თარგმანი,  ინტერვიუ

ფილიპ როთის ინტერვიუ მილან კუნდერასთან – „მაშინებს სამყარო, რომელიც იუმორის გრძნობას კარგავს“

ფილიპ როთმა და მილან კუნდერამ ორჯერ ისაუბრეს. პირველად, როცა ლონდონში იყვნენ, მეორედ – ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას. კუნდერა ხანდახან ფრანგულად, ძირითადად კი ჩეხურად ლაპარაკობდა. მთარგმნელის როლი საუბრებისას მისმა ცოლმა შეასრულა. ინტერვიუს საბოლოო ტექსტი, რომელიც ჩეხურად ჩაიწერა, ინგლისურად პიტერ კუსიმ თარგმნა.

გთავაზობთ ამ ინტერვიუს ფრაგმენტს:

(30/11/1980)

ფილიპ როთი: ფიქრობთ, რომ სამყაროს განადგურების დღე მალე დადგება?

მილან კუნდერა: ეს იმაზეა დამოკიდებული, რას გულისხმობთ სიტყვაში „მალე“.

ფ. რ: ხვალ ან ზეგ.

მ. კ: გრძნობა, რომ სამყარო მალე უნდა დაინგრეს, უძველესია.

ფ. რ: მაშინ არაფერზე გვქონია სანერვიულო.

მ. კ: პირიქით. თუ ამ შიშს ადამიანები საუკუნეების განმავლობაში გრძნობდნენ, მაშინ მას ნამდვილად უნდა ჰქონდეს საფუძველი.

ფ. რ: ნებისმიერ შემთხვევაში, მეჩვენება, რომ ეს საკითხი ფონად გასდევს თქვენი ბოლო ნაწარმოების ყველა ამბავს, მათაც კი, რომლებსაც აშკარად იუმორისტული ხასიათი აქვს.

მ. კ: ახალგაზრდობისას თუ ვინმე მეტყოდა, შენი ერი ერთ დღესაც გაუჩინარდება სამყაროდანო, სისულელედ მივიჩნევდი; ისეთ რამედ, რისი წარმოდგენაც შეუძლებელია. ადამიანმა იცის, რომ მოკვდავია, მაგრამ დარწმუნებულია თავისი ერის უკვდავებაში. თუმცა 1968 წელს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ჩეხებს მოუწიათ დაპირისპირება იმ აზრთან, რომ მათი ერი შეიძლებოდა ჩუმად გამქრალიყო ევროპიდან, ისევე როგორც ბოლო 50 წელიწადში 40 მილიონი უკრაინელი გაუჩინარდა სამყაროდან ისე, რომ სამყაროს არაფერი შეუმჩნევია. ან თუნდაც ლიეტუველები. იცით, რომ მე-17 საუკუნეში ლიეტუვა ძლიერი ევროპული ერი იყო?  დღეს რუსები ისე ეპყრობიან ლიეტუველებს, როგორც ნახევრად გადაშენებულ ტომს. სტუმრებთან მათ შეხვედრას ხელს უშლიან, რათა მათი არსებობის შესახებ სხვებმა არ შეიტყონ. არ ვიცი, როგორი იქნება ჩემი ერის მომავალი, მაგრამ აშკარაა, რომ რუსები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჩაახშონ ჩეხების ცივილიზაცია საკუთარ ცივილიზაციაში. არავინ იცის, გამოუვათ თუ არა. მაგრამ შანსები არის. და მოულოდნელი გაცნობიერება, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს, უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ცხოვრებაზე წარმოდგენა შეგეცვალოს. დღესდღეობით ევროპას მტვრევადად და მოკვდავად აღვიქვამ.

ფ. რ: განა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ბედი რადიკალურად განსხვავებული  არაა?

მ. კ: კულტურის ისტორიის თვალსაზრისით, აღმოსავლეთ ევროპა რუსეთია, მისი ძალიან სპეციფიკური ისტორიითა და ბიზანტიური სამყაროს გავლენით. პოლონეთი, უნგრეთი, ავსტრია არასოდეს ყოფილა აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი. დასაწყისიდანვე ეს ქვეყნები დასავლური ცივილიზაციის დიდი თავგადასავლის ნაწილი გახლდათ, მისი გოტიკის, რენესანსის, რეფორმაციის – მოძრაობის, რომლის აკვანი სწორედ ამ რეგიონში იყო. ეს აქ ხდებოდა, ცენტრალურ ევროპაში, მოდერნისტული კულტურა თავის საუკეთესო იმპულსებს სწორედ აქ პოულობდა – ფსიქოანალიზი, სტრუქტურალიზმი, დოდეკაფონია, კაფკას და მუზილის რომანების ახალი ესთეტიკა… ომის შემდეგ რუსული ცივილიზაციის მიერ ცენტრალური ევროპის (სულ მცირე, მისი ძირითადი ნაწილის მაინც) ანექსიამ გამოიწვია ის, რომ დასავლურმა კულტურამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გრავიტაციის ცენტრი დაკარგა. ეს ჩვენი საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო დასავლეთში და ვერ უარვყოფთ იმას, რომ ცენტრალური ევროპის დასასრული შეიძლება მთელი ევროპის დასასრულის დასაწყისადაც იქცა.

ფ.რ: პრაღის გაზაფხულისას თქვენი რომანი „ხუმრობა“ და მოთხრობები 15000-იანი ტირაჟით გამოქვეყნდა. რუსეთის შემოჭრის შემდეგ კინო აკადემიიდან, სადაც მასწავლებლად მუშაობდით, გაგათავისუფლეს, თქვენი წიგნები კი საჯარო ბიბლიოთეკების თაროებიდან გააქრეს. შვიდი წლის შემდეგ მანქანის საბარგულში წიგნები და ტანსაცმელი ჩაყარეთ და საფრანგეთისკენ გაემგზავრეთ, სადაც ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი უცხოელი ავტორი გახდით. როგორ გრძნობთ თავს, როგორც ემიგრანტი?

მ.კ: მწერლისთვის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება დიდი უპირატესობაა. სამყაროს გაგებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებ, თუ მას სხვადასხვა მხრიდან შეხედავ. ჩემი ბოლო წიგნი, რომელიც პარიზში გამოიცა, განსაკუთრებულ გეოგრაფიულ სივრცეებს მოიცავს: პრაღაში განვითარებული მოვლენები დასავლეთ ევროპელის თვალითაა დანახული, ხოლო ის, რაც პარიზში ხდება, პრაღელის თვალით. ეს ორი სამყაროს შეხვედრაა. ერთი მხრივ, ჩემი მშობლიური ქვეყანა – სულ რაღაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მან გამოიარა დემოკრატია, ფაშიზმი, რევოლუცია, სტალინისტური ტერორი, ისევე როგორც მისგან გათავისუფლება, გერმანული და რუსული ოკუპაცია, მასობრივი დეპორტაციები, დასავლეთის სიკვდილი საკუთარ მიწაზე. იგი ისტორიის სიმძიმის ქვეშ მოჰყვა და სამყაროს დიდი სკეპტიციზმით უყურებს. მეორე მხრივ, საფრანგეთი – საუკუნეების განმავლობაში იგი სამყაროს ცენტრი იყო, დღესდღეობით კი იტანჯება დიდი ისტორიული მოვლენების დანაკლისით. ამიტომაც გამოამჟღავნა მიდრეკილებები რადიკალური იდეოლოგიებისადმი. ესაა ლირიკული, ნევროზული მოლოდინი დიდი, განსაკუთრებული მოვლენების, რომლებიც არ ხდება და არც მოხდება.

[…]

ფ.რ: სიცილი ყოველთვის ახლოს იყო თქვენთან. თქვენი წიგნები იუმორით ან ირონიით იწვევს სიცილს. როცა თქვენი პერსონაჟები სევდიანები არიან, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ისეთი სამყაროს პირისპირ აღმოჩნდნენ, რომელმაც დაკარგა იუმორის გრძნობა.

მ.კ: იუმორის ღირებულება სტალინისტური ტერორისას გავაცნობიერე. მაშინ 20 წლის ვიყავი და ყოველთვის ვცნობდი, ვინ იყო სტალინისტი და ვინ არა (ვისი არ უნდა შემშინებოდა), იმის მიხედვით, თუ როგორ იღიმოდა. იუმორის გრძნობა სანდო საიდენტიფიკაციო ნიშანი იყო. ამის შემდეგ მაშინებს სამყარო, რომელიც იუმორის გრძნობას კარგავს.

ფ.რ: თქვენს ბოლო წიგნში რაღაც სხვაც არის. პატარა იგავში ანგელოზებისა და ეშმაკის სიცილს ადარებთ ერთმანეთს. ეშმაკი იცინის, რადგან ღმერთის მიერ შექმნილი სამყარო უაზრობად ეჩვენება. ანგელოზები კი იცინიან კმაყოფილები, რადგან ყველაფერს, რაც ღმერთმა შექმნა, თავისი მნიშვნელობა აქვს.

მ.კ: დიახ, ადამიანი ერთ ფსიქოლოგიურ მანიფესტაციას – სიცილს – იყენებს ორი განსხვავებული მეტაფიზიკური შეხედულების გამოსახატავად. ახლად ამოთხრილ საფლავში კუბოზე ეცემა ვიღაცის ქუდი და დაკრძალვა კარგავს თავის მნიშვნელობას – იბადება სიცილი. შეყვარებული წყვილი ხელჩაკიდებული სეირნობს მდელოზე და იცინის. მათ სიცილს ხუმრობასთან ან იუმორთან არაფერი აქვს საერთო… ესაა სერიოზული სიცილი ანგელოზებისა, რომლებიც გამოხატავენ არსებობით, ყოფნით გამოწვეულ სიამოვნებას.

ორივე ტიპის სიცილი ცხოვრებისეულ სიამოვნებათაგანია, მაგრამ ასევე ამჟღავნებს აპოკალიფსის დუალობას: ენთუზიაზმით სავსე სიცილი ანგელოზ-ფანატიკოსებისა, რომლებიც იმდენად დარწმუნებული არიან თავიანთი სამყაროს მნიშვნელობაში, რომ მზად არიან, ჩამოახრჩონ ნებისმიერი, ვინც მათ კმაყოფილებას არ გაიზიარებს. და მეორე სიცილი, საპირისპირო მხარის, მათი, ვინც ამტკიცებს, რომ ყველაფერი უმნიშვნელოა, დაკრძალვა სასაცილოა, ჯგუფური სექსი კი უბრალო კომიკური პანტომიმაა. ადამიანის ცხოვრება ორი უფსკრულითაა შემოზღუდული: ერთ მხარეს ფანატიზმით, მეორე მხარეს კი აბსოლუტური სკეპტიციზმით.

[…]

მილან კუნდერა: მე მეშინია სიტყვების პესიმიზმი და ოპტიმიზმი. რომანი არაფერს ამტკიცებს. მხოლოდ ეძებს და აყალიბებს შეკითხვებს. მე არ ვიცი, დაიღუპება თუ არა ჩემი ერი, არ ვიცი, ჩემს პერსონაჟთაგან რომელია მართალი. მე ვიგონებ ამბებს, ვაპირისპირებ ერთმანეთთან, შეკითხვებს ვსვამ. ადამიანების სისულელე იმითაა გამოწვეული, რომ ყველაფერთან დაკავშირებით უჩნდებათ შეკითხვები. როცა დონ კიხოტი სამყაროში გადის, სამყარო მის თვალწინ მისტიკად იქცევა. ესაა ამ პირველი ევროპული რომანის დამსახურება რომანის განვითარების მთელი ისტორიის წინაშე. მწერალი მკითხველს ასწავლის, რომ სამყარო უნდა აღიქვას შეკითხვად. ამ შეხედულებაშია სიბრძნე და შემწყნარებლობა. რომანი მოკვდება სამყაროში, რომელიც ეჭვშეუტანელ ჭეშმარიტებებზეა აგებული. ტოტალიტარული სამყარო, შექმნილი მარქსის, ისლამის თუ სხვა რამის მიხედვით, პასუხების სამყარო უფროა, ვიდრე შეკითხვების. იქ რომანის ადგილი არაა. ასე მგონია, რომ დღესდღეობით მსოფლიოში ადამიანებს გაგებას განსჯა ურჩევნიათ, შეკითხვის დასმას – პასუხის გაცემა, ამიტომაც ძლივს თუ გაიგონებ ადამიანების სულელური თავდაჯერების ხმაურში რომანის ხმას.

© არილი

Facebook Comments Box