ესე

შალვა ცხოვრებაძე – არტურო ბენედეტი მიკელანჯელი – იტალიელი პერფექციონისტი

Arturo_Benedetti_Michelangeli2388

ლომბარდიის ბრეშას მახლობლად, პატარა ქალაქ ორძინუოვიში 1920 წელს დაიბადა ჩვილი თითქმის მითოლოგიური სახელითა და გვარით – არტურო ბენედეტი მიკელანჯელი. მუსიკის პირველი გაკვეთილები სამი წლის ასაკში მამისგან მიიღო, შემდეგ ბრეშაში მიაბარეს, თერთმეტი წლისა კი მილანის კონსერვატორიაში ჩაირიცხა. ბავშვობა სხვებისგან გამორჩეული არაფრით ჰქონია, სწავლობდა და ამასთან ერთად მახლობელ თუ შორეულ რესტორნებში დაკვრით ცოტა ფულს აკეთებდა, დასნეულებულ მამას რომ დახმარებოდა. ხუთი წლისამ სცენიდან გაქცევა დაიბედა – თვისება, რომელიც მომავალში მისი ლეგენდის განუყოფელ ნაწილად იქცევა და არაერთ იმპრესარიოსა თუ აგენტს გაუმწარებს სიცოცხლეს. თუმცაღა მაშინ ვერავინ მიხვდა, რომ გაქცევის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მაღალი სკამი იყო, რომელსაც ვერ შესწვდა.

მომავალში იტყვიან, სრულყოფილება რაფაელისა აქვს, გვარი თუმც მიქელანჯელოს მიუგავსო. ბენედეტი კი იტალიურად კურთხეულს ნიშნავს, რაც ბავშვისთვის იღბალს მოასწავებდა.

თუმცა, არცთუ იღბლიანი აღმოჩნდა მიკელანჯელისთვის 1938 წლის კონკურსი ბრიუსელში. პატივცემულმა ჟიურიმ, რომელსაც სხვა მრავალთა შორის, არტურ რუბინშტაინი, ვალტერ გიზეკინგი, იგნაც ფრიდმანი და თავად ლისტის მოწაფე, წინა საუკუნიდან გადმოსული ემილ ფონ ზაუერი წარმოადგენდნენ, თითქოსდა არადამაკმაყოფილებელი შესრულების გამო ჩვიდმეტი წლის იტალიელს მხოლოდ მეშვიდე ადგილი მიაკუთვნა. მაგრამ, ბელგიის დედოფალმა ელისაბედმა, რომლის პატრონაჟითაც მიდიოდა კონკურსი, სხვანაირად განსაჯა, იტალიელი სასახლეში მიიწვია, ბრილიანტებით გაწყობილი შვიდიანის ფორმის საკინძები გაუწოდა და მიუგო: „დღეიდან ეს თქვენი იღბლიანი რიცხვია“. სამეფო სასახლეში დედოფალთან ერთად, რომელიც ვიოლინოზე უკრავდა, მიკელანჯელიმ დახურული კონცერტი გამართა, რასაც შემდეგ მათი მრავალწლიანი მეგობრობა მოჰყვა.

მომავალ, 1939 წელს ჰიტლერი პოლონეთში შესაჭრელად ემზადება, ევროპას მუზებისთვის აღარ სცალია. ჩაიშალა ბრიუსელის კონკურსიც და ახლა მხოლოდ ნეიტრალურ შვეიცარიას აქვს ფუფუნება ჟენევაში ახალი მუსიკალური კონკურსის ორგანიზებისა. ამ კონკურსის პირობების თანახმად, ჟიურისა და კონკურსანტებს შავი ფარდა ჰყოფს. დაცულია მონაწილეთა გვარების ანონიმურობაც, ყოველ მათგანს მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი. მიკელანჯელის სწორედ „იღბლიანი“ მეშვიდე ნომერი ერგო – დადგა დრო დედოფლის სიტყვების აღსრულებისა, ფრანგული სკოლის პატრიარქი, ალფრედ კორტო მიკელანჯელის „ახალ ლისტად“ გამოაცხადებს და პირველი პრემიასაც მას მიანიჭებენ. სწორედ ჟენევის კონკურსიდან იღებს სათავეს მიკელანჯელის ლეგენდა, ლეგენდა მშვენიერების უცნაურ მსახურზე, რომელიც ამ მშვენიერებას თვეებისა და წლების მანძილზე სრულყოფდა თავის ვილებზე გაფანტულ როიალებზე, ვიდრე მადლიერმა იტალიის მთავრობამ ფინანსური პრობლემების გამო, ეს ვილები არ დაუყადაღა. რადგან ყადაღა, გარდა უძრავი ქონებისა, მის მომავალ ჰონორარებსაც ეხებოდა და ახლა უკვე აღარც ის როიალები ეკუთვნოდა, რომლებზეც მეცადინეობდა, გაბეზრებულმა მიკელანჯელიმ მიატოვა იტალია და იქვე საზღვართან ახლოს, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში დაიდო ბინა. ამიერიდან, აღთქმის თანახმად, მშობლიური იტალიის მიწაზე აღარასოდეს დაუკრავს, რასაც ცხოვრების ბოლომდე პირნათლად შეასრულებს. გამონაკლისს მხოლოდ ვატიკანის კონცერტები წარმოადგენს.

თუმცა, ჯერ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ და კვლავ ჟენევის კონკურსს დავუბრუნდეთ. საბედნიეროდ, კონკურსის არქივმა შემოინახა მიკელანჯელის შესრულებული ლისტის პირველი საფორტეპიანო კონცერტის ჩანაწერი შვეიცარელი ერნესტ ანსერმეს დირიჟორობით. დღეს, მსოფლიოში ურიცხვი კონკურსების ფონზე, როცა ტექნიკური შესაძლებლობები აღარავის აკვირვებს, ცხრამეტი წლის იტალიელის მუსიკალური სიმწიფე და სრულყოფილება ისევ გამოცანად რჩება. თითქოს, მიკელანჯელის ცხოვრებამ დროისა და ასაკის მიღმა ჩაიარა – ცხრამეტი წლისა ის უკვე სრულფასოვანად გრძნობდა და გადმოსცემდა მუსიკალური ნაწარმოების ფორმასა და იდეას, მისი დაკვრა ისეთივე უნაკლო იყო კარიერის დასაწყისში, როგორც შემდეგ, უკვე ლეგენდადქცეულ წლებში. ამიტომ, კიდევ უფრო გვაეჭვებს ერთი წლით ადრე ბრიუსელში წარმოთქმული არტურ რუბინშტაინის სიტყვები ახალგაზრდა იტალიელის არადამაკმაყოფილებელ შესრულებაზე. ჟენევის კონკურსს მალე მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა…

როგორც ამბობენ, მიკელანჯელი წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდა. მფრინავის ხელობის დაუფლებისას, ის ხელში დაჭრეს და რვა თვით ციხეში უკრეს თავი, შემდეგ თითქოს დრო იხელთა, მტრის თვითმფრინავი გაიტაცა და ტყვეობას ასე დააღწია თავი. თუმცა, შემდგომში ამის გახსენება არ სიამოვნებდა და დუმილს არჩევდა. მეორე ვერსიის მიხედვით კი, ბელგიის დედოფლის ასულის, იტალიის დედოფლის, მარია ჟოზეს პირადმა შუამდგომლობამ ის სამხედრო სამსახურიდან დაიხსნა.

ბევრი რამ   არც მის პირად ცხოვრებაზე ვიცით. ომის წლებში ის ჯულია გუიდეტიზე დაქორწინებულა, რომელიც გაყრამდე, თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში, ცოლისა და მდივნის მოვალეობას მოკრძალებული ერთგულებით ასრულებდა და რადგან ბორნატოს ვილის ზღურბლს იშვიათად თუ ვინმე გადალახავდა და არც წყვილს უყვარდა საჯაროდ ერთად გამოჩენა, ცოტა ვინმე თუ მოიძებნებოდა, ვინც ამ ქორწინების შესახებ იცოდა. გუიდეტისთან გაყრის შემდეგ, ვიდრე მიკელანჯელის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე, მდივნისა და აგენტის მოვალეობა ოცი წლით უმცროსმა მარი-ჟოზე გრო-დიუბუამ გადაიბარა. მისსავე განკარგულებაში იყო ფინანსებიც, რომლისაც მაესტროს არაფერი გაეგებოდა, თუმცა ხშირად სწორედ ფინანსური პრობლემები აიძულებდა კონცერტების გამართვას და ძალიან უკვირდა, რომ მათში ასე ძვირს უხდიდნენ. კონცერტების შემდეგ კი ძლიერი სევდა შემოაწვებოდა ხოლმე და თავს კიდევ უფრო მარტოსულად გრძნობდა, ვიდრე მანამდე.

იტალიელი მაესტროსთვის ყოველი კონცერტი ერთგვარი ღვთისმეტყველების აქტია, მან ზედმიწევნით კარგად იცის ამ რიტუალის ყველა უმცირესი ნიუანსი. ზუსტად აქვს გათვლილი როდის უნდა გადადგას სცენისკენ პირველი ნაბიჯი და სად მოიჩრდილოს პროჟექტორის მწველი შუქი. გრძელი, უკან გადავარცხნილი თმით, რომელიც სიმელოტეს უფარავს, და მკაცრი სახით ის უახლოვდება როიალს, მიუჯდება, აიღებს კონცენტრაციისთვის აუცილებელ რამდენიმეწამიან პაუზას და მხოლოდ ამის შემდეგღა წაიღებს ხელებს კლავიატურისკენ… ნახევრად ჩაბნელებული სცენიდან დარბაზს ვერ ხედავს და ახლა, სრული კომფორტისთვის ისღა დარჩენია, თავი აიძულოს, დაივიწყოს აუდიტორია, რომელიც ისედაც არასდროს ჰყვარებია და ასაკთან ერთად კიდევაც შეიძულა. პირველი ბგერების მოლოდინში დარბაზში სრული სიმყუდროვე ისადგურებს. ამით რიტუალის პირველი ნაწილი დასრულებულია.

რიტუალის მეორე ნაწილი უკვე თავად მუსიკაა. მიკელანჯელი მუსიკოსთა იმ ტიპს განეკუთვნება, რომელთა მოსმენა ხმის გარეშეც შესაძლებელია, თუკი მისი სხეულისა და მიმიკის ენას ჩავწვდებით. თუმცა, რისი მიკელანჯელია, თუ საქმე აქაც არ გაართულა: მისი ტორსი თითქმის უძრავია და თითებიც ძუნწად მხოლოდ საჭირო კლავიშებს ეხებიან. ბევრს არც სახის გამომეტყველება გვეუბნება, მაგრამ კარგად თუ დავაკვირდებით, ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს საფეთქლებთან დაჭიმული სისხლძარღვების პულსაცია – ახლა ნათელია, ამ ერთგვარი ქიმერულობის მიღმა რაღაც დაავადებით დასნეულებულ კაცს სხეულთან და მუზებთან ჭიდილი საკმაო ძალისხმევად რომ უჯდება. ალბათ, სწორედ ეს ძალისხმევა თუ ღალატობდა და ათქმევინებდა ხოლმე უარს უკვე გამოცხადებულ კონცერტებზე, რის შედეგადაც, თითქოს მისი გაუქმებული კონცერტების რაოდენობამ კიდეც გადააჭარბა  ჩატარებულებს. მუსიკალურ სამყაროს სხვა ასეთი ახირებული კაციც ახსოვს – კარლოს კლაიბერი, ავსტრიელი დირიჟორი, რომელიც განგებამ 70-იანების დასაწყისში შეახვედრა კიდეც იტალიელ მაესტორს, როცა ბეთჰოვენის მეხუთე საფორტეპიანო კონცერტი სამჯერ მიყოლებით შეასრულეს, მაგრამ მაშინ, ალბათ იმავე განგების წყალობით, ამ უნიკალური ტანდემის ჩაწერაზე არავინ იზრუნა. მიკელანჯელის ძალიან უჭირდა დირიჟორებთან ურთიერთობა, გამონაკლისს მხოლოდ მისი რამდენიმე რჩეული წარმოადგენდა, მათ შორის, იტალიელი გუიდო კანტელი, არტურო ტოსკანინის საყვარელი მოწაფე და იტალიური სადირიჟორო სკოლის დიდი იმედი, რომლის ადრეულ გარდაცვალებას დიდხანს საგანგებოდ უმალავდნენ მხცოვან ტოსკანინის. რთული აღმოჩნდა მიკელანჯელისთვის პირველი რეპეტიცია რუმინელ სერჯუ ჩელიბიდაკესთან, რომელსაც იგი ცოცხალთა შორის უდიდეს მუსიკოსად, ხოლო პიანისტთა შორის ჭეშმარიტ დირიჟორად მიიჩნევდა, რადგან არავის სხვას საორკესტრო ფერების როიალზე ამდენის მიღწევა არ შეეძლო. შემდეგ თანამშრომლობა მაინც შედგა და ლეგენდარულ რაველის საფორტეპიანო კონცერტს სწორედ მან უდირიჟორა მიკელანჯელის ერთ-ერთ უკანასკნელ კონცერტზე.

კონცერტებთან ერთად მიკელანჯელი სწავლებითაც იქცევდა თავს, პირველი მოწაფე შორეულ წარსულში 11 წლის ასაკში ჰყავდა. ახლა კი კონცერტებიდან შემოსულ ჰონორარებს ხელმოკლე და ნიჭიერ მოწაფეებს ახმარს. სხვადასხვა წლებში  უმაღლესი დახელოვნების რამდენიმე კურსი მიჰყავდა ბოლონიის, ვენეციის, ბოლცანოსა და არეცოს კონსერვატორიებში. ხოლო ლუგანოში დაფუძნების შემდეგ საყვარელი საქმე ვილა ჰელენიუმზე გააგრძელა. საუკეთესო მოწაფეთა შორის, საკმარისია მაურიციო პოლინი და მარტა არგერიხი დავასახელოთ.

სწორედ მისი მოწაფეების გადმოცემებიდან ვიცით მიკელანჯელის ცხოვრებისა და მუშაობის სტილზეც. დაძინება გამთენიისას უყვარდა, შუადღეს იღვიძებდა და სუსტი ფილტვების მიუხედავად, გაუთავებლად ეწეოდა. არასდროს ზრუნავდა ჩაცმაზე და სულ რაღაც ორი წყვილი ტანსაცმელით გაჰქოდნა თავი ზაფხულსა და ზამთარში. ხელების დაზიანების შიშით სპორტს უფრთხოდა, მაგრამ რბოლის ვნებასთან უძლური იყო – ჰყავდა ფერარი, რომელსაც უკიდურესი სისწრაფით დააქროლებდა ლომბარდიის გზებზე.

ნაწარმოებზე მუშაობისთვის კი, როგორც თავად ამბობდა, დღეღამეში 24 საათი ეხარჯებოდა, აქედან ინსტუმენტთან მხოლოდ შვიდ-რვა საათს ატარებდა. თითოეულ პიესას სკრუპულოზურად ამუშავებდა, ვიდრე ტექნიკურ სრულყოფას არ მიაღწევდა. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა ინტერპრეტაციაზე ფიქრს. იცნობდა მთელ საფორტეპიანო ლიტერატურას, მაგრამ კონცერტებზე მხოლოდ მცირე ნაწილი გამოჰქონდა. როგორც ამბობდა, ჯერ საკუთარი თავისკენ უნდა გაეკვალა გზა და მხოლოდ ამის შემდეგ პუბლიკისაკენ. ზრუნავდა როიალებზე, ძირითადად საკუთარი „სტეინვეით“ და ერთგული ამწყობით  დადიოდა ტურებში, რაც ფინანსურად არცთუ მომგებიანი იყო. იაპონიაში ერთ-ერთი გასტროლის დროს, როიალმა მგზავრობას ვერ გაუძლო და მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც მიკელანჯელიმ, რა თქმა უნდა, გააუქმა კონცერტები, რასაც თავის მხრივ იაპონელების მწვავე რეაქცია და  საჯარიმო სანქციები მოჰყვა. მიკელანჯელიმ სამუდამოდ დაივიწყა იაპონური პუბლიკა.

უკანასკნელად დებიუსის პროგრამა დაუკრა ჰამბურგში და ორი წლის შემდეგ ლუგანოში ახლობლების გარემოცვაში დალია სული. ანდერძის თანახმად საიდუმლოდ დარჩა გარდაცვალების მიზეზიცა და ზუსტი დროც. დაკრძალეს ლუგანოს მახლობლად პურას პატარა სასაფლაოზე. დაკრძალვას მიკელანჯელის მცირერიცხოვან თაყვანისმცემელთა შორის, მაურიციო პოლინი და მარტა არგერიხიც ესწრებოდნენ. საფლავს უბრალო ხის ჯვარი ამშვენებს.

მუსიკალურმა სამყარომ გასულ წელს მიკელანჯელის გარდაცვალების ოცი წლისთავი აღნიშნა. აღმოჩნდა, რომ ორი ათეული წლის შემდეგაც, მისი ასკეტური ცხოვრების შესახებ ისევ ძალიან ცოტა ვიცით, მისი უნაკლო ჩანაწერები კი კვლავ აღფრთოვანებას იწვევს, განსაკუთრებით ახალ თაობებებში, ვისაც იტალიელი მაესტროს ცოცხლად ხილვის საშუალება არ ჰქონია. თუ ადრე, მისი პირქუში და ცივი შესრულების სტილი ხშირად კრიტიკის საგანიც კი იყო, დღეს იგი ახალი თაობის ბევრი პიანისტისთვის შესრულების ერთადერთ მისაღებ მოდელს წარმოადგენს. მიკელანჯელის უზომო პოპულარობის დასტურია ონლაინ სამყაროში გაფანტული უამრავი ფალსიფიცირებული ჩანაწერიც, რომელსაც მას მიაწერენ, თუმცა, გაწაფული ყური გრძნობს, რომ ტონებითა და ფერებით ასე თამაში და ჩამოქნილი თითებით შესრულებული გამჭვირვალე, თითქმის ეთერული ტრელები მხოლოდ იტალიელი პერფექციონისტის არსენალში იყო.

© არილი

Facebook Comments Box