თარგმანი,  პოეზია (თარგმანი)

ფრიდრიხ ნიცშე – დიონისეს დითირამბები

 

გერმანულიდან თარგმნა და შესავალი დაურთო დათო ბარბაქაძემ

 

   დიონისეს დითირამბებიკლასიკური მოდერნისტული პოეზიის ცენტრალური ტექსტია, რომლის პოეტიკამავტორის ფილოსოფიასთან ერთადაც და მისგან დამოუკიდებლადაცუდიდესი გავლენა იქონია XX საუკუნის ევროპულ პოეზიაზე. იგი აღმოჩნდა თვით ნიცშეს შემოქმედების პოეტური შეჯამებაც. სხვადასხვა დროს დაწერილი (პირველი სამ დითირამბს უკვე შეიცავდაასე ამბობდა ზარათუშტრა“) და ერთ ციკლად თავმოყრილგადამუშავებული ლექსების ეს კორპუსიწყლისმსმელმაპოეტმა (როგორც ნიცშე თავის თავს უწოდებდა) სულ ბოლოს (სავარაუდოდ 1889 წლის იანვარში) დაასათაურა. შესაბამისად, ეს მისი ხელიდან დასაბეჭდად გამოსული უკანასკნელი მთლიანობაა. დიონისური სულისკვეთებით აღსავსე ამ ლექსების თითოეული სტრიქონი და სიტყვა შექმნილი, დაწერილი და დამზადებულია აპოლონური სიზუსტით და სიბეჯითით. „დიონისეს დითირამბებშიენა არა მხოლოდ მეტყველებს, არამედ თავის თავთანაც მეტყველებს დაიმასთანაც, რასაც იგი მას მერე მეტყველებს, როცა ამ ენის/ამ ნიცშეს მიერ ერთადერთ ჭეშმარიტებად ჭეშმარიტების არარსებული სამოთხიდან გამოძევებულადყოფნა და წერაკითხვით მწარე ტკბობის შესაძლებლობა ცნობიერდება.

            თუ ნიცშეს გავიაზრებთ, როგორც (სულ მცირე) ბერძენ ფილოსოფოსთა, კანტის, ჰეგელის, შოპენჰაუერის, გოეთეს, ვაგნერის დამსახურებით და მათთანვე დაპირისპირებით დიონისური სულისკვეთებისა და პათოსის გერმანულენოვან მთარგმნელინტერპრეტატორს, მაშინდიონისეს დითირამბებისნებისმიერი უცხოენოვანი მთარგმნელი სხვა არავინ გამოდის, თუ არაგერმანულ ენაზე უკვე თარგმნილი სულისკვეთებისა და პათოსის მთარგმნელი ანუორმაგადსაჭოჭმანები საქმისმქმნელი. მე ეს საქმე თითქმის თხუთმეტი წლის წინ ჩავიფიქრე, მაგრამ მხოლოდ ახლა განვახორციელე. შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემს მიერ ნიცშეს დითირამბებისროგორც ბედით განსაზღვრული წერაკითხვის იმავდროულობის დაუსრულებელი პროცესისგააზრება დასწორედაც რომ იმავდროულადთარგმნის პროცესით მასთან ჩემი მიმართების, ჩემი სიყვარულის აღწერის მოთხოვნილება.

            თუდიონისეს დითირამბებისთარგმნა ჩემმა შინაგანმა აუცილებლობამ განაპირობა, იმავეს ვერ ვიტყვი მისი გამოცემის მიზეზთა გამო. უამისოდაც შეიძლებოდა ჩემი ვიწრო სამეგობრო წრისთვის, ჩემი სტუდენტებისთვის და სკოლის რამდენიმე მოსწავლისთვის წინამდებარე ინტერპრეტაციების გაზიარება. მძლია მხოლოდ ნორჩი და ახალგაზრდა თაობის ჩემთვის უცნობ იმ მკითხველებთან დიალოგის წყურვილმა, რომლებიც ჯერ არ არიანგასაყიდად გამოდგმული“ (მერვე დითირამბი). დავაპირე თითოეული ლექსისთვის კომენტარების დართვაც, მაგრამ მალევე დავკარგე ხალისი. აქ წარმოდგენილი რამდენიმე სახელდახელო შენიშვნა წასაშლელად დამენანა, მეტიც არაფერი.

 

 

„ვინაიდან კაცობრიობისთვის უსაზღვრო ქველმოქმედების გაწევა მსურს, მე მას ვუბოძებ ჩემს დითირამბებს.

მე მათ მივხელთებიზოლინესმგოსანს, ამჟამადდა არა მხოლოდ ამჟამადმცხოვრებ უდიდეს და პირველ სატირს…“

დიონისე

 

მხოლოდ მასხარა! მხოლოდ მგოსანი!

 

ჰაერში შუქის მიმოფენისას,

როცა ცვარ-ნამის ნუგეში უკვე

დედამიწისკენ მოიჩქარის,

უჩინო და უჩამიჩუმო

– რაკი ნატიფი ხამლით მოსილა

ნუგეშისმცემი ცვარ-ნამი, მსგავსად გულმოწყალე ყველა ნუგეშის –,

თუ გახსენდება, თუ იხსენებ, მხურვალე გულო,

რარიგ მწყურვალი ჰგიებდი ერთ დროს,

დაღლილ-დათუთქულს ცრემლნი ციურნი

და მოწანწკარე ცის ნამი როს მოგწყურებოდა,

ბალახმოყვითლულ ბილიკებზე კი

შავ ხეებს შორის გამოცხრილულ მწუხრის მზის მზერებს

გაბოროტებით გაემართათ შენს ირგვლივ როკვა,

მზის ავითგანმცხრომ, ჩინისწამგვრელ, ვარვარა მზერებს.

 

„შენ ხარ სასიძო ჭეშმარიტების?“ – ქირქილებდნენ ისინი ასე –

„არა! მგოსანი მხოლოდ და მხოლოდ!

ნადირი, ფლიდი, მტაცებელი, პარვით მცოცავი,

რომელიც მიწყივ უნდა ცრუობდეს,

განზრახ, ნებისად უნდა ცრუობდეს,

ნადავლის წვდომით ატანილი,

ჭრელნიღბიანი,

თვისივ თავისთვის ქცეული ნიღბად,

თვისივ თავისთვის მსხვერპლად ქცეული,

ეს სასიძოა ჭეშმარიტების?…

 

მხოლოდ მასხარა! მხოლოდ მგოსანი!

მხოლოდ და მხოლოდ ჭრელმოუბარი,

მასხარაული ნიღბებიდან გამოუბარი,

ცრუსიტყვაობის ხიდებზე რომ ასწრაფდება ხვიარ-ხვიარით,

რიოშ ზეცაში,

ტყუილების ცისარტყელაზე,

მოხეტიალე, მიმომხოხავი –

მხოლოდ მასხარა! მხოლოდ მგოსანი!

 

ეს სასიძოა ჭეშმარიტების?…

არა მდუმარი, შეუძრავი, სწორი და ცივი,

ხატად ქცეული,

სვეტად უფლისა,

არაღმართული ტაძართა წინ,

მცველად ღვთის ბჭეთა:

არა! სიკეთის ასევითარ ქანდაკთა მტერი,

იმაზე მეტად შინაური უშენ ალაგთა, ვიდრე – ტაძართა,

მთლად კატისებრი თავგასულობით

ნებისმიერი სარკმლით მიმხლტომი –

ჰოპ! – ნებისმიერ შემთხვევითობას,

მიმომყნოსავი ნებისმიერ უსიერ ტყეში,

რათა ხელუხლებ უღრან ტყეებში

ჭრელად დაბანჯგვლულ მტაცებელთა შორის დარბოდე

უღვთოდ ჯანმრთელი, ლამაზი, ჭრელი,

ავხორცი დინგით,

მონეტარედ დამცინავი, მონეტარედ გეენური, მონეტარედ სისხლის მწყურვალი,

მი-და-მორბოდე მტაცებელი, მიმპარველი, მომტყუებელი

 

ან სულაც მსგავსი არწივისა, გარინდებული

რომ ჩასცქერს დიდხანს, დიდხანს უფსკრულებს,

თავის უფსკრულებს…

– ო, აქ ისინი, ქვედამართულნი,

ქვემორე, შიგნივ,

სულ უფრო უღრმეს სიღრმეებში მაინც რარიგ იგრაგნებიან! –

 

მერე,

ანაზდად,

ფრენა მისრული,

სვლა წაისრული,

დაკვრა კრავთათვის,

დაშვება მყისი, მძაფრი შიმშილი,

კრავთა და კრავთა ხარბად მსურველი,

ყოველთა კრავთა სულს შემომწყრალი,

სასტიკად მწყრალი ყველაფერზე, რაც გამოიმზერს

სათნოდ, ცხვარივით, დახუჭუჭებულ-დაბამბულივით,

სულელურად და ცხვრის-რძისადმი-კეთილგანწყობით…

 

მაშ,

არწივისებრს, პანტერისებრს

ელტვის მგოსანი,

ეს ლტოლვებია შენეული, ათას ნიღაბქვეშ,

ვინც მასხარა ხარ! ვინც ხარ მგოსანი!…

 

შენ, ადამიანს ვინც უმზერდი

ვით ღმერთს და ვით ცხვარს –,

ადამიანში ღმერთის დამფლეთი,

ვით ცხვრის დამფლეთი ადამიანში,

და სიცილით მათი დამფლეთი –

 

ეს არის შენი ნეტარება, სწორედ ეს არის,

ნეტარება პანტერასი და არწივისა,

ნეტარება ოდენ მგოსნის და მასხარასი!“…

 

ჰაერში შუქის მიმოფენისას,

და როცა უკვე მთვარის ნამგალი

მეწამულთ შორის მწვანედ ჩენილი

და შურით სავსე მიიძურწება,

– იგივ დღის მტერი,

თითოეული ბიჯით ფარულად

მომნამგლავი ვარდთა-ფარდაგთა,

დაეშვებიან ვიდრე ისინი,

გაფითრებულნი წყვდიადისკენ დაქანდებიან:

 

ასე დავქანდი თავად ოდესღაც

ჩემეული ჭეშმარიტების-შეშლილობიდან,

ჩემეულთა დღის-წადილთაგან,

დღით დაქანცული, ნათლით სნეული,

– თავქვე დავქანდი, მიმწუხრისკენ და ჩრდილებისკენ,

ჭეშმარიტებით

დამწვარი და მოწყურებული

– კვლავაც თუ გახსოვს, თუ იხსენებ, მხურვალე გულო,

რარიგ მწყურვალი ჰგიებდი შენ იქ? –

რომ მე დევნილად ვექეც

ყველა ჭეშმარიტებას!

მხოლოდ მასხარა! მხოლოდ მგოსანი!…

 

 

 

 

უდაბნო ზეობს:

ვაი მას, ვინც უდაბნოთ მალავს

 

ჰა!

საზეიმო!

ღირსეული დასაწყისი!

აფრიკულად საზეიმო!

ლომის ღირსი

ან ღრიალა მორალური მაიმუნისა…

– თუმც არა თქვენი,

უძვირფასესო მეგობარო ასულებო,

ვისთა ფერხთითაც

მე, ამ ევროპელს პალმების ქვეშ,

მორთხმის ნება მებოძა. სელა.

 

ჭეშმარიტად საოცარია!

აქ ვზივარ ახლა,

უდაბნოსთან ახლოს და უკვე

ასე შორს იმავ უდაბნოსგან,

ხოლო იქვე – არარაშიც უდაბნოდქმნილი:

ანუ შთანთქმული

ამ მცირედი ოაზისისგან –

მთქნარებით განხვნა

მიმზიდველი თავისი პირი,

სურნელოვანი, ვიდრე ყველა ციცქნა პირია:

ჩავვარდი კიდეც ამ დროს მასში,

ქვევით, განმსჭვალვით – თქვენდა შორის,

უსაყვარლესნო მეგობარნო ასულნო! სელა.

 

დიდება იყოს, იმ ვეშაპის იყოს დიდება,

კეთილდღეობა თუ ანება,

მაშ, თავის სტუმარს! – ხვდებით

განსწავლულ ჩემს მინიშნებას?…

 

დიდება იყოს მისი სტომაქის,

მაშ, მსგავსი სტომაქ-ოაზისი

თუ იყო იგი თავისი ხიბლით,

ვით – ეს: რაც, თუმცა, ჩემს ეჭვს აღვივებს.

ამიტომაც ვარ მე ევროპიდან,

რომელიც ყველა დედაკაცზე ეჭვიანია!

გამოკეთება მისი ღმერთმა ინებოს!

ამინ.

 

აქ ვზივარ ახლა,

ამ უმცირეს ოაზისში,

მსგავსი ფინიკის,

მურა, დამტკბარი, თხრამლოქროვანი,

დახარბებული ქალწულის მრგვალ პირს,

მაგრამ უმეტეს – ქალწულებრივ

ცივყინულოვან თოვლივით თეთრ ფხაქათქათა

მჭრელ კბილებს: ყველა მოვარვარე ფინიკის გული

შეპყრობილია სწორედ მათი წყურვილით. სელა.

 

დასახელებულ ამ სამხრეთულ ნაყოფთა

მსგავსად, ერთობ მსგავსადაც,

ვწევარ აქ, სადაც ციცქნა

ფრთოსანი ხოჭოები

დამცეკვავენ-დამთამაშებენ,

კვალად კი – მათზე უფრო ციცქნა,

უფრო უგნური, მათზე უფრო აბეზარი

სურვილები და ხუშტურები, –

გარშემორტყმული თქვენით,

უტყვო, წინასწარმჭვრეტო

გოგონებო-ციცებო

დუდუ და ზულეიკა

შემოსფინქსული, ერთ სიტყვაში

ჩამტმასნელი ბევრი შეგრძნების

(შემინდე, ღმერთო,

ენობრივი ეს შეცოდება!…)

– აქ ვზივარ, ვყნოსავ ჰაერთაგან საუკეთესოს,

ჭეშმარიტად სამოთხის-ჰაერს,

ნათლით აღსავსე მსუბუქ ჰაერს, ოქროს სხივოსანს,

ოდენ იმგვარად ამო ჰაერს, ოდინდელ დროში

მთვარიდან რომ ჩამობნეულა,

თუნდაც შემთხვევით

ან, შესაძლოა, ქედმაღლობის მიზეზით მოხდა?

ძველი მგოსნები ამას როგორც იუწყებიან.

მაგრამ მე, ეჭვის მგონებელი, ეჭვით ვჭვრეტ ამას,

ამიტომაც ვარ მე

ევროპიდან,

რომელიც ყველა დედაკაცზე ეჭვიანია!

გამოკეთება მისი ღმერთმა ინებოს!

ამინ.

 

ოდეს უმშვენეს ამ ჰაერს ვსუნთქავ,

ოდეს ნესტონი აღმვსებია კათხათა მსგავსად,

უმერმისოს, მოგონებათა გარეშე შთენილს,

მე აქ ამგვარად მჯდომარე ვარ,

უძვირფასესო მეგობარო ასულებო,

და ვუმზერ პალმას,

მოცეკვავე ასულის მსგავსად,

რარიგ იხრება, მოიქნება, თეძოები მიმოერწევა

– ვინც ხანგრძლივ უმზერს, კიდეც აჰყვება…

მოცეკვავე ასულის მსგავსად, რომელიც უკვე,

როგორც მე ვფიქრობ, ერთობ დიდხანს, საშიშად დიდხანს,

მიწყივ და მიწყივ, ცალ ფეხზე იდგა?

– მას ამისგანვე დაავიწყდა, როგორც მე ვფიქრობ,

მეორე ფეხი?

ნებისმიერ შემთხვევაში, სულ ამაოდ

ვეძიებდი მოსაკლისებულ

ტყუპის-საუნჯეს

– ანუ სწორედ მეორე ფეხს –

მე ამ წმინდა სიახლოვეში

უძვირფასესი, უნატიფესი,

მარმაშ-მარაოდ-მობზინული მისი კაბისა.

დიახ, ლამაზო მეგობარო ასულებო,

თუ ინებებთ, მერწმუნოთ სრულად:

მან ის დაკარგა

ოჰ! ოჰ! ოჰ! ოჰ! ოჰ!…

ის გარდასულა,

სამუდამოდ გარდასულა,

მეორე ფეხი!

ო, ეს მეორე მიმზიდველი ფეხუკა რარიგ სინანულს აღძრავს!

მაინც სად ჰყოვნებს და მწუხარებს მიტოვებული

ეს ფეხუკა, მარტოდ შთენილი?

მოცული, იქნებ,

მძვინვარე და ყვითელი და ჩალისფრადგრუზაფაფრიანი

ლომ-ურჩხულის წინაშე შიშით? ან სულაც უკვე

შემოხრული, შემოფხაული –

შემოღრღნილი! ავაჰ! ავაჰ! საბრალო! სელა.

 

ო, ნუ იტირებთ ჩემს წინაშე,

გულნო სათუთნო!

ნუ შემომტირით,

ფინიკნო-გულნო, კერტნო-რძიანნო!

თქვენ, ძირტკბილა-გულის-

პერანგნო!

მამაკაცობდე, ზულეიკა! სიმამაცე! გაბედულება!

 

ნუღარ იტირებ,

ფერმკრთალო დუდუ!

– ან, იქნებ, ჯერ არს,

რამ უმტკიცესი, გულის-განმამტკიცებელი

მოიღებოდეს?

ზეთით ცხებული რამ იგავი?

საზეიმო ნუგეშისცემა?…

 

ჰეი!

მოდექი, ღირსებაო!

ჩაჰბერე და ჩაჰბერე კვლავაც

სათნოების საბერველს!

ჰეი!

 

კიდევ ერთხელ იღრიალე,

მორალურად იღრიალე,

მორალური ლომის მსგავსად იღრიალე ამ უდაბნოს ასულთა თვალწინ!

– რაკი, ასულნო უსაყვარლესნო,

სათნოების ეგ ღრიალი

არის მეტი, ვიდრე ყველა

ძალისხმევა ევროპელის, უძღებობა ევროპელისა!

და მე უკვე აქ ვდგავარ,

როგორც ევროპელი,

სხვაგვარ არ ძალმიძს, შემეწიე, უფალო!

ამინ!

 

უდაბნო ზეობს: ვაი მას, ვინც უდაბნოთ მალავს!

ქვა ქვას ეფშვნება, და უდაბნო აშთობს და შთანთქავს.

იმზერს სიკვდილი საზარელი, ღადარი ბნელი,

და ცოხნის –, მისი სიცოცხლეა მისივე ცოხნა…

 

ადამიანო, ვინც ტკბობის ცეცხლს ხარ თავმიძღვნილი,

გახსოვდეს: შენ ხარ ქვა, უდაბნო, შენ ხარ სიკვდილი

 

 

უკანასკნელი ნება

 

იმგვარად კვდომა,

როგორც ერთ დროს მე ვიხილე მკვდომარე იგი –,

მეგობარი, ელვებს და ჭვირებს

ღვთაებრივად რომ შეტყორცნიდა ჩემს დაბურულ სიჭაბუკეში:

– თავნება და ღრმა,

ბრძოლად მროკველი –,

 

მებრძოლთა შორის ულაღესი,

მძლევთა შორის უმწუხარესი,

თვისსავე ბედზე შემდგარი ბედად,

კერკეტი, ჭვრეტას მიყოლილი, წინასწარმჭვრეტი –:

 

იმის გამო მოძაგძაგე, რომ გაიმარჯვა,

იმის გამო მოტყინარე, მომაკვდავმა რომ გაიმარჯვა –:

 

ოდეს კვდებოდა, მბრძანებელი,

– მან კი ბრძანა ნადგურისცემა

 

იმგვარად კვდომა,

როგორც ერთ დროს მე ვიხილე მკვდომარე იგი:

გამმარჯვებელი, ნადგურმცემელი

 

 

მტაცებელ ფრინველთა შორის

 

ვისაც აქ თავქვე უნებებია,

რარიგ სწრაფად შთაინთქმება

ის სიღრმის მიერ!

– მაგრამ უფსკრული

კვლავ თუ გიყვარს, ზარათუშტრა,

მსგავსად სოჭისა? –

 

მას იქ გაუდგამს ფესვი, სადაც

თვით კლდე შეძრული

ჩაჰყურებს სიღრმეს –,

იგი ყოვნდება უფსკრულებთან,

სადაც ირგვლივ ყოველივეს

თავდაღმა ნებავს:

უთმენლობათა შორის

ველური ქვაგორვილის, წყალვარდნილისა

მოთმენით მთმენი, სიტყვაუტყვი, მტკიცე,

ეული…

 

ეული!

სხვა ვინ გაბედავდა

აქ სტუმრად ყოფნას?

შენს სტუმრად ყოფნას?

მტაცებელი ფრინველი სწორედ,

ავითგანმცხრომი

უდრეკ მთმენს თმაში

რომ შეჰკიდვია,

შლეგი ხორხოცით,

მტაცებელი ფრთოსნის ხორხოცით…

 

რისთვის ამგვარი უდრეკობა?

– დაჰქირქილებს იგი სასტიკად:

ფრთა უნდა ჰქონდეთ მაშინ, როცა

უფსკრულს ეტრფიან…

არ უნდა იყონ შეკიდულნი,

შენ რარიგაც დარჩენილხარ, ჩამოკიდული! –

 

ო, ზარათუშტრა,

ნებროთ-მეთქი, უსასტიკესო!

ჯერაცვე ღმერთის მონადირევ მოკლე დროის წინ,

ყველა სიქველის სათხეველო,

და ისარო ბოროტებისა! –

ახლა კი –

მონადირებულო შენივე მიერ,

შენივ ნადავლო,

ჩაისრულო თავად შენშივე…

 

ახლა კი –

შენით მარტოეულო,

შენივ ცოდნაში მრჩობლეულო,

ას სარკეს შორის

შენივ თავის წინაშე ყალბო,

ას მოგონებას შორის

ვერმცოდნევ,

ყველა ჭრილობით გამოღლილო,

ყველა ყინვას შეყინულო,

შენივ ბაწრით ყელმოყულფულო,

თავისმცნობელო!

თავისმხრჩობელო!

 

რად გაიბაწრე თავი

შენი სიბრძნისვე ბაწრით?

რად შეიტყუე შენი თავი

სამოთხეში ძველი გველისა?

შენ-ში – შენ-ში

რად შეიპარე?…

 

აწ სნეული ხარ,

გველის შხამით რომ დასენილხარ;

აწ ტუსაღი ხარ,

უმწარესი რომ გერგო წილი:

შენს მაღაროში

მოკაკული ირჯებოდე,

შენივ თავში შეღრუვდებოდე,

ასამარებდე შენივე თავს,

უსუსური,

გახევებული,

გვამი –,

ასკეცი ტვირთით ტვირთული,

სწორედ შენით გადატვირთული,

მცოდნე!

შენივე თავის შემცნობი!

ზარათუშტრა, ბრძენკაცი ვინც ხარ!…

 

შენ ეძიებდი უმძიმეს ტვირთს:

ჰპოვე კიდეც შენივე თავი –,

ვერ გარდაიგდებ შენივ თავს შენგან…

 

ჩასაფრებული,

ჩაკაკვებული,

იგი, ვინც უკვე ვეღარასდროს აღიმართები!

შენი სამარის ბორცვს შეზრდილიც დამენახვები,

შეზრდილი სული!…

 

ახლახან ჯერაც ერთობ ამაყი,

დამყარებული შენეული სიამაყის ყველა ოჩოფეხს!

ახლახან ჯერაც განდეგილი უღვთოდ შთენილი,

ეშმაკთან ერთად განდეგილი,

ალისფერი პრინცი ყველა ქედმაღლობისა!…

 

ახლა კი –

ორთა არარათა შორის

ღუნვილი,

კითხვის ნიშანი,

გამოღლილი გამოცანა –

გამოცანა მტაცებელი ფრინველებისთვის

– ისინი კი დასტურ “აგხსნიან”,

მათ დასტურ შიათ შენი “ახსნა”,

დასტურ ირგვლივ დაგფრაშფრაშებენ, მათ გამოცანას,

შენ, ჩამომხრჩვალო!…

ო, ზარათუშტრა!…

თავისმცნობელო!

თავისმხრჩობელო!

 

 

ცეცხლნიშანი

 

აქ, ზღვათა შორის აღმოზრდილა სადაც კუნძული,

ანაზდეული სამსხვერპლო ქვა კოშკადქცეული,

აქ ზარათუშტრა შავი ზეცის ქვეშ

აღსაზევებელ თვისივ ცეცხლთ ინთებს, –

ცეცხლნიშნებს სავალ გეზს აცდენილ მეზღვაურთათვის,

კითხვის ნიშნებსვე მათთვის, ვისაც პასუხი უვის…

 

ეს თეთრნაცრისფერმუცლიანი ალი ცეცხლისა

– ცივ შორეთებში იკლაკნება მისი სიხარბე,

ყელს შეიღერებს სულ უფრო წმინდა სიმაღლეთა მიმართულებით –

გველი აწვართულ-ადრეკილი მოუთმინარედ:

ეს ნიშანია, რომ აღვმართე მე ჩემს წინაშე.

 

ჩემივე სული თავად არის ეს ცეცხლის ალი:

გაუმაძღარი სულ ახალი სიშორეებით

ისწრაფვის მაღლა, მაღლა მისი ჩუმი ვარვარი.

რად განელტვოდა ზარათუშტრა მხეცს და კაცთაგანს?

რად განერიდა მეყვსეულად ყველა მიწამყარს?

ის უკვე იცნობს ექვს მარტოობას, –

მაგრამ მას ზღვაც კი არ მიაჩნდა საკმარ-ეულად,

ხოლო კუნძულმა ის აღამაღლა, მთაზე ის ცეცხლის ალად შეიქნა,

ახლა, მეშვიდე მარტოობის მაძიებელი,

ის ნემსკავს ისვრის თვისივ თავზევით.

 

გეზს აცდენილო მეზღვაურებო! ძველთა ვარსკვლავთა მონამსხვრევებო!

მერმისის ზღვებო! ცაო, ჯერაც შეუმეცნებო!

მე ახლა ვისვრი ნემსკავს ყველა მარტოსულისთვის:

პასუხს გასცემდეთ ცეცხლის ალის მოუთმენლობას,

მოკავეთ ჩემთვის, მეთევზისთვის მაღალთა მთათა,

ჩემი, მეშვიდე, მარტოობა უკანასკნელი! – –

 

 

მზე ჩადის

 

1

დიდხანს მწყურვალი არ დარჩები,

დამწვარო გულო!

ჰაერში უკვე აღთქმა ღუის,

მწვდება უცნობ ბაგეთაგან ამონაბერი,

– ახლოვდება დიდი სიგრილე…

 

თავზე მხურვალედ დამდგომოდა შუადღით ჩემი მზე:

სალამი თქვენდა, მოახლებულნო,

თქვენდა, ქარნო ანაზდეულნო,

გრილნო სულნო ნაშუადღევისა!

 

უცხოდ და წმინდად დავალს ჰაერი.

იქნებ მიმზერდეს

ღამე ცერად

მაცდური მზერით?…

მტკიცედ სდექ, ჩემო მამაცო გულო!

არ მკითხო: რატომ? –

 

2

ჩემი სიცოცხლის დღე! –

მზე ეშვება.

უკვე მომდგარა მოოქრული

გლუვი ნაკადი.

კლდე თბილად სუნთქავს:

მასზე ნაჩვევი შუადღის ძილით

შუადღის ჟამს ამოდ თუ ეძინა ბედნიერებას? –

ზურმუხტისფერ ათინათებში

ბედნიერებას ჯერაც სახობს რუხი უფსკრული.

 

ჩემი სიცოცხლის დღე! –

დაისს ერთვის!

წილად მსხვრეული შენი თვალი

უკვე გიზგიზებს,

უკვე ხშირდება შენი ცვარ-ნამის

ცრემლთა კამკამი,

თეთრ ზღვებზე უკვე წყნარად დაქრის

ძოწეული შენი ტრფობისა,

შენი მყოვნები ნეტარება უკანასკნელი.

 

3

მხიარულებავ, ოქროვანო, მოდი!

სიკვდილის

უიდუმლესო, უტკბილესო წინდაწინტკბობავ!

– განა ჩემს სავალს ერთობ სწრაფად ვეშურებოდი?

ახლაღა, როცა ფეხი დაშვრა,

მომწევია შენი მზერა,

მომწევია შენი იღბალი.

 

ირგვლივ მარტოდენ ტალღები და თამაშობაა.

რაც კი ოდესმე მძიმე იყო,

დაუძირავს ლურჯ დავიწყებას –

აწ ჩემი ნავი დამდგარა უქმად.

ქარიშხალს და ზღვაოსნობას – მერე რარიგ ივიწყებს ამას!

უკვე დამხრჩვალა სურვილი და იმედადყოფნა,

სული და ზღვა სუფევს სწორებულ.

 

აჰა, მეშვიდე მარტოობა!

არ განმიცდია

ახლორე ტკბილი სანდოობა,

მზერა მზისა უფრო თბილია.

– ჩემი მწვერვალის არ გიზგიზებს ჯერაც ყინული?

ვერცხლოვანი, მსუბუქი, თევზი –

ჩემი კარაპა – აწ განცურდება.

 

 

არიადნეს მოთქმა

 

ვინ გამათბოს, კვლავაც ვინ მყვარობს?

ცხელი ხელები მომაგებეთ!

მომაგებეთ გულის-სახმილი!

წარცემული, დაზაფრული,

იმ ცოცხალმკვდარს დამსგავსებული, ფერხთ რომ უთბობენ,

მოძაგძაგე, ოჰ!, უცნობი ხურვებებით,

მოცახცახე მწვეტი სუსხის ყინულოვან ისართ წინაშე,

აზრო, შენგან ნანადირევი!

უთქმადო! შემობურვილო და თავზარდამცემო!

შენ, მონადირევ ღრუბელთმიღმურო!

შენგან ნამეხარწამხობილი,

შენგან, თვალო დამცინავო, ბნელით რომ მიმზერ!

ამგვარად ვწევარ,

მოვგრეხილვარ, დავგრეხილვარ, წამებული

მარადისი ყველა წამებით,

დაკრული

შენგან, მონადირევ უსასტიკესო,

უცნობო – ღმერთო

 

უფრო ღრმად ჩამეც!

ერთხელაც ჩამეც!

განმსჭვალე, შენ ეს გული განმსჭვალე!

ჩემი წამება

წვერობლაგვი ისრებით – რისად?

რად იმზერ კვლავაც,

კაცთა-ტანჯვით დაუღალავო,

ავითგანმცხრომი ღვთაებრივი-ელვა-თვალებით?

მოკვლა კი არ გსურს,

წამება და მხოლოდ წამება?

არადა რისთვის – ჩემი წამება,

ავითგანმცხრომო უცნობო ღმერთო?

 

ჰაჰა!

ასეთი შუაღამისას

მოიპარები?…

რა გნებავს?

მითხარ!

მამჭიდროვებ, შემომსალტვიხარ,

ჰა! უკვე ერთობ ახლოს მოსულხარ,

ჩემს სუნთქვას ისმენ,

ჩემს გულს უსმენ,

ეჭვიანო!

– მაინც რა გაქვს საეჭვიანო?

თავიდან მომწყდი!

რისთვის – ეგ კიბე?

გსურს შიგნით,

გულში, შეაღწიო?

უიდუმალეს

ჩემს ფიქრებში შეაღწიო?

უტიფარო! უცნობო! ქურდო!

 

რა გსურს შენთვის გამომტაცო?

რა გსურს შენთვის გამომსმინო?

რა გსურს შენთვის გამომგვამო,

შენ, მგვემელო,

ჯალათო-ღმერთო!

ან, იქნებ, ჯერ არს, როგორც ძაღლმა,

შენს წინაშე ვიხოხიალო?

თავი მოგიძღვნა, შთაგონებით დავკარგო თავი

შენდამი ტრფობით – და გელაქუცო?

 

ფუჭად დამშვრალხარ!

განაგრძე ჩხვლეტა!

შენ, ნესტარო უსასტიკესო!

მე არ ვარ ძაღლი, ოდენ – შენგან ნანადირევი,

მონადირევ უსასტიკესო!

უამაყესი ტყვედქმნილი შენი,

შენ, მძარცველო ღრუბელთმიღმურო…

ხმა ამოიღე ბოლოს და ბოლოს!

ხმა ამოიღე! შესუდრულო ელვით! უცნობო!

რა გსურს, შარაგზის ყაჩაღო, ჩემ-გან?…

 

რა მომეყურა?

გამოსასყიდი?

და რას ინებებ გამოსასყიდად?

ბევრს მოითხოვდე – გირჩევს ჩემი სიამაყე!

მოკლედ იტყოდე – გირჩევს ჩემი სხვა სიამაყე!

ჰაჰა!

მე – გსურვარ? მე?

მე – სრულიად?…

 

ჰაჰა!

და, ბრიყვი რომ ხარ, მაწამებ,

ჩემს სიამაყეს მიდმოაწამებ?

სიყვარული მომაგებე – კვლავ ვინ გამათბოს?

კვლავაც ვინ მყვარობს?

ცხელი ხელები მომაგებე!

მომაგებე გულის-სახმილი!

მომეგებოდე, უმარტოესს,

ყინულისგან, ოჰ!, შვიდჯერადი ყინულისგან

რომ ესწავლება თვისივ მტერთა,

სწორედ მტერთა მონატრება,

მომეგებოდე, დიახაც რომ, მომეღებოდე,

უსასტიკესო მტერო,

მე – შენვე!

 

განვედ!

აქ იგი თავად განილტვა,

ერთადერთი ჩემი მოყვასი,

იგივ ჩემი დიდი მტერი,

ჩემი უცნობი,

იგივ ჩემი ჯალათი-ღმერთი!…

 

არა!

დაბრუნდი!

შენმიერი ყველა წამებით!

თითოეული ჩემი ცრემლი

შენსკენ სავალს დაშურებია

და ჩემი გულის ბოლო ცეცხლი

შენსკენ ალდება.

ო, დამიბრუნდი,

შენ, უცნობო ჩემო ღმერთო! ჩემო ტკივილო!

ჩემო ბოლო ბედნიერებავ!…

 

ელვა.

გამოჩნდება დიონისე ზურმუხტისფერი მშვენიერებით.

 

დიონისე:

არიადნე, მოუხმობდე გონიერებას!

შენ პატარა ყურები გაქვს, შენ ჩემივე ყურები გაქვს:

გონიერი სიტყვით შემსჭვალე! –

ჯერ თვისივ თავის შეძულება არ მართებთ განა, თუ ჯერარს თვისივ თავი უყვარდეთ?…

მე ვარ შენი ლაბირინთი

 

 

დიდება და მარადისობა

 

1

რა ხანს კრუხობდი

შენს ბედკრულობას?

გაფრთხილდი! შენ მე გამომიჩეკავ კიდევ

ერთ კვერცხს,

ბასილისკოს კვერცხს

შენი ხანგრძლივი მწუხარებიდან.

 

ზარათუშტრა მთის გასწვრივ რატომ მიფეხაკრეფობს?

 

მიუნდობელი, მოწყლული, ქუში,

დიდხანს მზვერავი –,

თუმც, უცებ, ელვა,

ნათელი და საზარელი,

უფსკრულიდან ცისკენ ნამეხი:

– მიმორყეულა თვით მთის

წიაღი…

 

სად სიძულვილი და ელვის სხივი

ერთიქმნა, კრულვად –,

მთებზე ამჟამად ზარათუშტრას რისხვა ბინადრობს,

საავდრო ღრუბლად ფეხაკრეფობს ის თავის სავალს.

 

შეიმალვოდეს, საფარველი ვისაც უვის უკანასკნელი!

აბა, იჩქარეთ საწოლისკენ, ნებიერებო!

დაგრუხუნებენ აწ თაღებზე ჭექა-ქუხილნი,

აწ ძაგძაგებენ, რაც ბურჯი და ძელფენილია,

ელვანი და გოგირდისფერ-ყვითელნი ჭეშმარიტებანი აწ შეიძრვიან –

ზარათუშტრა კრულვასიტყვაობს…

 

2

ამ მონეტას, რომლითაც

მთელი ქვეყნიერება გადახდილია,

დიდებას –,

აი, ამ მონეტას მე ვეხები ხელთათმანებით

და ჩემივე ქვეშ მას ზიზღით ვქელავ.

 

ვის სურს, რომ იყოს გადახდილი?

გაყიდვადებს სურთ…

ვინც გასაყიდად გამოდგმულა, წაეტანება

ქონიანი ხელებით იგი

ამ სრულიადქვეყნიერების-თუნუქადმოჟღარუნე დიდებას!

 

მათი ყიდვა გსურს?

ყველა მათგანი გაყიდვადია.

მაგრამ ბევრი შესთავაზე!

სავსე ქისა ააჟღარუნე!

– თორემ შენ მათ გააძლიერებ,

თორემ შენ მათ სათნოებას გააძლიერებ…

 

სათნოა ყველა იმათგანი.

დიდება და სათნოება – ერთმანეთის ალიკვალია.

ვიდრე სულდგმულობს ქვეყნიერება,

მისგან დიდების რაკა-რუკით

გადაიხდება სათნოების რატა-რუტი –,

ამ ხმაურით სული უდგას ქვეყნიერებას…

 

მსურს, ყველა სათნოს

მოვალე ვიყო,

ყველაზე უფრო დიდი ვალით მოვალე მერქვას!

თითოეული დიდებით-მჟღერი-მსაჯულის თვალწინ

მატლად იქცევა ჩემი პატივმოყვარეობა –,

ამგვართა შორის

უმდაბლესად ყოფნა მწადია…

 

ამ მონეტას, რომლითაც

მთელი ქვეყნიერება გადახდილია,

დიდებას –,

აი, ამ მონეტას მე ვეხები ხელთათმანებით

და ჩემივე ქვეშ მას ზიზღით ვქელავ.

 

3

ჩუმად!

მაღალთა საგანთაგან – მე ვუმზერ მაღალს! –

ჯერარს დუმილი

თუ – მაღალი მეტყველება:

მოხიბლულო ჩემო სიბრძნევ, იტყოდე მაღალს!

 

მზერას აღვაპყრობ –

მიდმოძრულან იქ ნათლის ზღვანი:

ო, ღამე, ო, დუმილი, ო, ხმაური სამარისებრი!…

მე ვუმზერ ნიშანს –,

უშორესთა შორეთთაგან

თანავარსკვლავედი ნება-ნება მოკაშკაშედ ეშვება ჩემსკენ…

 

4

უმაღლესო მნათობო ყოფნის!

მარადიულ ნაკვეთთა დაფავ!

შენ ჩემსკენ მოხვალ? –

რაც არავის მოუხილავს,

შენი უტყვი მშვენიერება –

როგორ? ჩემეულ მზერათაგან ის არ განილტვის? –

 

შენ, ფარო გარდუვალობისა!

მარადიულ ნაკვეთთა დაფავ!

– მაგრამ ხომ უწყი:

რაც ყველას სძულს,

რაც მხოლოდ მე შემყვარებია:

– რომ ეს შენ ხარ მარადიული!

რომ ეს შენ ხარ გარდაუვალი! –

ენთება ჩემი სიყვარული

მარად მხოლოდ გარდუვალობით.

 

შენ, ფარო გარდუვალობისა!

უმაღლესო მნათობო ყოფნის!

– რომელსაც ვერცრა ნატვრა მისწვდება!

– რომელსაც ვერცრა არა შებღალავს,

სამარადისო ჰო ყოფნისა,

შენი ჰო ვარ სამარადისოდ:

რადგან მიყვარხარ მე შენ, ჰოი, მარადისობავ! – –

 

 

უმდიდრესის სიღარიბისთვის

 

ათი წელი გაილია –,

რაც ჩემამდე წვეთსაც კი არ მოუღწევია,

არც ნოტიო ქარს, არც ტრფობის ნამს

უწვიმო მიწა

აწ ვთხოვ ჩემს სიბრძნეს,

ამ გვალვაში არ გახდეს ძუნწი:

გადმოიღვარე თვითვე, თვითვე მოიღე ნამი,

გადაყვითლებულ ველურ ალაგთ თვით ექეც წვიმად!

 

მომხდარა ერთ დროს, რომ ღრუბლები

გამირეკავს ჩემი მთებიდან, –

ასე ვიტყოდი ერთ დროს: „მეტი სინათლე, ბნელნო!“

დღეს მათვე ვიმხრობ მოსაახლებლად:

სიბნელე ჰქმენით ჩემს გარშემო თქვენი ცურებით!

– თქვენ, ძროხანო სიმაღლეთა,

მსურს, ჩამოგწველოთ!

რძეთბილ სიბრძნეს, ტრფობის ტკბილ ნამს

მოვაღვრი მიწას.

 

შორს ჩემგან, ჭეშმარიტებანო,

მრუმედ მზირალნო!

არ მსურს ჩემს მთებზე

ვიხილო ჭეშმარიტებანი მწკლარტენი და მოუთმენარნი.

მე დღეს ახლოდ მიჩს ჭეშმარიტება

ღიმილით მოოქროვებული,

მზით დამტკბარი, სიყვარულით ნამზეური, –

ხიდან მოვწყვეტ მხოლოდ მწიფე ჭეშმარიტებას.

 

მე დღეს ხელს ვიწვდი

შემთხვევითობის კულულებისკენ,

საკმარისად გონიერი, შემთხვევითობა

ბალღივით რომ გავიყოლო, თვით გავაცურო.

მე დღეს მსურს, ვიყო სტუმართმოყვარე

არსანდომის წილ,

მსურს, თვით ბედის წილ არ ვიყო მჩხვლეტი,

– ზარათუშტრა ზღარბი არ არის.

 

ჩემმა სულმა,

თვისი ენით გაუმაძღარმა,

ყველა კარგს და ავს გაუსინჯა მან უკვე გემო,

მას ჩაუყვინთავს ყველა სიღრმეში.

მაგრამ ის მიწყივ, მსგავსად კორპისა,

კვლავ ზედაპირზე დაცურავს მიწყივ,

მურა ზღვებზე ის ზეთივით მიმოლიცლიცებს:

მე ბედსვიანს მიწოდებენ ამ სულის გამო.

 

ვინ მეგულვიან მამად და დედად?

განა არ არის მამაჩემი პრინცი სიუხვე

და დედაჩემი – ჩუმი სიცილი?

განა ამ ორთა საქორწილო კავშირმა არ მშვა

მე – ნადირი-გამოცანა,

მე – ურჩხული-ნათლიერი,

მე – ზარათუშტრა, გამფლანგველი ყოველი სიბრძნის?

 

დღეს სინაზით დასენილი,

სიო ლეღისა,

ზის ზარათუშტრა მომლოდინე, მომლოდინე თვისივე მთებში, –

თვისივ წვენში

დამტკბარი და დადუღებული,

ფერხთით თვისივ მწვერვალისა,

ფერხთით თვისივ ყინულისა,

დაღლილ-ნეტარი,

თვისივ, მეშვიდე, დღეს – შემოქმედი.

 

– ჩუმად!

მიმოვალს ჩემს თავზემოთ ჭეშმარიტება

მსგავსად ღრუბლისა, –

უხილავი ელვებით მმსჭვალავს.

განიერი ნელიადი კიბეებით

დაეშვება ჩემსკენ მისი ბედნიერება:

მოდი, მოდი, შენატრფობო ჭეშმარიტებავ!

 

– ჩუმად!

ჰა, ჩემი ჭაშმარიტება! –

მოორჭოფე თვალებიდან,

ხავერდოვანი ძაგძაგიდან

დამსობია მისი მზერა,

ეშხიანი, ბრაზიანი, ქალწულის მზერა…

მან საფუძველი გამოიცნო სწორედ ჩემი ბედნიერების,

მე გამომიცნო – ოჰ! ის ახლა რას განიზრახავს? –

მისი უმწიკვლო მზერის უფსკრულში

გველეშაპი მეწამულად ჩასაფრებულა.

 

– ჩუმად! მეტყველებს ახლა ჩემი ჭეშმარიტება! –

 

ვაი შენს თავს, ზარათუშტრა!

 

იმას ჰგავხარ,

ვისაც ოქრო გადაუყლაპავს:

დრო მოვა, მუცელს გამოგფატრავენ!…

 

შენ ხომ ერთობ მდიდარი ხარ,

ბევრთა წამხდენო!

ერთობ ბევრს აქცევ შენ მოშურნედ,

შენ ღარიბად ერთობ ბევრს აქცევ…

თავად მე მჩრდილავს შენი ნათელი –,

მამცივნებს: განვედ ჩემგან, მდიდარო,

ზარათუშტრა, განშორდი შენს მზეს!…

 

შენ ჩუქებას, განჩუქებას ინებებდი შენი სიუხვის,

მაგრამ თავადვე უხვი ხარ ერთობ!

გონიერებას უხმე, მდიდარო!

ჯერ შენივ თავი განაჩუქე, ო, ზარათუშტრა!

ათი წელი გაილია –,

და შენამდე წვეთსაც კი არ მოუღწევია?

არც ნოტიო ქარს? და არც ტრფობის ნამს?

მაგრამ ვის ჰხამდა ჰყვარებოდი,

შენ, უმდიდრესო?

ბედსვიანობა შენი შეიქმს ირგვლივ სიმშრალეს,

სიყვარულის სიმწირეს შეიქმს

უწვიმო მიწას…

 

აღარც ვინ გმადლობს.

შენ კი მადლობ თითოეულს,

ვინც იღებს შენგან:

ამით გცნობ მე შენ,

შენ, უმდიდრესო,

შენ, ყოველთა მდიდართაგან უღარიბესო!

 

შენ მსხვერპლად სწირავ შენივე თავს, შენ შენივე სიმდიდრე გტანჯავს –,

შენივ თავს გასცემ,

არ ზოგავ შენს თავს, შენ არ გიყვარს შენივე თავი:

დიდი ტანჯვა გაიძულებს ნებისმიერ ჟამს,

ტანჯვა ბეღელთა ჭარბსავსეთა, ჭარბსავსე გულის –

მაგრამ უკვე არავინ გმადლობს…

 

მეტად ღარიბი უნდა გახდე,

ბრძენო არბრძენო!,

თუ გსურს, უყვარდეთ.

მხოლოდ ურვილი შეყვარებიათ,

სიყვარულს მხოლოდ მოშიმშილეს უზიარებენ:

ჯერ შენი თავი განაჩუქე, ო, ზარათუშტრა!

 

– მე ვარ შენი ჭეშმარიტება…

 

 

ეპიგრაფი

“იზოლინეს” მგოსანი – ფრანგი პოეტი, რომანისტი, დრამატურგი და ლიბრეტისტი კატიულ მენდესი (1841-1909). “იზოლინე” არის 1888 წელს დაწერილი მისი ლიბრეტო ანდრე მესაჟეს ამავე სახელწოდების ოპერისთვის.

 

უკანასკნელი ნება

* ელვებს და ჭვირებს – დედანშია Blitze und Blicke. რაკი Blick-ის ერთ-ერთი, აქ კონტექსტუალურად უფრო გამართლებული, მნიშვნელობაა „მზის სხივი“, ამიტომ მივმართე რუსთაველის „ჭვირს“ (რამეში გამოტანებული სხივი).

 

მზე ჩადის

* ჰაერში უკვე აღთქმა ღუის – (დედანშია:Verheißung ist in der Luft ანუ აღთქმა ჰგიეს ჰაერში, მაგრამ ბუკვალურ თარგმანში დაიკარგებოდა Verheißung-ში პარანომაზიულად კოდირებული heiß ანუ „მხურვალე“). „ღუის“ იგივეა, რაც „გამოსჩანს“, „გამოსჭვივის“, ანუ დიახაც – ჰგიეს; მეტიც, სწორედ Verheißung-ით გათამაშებული ნიცშეს სათქმელის და სულისკვეთების გამომთქმელია: დრო დამწიფდა, შეივსო, სიგრილე სიმხურვალეს უბრალოდ კი არ უნდა მოენაცვლოს ან ჩაენაცვლოს, არამედ მისგან უნდა იშვას და მისგანვე გამომზეურდეს. იხ. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ამ ზმნის საილუსტრაციო ნიმუშები: „მზე წითლად-ყვითლად… ღუოდა მთის წვერისკენ გადახრილი“ (ილია) და „ყურძენი დამწიფებულა, დახე, როგორ წითლად ღუის!“ (რ. ერისთ.), ასევე დიალექტური „წითლად ღუილი ფურნისა“.

* ახლორე – ანუ „ახლოს, მეტად ახლოს“ (ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი, თბილისი, საქ. საპატრიარქოს გამომცემლობა, 2008).

 

არიადნეს მოთქმა

* მომეგებოდე (…) მომეღებოდე – მე-6 სტროფის მე-8 სტრიქონში მხოლობითში უკვე მეოთხედ გამეორებული gib-ის მერე (რაც, თავის მხრივ, პირველი სტროფის მე-2 და მე-3 სტრიქონებში სამიზნე ჯგუფის მიმართ წარმოთქმული მრავლობითი gebt-ის კონტრარული და დიონისესადმი დრამატული კვანძის გამხსნელი მიმართვაა), მე-12 სტრიქონის – gib, ja ergib, – ქართულად თარგმნა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, თუ ზმნა geben-ისა და, მით უმეტეს, მისგან ნაწარმოები ergeben-ის არა მხოლოდ უდანაკარგოდ გათამაშებას მოვინდომებთ, არამედ მე-14 სტრიქონისეული dich-ის გადარჩენასაც ჩავიფიქრებთ და „შენს თავს“-ზე უარს ვიტყვით. ergeben-ში რამდენიმე არსებითი კოდი იყრის თავს და ყველა მათგანი ნიცშეს ამ ლექსის საკვანძო კონცეპტთან არის დაკავშირებული, კერძოდ – გამოვლენა, ჩვენება, გამომდინარეობა, დამორჩილება, დანებება, თავის სრულად მიძღვნა.   ძველქართული „ღება“, სხვა სიტყვებთან შედარებით, საუკეთესოდ ინარჩუნებს ergeben-ის მნიშვნელობების დიდ ნაწილს მაშინ, როცა შესანარჩუნებელი მნიშვნელობების და კონოტაციების ამ მძიმე ტვირთს „მომეგებოდე“ ინაწილებს.

* ერთადერთი ჩემი მოყვასი – mein einziger Genoß – ქართულ „ამხანაგს“, რომელიც ეტიმოლოგიურად „ხანაგა“-ს ანუ „ობლების საკრებულო სახლს“ (საბა) და იქ თავმოყრილ თანა-ობლების ერთობას უკავშირდება, თითქმის არაფერი აქვს საერთო გერმანულ „Genoß“-თან, რომელიც ძმები გრიმების ლექსიკონში „wertvolles und lehrreiches altes wort“-ად იწოდება და რომლის ისტორიულ-ექსისტენციალურ თავგადასავალსაც გრიმები განსაკუთრებული ტკბობით აღწერენ (აქვე შევნიშნავთ, რომ ამ ლექსიკონისგან მოწყვეტით ნიცშეს პოეტური თუ პროზაული ტექსტების თარგმნა ნებისმიერ მთარგმნელს უპირობო წარუმატებლობას ჰპირდება). ეს სიტყვა, თავისი უმდიდრესი სინქრონულ-დიაქრონული კონოტაციებით, შინაარსობრივად სწორედ „მოყვასს“ შეესატყვისება.

 

დიდება და მარადისობა

* ბასილისკოს კვერცხს გამომიჩეკავ – იხ. ესაია 59:5: „ასპიტის კვერცხებს ჩეკავენ და ობობას აბლაბუდას ქსოვენ; მათი კვერცხების მჭამელი კვდება და, თუ გატყდა, უნასი იჩეკება“. ლუთერის ბიბლიაში არის არა Natter, არამედ – ბასილისკო: „brüten Basilisken eyer / vnd wircken Spinneweb“ (1540 წლის გამოცემა). ბასილისკოს, სწორედ იმის გამო, რომ ის „თვალით მაკვდინებელი მხეცია“ (საბა), ტექსტის გასაგებად არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე – წმინდა წერილთან ამ და სხვა უამრავი პასაჟის დიალოგს.

* თუმც უცებ, ელვა, / ნათელი და საზარელი, / უფსკრულიდან ცისკენ ნამეხი – aber plötzlich, ein Blitz, / hell, furchtbar, ein Schlag – რა თქმა უნდა, Blitz (ელვა)-ისა და Schlag (დარტყმა, ქუხილი, ჭექა)-ის დაწყვილება შემთხვევითი არ არის, მათი გაერთიანებით Blitzschlag („მეხი“) მიიღება, აქედან – ჩვენი „ელვა“ და „ნამეხი“ (და არა „ნაქუხი“ ან „ნაჭექი“).

* ელვის სხივი  – Blitzstrahl – ეს სიტყვა, გრიმების ლექსიკონზე დაყრდნობით, შეიძლებოდა თარგმნილიყო, როგორც „ელვის ისარი“, მაგრამ, ჯერ ერთი, „ისარი“ (Pfeil) დითირამბების ციკლში სამჯერ არის ნახსენები და სამჯერვე – ურთიერთგანსხვავებული მეტაფორული დატვირთვით, მეორეც, „სხივი“ ნიცშესთან კონცეპტუალიზებული სიტყვაა, რომელიც კონოტაციების მთელ ბადეს ქსოვს.

* რომელსაც ვერცრა ნატვრა მისწვდება – დედანშია Wunsch (სურვილი, სურვება) და არა “ნატვრა”, მაგრამ კონტექსტუალურად „ნატვრა“ და „სურვილი“ აქ ერთმანეთს ემთხვევა. საქმე ის არის, რომ ერთმანეთისგან როგორმე უნდა გამემიჯნა „სურვილი“, როგორც ამ კონკრეტულ კონტექსტში „ნატვრა-ოცნების“ იდენტური „Wunsch“  და „სურვილი“, როგორც „wollen“ ( „ნდომა“, „ნებება“), რომლითაც დატვირთულია ლექსის მეორე თავი და რომელიც ნიცშეს ფილოსოფიაში მისი მასწავლებლის, შოპენჰაუერის, ფილოსოფიიდან გადმოსული ცენტრალური კონცეპტია. მართალია, „Wille“ (ნება) ქართულად „ნებად“ უნდა ითარგმნოს, მაგრამ არავითარი აუცილებლობა არ არსებობს, რომ wollen ყოველთვის ითარგმნოს, როგორც „ნდომა“ და „ნებება“. ნიცშეს ფილოსოფიურ პროზაშიც და პოეზიაშიც ხშირად კონტექსტუალურად უდანაკარგოდ ხერხდება „ნების“ ჩანაცვლება „სურვილით“. ამიტომ ვთარგმნეთ მე-2 თავის მე-2 სტროფის პირველი სტრიქონი „Wer will bezahlt sein?“ როგორც – „ვის სურს, რომ იყოს გადახდილი?“, მე-2 თავის მე-3 სტროფის პირველი სტრიქონი „Willst du sie kaufen?“ როგორც – „მათი ყიდვა გსურს?“ და ამავე თავის მე-5 სტროფის მე-2 სტრიქონი „will ich schuldig sein“ როგორც – „მსურს (…) მოვალე ვიყო“.

© არილი

Facebook Comments Box