ფრანგულიდან თარგმნა დალი იაშვილმა
მალტის ორდენის კავალერს და რომელიღაც პაპის შთამომავალს, რაღა თქმა უნდა, არაპირდაპირი ხაზით, კონტ ეჟენიოს ვატიკანში თავისუფლად შესვლის უფლება ჰქონდა. მან იქ შვეიცარიელი მცველების ცვლაში ჩადგომის სანახავად წაგვიყვანა. მაღალი ჟანგმიწისფერი ფასადები, შვეიცარიელი მცველების ყვითელი და ლურჯი ლენტები, სასახლის დაცვის ამალის დუკასებური უნიფორმა, პრელატების მოიისფრო-მოვარდისფრო მოსასხამები, ძალზე ცოცხალ ფერებში გამოწყობილი რამდენიმე ქალი, ეს ყველაფერი საკმაოდ თვალისმომჭრელ სანახაობას წარმოადგენდა. კონტ ეჟენიო აღფრთოვანებისგან კრუტუნებდა. სნობიზმით გადარეული, იმდენად აეტაცებინა საკუთარ მონდომებულობას, რომ თავპირის მტვრევით დარბოდა, და იმის შიშით, ვინმე არ გამომრჩესო, სიცარიელეში სალამს აქეთ-იქით არიგებდა. მანამდე ეამბორებოდა ხელებზე ვინმეს, სანამ მათ პატრონს დაინახავდა, გარშემო ბუნდოვან, მაგრამ მუდამ სასიამოვნო სიტყვებს იმ ქალივით აფრქვევდა, პუდრის ფუნჯს რომ ამოძრავებს და სურნელს აფრქვევს. «რა ნაზი სუნამოა!» ეტყოდა რომელიმე ქალს. შემდეგ, ფრანგულად და, ცხადია, გაუცნობიერებლად (ორიოდ ნაბიჯში პრელატი იდგა და ეჟენიომ იცოდა, როგორ ეამებინა ეკლესიისთვის), წაიღიღინებდა: «შენმა სურნელმა შემიღიტინა და გამომაცოცხლა!» და სრულიად მოულოდნელად, პრელატს სათნო ღიმილი გადაურბენდა სახეზე.
ცერემონია დამთავრდებოდა და, ცდილობდა ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ აქ შინაური კაცი იყო. კონტ ეჟენიო დაბალ დარბაზში მიგვაჩაქჩაქებდა, სადაც მცველები ჯავშანს იხდიდნენ. იქ უეცრად ოფიცერს გადაეყრებოდა, რომელსაც ეჟენიო, რაღა თქმა უნდა, იცნობდა (ის მთელ რომს იცნობდა), მაგრამ, რომელსაც, აშკარად არ მოსწონდა, რომ ქალები მისი ჰოპლიტების1 გახდის საყურებლად იყვნენ მოსულები. «პირწავარდნილი რომაელი ხართ», ეუბნებოდა ის ეჟენიოს. და შვეიცარული მტკიცე ტონით დასძენდა: «ნაღდი რომაელი». ეჟენიო მშვენივრად ხვდებოდა მინიშნებას, მაგრამ არაფრად აგდებდა. იცინოდა, ცქმუტავდა, გარშემო ურბენდა, ჯავშანზე თითს აკაკუნებდა, რომ მისი ჟღერადობა შეგვეფასებინა. ახლა მსუქან ჯარისკაცს გამოელაპარაკებოდა: «საიდან ხართ? – ფრიბურგიდან. – ფრიბურგიდან? იცნობთ მარკიზ დე მონჟენოს?..»
ამის შემდეგ წამოგვიყვანდა და მთელი სულითა და გულით გაგვანდობდა: „უცნაული ლამეებია (ენაც ეჩლიქებოდა). შვეიცალიული დაცვის გენელალი, ბალონი პფიფელ დ’ალტიშოვენი, ლომელსაც მე, გაგეცინებათ და, ბალონ დ’ალტიშოს ვეძახი, მოკლედ, ჩვეულებრივ საერო ტანსაცმელში სათვალეს ატარებს, მაგრამ უნიფორმაში გამოწყობილი იხსნის, რადგან აღმოაჩინა, რომ იმ დროს მონოკლები არ არსებობდა. სასაცილოა, ალა?“ დაასკვნიდა ბოლოს ისეთი თვალგაბრწყინებული, თითქოს ისტორიის რაიმე დიდი საიდუმლო გაგვიმხილაო.
*
სქელუა ამედეო ძალზე მორიდებული კაცი გახლდათ. დედამისს ისე დაეშინებინა, რომ ფეხსაცმელსაც ვერ აირჩევდა მის დაუკითხავად; ორმოცდაათ წელს მიტანებული ამადეო საროსკიპოებს ხშირად სტუმრობდა და, ერთხელაც ერთმა პანსიონერმა, როგორც იქნა, ისეთი ცხოველი გრძნობები აღუძრა, რომ ქალი პანსიონიდან გამოიყვანა და ქალაქგარეთ ერთ სამიკიტნოში დაასახლა, სადაც უქმეებზე, ვითომდა ნადირობის მომიზეზებით, მიდიოდა ხოლმე. ბედნიერი იყო. ქალი კი ამდენი უსაქმურობით ისე გასუქდა, კანში ვეღარ ეტეოდა. მაგრამ ზოგჯერ ამადეოსაც , ის ემართებოდა, რაც, საერთოდ ემართებათ ხოლმე განძის შემნახავებს: ამიტომაც ახალგაზრდა პერსონა ისევ უკან მიაბრძანა თავის საროსკიპოში, თუმცა იმ პირობით, რომ როგორც კი რაიმე საბაბით დედამისს მცირე თანხას გამოსტყუებდა, ისევ მივიდოდა მის წამოსაყვანად. ყოველი მისვლისას კი თან ეღთი ბოთლი შამპანური მიჰქონდა და მიკიტანსაც ეპატიჟებოდა. ჰოდა, წავიდა! მას შემდეგ მხოლოდ ერთხელღა ნახეს.
*
„ცხოვრება მშვენიერია!“ – გუსტავი ამ აზრზე დადგა, რაც დაკაცდა, და აღარასდროს უღალატია მისთვის. ეს იყო იმის მიზეზიც, რომ უარი თქვა რამდენიმე სამსახურზე, რომელსაც შეიძლებოდა მორგებოდა. „ცნობისმოყვარე ვარ, იმეორებდა ის, ძალიან ცნობისმოყვარე. ცხოვრება მაინტერესებს თავისი ყველანაირი ფორმით და საქმემ შესაძლოა შემზღუდოს“. არასდროს არაფერი უკეთებია. აჰ, თუმცა ესპანურს სწავლობდა. ხუთ წელიწადში გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია და ახლა, გაჭირვებით, პატარა ამბების მოყოლას ახერხებდა ესპანურად. ამაოდ ეუბნებოდნენ, რომ ესპანურის არა გაეგებოდა რა. ის კი მაინც ჰყვებოდა, ხარხარებდა და სწყინდა, სხვებიც რომ მასავით არ იცინოდნენ. იმედოვნებდა, რომ ოდესმე სერვანტესის წაკითხვასაც შეძლებდა დედანში. ეს იქნებოდა უცხო სამყაროში გაჭრილი მშვენიერი ფანჯარა. მაგრამ მისი ძმისშვილი და ბიძაშვილი მექსიკის დეპორტაციიდან რომ დაბრუნდნენ, ერთი კითხვაც კი არ დაუსვამს მათთვის და გულგრილი თავაზიანობით, თავის თავზე, ჯანმრთელობაზე და ახალ მერძევეზე ელაპაკა, რომელიც მის ქუჩაზე ახლახან გადმოსულიყო. ლაშქრობამ ძალზე შეზღუდული ინვესტიციები მოუტანა – პარიზში ბინა აიღო, მაგრამ წელიწადში სამჯერაც კი არ გასცდებოდა ვიქტორ ჰიუგოს ავენიუს. როდესაც ვინმე პროვინციელი ნათესავი მოსწერდა და სთხოვდა დახმარება გაეწია, ბუკინისტებთან რომელიმე წიგნი მოეძებნა ან თეატრში ადგილები დაეჯავშნა, თავის შეწუხების მაგიერ („უამრავი საქმე მაქვს!“) ოთხგვერდიან წერილს მისწერდა, სადაც სპექტაკლს აღუწერდა ან იმ წიგნის წაკითხვას არ ურჩევდა. თუ ნათესავი მაინც ჩამოვიდოდა, გუსტავი მძღოლის გვერდით დაჯდებოდა. „მე გატარებთ, უჰ, ეს ცალმხრივი მოძრაობები…“ და ფოლი-ბერჟერის ნაცვლად პორტ-დორესთან აღმოჩნდებოდნენ ხოლმე.
*
„შემოდგომის სალონის“ კატალოგს რომ ჩავყურებდი, ერთი პენსნეიანი გამომელაპარაკა: „უკაცრავად! ვერ მეტყვით სად ვარ? დიუვილე მქვია, მხატვარი ვარ, ხომ გესმით, კატალოგი, ასი ფრანკი…“ ვუთხარი: „თქვენ 3012-ე ნომერი ხართ“. კილომეტრობით პეიზაჟებს მივუყვებოდით. აი, 3012. „ღმერთო ჩემო, – თქვა სათვალიანმა, – შეშლიათ! მე სენაზე მთვარის ეფექტი გამოვფინე. მართლაც უცნაური მთვარე იყო. 3012 ყვითელი ყვავილების თაიგულია ვაშლებით“. – გაოცებას ვერ მალავდა დიუვილე. – „იფიქრებენ, რომ ეს ჩემია. ვერ იცნობენ ჩემეულ მანერას“. მიუახლოვდა ტილოს, შეეხო, უკან დაიხია: „თუმცა, დამეთანხმეთ, მგონი, არც ისე უბადრუკია…
და უეცრად დანანებით თქვა: „აი, დოქიც რომ ყოფილიყო!..“
*
სამოცს გვარიანად გადაცილებულმა დანტეს პროფილიანმა ანჟელომ, მზარეულმა, თავისი პატრონი, მისივე კბილა ამერიკელი ქალი მონუსხა. ქალმა ის ლოგინში ჩაიგორა და იმასაც კი მიაღწია, რომ პირველად თავის ცხოვრებაში, კაცს უწინდებოდ დაეძინა. რაველოს მშვენიერ ვილაში ანჟელოს ახლა უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონდა, როგორც იტყვიან – გაკეთდა შავი დედალივით. აგავებსა და სტატუებს შორის მთქნარებ-მთქნარებით დასეირნობდა და, რაღა თქმა უნდა, სამზარეულოც მიატოვა. ამერიკელმა სხვა მზარეული აიყვანა, ანჟელოს ძველი მეგობარი, რომელიც მდგომარეობის გათვალისწინებით, ანჟელოს ახლა პროფესორს ეძახდა. ანჟელო ზოგჯერ მაინც წაიწუწუნებდა: «რა მოგზაურობა, რის მოგზაურობა, უბრალოდ, რომში წამიყვანა! მუზეუმში წავედით. იქ ერთი საათი იდგა მადონას წინ. დალაპარაკება მინდოდა, მაგრამ გამაჩუმა. დრო რომ გამეყვანა, ვილოცე. ლოცვა რომ დავასრულე, დამუნათება დავიწყე. ბოლოს, როგორც იქნა, გამოვედით. ახლა უნდა, რომ განვქორწინდე. და მერე ჩემი საბრალო ცოლი? თანაც, იტალიაში, მგონი, აკრძალულია. შვეიცარიაში უნდა რომ წამიყვანოს. განა მოსაბეზრებელი არ არის?»
*
ჟენევა, ცნობილი ლიტერატურული სალონი და ორი ბუმბულებითა და მძივებით მორთული შლიაპიანი ქალბატონი:
– პოლეტ, ისევ ჰაიდეგერს?
– როგორ? არ გაგიგიათ?! ბოლომდე შემოვატრიალე ნავი. ისევ ჰაიდეგერი, მაგრამ კიჩოთი კირკეგორისკენ.
– ორივე ერთად? არ გეშინიათ?
და ამაზე პოლეტი, ძალზე გაბედული, თვალების ლამაზი ფახულით: „ვრისკავ!“.
შემდეგ მე მომმართა ჭირვეულმა: „შეგიძლიათ რამის თქმა ჰაიდეგერზე?“
მე: ჰაიდეგერი, ქალბატონო? მხოლოდ სახელი თუ მსმენია მისი.
ქალი აღფრთოვანებულია: „ესეც ძალიან ლამაზია!“ – მეგობარს მიუბრუნდება: „როგორ მართობს!“
ეს დადებითი განწყობა, სამწუხაროდ, დიდხანს არ გაგრძელებულა. ორიოდე წუთის შემდეგ ზურგს უკან მისი ხმა გავიგონე: „ოჰ, როგორც ჩანს, ეს ბულვარული ავტორია“.
*
დაბალი, კატეგორიული, მამალივით გაბღენძილი და ცხვირაწეული ჟოზეფი მწერალი იყო. მაგრამ 1929 წელს გამოქვეყნებული, სხვათა შორის, შესანიშნავი ესეს შემდეგ, ერთი ბწკარიც აღარ დაუწერია. დიდი ხნის განმავლობაში ამას თავის ცოლს აბრალებდა. „სულ ლაპარაკობს, გაუთავებლად ლაპარაკობს, როგორ უნდა ვიმუშაო? და ვერც ვცემ, ჩემო კარგო, ჭლექიანია“. დაქვრივებულმა და ხელახლა დაქორწინებულმა სხვა გამართლება მონახა: „უზომოდ უყვარს წესრიგი, რაც სულს მიხუთავს!“ ძალით მივყავარ კარადასთან, აღებს: „ერთი ამას შეხედე. კალსონები, ცხვირსახოცები, შალეული, სულ ყველაფერი საგულდაგულოდ დაკეცილ-დაწყობილი“. უზომოდ იყო დათრგუნვილი. შემდეგ ერთმა ნაწარმოებმა ეჭვის ჭია შეუჩინა: ემილის ნაწარმოებმა. ემილი ცნობილი მწერალი იყო. ჟოზეფს კი მიაჩნდა, რომ სულ ტყუილად, და უამრავი დრო გაატარა სხვადასხვა კაფეში იმისათვის, რომ აეხსნა, თუ რატომ. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ემილი ამას განიცდიდა. დიდების მწვერვლზე იმყოფებოდა, მისი პიესები ყველგან იდგმებოდა, მხოლოდ ეს ერთი შეუწყობელი ხმა აბეზრებდა თავს. – ბოლოსდაბოლოს, რას მსაყვედურობთ? – ჰკითხა მან ჟოზეფს.
– შექსპირი რომ არ ხართ, – უპასუხა გაყინჩულმა ჟოზეფმა.
ემილი გაქვავდა. რას არ მისცემდა, ოღონდ ამ ჯიუტი ოპონენტისთვის თავი მოეწონებინა. ბოლოს, შუადღისას საუზმეზე დაპატიჟა შინ, ფეხქვეშ გაეგო, იქამდეც კი მივიდა, რომ იმ ცნობილი ესედან მთელი ნაწყვეტები ზეპირად წაუკითხა. ჟოზეფს უკვირდა, მაგრამ როგორც კი ემილი ძალზე გულითადად წამოისროდა, ერთი იდეა მაქვსო, ჟოზეფი მშრალად მოუჭრიდა: მე უფრო მეტი მაქვსო.
საუზმის შემდეგ ერთად გავიდნენ. ვესტიბიულში ჟოზეფმა რაღაც შეკვრა აიღო, რომელიც ეტყობა შემოსვლისას დატოვა – გაზეთში გახვეული ბრტყელი, საკმაოდ მოზრდილი შეკვრა. ბაასით ჩაუყვნენ მალეზერბის ბულვარს. მადლენის მოედანზე რომ გავიდნენ, ჟოზეფმა განაცხადა, ავტობუსით უნდა წავიდეო. ემილი დაელოდა. ავტობუსი მოვიდა. ჟოზეფმა ხელის ერთი მოძრაობით გახსნა შეკვრა, იქიდან ვალტერის სათვალე ამოიღო და ემილის გაუწოდა.
– ინებეთ, ეს თქვენი ლორნეტია. საუზმის შემდეგ აგწაპნეთ. უთხრა და ავტობუსს შეახტა.
ემილი კი, სახელგანთქმული მწერალი, მადლენის მოედანზე ლორნეტით ხელში დატოვა.
*
ჯერ მის გულკეთილობაზე ვილაპარაკოთ: იმაზე, რომ ერთ დღეს ძალზე მნიშვნელოვანი სამსახურის გაწევა ვთხოვე და უყოყმანოდ შემისრულა. მის რწმენაზე, რომელიც პატივისცემას იწვევდა. მის ცხოვრებაზე, რომელიც, თავისებურად, რთული იყო. ოცდაათი წლის ასაკში დაქვრივებულმა და უსახსროდ დარჩენილმა შეძლო სამი შვილის გაზრდა და მათი ბრწყინვალე მდგომარეობამდე მიყვანა. ამ ყველაფრის ფონზე რაღა განსასჯელია მისი პაწაწა თავმომწონეობა? და თუ ამაზე მაინც ვილაპარაკებ, მხოლოდ მეგობრულად. ზედაპირულად ერკვეოდა მუსიკაში. აღარც ღირს ლაპარაკის გაგრძელება მოყვარულის თვითკმაყოფილი დამაჯერებლობის თაობაზე. მაგრამ ტოსკანინისთან შეხვედრის დროს უკან არ დაიხევს და მესა სი-მინორიზე შეეკამათება მას, რაზეც ტოსკანინი იფეთქებს. „აღმოჩნდა, რომ ამ ბრიყვს ლიტერატურაზეც ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონია“. – „ოჰ ეს სავარცხელა!“ – ამბობს ის. „გახსოვთ, პეგის მშვენიერი გვერდი სავარცხელაზე? – მე კიდევ თავიდან გულუბრყვილოდ მიკვირდა, ვიღაცაში ერევა-მეთქი. მისი კონსტრუქცია უფრო მარტივი იყო: ის ხედავდა სავარცხელას. მხედავდა მე, ახსენდებოდა, რომ ერთ დღეს მეტროში დამინახა პეგის რომ ვკითხულობდი, – რაც შემდეგ გადაიქცა: „გახსოვთ? პეგიზე რომ ვლაპარაკობდით ტერასაზე. . .“ ან კიდევ: „ოჰ, მარსოს ოღონდ თავისი პეგი აკითხე – და…“. მისთვის ეს საკმარისი იყო. მისი აზრით, პოეტი არის ის, ვინც ლამაზ სტრიქონებს წერს ლამაზ რამეებზე. უცნაური ის იქნებოდა, რომ პეგის, პოეტს, არასდროს ელაპარაკა სავარცხელებზე. ან შეიძლება ფრაზის ბოლო ნაწილი გახსენებოდა და უკუღმა გაეგო. ვალერიზე ვლაპარაკობდით, – „ისე მიყვარს მსხლის ფორმის ლექსები“, – იტყოდა. მონტერლანზე კი: „ჩემი სისუსტეა მისი ეპითალამია“. მე ვაპროტესტებ. „ეპითალამია შარდონისაა “. ჩემი ნათქვამი ვითომ არც გაუგონია: „მონტერლანის უკეთესია, უფრო სათუთად აქვს ნაგრძნობი“. ან კიდევ: „საბრალო კოპო, როგორ უზიარებლად მოკვდა!“. აქ კი მართლა ვფიქრობ, ვისში შეიძლება ეშლებოდეს-მეთქი. რაც შეეხება მარიტენს: „ის დაქორწინდა, არა, ჩვენს ცუგრუმელა რივიერზე?“ გამოთქმას „ჩვენი ცუგრუმელა“ ძალიან ხშირად იყენებს. სიამოვნებით ლაპარაკობს ცუგრუმელა კაზარესზე, ცუგრუმელა ვილმორენზე. კოლეტის შემთხვევაში გამოთქმა სახეს იცვლის: „ეს ძვირფასი კოლეტი“ – ასე ამბობს. მხოლოდ იმათ ჩამოვთვლი, ვინც ახსენდება: „კარგი გასტონი“; ვისაც უნდა, რომ კბილი გაჰკრას: „მაგას ისე მოაქვს თავი, მისი იერი ნუ მოგატყუებთ, არც ეგეთი კარგია“. არაა საჭირო იმის თქმა, რომ თავის სიცოცხლეში ამ ოთხიდან არცერთისთვის თვალი არ მოუკრავს, ახლოსაც კი არ გაკარებია მათ. და თუ შეეკამათებოდი, ამაზეც წინასწარ ჰქონდა მოფიქრებული, უკან როგორ დაეხია. „ეს ყოჩაღი ფეიერი. აი, ვინ არის ჩემთვის თავაზიანი ქალის განსახიერება!“. მაგრამ თუ საკითხს ჩავუღრმავდებოდით, აღმოვაჩენდით, რომ ედვინ ფეიერი მხოლოდ ერთ ფილმში ენახა. „და რა? ამ ფილმში არა აქვს თავაზიანი იერი?“ ან კიდევ: „მახსენდება, რას გვეუბნებოდა კლოდელი ერთ საღამოს. . .“ რა საოჯახო შეკრება იყო? აჰ, საჯარო ლექცია ყოფილა. გაზეთში კითხულობს, რომ ახლახანს როანი ლა როშფუკოზე დაქორწინებულა“. ვფიქრობ, რაღაცაა ცუგრუმელა როანსა და ერთ-ერთ, არ ვიცი რომელ, ლა როშფუკოს შორის“. რა უნდა გეპასუხა? არაა მართალიო? ან: „ოჰ, ეს ფორმალობები! საბედნიეროდ, საელჩო მომიგვარებს“. სინამდვილეში ეს ნიშნავდა, რომ ის მივიდა ცხაურთან დაბეჭდილი ფორმულარის გამოსატანად. მაგრამ ზოგჯერ ტყუილი მაინც აშკარავდებოდა. მგზავრობისას მატარებელში შეხვდებოდა კაცს, უბრალო ნაცნობს, რომელსაც, სრულიად შემთხვევით ანდეს საელჩოს ჩემოდანი: „იფიქრეთ მებაჟეებზე, რომლებსაც ჩვენი დიპლომატიური პასპორტები აქვთ!“ რამდენიმე წლის წინ, გარდენ-ფართიზე, სადაც სამასი კაცი მაინც იყო, ანდრე ჟიდი დაინახა, მისკენ წავიდა, თვალები დააფახულა და: „მინდოდა თქვენს შემოქმედებაზე მესაუბრა“. ჟიდი დათანხმდა, გვერდზე გამდგარიყვნენ სალაპარაკოდ. მალე მის ღუღუნზე თვლემა მოერია. შემდეგ თვალები აენთო. ქალის სახელოზე ბუზი დაინახა და ისეთი დარტყმით, ხარსაც რომ მოკლავდა, იქვე მიასრისა. ჩვენმა მეგობარმა შეჰკივლა. ეტკინა. და სისხლი ლაქადაც დაჩნდა თეთრი ტილოს კოსტიუმის სახელოზე, რომელიც ახალი ნაყიდი ჰქონდა. მაგრამ გული აუჩუყდა. „მოგონებად დამრჩება. მეგობრებს ვეტყვი: აი, ანდრე ჟიდის ლაქა!“
*
მადამ ჟიული რომ გულკეთილობის განსახიერება იყო, ამაში არაფერია განსაკუთრებული. ზოგჯერ რომ უმადურებს გადაეყრებოდა, ესეც ძალზე ბუნებრივია. ვინც აწყენინებდა, გულით და სულით იცოდა მიტევება. ერთხელაც გაიგო, რომ ერთი პოლონელი ოჯახი სიღატაკეში ცხოვრობდა და შესთავაზა, დროებით თავისთან წამოეყვანა მათი ორი ბავშვი, რომელთაც აჭმევდა, აცმევდა და ანებივრებდა. ექვსი თვის შემდეგ გაბედა და მშობლებს უთხრა, ბავშვები უკან წაეყვანათ. წაიყვანეს, მაგრამ ისე, რომ მადლობაც არ გადაუხადეს და საკმაოდ გესლიანი სიტყვებითაც გამოემშვიდობნენ. „საბრალოები, თქვა მადამ ჟიულმა, ეტყობა ეგონათ, რომ ეს ოფიციალური სამსახური იყო და სახელმწიფო მიხდიდა ფულს პოლონელი ბავშვების შესაფარებლად“. რადგან ხელოვნება უყვარდა, ერთი გაღატაკებული პიანისტი შეიფარა. ის კიდევ ყველგან ლაპარაკობდა, რომ ეს სტუმართმოყვარეობა ბნელ სურვილს ფარავდა, რომ მადამ ჟიულის მასთან დაწოლა სურდა. „ საბრალო ბიჭი, თქვა მადამ ჟიულიმ. ძალიან თავმოყვარეა და ამას იმიტომ ამბობსო. დროთა განმავლობაში ამ ჭორებმა მაინც შეაწუხა მადამ ჟიული და გადაწყვიტა, პიანისტი დაეთხოვა. ბოლო დროს ხშირად გადაუკრავდა ხოლმე სიტყვას, მაგრამ კაცი ყურსაც არ იბერტყავდა.
– მკაცრად უთხარით…
– აჰ, არა! ეს ტკივილს მიაყენებს. ხომ იცით, ხელოვანები ზედმეტად მგრძნობიარეები არიან!
ჯერ თავი მოიავადმყოფა, სულის ამოსვლამდე ახველებდა, დაარწმუნა პიანისტი, რომ ექიმმა შვეიცარიაში წასვლა ურჩია. „შესანიშნავია, თქვა პიანისტმა. მე მივხედავ თქვენს ბინას“. და, იმის მაგივრად რომ ის გაეშვა ბინიდან, იძულებული გახდა, სხვისთვის მიექირავაბინა ბინა, დაეთხოვა მოსამსახურე ქალი, რომელიც არ ეთმობოდა და მართლა წასულიყო შვეიცარიაში. ამაზე პიანისტი გააფთრდა, ლანძღა, ფეხები გამეტებით ურტყა ავეჯს. „საბრალო! – თქვა მადამ ჟიულმა, – სულ პიანინოს ბრალია, მთელი დღეების განმავლობაში უკრავს და, ეტყობა, გააფრენინა.
*
ხელგაშლილი ბუნების მადამ ოქტავი თავისი წვეულებების გამოსაცოცხლებლად საჭიროზე მეტ ენთუზიაზმს იჩენდა. „რა ჰქვია თქვენს შვილიშვილს? ეკითხებოდა ის მოხუც გენერალს. – მარიანი. – მარიანი! საოცარია! და რამდენი წლისაა? – ორი წლის. – შესანიშნავი ასაკია!“ და, თითქოს იმის დასამტკიცებლად, რომ არაფერს უსმენდა, ენერგიულად დაუმატებდა: „დარწმუნებული ვარ, რომ პირველია თავის კლასში“, რასაც დაუყოვნებლივ მორიგ სტუმარზე შეტევა მოჰყვებოდა: იმღერებთ რამეს? სტუმარი უარობდა. ეს აძალებდა. ღუღუნებდა. ბოლოს ის მონტევერდის რაიმეს შესთავაზებდა. Lasciatemi morire. Lasciatemi morire! – მადამ ოქტავი მიიბნიდებოდა. „ყველაზე მეტად მიყვარს, ჩემი უსაყვარლესი არიაა! როგორ გამოიცანით რომ ეს უნდა მოგესმენინებინათ?!“ თავისი სათნოებით ატაცებული, მთელი გულისყურით მოსასმენად, სათვალეს გაიკეთებდა. ტუჩებმომრგვალებული მომღერალი წამოიწყებდა თავის რომანსს. „ბრავო!“ – ყვიროდა მადამ ოსკარი მანამდე, სანამ ის დაასრულებდა. მერე სიჩუმე ჩამოვარდებოდა, რომლის დასარღვევადაც, კაცმა არ იცის, მადამ ოქტავი რას აღარ ყვიროდა: „მარსო, რამდენია დღეს დოლარის კურსი?“ რატომ დოლარის? მე რატომ მომმართავდა? და წამსვე სხვა რამეზე გადავიდოდა: „აჰ, ჩემო საბრალო მეგობარო! დიდი უსიამოვნებები მაქვს. ჩემი… შილს ხომ იცნობთ, ჩემი მაზლის ცოლს? თავის ქმარს უღალატა ისეთი ფორმით… ისე წინდაუხედავად მოიქცა!“ ლაპარაკობდა და თან ყავის ეკლერებს ზედიზედ სანსლავდა. „არ ვიცი რატომ ვიკლებდი ამ სიამოვნებას. როცა ვხედავდი ამ ქალს საყვარლები სახლში მოჰყავდა…“. შემდეგ უეცრად იღლებოდა. გენერალი, რომელიც წასვლას სულაც არ აპირებდა და ისე, ზრდილობისთვის იტყოდა, გვიანიაო, ეს იყვირებდა, მოსამსახურე ქალს დატუქსავდა: „დროზე, გენერლის პალტო!“ და საბრალო გენერალი მანამდე აღმოჩნდებოდა ქუჩაში, სანამ გაერკვეოდა, რა მოხდა. მეც წამოვდგებოდი დასამშვიდობებლად. „როგორ? უკვე მიდიხართ? არა!“ თან კი ამ დროს, ხელს, რომელსაც უნდა შევეჩერებინე, მხარზე მადებდა და კარისკენ მბრძანებლურად მიბიძგებდა.
*
ტყავის მწარმოებელი ბრონბერჟე პატარა ტანის და პატარა სახის ჟოკეისავით მოსიარულე კაცი იყო. უნდა ვიფიქროთ, რომ იყო ამაში რაღაც წინასწარ განსაზღვრული. ომის დროს ორნის ერთ-ერთ სოფელში, თავისი გვარის გამო თავშეფარებულმა აღმოაჩინა, რომ ცხენები მისი გატაცება იყო. და იმ დროიდან მოყოლებული, საკუთარი კომერციაც კი აღარ ართობდა ასე. ერთ დღესაც, დეიდაჩემი რომ გარდაიცვალა, მოირბინა: „აჰ, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას! თქვენი ძვირფასი დეიდა! ნუ განმსჯით, მცირე ხნით შემოვირბინე. ჩემი პატარა ფაშატი მყავს შეკაზმი. სხვათა შორის, გინახავთ? არა, იზაბელზე გელაპარაკებით. ჯორზე, ამ ცხოველზე, ჯორზე გეუბნებით. მ’სიე ტანინს ვაჩვენე და დორბლები წამოუვიდა. ხუთი წლისაა, მეტრი და ორმოცდათვრამეტი, ოქროა. წარმოიდგინეთ, ხელიდან რომ გამეშვა. ვერაფერს დაუწუნებ ამ ცხოველს. გარდა ფერისა. მიყვარს ჩალისფერი ცხენები. ცირკის ცხენივითაა. ჩემი მეგობარი შაპონიც ცხენივითაა. რასაც გინდა იმას გააკეთებინებ ამ ცხენს. ის კიბეზე ადის, როგორც გითხარით, თავისი და სხვა პარკის კიბეებზეც. ზარებიც რომ დაერეკინებინა, არ გამიკვირდებოდა. პენის დოღზე არბებინა. პირველი იყო და მერე წავიდა და წავიდა. ფოს პაპმა უთხრა: „ჰეი, მშვიდად!“ ეშმაკი. მაგრამ ბრძანებების შესრულება არ უყვარს შაპონს. ჰოპ, და თავში მოექცა, ასე და ამგვარად, გაიმარჯვა, ძალიანაც არ უწვალია. აჰ, შეურაცხყოფილები დარჩნენ, ფოს პაპი და სხვები. მე ვუთხარი: „მაშ, მ’სიე დიუ ფო?“ ოჰ, ეს არ იყო თავაზიანი, კარგად ვიცი, მაგრამ ვირივით ჯიუტი ვარ, მით უარესი, რაც ვარ, ისა ვარ, არავისი არაფერი მმართებს, იმას ვაკეთებ, რაც მინდა, ბოდიში. მეყო, მთავარ თემას მივუბრუნდეთ. მაშ, ასე უცბად, ორ წუთში წავიდა თქვენი საბრალო დეიდა?..“
- მძიმედ აღჭურვილი მეომრები ძველ საბერძნეთში
© არილი