ინტერვიუ

ქეთევან აბესაძე – ჩემი ცხოვრების წიგნები

ქეთევან აბესაძე თავისი ცხოვრების წიგნების შესახებ გვიყვება:

კითხვის პირველი მოგონება

იმდენად ადრე დაიწყო ჩემი და წიგნების ურთიერთობა, რომ ალბათ ვერასოდეს გამოვიცნობ, რა წავიკითხე დამოუკიდებლად პირველი. მახსოვს მხოლოდ, როგორ მომიტანა მამამ „პატარა საუნჯე“, გადავშალე და ვეღარ მომწყვიტეს მთელი დღე. იმ დღეს წავიკითხე „იავნანამ რა ჰქმნა“. უფრო ადრე იყო „ბურატინოს თავგადასავალი“, ოდნავ გვიან „პატარა უფლისწული“. რატომ მახსენდება ეს წიგნები – ზოგადი ცოდნა ჩამორჩებოდა წიგნებიდან მოცემულ ინფორმაციას, „ხმელთაშუა ზღვა“ ზღაპრული სამყაროს ადგილი მეგონა და არა გეოგრაფიული ტერმინი. მერე „იავნანას“ პირველი თავი, ვისაც ახსოვს, არის „სამშობლო ღვინისა“, მე კი წარმოდგენა არ მქონდა, რატომ ერქვა კახეთს ასე. ყველაზე კურიოზული კი იყო, როგორ შემაშინა ბაობაბმა „პატარა უფლისწულიდან“, სულ ვერ გავითვალისწინე, რომ პატარა უფლისწულის პლანეტაც პატარა იყო და დიდხანს მეშინოდა, რომ ბაობაბს დედამიწა არ გაეგლიჯა.

ბავშვობის საყვარელი წიგნი

ერთ წიგნს ვერ დავასახელებ, მაგრამ ზუსტად მახსოვს, პირველ კლასში აღმოვაჩინე „სათავგადასავლო ბიბლიოთეკა“, დაწყებული ტომ სოიერის და ჰეკლბერი (მაშინ ასე წერდნენ) ფინის თავგადასავლებით, რობინზონ კრუზო, გულივერი, სამი მუშკეტერი, განძთა და საიდუმლო კუნძულები, ქართული ორი ტომი „ბაში-აჩუკით“ დაწყებული და ბოლოს ოტია იოსელიანის მოთხრობით დამთავრებული – კარგი დრო იყო.

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

14 წელი მოზარდობაა, არა? მაშინ „მარტოობის ასი წელი“ უნდა დავასახელო, თბილისში ქოლერის ეპიდემიის შიშით ჩაკეტილი ვიყავი აგარაკზე და „ინოსტრანნაია ლიტერატურას“ ველოდებოდი წიგნის ახალ-ახალი ულუფებით. ეს იყო დიდი ნახტომი ნაცნობი, ჩვეულებრივი ლიტერატურიდან ახალ სამყაროში.

მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვლა

შეხედულება რა მოგახსენოთ, მაგრამ არის მწერალი, რომელმაც გამაკვირვა. ძალიან ადრე წავიკითხე თომას მანის „ბუდენბროკები“. არავის ვურჩევ 12 წლის ასაკში მის წაკითხვას. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კარგი ავტორია, მაგრამ ჩემი ავტორი არ არის. წაკითხული მქონდა ყველა მისი გახმაურებული ნაწარმოები, მაგრამ ნელთბილი დამოკიდებულება – ეს იყო მაქსიმუმი. მერე ხელთ ჩამივარდა „იოსები და მისი ძმები“. აი, აქ მივხვდი, რომ თავად გავხდი მწერლის მანიპულირების ობიექტი, რადგან განვიცდიდი ზუსტად იმას, რასაც მწერალი ითხოვდა ჩემგან. მეორე მწერალი, რომელმაც ასეთივე ზეგავლენა იქონია (ოღონდ მანამდე არანაირი შთაბეჭდილება არ მქონდა, იმიტომ, რომ არ წერდა პროზას), იყო ოთარ ჭილაძე. მის თემას ქვემოთ სხვა კითხვაზე დავუბრუნდები.

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

არასოდეს მქონია წერის სურვილი. ვარ მკითხველი.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც ვუბრუნდები

ოთარ ჭილაძის პოეზია და პროზა, ჩანაწერები. ყოველთვის შეიძლება რაღაც ახლის აღმოჩენა. პერიოდულად ვუბრუნდები.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები

ძალიან ბანალური ვიქნები, მაგრამ დოსტოევსკის ვეღარ დავუბრუნდები. ექსპერიმენტივით გამომივიდა, გადმოვიღე „იდიოტი“ და ექვსი თვე მედო წასაკითხი წიგნების რიგში. გადავშლიდი და იქით ვკარნახობდი ჩემს თავს, ახლა ამას წაიკითხავ და ასეთი განცდა გექნებაო. შევინახე თაროზე.

წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე

უფრო სწორად, ძალიან ბევრი წიგნია, რომლებიც აღმოვაჩინე, მაგრამ ასაკმა გაიარა, როდესაც უნდა წამეკითხა. დავაგვიანე… თუმცა იყო გამონაკლისებიც, მაგალითად პავიჩი. წავიკითხე ყველაფერი, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა და კიდევ გადავიკითხავ.

პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ

ამ წუთში არ მახსენდება, ალბათ იყვნენ ასეთი პერსონაჟები.

ცნობილი წიგნი ან ავტორი, რომელიც არ მიყვარს

ვერ შევიყვარე კუნდერა. არ არის ჩემი ავტორი, მაგრამ ჩემი და თომას მანის ურთიერთობა რომ მახსენდება, შეიძლება ერთი აღმოჩენა კიდევ წინ მაქვს.

წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე

მთლად საშინელება უნდა იყოს, წიგნი რომ დავიწყო და ვერ დავასრულო. ერთადერთი – მართლა ძალიან ადრე მომივიდა დიკენსის „პიკვიკის კლუბის ჩანაწერების“ ხელში აღება. ათიოდე ფურცელს გავუძელი და მეტი აღარ მივბრუნებივარ. ამბობდნენ, კარგიაო.

ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე

შევიძინე და დიდი იმედი მაქვს, რომ შვებულების დროს მოვასწრებ ბოლომდე წაკითხვას: კარლ სეიგანის „კოსმოსი“. საერთოდ ახლა მაქვს ე. წ. Non fiction ლიტერატურის ხანა ჩემს ცხოვრებაში და თუ არ გამოჩნდა რამე ზაირა არსენიშვილის წიგნებივით საინტერესო, მხატვრულ ლიტერატურას ვეღარ დავუბრუნდები.

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

ჯერ უნდა დავასრულო უმბერტო ეკოს „პრაღის სასაფლაო“, რიგში დგას „ფუკოს ქანქარა“ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. ამით დავასრულებ ეკოს ნაწარმოებების (რომანების, ესეების) გრძელ სიას.

წიგნი ან ავტორი, რომლის თარგმნასაც ვისურვებდი

ცოტა ჩამოვრჩი ქართულ თარგმანებს და არ ვიცი, შეიძლება უკვე თარგმნილია ლანლინელი ხუმარას „ქლიავის ყვავილები ოქროს ვაზაში“. რუსულად მაქვს ორტომეული, თან წერია, რომ სრული ვერსია არ არის. რამდენადაც ვიცი, რუსულად უკვე თარგმნილია ბოლომდე. აი, რისი წაკითხვა ღირს ბოლო რამდენიმე გვერდისთვის. ამ წიგნს მუდამ დავუბრუნდები.

წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ

წიგნები ოჯახის წევრებივით არიან, სხვას ვერაფერს ვურჩევ, ყველამ თვითონ უნდა მოიწყოს საკუთარი ოჯახი.

© არილი

Facebook Comments Box