პორტრეტი

ფერნანდო პესოა – ცარიელი სცენა

თუ ზოგიერთი ავტორი საკუთარ თავთან დასაახლოებლად წერს, ფერნანდო პესოა წერდა იმიტომ, რომ მისგან გაქცეულიყო. საპირისპირო მიმართულება აირჩია და ამტკიცებდა, რომ თავის „მინი-პოპულაციაში“ ყველაზე ნაკლებად „რეალური“ თვითონ იყო. პესოამ შექმნა ჰეტერონიმები და არა ფსევდონიმები (ასეთ შემთხვევაში, ავტორი ქმნის ახალ „ავტორებს“, როგორც ერთგვარ ფიქციურ პერსონაჟებს, რომლებსაც საკუთარი ბიოგრაფიები აქვთ და რომლებიც წერენ ავტორისგან სრულიად განსხვავებულად, რადგან თითქმის არაფერი აქვთ მასთან საერთო) და ამტკიცებდა, რომ ისინი, „სხვები“, მისგან განცალკევებულები, დამოუკიდებლები იყვნენ – „მე ვარ ცარიელი სცენა, რომელზეც სხვადასხვა მსახიობი სხვადასხვა როლს ასრულებს“. მეტიც, პესოა ამბობდა, რომ „ადამიანები“, რომლებიც გამოიგონა, ხანდახან ესალმებოდნენ კიდეც; მას შეეძლო მათი მოსმენა და დანახვა.

მაინც რისი შედეგი იყო ეს – დიდი ნიჭის თუ ავადმყოფობის?

„მთელი ჩემი ადამიანურობა გავუნაწილე სხვადასხვა ავტორს, რომლებსაც ისე ვემსახურებოდი, როგორც ლიტერატურული აგენტი. მე წარმოვადგენდი მხოლოდ საკუთარი თავის მედიუმს, მაგრამ დანარჩენებზე ნაკლებად რეალური ვიყავი, ნაკლებად ორიგინალური, ნაკლებად მნიშვნელოვანი და ადვილად ვექცეოდი მათი გავლენის ქვეშ,“ – წერდა პესოა.

ამიტომაც არის რთული მისი ბიოგრაფიის შედგენა. დაზუსტებით რამდენიმე რამის თქმა შეიძლება: ის 1888 წლის 13 ივნისს დაიბადა, ლისაბონში, პორტუგალიაში და პირველი შვიდი წელიც იქ გაატარა. ხუთი წლის იყო, როცა მამამისი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ექვსი თვის შემდეგ დაკარგა ძმაც, ხორხე. ბებიამისი ფსიქიკურად ავად იყო და თავისი ცხოვრების უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკებში მკურნალობდა. ფერნანდოს მამის გარდაცვალების შემდეგ მარია მაგდალენა პესოა ხელახლა დაქორწინდა და ოჯახი სამხრეთ აფრიკაში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან იქ ფერნანდოს მამინაცვალი მუშაობდა.

ფერნანდო პესოას პირველ ლექსად 1895 წელს დაწერილი სტროფი მიიჩნევა. ამ დროს ის შვიდი წლის იყო. ლექსი ეხმიანება ოჯახის საცხოვრებლის ცვლილებას და ასე ჰქვია: „ჩემს ძვირფას დედას“.

„მე აქ ვარ, პორტუგალიაში,

იმ ადგილებში, სადაც დავიბადე.

რაც უნდა ძლიერად მიყვარდეს ისინი,

შენ უფრო მეტად მიყვარხარ.“

„როგორი იდილიური იქნებოდა ცხოვრება, სხვას რომ ეცხოვრა…“ – ეს სიტყვებიც ფერნანდო პესოას ეკუთვნის. მწერალს, რომლის ჰეტერონიმების ბიოგრაფია პატრიციო ფერარიმ THE PARIS REVIEW-ში გამოქვეყნებულ სტატიაში შეაჯამა:

1903 წლის 11 ივლისს სამხრეთ აფრიკის ყოველკვირეულ ჟურნალში Natal Mercury ვრცელი ლექსი, სახელად „მაღაროელის სიმღერა“ დაიბეჭდა. ავტორი იყო კარლ პ. ეფილდი – როგორც ამბობდა, ბოსტონელი – სინამდვილეში კი, სხვა არავინ, თუ არა პორტუგალიელი მწერალი ფერნანდო პესოა, რომელიც იმხანად დურბანში სწავლობდა. ეს გახლდათ ფერნანდო პესოას პირველი ინგლისურენოვანი ფიქციური ავტორი, რომლის ტექსტიც დაიბეჭდა – ესე იგი, ავტორის უჩვეულო თვითგაუცხოების დასაწყისი. განსხვავებული „ადამიანების“ შექმნამ პესოას საშუალება მისცა, უბრალო ფსევდონიმების საზღვრებს მიღმა გასულიყო და არაპოპულარული, საკამათო, რადიკალური ხედვებიც კი გამოევლინა პროზასა თუ პოეზიაში.

სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას, 1896-1905 წლებში, მან ისევ გაუგზავნა ტექსტები იმავე ჟურნალს, ამჯერად ჩარლზ რობერტ ანონის სახელით. ეს იყო სამი პოლიტიკური სონეტის გამოქვეყნების წარუმატებელი მცდელობა, სონეტები კი შეეხებოდა 1904-05 წლების რუსეთ-იაპონიის ომს. პესოას ადრეული ფიქციური ავტორები წერდნენ ინგლისურად, ფრანგულად და პორტუგალიურად – ამ სამ ენაზე წერა მას სიკვდილამდე არ შეუწყვეტია. თავდაპირველად შექმნილი „მწერლები“, რომლებსაც იგი ჰეტერონიმებს უწოდებდა, თავისუფალ, ძირითადად დაურედაქტირებელ ტექსტებს აქვეყნებდნენ, მაგრამ სხვები, მისი მთავარი ჰეტერონიმები (ალბერტუ კაიერუ, ალვარუ დე კამპუშუ და რიკარდუ რეიში) ქმნიდნენ ძალიან მნიშვნელოვან ნაწარმოებებს. 26 წლის ასაკში პესოას უკვე ასი „ლიტერატურული პერსონა“ ჰყავდა შექმნილი.

ალბერტუ კაიერუ პესოას ლიტერატურული სამყაროს ცენტრალური ფიგურა იყო. ის დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს, ლისაბონში და გარდაიცვალა 1915 წელს, ტუბერკულოზით. პესოამ თქვა, რომ კაიერუ მის ცხოვრებაში 1914 წლის 8 მარტს გამოჩნდა. ამ დღეს თავის ცნობილ წერილში, რომელიც პორტუგალიელ კრიტიკოსს, ადოლფო კასაის მონტეირუს მისწერა, მან „ტრიუმფალური“ უწოდა.

შემდეგ იყო ალვარუ დე კამპუშუ, ყველაზე ნაყოფიერი და ექსცენტრიკული პესოას ჰეტერონიმთაგან. პესოას ერთ-ერთ წერილში მის სრულყოფილ აღწერასაც კი ვკითხულობთ. იქ დეტალურადაა ჩამოთვლილი – სად სწავლობდა, როგორ გამოიყურებოდა, როდის და სად დაიბადა…  

ტავირაში, 1890 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული კამპუშუს ტექსტები ძირითადად სკანდალური და გამაღიზიანებელი იყო, განსაკუთრებით ფერნანდო პესოასთვის, რომელიც ქმნიდა და აქვეყნებდა ამ ტექსტებს და დიდწილად არ ეთანხმებოდა (როგორც თავად წერს) მათ. მისი ლიტერატურული შემოქმედება შეიძლება დავყოთ სამ პერიოდად: დეკადენტური ფაზა, ფუტურისტული ფაზა და პესიმისტური. მის ტექსტებში სხვადასხვა დროს ჩანდა კავშირები უიტმენთან და მარინეტისთან. ამ უკანასკნელთან განსაკუთრებით თავისი შემოქმედების მეორე ეტაპზე, როცა მანქანების ძალაზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ინდუსტრიული ცივილიზაციის ბნელ მხარეებზე წერდა. ბოლო პერიოდს კი სიცარიელისა და ნოსტალგიის განცდა გამოარჩევს. რაც შეეხება ენებს – იგი პოეზიასა და პროზას ძირითადად პორტუგალიურად წერდა, თუმცა იყენებდა ინგლისურსა და ფრანგულსაც.

მესამე მთავარი ჰეტერონიმი კი რიკარდუ რეისია – დაბადებული 1887 წელს, წარმოშობით პორტოდან. პესოამ მის პორტრეტს დაამატა ისიც, მან ლათინური და ბერძნული ისწავლა. იგი წერდა ელეგიებს, ოდებს, პროზაულ ტექსტებს…

გარდა ჩამოთვლილი ჰეტერონიმებისა, პესოას სახელს კიდევ ბევრი სხვა სახელი უკავშირდება. ამიტომაც წერენ, რომ ფერნანდო პესოას გარდაცვალებით არა ერთი, არამედ რამდენიმე გენიოსი დავკარგეთ.

© არილი

Facebook Comments Box