებს.

და ბოლოს, რამდენიმე მიზეზის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ჩემი შემოქმედება ნეობაროკოსეულია. ბორხესი მოხიბლულია ბაროკოთი და იმით, თუ როგორ ახერხებს იგი კონცეპტებით მანევრირებას, თუმცა მისი შემოქმედება ბაროკოს არ ეკუთვნის. მისი შემოქმედება წმინდად ნეოკლასიკურია.

ახლა კი მირჩევნია, იმ ჭეშმარიტად ბორხესისეულ იდეებზე ვისაუბრო, რომლებიც ერთ ციტატამდე არ დაიყვანება და რომლებიც, ალბათ, მის ყველაზე მნიშვნელოვან მემკვიდრეობას წარმოადგენს. სწორედ მათი საშუალებით მოახდინა გავლენა ჩემზე და ბევრ სხვაზე.

რომელიღაც თქვენგანმა ნარატივზე ისაუბრა, როგორც ცოდნის მოდელზე. ეჭვგარეშეა, ბორხესის იგავურმა ნარატივმა დაგვანახა, თუ როგორ შეიძლება გააკეთო ფილოსოფიური და მეტაფიზიკური დასკვნები არაკის თხრობისას. ეს საკითხიც უძველესია – პლატონით და, თუ ნებას დამრთავთ, ქრისტეთი იწყება და მთავრდება ლოტმანით (ტექსტუალური მეთოდი გრამატიკულის წინააღმდეგ), ჯერომ ბრუნერის ფსიქოლოგიით (ნარატიული მოდელები ხელს უწყობს აღქმის პროცესს) და ხელოვნური ინტელექტის ჩარჩოებით (frames). მაგრამ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ბორხესისეული გავლენა აღმოჩნდა ფუნდამენტური.

ამჯერად, მინდა დაგაფიქროთ ენციკლოპედიის ეჭვისთვალით და კონტრაფაქტუალურად გადაკითხვის მოწოდებაზე (ამიტომ ვუწოდე ბორხესს ,,შეშლილი არქივარიუსი’’ ) იქ საკვანძო სიტყვების აღმოჩენის, სიტუაციის შებრუნების და ენციკლოპედიისთვის საკუთარი თავის წინააღმდეგ თამაშის იძულების მიზნით.

ძნელია, გაექცე გავლენის მღელვარებას. ასეთივე ძნელი იყო ბორხესისთვის კაფკას წინამორბედობა. მოსაზრება, რომ ბორხესს არაფერი უთქვამს ისეთი, რაც მანამდე არ თქმულა, უდრის მტკიცებას, რომ ბეთჰოვენის მიერ დაწერილი თითოეული ნოტი მანამდეც არსებობდა. ბორხესის შემოქმედებაში მთავარი მისი უნარია, გამოიყენოს ენციკლოპედიის ნაგლეჯები იდეების ახალი მელოდიის შესაქმნელად. ეჭვგარეშეა, ამ ლექციის იმიტაციასაც შევეცადე (არადა, ,,იდეების მელოდიის’’ იდეა ჯოისმა მომაწოდა). რა შემიძლია ვთქვა? ბორხესის მელოდიების წინაშე, რომლებიც ასე მარტივად სამღერი (მაშინაც კი, როცა ატონალურია), ასე კარგად დასამახსოვრებელი და გამორჩეულია, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს იგი ფორტეპიანოზე უკრავდეს ვირტუოზულად, მე კი ოკარინას დაკვრას ვეწვალებოდე.

თუმცა, იმედი მაქვს, ჩემი სიკვდილის მერე მაინც გამოჩნდება ვიღაც ჩემზე სულელი, რომლის წინამორბედადაც ჩამთვლიან.

[1] სიტყვების თამაშია – Borghesia იტალიურად ნიშნავს ბურჟუაზიას, Borges-ia კი ბორხესის სახელთანაა დაკავშირებული

[2] უმბერტო ეკოს რომანის, ,,გუშინდელი დღის კუნძულის’’ გმირი.

[3] გემუდარები, შეიცვალე შენი სახელი;

ხომ სულერთია: ვარდს რომ ვარდი აღარ უწოდო,

ტკილსურნელება იმგვარივე იქნება მაინც (რომეო და ჯულიეტა, მოქმედება II, სურათი II)

[4] მარია კოდამა – ბორხესის ცოლი (1937-)

© არილი

Facebook Comments Box