ახალი ამბები,  ინტერვიუ,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლექცია

“ქალაქი, როგორც სიმბოლო” ლიტერატურული ფესტივალის მონაწილე ავტორების თვალთახედვიდან

თეკლა არჩვაძე

2021 წლის ოქტომბერში თბილისში მეექვსე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართა, რომლის მთავარი თემაც ამერიკელი პოეტისა და აქტივისტის, ლორენს ფერლინგეტის შემოქმედება და მისი ფრაზა – „ქალაქი, როგორც სიმბოლო“ იყო. ფერლინგეტი შარშან, 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერალთა სახლის ორგანიზატორობით დასკვნითი ღონისძიება სწორედ მისი ლექსებისა და თარგმანების საჯარო კითხვას და ფილმის ჩვენებას დაეთმო. პროგრამის ფარგლებში საავტორო შეხვედრების, ლიტერატურული საუბრების, პოეზიის საღამოებისა თუ  წარმოდგენის გარდა, შედგა აგრეთვე დისკუსიები სამი ქალაქის (თბილისის, გორისა და ქუთაისის) და მათთან ასოცირებული სიმბოლოების შესახებ. დისკუსიებში მონაწილეობა ქართველმა ავტორებმა: დათო ქარდავამ, აბო იაშაღაშვილმა (თბილისი), ირმა ტაველიძემ, ლელა სამნიაშვილმა (გორი), ერეკლე დეისაძემ და გიორგი ხასაიამ (ქუთაისი) მიიღეს.

ქალაქებსა და მათ სიმბოლოებზე, ფესტივალთან დაკავშირებულ შთაბეჭდილებებსა თუ სხვა საკითხებზე არილმა კითხვები დათო ქარდავასა (ჯიმშერ რეხვიაშვილი) და ირმა ტაველიძეს, აგრეთვე,  ვენაში მცხოვრებ სუდანელ პოეტს, ტარიკ ელ-ტაიბს დაუსვა.

არილი: ფესტივალზე თქვით, რომ ქალაქზე, როგორც სიმბოლოზე, საუბრისას პირველი შოთა ჩანტლაძის შედარება გახსენდებათ – ქალაქი წიგნია. როგორი წიგნია თბილისი თქვენთვის?

დათო ქარდავა (ჯიმშერ რეხვიაშვილი): თბილისი ძველი წიგნია, რომლის მსგავსი ბუკინისტებში თუ შეგხვდება, თანაც შეგვხდება შემთხვევით, მოულოდნელად, არა ძვირებში, საყოველთაოდ ცნობილ და აღიარებულ ავტორებში, ათი,  ოცი და მეტი ლარი რომ ღირს, არავის რომ არ წაუკითხავს და კარგ მდგომარეობაში რომ არის,  არამედ 0,5, 1 ან 2 ლარიანებში, დაუფასებლებში, ფაქტობრივად გაუსაღებელ მაკულატურაში, მაგრამ ხელის შევლებისას გულს რომ გადაგიქანებს, „ამას აქ რა უნდა! აქ როგორ მოხვდაო“, რომ გაფიქრებინებს. ეს წიგნი ფიზიკურად დაზიანებულია, გახუნებული ფურცლები და გაცვეთილი ყდა აქვს, წებო გამხმარია, ძაფებიც უჩანს, ცოტაც და ყუა მოძვრება, ერთი-ორი ფურცელი ამოვარდნილია, რამდენიმე აკლია, მაგრამ ეს ყველაფერი არაფერია წიგნის სიძველესთან და შინაარსთან შედარებით. ერთი სული გაქვს როდის გადაშლი და შეაბიჯებ მის სამყაროში. ეს წიგნი, ცხადია, რომანია, რომელსაც ბევრი პერსონაჟი ჰყავს, მაგრამ ყველა პერსონაჟი პირველ პირში გვიყვება თავის ამბავს, თავისივე განუმეორებული ენით, თუმცა თხრობა არათანაბარია: გენიალურად დაწერილ თავებს მაზალო, „შაურიანი ლიტერატურა“ ენეცვლება, გამოგონილ ამბებს – დოკუმენტური პროზა, თქმულებებს – სტატისტიკური ცხრილები, ისტორიულ ამბებს – ძველი საგაზეთო ქრონიკებს, დეტექტივებს – აშუღური პოეზია და ა.შ. –  მოკლედ, დიდი ჟანრობრივი სიჭრელეა ამ წიგნში, მაგრამ რაღაც ჯადოქრობით, სწორედ ეს ნაკლი განაპირობებს ამ წიგნის მთავარ ღირსებასა თუ ჯადაქრობას, რომელიც  არაერთხელ დაგაბრუნებს და წაგაკითხებს თავს, არადა იმავე ბუკნისტებში, წიგნის მაღაზიებსა თუ შენს თაორებზე იმდენი წიგნი გელოდება, ისეთი მრავალფეროვანი არჩევანი გაქვს… მთავარი ამბავიც ესაა, რომ თბილისს კითხელობენ, რომ მკითხველი არ ელევა ამ ქალაქს უზარმაზარი კონკურენციის თუ არჩევნის მიუხედავად. შეიძლება სხვა „წიგნები“ უფრო ოსტატურად არის დაწერილი, კომპოზიცია და სტრუქტურაც უფრო სრულყოფილი აქვთ, მაგრამ „თბილისი“ უნიკალურია თავისი მრავალფეროვანი, მიმზიდველი და ჯერაც ცოცხალი ტექსტურით. ტარიელ ჭანტურიას აქვს ერთი ასეთი ჩანაწერი კულინარიულ და ლიტერატურულ შედევრებზე, რომლებიც ყველა საჭირო ვიტამინს, ფერმენტს, ცილას, ნახშირწყლებსა და ცხიმებს შეიცავენ, მაგრამ მათი მონელება ადამიანის ორგანიზმის შესაძლებლობებს აღემატება. „ვის რად უნდა ამნაირი კერძი!“ – ამბობს მწერალი, – „ასეთი კერძისნაირი წიგნიც აქვს კაცობრიობას დაწერილი რამდენიმე! ამ „კერძებს“ აქებს ყველა, „ჭამით“ კი თითქმის არავინ „ჭამს“. მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა, რომ „თბილისი“ შესაძლოა არ არის იდეალურად დაწერილი წიგნი, მაგრამ მასზე ნამდვილად ვერავინ იტყვის, ვის რად უნდა ამნაირი წიგნიო.

არილი: რატომაა საჭირო, რომ ქალაქი აისახოს ტექსტში?

დათო ქარდავა (ჯიმშერ რეხვიაშვილი): დღეს, როცა ასე იოლი გახდა ფოტოსა და ვიდეოს გადაღება, დამუშავება და მიწოდება, ბევრს, ჩემი აზრით, შეცდომით ჰგონია, რომ ფოტო და ვიდეო ქალაქის ასახვის (დროისა და სივრცის დაფიქსირების) ყველაზე საუკეთესო საშუალებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტექსტებში ქალაქების ასახვის ტრადიცია უძველესია და ლამის თვად ქალაქური ცივილაზაციის ტოლია. მწერალი კამერაზე მეტს ხედავს, რადგან მწერლის მზერა ფასადებს მიღმაც აღწევს, რადგან მწერლის თვალსა და ყურს არც ყოფითი ცხოვრების ძნელადმოსახელთებელი ამბები თუ რთული ურთიერთობები გამორჩება, რაც ასევე ქალაქური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ არაფერი ვთქვათ მწერლის მიერ დაფიქსირებულ დროზე, რომელიც ბევრად უფრო დიდ ინტერვალს მოიცავს, ვიდრე ფოტოზე გაყინული წამი ან კინოფირზე გადატანილი წუთები. XIX საუკუნის და უფრო ადრეული პერიოდის ჩანაწერები და წიგნები იქით იყოს თავის ევლია ჩელებით, ჟან შარდენით, ვასილ გაგარათი, აუგუსტ ჰაქსტჰაუზენით, ალექსანდრე დიუმათი და სხვებით. თვალსაჩინო სხვაობის აღმოსაჩენდად, წავიკითხოთ ვახტანგ ბერიძის, მიხეილ ჭაბაშვილის, არჩილ სულაკაურის, აღასი აივაზიანის, დემნა შენგელაიას, ვასილ ბარნოვის, გრიშაშვილის ადა კარაპეტ გრიგორიანცის და სხვათა მიერ აღწერილი თბილისი. განა „რუსულ დღიურში““ ჯონ სტაინბეკის მიერ აღწერილი თბილისი რამით ჩამოუვარდება გეიალურ რობერტ კაპას მიერ ფოტოფირზე ასახულ თბილისს? ჩვენ ყველას გვინახავს მადათოვის კუნძულის პანორამული ფოტო, მაგრამ ამ ფოტოდან მიღებული ინფორმაცია ან ემოცია ოდნავ მაინც შეედრებაა გამქრალი კუნძულის ისეთ აღწერას, როგორსაც კ. ლორთქიფანიძის „ორთაჭალელ მეთევზეებში“ ვხვდებით? „დახევებული, მრავალ ადგილას დახრამული კუნძული მჭიდროდ იყო დასახლებული. ტალახიანი, ვიწრო ქუჩები, ერთმანეთზე უთავბოლოდ მიყრილი ქოხმახები, დუქნები, სახელოსნოები… რა გვარისა და ჯილაგის ხალხი არ ცხოვრობდა მადათოვის კუნძულზე. ყველა გიჟი და ოხერი აქ ეძებდა თავშესაფარს, აქეთკენ მორბოდა ყველა „უბაშფორთო“ და უსახლკარო, ნაკაცარი და ბედის მაძიებელი, რადგან ეს კუნძული ყველას აჭმევდა პურს: ამ კუნძულს ყველანაირი ხელობის კაცი სჭირდებოდა: მეკურტნე მუშაც და ქურდის ხელის დამცლელიც…“

დათო ქარდავასთან ერთად ქალაქის ტექსტში ასახვის მნიშვნელობაზე ფიქრის, თბილისის, როგორც წიგნის, ფურცლებსა თუ მის ძალიან ღრმა, ბევრისათვის აქამდე უცნობ ფენებში მოგზაურობის შემდეგ საინტერესოდ მივიჩნიეთ უცხო თვალით აღქმული თბილისის და ამ ქალაქთან დაკავშირებული პირველი შთაბეჭდილებების გაცნობაც, რაშიც სუდანელი პოეტი, ტარიკ ელ-ტაიბი დაგვეხმარა.

ტარიკ ელ-ტაიბი: ჩემი ცხოვრების თავგადასავალიდან გამომდინარე, ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი. კაიროში საუკუნის მეოთხედი დავყავი და ვენასა თუ ჩრდილოეთ ავსტრიაში კიდევ უფრო მეტი. გრძელი, შემოქმედებითი პერიოდი გავატარე ამერიკაშიც, სადაც მსოფლიოში იმ პერიოდისათვის ყველაზე ცნობილ ლიტერატურულ პროგრამაში, IWP-ში (Internation Writing House) მივიღე მონაწილეობა. ფესტივალები, ფორუმები, კონფერენციები – ყველა მათგანს თუ მოვითვლით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ორმოცდაათზე მეტი ქალაქი დაგროვდება. თითოეული მათგანი თავისებურად გამორჩეული და კონკრეტულ სიმბოლოსთან გადაჯაჭვულია.

საქართველოში პირველად ვიყავი – მეექვსე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილე გავხდი და ჩემი პირველი შთაბეჭდილებებიც არაჩვეულებრივია. თბილისში რომ ჩამოვედი, ერთადერთი, რაც ვისურვე, კიდევ უფრო დიდხანს დარჩენა იყო. მწერალთა სახლის საოცარი მდებარეობა, პროგრამა, დახვედრა და ქართველი თუ სხვა, უცხოელი მწერლების გაცნობა განსაკუთრებული პროცესი აღმოჩნდა. ძალიან მომეწონა მასპინძლების დამოკიდებულება ავტორებისადმი და ის, თუ როგორ წარუდგენენ მათ საზოგადოებას. და მაინც, უპირველესი სიმბოლო, რომელიც თბილისის ხსენებისას მიტივტივდება, ანტიკურობაა. თქვენი ქალაქი ევროპის ანტიკური ოაზისია!

თბილისის მეექვსე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში ტარიკ ელ-ტაიბმა მოდერატორ და მთარგმნელ გიორგი ლობჟანიძესთან ერთად პოეზიის საღამო წაიყვანა, სადაც საზოგადოებას თანამედროვე არაბული ლიტერატურის ნაწილი და მისი პოეზიის კრებული „არ არის ცოდვა“ წარუდგინა. ელ-ტაიბი ავტორია წიგნისა „ქალაქები პალმების გარეშე“, რომელიც ერთი მხრივ, სუდანში ყოფნის მტკივნეულ ასპექტებზე, მეორე მხრივ კი, ევროპაში ემიგრანტად ცხოვრების სირთულეებზე გვიყვება. „ღარიბი ქალაქები უფრო მოწყალეა ღარიბებისა და გაჭირვებულების მიმართ, ვიდრე მდიდარი. ღარიბ ქალაქებში ყველა თანაბრად გაღატაკებულია და არ არსებობს განსხვავება, რომელიც აჩვენებს გაჭირვებულებს, თუ რამდენად შორს არიან ისინი ცხოვრების კიბეზე.“ – წერს რომანში.

ლიტერატურული ფესტივალის დისკუსიის მომდევნო ქალაქის, გორის შესახებ არილმა შეკითხვები მწერალ და მთარგმნელ ირმა ტაველიძეს დაუსვა. გორი ირმას მშობლიური ქალაქია, ამიტომაც მან ეს ადგილი ისეთ უნიკალურ ჭრილში განიხილა, რომელიც, როგორც წესი, ქალაქის შიგნიდან შესწავლა-გამოკვლევას მოითხოვს და გორის დროებითი სტუმრებისათვის, ალბათ, სრულად შეუმჩნეველი იქნებოდა.

არილი: ფესტივალზეც გაჟღერდა, რომ, როგორც წესი, გორთან დაკავშირებულ პირველ ასოციაციად გონებაში სტალინი ტივტივდება. მაგრამ თქვენ აგრეთვე ახსენეთ ნაკლებ პოპულარული, თქვენეული სიმბოლოქარი, რაც საინტერესო კავშირს ქმნის ლორენს ფერლინგეტის შემოქმედებასთან, ამ ფესტივალის მთავარ თემასთან. მისთვის სან ფრანცისკო ხშირად გადაბმული იყო ზღვასთან, ზღვის სინათლესთან. რას გვეტყვით უფრო მეტს გორისა და ქარის სიმბოლურ კავშირზე, ამ ბუნებრივი მოვლენისა და ქალაქის ურთიერთმიმართებაზე?

ირმა ტაველიძე: გორი ქარების ქალაქიაროცა ამას გორელებთან ვამბობ, შეწინააღმდეგების სურვილი არ უჩნდებათ. ქარი იქაურების ყოველდღიურობის ნაწილია და თუ ხე ხეზე არ მიაწვინა, თუ შემაწუხებელ თარეშს არ მოჰყვა, ვეღარც კი ამჩნევენ. შეგუება ერთადერთი გამოსავალია. ამის გამოა, რომ არც ახსენებენისწავლეს, როგორ უნდა გაუძლონ, როგორ გააგრძელონ ცხოვრება ისე, თითქოს არაფერი ხდებოდეს. გორში დაბრუნებისას ყოველთვის მიჩნდება განცდა, რომ რამდენიმე წუთი და ბრძოლა გარდაუვალი გახდება, რომ დამარცხება შესაძლებელია საბოლოო იყოს. ძველი სიმღერის შემქმნელისთვის ის სიყვარულის მარადიულობის სიმბოლოა („მიყვარხარ და მეყვარები, სანამ გორში ქარი ქრისო“), ჩემთვის კი რაღაც სხვააუფრო ყოფნის სიძნელესთან გადაბმული, რთულად სახელდასარქმევი.

არილი: თქვენს შთაბეჭდილებებსა და ემოციებზეც რომ გვიამბოთ ლიტერატურულ ფესტივალთან დაკავშირებით და რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც ქართული ლიტერატურის მცოდნე, ლიტერატურასთან გადაჯაჭვული ადამიანისთვის, იგი?

ირმა ტაველიძე: ლიტერატურული ფესტივალები მომწონს, მაგრამ ხმაური, ხალხმრავლობაშეკითხვებზე პასუხის გაცემის აუცილებლობა მაბნევს ხოლმე. ბევრი რამე ხდება ერთდროულად და ყურადღებაც სწორად უნდა გაანაწილო. ამიტომაც მირჩევნია ჩანაწერის ნახვაროცა მწერლის ხმის მოსმენა, მასზე დაკვირვება მინდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც წიგნებშია საძებნი და ეს არასდროს მავიწყდება. როცა თვითონ ხარ მონაწილე, იმ აზრთან შეგუება გიწევს, რომ ხმაურს შენი ხმაც უნდა შეუერთდესსხვა ადამიანი უნდა გახდე, უფრო გამბედავი, უფრო გულგახსნილი. ორისამი წუთი და უკვე მომწონს ხოლმე, რომ ნაცნობებს, უცნობებს რაღაც ისეთს ვუყვები, რაც უცებვე გვაახლოებს, ერთ მიწაზე გვაყენებს.

ფესტივალის მნიშვნელობასა და დატვირთვაზე შეკითხვა აგრეთვე დავუსვით დათო ქარდავასაც, რომელმაც თბილისზე, როგორც სიმბოლოზე, დასამახსოვრებელი და საგულისხმო საუბრის გარდა, ღონისძიების მსვლელობისას ყურადღება პანდემიურ რეალობასა და იზოლაციაზეც გაამახვილა.

არილი: პანდემიის, ვირუსთან უხილავი ომის მიმდინარეობისას რამდენად მნიშვნელოვანია ან რა დატვირთვა აქვს, თქვენი აზრით, ლიტერატურულ ფესტივალს? ყოველივე ეს იმის დადასტურებაც ხომ არაა, რომ ადამიანი დიდხანს ვერ იზოლირდება ქალაქისგან, თანაქალაქელებისგან, ურთიერთობებისგან?

დათო ქარდავა (ჯიმშერ რეხვიაშვილი): პანდემიამ ყველაზე ძვირფასი და ახლობელი ადამიანები აქცია ერთმანეთისმტრებად“. ვინც გიყვარს და ვისაც ყველაზე ხშირად ხვდები, სწორედ იმას შეიძლება მიუტანო (ან იმან შეიძლება მოგიტანოს) მკვლელი ვირუსი ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე. ცხადია, ეს ის შემთხვევა არ არის, როცა  შეგვიძლია პლავტუსს დავესესხოთ და ვთქვათ, ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო. ასეთმა არასტანდარტულმა, ამოყირავებულმა ვითარებამ (რასაც დაემატა ჩაკეტვა და ერთმანეთისგან იზოლაციავირუსისგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალება), დააზიანა როგორც ცალკე აღებული ადამიანი და მისი ფსიქიკა, ასევე ადამიანების ურთიერთობასაც. თითქოს ხელახლა გვიწევს ერთმანეთისკენ მიმავალი ბილიკების გაკვალვა. ასეთ ვითარებაში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის შენს ქალაქში გამართვა დიდი გამართლება და ფუფუნებაა, არაფერს ვამბობ, ზოგადად ლიტერატურული ფესტივალის, როგორც კულტურული დიაპაზონის გაფართოების შესაძლებლობასა და მნიშვნელობაზე.

რაც შეეხება ქალაქისგან იზოლირებას, ვერც ეს ამბავი გაგრძელდება უსასრულოდ, რადგან თანამედროვე ადამიანიქალაქური ცივილიზაციისნაწილია და ქალაქში ცხოვრება წარმოუდგენელია სოციალიზაციის და კომუნიკაციის მაღალი დონის გარეშე. 2007 წლიდან დედამიწის მოსახლეობის ნახევარი ქალაქად ცხოვრობს. ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ქალაქელთა წილი ¾-მდე გაიზრდება. ადამიანი, მთელი რიგი მიზეზეზების გამო, ვეღარ იტყვის უარს ქალაქზეარა და, ბინებში, როგორც გამოქვაბულებში გამოკეტვა, ქალაქზე უარის თქმას ნიშნავს. რაში მდგომარეობს გამოსავალიროგორც საუკუნეების განმავლობაში თბილისელები ზრუნავდნენ თავიანთ ქალაქზე, რათა მისი გამართული ინფრასტრუქტურით, მისი მკვიდრი კედლებით, მისი ნარიყალისა თუ მეტეხის ციხეებით დაეცვათ თავი მტრისგან, ასევე მოუწევთ დღევანდელ თბილისელებს დღევანდელ ქალაქზე ზრუნვა, მისი სატრონასპორტო და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის ადაპტირება, რათა გადაირჩინონ თავი. რაც უფრო მეტად ვიზრუნებთ ქალაქზე, მით უკეთესად დაგვიცავს ქალაქი.

© არილი

Facebook Comments Box