ახალი ამბები,  ახალი წიგნები,  პოლემიკა,  პორტრეტი

უხილავი ცხოვრება – სად გაქრა ჯორჯ ორუელის ცოლი?

ჯორჯ ორუელი თავის ცნობილ ესეიში „რატომ ვწერ“ ამბობს, ვიცოდი, რომ მქონდა უსიამოვნო ფაქტებთან სიტყვებით გამკლავების უნარი, ვგრძნობდი, რომ ეს ქმნიდა სამყაროს, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში წარუმატებლობებისას ვაფარებდი თავსო. ამ განცდით კითხულობდა ორუელს ანა ფანდერი, ავტორი წიგნისა „ცოლობა: მისის ორუელის უხილავი ცხოვრება“.

ამის შემდეგ ფანდერი ორუელის შესახებ დაწერილ ექვს ძირითად ბიოგრაფიულ წიგნს გაეცნო და სწორედ მათი დასრულების შემდეგ გადააწყდა ჯორჯ ორუელის ბრწყინვალე და ახირებული ცოლის, აილინ ბლერის წერილებს, რომლებსაც იგი თავის საუკეთესო მეგობარს, ნორას უგზავნიდა. წერილები 2005 წელს აღმოაჩინეს, მაშინ, როცა უკვე დაწერილი იყო ყველა ბიოგრაფიული წიგნი ორუელის შესახებ. ხსენებული მიმოწერა იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ახლად დაქორწინებულები იყვნენ აილინ ოშონესი და ერიკ ართურ ბლერი. ამ წერილებმა ბევრი რამ გაამჟღავნა მათ შესახებ, იქცა ღია კარად, რომლის გავლითაც ორუელის პირად ცხოვრებაში შეაბიჯა მკითხველმა და, რაც მთავარია, ამ წერილებმა ის ქალი გამოაჩინა, რომელიც ჩრდილში ცხოვრობდა.

აილინ ოშონესი 1905 წელს დაიბადა, განათლება St Hugh’s-ში მიიღო და სწავლის დასრულების შემდეგ სხვადასხვა საქმიანობით იყო დაკავებული. მათ შორის, წერითაც – წერდა ლექსებსა და სტატიებს. როცა ორუელს შეხვდა, ფსიქოლოგიას სწავლობდა UCL-ში.

პირველ წერილში, რომელიც 1936 წლით თარიღდება (ესე იგი, დაწერილია დაახლოებით 6 თვის შემდეგ მათი ქორწინებიდან), აილინი ცდილობს, ახსნას, რატომ ვერ შეძლო უფრო ადრე მეგობრისთვის რამის მიწერა:

„ჩემი ჩვევა – წერილების პუნქტუალურად წერა – ქორწინების პირველივე კვირებში დავკარგე, რადგან გამუდმებით და მწარედ ვკამათობთ და ვფიქრობ, დრო უნდა დავზოგო და ყველას ერთი წერილი გავუგზავნო, როცა ან მკვლელობას ჩავიდენ, ან ერთმანეთს დავშორდებით“.

„რაზე უნდა ეკამათა წყვილს ქორწინების პირველ დღეებში? რამ მოანდომა ქმრის მოკვლა, თუნდაც ხუმრობით? და ექვსი ბრწყინვალე ბიოგრაფიის წაკითხვის შემდეგ, რატომ ვიცოდი ასე ცოტა მის შესახებ?“ – ეს შეკითხვები უჩნდება ანა ფანდერს და პასუხების ძიებასაც იწყებს:

„ამის გასარკვევად ბიოგრაფებს დავუბრუნდი. ახლად დაქორწინებულები პატარა კოტეჯში ცხოვრობდნენ, ველინგტონში, 30 მილში ლონდონიდან, ელექტროენერგიის გარეშე. რამდენიმე ბიოგრაფის მიხედვით, ორუელი ამ დროს იყო „ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი. 1936 წლის ზაფხული ნამდვილად იყო ელემენტებისა და გარემოებების ისეთი კომბინაცია, რომელმაც უზრუნველყო მისი ბედნიერების იდეალის სრულყოფილად ხორცშესხმა“.

ორუელის ეს მდგომარეობა, ისე ჩანს, თითქოს ბედნიერი შემთხვევების დამსახურება უფროა, ვიდრე აილინის. თითქოს ეს „გარემოებები“ და „მდგომარეობები“ თავისთავად შეიქმნა, შემქმნელის გარეშე. ამ ყველაფრის შემოქმედი ბიოგრაფიებში ვნებითმა გვარმა გააქრო.

გაურკვეველ მიზეზთა გამო, ბიოგრაფები პირდაპირ აილინს არ უკავშირებენ იმას, რომ ორუელის ტექსტები ქორწინების შემდეგ მოულოდნელად და საგრძნობლად გაუმჯობესდა: „უნდა ვივარაუდოთ, რომ ორუელის ტექსტების ტრანსფორმაცია იმ ინტელექტუალური სტიმულის დამსახურებაა, რომელიც მან ქორწინებიდან მიიღო“ – წერს ერთ-ერთი მათგანი.

მაგრამ აილინი იქ იყო, მუშაობდა, წერილებს წერდა, საყიდლებზე დადიოდა, სოციალურ ცხოვრებაში იყო ჩართული, მოკლედ რომ ვთქვათ – ცხოვრობდა.

„კითხვას ვაგრძელებდი,“ – ჰყვება ანა ფანდერი – „როცა ზამთარი დადგა, წავაწყდი რაღაცას, რაც ორუელმა თავისი ავადმყოფობისას დაწერა. პირად ლიტერატურულ დღიურში წერდა, მესამე პირში, რათა დისტანცირებულიყო იმ გრძნობებისგან, რომელთა გაძლებაც უჭირდა:

„ქალების შესახებ ორი მნიშვნელოვანი რამ არის, რისი გაგებაც მხოლოდ მაშინ შეგიძლია, თუ დაქორწინდები და რაც სრულიად უპირისპირდება სურათს, რომელსაც ისინი სამყაროს დასანახად ქმნიან. ერთი – მათი გამოუსწორებელი სიბინძურე და მოუწესრიგებლობაა. მეორე კი მათი საშინელი, შთამნთქმელი სექსუალობა. ის ეჭვობდა, რომ ყოველი ქორწინება გულისხმობდა ერთსა და იმავე ბრძოლას: კაცი სექსუალური კავშირისგან გაქცევას ცდილობდა, რათა მხოლოდ მაშინ ჰქონოდა სექსი, როცა ამის სურვილი გაუჩნდებოდა (ან სხვა ქალთან ჰქონოდა სექსი), ქალი კი მოითხოვდა მეტს და მეტს და მეტს და აშკარა ზიზღს გრძნობდა ქმრის მიმართ, სექსუალური ენერგიის ნაკლებობის გამო.“

ორუელს მხოლოდ ერთი ცოლი ჰყავდა. ეს სიტყვები აილინისკენაა მიმართული. მტკივნეული წასაკითხია მისი ფიქრები. იგი პარანოიკია, თავს მოტყუებულად გრძნობს ბინძური ქალების პოლიტიკურ-სექსუალური შეთქმულებით – ისინი საკუთარი თავის ყალბ სურათს უჩვენებენ სამყაროს. ის ქალებს ხედავს იმ ჭრილში, თუ რას აკეთებენ მისთვის და რას „მოითხოვენ მისგან“. არასაკმარისი დასუფთავება; მეტისმეტი სექსი. მაგრამ რას გრძნობდა ამ დროს მისი ცოლი? – მეტისმეტად ბევრი დასუფთავება და არასაკმარისი (ან არასაკმარისად კარგი) სექსი.“

ფანდერი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად გულისრევას გრძნობდა მათ პირად ცხოვრებაში შეჭრის გამო, თუმცა არ ავიწყდებოდა მიზეზი – იგი ორუელის ცხოვრებაში აილინის საძებნელად იქექებოდა. ეძებდა იმ ქალის კვალს, რომელიც თითქმის ყველას გამორჩა და, რა თქმა უნდა, ეძებდა ორუელის შემოქმედებაშიც:

როგორ გაუჩინარდა იგი? – მისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა. პასუხად ორუელის ცნობილ რომანს – „პატივი კატალონიას“ ასახელებს:

„მონუმენტურად უჩინარდება წიგნში „პატივი კატალონიას“ (ჩემს საყვარელ წიგნში თინეიჯერობიდან). შეგიძლია რამდენჯერმე წაიკითხო და ძლივს თუ აღმოაჩენ, რომ ორუელი ესპანეთში მარტო არ ყოფილა – იქ აილინიც იყო, თითქმის მთელი იმ დროის მანძილზე. ვერც ორუელის წიგნიდან და ვერც მისი ბიოგრაფების ჩანაწერებიდან ვერ შეიტყობთ, რომ ისიც იმ პოლიტიკური პარტიის შტაბში მუშაობდა, რომლისთვისაც ორუელი იბრძოდა.“

სინამდვილეში, აილინიც აქტიურად იყო ჩართული პროცესებში: წამლების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა, ფინანსურად ეხმარებოდა პარტიას, როცა ორუელს ესროლეს, ის ზრუნავდა მასზე და მისი ხელნაწერიც გადაარჩინა (რომელიც შემდეგ თავად აკრიფა), თავისი საწოლის ქვეშ მალავდა პასპორტებსა და დოკუმენტებს და ა. შ.

„წიგნში “პატივი კატალონიას“ ორუელი 37-ჯერ წერს – „ჩემი ცოლი“, მაგრამ არც ერთხელ არ ახსენებს მის სახელს. არცერთი პერსონაჟი არ ჩნდება სახელის გარეშე, მაგრამ ცოლს (ცოლობა, როგორც საქმიანობა) ყველაფერი შეგიძლია მოჰპარო. მაინტერესებს, რას გრძნობდა აილინი, როცა ამ გვერდებს კრეფდა“.

აქ ჩნდება „ვნებითი გვარის“ პრობლემა:

 „ხელნაწერები აიკრიფა ამკრეფის გარეშე, იდილიური გარემო შეიქმნა შემქმნელის გარეშე, სტალინისტებმა გაქცევა შეძლეს, პასპორტები წესრიგშია. ყოველთვის, როცა ვკითხულობ, რომ „რაღაც მოგვარდა“ ან „არავინ დაშავებულა“, ვღიზიანდები – ვინ მოაგვარა? ვინ შეიძლებოდა დაშავებულიყო?“

მართლაც, სად არის ამ დროს აილინი? ან რამდენად შეიცვალა ქალების მდგომარეობა ამ ტექსტების შექმნის შემდეგ?

როგორც ანა ფანდერი წერს, დღესაც არ აქვთ ქალებს ისეთი ძალაუფლება, როგორიც – კაცებს. დღესაც არ არის ქალებისა და მამაკაცების შრომა თანაბრად ანაზღაურებადი და საზოგადოებები კვლავ ქალების აუნაზღაურებელ (ან არასაკმარისად ანაზღაურებულ) სამუშაოზეა დაშენებული.

ამიტომაც ეძებს ანა ფანდერი აილინს. ეძებს და თავის ახალ წიგნში პოულობს კიდეც მას.

© არილი

Facebook Comments Box