ახალი ამბები,  ახალი წიგნები

ქალების კალმით – „წერენ ყველაფერზე და არაფრით ჰგვანან ერთმანეთს“

როგორც ვირჯინია ვულფი „საკუთარ ოთახში“ წერს, შედევრები დამოუკიდებელი აქტით არ იქმნება, „ისინი შედეგია მრავალი წლის მანძილზე სხვადასხვა სხეულებში მოქცეული ადამიანების საერთო ფიქრის; ყოველი ინდივიდუალური ხმის უკან მასათა გამოცდილებაა“. ქალებს კი ამ საერთო გამოცდილების დანაკლისი ყოველთვის ჰქონდათ, რადგან ლიტერატურის ქორო, ძირითადად, მამაკაცი ავტორების ხმებისგან შედგებოდა. ამიტომაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ქალმა ავტორებმა ლიტერატურული ტრადიცია შექმნან და ქალებს, რომლებიც მომავალში იქცევიან მწერლებად, ჰქონდეთ მყარი და ნაყოფიერი ნიადაგი. კვლავ ვირჯინიას სიტყვები რომ გავიხსენოთ, უამრავი აუთვისებელი სივრცეა ლიტერატურაში, რომელთა აღმოჩენაც მხოლოდ ქალებს შეუძლიათ.

თანამედროვე ლიტერატურაში ქალების სახელები ხშირად ისმის. წერენ, გამოსცემენ, იმარჯვებენ და, რაც მთავარია, აღმოაჩენენ იმას, რაც ფარული იყო მანამ. ცდილობენ, რომ შარლოტა ბრონტესგან განსხვავებით, რომელიც „სიბნელეში“ ხატავდა როჩესტერის პორტრეტს, საჭირო ბილიკს არ აცდნენ და ცხოვრებისთვის შორიდან ცქერის ნაცვლად ის გამოცდილება შეიძინონ, რომელიც წერისთვის აუცილებელია.

სწორედ ამ იმედისმომცემი ტენდენციის გაგრძელებაა კრებული, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L“-მა გამოსცა. „თანამედროვე ქართული პროზა ქალების კალმით“ ორ ტომადაა ჩაფიქრებული და მასში ოცდაათზე მეტი თანამედროვე ქართველი მწერალი ქალის მოთხრობა მოხვდა. ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა ერთი ლიტერატურული სივრცის ნაწილი ქალები, რომლებსაც ინდივიდუალური სათქმელი და სტილი აქვთ, ერთად ახერხებენ ისეთი სურათის შექმნას, რომელიც თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ქალების ადგილს ასახავს. კრებულის ყდაზე ამოკითხული სიტყვები კი (ქალებს მხოლოდ „ვარდისფერ თემებს ანდობდნენ“, მაგრამ ისინი ყველაფერზე წერენ) მკითხველს უქმნის მოლოდინს, რომ კრებული მოულოდნელობებით სავსე იქნება.

როგორც მაია ალუდაური, გამომცემლობა “პალიტრა L”-ის მთავარი რედაქტორი, აანონსებს, მეორე ტომი წლის ბოლომდე გამოიცემა. პირველ ტომში კი ვხვდებით მოთხრობებს ისეთი მწერლების ავტორობით, როგორებიც არიან: თეა თოფურია, ნესტან ნენე კვინიკაძე, თამთა მელაშვილი, ირმა ტაველიძე, რუსუდან რუხაძე და სხვ.

„არილი“ კრებულში დაბეჭდილ რამდენიმე ავტორს გაესაუბრა:

ნინია სადღობელაშვილი: “ქალების კალმით” – ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია, მრავალფეროვანი – ავტორების და თემატიკის მხრივ. როცა კრებულში ამდენი ავტორი და ტექსტი იყრის თავს, ბუნებრივად ჩნდება რაღაც ერთი მთლიანი სურათის შთაბეჭდილება. ეს სურათი კი ბევრ ახალ ფიქრს, ემოციას აჩენს, ერთგვარი კულტუროლოგიური რეფლექსიის შესაძლებლობას ბადებს. რაც შეეხება ჩემს მოთხრობას (“ფიჭვის კევი”), ესაა ტექსტი ემიგრაციის თემაზე, პრობლემაზე, რომელიც კონკრეტული ადამიანების/ოჯახების თავგადასავალზე გადის. ესაა ტექსტი მანძილზე – როგორც ფიზიკურ, ასევე მეტაფიზიკურ პლანში.

მაკა ლდოკონენი: კრებულში დაიბეჭდა „ბიშას ბალიშები“ – ამბავი დიდგავიან ქალ აბადიასა და მის გოლიათ მეუღლეზე. ეს სიყვარულის ისტორიაა და ცოტა ბრაზიც ურევია. სიტყვა „ცოტაც“ პირობითია, იმიტომ, რომ აბადიას ბრაზი თუ მოუვლის, უკანალით ნიგვზებს ამტვრევს. რატომ?.. ამის მიზეზებს მოთხრობაში უნდა მიაგნოთ. ნებისმიერი, მსგავსი ტიპის ანთოლოგია ავტორებსა და მკითხველს ერთმანეთის მიგნებაში ეხმარება. ამიტომ მოლოდინით სავსე არა მარტო მკითხველი, მწერალიც გახლავთ. ვნახოთ, „ქალების კალმით“ დახაზულ ლაბირინთებში ვინ სად წავა და აღმოჩნდება.

ეკატერინე ტოგონიძე: როგორც მკითხველი, ანთოლოგიების მოყვარული ვარ, ბევრი კარგი ავტორი გავიცანი სწორედ ასე, ერთ ყდაში მოქცეული თაიგულებით. ვფიქრობ, რომ ამ ახალი წიგნის სახით ძალიან კარგი და სასარგებლო კრებული შემოგვემატა. რადგან აქ თანამედროვე ქალი ავტორების მიერ მოყოლილი ამბებია გაერთიანებული, მგონია, რომ ეს ანთოლოგია ჰგავს ქალის ხმით გადმოცემულ ეპოქას, რაც ისეთივე სასიამოვნოა, როგორც, მაგალითად, გორის ქალთა გუნდის მოსმენა, თუმცა სიამოვნებაზე მეტად დარღვეული ბალანსის აღდგენას ემსახურება. თვით ეს სიამოვნებაც ცხოვრების ყოფითი, მრავალფეროვანი, მძიმე შრეების სრულფასოვნად გააზრებას უკავშირდება და არა მის მსუბუქ, „ფემინურ“ ინტერპრეტაციას. წლების განმავლობაში ჩვენ ხომ ამბებს, მათ შორის ქალების ამბებსაც, ხშირად კაცის პირით, მათი თვალთახედვით ვეცნობოდით და ქალი პერსონაჟების ზოგჯერ ზედაპირული ან არასრულყოფილი სურათებით კიდევ უფრო გვიმყარდებოდა გენდერული სტერეოტიპები. ბავშვობაში, ამ სტერეოტიპის ტყვეს, ასტრიდ ლინდგრენიც კი კაცი მეგონა. ამიტომ რეალობის რეფლექსიის ჯერ კიდევ ამოსაშუქებელი, შესაცნობი ნაწილი ორმაგად მნიშვნელოვანია დანაკლისის შესავსებად.

კრებულში “თანამედროვე ქართული პროზა – ქალების კალმით” ჩემი 2014 წლის მოთხრობა “წმინდა შესაძლებლობა” შევიდა. ეს არის რამდენიმე გმირის ერთმანეთში ჩაქსოვილი ამბავი, ამ საერთო რეალობის განსხვავებული აღქმებით. სათაურში გამოტანილი სიტყვა „წმინდა“, ალბათ, ისედაც მიგვანიშნებს რელიგიურ ასპექტზე და შინაარსშიც გმირი მათეს სახარების ერთ-ერთ გზავნილს პირდაპირი მნიშვნელობით ასრულებს: თუ თვალი აცდუნებს, სწორედ ამ თვალისგან უწევს გათავისუფლება და შესაძლებლობის ამგვარ შეზღუდვას მისთვის შვება, თავისუფლება მოაქვს. დაკარგული მხედველობა აქრობს ძმისცოლის ჟღალი თმის ელვარებას, ფიზიკური ტკივილი ფარავს ამ დაუშვებელი სიყვარულის შესაძლებლობას. ქალთა ანთოლოგიით ჩემს ტექსტსაც ახალი სიცოცხლე მიენიჭა. გამიხარდება, თუ მკითხველი „წმინდა შესაძლებლობას“ დიდი მოზაიკის ჰარმონიულ ქვად მიიღებს. ჩემთვის პატივია, ვიყო პირველი ტომის ჩვიდმეტ ავტორს შორის და დავიჯერო, რომ ამ გზით მოვხაზე ჩვენი უთვალავწახნაგიანი ცხოვრების გააზრების ერთ-ერთი ტეხილი. ვფიქრობ, ამ კანონზომიერების კვლევისა და ამოცნობის მუდმივ პროცესში მხატვრულ ლიტერატურას დიდი ძალა აქვს. ეს ძალა კი მწერალთა სქესისა თუ სხვა ნიშნებისგან თავისუფალ ერთობაშია.

© არილი

Facebook Comments Box