ესე,  ესე (თარგმანი),  კრიტიკა,  რეცენზია

ფრედრიკ ჯეიმისონი – მომავლის ქალაქი

Retrato Minerva Fredic Jameson.

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

მოდერნისტული არქიტექტურა მოძველდა. როგორი იქნება მომავლის ქალაქები და მათი არქიტექტურ? “დროის სათავეების” ავტორი, ფრედრიკ ჯეიმისონი მსჯელობს რემ კოლჰასის პროექტის – მდინარე ჯუძიანის (“მარგალიტთა მდინარის”) დელტაში აგებული მეგაშენობებისა და ე.წ. “ნაგვის სივრცის” შესახებ.

ორტომეულში, საერთო სახელწოდებით – “ქალაქთმშენებლობა” – შეტანილია იმ სემინარის მასალები, რომელსაც ხელმძღვანელობს რემ კოლჰასი ჰარვარდის უნივერსიტეტის დიზაინის სკოლაში; ამ ჩინებული გამოცემის პირველ ტომში, რომლის სახელწოდებაა “გიგანტური ნახტომი”, წარმოდგენილია მდინარე ჯუძიანის დელტის (ჰონკონგსა და მაკაოს შორის) განაშენიანების პროექტი, მეორე ტომი კი ამგვარადაა დასათაურებული – “მყიდველის გზამკვლევი”. ეს უჩვეულო ტომები მკვეთრად გამოირჩევა მასობრივი ინფორმაციის ბეჭდური გამოცემებისგან; მათში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები დამაჯერებელია, ილუსტრაციები კი – შთამბეჭდავი.

არქიტექტურა ხელოვნების იმ მცირერიცხოვან დარგებს მიეკუთვნება, რომლებშიც ჯერ კიდევ გვხვდებიან ტიტანები და კოლჰასი ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია, მაგრამ ამ ორ ტომში განთავსებული სემინარის მასალები არქიტექტურას კი არ ეძღვნება, არამედ თანამედროვე ქალაქის კვლევას. მათში დახასიათებულია ნიშან-თვისებები, რომლებიც განასხვავებს თანამედროვე ქალაქს მეორე მსოფლიო ომამდე არსებული კლასიკური ურბანული სტრუქტურისგან. არქიტექტურაში ურბანიზმის პრობლემები აქტუალური გახდა მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებიდან. ამიტომ, მაგალითად, ზიგფრიდ გიდიონი თავის ნაშრომს “სივრცე, დრო და არქიტექტურა” იწყებს სიქსტუს მეხუთის მიერ (ბაროკოს ესთეტიკის შესაბამისად) რომის რესტრუქტურირებით და ამთავრებს როკფელერის ცენტრისა და რობერტ მოზესის მიერ გაშენებული პარკების აღწერით, ფაქტობრივად კი, ხოტბას ასხამს ლე კორბიუზიეს. ლე კორბიუზიე – თვალსაჩინო არქიტექტორი, ქალაქ ჩანდიგარჰის დამპროექტებელი და ალჟირის რეკონსტრუქციის გეგმის ავტორი, ქალაქთმშენებელიც გახლდათ. “ქალაქთმშენებლობაში” ვლინდება კოლჰასის ინტერესი ქალაქური არქიტექტურის მიმართ, მაგრამ ის ურბანისტი როდი გახლავთ (ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით); საერთოდ, ტერმინი “ურბანიზმი” არ გამოდგება განსახილველი წიგნების დასახასიათებლად, რომლებიც ვერ ეტევა ვერცერთი მეცნიერების (მაგალითად, სოციოლოგიის ან ეკონომიკის) საზღვრებში; შეიძლება ითქვას, რომ ისინი ყველაზე უფრო ახლოა კულტურულ კვლევებთან.

საქმე ისაა, რომ ტრადიციული ან, უკეთ რომ ვთქვათ, მოდერნისტული ურბანიზმი ჩიხში მოექცა – თვალში საცემია უდიდესი ექსპანსია, რომელსაც განიცდიან ეგრეთ წოდებული მესამე სამყაროს ქალაქები: “2025 წელს,- ვკითხულობთ ზემოხსენებულ კოლექტიურ ნაშრომში, – “ქალაქების მცხოვრებთა რაოდენობა 5 მილიარდ ადამიანს მიაღწევს. …2015 წელს მსოფლიოს 33 მეგაპოლისიდან 27 განლაგებული იქნება დედამიწის ყველაზე ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში, მათ შორის 19 – აზიაში… ტოკიო იქნება ყველაზე მდიდარი ქალაქი მსოფლიოს 10 უდიდეს ქალაქს შორის”. ეს უკვე სავარაუდო პერსპექტივა კი აღარაა, არამედ ახალი რეალობა, რომელსაც ეძღვნება “ქალაქთმშენებლობის” ორი მომდევნო ტომი. ერთ მათგანში საუბარი იქნება ლაგოსის (ნიგერია), მეორეში კი – კლასიკური რომაული ქალაქის, როგორც თანამედროვე ქალაქების პროტოტიპის შესახებ.

წიგნის პირველ ტომში ნათქვამია, რომ უდიდესი სამშენებლო ბუმი თანამედროვე ჩინეთში (1992 წლის შემდეგ შანხაიში აშენდა თითქმის ცხრა ათასი ცათამბჯენი) სულაც არ ისახავდა მიზნად კაპიტალიზმისადმი მიბრუნებას ან მის დაბრუნებას. ეს პროცესი დაიწყო დენ სიაოპინის ინიციატივით, რომელსაც სურდა გამოეყენებინა კაპიტალიზმი რადიკალურად განსხვავებული – ინფრაწითელი, და არა წითელი – საზოგადოების ასაშენებლად:

კომუნისტურ, წითელ იდეალებს იმ პერიოდში, როდესაც მას აქტიურად ებრძოდნენ, როდესაც მთელ მსოფლიოში დაგროვდა მისი გამანადგურებელი ზემოქმედების მტკიცებულებები… შეენაცვლა ინფრაწითელი, ანუ რეფორმატორული იდეოლოგია, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა კამპანია უტოპიის გადასარჩენად და 21-ე საუკუნეში მე-19 საუკუნის იდეალების ფარულად გამოსაყენებლად.

მათ, ვისაც სწამთ, რომ ბაზარი სავსებით ბუნებრივი და კანონზომიერი რეალობაა, შიშის ზარს დასცემს ამგვარი პერსპექტივა, რომელიც, მათივე შეხედულებით, შეიძლება თავიდან აცილებულ იქნას კაპიტალისტურ წყობილებაზე გადასვლის ან ეკონომიკური კოლაფსის მეშვეობით.

მაგრამ დავუბრუნდეთ არქიტექტურას. ჩვენ თვალწინ აშენდა ან შენდება ასობით ნაგებობა, რომლებშიც არავინ ცხოვრობს და რომელთა შეძენა იშვიათად თუ ვისმესთვის იქნება ხელმისაწვდომი კაპიტალიზმის პირობებში. მათ არსებობას ვერ გაამართლებს ვერავითარი საბაზრო სტანდარტები. დავაკვირდეთ მდინარე ჯუძიანის დელტის განაშენიანების პროექტებს, რომლებიც სამომავლოდაა დაგეგმილი და სრულიად განსხვავდება იმათგან, რომლებიც აგებულ იქნა დასავლელი საქმოსნების ან ბანკების ხელშეწყობით კაპიტალისტურ ქვეყნებში. შეიძლება ითქვას, რომ ეს ოთხი სამშენებლო კომპლექსი ოთხი სხვადასხვაგვარი უტოპიური პროექტია: შენჟენი თანდათან გარდაისახება და იქცევა ჰონკონგის ერთგვარ ვარიანტად ან ორეულად; დუნგუანი – “წითელი ფარნების” ქალაქად; ძუჰაი – გოლფის მოყვარულთა სამოთხედ, ძველი ცენტრი – გუანჯოუ (იგივე კანტონი) კი – ერთგვარ უჩვეულო პალიმფსესტად, რომელშიც უკვე არსებულ ეკონომიკურ ცენტრზე ახალი არქიტექტურა “დაიწერება”. ამგვარი ექსტრაორდინარული და ჰიპოთეტური მოგზაურობა მომავალში უფრო კონკრეტულად წარმოგვიდგენს თანამედროვე და მომავლის ჩინეთს, ვიდრე – გზამკვლევთა უმრავლესობა (და თვით რეალური მოგზაურობაც ამ ქვეყანაში).

“მყიდველის გზამკვლევი

“მყიდველის გზამკვლევიძალზე სპეციფიკური წიგნია, როგორც სტილის, ისე – ჩანაფიქრის მხრივ. კითხვაზე, თუ რას წარმოადგენს ეს ნაშრომი – უბრალოდ, ილუსტრირებულ წიგნს; მრავალფეროვანი სტატიების კრებულს ურბანისტულ და კომერციულ თემებზე; გამოკვლევას გლობალური სივრცისა ევროპიდან სინგაპურამდე და დისნეილენდიდან ლას-ვეგასამდე; სავაჭრო ცენტრის ფუნქციონირების ანალიზს მისი თავდაპირველი იდეოლოგიიდან თანამედროვე ფორმებამდე – შეიძლება მრავალნაირი პასუხი გაიცეს (მისი ობიექტის ზოგად არაერთმნიშვნელოვნების შესაბამისად). კიდეც რომ ერთგულნი დავრჩეთ ამ ობიექტის თავდაპირველი დახასიათებისა, ვიკითხოთ, რას ნიშნავს “ყიდვა” – არის თუ არა ის ფიზიკური კატეგორია, რომელიც მიემართება სავაჭრო ობიექტებს ან ფსიქოლოგიური კატეგორია, რომელიც მოიცავს ამ ობიექტთა შესყიდვის სურვილს? ან, იქნებ, ის არქიტექტურული კატეგორიაა და გულისხმობს ორიგინალურ სივრცულ გაფორმებას სავაჭრო ცენტრებისა, რომლებსაც საფუძველი ჩაეყარა მე-19 საუკუნეში, ვალტერ ბენიამინის მაღაზია-პასაჟებში; თუმცა, როგორც ამ წიგნში მოყვანილი ზოგიერთი დიაგრამა მოწმობს, მოხმარების საგნებით ვაჭრობა, როგორც ჩანს, დაიწყო ქალაქ ჩათალ-ჰიუიუკში (მე-7 ს. ჩვ. წ-მდე) ან, შესაძლოა, საცალო ვაჭრობა “გამოგონებულ” იქნა ლიდიაში, ჩვენს წელთაღიცხვამდე მეშვიდე საუკუნეში. აქ მოხმარების გლობალიზაციის (კონსიუმერიზმის) შესახებ ხომ არ უნდა ვიმსჯელოთ? რა როლს ასრულებს ახალი სავაჭრო გზები, წარმოება და სადისტრიბუციო ქსელი (ან მეწარმეები) ამგვარ გლობალიზაციაში? რა უნდა ითქვას ახალი ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც, ჩატალ-ჰიუიუკის მსგავსად, კომერციის ხელშესაწყობად შეიქმნა? ხომ ფაქტია, რომ ბევრი მერჩანდაიზინგური კომპანია და კონგლომერატი სიდიდით აღემატება ზოგიერთ ქვეყანას? ისმის კითხვა: არის თუ არა სივრცის განვითარების ახალი სახეობა – მართული, ანუ ე.წ. “ნაგვის სივრცე”? როგორ ზემოქმედებს ის ადამიანის ფსიქიკასა და თვით ჩვენს რეალობაზე? (რეკლამის პირველი თეორეტიკოსი გახლდათ ფროიდის დისშვილი, ედვარდ ბერნაისი.) რას უქადის ყოველივე ეს ჩვენს მომავალს და უტოპიას?

ალბათ, ამ რთული საკითხის ზოგიერთი ასპექტი გამომრჩა; მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ, არქიტექტურასა და ურბანიზმთან ერთად, ის მოიცავს ისეთ განსხვავებულ სფეროებს, როგორებიცაა ფსიქოანალიზი და გეოგრაფია, ისტორია და ბიზნესი, ეკონომიკა და ტექნიკა, ბიოგრაფია, ეკოლოგია, ფემინიზმი, ქვეყანათმცოდნეობა, იდეოლოგიური ანალიზი, კლასიკური კვლევები, სამართლებრივი გადაწყვეტილებები, კრიზისის თეორია და ა.შ. შესაძლოა, ამ უზარმაზარმა დისციპლინარულმა სპექტრმა არავინ გააოცოს პოსტმოდერნის ეპოქაში, რომლისთვისაც დამახასიათებელია საყოველთაო დედიფერენციაცია, როდესაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს საგნების ურთიერთთანხვედრა და როდესაც ირღვევა ცალკეულ მეცნიერებათა გამმიჯვნელი საზღვრები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პოსტმოდერნში მნიშვნელოვანწილად წაიშალა ზღვარი ძველ სპეციალიზებულ მეცნიერებებს შორის, რაც მკაფიოდ შეიმჩნევა ისეთ საინტერესო ნაშრომებში, როგორებიცაა დელეზისა და გვატარის “ათასი ზეგანი”, რობერტ კაროს “საქმოსანი”; ბენიამინის “პასაჟი”, ნეგტისა და კლიუგეს “ისტორია და შეუპოვრობა”. აღარაფერს ვამბობთ გიდიონის “სივრცის, დროისა და არქიტექტურის” შესახებ. თეორიული მსჯელობები განსახილველ ორტომეულში თითქმის არ გვხვდება (თუმცა, მგონი, ერთხელ მოხსენიებულია ბოდრიარი), მაგრამ ის არც კულტურული ჟურნალიზმის არათეორიული ნიმუშია, და არც, უბრალოდ, ილუსტრირებული წიგნი. თვით ზემომოყვანილი ჩამონათვალი გვავარაუდებინებს, რომ ესაა კოლექტიური გამოკვლევა. რეცენზენტისთვის უხერხულია კონკრეტული სახელების გამოყოფა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ წიგნის ყველაზე უფრო ვრცელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფიური განზოგადებების შემცველი ნაწილები დაწერილია ზი ცანგ ლეონგის მიერ, ხოლო ჩუიჰუა ჯუდი ჩანგის დაკვირვებები საინტერესო არგუმენტებს შეიცავს. რაც შეეხება კოლჰასს, ის, როგორც ჩანს, მხოლოდ ზოგად ხელმძღვანელობას უწევდა კრებულის ავტორებს (ესე იგი, ღმერთის მსგავსად, ერთდროულად ყველგან და არსად სუფევდა).

სავაჭრო ცენტრების შესახებ

შევეცდები, დავახასიათო პრობლემის თეორიული ასპექტი, მაგრამ თავდაპირველად შევჩერდები სავაჭრო ცენტრების პრობლემაზე, რაც განსახილველ წიგნში ფართო და მრავალფეროვან კონტექსტშია გაანალიზებული. სავაჭრო ცენტრების (ე.წ. “მოლების”) მცირერიცხოვანი ადრეული ფორმები სრულიად ახალი, წმინდა წყლის ამერიკული (და გვიანდელი კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი) მოვლენა გახლდათ. ცნობილია ამ ინოვაციის ზუსტი თარიღიც: 1956 წელი; მას შემდეგ განვლილ პერიოდში აშკარად გამოვლინდა სავაჭრო ცენტრების გამანადგურებელი ზეგავლენა ქალაქთა ცენტრალურ ნაწილებზე, რასაც გარეუბნების განვითარება ახლდა. ეს ტენდენცია ყველგან შეიგრძნობა, თუმცა კი – სხვადასხვა ხარისხით; ის, რომ სავაჭრო ცენტრები მრავლად არსებობს მთელ მსოფლიოში, ალბათ, ამერიკანიზაციის, პოსტმოდერნიზაციის ან გლობალიზაციის ერთგვარ ეპიდემიად უნდა მივიჩნიოთ. ამავე დროს, საქონლის სხვადასხვა ფერით კოდირებული სისტემები და მრავალრიცხოვანი თემატური ინდექსები მეტყველებს იმის შესახებ, რომ ამ ეპიდემიას რიძომული ფორმა აქვს; მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საცალო ვაჭრობით მიღებული ამონაგების შედარება სავაჭრო ცენტრების ამონაგებთან მკაფიოდ მეტყველებს პირველი მათგანის სასარგებლოდ და საშუალებას გვაძლევს, გავიაზროთ არა მარტო იერარქიული გლობალიზაციის, არამედ – მყიდველობითი აქტივობის (“შოპინგის”) არსიც, რომელიც მალე (გავბედავ ვთქვა) არა მარტო პოლიტიკური, არამედ – მეტაფიზიკური მნიშვნელობითაც აღიჭურვება.

ამასთან, არა მარტო წინამდებარე წიგნში, არამედ – მყიდველობითი საქმიანობის, სავაჭრო ცენტრების, მოხმარების პრობლემებისადმი მიძღვნილ ბოლოდროინდელ კულტურულ კვლევებშიც აღნიშნულია, რომ სავაჭრო ცენტრების დიდი უმრავლესობა კრიზისს განიცდის, ზარალდებიან მათი არენდატორებიც. რა უნდა ჩაენაცვლოს სავაჭრო ცენტრებს? ჯერ კიდევ ვალტერ ბენიამინმა აღწერა მეცხრამეტე საუკუნის მაღაზია-პასაჟის დაკნინების ეტაპი. ზემოხსენებული კრიზისი გვაიძულებს, უკეთ ჩავწვდეთ არა მარტო მყიდველობითი საქმიანობის არქეოლოგიას, პრეისტორიას ან მის აწმყოს, არამედ – მომავალსაც. ამასთან, განურჩევლად იმისა, თუ როგორი იქნება სავაჭრო ცენტრის მომავალი, “იქ უამრავი ნაგავია” (კოლჰასის თქმით). მრავალი განტოტვილი ძველი ცენტრი ერთგვარი დინოზავრებია, რომლებიც კონკურენციას ვერ უწევენ საცალო ვაჭრობას და, რა თქმა უნდა, ელექტრონულ ვაჭრობასაც.

როგორც ჩანს, ძირი მოერყა, პირველ რიგში, სავაჭრო ცენტრების არსებობის წინაპირობებს. მაგრამ როგორი იყო ეს წინაპირობები? არისტოტელესეული მიზეზშედეგობრიობის მსგავსად, ისინი სხვადასხვაგვარია: პირველ რიგში გასათვალისწინებელია ფიზიკური ან საინჟინრო წინაპირობები, მაგალითად, კონდიცირება. რაც შეეხება წინასტორიას, მას, რა თქმა უნდა, მრავალი საინტერესო ფორმა ჰქონდა, თუნდაც ჩატალ-ჰიუიუკში. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში პოპულარული იყო, ძირითადად, მაღაზია-პასაჟი. 1850-1860-იან წლებში მას შეენაცვლა თანამედროვე უნივერსალური მაღაზია, რომელიც ზოლამ უკვდავყო თავის რომანში “Au bonheur des dames ” (“ქალთა ბედნიერება”) (ესაა ბელეტრიზებული ვარიანტი რეალური მაღაზიების სახელწოდებებისა, მაგალითად, Au printemps ან La Samaritaine, რომლებიც ბოლო წლებში შესწავლილ იქნა მათი ურბანისტული კომერციული ღირებულების თვალსაზრისით. ისინი დაარსებულ იქნა პარიზის ძირეული რეკონსტრუქციის პერიოდში, რომელიც ოსმანმა განახორციელა), რომელიც ახლა, თავის მხრივ, დაცემის სტადიაშია. რომანის ან ლექსის მსგავსად, მასაც ჰყავს ავტორი, თუმცა, ამ შემთხვევაში, უპრიანი იქნება, ვისაუბროთ მთელი ჟანრის ავტორის შესახებ.

შეშლილობის ტექნოლოგიები

შევაფასოთ მომხდარი ცვლილებების მასშტაბი: ახალ აეროპორტებში ყველგან ნახავთ სუპერმარკეტებს; ასევეა მუზეუმებში, და, რა თქმა უნდა, თვით ქალაქებში. ქალაქთა ძველი ცენტრები – რომლებიც თითქოს ერთგვარად დაჯაბნა გარეუბნებმა, ახალმა სუპერმარკეტებმა და სავაჭრო ცენტრებმა – ახლა, პოსტმოდერნიზმის ეპოქაში და ჯენტრიფიკაციის შედეგად აღმავლობას განიცდიან, არა მარტო იმის წყალობით, რომ მათ ტერიტორიაზე აიგო უზარმაზარი ახალი სავაჭრო ცენტრები, არამედ იმის გამოც, რომ ისინი, ფაქტობრივად, სავაჭრო ცენტრებად იქცნენ. აი, რას ვკითხულობთ ამ პროცესის შესახებ “ქალაქის პროექტში”:

1994 წელს სავაჭრო ცენტრებმა ფორმალურად იკისრეს ქალაქთა ტრადიციული ცენტრების საზოგადოებრივი ფუნქციები. ნიუ-ჯერსის შტატის უზენაესმა სასამართლომ (სავაჭრო ცენტრებში პოლიტიკური ბროშურების გავრცელების შესახებ საქმის განხილვისას) განაცხადა, რომ “სავაჭრო ცენტრები შეენაცვლნენ პარკებსა და სკვერებს, სადაც, ტრადიციულად, თავისუფალი სიტყვა გაისმოდა” და რომ “ყოველი სავაჭრო ცენტრი ერთგვარი თანამედროვე მეინ-სტრიტია”.

ამგვარად, “ვაჭრობა ტრიუმფით დაბრუნდა ქალაქში”, მაგრამ, “ქალაქთმშენებლობის” ავტორთა აზრით, ქალაქთა ცენტრებისთვის “სავალალო აღმოჩნდა ის, რომ მათ, თავის გადასარჩენის მიზნით, გარეუბანთა ფუნქციები იტვირთეს “.

დავუბრუნდეთ კოლჰასს. მისი უდიდესი “ტრფობის ობიექტი” სინგაპურია, რომელმაც უჩვეულო ცვლილებები განიცადა. აქ ვგულისხმობთ იმას, თუ რაოდენ ჰარმონიულად ერწყმის ეს ქალაქი-სახელმწიფო მთელ რეგიონს, და, აგრეთვე, იმასაც, თუ რაოდენ შთამბეჭდავად აისახა მასში მთელი მსოფლიოს არქიტექტურული ტენდენციები. “ბროლის სასახლე” კიდევ ერთხელ გვახსენებს თავის წყაროებს (და ჯოზეფ პაქსტონის არქიტექტურულ ხელწერას). “დეპატო” ანუ იაპონური უნივერმაღი უჩვეულო კულტურული მუტაციის ნაყოფია, ხოლო მისი ლოგიკა უშუალოდ ტოკიოს – მსოფლიოში სიდიდით მესამე ქალაქის – არქიტექტურული ლოგიკის პირმშო გახლავთ, ქალაქისა, რომელიც მარაოსავოთაა გადაშლილი რკინიგზის ხაზების ირგვლივ. და, ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს დისნეი! დიახ, დისნეი, რადგან ვერავითარ ინოვაციებს ვერ გავიაზრებთ სრულად, თუკი არ გავითვალისწინებთ ყველაფერს, რაც უოლტის ფანტაზიის ნაყოფია. ურბანიზმი, მყიდველობითი საქმიანობა, გლობალიზაცია, სარეკლამო ინდუსტრია და თვით უტოპიაც უოლტმა ახლებურად გაიაზრა. შესაძლოა, თვით დისნეის და დისნეიფიკაციის ფენომენებსაც უკეთ ჩავწვდეთ ამ ახლებური კომპარატივისტული და გლობალიზებული კონტექსტის წყალობით, ვიდრე – სპორტის ან ტიპურად ამერიკული სინგლტონის კონცეპტების მეშვეობით.

მაგრამ რა უნდა ითქვას თვით სავაჭრო ცენტრების და, კერძოდ, მათი სივრცის შესახებ? არსებობს სავაჭრო ცენტრის სივრცის – მისი განყოფილებების, დერეფნების, ფორმის – ფსიქოლოგია, ისევე, როგორც მისი ეკოლოგია. და აქ წინაპირობების საკითხი ძალზე მწვავედ წამოიჭრება: გასათვალისწინებელია არა მარტო ჰაერის კონდიცირება და მისი ძალზე საინტერესო ისტორია, არამედ აგრეთვე ესკალატორი-ლიფტიც, რომელიც მნიშვნელოვან ოპერატორადაა მიჩნეული კოლჰასის ადრეულ წიგნში ცათამბჯენთა ლანდშაფტის შესახებ (სახელწოდებით – “შეშლილი ნიუ-იორკი”). მასში საუბარია სავაჭრო სივრცისა და მშენებლობის შესაძლებლობების შესახებ; ამ საკითხების განხილვას დაახლოებით ოცდაათი გვერდი ეთმობა. აქვე განხილულია ჭერში ჩამონტაჟებული ნათურებისა და დამატენიანებელი სისტემების საკითხი, აგრეთვე – მომსახურების სისტემის, ისევე, როგორც ძველი “ტექნოლოგიების” – დახლების, ვიტრინების, სარკეებისა და მანეკენების – ახლებური სტრუქტურირების შესაძლებლობები.

მოდით, განვიხილოთ საკითხის იდეოლოგია, ესე იგი, თავი დავანებოთ სხეულს და  სულიერად ავმაღლდეთ: მაგალითად, საბრალო ჯეინ ჯეკობსს ბრალად ედება ისტორიის ჰეგელისეული კონცეფციის ერთგულება, რადგან ის ჭეშმარიტი ქალაქის ფუნდამენტურ ნიშან-თვისებებს იცავს და აკრიტიკებს ურბანისტულ და არქიტექტურულ მოდერნიზმს. ჯეკობსის აზრით, “ვაჭრობა ხელს უწყობს “კომპაქტური ქალაქების” წარმოქმნას, რისკენაც მიისწრაფვიან ამერიკის ქალაქთა ჩამკვდარი ცენტრალური უბნების რეანიმირების მსურველნი. უეჭველია, რომ ჯეკობსი – როგორც პოსტმოდერნისტული რევოლუციის სულის ჩამდგმელი (ქალაქთმშენებლობის სფეროში) და ახალი ურბანიზმის მოძრაობის ერთ-ერთი ფუძემდებელი – ავტორიტეტია ბევრი არქიტექტორისა და ურბანისტისთვის. ის კაპიტალიზმის წინააღმდეგ როდი იბრძვის, არამედ ხაზს უსვამს მცირე ბიზნესის ღირებულებას.

მაგრამ ყოველივე ამას საფუძველი ჩაუყარა ვიქტორ გრუენმა (რომელსაც ნულოვან საფეხურად ვერ მივიჩნევთ; წინააღმდეგ შემთხვევაში, სწორი არ იქნება ჰაროლდ ბლუმის თეორია გენიოსთა შესახებ). სავაჭრო ცენტრი პირველად სწორედ მან ააგო და ერთგვარად, გამაოგნებელია იმის გააზრება, რომ ვიღაცას აზრად მოუვიდა ყოველივე ამის (ანუ თანამედროვე ამერიკული სივრცის ან უსივრცობის) იდეა, და რომ ეს, უბრალოდ, ბაზრის ისტორიული სახეობების ახლებური აკუმულაცია კი არაა, არამედ – ადამიანის ძალისხმევის შედეგი. ამასთან, გრუენის წვლილის შესახებ მსჯელობისას უნდა გავიხსენოთ, აგრეთვე, ისიც, რომ მხოლოდ თითო-ოროლა მოდერნისტს შეეძლო ამგვარი რამის წარმოდგენა, არამც თუ თეორიული გააზრება (მაშინ, როდესაც პოსტმოდერნისტებისთვის ის უცხო სულაც არაა). ეს გვაიძულებს დავფიქრდეთ თანამედროვე ავტორზეც, რომელიც ყველა ამ ამაღლებული ესთეტიკური პროექტის მასკულტურული ეკვივალენტია: ესაა ჯონ ჯერდი, სავაჭრო ცენტრების ყველაზე თვალსაჩინო და ცნობილი არქიტექტორი. მიჯნა მაღალ ხელოვნებასა და მასკულტურას შორის აქაც გადაულახავია, ისევე, როგორც ნებისმიერ თანამედროვე კულტურულ სფეროში.

მაგრამ როდესაც ამაზე და სხვა ამ ტიპის გლობალურ ფენომენებზე ვფიქრობთ – მაგალითად, ლიპოს ჯგუფზე ინდონეზიაში; რობერტ ვენტურისა და დენიზა სკოტ-ბრაუნის მოწოდებაზე: “ვისწავლოთ ლას ვეგასისგან”; ფემინიზმზე (ქალები და შოპინგი ძველთაძველი თემაა); ხელოვნურ ლანდშაფტებზე; ზემომითითებული მოვლენების მიმართებაზე ფსიქოლოგიასთან და ფსიქოანალიზთან; წინააღმდეგობაზე, რომელსაც ევროპა უწევს სავაჭრო ცენტრების აგების იდეას და ამ იდეის რეალიზების ამერიკულ შედეგებზე; – წარმოგვიდგება შავი ხვრელი, რომელიც აურაცხელ ენერგიას აფრქვევს ყველა მიმართულებით.

დავამარცხოთ ნაგვის სივრცის ვირუსი

ეჭვი არ მეპარება, რომ წიგნის ის ნაწილი, რომელშიც ე.წ. “ნაგვის სივრცის” კონცეპტი განიხილება, რემ კოლჰასის დაწერილია. ეს უჩვეულო ცნება პოსტმოდერნისტულ არტეფაქტსაც აღნიშნავს და ახალ ესთეტიკასაც (ან, შესაძლოა, ისტორიის სრულიად ახლებურ ხედვას). ცნობილია, რომ კოლჰასი საინტერესოდ წერს და ამ მხრივ არ ჩამორჩება არცერთ თვალსაჩინო თანამედროვე არქიტექტორს; მის წინამორბედ წიგნებში – ისეთებში, როგორებიცაა “შეშლილი ნიუ-იორკი” და SMLXL – გვხვდება ფორმალური ნოვაციებიც და პროვოკაციული თვალსაზრისებიც, მაგრამ მათში არაფერი გვამზადებს ერთგვარ უნივერსალურ მაგმაში, არა მარტო თანამედროვე ქალაქის, არამედ მთელი სამყაროს უსასრულო და უწყვეტი განზავებისთვის.

აქ საუბარი არაა არქიტექტურის ოდენ სტანდარტიზაციის (ან ამერიკანიზაციის) შესახებ. ნაგავი, ანუ კლასიკური ნაშთი არის ის, რაც რჩება დიალექტიკის ან ფსიქოანალიტიკური მკურნალობის შემდეგ: “კოსმიური ნაგავი არის ნარჩენები, რომლებითაც კაცობრიობა ანაგვიანებს სამყაროს, ხოლო ნაგვის სივრცე არის ნამუსრევი, რომლებითაც კაცობრიობა აბინძურებს პლანეტას”. თუმცა, ნაგვის სივრცე ძალზე მალე იქცა ვირუსად, რომელიც ვრცელდება და მრავლდება მთელ მაკროკოსმოსში:

ცივილიზაციის ნარჩენები ანაგვიანებს ვარსკვლავურ უსასრულობას; ასევე, წარმოსახულ სამყაროდ ქცეული რეალური სივრცე ჯოჯოხეთური ბუმერანგივით გვიბრუნდება… სივრცის დანაგვიანება მაშინვე დაიწყო, როგორც კი “დიდი აფეთქება” მოხდა.

ნაგვის სივრცე ერთგვარი ტენდენციის სახით, ფარულად არსებობდა გარკვეული დროის განმავლობაში; შემდეგ ის ამოუცნობ ვირუსად იქცა:

პირველად სწორედ არქიტექტორები დაფიქრდნენ ნაგვის სივრცის შესახებ, მას მეგასტრუქტურა უწოდეს და მისი მეშვეობით სცადეს არქიტექტურული ჩიხიდან თავის დაღწევა. უამრავი ბაბილონის გოდოლის მსგავსად, უზარმაზარ სუპერსტრუქტურებს უნდა ჰქონოდათ არამყარი ქვესტრუქტურები, რომლებსაც უწყვეტი მუტაციები უნდა განეცადათ. ნაგვის სივრცეში ყველაფერი ამოტრიალებულია: ესაა მხოლოდ ქვესისტემები ზესტრუქტურების გარეშე, ანუ ფორმის ან მოდელის მაძიებელი ცალკეული ნაწილაკები.

ძალზე მარტივი იქნებოდა იმის თქმა, რომ არქიტექტურა და სივრცე ამ შემთხვევაში მეტაფორებია: აქ უკვე არქიტექტურულ სიახლესთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ – ახალ სივრცობრივ ენასთან. სივრცე იქცევა ისტორიის ახალი (უკანასკნელი?) მომენტის ძირითად კოდად ან ენად, ხოლო მისი მასალის შლა, არამყარობა, ხელს უწყობს ახლო მომავლის აპოკალიფსურ გააზრებას.

“ასაკის” მატებას ნაგვის სივრცისთვის კატასტროფული შედეგები მოაქვს: თანდათან იკლებს ელექტროენერგიის სიმძლავრე, წარწერებიდან ასოები ცვივა, კონდიციონერებიდან წყალი მოწვეთავს, კედლები იბზარება, თითქოს მიწისძვრის შედეგად; სართულები იბრიცება, თუმცა ისინი მაინც მიერთებულია ძირითადი კორპუსის სხეულთან განგრენოზული დერეფნების მეშვეობით.

ნაგვის სივრცის ეს შემაშფოთებელი “სკლეროზული დაავადებები” ფანტასტი მწერლის, ფილიპ კ. დიკის ღამეული კოშმარების აღწერას წააგავს, როდესაც რეალობა ნარკომანის ჰალუცინაციას ემსგავსება და როდესაც ზედროული სამყაროს ხაფანგში ვექცევით. მაგრამ ეს კი არ გვაშინებს, არამედ მხოლოდ გვახალისებს; და სწორედ ამ ახლებური ეიფორიის არსი უნდა განიმარტოს.

ბუნდოვანების საუფლო

კოლჰასის აზრით, “ყველაფერი, რასაც სივრცული განზომილებები აქვს (ავტომანქანები, სხეულის ნაწილები, თვითმფრინავები) მათი პირველსაწყისი ფორმის შეცვლის მეშვეობით ნაგვის სივრცედ იქცევა. რეკონსტრუირება, რესტავრირება, რეგენერირება: ეს რე-თი დაწყებული სიტყვები ნაგვის სივრცეს ასახავს”. შედეგად, ხდება ყველა “ორიგინალის” და, მათთან ერთად, თვით ისტორიის განადგურება:

ერთადერთი უეჭველი ფაქტი არის უწყვეტი გადამუშავება-გარდაქმნა, რომელსაც იშვიათ შემთხვევებში ენაცვლება რესტავრაცია, ანუ პროცესი, რომლის წყალობით ისტორიის ყოველი ახალი ეტაპი ნაგვის სივრცედ იქცევა. ისტორია სხვა არაფერია, თუ არა შერყვნა, აბსოლუტური ისტორია აბსოლუტური შერყვნაა. ახალწარმოქმნილი ტრანსპლანტანტებიდან ელიმინირებულია ფერი და მატერია; ძველსა და ახალს მხოლოდ უგემოვნობა აკავშირებს.

ამიერიდან უფორმობის საუფლოში ვიმყოფებით (ციტატა ბატაიდან); მაგრამ “უფორმობა მაინც ფორმაა, უფორმო – ტიპოლოგიური ნიშან-თვისებაა”. ეს არც ისე წააგავს კომპიუტერული არქიტექტურის ახალი თაობის (გრეგ ლინი, ბენ ვან ბერკელი) თვალსაზრისს. და, შემდგომ, “ფაქტობრივად, ნაგვის სივრცის საიდუმლო ისაა, რომ ის ერთდროულად უწესრიგოცაა და რეპრესიულიც: როდესაც უფორმო იმატებს, ფორმალური ქრება, და, მასთან ერთად, უქმდება მისი ყველა წესი და ნორმა”. ნუთუ ეს მარკუზეს და რეპრესიული ტოლერანტობის აჩრდილებია?

კონცეპტუალური თვალსაზრისით, ნაგვის სივრცე შეიძლება ბერმუდის სამკუთხედს შევადაროთ: ის აუქმებს განსხვავებებს, ძირს უთხრის გამბედაობას, შლის ზღვარს ჩანაფიქრსა და მის რეალიზაციას შორის; იერარქიას აქ აკუმულაცია ენაცვლება, კომპოზიციას – დამატებითი ელემენტები. სულ უფრო მეტად…, სულ უფრო მეტად… ნაგვის სივრცე ერთდროულად გადამწიფებულიცაა და უმწიფარიც. ის უზარმაზარი საბანივით აფარია დედამიწას და აშთობს მას. ესაა ბუნდოვანების საუფლო, სადაც ზედა და ქვედა, საზოგადოებრივი და კერძო, სწორხაზოვანი და მრუდი, მაძღარი და მშიერი ერთობლივადაა წარმოდგენილი ერთიან მოზაიკაში.

უეჭველია, რომ არსებობს მაგიური მომენტებით აღბეჭდილი “ტრაექტორიებიც”:

პოსტმოდერნიზმი ანაწევრებს შენობათა პერისტალტიკურად გაფორმებულ წინა სიბრტყეს. არქიტექტურული ტრაექტორიები მოულოდნელად ერთმანეთს კვეთს, იღუნება და უეცრად ბოლოვდება მაღალ აივანზე, სიცარიელის თავზე…. ესაა ფაშიზმი დიქტატორის გარეშე…

ამ ფსევდოდროით მატერიაში, სადაც ყველაფერი უწყვეტ მუტაციას განიცდის, გვხვდება ხოლმე მშვენიერების იშვიათი მომენტებიც, როდესაც “რკინიგზის სადგურები რკინის პეპლებს ჰგვანან, აეროპორტები ნამის ვეება წვეთებივით ლაპლაპებენ, ხიდები გროტესკული ქნარებივითაა გადებული ნაპირებზე. ყოველ მდინარეს თავისი კალატრავა[1] გამოუჩნდა. მაგრამ ამგვარი მომენტები საკმარისი არაა, რომ გაფანტოს ღამეული კოშმარით ან ჰალუცინაციებით გამოწვეული ძრწოლა. აქ უნდა გავიხსენოთ კიბერპანკი[2], რომელიც ცინიკურად (კოლჰასის მსგავსად) ტკბება თავისი (და სამყაროს) თავაშვებულობით.  მაგრამ კიბერპანკი, არსებითად, აპოკალიფსური არაა. ჩემი აზრით, უკეთესი კოორდინატია ბალარდი[3], სამყაროს დასასრულის ბალარდისეული სურათი”, მინუს ბაირონული მელანქოლია, ყოვლისმომცველი პესიმიზმი და Weltschmerz (მსოფლიო სევდა).

აქ სამყაროს დასასრული იგულისხმება; და უცნაურია, რომ სამყაროს დასასრული აპოკალიფსურად წარმოგვიდგება ხოლმე (განურჩევლად იმისა, ვიგინებით ამის გამო თუ შიში გვიპყრობს). მაგრამ ძველი სამყარო მხოლოდ ღვარძლსა და სატირას იმსახურებს, ხოლო ახალი სამყარო მარტოოდენ ძველის განადგურებას ლამობს. ამ პროცესს ურსულა ლე გუინმა[4] ერთხელ შენობათა დნობა უწოდა. “ისინი ისეთივე ბლანტი იყო, როგორც მზის სხივებქვეშ დატოვებული ჟელე. ზედა ფენა უკვე ძირს იღვენთებოდა და მიწაზე ვეება ცხიმიან ლაქებს აჩნევდა”.

ვიღაცამ ერთხელ თქვა, რომ უფრო ადვილია სამყაროს დასასრულის წარმოდგენა, ვიდრე – კაპიტალიზმის დასასრულისა. გადავამოწმოთ ეს შეხედულება და წარმოვიდგინოთ კაპიტალიზმი, როგორც სამყაროს დასასრული.

ისტორიის გარღვევა

ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა, ყოველივე ამის შესახებ გვემსჯელა ისტორიის ტერმინებით, ისტორიისა, რომელიც შეიძლება წარმოვიდგინოთ მხოლოდ როგორც სასრული რამ, და რომელიც, როგორც ჩანს, სხვა არაფერია, თუ არა უკვე მომხდარი მოვლენების მონოტონური განმეორება. პრობლემა ისაა, როგორ დავადგინოთ რადიკალური განსხვავება ძველსა და ახალს შორის; როგორ მივცეთ ბიძგი ისტორიის საზრისს იმგვარად, რომ მასში კვლავ შევიგრძნოთ დროის, სხვაობის, ცვლილებების, უტოპიის ოდნავ გასაგონი სიგნალები. ამისთვის პოსტმოდერნის მყუდრო აწმყოდან უნდა დავბრუნდეთ უკან, რეალურ ისტორიულ დროში, ადამიანების მიერ შექმნილ ისტორიაში. ვფიქრობ, განსახილველი ორტომეული ამის საშუალებას გვაძლევს: მომავლის წარმოდგენის შეუძლებლობის გამო ის (ეს მომავალი) აქ  ავბედით ტენდენციად მოიაზრება, რომელიც გლობალიზაციის შედეგად აპოკალიფსად იქცევა და აფეთქებს სამყაროს, რომელშიც აურაცხელი ნამსხვრევებისა და ატომების ხაფანგში ვიმყოფებით. ამგვარად, ანტიუტოპია გვიანდელი კაპიტალიზმის მებიუსის ლენტზე მიწებებული ძაფის ბოლოა, კაპიტალიზმისა, რომელიც მხოლოდ ამ ძაფს განჭვრეტს მანიაკალურად  თავის სავარაუდო დასასრულში.

მაგრამ ეს საკმარისი არაა: ისტორიის მონოლითური ბარიერის გარღვევა შესაძლებელია მხოლოდ იმგვარ სიტუაციაში, როდესაც ისტორიული წარმოსახვა თითქოსდა პარალიზებულია: ვერასგზით ვერ ჩასწვდებით მომავალს, ვერ გაიაზრებთ განსხვავების არსს (თუ არაფერს ვიტყვით უტოპიაზე), თუ არ ჩაეწერები მასში, თუ მის ნაწილად არ იგრძნობ თავს (ბუნებრივია, წარსულისა და აწმყოსგან ფსიქოლოგიური იზოლირება აქ აუცილებელი პირობაა). სწორედ წერის გამათანაბრებელი ძალა მსჭვალავს ჩვენი არსებობის ყველა სფეროს (მანძილს, ავტოსადგომებს, მყიდველობით საქმიანობას, მუშაობას, კვებას, მშენებლობას) და თავს ახვევს მათ სტანდარტიზებულ ურთიერთიდენტურობას, რომელიც ოდენ ერთნაირ ფერში, ტექსტურაში, უფორმობაში როდი მდგომარეობს და არც მასალაზეა – პლასტმასა იქნება ის, ვინილი თუ რეზინი – დამოკიდებული. სწორედ წინადადებებში (ანუ წერის დამანაწევრებელ პოტენციაში) იჩენს თავს ამ განმეორებადობის ენერგია, რომელიც მოასწავებს დროსა და ისტორიაში, შემდეგ კი – კონკრეტულ მომავალში ორგაზმულ შეჭრას.

ამაშია საიდუმლო ამ ახალი სიმბოლური ფორმისა, რომლის შემოქმედი თანამედროვეთაგან მარტოოდენ კოლჰასი როდია (მაგრამ მასზე უფრო სრულყოფილად ეს ვერავინ შეძლო).

დავუბრუნდეთ მყიდველობითი საქმიანობის უფრო პროზაულ სამყაროს, რომელმაც ბიძგი მისცა ამ თავაწყვეტილ ავანტიურას და მართლაც რომ მეტაფიზიკური რეაქცია გამოიწვია. ის, ფაქტობრივად, ჩაისახა ადრეულ სტადიაზე, ცი ძან ლიანის შეხედულებაში დედამიწის კომერციული ტრანსფორმაციის შესახებ (ეს კი განსახილველი ნაშრომის ძირითადი თემაა): “საბოლოოდ, სხვა არაფერი დაგვრჩება, მყიდველობითი აქტივობის გარდა”. სამყარო, რომლის მახეშიც ვიმყოფებით, რეალურად, სავაჭრო ცენტრია; ესაა მყუდრო თავშესაფარი, მიწისქვეშა ქსელი გვირაბებისა, რომლებშიც ურიცხვი ასლია გამოფენილი. ვირუსი, რომლითაც სავაჭრო ცენტრებში შეიძლება დავავადდეთ, არსებითად, მყიდველობითი საქმიანობის ვირუსია, და ის, დისნეიფიკაციის მსგავსად, შხამიანი ხავსივით მოედო დედამიწას. მაგრამ რა არის ეს საქმიანობა, რომელზეც ესოდენ დიდხანს (ავტორები კი – უფრო მეტ ხანს) ვსაუბრობთ?

თეორიულად, ესაა მთელი კომპლექსი (და, მართლაც, მაღაზიებში ვეძებთ ხოლმე ამა თუ იმ საქონლის სასურველ ან გარკვეული საფირმო ნიშნის მქონე ნიმუშს), რომელსაც დასავლური მარქსიზმი “კომოდიფიკაციას” უწოდებს. მისი ანალიზი გვხვდება ჯერ კიდევ მარქსთან, “კაპიტალის” ცნობილ შესავალ თავში, სადაც საუბარია სასაქონლო ფეტიშიზმის შესახებ. უკვე მეცხრამეტე საუკუნეში მარქსმა საგანგებო ყურადღება დაუთმო სპეციფიკურ სუპერსტრუქტურულ განზომილებას კაპიტალიზმის ბაზარზე, რომელიც ერთგვარი რელიგიური პერსპექტივის სახით გვევლინება. მარქსი გაიაზრებს საქონლის “მეტაფიზიკურსა და თეოლოგიურ სრულყოფილებას” როგორც ნიღაბს, რომელიც შრომით მიმართებებს უმალავს მყიდველს (მომხმარებელს). ამიტომ მარქსი აღიქვამს კომოდიფიკაციას, როგორც, არსებითად, იდეოლოგიურ ოპერაციას ან ყალბი ცნობიერების ფორმას, რომელსაც სპეციფიკური ფუნქცია აქვს – შენიღბოს პროდუქტის წარმოება ბურჟუაზიული მომხმარებლისგან. გეორგ ლუკაჩის “ისტორია და კლასობრივი ცნობიერება” – ეგრეთ წოდებული დასავლური მარქსიზმის შესავალი ტექსტი – ამ საკითხს განიხილავს ფილოსოფიის ისტორიის ფართო სიბრტყეზე და კომოდიფიკაციას ცენტრალურ როლს მიაკუთვნებს ადამიანის სულიერი და ფიზიკური დაკნინების, მანქანის დანამატად ქცევის (ანუ “რეიფიკაციის”) საერთო პროცესში.

ამასთან, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ თემის იდეოლოგიური მიმართულება იცვლება, როდესაც დასავლეთ ევროპისა და შეერთებული შტატების (და, აგრეთვე, იაპონიის) წარმატებულ რეგიონებში გაბატონებულ ტენდენციად იქცევა ფუფუნების საგნებით ვაჭრობა. სწორედ ამ პერიოდში აყალიბებენ სიტუაციონისტები და მათი ბელადი გი დებორი ახლებურ თვალსაზრისს კომოდიფიკაციის შესახებ: “სასაქონლო ფეტიშიზმის საბოლოო ფორმა სხვა არაფერია, თუ არა კარგი პროდუქტის – ორიგინალის – უხარისხო ასლი”. ესაა ამოსავალი პუნქტი ეგრეთ წოდებული “სანახაობათა მომხმარებელი საზოგადოებისთვის”, რომელშიც ყოფილი “ერების დოვლათი” “სანახაობათა ერთობლიობად” მოიაზრება. ვფიქრობ, კომოდიფიკაციის პროცესი ყალბ ცნობიერებას კი არ ასახავს, არამედ – ცხოვრების ახალ სტილს, რომელსაც მომხმარებლობას (კონსიუმერიზმს) ვუწოდებთ და რომელიც უფრო ნარკომანიას წააგავს. ეს თანამედროვე შეხედულება კულტურის როგორც ყოველდღიური ცხოვრების სუბსტანციის შესახებ შედარებით ახალი, ომისშემდგომი კონცეფციაა, რომელიც ანრი ლეფევრმა შეიმუშავა.

ამგვარად, “მყიდველის გზამკვლევში” დასახელებული პროდუქტები, ფაქტობრივად, ასლებია. ამიტომ, ჩვენი აზრით, აუცილებელია საქონლის ცნებისთვის საწყისი მნიშვნელობის დაბრუნება. წარმოდგენა იმისა, რომ მაღალი ხარისხის საქონელს კი არა, მათ ასლებს ვყიდულობთ, უკვე ნიშნავს ამ ცნების დეფამილარიზაციას, რაც დადებითი ნაბიჯია; მაგრამ იმის შეგნება, რომ ჩვენ ვყიდულობთ ასლებს, გზას აძლევს სურვილის, ნდომის ახალ ფორმას, რომელიც წინ უძღვის რეალურ შესყიდვას – როდესაც ვკარგავთ ინტერესს საქონლის, როგორც ასეთის მიმართ. რაც შეეხება მოხმარებას, ის, როგორც მარქსი შიშობდა, სრულიად სპირიტუალურ მოვლენად იქცა. საქონლის მატერიალურობა აქ მხოლოდ საბაბია მენტალური სიამოვნების მისაღებად: კერძოდ, რა არის მატერიალური ახალი ავტომანქანის მფლობელის განცდებში, რომელიც მხოლოდ მახლობელ ქუჩებში ატარებს მას და, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ხშირად რეცხავს და აპრიალებს?

დაბოლოს, განა, ძირითადად, მხოლოდ მაღაზიებში არ დავდივართ? განა ეს არ ასახავს სრულიად ახლებურ ეგზისტენციალურ პოზიციას იმ ადამიანებისა, რომლებსაც ეს ხელეწიფებათ და რომლებმაც (მას შემდეგ, რაც შეიგრძნეს ცხოვრების უაზრობა და თავიანთი სურვილების სრული დაკმაყოფილების შეუძლებლობა), შექმნეს ცხოვრების ახალი სტილი, სადაც სურვილის ახალი სპეციფიკური ორგანიზაცია გულისხმობს სწორედ ამ შეუძლებლობის მოხმარებას და შესაბამისი მცდელობების უაზრობას? რა თქმა უნდა, აქ შეიძლება გავიხსენოთ მდინარე ჯუძიანის დელტა და დენ სიაოპინის პოსტმოდერნული სოციალიზმი, რომელშიც “ქონების შეძენა” ფულის დაგროვებას კი არ ნიშნავს, არამედ უზარმაზარი სავაჭრო ცენტრების აგებას – სადაც მყიდველობითი საქმიანობა არ მოითხოვს თქვენგან რაიმეს შეძენას, და სადაც შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ფულის გადახდის გარეშე, მანამ, სანამ შესაბამისი სივრცეები, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სავაჭრო ცენტრები, უზრუნველყოფენ ამას.

© New Left Review, may/june 2003

© არილი


[1] სანტიაგო კალატრავა – თვალსაჩინო თანამედროვე ესპანელი არქიტექტორი.

[2] კიბერპანკი – ლიტერატურული ჟანრი, რომელშიც აღწერილია ტოტალურად კომპიუტერიზებული საზოგადოება და რომლისთვისაც დამახასიათებელია ანტიუტოპიური მოტივები.

[3] ჯეიმს ბალარდი – თანამედროვე ინგლისელი მწერალი-ფანტასტი, ფსიქოპათოლოგიური ტრილერების ავტორი.

[4] ურსულა ლე გუინი – თანამედროვე ამერიკელი მწერალი.

Facebook Comments Box