ურუქი: ჰა, როგორ მოგწონს ეს ლურსმნული? ჩემმა მონათსამბეჭდაო სისტემამ ათ საათში დაასრულა ხამურაბის მთელი კოდექსი.
ნებროთი: შენი რომელია? სამოთხის ველის Apple Nominator-ი?
ურუქი: გაგიჟდი?! მაგას თირას მონათა ბაზრობაზეც ვერ იშოვი. არა, მე ეგვიპტელი მონა-მწერალი მყავს, Toth 3 Megis-Dos. ძალიან ცოტას ხარჯავს – ერთი მუჭა ბრინჯი დღეში – და იეროგლიფებით წერაც შეუძლია.
ნებროთი: ჰო, მაგრამ მეხსიერებაში არაფერი რჩება.
ურუქი: სამაგიეროდ, ფორმატირებას პირდაპირ ასლირებისას აკეთებს. მონა-მეფორმატე აღარცაა საჭირო, იგი ჯერ თიხისგან ძერწავდა ფირფიტას, მზეზე აშრობდა, რათა შემდეგ ვიღაც სხვას დაეწერა მასზე. ეს კი, ძერწავს, ცეცხლზე აშრობს და ეგრევე წერაზე გადადის.
ნებროთი: ეგ ხომ 5,25 ეგვიპტური მტკაველის ფირფიტებს იყენებს და კაი 60 კილოგრამსაც იწონის. იქნებ პორტატული გეცადა?
ურუქი: რა, ქალდეველი ვიზორი თხევადი ბროლით არა? ქურუმების ჩმახვაა ეგ, მეტი არაფერი!
ნებროთი: არა, ჯიბის მონა-მწერალი, აფრიკელი პიგმეი სიდონიდან. ხომ იცი, ფინიკიელები ეგეთ რაღაცეებში მაგრები არიან, ყველაფერს ეგვიპტელებს პარავენ და შემდეგ აპატარავებენ. ნახე: ლეპტოპი, პირდაპირ შენს მუხლებზე ჩამომჯდარი წერს.
ურუქი: საზიზღარი ვინმეა ეგ შენი კუზიანი.
ნებროთი: კაი ერთი! მაგას ზურგში სწრაფი ბექაპის პლატა აქვს ჩამონტაჟებული. მათრახის ერთი დატკაცუნება და პირდაპირ ალფა-ბეტა-ში გადადის, ხედავ, გრაფიკული რეჟიმის ნაცვლად ტექსტურს იყენებს, ოცდაერთი ნიშანი საკმარისია. ხამურაბის მთელ კოდექსს (3,5-ზე) რამდენიმე ფირფიტაზე დაატევს.
ურუქი: და მერე მოგიწევს კიდევ ერთი მონა იყიდო შრიფტის გადასაყვანად, არა?
ნებროთი: არაფერიც. ამ ჯუჯას კოდის გახსნაც შეუძლია. კიდევ ერთხელ დაატკაცუნებ მათრახით და ყველაფერი ლურსმნულზე გადაჰყავს.
ურუქი: გრაფიკასაც აკეთებს?
ნებროთი: რა, ვერ ხედავ, სხვადასხვა ფერები რომ აქვს? როგორ ფიქრობ, ვინ გამიკეთა გოდოლის გეგმები?
ურუქი: მაგას უჯერებ? ყველაფერი რომ დაინგრეს?
ნებროთი: თუ ძმა ხარ! პითაგორა და Mempis Lotus-ი ჩავუტვირთე მეხსიერებაში. აძლევ გეგმას, წკაპ და ეგრევე გიხატავს ზიქურათს სამ განზომილებაში. ეგვიპტელები პირამიდებს “მოსეს” სისტემით აშენებდნენ, რომელიც ათ ბრძანებას ასრულებდა და ათიათასობით მონა-მწერლებით იყო დალინკული. ინტერფეისები მუდამ მტრობდნენ ერთმანეთს. მთელი ამ ჯართის გადაყრა წითელ ზღვაში მოუწიათ, წყალმაც კი აიწია.
ურუქი: გამოთვლებს აკეთებს?
ნებროთი: ზოდიაქოც იცის. მომენტალურად გაჩვენებს შენს ჰოროსკოპს და – What you see is what you get.
ურუქი: ძვირი ღირს?
ნებროთი: აქ თუ იყიდი, მთელი მოსავალი არ გეყოფა, ბიბლოსის ბაზრობაზე კი ერთი ტომარა სათესლე ხორბალიც საკმარისი იქნება. ჭამით კარგად უნდა აჭამო, ხომ იცი, garbage in – garbage out.
ურუქი: მე ჩემი ეგვიპტელიც მაკმაყოფილებს. მაგრამ შენი ჯუჯა რომ ჩემს 3 Megis-Dos-ს მიუდგეს, არ მოხერხდება, ზოდიაქო ასწავლოს?
ნებროთი: ეგ უკანონობაა: როცა ყიდულობ, უნდა დაადასტურო, რომ მარტო ინდივიდუალური სარგებლობისთვის გინდა… მაგრამ ჯანდაბას, ყველა აკეთებს ამას, მოდი ჩვენც ჩავაკონექტოთ. ოღონდ არ მინდა, რომ შენსას ვირუსი აღმოაჩნდეს.
ურუქი: რას ამბობ, ხარივით ჯანმრთელია. ყველაზე მეტად სხვა რამ მაშინებს: ყოველდღე ახალი კილო ჩნდება, ბოლოსდაბოლოს, პროგრამების აღრევა არ მოხდეს.
ნებროთი: დაწყნარდი, პონტია, ბაბილონში ეგ შეუძლებელია.
თარგმნა მალხაზ ხარბედიამ
One Comment
Irisi
😀 😀 magaria 😀