ესე,  პორტრეტი

ლექსო დორეული – კედლის რეალობა და რეალობის კედელი

რატომ ცდილობენ გივი მარგველაშვილის პერსონაჟები ტექსტიდან გაქცევას?

ფრანც კაფკას „პროცესის“ საწყის თავში იოზეფ კ. თავისი საცხოვრებელი ბინიდან გასვლისას მოსახვევში ერთი ადამიანის სილუეტს მოჰკრავს თვალს. კაცი ნახევარი ტანით გამოჩნდება და როგორც კი მიხვდება, რომ კ.-მ იგი შეამჩნია, მაშინვე სასწრაფოდ მიეფარება თვალს.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს „პერსონაჟი“ ერთ-ერთი ჩვენგანია. ის მკითხველია, რომელიც იმდენად შეიტყუა რომანის მთავარი გმირის თვალთვალის კომფორტმა, რომ უნებლიეთ ტექსტისა და რეალობის საზღვარი გადაკვეთა და როგორც კი აღმოაჩინა, რომ ის შეამჩნიეს, მაშინვე თვალს მიეფარა.

თუ შემთხვევით პერსონაჟმა გამოგიჭირათ, მიხვდა, რომ რეალური ცხოვრებიდან მას დაჟინებით უყურებთ, შეიძლება ტექსტში სამუდამოდ ჩარჩენის, მის ერთ-ერთ პერსონაჟად ქცევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეთ.

მეორე მხრივ კი, თავად წიგნის პერსონაჟები ეცდებიან, გააღწიონ ტექსტის საპყრობილედან და გაექცნენ ჩვენს მზერას, რომელიც მათ ნების თავისუფლებას უზღუდავს.

სწორედ ტექსტიდან გაღწევის დაუძლეველი ლტოლვა, საბედისწერო ჟინია ქართველი  გერმანულენოვანი მწერლისა და ფილოსოფოსის, გივი მარგველაშვილის შემოქმედების მთავარი თემა.

მისი რომანებისა და პიესების გმირები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ტექსტი დამთავრდეს, ნარატივი შეწყდეს, დაიწყოს მათი რომანს მიღმა ცხოვრება, ცხოვრება მკითხველის, სათვალთვალო პანოპტიკონებისა და პოზიციების გარეშე.

გივი მარგველაშვილის პიესაში „მაყურებელთა დარბაზი“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი  (მეფე) სწორედ ამ თვალთვალის სინდრომით იტანჯება, ჰგონია, რომ სადღაც, მათ მიღმა არსებობს ნამდვილი, რეალური სამყარო, რომლის წევრებიც დაჟინებით უთვალთვალებენ სამეფოს მცხოვრებლებს.

საინტერესოა, რომ მეფისთვის მაყურებელი, რომელიც, ერთ-ერთი ინტერპრეტაციით ღმერთს განასახიერებს, არა მეტაფორული ან მეტაფიზიკური, არამედ სრულიად იმანენტური მოვლენაა და ამიტომაც იმ კედლის გარღვევას, რომელიც რეალობასა და ტექსტს ერთმანეთისაგან ჰყოფს, ზარბაზნის ყუმბარების სროლით ცდილობს.

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ ახლა ტექსტში კი არა, რეალობაში ვიმყოფებით? მარგველაშვილის გმირებისთვის, უცნაურია, მაგრამ ტექსტი იქ წყვეტს არსებობას, ტექსტის დრო მაშინ იწურება, როცა ხერხდება ისტორიის გამორთვა, დასრულება და ეს დასრულების წერტილი ისტორიის კოორდინატთა სისტემაში სულაც არ აღინიშნება.

მეორე მხრივ, მარგველაშვილი მთავარ რეალობას ახასიათებს, განსაზღვრავს როგორც ონტოტექსტს, რომლიდან გაღწევაც, ალბათ, მხოლოდ ლიტერატურულ ნაწარმოებში შეჭრით შეიძლება.

არსებობა მეორედ დაბადების, გაქცევის ორ გზას, სტრატეგიას იცნობს: შეგიძლია გაიქცე ტექსტში ან – ტექსტიდან.

გივი მარგველაშვილის ლიტერატურის ერთ-ერთი უმთავრესი ძალისხმევა სწორედ იმ რეალობის კედლის და კედლის რეალობის დანგრევაა, რომელიც ვირტუალურსა და რეალურს, ტექსტსა და ცხოვრებას, მაყურებელსა და მსახიობებს, მკითხველსა და პერსონაჟებს შორის არის აღმართული.

„მაყურებელთა დარბაზში“ არსებული კედელი  მტკიცე და გამძლე, სავსებით რეალური აგურებისგან არის ნაშენი, რაც გვიბიძგებს სამყაროში არსებული იმ ლოკაციების, ზონების, სივრცის პოვნისკენ, სადაც შევძლებთ დავემალოთ მაყურებელს, „თვალის ტრაექტორიას“ (ბატაი), აღმოვჩნდეთ ნამდვილ ეგზისტენციალურ მარტოობაში. სწორედ ამ გარემოებით ვხსნი იმ გაბრაზებას და გულდაწყვეტას, რაც გივი მარგველაშვილმა მასთან დაუვიწყარი შეხვედრისას გამიმხილა – ყველა რეჟისორი, რომელიც ამ პიესას დგამს, რატომღაც არ თვლის საჭიროდ, რომ სცენაზე რეალური კედელი აღმართოსო.

კედლის მეტაფორა, რომელიც ბერლინის კედლის ისტორიულ ხდომილებასაც მოიცავს, მარგველაშვილის რთული და საინტერესო ბიოგრაფიიდან იბადება და არ აქვს მხოლოდ ლიტერატურათმცოდნეობითი მნიშვნელობა.

რთულია, განსაზღვრო ამ დიდებული მოაზროვნის ეროვნული იდენტობა – მას ხომ არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ლინგვისტური სამშობლო გერმანიაა. ამიტომ მენტალური კედელი, რომელიც მარგველაშვილის ორ იდენტობას შორის მისმა ბედისწერამ ააგო, შეიძლება ითქვას, რომ აშენებამდე დაინგრა.

გივი მარგველაშვილი ქართველი ემიგრანტების ოჯახში, ბერლინში დაიბადა 1927 წელს.

1946 წლის 6 თებერვალს მამამისთან, ტიტე მარგველაშვილთან ერთად საბჭოთა სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მოტყუებით გაიყვანეს ბერლინის დასავლეთის სექტორიდან და აღმოსავლეთ ბერლინში გადაიყვანეს. მამა 8 თვის ტყვეობის შემდეგ დახვრიტეს, თავად კი წელიწადნახევარი საკონცენტრაციო ბანაკში გაატარა, რის შემდეგაც ის საქართველოში გადაასახლეს.

„დასავლეთიდან აღმოსავლეთში წავედით და კომენდატურის შენობასთან გავჩერდით. მამა დასაკითხად შეიყვანეს, მე მანქანაში დავრჩი. შემდეგ მეც შემიყვანეს და მამასთან ერთად მომათავსეს საკანში. ეს იყო ბოლო ღამე, რომელიც მამაჩემთან ერთად გავატარე. მეორე დღეს სხვა საკანში მომათავსეს, ცოტა ხანში კი საკონცენტრაციო ბანაკში გადამიყვანეს, ჯერ ჰოჰენშონჰაუზენში, შემდეგ კი საქსენჰაუზენში, ფაშისტების მიერ მოწყობილ კონცლაგერში, რომელსაც შემდეგ კომუნისტები იყენებდნენ. იქ წელიწადნახევარი დავყავი, 47 წლის გაზაფხულამდე… შემდეგ გამანთავისუფლეს. უბრალოდ არ იცოდნენ რა მოეხერხებინათ ჩემთვის. არც ქართული ვიცოდი, არც რუსული. არაფერი ვიცოდი. რა უნდა ექნათ? ამიტომ თბილისში გამიშვეს, რა თქმა უნდა, სხვა სახელით და გვარით, მაღრაძე ვიყავი საბუთებით. ასე მოვხვდი თბილისში“, – ასე შემორჩა თავად გივი მარგველაშვილის მეხსიერებას მისი ცხოვრების ეს ზღვრული ეპიზოდი.

მარგველაშვილის ტექსტები განსაკუთრებით ძვირფასია ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის კონტექსტში, რადგან ის ასახავს ქართველი მწერლისა და ფილოსოფოსის გერმანულ ენაში ცხოვრების 90-წლიან დიდებულ და შთამბეჭდავ ეპოქას.

მისი რომანები, პიესები, ფილოსოფიური ნაშრომები სწორედ ამ ორი კულტურის, განსხვავებული მსოფლხედვის და იდენტობის გადაკვეთის ზღვარზეა შექმნილი. სწორედ ამიტომ, სასიხარულოა, რომ ფრანკფურტის ბაზარზე გივი მარგველაშვილის ბევრი ფუნდამენტური წიგნი იქნება წარდგენილი.

მარგველაშვილი ის ავტორია, რომელიც დღეს, ონლაინ სივრცის ტოტალიზაციისა და გამოსახულებების, მეგაპიქსელების სინამდვილეში, გვასწავლის, თუ როგორ უნდა დავემალოთ მზერას, ობიექტივის თვალსაწიერს და შევძლოთ მარტოობა.

გასულ წელს, დეკემბერში გივი მარგველაშვილის 90 წლის იუბილე აღვნიშნეთ. ახლა ის ბერლინიდან თბილისში დაბრუნდა და სწორედ აქ, აბაშიძის ქუჩაზე ცხოვრობს.

2 თვის წინ მასთან ბინაში სტუმრობისას უამრავ თემაზე ვისაუბრეთ, მათ შორის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზეც.

გაოცებული და აღტაცებული დავრჩი მისი მეხსიერებით, უჩვეულოდ სხარტი აზროვნებით, ფაქტების იმ ფერადი კალეიდოსკოპით, რომლებიც ამ დიდი მოაზროვნის ქართულ–გერმანული ცხოვრების დაუვიწყარ და ცოცხალ ისტორიას ქმნის.

ახლა ვფიქრობ, რომ მისგან სხვა ბევრ რამესთან ერთად, ორი პრინციპული რამის სწავლას ვცდი: ისტორიის გარდაუვალობისთვის წინააღმდეგობის გაწევის ერთგულებას და ტექსტიდან ცხოვრებისეული გამოცდილების გამოტანის პერმანენტულ ჟინს. შევთანხმდით, რომ ერთმანეთს ისევ შევხვდებით, მანამდე კი ჩვენი შეხვედრის ბოლოს მის მიერ დასმული ერთი შეკითხვა არ მომასვენებს: რა არის ჩემი „ეგზისტენციალური შეტყობინება“ ანუ როგორ გამოვიწვიო რეალობა, რომელში ცხოვრებაც მინდა?

© არილი

Facebook Comments Box