Uncategorized

ქეთევან კოკოზაშვილი – ფრანგულის გაკვეთილები


                 (გივი გეგეჭკორის მეხუთე დრო)

 
            გივი გეგეჭკორისნაირი ადამიანები ქალაქის სახე-სიმბოლოები არიან თავიანთი ცხოვრების წესით, უბრალოებითა და სისადავით, ზნეობრივი თუ კულტურულ-ინტელექტუალური ღირებულებებით. „ამ ქალაქიდან მე არსად წავალ…“ – სულ იქნება და გამუდმებით გვაგრძნობინებს, რომ სიტყვა არის მისთვის ადამიანური ყოფის სულიერი პირველსაწყისი.
            ამ წერილის სათაურმა არ შეგაცდინოთ და არ იფიქროთ, რომ მხოლოდ მის თარგმანებზე უნდა ვისაუბრო. ასე არ არის და, ალბათ, ესეც ბედი და ბედისწერაა ადამიანისა, რომ ორი მიმართულებით მოუწიოს შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენა, ერთი მხრივ, საკუთარი ორიგინალური პოეზია და, მეორე მხრივ, თარგმანი. გივი გეგეჭკორი ორივე მიმართულებით ერთნაირ შემოქმედებით სიმაღლეზე იდგა, არც მის პოეზიას დაჰკლებია რამე და მთარგმნელობით სამყაროშიც თავიდანვე დაიმკვიდრა გამორჩეული ადგილი. „ძნელი გამოდგა ერთდროულად ორი ბატონის – ქართული და ფრანგული პოეზიის სამსახური”, წერს თავად „ფრანგული პოეზიის” შესავალში, თუმცა მან ეს ბეწვის ხიდი მშვენივრად გაიარა, პირიქითაც კი მოხდა, მისი შემოქმედების ეს ორი შენაკადი ერთმანეთს განაპირობებდა კიდეც. მთარგმნელი უკვე თავის თავში ატარებს სხვა კულტურულ-ენობრივ სისტემას და, როცა ერთი კაცის აზროვნებაში, გულსა და გონებაში ორი სხვადასხვა მხატვრულ-ესთეტიკური გამოცდილება გროვდება და მათი თანხვედრა ხდება, შემოქმედებითი პროცესი უკვე სხვაგვარად წარიმართება. თარგმნა და განსხვავებულ პოეტურ-ირაციონალურ სამყაროსთან ურთიერთობა ორმხრივი პროცესია – ამ დროს ადამიანი გასცემს და თან მიიღებს კიდეც. ცხადია, ევროპულ ლიტერატურასთან ასეთი სიახლოვე გარკვეულ და თავისებურ გავლენას ახდენდა გივი გეგეჭკორის პოეტურ აზროვნებაზეც. რასაკვირველია, აქ არ იგულისხმება გავლენა პირდაპირი მნიშვნელობით. უბრალოდ, როცა ფრანგული ენის სილბო, მისი ნაზალური ბგერების ღუღუნა მუსიკა და ჟღერადობა მშობლიურივით გაგიხდება და სმენასა და მეტყველებაში გაგიჯდება, თავისთავად, ძალდაუტანებლად და ბუნებრივად აისახება რიტმში, რითმაში, სიტყვათწყობასა და ზოგ შემთხვევაში ლამის ბგერწერაშიც კი. სწორედ ამაშია „ფრანგულის გაკვეთილების” არსიცა და ხიბლიც. სიტყვათწყობა ვახსენე და, რა თქმა უნდა, წმინდა ლინგვისტური თვალსაზრისით, სრულიად განსხვავდება ქართული და ფრანგული ენების ბუნება და სინტაქსი, მე აქ მიდგომა ვიგულისხმე, პოეტური ტექნიკის ფლობა და ფრაზაზე მუშაობისას ფილიგრანული ოსტატობა.
            არაერთხელ წამიკითხავს და მომისმენია, თითქოს გივი გეგეჭკორის შემოქმედებას სათანადოდ არ იცნობს მკითხველი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა. ეს მოსაზრება, ალბათ, მისი ცხოვრების წესიდანაც მომდინარეობს. ის იყო ნამდვილი ინტელიგენტი, ჩუმი, უხმაურო, თავმდაბალი, არაამბიციური ადამიანი, განრიდებული ყოველგვარ სამწერლო ხმაურსა და ორომტრიალს, ცოტა ასკეტივით ჩაფლული მხოლოდ ლიტერატურულ საქმიანობაში. ასეთი ადამიანები ჩემთვის ოთახის სიმყუდროვის ადამიანები არიან, საწერ მაგიდასთან განმარტოებისა და ფუსფუსის, ფიქრის, თავის თავთან დარჩენის, პოეტური მედიტაციის, საკუთარ სულიერ სამყაროში ჩაღრმავების ადამიანები; არ გაერეოდა ზედმეტ სამწერლო ფაციფუცსა და ორომტრიალში, არც ძვირფას დროს დაკარგავდა მსგავს რამეზე. ერთ უმთავრესში კი ნამდვილად გაუმართლა, მისი მკითხველი მხოლოდ დახვეწილი გემოვნების, პოეზიის კარგად მცოდნე, საუკეთესო მკითხველია და, დარწმუნებული ვარ, სხვას არც არაფერს ინატრებდა.
            გივი გეგეჭკორის პოეტური სამყარო სრულიად სხვა ლიტერატურული ესთეტიკაა. მისი პოეზია ინტელექტუალური პოეზიაა, სიტყვის, რიტმის, აზრის სრულიად მოუხელთებელი, უფაქიზესი ნიუანსების წვდომა და მოხელთებაა. სნობიზმითა და ზედაპირული ინტელექტით, მედროვეობითა და მერკანტილიზმით გაჯერებულ ჩვენს ყოფიერებასა და ყოველდღიურობაში, „როცა სიტყვას უფულოდ ანდა ღიმილს უფასოდ არვინ გაიმეტებს”, გამონათებასავით არის მისი დახვეწილი, ნატიფი, რაფინირებული პოეტური სიტყვა.
            გივი გეგეჭკორის ესთეტიკაზე როცა ვლაპარაკობთ, უნდა აღვნიშნოთ ზოგადად მისი პოეტური და ესთეტიკური პრინციპები და შეუდარებელი სალექსო „ტექნიკა“, რიტმული სტრუქტურა და სრულიად თავისებური, განსაკუთრებული სინტაქსური კონსტრუქციები, რომლებიც სწორედ რიტმის თავისებურებებს ემორჩილება და მიჰყვება. მას არ ჰქონდა არავითარი მუსიკალური განათლება და ამიტომაც აქ მახსენდება მალარმეს „რიტმის ინსტინქტი“. სწორედ ეს თავისთავად არსებული პულსაცია აძლევს შინაარსს სამყაროში არსებულ ფორმებს და გივი გეგეჭკორი თითქმის ზედმიწევნით სწვდება პოეტური შინაარსისა და ფორმის ასეთი ერთიანობის ყოველგვარ გამოვლინებას. „პოეტის სული რიტმიული მთლიანობაა“, – ესეც მალარმეს სიტყვებია და ეს მთლიანობა მრავალფეროვნად და, იმავდროულად, გასაოცარი ოსტატობითაა დანაწევრებული მის ლექსებში. მინორული თუ მაჟორული განწყობის, ადგილისა თუ დროის მიხედვით რიტმის ტალღისებური მუდმივი მოძრაობითა და მონაცვლეობით განსაკუთრებული კოსმოსური წესრიგი იქმნება. რიტმი მონაცვლეობს არა მხოლოდ ლექსიდან ლექსში, არამედ ლექსის შიგნით სტროფიდან სტროფში და ზოგჯერ სტრიქონიდან სტრიქონში. სწორედ მისი პოეტური კონცეფციაა ის სიტყვები, ანა კალანდაძის პოეზიაზე რომ დაწერა:
                     „იგი აღმართულია
                     რიტმისა და მუსიკის
                     ვიწრო ხეობაში…“
            რითმიანი ლექსების უმრავლესობა ისე ტაქტიდან ტაქტშია აწყობილი, ისეთ მელოდიურ ჰარმონიას ქმნის, შეიძლება ვინმემ, მუსიკის ჩემზე უფრო ღრმად მცოდნემ, რომელიმე კონკრეტულ მუსიკალურ ნაწარმოებსაც კი მიუსადაგოს. ამიტომ აღარ გვიკვირს ლექსი, რომელსაც პირდაპირ ასე ჰქვია – „შოპენი. კონცერტი რე მინორი“. მუსიკის აღქმა და სიტყვებით გამოხატვა ერთდროულად ასეთი სინაზითა და სიმძაფრით, ასე ყველა რეგისტრითა და სიცხადით არის მართლაც „იდუმალთან ზიარების“ უინტიმურესი აქტი და თითქოს შიშველი ნერვით შეიგრძნობა „ტკბილი ნაღველით შერხეული სულის კადანსი“. მამის გამოცხადება სიზმრის ხილვებში კი ასეთია – „მოვა, როგორც მსუბუქი მენუეტი მოცარტის“. მუსიკა ხშირად იქაც კი იგრძნობა, სადაც არც მისი საყვარელი შტრაუსის „ვალსია“ და არც საყვარელი ინსტრუმენტები, როიალი და ფლეიტა, მაგ. როცა ბატისტის თხელი ცხვირსახოცი შუბლთან აშრიალდება ან ქალიშვილის თეთრ მუხლებზე ნელი შარიშურით გადაიშლება კაბის პლისები…

            გივი გეგეჭკორი მრავალმხრივი ინტელექტუალი იყო. მან შესანიშნავად იცოდა მხატვრობაც და ხელოვნების ეს სფერო იმდენად სიღრმისეულად ახლობელი იყო მისთვის, რომ არაერთი ესე აქვს დაწერილი ქართველი მხატვრების შემოქმედებაზე. ფერწერის, მუსიკისა და სიტყვის ჰარმონიით, ასე სინთეზურად აღწევს იგი სამყაროს ხედვასა და შემეცნებას, მეტაფიზიკურის წვდომას. მის პოეზიაში ყველა კომპონენტი ერთმანეთს ეხამება, ერთმანეთს ავსებს, ერთმანეთს ერწყმის და ასე იქმნება საბოლოოდ გივი გეგეჭკორის პოეტური სამყარო. მის ლექსებში პოეტური სახეების, სიტყვიერი ქსოვილის, საერთოდ მისი პოეტური აზროვნების სინატიფე ფერწერასთან ასეთი სიახლოვითაც აიხსნება.  ამიტომაც აქ ფერს, ფერწერულ ნიუანსებს, ხაზს, საგანს, სურათს, ვიზუალიზაციას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. ამ სიფაქიზეს, სინატიფესა და ჰაეროვნებას ზოგჯერ ძალიან ყოფით, პროზაულ და უბრალო საგანსა თუ მოვლენაშიც გვაგრძნობინებს. მაგ. მას შეუძლია ჩვეულებრივი თეთრეული ასე დახატოს: „მერე ღამით გეხება თეთრი ალერსიანი ზედაპირი ზეწრის…“ ან წყლის წვეთებით დანამული კარის ფიცარზე თქვას – „დგას და ცრემლად იღვრება ცრემლიანი ქალწულის ჩუმი სინატიფით…“ ან „ხელს რომ მოგითათუნებს ატმის რბილი ხაო…“

            მე შევეცადე, წერილი არ გადამეტვირთა ლექსებით, ძალიან ძნელია გამოყო რომელიმე, თუმცა ამ შემთხვევაში „ფრანგულის გაკვეთილი“ აუცილებლად ცალკე უნდა გამოვყო. ფრანგულ-ქართულის ზღვარზე შერჩეული ლექსიკა, ფერწერა, ბგერწერა, რიტმის მონაცვლეობა, გამოუცდელი მოსწავლის ბაგეზე შოკოლადივით დამტვრეული უცხო სიტყვების ჟღერადობა; აქ ზმნის უღლება ჯადოსნური პროცესია და არა მოსაწყენი პროზა, ქართული და ფრანგული ენების ჰარმონია, მათი ხმოვნებისა და თანხმოვნების  ტრემოლო ერთმანეთს ერწყმის და ქალის ხმა „ნაზი ვიოლინოა“, აქ აბაჟურისა და მუსლინის ბურუსში დეგას ცისფერი ბალერინები ირეკლებიან და შმაგი რაინდის, როლანის, ლანდი ჩნდება:

                      ჯადოსნურია, რაც იმ ოთახში
                      განმეორდება ხვალაც და ზეგაც,
                      როცა კედლიდან მწუხრში ცისფერი
                      ბალერინებით გადმოვა დეგა.

                      შენ თავს დააღწევ მუსლინის ბურუსს,
                      როცა განდევნის მათ აბაჟური,
                      ხარ დაბნეული და უსუსური,
                      შენი ღიმილი არის ბავშვური.

                      შენ უნდა იჯდე ტანმორჩილ ქალთან,
                      უნდა უსმინო და დაემონო,
                      მისი ხმა ნაზი ვიოლინოა
                      და გეფერება მისი ტრემოლო.

                      არაფრანგული შენი ბგერები
                      თითქოს თრთიან და თითქოს გეკვრიან,
                      დღეს რომ ფარფატებს შენს მაგიდაზე
                      მისი ღიმილის ანარეკლია.

            ამ ერთიან კოსმოსურ სივრცეში იმდენი ფერი, იმდენი გამა, იმდენი სიტყვა, გრძნობა, ტკივილი, სიყვარული, პოეტური სახე, ბგერა, აზრი, დარდი თუ სიხარულია, იმდენი გამჟღავნებული თუ სტრიქონებს მიღმა დაფარულია, შეუძლებელია ყველაფერი ჩატიო ერთ წერილში. ამიტომ ლოგიკური იქნება, ფრანგულის გაკვეთილები გავაგრძელო, მით უმეტეს, რომ გივი გეგეჭკორის თარგმანები მისი შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. მან კარგად შეისწავლა და გაითავისა ფრანგული ალექსანდრიული ლექსის თორმეტმარცვლიანი წყობა, მისი ბუნება და თავისებურებები და უზარმაზარი შრომა გასწია იმისათვის, რომ ფრანგული პოეზიის ანთოლოგია მოემზადებინა და თითქმის ოცი წელი მოანდომა ამ საქმეს. მართლაც ძალიან დიდი ნიჭი, დიდი პოეტური მასშტაბი და დიაპაზონი სჭირდება იმას, რომ ქართულად სრულად გადმოიტანო ასე განსხვავებული ნაწარმოებები, სრულად ჩასწვდე ენის მრავალფეროვან რეგისტრს, უფაქიზეს ნიუანსებს და შექმნა ახალი პოეტური ხელწერა.

            გასტონ ბუაჩიძე ამ ანთოლოგიას საინტერესო წერილს უძღვნის („შუქი სულისა“) და წერს: „ფრანგული პოეზია ადამიანის შიდა სამყაროს განზოგადებისკენ ილტვოდა, ქართულ პოეზიას აღმოსავლური სიბრძნის ელფერი გადაჰკრავს, აღმოსავლური თვალისმომჭრელი სამკაულებიც ამშვენებს და ლირიზმითაც უხვია, თუმცა ლირიზმი არც ფრანგულ პოეზიას მოჰკლებია… ორივე პოეტური ტრადიცია ერთიმეორეს ავსებს და ამდიდრებს, მათი შეპირისპირებით სამყაროს შემეცნებაში ახალი წახნაგები წარმოგვიდგება. საგულისხმოა ახალგაზრდა ტიციან ტაბიძის მიერ ერთხელ გამოთქმული სურვილი, ეხილა რუსთაველისა და მალარმეს თავისებური სინთეზი. ეს ამოცანა, რა თქმა უნდა, მიუღწეველია, მაგრამ ამ ორი პოეტური ტრადიციისათვის დამახასიათებელი ტენდენციების შეხვედრა მაინც დიდი საქმეა“.

            სანამ „ფრანგული პოეზიის“ კრებულზე, გივი გეგეჭკორის მთარგმნელობითი მოღვაწეობის მთავარ წიგნზე, გადავალ, ჯერ მის სხვა თარგმანებს გადავავლოთ თვალი. მან სრულად თარგმნა „როლანის სიმღერა“, ურთულესი ფრანგული საგმირო ეპოსი და ცალკე წიგნადაც გამოსცა (მოგვიანებით პოეტური ანთოლოგიის სრულ გამოცემაშიც შევიდა). ამ მშვენიერ თარგმანს რატომღაც იშვიათად ახსენებენ ხოლმე, არადა ეს იყო რამდენიმეწლიანი სერიოზული მუშაობის შედეგი და საბოლოოდ მივიღეთ არაჩვეულებრივი ქართული ვერსია. არანაკლებ მნიშვნელოვანია პროზაული ნაწარმოებებიც. ტარიელ ჭანტურიასთან ერთად არის ნათარგმნი ჰერმან მელვილის „მობი დიკი“, თუმცა ჩემთვის უფრო საყურადღებოა ფრანგული პროზის ორი ძალიან საინტერესო წიგნი, რომლებიც შვილთან, ირაკლი გეგეჭკორთან, ერთად ითარგმნა: ჟორჟ ბერნანოსის „მუშეტის ახალი თავგადასავალი” და განსაკუთრებით ალენ ფურნიეს „დიდი მოლნი“. ეს დაუვიწყარი რომანია, ერთნაირად მიმზიდველი დიდისთვის თუ პატარისთვის. ოგიუსტენ-მოლნის ყოვლისმომცველი სიყვარული და საიდუმლოებით მოცული უცნაური ციხე-კოშკის ტალანები… „დიდი მოლნის“ ზღაპარი და სინამდვილე, ეს ჯადოსნური ამბები სულ მუდამ იქნება ქართველი მკითხველის ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი. აქ ჩანს გივი გეგეჭკორის დახვეწილი სამწერლო მანერა. პოეზიას მაინც თავისი განსაკუთრებული ენა აქვს და, ასე ვიტყოდი, სხვა ენობრივი განზომილებაა, სულ სხვა ენობრივი ფენომენია. პროზაში მთელი სიცხადით გამოჩნდება ხოლმე, როგორ ფლობს მთარგმნელი ქართული ენის სიღრმეებსა და ხვეულებს, სტილისტურ თავისებურებებს და აქ, მართლაც რომ, გივი გეგეჭკორის  უბადლო ცოდნა ჩანს. ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანს სიტყვის გრძნობა ინსტინქტის დონეზე აქვს განვითარებული და იმთავითვე თან დაჰყვება არა მხოლოდ პოეტის, არამედ ზოგადად სიტყვის გურმანის ალღო. თითოეულ ფრაზაში, თითოეულ სიტყვაში კარგად ჩანს ორი ენის იგივეობისა და განსხვავებულობის ზღვრის შეგრძნება.  ეს კი ზუსტად მიანიშნებს, რომ გივი გეგეჭკორი პროზაშიც ისეთივე მოაზროვნე მთარგმნელია, როგორც პოეზიაში.

            აი, ასე ბუნებრივად გვიწევს გადასვლა ამ პოეტური წიგნიდან დიდ პოეზიაზე. მთარგმნელის გემოვნება, მისი ესთეტიკური პრინციპები ყოველთვის გამოკვეთილად ჩანს სათარგმნი მასალის შერჩევაში. გივი გეგეჭკორმა ოცდახუთი ფრანგი პოეტის შემოქმედებიდან შეარჩია ლექსები. „ფრანგული პოეზია“ თითქმის ოთხ საუკუნეს მოიცავს. ყველაზე მეტი ლექსი გიიომ აპოლინერისაა. ეს ბუნებრივიცაა, მისი კრებული ჯერ კიდევ 1972 წელს გამოიცა. როდესაც აპოლინერის „ზონა“ ქართულად პირველად დაიბეჭდა და გამოჩნდა, ეს თარგმანი იქცა მოვლენად მაშინდელ ქართულ მთარგმნელობით სივრცეში. „ძველმა ქვეყანამ მოგაბეზრა მოქანცულს თავი“, ამ სიტყვებით დაიწყო ახალი ფრანგული პოეზია და აპოლინერის რიტმის ელვისებური გრადაცია, ხან ვერლიბრისა და ხან რითმიანი სტროფების მისეული მოულოდნელი, უცნაური და ზოგჯერ ცოტა პრეტენზიული მონაცვლეობა და წარმოუდგენელი პოეტური ექსპერიმენტები. ეს ყველაფერი უდიდესი ოსტატობით არის გადმოტანილი ქართულად. სხვაგვარად არც შეიძლება, რადგან გასაგებია ფორმითა და შინაარსით გამორჩეული ამ ლექსის ადგილი არა მხოლოდ „ალკოჰოლებში“, არამედ მთლიანად აპოლინერის შემოქმედებაში და საერთოდ ფრანგულ პოეზიაში.

            „ძნელი გამოდგა სხვისი ოთახების ჰაერით სუნთქვა, სხვისი დღესასწაულის საკუთარ დღესასწაულად ქცევა“, – წერს გივი გეგეჭკორი. პოეტური თარგმანის სიძნელესაც და სირთულესაც ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს, ამიტომ თარგმანის თეორიაში არაერთი მოსაზრება არსებობს და რამდენი თეორეტიკოსი თუ უბრალოდ, ამ საკითხით დაინტერესებული ლიტერატორი თავის აზრს გამოთქვამს და თავის რეფლექსიას გაგვიზიარებს, იმდენი თავისებური და განსხვავებული შეხედულება იბადება. ზოგი მიიჩნევს, რომ პოეზია პოეტმა კი არა, პოეზიის კარგად მცოდნე ლიტერატორმა უნდა თარგმნოს, რადგან პოეტს თავისი ხელწერა, თავისი სტილი გადააქვს თარგმანში და ეს ორიგინალის ტექსტს არ უხდება. არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ პოეზია უთარგმნელია. ზუსტად ვერასდროს გადმოსცემ სხვა ენაზე ორიგინალის განწყობას, რომ აღარაფერი ვთქვათ ენობრივ სამყაროზე, მაგრამ თანამედროვე ფრანგი პოეტის, ფილიპ ჟაკოტეს თქმით, „ამ მოსაზრებას აბათილებს ყოველი ახალი კარგი თარგმანი“. რასაკვირველია, პოეზიას თავისი ენა აქვს და აქ დიდ როლს თამაშობს უნივერსალური კოდი, რომელსაც მხოლოდ პოეტი ჩასწვდება განსაკუთრებული პოეტური ალღოთი და შეგრძნებით. ლექსი ჰერმეტული გრძნობიერ-სახეობრივი მთლიანობაა. პოეტი შიგნიდან ხედავს ტექსტს მთელი თავისი პოეტური ანატომიით, ამიტომ უფრო მეტად ესმის ყველაფერი, რაც დაშიფრულია მასში.

            რომ არა გივი გეგეჭკორის გამორჩეული პოეტური ალღო, უდიდესი ენერგია და თავდაუზოგავი შრომა, შეუძლებელი იქნებოდა ამდენი განსხვავებული ლიტერატურული მიმდინარეობის, ეპოქის, სალექსო საზომის, განწყობის, რიტმის, ფორმის, შინაარსის ქართულ ენაზე გადმოტანა. დაწყებული ფრანსუა ვიიონიდან, რენე შარით დამთავრებული, აქ არის უამრავი მოტივი და თემა, სიხარული და სევდა, იმედგაცრუება და ტკივილი, გულისა და გონების ჭიდილი; რონსარის ლირიზმი და ვერლენის მუსიკა, რემბოს „მთვრალი ხომალდის“ თავისუფლებისკენ სწრაფვა და აპოლინერის „მირაბოს ხიდის“ მღელვარე განცდა მიმქრალი სიყვარულისა, ბოდლერის სონეტები და რენე შარის ნათელი სევდა, მალარმეს სრულიად მოუხელთებელი ლექსი და პოლ ელუარის სიცხადე და ბუნდოვანება… ბოლომდე გაიგო, ჩასწვდე ყველა მინიშნებასა და ინტონაციას, მოარგო სათქმელს შესაბამისი ფორმა, ურთულესი პროცესია. გივი გეგეჭკორმა ეს სირთულე დაძლია უდიდესი პოეტური ოსტატობით. ამიტომაც არის, რომ ბევრი ლექსი ან ცალკეული სტრიქონი უკვე ძალიან ნაცნობია ქართველი მკითხველისთვის.
            ყველა პოეტი ვერ ჩამოვთვალე, ეს შეუძლებელია, ისედაც კარგად იციან მათ, ვისთვისაც ეს კრებული დღემდე სამაგიდო წიგნია.

            გივი გეგეჭკორი თავად აღნიშნავდა, განსაკუთრებით რთულია მუსიკალური ლექსის თარგმნა, ამიტომაც დიდი პასუხისმგებლობაა, ხელი მოჰკიდო ვერლენის პოეზიას. მისი „შემოდგომის სიმღერა“ ფრანგული სიმბოლიზმის ამოსავალ ლექსად და ფუნდამენტად მიიჩნევა. გივი გეგეჭკორმა შეუძლებელი შესაძლებლად აქცია, როდესაც ვერლენის სხვა ლექსებთან ერთად თარგმნა „ჩემს სულს აწვიმს“:

                                      ჩუმად აწვიმს ქალაქს
                                                 არტურ რემბო

                    რა უსიტყვო ნაღველს მალავს
                    სული, ჩემი მეუფე.
                    სულსაც აწვიმს, როგორც ქალაქს
                    ანდა მის გარეუბნებს.

                    აწვიმს მიწას და სახურავს
                    და შრიალით ავივსე,
                    სევდა სულში ჩასახული
                    უკრავს წვიმის კლავიშზე.

                   ცხოვრობს სულით ეს ობლობა
                   ჩუმი წვიმის მეზობლად,
                   სულში ჩაჯდა, ვით ობობა
                   სევდის უმიზეზობა.

                   და მით უფრო არის მძაფრი
                   უმიზეზო ნაღველი,
                   არსაიდან რომ არაფრით
                   არის ნაკარნახევი.

პირდაპირ ვიტყვი, შეიძლება ზოგჯერ თქვან ხოლმე, რომ ამ შემთხვევაში ის ცოტა დაშორდა ორიგინალს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ორი ენის საფუძვლიანად მცოდნისა და გამოცდილი მთარგმნელის უტყუარი ალღოს წყალობით, ქვეცნობიერისა და ცნობიერის კომპლექსური შეგრძნებით შექმნა ისეთი ახალი ქართული ვერსია, რომელიც დღეს მართლა ბევრმა იცის ზეპირად და ავთენტური ქართული ტექსტი ჰგონია. ეს არის არა შეჯიბრი ვერლენთან, არა უკეთესი ვარიაციის შექმნის მცდელობა, არამედ ორიგინალის ტექსტის მაქსიმალური გაგება და წვდომა, რომ ერთი ენიდან მეორეზე სრულად გადმოიტანოს ლექსის განწყობა, რიტმი და თითქმის ყველა პოეტური ნიუანსი. ასე ხდება, როცა მსგავსი სულები ერთმანეთს ხვდებიან და იკვეთებიან წელიწადის მეხუთე დროში, პოეზიაში. თავადვე წერდა: „მხოლოდ ერთმანეთს დაეძებენ სულები ჩვენი“ და პოულობენ შეუცნობელი მისტიკური ერთიანობით, რომელიც დროისა და სივრცის მიღმა არსებობს.

© არილი

Facebook Comments Box