ინტერვიუ

ქართული ლიტერატურა ვაიდლის გამომცემლობაში

ინტერვიუ გამომცემელ შტეფან ვაიდლთან

ქალაქ ბონის ვაიდლის გამომცემლობას პროგრამაში შეტანილი აქვს განსაკუთრებით რეკომენდირებული სამი ქართული რომანი. გამომცემელ შტეფან ვაიდლს „მისი ქართველების“ შესახებ ესაუბრა გერმანული გამოცემა BUCHBÜCHSE.

ამასობაში „ვაიდლში“ სამი ქართული რომანი გამოჩნდა: ზურაბ ქარუმიძის „Dagny or a Love Feast“, ისევე როგორც, აკა მორჩილაძის „მოგზაურობა ყარაბაღში და „მამლუქი“. როგორ აღმოჩნდა ქართული ლიტერატურა თქვენს გამომცემლობაში?

ჩვენ რამდენიმე წლის  განმავლობაში რეგულარულად  ვღებულობთ  მონაწილეობას  მასპინძელი ქვეყნის პროგრამით ფრანკფურტის  წიგნების გამოფენაზე და, შესაბამისად, ვიცნობთ ტობიას ვოსს წიგნების გამოფენიდან. 2014 წელს შემთხვევით  შევხვდით  მას გამოფენის დროს  ქალაქის მუზეუმის რესტორანში, როდესაც იგი ერთ ქალბატონს ესაუბრებოდა და რომელიც მან წარმოგვიდგინა: იგი გახლდათ მედეა   მეტრეველი, საქართველოს წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი. 2015 წლის მაისში მედეამ გამომცემელთა ერთ ჯგუფთან ერთად თბილისში დაგვპატიჟა ქვეყნის ლიტერატურის გასაცნობად. ეს ქალაქი იყო ძალიან სანახაობრივი და ლიტერატურაც, რამდენადაც ჩვენ მისი წაკითხვა შევძელით, მოწმობდა ამას.  ენობრივი პრობლემა საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ მოხდა ბედნიერი დამთხვევა, რომ ერთ-ერთი პირველი  ქართულ  წიგნთაგანი, რომელიც წავიკითხეთ, ინგლისურ ენაზე იყო დაწერილი. საუბარია ზურაბ ქარუმიძის წიგნზე Dagny, or a Love Feast. ასევე, მალე ჩვენ მივიღეთ  ინგლისური გამოცემა აკა მორჩილაძის წიგნისა Journey to Karabakh, რის შემდეგაც დავდეთ თანამშრომლობის შეთანხმება.

თუ შეგიძლიათ, რომ სამი რომანი და მათი ავტორები მოკლედ წარმოგვიდგინოთ? რა მოგცათ თქვენ ამ ტექსტებმა?

ორივე ავტორს ხშირად კითხულობენ საქართველოში, ვინაიდან ისინი საკუთარი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას გადმოსცემენ. ზურაბ ქარუმიძეს  უფრო მოთამაშის, ნახტომისებური მანერა აქვს, აკა მორჩილაძე ყოველთვის ახალ-ახალი ასპექტებით გამოირჩევა, მაგალითად, იმით, რომ ხშირად იყენებს ქართულ დიალექტებს. ზურაბის წიგნი დასახელდა ყველაზე მოთხოვნად შესავლად ქართულ კულტურაში. მეც ასე ვფიქრობ. ადამიანი შეიძლება იოლად დაიკარგოს თავის იდეათა და ფანტასმაგორიათა მორევში, მაგრამ ყოველთვის მხიარული იყოს. აკა პირიქით – თავისი ქვეყნის მემატიანეა, მას  თითქმის საკულტო თაყვანისცემა გააჩნია საქართველოში, მე ჯერ არ შევხვედრილვარ არც-ერთ ქართველს, რომელსაც „გასეირნება ყარაბაღში“ არ  სცოდნოდა. მისი  მეორე რომანი „მამლუქი“ გვთავაზობს ერთ ცხოვრებისეულ ისტორიას დასავლეთ საქართველოდან, მოვლენების ცენტრში გულუბრყვილო გმირია, რომელშიც ქვეყნის ბოლო ათწლეულის ცვლილებები აისახება.

მომავალშიც თუ გამოჩნდება ქართული სათაურები „ვაიდლში“?

უთუოდ, ოღონდ არა 2019-ში. წიგნების ბაზრობამ, პირველ რიგში,  საქართველოში ამ წელს გამოცემული 100 წიგნი უნდა აითვისოს.

თქვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრჯერ იყავით საქართველოში. როგორ აღიქვამთ იქაურ ლიტერარურულ სურათს?

რაც ყველაზე მეტად მომწონს, ისაა, რომ ყველა ლიტერატორს მეგობრული ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან, თვით თავიანთ გამომცემლებთანაც კი.

მე იქ არასოდეს მიგრძვნია ჩვენთვის დამახასიათებელი შურის კულტურა. ოთხჯერ ვიყავი საქართველოში, ხოლო ჩემი მეუღლე კი ექვსჯერ. შემდეგ წელს ჩვენ კვლავ ვიმოგზაურებთ სვანეთში. ქართულმა არხმა ახლახან გადაიღო ჩვენს  შესახებ სიუჟეტი სერიიდან: „საქართველოს მეგობრები“.

დასასრულს: რომელია სხვა გამომცემლობის მიერ გამოცემული ქართული წიგნი, რომელიც მკითხველმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოს?

რთული სათქმელია, არის უამრავი შესანიშნავი წიგნი, მაგრამ თუკი უნდა გამოვყოთ ერთი, მაშინ დავასახელებდი ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ – კრისტიან ლიხტენფელდის შესანიშნავი თარგმანით, რომელიც გამოსცა „Matthes& Seitz“-მა. მრავალ სხვასთან ერთად, რომანი მოგვითხრობს, აგრეთვე, ძველ მითზე მედეას, იასონის და ოქროს საწმისის შესახებ და, ამასთანავე, გვიჩვენებს სავსებით მკაფიო პარალელებს თომას მანის რომანთან „იოსები და მისი ძმები“.

გერმანულიდან თარგმნა ბაქარ როსტიაშვილმა

© არილი

Facebook Comments Box