სიმშვიდის მანტრა
მამაჩემი არასდროს ეძახდა ჩვენს აივანს აივანს.
ამბობდა: გადასახედი.
ის გადიოდა გადასახედზე, რომელიც თავად შექმნა და საიდანაც,
მთების მჭვრეტელი, თავს ღმერთის ხატად გრძნობდა.
მიწად ჩამოსული ღმერთებიც ალბათ ამიტომ ირჩევდნენ მაღალ მთებს სავანედ –
მათ ჰქონდათ გადასახედი სამყაროს ყველა კუნჭულში თვალის შესასწრებად,
შემდეგ კი ცაში აიკრიფეს მოსასხამთა ბოლოები,
ხოლო ჩვენ დავრჩით გადმოსახედი,
გადმოსაფარნი მათი კალთების და ველოდებით ხსნას ცის აივნებიდან.
და ველოდებით მგალობელ ღმერთებს,
რომლებიც გადმოდგებიან ვრცელ ბანებზე
და გვიმღერებენ სიმშვიდის სიმღერებს
მიწაზე ყოფნის დასაამებლად.
ახსნა
ოდესმე,
როცა ვიქნებით სხვა რასის წარმომადგენლები
და ჩვენი მშვენიერი სხეულების მსგავსს
მხოლოდ ისტორიის საკვლევ ცენტრებში ვნახავთ,
ჩემს იმ დროში მშვენიერ ხელებს
შენს იმ დროში მშვენიერ თავს შევახებ
და უცნობი სინათლის წყალობით,
რომელიც მზერას გაგვინათებს,
მივხვდებით,
რომ დრო მხოლოდ წარმოსახვაა
და იმ სარტყელშიც,
სადაც ჯერ კიდევ სისხლით სავსე გვქონდა გულები,
გვიყვარდა ერთმანეთი.
ხიდი
ზოგჯერ, როდესაც ტკივილი მფიტავს
და მეხსიერება თვალსაჩინოდ მღალატობს,
ვფიქრობ:
თუ გადავწყვიტე ხიდის გადება ჩემს წარსულთან,
გადარბენა და ზურგსუკან დაწვა,
სად გავჩერდები?
მშობლები ალბათ იქნებიან და
ეს სიყვარული?
ძალიან მინდა, არ დამავიწყდე.
ან როგორ უნდა დამავიწყდე,
დამეხილ ხეებს გაელვებაზე კანი არ უთრთით?
თუ ჩამომისვამ ტოტებზე ხელებს,
ფოთოლს მომაცლი ან მეჩხერ ყვავილს,
ვითომ ვერ გიცნობ?
არ შემიკრთება ვარჯში წყალი,
ჩემი სიზმარი კუდს არ მოიქნევს?
გადმოირბინე ჩემთან ერთად ხიდი, თუ გავდე.
გადმოირბინე, რომ მე – ჩემსას, შენ შენს თავს ჰგავდე.
დაწმენდა
წყალო, ძლიერო,
მოგენდე, რომ შენსავით ძლიერი გავხდე,
შენით ყველგან შევაღწიო.
შენგან მივიღო მინებების ცოდნა –
დამდაბლების,
ესე იგი სიცოცხლის წესი.
ყველაზე რთულ გაკვეთილზე ისწავლება:
ნების საწინააღმდეგოდ იღებდე შენს წილ ტკივილს
და აცდიდე შენს გამოწრთობას,
მშვიდ დინებაში ჩატანას.
წყლიდან მხოლოდ სულელი თევზები ხტებიან
და იქმნიან ილუზიას, რომ ფრენენ და დინებას ეწინააღმდეგებიან,
თუმცა მდინარეს ვერ სცდებიან და ისევ მასში ცხოვრობენ.
წყალო, რომელიც ყველა სიღრმეში ჩადიხარ,
რომელსაც ფსკერის არ გეშინია,
ფსკერიდან ცაში ხვდები ისევ დასაბრუნებლად.
წყალო, რომელიც ხარ ჩემში,
რომელიც სიცოცხლეს ნიშნავ.
წყალო, მოგენდე.
მატრიალე, მაბრუნე.
მომეწყალე.
შეჭრა
როდესაც ვერაფერს ვაკეთებ,
შევდივარ ინსტაგრამზე და ვუყურებ,
როგორ ჭრიან გრძელთმიან გოგოებს თმას.
ისინი მღელვარებას სიცილით ფარავენ,
ზოგი თვითონ იღებს მაკრატელს და პირველ გადაჭრას საკუთარი ხელით ბედავს.
ვუყურებ სტილისტის თითებში მოქცეულ კუდებს,
მერე – უკვე შემოკლებული თმისთვის ფორმის მიცემის პროცესს
და ვფიქრობ,
რამდენი დღე იყო მასში ჩაწნული,
რამდენი გულისცემა.
მთელი წელია, თმა არ შემიჭრია.
იმ დღიდან, როცა სიცოცხლეზე უარი ვთქვი.
თმა მაინც იზრდებოდა სხეულიდან ზღვის გამოდენის მიუხედავად,
მშრალი მიწა ერთნაირად ზრდიდა თმასა და სიკვდილს,
ერთიანად მიმაქანებდა ღამეში.
ის იზრდებოდა უმზეო ზამთარში,
როცა მხოლოდ ძილი და ფიქრი შემეძლო
და იზრდება ახლაც, როცა სიცოცხლეში შევიჭერი,
როცა დავთანხმდი.
მასთან ერთად ის ლექსები ჩამოიზარდნენ, დღეს რომ გაკვირვებას მგვრიან
და მე ამოვედი –
ბალახი, კიდევ ერთხელ საცდელად;
ამიტომ არ მყოფნის ძალა მწვანე მოლის შესაკრეჭად სხვა, გაბედული გოგოებივით,
ვერ ვიცინი მღელვარებისგან სხვა, გაბედული გოგოებივით
და ვერც რომელიმე ხელს ვანდობ თავს.
(ეს) გაზაფხული
სულ ეს რომ იყოს ცხოვრება:
იღვიძებდე.
ცოტა ხანს სიზმარში ერკვეოდე,
მერე – ფეისბუქში, სანამ ბატარეა გაგიშვებს,
დგებოდე, იბანდე,
იწვავდე კვერცხს ინდური სერიალის თანხლებით,
საიდანაც სიტყვა დედამთილო გესმის,
სახეების ახლო კადრებს კი ვერ ხედავ,
რადგან ამ დროს კვერცხში პურის ნაჭრებს ავლებ და სამზარეულოში ხარ.
ჭამდე.
დასცქეროდე წუხანდელ დასარეცხ ჭურჭელს მიმატებულ
დილის ტაფასა და ორ ცალ თეფშს
და გული გიწუხდეს, რადგან ამქვეყნად ყველაზე მეტად
ჭურჭლის რეცხვა გეზარება,
ტელევიზორიდან კი გესმოდეს დედამთილისადმი ბოდიშის მოხდა
და იმ, ახლოს მოტანილი კადრების ფონზე,
სადაც ყველა სახე შეძრწუნებულია, მაგრამ ისევ ვერ ხედავ,
იწყებდე რეცხვას.
და მოდიოდეს შუადღე,
როცა სადმე წახვალ –
ქვედა ან ზედა მარკეტში,
მეზობელი მიკრორაიონის 23-ე ან შენი მიკრორაიონის საწყისი კორპუსების მხრიდან.
გზად ათვალიერებდე ხეებს და იღებდე ყვავილებს,
და მარკეტში, სადაც ადამიანებს ხედავ, ყიდულობდე საკვებს,
რომელსაც, შენდა გასაკვირად, ისევ ჭამ.
შინ დაბრუნებული იბანდე,
სპირტით წმენდდე ტელეფონს
და იყურებოდე მასში სხვების ცხოვრებისთვის თვალის შესავლებად,
ფურცლავდე სანიშნიან წიგნებს, რომლებსაც ვერ ამთავრებ,
ამასობაში საღამოვდებოდეს და ისევ საჭმლის მომზადებას იწყებდე,
ამჯერად სიტყვა ბაჰარის თანხლებით,
რომელიც გაზაფხულს ნიშნავს
და ვერ ხედავდე ქალს, სახელად ბაჰარ,
ისევე როგორც გაზაფხულს, რომელიც ასე გაატარე –
გათენებიდან დაღამებამდე დისტანციის დაცვით,
თუ არ ჩავთვლით იმ ყვავილებს,
კორპუსების წინ შემოღობილ ბაღებში რომ აყვავდნენ
მისი არსებობის ნიშნად.
© არილი