ესე,  ესე (თარგმანი),  პროზა (თარგმანი)

ფერიდუნ თონქაბონი – ქებათა ქება სიზარმაცეს

სპარსულიდან თარგმნა მზია ბურჯანაძემ

ადამიანი ზარმაცი არსებაა. თუ რამე არ გაუკეთებია, სიზარმაცით არ გაუკეთებია და, თუ რამე გაუკეთებია, ისიც სიზარმაცის გამო  გაუკეთებია. ადამიანმა ის კი არ გადაწყვიტა, რომ ორ ფეხზე ევლო, გადაწყვიტა, რომ ოთხ ფეხზე აღარ ევლო. დაიღალა იმით, რომ მისი ოთხივე ფეხი უხეშ, ოღროჩოღრო და ხიფათიან მიწას ეხებოდა; იმით, რომ იძულებული იყო, კისერი დაეჭიმა და თავაღერილს ევლო… და უცბად გადაწყვიტა, ფეხები მიწაზე აღარ დაედგა. მოესვენა და შესძლებოდა, სიარულის დროს ხელები ექნია, თავი ჩამოეშვა და დანარჩენი არსებებისთვის თავმომწონედ გადმოეხედა.

ადამიანმა ცხოველების მოშინაურება კი არ გადაწყვიტა, გადაწყვიტა, ფეხით აღარ ევლო. ასე უფრო კარგად იყო, სიზარმაცესთან უფრო ახლოს… ადამიანმა ნავის და გემის გამოგონება კი არ გადაწყვიტა, გადაწყვიტა, აღარ ეცურა. ეზარებოდა ცურვა. მერე, როცა დაინახა, რომ ნიჩბების მოსმა მის ზარმაც ხასიათს ვერ ეწყობოდა, იალქნიანი ნავი გამოიგონა. საამური მზის ქვეშ, იალქნიან ნავში ნებიერად გადაწოლილი, ტალღების რწევას აღმა-დაღმა მიუყვებოდა, ფიქრმა რომ გაჰკრა: იქნებ რამე ოინი მოეგონებინა, იალქნების აშვება-დაშვების მცირე გარჯისგანაც რომ დაეხსნა თავი? და სწორედ მაშინ გამოიგონა მოტორიანი ნავი. სწრაფი და კეთილმოწყობილი გემი ჰქონდა, მაგრამ ეზარებოდა, დღითა თუ ღამით ნავსადგურიდან ნავსადგურამდე ეცურა, დრო დაეკარგა, საწვავი ჩაესხა… ეს საქმე ემძიმებოდა. ჰოდა, უფრო კომფორტულად რომ მოწყობილიყო, ატომური ხომალდი გამოიგონა.

ადამიანს არ გადაუწყვეტია, ავტომობილი ან რკინიგზა გამოეგონებინა. უბრალოდ,  უნაგირზე ჯდომამ და საკუთარი სასქესო ორგანოს ტანჯვამ დაღალა. იმანაც, რომ ეტლში ან ფორანზე ცხენის გავასთან მიმჯდარს, ამ ოთხფეხის ანტენის აწევისთვის და მისი რადიო- და ტელეპროგრამების ფრქვევისთვის უნდა ეცქირა.

არც თვითმფრინავის გამოგონება მოჰყოლია ადამიანის სიყოჩაღეს. სიზარმაცე და ნებიერობა გახდა ამ საქმის მიზეზი. დაღალა ადამიანი საათობით მანქანის სავარძელზე ჯდომამ, მტვრიან ღრანტეებში რიხინმა, ბენზინის ჩასხმამ, ზეთის შემოწმებამ, საბურავების ჩაფუშვამ. ეზარებოდა  საბურავების, ამორტიზატორებისა და სამუხრუჭე ხუნდების წარამარა ცვლა.

ადამიანმა შვეულმფრენი იმიტომ გამოიგონა, რომ თვითმფრინავის უთავბოლო მზადებამ თავი მოაბეზრა. საფრენი ბილიკის გარბენა ემძიმებოდა. ფრენისას  აეროდრომის ძებნა და, დაჯდომის ნებართვის მოლოდინში, ჰაერში ბზრიალი ეზარებოდა. მის ხასიათს, მის სიზარმაცეს შვეულმფრენი მეტად ეწყობოდა. სადაც მოუნდებოდა, დაფრინდებოდა და, როცა მოეპრიანებოდა,  აფრინდებოდა.

ვეებერთელა თვითმფრინავის სავარძელში მოხერხებულად მჯდომს, საჭმელ-სასმელს მიართმევენ, წიგნი და ჟურნალ-გაზეთები მის განკარგულებაშია, მუსიკას ასმენინებენ, ფილმს სთავაზობენ. რაც მთავარია, წლების სავალ მანძილს საათებში ფარავს… მაგრამ რამდენიმე საათის გაძლება ეზარება. არ შეუძლია, მოითმინოს. ამიტომ ბგერის სიჩქარეზე უსწრაფეს საფრენ აპარატს იგონებს.  ამქვეყნად მართლაც ყველაზე ზარმაცი და სულსწრაფი არსებაა ადამიანი.

ყველა სხვა გამოგონებაც, რაც კი აზრად მოგივათ, უმცირესიდან _ უდიდესამდე, ადამიანის სიზარმაცესა და სიზანტეზე მეტყველებს: სარეცხი მანქანა, ჭურჭლის მანქანა, პერანგები, რომელსაც უთო არ სჭირდება, ერთჯერადი თეფშები (ადამიანს ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩართვაც კი ეზარება), ქაღალდის ჭიქა, ქაღალდის ხელსახოცი, ლიფტი. დიახ, საუკეთესო მაგალითი ლიფტი გახლავთ! ადამიანმა ლიფტი იმიტომ მოიგონა, რომ კიბეზე ასვლა ეზარებოდა. მაგრამ სიზარმაცესაც ხომ საზღვარი აქვს! ასვლა _ კიდევ ჰო. მაგრამ ეს არსება იმდენად ზარმაცია, რომ ჩასვლითაც ლიფტით ჩადის.

როგორ გგონიათ, რა არის ადამიანის ყველაზე დიდი სიამოვნება და თავშექცევა? ჭამა? დიახ, მართალი ხართ. მაგრამ ადამიანი ძალიან ზარმაცია საიმისოდ, რომ თუნდაც ამ  სიამოვნებისთვის გასწიოს მცირედი გარჯა. მობეზრდა საჭმლის კეთება და რესტორანი გამოიგონა. ხოლო, რადგან იმდენად ზარმაცი იყო, რომ სხვადასხვა ჭურჭლიდან საჭმლის თეფშებზე გადმოღება, დანა-ჩანგლის, კოვზის, სამარილე-საპილპილისა და ტილოს ხელსახოცის გამოყენება ეზარებოდა, სენდვიჩი გამოიგონა. სენდვიჩი ხუმრობა საქმე არ გეგონოთ! სენდვიჩი კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი მიგნებაა!

ადამიანს ემძიმებოდა, ამდგარიყო, აქეთ-იქით ევლო, მეგობრები მოენახულებინა, საქმეები მოეწესრიგებინა. ამიტომ წერილი და ფოსტა მოიგონა. მაგრამ ისიც უჭირდა, წერილი დაეწერა  _  ეზარებოდა, ამდგარიყო, ფოსტაში წასულიყო, მარკა ეყიდა, ნერწყვით დაესველებინა და კონვერტზე დაეკრა (ამის გამო ხომ მარკიანი კონვერტი მოიგონა), კონვერტი საფოსტო ყუთში ჩაეგდო. ჰოდა, ტელეფონი გამოიგონა. ტელეფონი თუ გაქვს, არც არაფრის დაწერა გჭირდება, არც _ ადგილიდან დაძვრა. მერე, რაკიღა ამ გამოგონებას, რომელიც მის ზარმაც ბუნებას ეხმატკბილებოდა, გემო გაუგო, მას სხვადასხვა გამოყენებაც გამოუძებნა: ყიდვა ტელეფონით, გაყიდვა ტელეფონით, სწავლება ტელეფონით და ვინ მოთვლის, კიდევ რა აღარ… სიყვარული და ქორწინებაც კი _ ტელეფონით. ეს უზარმაცესი არსება სატრფიალო თამაშებისთვისაც კი, რომელიც თავის უდიდეს (მხოლოდ ჭამას რომ ჩამორჩება… თუ უსწრებს კიდეც?)  სიამოვნებად მიაჩნია, არაა მზად, სიზარმაცეს და სიზანტეს შეელიოს. იმის ნაცვლად, რომ გაისარჯოს და სატრფო მოინახულოს, ან სამიჯნურო წერილი მისწეროს, ფიქრებს ტელეფონით იამებს.

დამიჯერეთ, ზუსტად ვიცი, რომ ზოგიერთი ადამიანი, სიზარმაცის  გამოისობით, ბუნებასაც კი ატყუებს: იმის ნაცვლად, რომ თითო ბავშვის გასაჩენად ყოველ ჯერზე გაისარჯოს, თავი შეიწუხოს და ოფლი ღვაროს, მხოლოდ ერთხელ ირჯება და ერთბაშად ორ, სამ ან ხუთ ბავშვსაც კი აჩენს. თუ ეს სიზარმაცე არ არის, მაშ, რაღაა?!

საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან ადამიანის სიზარმაცისა და ნებიერობის ნიშნებს იპოვით. თუნდაც საკუთარ საწერ მაგიდას დახედეთ: დაიღალა ადამიანი კალმისტრის სამელნეში ჩაწობით და ავტოკალამი მოიგონა. შემდეგ ისიც დაეზარა, რომ დროდადრო ცოტ-ცოტა წაემუშავა, ანუ ავტოკალამი მელნით აევსო… და ბურთულიანი კალმისტარი მოიგონა. მაინც უჭირდა წერა, ხელი ეღლებოდა… და საბეჭდი მანქანა გამოიგონა. მაგრამ კვლავ წუხდა: მისი აზიზი თითები ღილაკებზე დაწოლით იტანჯებოდნენ. ჰოდა, ელექტრონული გამომთვლელი მანქანა გამოიგონა: თითებს ძალას აღარ დაატანდა და თითისწვერის ერთი შეხებაც საკმარისი იქნებოდა.

ეზარებოდა ადამიანს ერთი და იმავეს ორჯერ,  სამჯერ და მრავალჯერ წერა ან ბეჭდვა, ამიტომ ასლის გადასაღები ქაღალდი მოიგონა.

ეზარებოდა აქეთურ-იქითური ამბების გასაგებად დაუსრულებელი წადი-მოდი და გაზეთი გამოიგონა. გაზეთი ადამიანის ყველაზე საზარმაცო გამოგონებაა: ნებიერად მიწოლილხარ შენთვის _ რბილ სავარძელში, ხელში რამდენიმე ფურცელი გიჭირავს და ყველაფერი იცი, ქვეყნის კიდით კიდემდე რაც ხდება. თან არც წიგნივით მძიმე და ერთფეროვანია. მაგრამ ამ ზარმაც არსებას ხელში ფურცლების აღება და წაკითხვაც დაეზარა… და რადიო გამოიგონა. რადიო გაზეთზე უფრო საზარმაცოც კია, რადგან მოსმენას კითხვაზე ნაკლები გარჯა სჭირდება. მერე მობეზრდა ამ უსახური, მოლაპარაკე  ოთხკუთხა ყუთის წინ ჯდომა და თვალმოუშორებლად მისი ყურება. არადა, ისიც ეზარებოდა, ამდგარიყო, ტანზე ჩაეცვა, გარეთ გასულიყო, ტრანსპორტში ჩამჯდარიყო, ჩამოსულიყო, რიგში ჩამდგარიყო, ბილეთი აეღო, კინოთეატრში შესულიყო და ფილმი ენახა. მაგრამ ორი გამოგონების მოფიქრებაც რომ ეზარებოდა?! ჰოდა, ორივე შეაერთა და ტელევიზორი გამოიგონა. ტელევიზორი მხოლოდ ორი გამოგონების ერთიანობა როდია, სულაც არა! რამდენიმე გამოგონების ნაკრებია. ტელევიზორი დედ-მამის მოვალეობასაც ასრულებს და ბებია-ბაბუისასაც. ტელევიზორი მასწავლებელიცაა, მეგობარიც, თანამშრომელიც, მასხარაც და გუდიანიც… რამდენიმე კაცი ერთად რომ შეიყრება და ეზარება, ტვინს ძალა დაატანოს და სამასლაათოდ რაიმე თემა მოძებნოს, ამ პრობლემას ტელევიზორი უგვარებს. ყველანი ტელევიზორს მისჩერებიან და ხმას არ იღებენ. თუ იტყვიან კიდეც რამეს, ისევ _ ტელევიზორის შესახებ.

ცნობილი ამბავია, რომ ადამიანისთვის ყველაზე რთული საქმიანობა ფიქრია. ფიქრი ადამიანის ბუნებას ვერაფრით ვერ ეწყობა და მის სიზარმაცეს ხომ ვერა და ვერ ეხმატკბილება. ჰოდა, ტელევიზორმა ადამიანი ფიქრის ჭირისგანაც იხსნა. ტელევიზორი თუ გაქვთ, ფიქრი აღარაფრად გინდათ. ამიტომ ტელევიზორი, სენდვიჩთან და შესაკრავ ელვასთან ერთად, კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს გამოგონებად ჩაითვლება.

დიახ, შესაკრავი ელვა მცირე რამ არ გეგონოთ! შესახედად კი პატარაა, მაგრამ სიდიადით ტელევიზორს არ ჩამორჩება. ათეულობით ღილის შეკვრა და გახსნა მართლაცდა ვერაა იოლი საქმე! ეს კი _ ჭრ-რ-რ! წამის ამბავია! ელვა გათავისუფლებთ იმ ათობით ღილის შეკვრა-გახსნისგან, ბოლო რომ არ უჩანს! მით უფრო, თუკი გეჩქარებათ! აბა, რა გითხრათ? სიჩქარე ადამიანის სიზარმაცეს ვერაფრით ეგუება და ადამიანი საქმეში არც არასდროს ჩქარობს. მე იძულებისა და გამოუვალობის მდგომარეობას ვგულისხმობ. იმ სიტუაციას, როცა საკუთარი სურვილი კი არა, ის აღმატებული ძალა გახსნევინებთ ღილებს  სათითაოდ, თქვენს ნებას რომ არ ემორჩილება. თანაც ამ წყეულ ღილებს ხომ სათვალავი აღარ აქვთ! ხელი გიკანკალებთ, ღილი გისხლტებათ…  ელვა ასეთ წუთებში სასწაულებს ახდენს! გინდა მარტო იყოთ ამ დროს და  გინდა _ არა!  გინდა თქვენს ტანსაცმელზე იყოს ეს ელვა და გინდა _ სხვისაზე!

საითაც არ უნდა გაიხედოთ, რასაც არ უნდა შეხედოთ, რა საქმეც არ უნდა გაგახსენდეთ, ყველგან ადამიანის სიზარმაცის გამოვლინებას დაინახავთ. ყველა სფეროში.

ისტორია? დიახ! ადამიანს ისრის საისრიდან ამოწევა, მშვილდში ჩადება და მოზიდვა დაეზარა; დაეზარა, შუბი ეტყორცნა და მტრისთვის ხმალი ექნია. ამიტომ თოფი გამოიგონა. მაგრამ ისევ დაეზარა, ყოველ ჯერზე ყოველი ტყვიის ჩასადებად ჩახმახი შეეყენებინა და ფეხი გამოეშალა, ამიტომ ავტომატი და ტყვიამფრქვევი გამოიგონა.

ადამიანს დაეზარა, მტერი თითო-თითოდ ეხოცა. ეს დიდ დროს და კიდევ მეტ ძალისხმევას ითხოვდა. ადამიანს კი თან ეზარებოდა და თან ბეზრდებოდა. ჰოდა, ყუმბარა და მომწამვლელი გაზი გამოიგონა.

 

* * *

ეკონომიკა?! დიახ, ადამიანს ეზარებოდა, რომ ყველაფერი თავად ეკეთებინა. კიდეც ეთესა, კიდეც მოემკა, კიდეც ეხარშა, კიდეც ეკერა, ეშენებინა და ათასობით საქმეს მიჰყოლოდა. ჰოდა, შეიყარნენ ადამიანები ერთად და იმან, რომელსაც სხვებზე მეტი ჭკუა ჰქონდა, ანუ რომელიც სხვებზე უფრო ზარმაცი იყო, დანარჩენებს უთხრა: ,,შენ პური აცხვე, შენ ფეხსაცმელი კერე, შენ მჭედლობა გასწიე, შენ დურგლობა იკისრე, შენ სახლი აშენე. მე თვალყურს გადევნებთ, რომ კარგად იმუშაოთ და სხვები (განსაკუთრებით კი – მე) არ გააცუროთ“.

იმ სხვებმა იფიქრეს, ჯანდაბას, დღეში რამდენიმე საათს ვაკეთებ ამ საქმეს, სამაგიეროდ, სხვა საკეთებელი არაფერი მექნებაო.

ყველა დამშვიდდა და დაკმაყოფილდა.

ასე განხორციელდა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დიდი მონაპოვარი _ შრომის განაწილება, რომელიც წინ წავიდა. წავიდა და წავიდა… სანამ წასასვლელი აღარსად დარჩა.  მაგრამ ადამიანის სიზარმაცე გამოსავალს მუდამ ეძებდა. ადამიანმა ისევ თქვა: ,,დილიდან საღამომდე  ამ მარტივ საქმეს რომ ვაკეთებ (ვთქვათ, ლურსმანზე ჩაქუჩს ვაკაკუნებ), რა იქნება, ისეთი რამე მოვიგონო, რომელიც ამას ჩემ მაგივრად გააკეთებს?“

და ასე გაჩნდა ავტომატიზაცია.

 

* * *

პოლიტიკა?! ეზარებოდა ადამიანს, საზოგადოებრივ საქმიანობას თავად გასძღოლოდა და ერთ ჯგუფს მიანიჭა უფლებამოსილება, წყალობა მოეღო და მისი საქმეები ემართა და მოეგვარებინა. ისინიც ხომ, ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ, ადამიანის მოდგმისანი იყვნენ და ზარმაცები. ამიტომ საქმეების მოსაგვარებლად რამდენიმე კაცი გამოყვეს. იმ რამდენიმემაც, სიზარმაცისა და უქნარობის გამო, საქმე აირიდა და ყველაფერი ერთ კაცს გადააბარა. ჰოდა, ის ერთი, უნდოდა თუ არ უნდოდა, იძულებული გახდა, ემუშავა. ძალიან რომ დაიღლებოდა და საქმისგან თავის დაძვრენას დააპირებდა, თავს უქონავდნენ. ძალას არ იშურებდნენ, ელაქუცებოდნენ და აბითურებდნენ (ცუდი არაფერი იფიქროთ: იმ დროებაში არც გაზეთი არსებობდა და არც _ ცნობის ფურცელი!). დიახ, მაგალითად, ერთ დღეს, გულის მოსაგებად, დიდებულ სასახლეს აუშენებდნენ; მეორე დღეს ოქრო-ვერცხლსა და თვალ-მარგალიტს მიართმევდნენ… უგუნებობა მოეძალებოდა? უხალისობის გასაქარვებლად თვალმახარა ქალებს უგზავნიდნენ, ანდა საკუთარ ქალ-ვაჟებს მიუვლენდნენ სამსახურისთვის. რა ჩარა ჰქონდა?! საქმიანობდა და, სევდა-ნაღველის გასაფანტავად, ხან თვალს დასთხრიდა ვინმეს, ხან ენას ამოჰგლეჯდა, ხან გამლღვარ ტყვიას ჩაასხამდა ხახაში, ხან თავს მოჰკვეთდა, ხანაც ქალაქს გადაწვავდა ან  ქვეყანას გაყვლეფდა… არც ეს შველოდა და, როცა საბოლოოდ გადაელია გული და თავიც  ზედმეტად გაინაზა, ხალხმა თქვა: ,,კარგი, იყოს რიგ-რიგობით. თითოეულმა რამდენიმე წლით იტვირთოს ეს საქმე. ასეც არ ივარგებს, რომ ერთმა საწყალმა კაცმა დაბადებიდან სამარის კარამდე სხვების სამსახურში იღვაწოს, დანარჩენებმა კი ფეხი ფეხზე გადაიდონ და უსაქმურობას და დროსტარებს მიეცნენ“.

ჰოდა, ერთი ალალი და გულუბრყვილო ბრიყვი მოიხელთეს და ოთხი წლით დააკისრეს საქმის კეთება. ოთხი წელიწადი რომ გავიდა, კაცმა თქვა: ,,ესეც ასე. თქვენი ხმალი და ჩემი კისერი – ოთხი წელი  გემსახურეთ. ახლა კი მსურს, ორმოცი წელი დავისვენო!“ ხალხმა  ღრიტინი დაუწყო, ხვეწნა-მუდარით ჩაუვარდა მუხლებში და სულ ულვაში აფიცა, რომ ეს გულმართალი კაცუნა დაეყოლიებინა, კიდევ ოთხი წელი ემუშავა მათთვის. კაცუნამაც, ოღონდ  ისინი ჩამოხსნოდნენ, ფულის ხვეტას მიჰყო ხელი, სხვის ცოლებს ეტორღიალებოდა და აბეზარ ქმრებს თავიდან იშორებდა, არამკითხე და ენაჭარტალა ხალხს შესაფერის ადგილებში აგზავნიდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მრავალ იმგვარ საქმიანობას მისდევდა, რაც, მოწყენილობისა და დაღლილობის გასაქარვებლად,  სხვასაც ბევრს უკეთებია და აკეთებს კიდეც.

მაგრამ ესეც რომ არ იკმარა ხალხმა? ოთხი წელი რომ გავიდა, კვლავ მოთქმა-ტირილი და ხვეწნა-მუდარა დაუწყო: ,,ოთხი წელი კიდევ იყავი. პირობას გაძლევთ, ბოლო იქნება!“

შემდეგ ჯერზე, ოთხი წელი რომ ჩამოთავდა, სინდის-ნამუსზე ხელი აიღეს და საწყალ კაცუნას პირდაპირ და მოურიდებლად მიახალეს: ,,არ დაგიმალავთ, შენ ჩვენ მოგვწონხარ და გვსურს, რომ ჩვენს რესპუბლიკას სამუდამოდ უხელმძღვანელო…“

კაცუნა გამწარდა, მტერს და მოყვარეს აგინებდა და თავის დაწყევლილ ბედს კრულვას უთვლიდა, მაგრამ ჩათრევას ისევ ჩაყოლა არჩია. თუმცა ვერც იმას დავფარავთ, რომ ისიც ადამიანი იყო და ამიტომ _ ზარმაცი. ჰოდა, ახლა, ამდენი წელი რესპუბლიკის მეთაურის სასახლეში რომ გაეტარებინა და  ამ ცხოვრებას მისჩვეოდა, გადაბარგებაც ხომ ეზარებოდა?!

 

* * *

მაგრამ მოვეშვათ პოლიტიკას, აქ ან გაგიმართლებს, ან _ არა! დროსტარებაზე გადავიდეთ…

რა არის ადამიანის ყველაზე დიდი დროსტარება? ღვინის სმა… რადგან ადამიანს   ახალი მიწების აღმოჩენა, უსიერ, უღრან ტყეებში ხეტიალი, მიუვალი მწვერვალების დაპყრობა და მღელვარებისა და სიამოვნების ამ სახით განცდა ეზარებოდა, ისეთი რამ მოიგონა, ოთახის კუთხეში ფეხმორთხმულს რომ შეაძლებინებდა, იგივე ღელვა და სიამე ეგრძნო: ადამიანმა ღვინო გამოიგონა. შეიძლება ითქვას, რომ ღვინო კაცობრიობის ყველაზე მარჯვე  გამოგონებაა. ყველაფერს თვითონ აკეთებს და შენ არაფრის კეთება აღარ გჭირდება. ჯერ არის და, ისეთ ძალას შთაგბერავს, რომ საათების განმავლობაში შეგიძლია იცეკვო, იხტუნო, იცინო, იტირო, იჩხუბო _ მოკლედ, რაც გინდა, ის აკეთო და თანაც _ ისე, რომ არ დაიქანცო. მერე, დაღლა რომ არ მოგეძალოს, მოგთენთავს, მოგარღვევს, აპათიაში ჩაგაგდებს (ოჰ, როგორ უყვარს ადამიანს ეს მდგომარეობა!) და მიგაძინებს.

ჰო, ახლა გამახსენდა: თუ ადამიანი ზარმაცი არაა, საძილე აბები რატომ მოიგონა? ეს არსება იმდენად ზარმაცია, რომ ისიც არ უნდა, ლოგინში ფხიზელი ჩაწვეს და დროდადრო გვერდი იცვალოს.

დიახ, მღელვარების სიამოვნებაზე ვსაუბრობდით. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ყველაზე დიდი მღელვარება სპორტში იმალება და მიიჩნევა, რომ სპორტსმენები ძალიან ყოჩაღები არიან. თითქოს სპორტსმენს და სიზარმაცეს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ. მაგრამ ასე სულაც არაა. ჩემი აზრით, სპორტსმენები კაცობრიობის უზარმაცესი წარმომადგენლები არიან. თუ ზარმაცები არ არიან და, როგორც ამბობენ, სიმაღლე  იზიდავთ, მაშ, ეს ამდენი საბაგირო გზა: სათხილამურო, საციგურაო და სხვანი, რომლებითაც აღმა-დაღმა დასრიალებენ, რაში სჭირდებათ?

ჰოდა, რაკი სპორტზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ესეც უნდა ვთქვათ: ადამიანი ისეთი ზარმაცია, რომ იმ საქმეს, რის გაკეთებასაც არ აპირებს, დაუყოვნებლივ არ აკეთებს, ხოლო იმას, რის გაკეთებასაც აპირებს, უამრავ პირობას უდებს. ვთქვათ, ჩვევად გაქვთ, ყოველ დილას ივარჯიშოთ. ერთ დღეს იღვიძებთ და ამბობთ: ,,დღეს უკვე გვიანაა. აღარ ვივარჯიშებ“.  მეორე დღეს ამთქნარებთ და ამბობთ: ,,დღეს რაღაც უგუნებოდ ვარ, აჯობებს, არ ვივარჯიშო“. მესამე დღეს დგებით და ამბობთ: „წუხელ ბევრი ვიარე. დღეს ვარჯიშის თავი არა მაქვს“… და ასე შემდეგ. თანდათან ვარჯიშს გადაეჩვევით. მაგრამ, თუ არ ვარჯიშობთ და მხოლოდ აპირებთ, რომ დაიწყოთ, ამბობთ: „დღეს ხომ ოთხშაბათია, კვირა მთავრდება. შაბათიდან დავიწყებ“.[1] თუ მოისურვებთ, საზზე დაკვრას დაეუფლოთ ან მათემატიკა შეისწავლოთ, ასე იტყვით: „პირველი რიცხვიდან დავიწყებ“. თუ ზამთრის შუახანებს დაემთხვა, მაშინ ამბობთ: „მოდი, წლის დასაწყისიდან შევუდგები“.[2]

 

* * *

ერთი, ფილოსოფიასაც გადავწვდეთ და ლაყბობა დავასრულოთ (სიტყვის გაგრძელება მეზარება!).

იმაზე თუ გიფიქრიათ, როცა ადამიანს სიცოცხლე ეზარება, თავს რომ იკლავს?!

 

* * *

არ მაინტერესებს, სხვები რას მიიჩნევენ ისტორიისთვის ბიძგის მიმცემად. ჩემი აზრით, ისტორიის მამოძრავებელი ძალა მხოლოდ და მხოლოდ სიზარმაცეა!

არ ვიცი, ეს შეგონება სადმე წავიკითხე თუ ვინმემ მითხრა:

„ზარმაცები რომ არა, დღემდე გამოქვაბულში ვიცხოვრებდით“.

[1]  ირანული კვირა შაბათიდან იწყება და უქმე დღე პარასკევია.

[2]  წლის დასაწყისი 20-22 მარტს ემთხვევა _ გაზაფხულის ბუნიობას, როცა ირანელები ახალ წელს  _ ნოურუზს დღესასწაულობენ.

© არილი

Facebook Comments Box