ესე (თარგმანი)

უმბერტო ეკო – როგორ მოვემზადოთ მშვიდად სიკვდილისთვის

იტალიურიდან თარგმნა ნათია ბერიშვილმა

არ მგონია, რაიმე განსაკუთრებულს ვამბობდე – ადამიანის ყველაზე დიდი საფიქრალია, როგორ შეხვდეს სიკვდილს. უმყოფობა, რომელიც სიკვდილის შემდეგ გველის, ალბათ მხოლოდ ათეისტებს უნდა ადარდებდეთ. თუმცა, სტატისტიკის თანახმად, უამრავ მორწმუნესაც აღელვებს ეს საკითხი. მტკიცედ სწამთ სიცოცხლისა სიკვდილის შემდეგ, მაგრამ სიცოცხლეს სიკვდილამდე იმდენად მიმზიდველად მიიჩნევენ, რომ მასთან გამოსალმება არც თუ სასიამოვნოდ ეჩვენებათ. კი სწყურიათ ციური ანგელოზების გუნდში მოხვედრა, მაგრამ რაც შეიძლება გვიან.

ცხადია, ვცდილობ, დავსვა კითხვა, თუ რას ნიშნავს არსებობა, როდესაც იცი, რომ უნდა მოკვდე, ანუ უბრალოდ გააზრება იმისა, რომ ყველა ადამიანი მოკვდავია. მარტივია, თუ სოკრატეზეა საუბარი, მაგრამ, თუ საქმე ჩვენ გვეხება, რთულდება. და ალბათ ყველაზე რთული მომენტია, როცა გავიაზრებთ, რომ, აი, ერთი წამიც ვიარსებებთ და ამ ერთი წამის შემდეგ აღარ ვიქნებით.

ცოტა ხნის წინ ერთმა შეფიქრიანებულმა მოსწავლემ (ვინმე კრიტონმა) მკითხა: „მაესტრო, ადამიანი კარგად როგორ უნდა მოემზადოს სიკვდილისთვის“? ვუპასუხე, რომ სიკვდილისათვის მომზადების ერთადერთი ხერხია დაასკვნა, რომ ყველა ყლეა.

კრიტონი პასუხმა გააოცა და ავუხსენი: აი, ნახე, როგორ შეიძლება, თუნდაც მორწმუნე, სიკვდილს შეეგუო, თუ იცი, რომ შენ კვდები და ამ დროს ულამაზესი გოგო-ბიჭები თავქუდმოგლეჯილები ერთობიან დისკოტეკებზე, განსწავლული მეცნიერები კოსმოსის უკანასკნელი საიდუმლოებების ამოხსნას ეჭიდებიან, პატიოსანი პოლიტიკოსები უკეთეს საზოგადოებას აშენებენ, გაზეთები და ტელევიზიები მხოლოდ მნიშვნელოვან ამბებს აშუქებენ, პასუხისმგებლობით აღსავსე მეწარმეები ცდილობენ, წარმოებამ გარემოს ზიანი არ მიაყენოს და ტყავიდან ძვრებიან, რომ აღადგინონ ბუნება კამკამა წყაროებით, ტყიანი ფერდობებით, წკრიალა, მოწმენდილი, შეუცვლელი ოზონით დაცული ცით და ფუმფულა ღრუბლებით, საიდანაც ჟუჟუნა წვიმა მოდის. იმის გააზრება, რომ ეს საოცრებები ხდება, შენ კი აქაურობას ტოვებ, აუტანელი იქნება.

მაგრამ, წარმოიდგინე, იმ დროს, როდესაც ხვდები, რომ სააქაოს ტოვებ, მტკიცედ გჯერა, რომ მსოფლიო (ხუთი მილიარდი ადამიანი) სავსეა ყლეებით. რომ ყლეა ყველა, ვინც დისკოტეკაზე ცეკვავს. ყლეები არიან მეცნიერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სამყაროს საიდუმლოებები ამოხსნეს. ყლეები არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენი გასაჭირის პანაცეას გვთავაზობენ. ყლეა ყველა, ვინც პრესას უგემოვნო, უმნიშვნელო ჭორებით ავსებს. ყლეები არიან თვითმკვლელი მეწარმეები, რომლებიც პლანეტას ანადგურებენ. ხომ იქნები ბედნიერი, იგრძნობ შვებას და კმაყოფილებას, რომ ბოლოს და ბოლოს ტოვებ ამ ყლეთა სააქაოს?

ამ დროს კრიტონი მეკითხება: „მაესტრო, როდის უნდა დავიწყო ასე ფიქრი?“ ვუთხარი, რომ ძალიან ადრეც არა, იმიტომ, რომ ვინც ოცი ან ოცდაათი წლის ასაკში ფიქრობს, რომ ყველა ყლეა, თვითონ არის ყლე და ვერასოდეს დაბრძენდება. თავიდან უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა ჩვენზე უკეთესია, შემდეგ ნელ-ნელა წინ უნდა წავიწიოთ და ასე ორმოცი წლის ასაკისათვის რაღაც ეჭვი გაგვიჩნდეს, მერე ორმოცდაათსა და სამოცს შორის გადავხედოთ ამ შეხედულებას და, ასე, ასი წლის ასაკს რომ მივუკაკუნებთ, უკვე დავრწმუნდეთ, ოღონდ აი, ზუსტად მაშინ, როდესაც გაწვევის დეპეშა მოვა.

საკუთარი თავის დარწმუნება, რომ გარშემო ყველა (ხუთი მილიარდი ადამიანი) ყლეა, ნატიფი და დაკვირვებული შემოქმედების შედეგია. მიუწვდომელია ყურში (ან ცხვირში) საყურეგარჭობილი კებეტისათვის. მეცადინეობას და გარჯას მოითხოვს. არ უნდა ვიჩქაროთ. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ აქამდე, ზუსტად ისეთ დროს, რომ მშვიდად მოვკვდეთ. მაგრამ წინა დღეს ჯერ კიდევ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ერთი ადამიანი მაინც, ის, ვინც გვიყვარს და აღგვაფრთოვანებს, მაინც და მაინც ყლე არ არის. მთელი სიბრძნე იმაშია, რომ სწორ მომენტში (და არა მანამდე) ვაღიაროთ, რომ ისიც ყლე ყოფილა. აი, მხოლოდ მაშინღა შეიძლება სიკვდილი.

მოკლედ, მთელი ხელოვნება იმაშია, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შეისწავლო მსოფლიო აზრი, იკვლიო ჩვევათა ცვალებადობა, ყოველდღიურად ადევნო თვალყური მასმედიის საშუალებებს, თავდაჯერებული ხელოვანების განცხადებებს, პოლიტიკოსთა უსაზღვრო სენტენციებს, აპოკალიფსურ კრიტიკოსთა ფილოსოფემებს, ქარიზმატულ გმირთა აფორიზმებს, შეისწავლო თეორიები, იდეები, მოწოდებები, სახე-ხატები, მიმართვები. მხოლოდ ამ შემთხვევაში, ბოლოს გააკეთებ თავბრუსდამხვევ აღმოჩენას, რომ ყველა ყლეა. აი, ამ დროს იქნები მზად სიკვდილთან შესახვედრად.

ბოლომდე, უნდა გაუწიო წინააღმდეგობა ამ აუტანელი აღმოჩენის გაკეთებას, ჯიუტად გჯეროდეს, რომ ვიღაც რაღაც გონივრულს ამბობს, რომ აი, ეს წიგნი სხვებზე უკეთესია, რომ ერის აი, ამ მამას მართლა საყოველთაო კეთილდღეობა სურს. ბუნებრივია, ადამიანურია, დამახასიათებელია ჩვენი სახეობისთვის გაგვიჭირდეს დაჯერება, რომ განურჩევლად ყველა ყლეა. ასე რომ არ იყოს, რა აზრი ექნებოდა სიცოცხლეს? მაგრამ ბოლოსკენ, როდესაც უკვე დაიჯერებ, მიხვდები, რომ ღირს, მეტიც, რა ბრწყინვალეა სიკვდილი.

ამ დროს კრიტონმა მითხრა: „მაესტრო, არ მინდა ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება, მაგრამ ეჭვი მაქვს, ყლე ხართ“. „ხედავ“, ვუთხარი, „უკვე სწორ გზას ადგახარ“.

© არილი

Facebook Comments Box