სიტყვა, წარმოთქმული მილანის მუნიციპალური ბიბლიოთეკის 25 წლისთავის აღსანიშნავ კონფერენციაზე 1981 წლის 10 მარტს.
(ნაწილი II)
იტალიურიდან თარგმნა ნოდარ ლადარიამ
ისინი ერთმანეთისგან ფრიად განსხვავდებიან, რამდენადაც განსხვავებულია პირელის ცათამბჯენი წმიდა ამბროსის სახელობის ეკლესიისაგან. არქიტექტურაც სულ სხვადასხვანაირი აქვთ: სტერლინგი ნეოგოთური მონასტერია, ტორონტოს ბიბლიოთეკა კი თანამედროვე ხუროთმოძღვრების შედევრი. შევეცდები ერთმანეთთან შევაჯერო მათი განსხვავებულობა, რათა ავხსნა, თუ რატომ მომწონს ისინი.
ორივე შუაღამემდე ღიაა კვირადღესაც კი (სტერლინგი არ იღება კვირა დილით, მაგრამ მოგვიანებით შუადღიდან შუაღამემდე მუშაობს, მხოლოდ პარასკევს იკეტება საღამოთი). ტორონტოში შესანიშნავი კომპიუტერიზებული კატალოგებია. სტერლინგის კატალოგები უფრო ძველებურია, მაგრამ სამაგიეროდ ავტორი და საგანი გაერთიანებულია და, მაგალითად, გარკვეულ არგუმენტზე არა მხოლოდ ჰობსის ნაწარმოებებია დასახელებული, არამედ ჰობსის შესახებ ნაწერებიც. გარდა ამისა, ყოველ საგანზე აღნიშნულია წიგნები, რომლებიც ახლომდებარე ბიბლიოთეკებში მოიპოვება. მაგრამ ორივე ბიბლიოთეკის ყველაზე მშვენიერი თვისება ის არის, რომ მკითხველთა ერთ კატეგორიას მაინც შეუძლია თაროებამდე უშუალო მიღწევა. ესე იგი წიგნს კი არ ითხოვთ, არამედ საგანგებო ბარათით გადიხართ ელექტრონული ცერბერის მიერ დაცულ კარებში და ლიფტების საშუალებით აღწევთ საცავში. სტერლინგის საცავებში, მაგალითად სულ ადვილია მკვლელობის ჩადენა და გვამის დამალვა გეოგრაფიული რუკებით სავსე კარადის უკან, სადაც მხოლოდ ათეული წლების შემდეგ თუ იპოვნიან მას. შუქი მხოლოდ შემსვლელის ნებით ინთება, ასე რომ, თუ უცებ ვერ იპოვით სათანადო ჩამრთველს, დიდხანს მოგიწევთ ბნელში ხეტიალი. ტორონტოში სულ სხვაგვარია სიტუაცია: ყველაფერი თავიდანვე განათებულია; მკვლევარი იღებს საჭირო წიგნს თაროდან, შემდეგ მიდის მშვენიერ დარბაზში და მოხერხებულ სავარძელში მოკალათებული იწყებს მის ფურცვლას. ორივეგან მრავლადაა ქსეროასლების გადასაღები მანქანები, რომლებთანაც თვით მკითხველები მუშაობენ, თანაც იქვე ფულის დასახურდავებელი ავტომატებიც არის გათვალისწინებული, რათა რამდენიმე კილოგრამი მონეტებით დატვირთულმა მკითხველმა დაუბრკოლებლად გადაიღოს სასურველი შვიდას ან რვაასგვერდიანი ტომის ასლი: დანარჩენი მკითხველების მოთმინება უსაზღვროა და ისინიც მორჩილად ელოდებიან, სანამ პროცესი მეშვიდასე გვერდს მიაღწევს. რა თქმა უნდა, წიგნის შინ წაღებაც არის შესაძლებელი: მას შემდეგ, რაც წიგნთსაცავის რამდენიმე სართულს მოივლი და წიგნებს აირჩევ, შეგიძლია შეავსო სათანადო ფორმულარი და ბიბლიოთეკის მუშაკს წარუდგინო. ვის შეუძლია წიგნთსაცავში შესვლა? ყველას, ვისაც აქვს საბუთი, რომლის მიღება საკმაოდ ადვილია ერთი ან ორსაათიანი ბიუროკრატიული პროცედურის შემდეგ, რომლისთვისაც ხშირად მკითხველის ტელეფონის ნომრის გარდა არაფერი მოითხოვება. იელის უნივერსიტეტში ამ პრივილეგიით სტუდენტები ვერ სარგებლობენ, მაგრამ მათთვის სხვა ბიბლიოთეკა არსებობს, რომელიც მხოლოდ იმით განსხვავდება პირველისაგან, რომ უძველეს წიგნებს არ შეიცავს, სტუდენტებს კი მკვლევარების ტოლი უფლებები აქვთ. ყოველივე ეს იელის უნივერსიტეტში ხორციელდება რვამილიონიანი წიგნთსაცავის პირობებში. რა თქმა უნდა, ძველი ხელნაწერები სხვაგან არის დაცული და მათთან მიღწევა ოდნავ უფრო ძნელია.
რა არის წიგნის თაროსთან უშუალო მიდგომის უპირატესობა? ზოგი ბიბლიოთეკაში ისე მოდის, რომ წინასწარ იცის საჭირო წიგნის სათაური, მაგრამ ბიბლიოთეკის მისია ისიც არის, რომ ადამიანმა იქ ისეთი წიგნები აღმოაჩინოს, რომელთა არსებობა მან არც კი იცოდა, მაგრამ რომლებიც მოულოდნელად უაღრესად მნიშვნელოვანი გახდება. ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ამგვარი აღმოჩენა კატალოგის თვალიერებითაც ხდება, მაგრამ არაფერია უფრო შთამბეჭდავი იმ თაროების უშუალო თვალიერებაზე, რომლებიც ერთი გარკვეული თემატიკის წიგნებს აერთიანებს, რაც ანბანურ კატალოგში ვერ იქნება განხორციელებული. ამ დროს საძებნი წიგნის გვერდით ხშირად აღმოვაჩენთ წიგნს, რომელსაც არ ვეძებდით, მაგრამ რომელიც შეიძლება ჩვენი კვლევის საფუძველში დადგეს. ამგვარად, ბიბლიოთეკის იდეალური ფუნქცია ისიც არის, რომ ბუკინისტის დახლს დაემსგავსოს, ეს შესაძლებლობა კი მხოლოდ თაროებთან უშუალო მიდგომით მიიღწევა.
ეს იმას გამოიწვევს, რომ ბიბლიოთეკაში ყველაზე თავისუფალი სამკითხველო დარბაზი იქნება. მართლაც, ამ დონეზე ამ დარბაზების დიდი რიცხვი სულაც არ არის აუცილებელი, რადგან ამ აუცილებლობას ამცირებს წიგნის გატანისა და მისი ქსეროკოპირების სიადვილე. სხვა შეთხვევაში სამკითხველო დარბაზის ფუნქციას ბუფეტი ან ბარი ასრულებს, როგორც ეს იელში ხდება. იქ, სადაც ცხელი სოსისით გიმასპინძლდებიან, შეგიძლია წიგნებით დატვირთული ჩახვიდე, განაგრძო მუშაობა ყავითა და ნამცხვრით, ანდა სულაც სიგარეტი გაირჭო პირში და ისე გადაწყვიტო წამოღებული წიგნებიდან რომელი ღირს გამოსატანად, რომელი კი ჯობია დააბრუნო თაროზე. ამას არავინ აკონტროლებს. იელში კონტროლს ერთი მოსამსახურე ახორციელებს, რომელიც ცალი თვალით იცქირება ხოლმე გარეთ გამოსატან ჩანთაში; ტორონტოში გამოსატანად გათვალისწინებული ყველა წიგნი დროებითი დამაგნიტებით არის აღჭურვილი: ახალგაზრდა სტუდენტი წიგნის გამოსატანად ბიბლიოთეკის მუშაკის დახმარებით სპეციალური მანქანით აცლის დამაგნიტებას, ვისაც კი ლათინური პატროლოგიის 108-ე ტომი მალულად გააქვს ჯიბით, გამოსასვლელზე სპეციალური აპარატურის ყვირილი ხვდება. ამ ბიბლიოთეკებში, წიგნების დიდი მოძრაობის გამო ჩნდება მათი სწრაფი პოვნის პრობლემა. ამიტომ სამკითხველო დარბაზებში მრავლად არის სპეციალური ბოქსები, სადაც მკითხველი მასზე გაფორმებულ წიგნებს ტოვებს შემდეგი დღისთვის. თუ მოთხოვნილი წიგნი ამ ბოქსებშიც არ ჩანს, სულ რამდენიმე წუთში შეიძლება წამღების ვინაობისა და ტელეფონის ნომრის გაგება. ყოველივე ზემოთქმულის გამო ამ ბიბლიოთეკებს ცოტა მეთვალყურე და ბევრი მოსამსახურე ჰყავს. გარდა ამისა არიან მუშაკები, რომელთა ფუნქციები რაღაც საშუალოს წარმოადგენს ბიბლიოთეკარსა და უბრალო მსახურს შორის. ამ თანამდებობაზე, როგორც წესი, სრული ან ნაწილობრივი განაკვეთით სტუდენტები მუშაობენ. ვეებერთელა ბიბლიოთეკაში, სადაც წიგნების ინტენსიური წრებრუნვაა მუდამ,ყოველთვის არის ტომები, რომლებიც არასოდეს უბრუნდებიან თაროზე თავიანთ ადგილს. მომუშავე სტუდენტებიც მაგიდებს შორის დააგორებენ უშველებელ ურიკებს, აგროვებენ წიგნებს და აკონტროლებენ, რომ ნიშნულები მუდამ წესრიგში იყოს. წესრიგი მაინც ვერ მყარდება, რაც ძებნის თავგადასვალს უფრო საინტერესოს ხდის. ტორონტოში, მაგალითად, ერთხელ ადგილზე ვერ ვიპოვე მინის პატროლოგიის ვერც ერთი ტომი. ეს ამბავი ჭკუადამჯდარ და საქმის მოყვარულ ბიბლიოთეკარს გააგიჟებს, მაგრამ ასეა და ვერაფერი გაეწყობა.
ასეთი ბიბლიოთეკა სწორედ რომ საჩემოა, იქ შემიძლია მთელი დღე ენით აუწერელ ტკბობაში გავატარო: ვკითხულობ გაზეთებს, მიმაქვს წიგნები ბარში, მერე კიდევ სხვა წიგნებს ვეძებ, ჯერ, ვთქვათ, ინგლისელი ემპირისტების შესასწავლად შევდივარ, მაგრამ მერე არისტოტელეს კომენტატორები მიზიდავს, მეშლება სართული, შეცდომით ვხვდები სამედიცინო დარბაზში, მაგრამ მოულოდნელად აღმოვაჩენ ნაშრომებს გალენის შესახებ, რომლებიც ფილოსოფიური შენიშვნებითაა სავსე. ბიბლიოთეკა თავგადასავლად იქცევა.
და მაინც, რა ნაკლი აქვს ამგვარ ბიბლიოთეკებს? ცხადია, რომ წიგნებს იპარავენ და აფუჭებენ: რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს ელექტრონული კონტროლი, ამ ტიპის ბიბლიოთეკაში გაცილებით უფრო ადვილია წიგნის მოპარვა, ვიდრე ჩვენთან. მაგრამ ქურდობა ყველგან არის შესაძლებელი, ამიტომაც ღია ბიბლიოთეკების კრიტერიუმი ის უნდა იყოს, რომ ქურდობის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალება ახალი წიგნის შეძენაა: ეს კრიტერიუმი მილიარდერთა შესაფერია, მაგრამ მაინც კრიტერიუმია. ცხადია, რომ ალდუს მანუციუსის მიერ დაბეჭდილი ორიგინალური წიგნები სხვა საცავში უნდა ინახებოდეს და უკეთესად უნდა იყოს დაცული.
მეორე ნაკლოვანება ის არის, რომ ამ ტიპის ბიბლიოთეკები ხელს უწყობენ და წარმოქმნიან კიდეც ქსეროასლების ცივილიზაციას, რომელიც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან საშიშროებას უქადის წიგნთა გამოცემის საქმეს საკანონმდებლო თვალსაზრისითაც. უპირველეს ყოვლისა, ქსეროასლების ცივილიზაცია გულისხმობს საავტორო უფლებების პრინციპულ აღსასრულს. მართლაც, თუ ბიბლიოთეკაში ერთი ქსეროაპარატია, რომელსაც სპეციალური თანამშრომელი აკონტროლებს, მკითხველს შეუძლია პასუხად მიიღოს, რომ მთელი წიგნის გადაღება აკრძალულია, რადგან საავტორო უფლებებს ეწინააღმდეგება. მაგრამ იმ ბიბლიოთეკაში, სადაც ქსეროაპარატები დერეფნებში დგას საერთო მომსახურებისათვის, ამგვარი კონტროლის განხორციელება შეუძლებელია. გარდა ამისა, შეიძლება წიგნი გაიტანო ბიბლიოთეკის გარეთ და წაიღო გადასაღებად ისეთ ადგილას, სადაც საავტორო უფლებებს ძალიან არ დაგიდევენ. თუმცა,ხშირად, ამ ტიპის პრობლემები ბიბლიოთეკის გარეთაც იჩენს თავს.
– ოცდაათი ასლი გვჭირდება, – მეუბნებიან ჩემი სტუდენტები, – მაგრამ არ გვიკეთებენ, იმიტომ რომ წიგნზე აკრძლვაა აღნიშნული.
– გადაიღეთ ერთი ასლი, – ვურჩევ მე, – შემდეგ დააბრუნეთ წიგნი ბიბლიოთეკაში და თქვენი ასლიდან გადააღებინეთ დანარჩენი ოცდაცხრა. თვით ასლები ხომ არ ექვემდებარება საავტორო უფლებების შესახებ კანონს!
– რა კარგია, – უხარიათ სტუდენტებს, – ამაზე კი არ გვიფიქრია!
ამ გარემოებამ უკვე დიდი გავლენა მოახდინა გამომცემლობათა პოლიტიკაზე. ყველა სამეცნიერო გამომცემლობამ წინასწარ იცის, რომ მათ მიერ გამოცემული წიგნები ქსეროასლების სახით გავრცელდება. ამის გამო მათი ტირაჟი ათასს ან ორი ათასს აღარ აღემატება, ფასი კი 150 დოლარს აღწევს. წიგნებს ბიბლიოთეკები ყიდულობენ, უშუალო მომხმარებლები კი ქსეროასლებით კმაყოფილდებიან. ლინგვისტიკის, ფილოსოფიისა და ბირთვული ფიზიკის ჰოლანდიური გამომცემლობები ასგვერდიან წიგნებს ორმოცდაათ ან სამოც დოლარად ყიდიან, სამასგვერდიანი წიგნი კი შეიძლება 200 დოლარამდეც კი ღირდეს, რადგან გამომცემელმა იცის, რომ სტუდენტები და მეცნიერები მხოლოდ ქსეროასლებზე იმუშავებენ. ვაი იმ მეცნიერს, ვისაც წიგნის დაუფლება სურს, რადგან ასეთ ხარჯს ვერ გაიღებს. როგორც ვხედავთ, ერთდროულად მიმდინარეობს ფასების დაუნდობელი ზრდა და გავრცელების კატასტროფული შეზღუდვა. რა გარანტია შეიძლება ჰქონდეს გამომცემელს, რომ მისი წიგნი გაიყიდება და არავინ არ გადაიღებს მას? საჭიროა, რომ წიგნის ფასი ქსეროასლის ფასზე დაბალი იყოს. რადგანაც შესაძლებელია ერთ ფურცელზე ორი გვერდის ასლის გადაღება, შემდეგ კი გადაღებულის აკინძვა და ეს საკმაოდ იაფია, გამომცემელი იძულებელია გასაყიდად წიგნები მეტად მდარე ხარისხის ქაღალდზე დაბეჭდოს. უკანასკნელი გამოკვლევების თანახმად, რამდენიმე ათეულ წელიწადში სრულიად იშლება. ამ პროცესის შედეგები უკვე ჩანს: 50-იან წლებში “გალიმარის” გამოცემული ამგვარი წიგნები უბრალო გადაშლაზე ხმიადი პურივით ნამცეცდება. ყოველივე ამას სხვა პრობლემამდე მივყავართ: მაღლიდან მკაცრ სელექციას უნდა დაექვემდებაროს გადასარჩენად და დასაშლელად განწირული წიგნები. ჩვენ არ ვიცით, ეს სიკეთეა თუ ბოროტება. მით უმეტეს, რომ ხშირად ძვირი გამოცემები თვით ავტორის ხარჯზე ხორციელდება, ან ამ ხარჯებს რომელიმე საქველმოქმედო ფონდი იღებს საკუთარ თავზე, რაც სულაც არ არის ამ წიგნების ღირსებისა და შინაგანი ხარისხის გარანტია. ამრიგად, ქსეროცივილიზაციის მეშვეობით ვუახლოვდებით მომავალს, რომელშიც გამომცემლები წიგნებს მხოლოდ ბიბლიოთეკებისათვის გამოუშვებენ და ეს ფაქტი უკვე ახლა უნდა მივიღოთ მხედველობაში. გარდა ამისა,პიროვნულ დონეზე დაიწყება ქსეროასლის ნევროზი. აი რას ვგულისხმობ: რა თქმა უნდა, ქსეროასლი უაღრესად სასარგებლო რამ არის, მაგრამ ხშირად ინტელექტუალური ალიბის მიზეზი ხდება. ვინც ბიბლიოთეკიდან შინ ქსეროასლებით დატვირთული ბრუნდება, ამავე დროს დარწმუნებულია, რომ გადაღებული ფურცლებიდან ყველას ვერ წაიკითხავს და ვერც იპოვის, რადგან საბოლოო ჯამში ეს ფურცლები ერთმანეთში ირევა, პატრონს კი მათი შინაარსის დაუფლების ილუზია ექმნება. ქსეროცივილიზაციის ეპოქამდე მკითხველი ვეება სამკითხველო დარბაზებში ყოფნისას გრძელ ამონაწერებს აკეთებდა და ძალაუნებურად რაღაც რჩებოდა თავში. ქსერონევროზის შემთხვევაში არის რისკი, რომ დღეებს დავკარგავთ ბიბლიოთეკაში იმ წიგნების გადასაღებად, რომლებსაც მერე არ წავიკითხავთ.
მე ვაჩვენებ ადამიანზე გაანგარიშებული ამგვარი ბიბლიოთეკის ნაკლოვანებებს, მაგრამ მაინც მიხარია იქ ყოფნა და მუშაობა, როცა ეს შესაძლებელია. უარესი მოხდება მაშინ, როცა მიკროფიშებისა და პროექტორების ცივილიზაცია წაგვლეკავს. მაშინ იქნებ მოგვენატროს ცერბერებით სავსე ბიბლიოთეკები, სადაც ამრეზით გვიცქერდნენ და წიგნებთან არ გვიშვებდნენ, მაგრამ დღეში ერთხელ მაინც გვქონდა ბედნიერება აკინძულ ფურცლებს შევხებოდით. ეს აპოკალიფსური სცენარიც უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ ავწონ-დავწონოთ ყველა pro et contra ადამიანზე გაანგარიშებული ბიბლიოთეკისა.
მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ბიბლიოთეკა მაინც შეიძენს ადამიანისათვის მისაღებ განზომილებას და გაიზრდება მისი როლი განათლებაში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფუნქციონირებაში, ახალგაზრდობის აღზრდაში. ბიბლიოთეკის გამოყენება იმდენად ნატიფი ხელოვნებაა, რომ სულაც არ არის საკმარისი, პროფესორმა გითხრას: “რადგან ამ სამუშაოს ასრულებთ, წადით ბიბლიოთეკაში და შემდეგი წიგნები მონახეთ”. საჭიროა ახალგაზრდებს ვასწავლოთ ბიბლიოთეკით სარგებლობა, ვასწავლოთ მიკროფიშების, ქსეროაპარატების, კატალოგების გამოყენება, ბიბლიოთეკის პერსონალთან ბრძოლაც და მასთან თანამშრომლობაც საჭირო წიგნის მოსაპოვებლად. თუკი გადაწყდება, რომ ბიბლიოთეკა ყველასათვის არ იქნება გახსნილი, ისე მაინც უნდა მოეწყოს, რომ ადამიანმა მისი სარგებლობის სერტიფიკატი მოიპოვოს შესაბამისი კურსების დამთავრების შემდეგ, როგორც ეს ავტომობილის მართვის შემთხვევაში ხდება. ყველამ უნდა ისწავლოს წიგნის პატივისცემა და მისი კითხვის ხელოვნება. ეს მეტად ფაქიზი ხელოვნებაა, ამიტომაც მის გასავრცელებლად მოწოდებული უნდა იყოს სახალხო განათლების სისტემა, რადგან ბიბლიოთეკა სწორედ სკოლის, ადგილობრივი და სახელმწიფო განმგებლობის საქმეა. ეს კულტურისა და ცივილიზაციის საქმეა და ამიტომაც უსამართლობა იქნება, ბიბლიოთეკით სარგებლობა უმრავლესობისათვის რომ საიდუმლოდ დარჩეს.
დაბოლოს, კიდევ ერთი პრობლემა: საჭიროა გადავწყვიტოთ, წიგნების შენახვა გვსურს, თუ მათი წაკითხვის უზრუნველყოფა. არ ვამბობ, რომ ქვეყანას უნდა წავაკითხოთ წიგნები, მათ დაცვაზე კი არ ვიზრუნოთ, მაგრამ არც საპირისპირო უკიდურესობა იქნებოდა სამართლიანი. არც იმას ვამბობ, რომ შუალედური გზის მონახვა იქნებოდა საჭირო. საჭიროა, რომ ორ იდეალთაგან ერთ-ერთმა გადასწონოს და ამის შემდგომად მეორის მაქსიმალური უზრუნველყოფისათვის დაისახოს ღონისძიებები. თუ იდეალი წიგნის დაცვაა, საჭიროა ყველა ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მრავალმა წაიკითხოს იგი, თუკი იდეალი მისი წაკითხვაა, საჭიროა რაც შეიძლება საუკეთესოდ დავიცვათ და ორივე შემთხვევაში გავითვალისწინოთ ყველა შესაბამისი რისკი. ამ თვალსაზრისით ბიბლიოთეკის პრობლემა არ განსხვავდება წიგნის მაღაზიის პრობლემებისაგან. ჩვენში მაღაზიების ორი ტიპი არსებობს. ერთი ტიპის მაღაზიები მეტად სერიოზულია, მათში ჯერ კიდევ შემორჩენილია ხის თაროები და შესვლისთანავე გვიახლოვდება სერიოზული ბატონი კითხვით “რა გაინტერესებთ?” – რის შემდეგაც დარცხვენილნი მივდივართ კარებისაკენ. ასეთ მაღაზიებში ქურდობა იშვიათად ხდება, მაგრამ არც ბევრს რასმე ყიდულობენ. გარდა ამისა, არსებობს სუპერმარკეტის მსგავსი მაღაზიები პლასტიკის თაროებით, სადაც ელექტრონული დაცვაა, მაგრამ მაინც ბევრს იპარავენ. შეიძლება ყური მოვკრათ რომელიმე სტუდენტის ნათქვამს: “ეს საინტერესო წიგნი ყოფილა, ხვალ მოვიპარავ”. სტუდენტები ერთმანეთს გადასცემენ მეტად საჭირო ინფორმაციას: “ფელტრინელის მაღაზიაში თუ წაგასწრეს, ვერ გადარჩები”. პასუხად ისმის: “აბა, მარცოკოში წავალ მოსაპარად”. უბრალო გაანგარიშებიდან ჩანს, რომ მაღაზია, სადაც ბევრს იპარავენ, ამავე დროს უფრო ინტენსიურადაც ვაჭრობს. გასაგებია, რომ უფრო მეტ საქონელს იპარავენ სუპერმარკეტებში, ვიდრე რომელიმე კერძო დუქანში, მაგრამ სუპერმარკეტი დიდი კაპიტალისტური ქსელის ნაწილია მაშინ, როცა კერძო დუქანი მხოლოდ წვრილი კომერციის ერთეულია მეტად მცირე შემოსავლით.
ამიტომაც უნდა გადავიყვანოთ ეს ანგარიშები კულტურულ ღირებულებებზე და ავიტანოთ წიგნების შენახვის საქმეში მაქსიმალური რისკი, რათა უზრუნველვყოთ მათი უფრო ინტენსიური გავრცელება. თუ ბიბლიოთეკა მართლაც ქვეყნიერების მოდელია, როგორც ეს ბორხესს სურს, უნდა ვეცადოთ, ეს ქვეყნიერება ადამიანის ზომაზე მოვაწყოთ, რომ იყოს მხიარული და სასიამოვნო, რომ შეიძლებოდეს მის კედლებში ყავის დალევა, სტუდენტებს კი შეეძლოთ დასხდნენ მოხერხებულ ტახტებზე. არ ვამბობ, რომ აუცილებლად უმსგავსო ხვევნა-კოცნა გაუმართონ ერთმანეთს, არამედ მათი ინტიმური გრძნობების რაღაც ნაწილი დახარჯონ მეცნიერულ და განათლებულ გარემოში, სადაც თაროებიდან იღებენ და ფურცლავენ წიგნებს. ამგვარად, ბიბლიოთეკა თანდათანობით გადაიქცევა თავისუფალი დროის ვეებერთელა წარმოებად, როგორც თანამედროვე ხელოვნების რომელიმე მუზეუმი, სადაც შედიან კინოში, მერე ათვალიერებენ ქანდაკებებს, კარგ სადილს მიირთმევენ რესტორანში მუზეუმიდან გაუსვლელად. ვიცი, რომ “იუნესკო” ეთანხმება ამ ჩემს აზრს: “ბიბლიოთეკა… უნდა იყოს ადვილად მისაღწევი და მისი კარები თანაბრად უნდა იყოს ღია საზოგადოების ყველა წევრისათვის, ვინც უნდა გამოიყენოს იგი რასის, კანის ფერის, ეროვნების, ასაკის, სქესის, სარწმუნოების, ენის, სამოქალაქო მდგომარეობისა კულტურული დონის განურჩევლად”. ეს რევოლუციური იდეაა. და კიდევ: “ბიბლიოთეკის შენობას უნდა ეკავოს ცენტრალური პოზიცია, ადვილი უდნა იყოს გამოსაყენებლად ინვალიდებისათვისაც, ღია უნდა იყოს ყველასათვის მოსახერხებელ საათებში. თვით შენობა და მისი შინაგანი მოწყობილობა მყუდრო და სასიამოვნო უნდა იყოს. არსებითია, რომ მკითხველებს თაროებთან უშუალოდ მისვლის საშუალება ჰქონდეთ”.
შევძლებთ კი უტოპიის რეალობად ქცევას?
© “არილი”