ესე (თარგმანი)

ფორდ მედოქს ფორდი – კონრადი და ზღვა

ჯოზეფ კონრადის გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ, ნიუ-იორკში ვარ და ვინ იცის, უკვე მერამდენედ ვკითხულობ მის ნაწერებს; უცნაურია, მაგრამ მათ შორის ყველაზე მეტად “საიდუმლო აგენტი” მომწონს და საერთოდაც, კონრადის მხოლოდ იმ წიგნებს ვანიჭებ უპირატესობას, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ზღვასთან და მეზღვაურების ცხოვრებასთან (“ოქროს ისარი”, “დასავლეთის თვალით”, “ნოსტრომო”, “წყვდიადის გული”). თუკი ამ დიადი რომანტიკოსის შემოქმედებას პუბლიკაც ასეთივე განაჩენს გამოუტანს, მისი საბრალო სული, ალბათ საბოლოოდ დამშვიდდება. კონრადი ხომ ხშირად იმეორებდა, რომ ზღვა სულაც არ იყო მისი საყვარელი თემა, იგი გაეყარა ზღვას, როგორც მობეზრებულ საყვარელს, ძულდა იგი უღონო კაცის სიძულვილით, რომელიც ზამთრის შტორმიან ღამეში არაერთხელ შერკინებია სველი ბაგირის უსასრულო იარდებს; იგი ოცნებობდა მოშორებოდა ზღვას, თავი დაეღწია მასთან დაკავშირებული მოგონებებისგან და განუწყვეტლივ იმეორებდა კრისტინა როსეტის უკანასკნელ სტრიქონებს: “მადლობა ღმერთს, მალე ჩავალთ იქ, სადაც ზღვა არაა”.
კონრადისთვის დამახასიათებელი უცნაური, აღმოსავლური თავაზიანობა გაოცებას იწვევდა. იგი ყველაზე ბეჩავების წინაშეც კი ქედს იხრიდა, ფეხქვეშ ეგებოდა; ადამიანებს ნაზად ეხებოდა, თავს ხრიდა და ქებით აღსავსე სიტყვებით ესალმებოდა მათ. ეს სალამი ტახტზე დაბრძანებულ რუს მეფესაც კი შემატებდა მედიდურობას. ვიმეორებ, მე ვხედავდი, როგორ თამაშობდა იგი ამ აღმოსავლურ სპექტაკლს მუშის მოხუცებული ცოლის წინაშე, თავისი ვაჟის ძიძისა და ჩემს თვალწინ, ლორდთა პალატის წევრ ბატონებთან: გორთან, გარნეტთან და გოლსუორსისთან, ღვიძლ შვილთან, თორმეტი წლის ბიჭუნასთან და წვეროსან, სახედანაოჭებულ, გამოყრუებულ გლეხებთან. ერთი სიტყვით, იგი ყველას აჩვენებდა, რომ უყვარდა ადამიანები და უყვარდა ისინი ერთნაირად, განურჩევლად წოდებისა და სქესისა. მან ირწმუნა, რომ ბრიტანელები ამაყობდნენ თავიანთი ვიკინგური წარმომავლობითა და თავის აღმოსავლურ, ახირებულ თავაზიანობას აყოლილი, მოვალეობად მიიჩნევდა შემოქმედებითი დროის უდიდესი ნაწილი ზღვის სივრცეების სახოტბოდ დაეხარჯა – ტილბერიული დოკებიდან დაწყებული, პალემბრანგითა და სიდნი-ჰედსით დამთავრებული.
საოცარი იყო, მაგრამ კონრადს თითქოს ბოლომდე არ ესმოდა (და ამავე დროს ესმოდა) ინგლისელთა ხასიათი. ამიტომაც არ შეეძლო თავისი უბადლო რომანი “სიჭაბუკე” ამ სიტყვებით არ დაეწყო:
“ეს მხოლოდ ინგლისში თუ მოხდებოდა, სადაც ზღვა და ადამიანები, შეიძლება ითქვას, ერთმანეთში აღწევენ: ზღვა ადამიანების ცხოვრებაში შემოდის, ადამიანებმა კი ბევრი რამ – ან სულაც ყველაფერი – იციან ზღვის შესახებ”. ილინოისელთან, ან რუსეთის მივარდნილი სოფლის მოსახლესთან შედარებით საშუალო ინგლისელის გონებაში ზღვა მართლაც უფრო დიდ ადგილს იკავებს, მაგრამ ეს სხვაობა მაინც არაა საგრძნობი. ისევე როგორც კონრადი, ჩემი თაობის ყველა ინგლისელი ბიჭუნაც კითხულობდა მარიეტის წიგნებს და ათი-თორმეტი წლის ასაკში ყველანი სამხედრო გემების კაპიტნებად ან ფლოტის ადმირალებად წარმოვიდგენდით ხოლმე თავს. თუმცა ფანტაზიებით როდი ვკმაყოფილდებოდით; ახლანდელი ყმაწვილები კი “პიტერ სიმპლსაც” არ გადაშლიან წასაკითხად. და მაინც, კონრადის ოსტატურად გათამაშებული ენთუზიაზმით შეპყრობილი ინგლისელი (ჩვენი საუკუნის პირველი ან მეორე ათწლეულის ბინადარი) წიგნის გადაფურცვლისთანავე იბღინძებოდა და თავს უწყალო ვიკინგად ან დრეიკის შთამომავლად წარმოიდგენდა, ან სულაც ნელსონის თანამებრძოლად, უარეს შემთხვევაში კი, თანაშემწედ ბეწვით დატვირთულ ავსტრალიურ კლიპერზე. თითქოს ამის სამაგიეროდ ინგლისელი მხოლოდ ერთს მოითხოვდა კონრადისგან – ეწერა ზღვაზე და მხოლოდ ზღვაზე.
სასტიკი ბედის ირონიაა! მრავალი წლის მანძილზე თითქმის ყველა ინგლისელი, რომელსაც კონრადი იცნობდა, ზღვასთან იყო დაკავშირებული და მანაც, თავისი გამძაფრებული თვითშეგნებით, ცოტათი გადააჭარბა, როცა ასეთი მნიშვნელოვანი როლი მიანიჭა ზღვას ინგლისელი ერის ისტორიაში – იმ ანგლოსაქსონურ დომხალში, საიდანაც ეს ერი იშვა.
ჩასულთა უმრავლესობა ლონდონში ჩარინგ-კროსის ან ვიქტორიას რკინიგზის სადგურებიდან ხვდებიან, რომელიც სამოცი მილითაა დაშორებული ზღვასა და გემებს. ასეთი მგზავრებისათვის ლონდონი – ქალაქი ლონდონია. ჰკითხეთ მათ და თუკი ცოტა რამ მაინც გაუგიათ ამ ქალაქის შესახებ, იმასაც მოკრავდნენ ყურს, რომ სადღაც ქალაქგარეთ, ღმერთის მიერ დავიწყებულ მხარეში, მართლაც დგანან გემები. ასე მაგალითად, ნიუ-იორკში საცხოვრებლად გადასული მინეაპოლისელიც არ დავობს იმის თაობაზე, რომ სადღაც ბეტერის მახლობლად ხომალდები დაცურავენ. ერთი სიტყვით, ორივე დაგეთანხმება, რომ ქალაქ ლონდონთან ერთად პორტი ლონდონი ან პორტი ნიუ-იორკიც არ უნდა დავივიწყოთ.
მაგრამ კონრადმა ლონდონში სხვა, ჯადოსნური მხრიდან შეაბიჯა: სამოცი მილის მანძილზე მიცურავდა იგი დოკებს შუა, სადაც გვერდიგვერდ, თევზებივით ჩარიგებულიყვნენ ხომალდები რუხ-ვერცხლისფერი მდინარის ნაპირზე. მას ფუფუნების, შეუპოვრობის, მამაცობის, სიყოჩაღისა და სამართლიანობის სამყარო დახვდა, რომლის პირველ და უკანასკნელ სიქველედაც ხომალდის წყალში ჩაშვების უნარი ითვლებოდა. ასე რომ, კონრადისთვის დედაქალაქი პორტი-ლონდონი იყო.
როცა იგი წერდა: “ეს მხოლოდ ინგლისში შეიძლებოდა მომხდარიყო”-ო, კონრადი იმას გამოხატავდა, რაც იმ მომენტში მისთვის უზენაეს ჭეშმარიტებას წარმოადგენდა. მაშინაც კი, როცა ზღვა მიატოვა და “სიჭაბუკისა” და “წყვდიადის გულის” წერას შეუდგა მივარდნილ სოფელ სტანფორდ-ლე-ჰოუპში, ესექსის თიხიან ვაკეებზე ტემზის შესართავთან, იგი ჯერ კიდევ რჩებოდა ხომალდის სირენებისა და მოქცევის ხმის სმენადობის არეალში…
მწერლისთვის საზღვაო თემა ორმაგად სახიფათოა: როცა ზღვას ნაპირიდან უყურებ, იგი ჰორიზონტს ორ ნაწილად ჰყოფს; და თუკი ზღვაში გასული ადამიანების შესახებ დაწერ, შენს წიგნებს აუცილებლად საბავშვო ლიტერატურის რიგებს მიაკუთვნებენ. ასეთია უკანასკნელი შეურაცხყოფა, რომელიც კაცობრიობამ კაპიტან მარიეტს მიაყენა. არადა, მარიეტი, კონრადის პირველი მასწავლებელი, გაცილებით ნაკლებს წერდა ზღვაზე და მეტს ადამიანთა მიზნებსა და მისწრაფებებზე. კონრადი ზოგჯერ – შეიძლება ითქვას, ძალზე ხშირადაც – წყლის პირქუშ სტიქიას ადამიანის თვისებას ანიჭებდა; მარიეტი არასდროს მოქცეულა ასე. მისთვის ზღვა სამწუხარო მოვალეობა იყო, რომელიც ზოგჯერ საფრთხეშიც გადაიზრდებოდა ხოლმე; კონრადისთვის კი ანგლოსაქსებისადმი (ვიკინგებისა და კლერკების შთამომავლებისადმი) პატივისცემის ნიშნად ზღვა ხშირად უზარმაზარ, ყოვლისმომცველ, ანთროპომორფულ ღვთაებად იქცეოდა, მრისხანე, ჟინიან, დამცინავ, მეფურ სტიქიად, რომელიც ხან ბრმა რისხვით აენთებოდა, ხანაც მზის ბრწყინვალებაში ინაბებოდა. “პიტერ სიმპლის” საშინელი შტორმი არაფრით ჩამოუვარდება “ტაიფუნის” ქარიშხალს, მაგრამ იგი არაფრით არ ჰგავს ანთროპომორფული ღვთაების ახირებას.
მარიეტს ესმოდა, რომ მამაკაცების სამყარო ქალების გარეშე, ლამის უჰორიზონტო სამყაროს წარმოადგენდა და ამიტომაც ეს მწერალი ცდილობდა სიუჟეტში თავის პერსონაჟთა სატრფოები შემოეყვანა. კონრადსაც იმავე პრობლემებთან ჰქონდა საქმე, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში იგი საერთოდ არც ახსენებდა ქალებს, სამაგიეროდ უსქესო, მძლავრ ტალღებს ხატავდა ხოლმე და მათ ხან მამაკაცური რისხვის მძვინვარე ლტოლვებით, ხან კი დახვეწილი ქალური სიკეკლუცით ახასიათებდა.
მაგრამ რაც უფრო შორდებოდა კონრადი საძულველ სტიქიას, მის წიგნებში სულ უფრო ხშირად ჩნდებოდნენ ქალები და მამაკაცები, რომლებსაც არაფერი ჰქონდათ საერთო ზღვასთან. სიუჟეტებში კი პოლიტიკური ინტრიგები და გამოგონილი სახელმწიფოების ხვედრი იკავებდა ძირითად ადგილს. “ნოსტრომო”, პირველი დიადი წიგნი, რომელიც კონრადმა ზღვასთან განშორების შემდეგ დაწერა, მის პირველ პოლიტიკურ თხზულებად და ავტორის უსაყვარლეს რომანად იქცა. მასში ჯერ კიდევ იგრძნობა ადრეული შემოქმედებისთვის დამახასიათებელი გაქანება. ამ ნაწარმოების ასაგებად კონრადს მთელი ადამიანური კოსმოგონია დასჭირდა – მთელი რესპუბლიკა მართვის მექანიზმებით, კონსტიტუციით, ინტრიგებით, კომერციით, ინდუსტრიით, კორუფციით – და ქალთა უზარმაზარი გალერეა, რომელსაც მისის გულდის პორტრეტი იწყებს.
მის პოლიტიკურ რომანებში ქალები უკვე არსებით როლს თამაშობდნენ, არადა, პოლიტიკური რომანები სულ უფრო მეტად იტაცებდა კონრადის წარმოსახვას. “საიდუმლო აგენტი” – საერთაშორისო კომუნისტური ორგანიზაციის შესახებ მოგვითხრობს, სადაც მისის ვერლიკი “Deus ex Machina”-ს როლში გვევლინება; “ოქროს ისარი” – როიალისტების ინტრიგების შესახებაა, თანაც ყოველი ფრაზა მწერლის პირველი სიყვარულის, რიტას არსებითაა გამსჭვალული; “დასავლეთის თვალით” – ნიჰილისტების რუსულ-შვეიცარულ შეთქმულებას ეხება, რომელსაც ნისლივით ეფინება მისის გალდინის ნეტარი და მშვენიერი სული.
თუმცა პოლიტიკური მოტივები კონრადის ადრეულ ნაწარმოებებში, მალაიზიური საზღვაო ესკაპადების აღწერისასაც იჩენდა თავს. “ოლმეირას ახირება” ჰოლანდიელთა მტაცებლურ ხასიათს ამხელდა, რომელთაც კუნძულიდან სუნელ-სანელებლები გაჰქონდათ; “პროგრესის ავანპოსტში” ავტორმა იმპერიალიზმის საზარელი და ცინიკური შიდაპირი დაგვანახა, “წყვდიადის გულში” კი ისეთი ვნებითა და გატაცებით იხსნება ადამიანური ფარისევლობის, სიხარბისა და სისასტიკის (რა თქმა უნდა, გმირობისაც!) იდუმალი მექანიზმი, რომ ძნელია სხვა რომელიმე ავტორთან ნახო ამგვარი რამ. სულის სიღრმეში კონრადი მონარქიისა და არისტოკრატიის მომხრე რჩებოდა, პოლიტიკური მემარცხენეობა მასში ინსტინქტურ ეჭვებს იწვევდა და თავისდაუნებურად, ისე, რომ თავადაც ვერ ხვდებოდა ამას, კონრადის ყოველ წიგნში იგრძნობოდა ოცნება პოლონეთის სამეფოს რესტავრაციის გამო და იმ ძველი იერარქიის შესახებ, რომელსაც უპასუხისმგებლო, თავზეხელაღებული და უაღრესად დახვეწილი გემოვნების ბატონები უდგნენ სათავეში. მხოლოდ ამაში ხედავდა კონრადი კაცობრიობის ხსნის გზებს… მაგრამ პოეტი პოლონელ პანზე უფრო მაღლა დადგა და აღწერა მალაიზიაში, ოქროთი, კაუჩუკითა და სისხლით გამდიდრებული ჰოლანდიელები, საზარელი ვამპირი ლეოპოლდ II, ლამის ყველაზე უნამუსო მევახშე, რომელიც კი ისტორიას ახსოვს – და ყველა ამ კოშმარმა კონრადის როიალისტურ ლტოლვებსაც კი ძლია.
როგორც არ უნდა ყოფილიყო, იგი დიდ პოეტად და დიდ მწერლად დარჩა. ჩემი აზრით, ცოტა ვინმე თუ იყო დაჯილდოებული ადამიანის წინააღმდეგობებით აღსავსე ხასიათში შეღწევის ამგვარი უნარით…
ჩემი ერთი მრავლისმცოდნე მეგობარი ამასწინათ შეეცადა აეხსნა იმის მიზეზები, თუ რატომ იკლო ნიუ-იორკში ამ დიდი მწერლისადმი ინტერესმა – ეს ქალაქი ხომ თხუთმეტიოდე წლის წინ აღმერთებდა კონრადს. მან თქვა, რომ კონრადი აღარავის დააინტერესებს, რადგანაც მის წიგნებში არაა აღწერილი მასობრივი მოძრაობები, არადა, სამყარო მუდამ წინ მიიწევს და ინდივიდისადმი მიძღვნილი წიგნები ვერ მიიქცევს პუბლიკის ყურადღებას, რომელიც სამყაროს მხოლოდ ამ მასობრივი მოძრაობებით აფასებს. არადა, ამგვარი შეხედულება სამყაროზე უბრალოდ მორიგი ფაზაა, ისეთივე წარმავალი, როგორიც ყველა სხვა მოდა. დრამაში ფონმა დროებით პერსონაჟთა უფლებების უზურპირება მოახდინა, მაგრამ ისინი მაინც დაბრუნდებიან, მეფე დაბრუნდება თავის სამფლობელოში, ჩვენ ხომ ყველანი მეფეები ვართ, თუნდაც საკუთარი ფანტაზიის მხარეში.

© “არილი”

Facebook Comments Box