პოეზია (თარგმანი)

უოლტ უიტმენი – მრავალთა შორის და სხვა ლექსები

whitman-3892

თარგმნა ქარდა ქარდუხმა

მრავალთა შორის

ამ აღუნუსხავ ქალების და კაცების ბრბოში

ვგრძნობ იმ ერთადერთს ვინც გამომარჩევს იდუმალი ღვთიური ნიშნით,

არ ცნობს სხვას არც ერთს, აღარც მშობლებს, არც ცოლს, აღარც ქმარს, არც შვილს და არც ძმას,

არც არავის ჩემზე ახლობელს,

ცდებიან ბევრნი, მხოლოდ ის ერთი მცნობს და არ ცდება.

 

ო, საყვარელო, სრულყოფილო და თანასწორო,

ვგრძნობდი მიცნობდი ასე ძნელი სუსტი ნიშნებით,

ნეტავ, როდესაც მე შემოგხვდები, მეც შეგიცნობდე ასე უცთომრად.

 

წმინდა შუაღამე

ეს მხოლოდ შენი საათია, ო სულო, ჩემო, თავისუფალი ფრენა უსიტყვოდ,

შორს წიგნებიდან, მოშორებით ხელოვნებისგან, დღე წაშლილია, გაკვეთილი მომზადებული,

შენი უწყვეტი სრულყოფილება, სიჩუმე, ჭვრეტა და უსაყვარლეს საკითხებზე

ფიქრი და განსჯა,

გარდაცვალება, ღამე, ძილი და ვარსკვლავები.

 

როდესაც ცნობილ წიგნს ვკითხულობდი

როდესაც ცნობილ ბიოგრაფიულ წიგნს ვკითხულობდი,

ვთქვი ჩემთვის, განა ასეთია კაცის ცხოვრება, როგორც ავტორს სურს დაგვიმტკიცოს?

როცა მოვკვდები ასე უნდა დაწეროს ვინმემ ჩემს ცხოვრებაზე?

(თითქოს ვიღაცამ ჩემს ცხოვრებაზე მართლაც იცოდეს ერთი მისხალი,

ის კი არა და ხშირად მგონია, მე თვითონ, ძლიერ ცოტა ანდა სულ არაფერი ვიცი ნამდვილ ჩემს ცხოვრებაზე,

მხოლოდ მცირედი მინიშნებები, გადაგლესილი კვანძები და ალმაცერები

რასაც ვპოულობ მე თვითონ და აქ ვამზეურებ)

 

ასაკისადმი

მე შენ მაგონებ ხეობის წყაროს, განუწყვეტლივ რომ იზრდება და განიერდება,

ვიდრე დიდ ზღვაში ჩაიღვრება

უსაზღვროდქმნილი.

 

მე ვარ ის ვისაც სწვავს სიყვარული

მე ვარ ის ვისაც ამურული სწვავს სიყვარული;

აქვს დედამიწას მიზიდულობა? ყველა საგანი, ყოველ საგანს ტანჯვით არ იკრავს?

ჩემი სხეულიც ასე იზიდავს ყველაფერს რასაც ვხვდები ან ვიცნობ.

 

ვინ ვარ მითხარით, ბოლოს და ბოლოს

ვინ ვარ მითხარით, ბოლოს და ბოლოს, თუ არა ბავშვი

აღტაცებული საკუთარი სახელით? მიწყივ რომ იმეორებს და იმეორებს,

ვდგავარ და როგორც უცხო, ყურს ვუგდებ – და არასოდეს აღარ მბეზრდება.

 

შენაც იცოდე;

ხომ არ გგონია, არაფერს ნიშნავს ორი თუ სამი მარცვალი რითაც

გამოითქმება შენი სახელი?

 

ერთხელ, ხალხმრავალ დიდ ქალაქში ვიყავი გავლით

ერთხელ, ხალხმრავალ, დიდ ქალაქში ვიყავი გავლით და ტვინს ვიჭყლეტდი

გამოფენების, არქიტექტურის, სავაჭროების, ტრადიციების, დამახსოვრებით,

გავიდა ხანი და ის ქალაქი მე მაგონდება მხოლოდ იმ ქალით იქ რომ შემოვხვდი

და სიყვარულით დრო შეაჩერა,

დღე – დღეს მისდევდა და ღამე – ღამეს, ვიყავით ერთად –

სხვა ყველაფერი რა ხანია გადამავიწყდა,

როგორც ვთქვი მახსოვს, მხოლოდ ის ქალი, ჩემს სხეულს ვნებით ჩაკონებული,

მახსოვს თუ როგორ ვხეტიალობდით, როგორ ვეკვროდით ერთმანეთს და კვლავ ვშორდებოდით,

მახსოვს ხელებით როგორ მიჭერდა, რომ არ გავეშვი,

მე ახლაც ვხედავ მას ცხადივით, ჩემს სიახლოვეს, მდუმარე ბაგით, მოცახცახეს და გულდაწყვეტილს.

 

 

აქ არის ჩემი ჩვილი ფოთლები

აქ არის ჩემი ჩვილი ფოთლები, თუმცა ყველაზე ძლიერნი და მარადიულნი,

მე მათში ვმალავ და ვხვევ ჩემს ფიქრებს, მე მათში ჩემს თავს აღარ გამოვფენ,

მაგრამ ისინი წარმომაჩენენ ყველა დანარჩენ ლექსებზე მეტად.

 

ბავშვის შეცბუნება

როცა ვიყავი პატარა ბიჭი, გატრუნული და შეცბუნებული,

საკვირაო ქადაგებისას, ვისმენდი როგორ გამოჰყავდა მოძღვარს უფალი,

როგორც მებრძოლი, რაღაც ყოფასთან თუ გავლენასთან.

 

ზვირთებში შეცურა გემმა

შეხედე, უსაზღვრო ზღვის სივრცე,

ზვირთებში შეცურა გემმა,

გაშალა აფრები უკლებლივ ყველა, მთვარესაც აფრად მიაშრიალებს.

მიაფრიალებს ანძაზე ალამს, როცა მიიწევს, წინ მიიწევს ასე ამაყი

დაბლა კიჩოს კი აწყდებიან ტალღები გზნებით,

გემს გარსერტყმიან მოელვარე ქაფის რკალებად.

 

ო, საქალწულე აპკო! საქალწულევ!

ო, საქალწულე აპკო! ო საქალწულევ! რაღად მაწვალებ აგრე?

რად მწვავ ასერიგ მხოლოდ რაღაც ერთი წამისთვის?

რად აღარ ძალგიძს რომ გრძელდებოდე? რად წყდები ახლა?

იმად ხომ არა, რომ თუ წამიერს გახდი უსაზღვროს, ალბათ სულ მალე

უეჭველად გადამყრი სიკვდილს?

© არილი

Facebook Comments Box