ახალი კვლევის მიხედვით, უილიამ შექსპირმა პიესა „ციმბელინისთვის“ შთაგონება სერ თომას ნორტის, დედოფალი ელისაბედის კარისკაცისა და მწერლის, ამჟამად დაკარგული დადგმიდან აიღო.
რომაული პერიოდიდან ჰენრი VII-მდე ბრიტანეთისა და საფრანგეთის ისტორიის კრებულის, ფაბიანის ქრონიკის 1533 წლის გამოცემის მინდვრებზე მიაკვლიეს ნორთის შენიშვნებს, რომლებიც შექსპირის ტრაგიკომედიის სიუჟეტსა და სხვა დეტალებს აღწერს.
მაიკლ ბლენდინგი წიგნს ჰარვარდის უნივერსიტეტის ჰაუტონის ბიბლიოთეკაში წააწყდა. მისი თქმით, შეუძლებელია, მინდორზე დატანილი ინფორმაცია შექსპირის პიესას ეყრდნობოდეს, ვინაიდან ნორთი „ციმბელინის“ სცენაზე დადგმამდე (როგორც ვარაუდობენ, 1609-10 წლებში) დაახლოებით 6 წლით ადრე გარდაიცვალა.
„ეს რევოლუციური აღმოჩენაა, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ნორთმა წიგნი საკუთარი პიესის მონახაზისთვის გამოიყენა, რომლის ადაპტაციაც მოგვიანებით შექსპირმა შემოგვთავაზა“, – დასძინა ბლენდინგმა.
მარგინალიები ასევე დამოუკიდებელმა მკვლევარმა, დენის მაკკარტიმ, გააანალიზა, რომელიც 2005 წლიდან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით „ჰამლეტს“ ადარებს სხვა პიესებსა, მათ შორის ნორთის ხელნაწერებსაც.
სწორედ მისი კვლევა იქცა ბლენდინგის წიგნის „შექსპირის ჩრდილის“ შთაგონებად. ავტორმა მე-16 საუკუნის ათობით წიგნი მოიძია, რომლებიც ოდესღაც ნორთის ოჯახს ეკუთვნოდა და ზოგიერთზე მის მინაწერებიც აღმოაჩინა.
ფაბიანის ქრონიკის მინდვრებზე დატანილი შენიშვნები „ხშირად „ციმბელინის“ სიუჟეტს მისხალ-მისხალ იმეორებს,“ – ამბობს ბლენდინგი. „მაგალითად, ორივეგან გამოკვეთილია იულიუს კეისრის ბრიტანეთში შეჭრის განმეორებითი მცდელობები და ყურადღება გამახვილებულია ბრიტანელი მეფეების მიერ რომში ხარკის გადახდის თემაზე. გარდა ამისა, ორივე კონცენტრირდება ციმბელინის ვაჟებზე, აღწერს პერსონაჟის სტრატეგიას, შენიღბვით მოკლას მტერი. ასევე აღწერს „ტორფის კედელთან“ ბრძოლას, რომელიც ისტორიულად შოტლანდიაში მოხდა“.
შექსპირის პიესა „ციმბელინს“ საფუძვლად ძველი ბრიტანელი მეფის, ცინობელინუსის ლეგენდა უდევს. სიუჟეტი სანაძლეოს ირგვლივ ტრიალებს: ხელმწიფის ქალიშვილი იმოგენი არასასურველ ქორწინებას გაექცევა და ჯვარს უჩუმრად პოსთუმუსზე დაიწერს. განრისხებული ცინობელინუსი სიძეს რომში გააძევებს, სადაც ყმაწვილი ცბიერ იაკიმოსს გადაეყრება, რომელიც სანაძლეოს ჩამოუვა, რომ მისი ცოლის შეცდენას შეძლებს.
დამოუკიდებელი მკვლევარი მაკკარტი ამბობს: „ვფიქრობ, [ნორთი] შენიშვნებს საკუთარი სცენარისთვის წერდა… აგროვებდა ისტორიულ ფაქტებს, რომლებსაც გამოიყენებდა“. თავისი მოსაზრება დოკუმენტი მტკიცებულებითაც განამტკიცა – ნორთს კავშირი ჰქონდა რობერტ დადლის თეატრალურ ჯგუფთან, რაც სასამართლო დავის ჩანაწერებით დასტურდება.
მარგინალიის კვლევაში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ხაზგასმულია, რომ აღმოჩენილ ჩანაწერებში შექსპირის პიესის გარემო, პერსონაჟები და ენა იკითხება: „ნორთის 53 განსხვავებული შენიშვნიდან ნახევარზე მეტი „ციმბერლინის“ მოქმედ გმირებსა და მოვლენებს აღწერს და მათგან თითქმის ყველა დადგმის თემატიკას ფუნდამენტურად განსაზღვრავს.“ შესაბამისად, აღმოჩენილი ჩანაწერები „დამაჯერებლად აჩვენებს, რომ პიესის მიღმა შემოქმედებითი გენიოსი, ფაქტობრივად, თომას ნორთია.“
ერთ-ერთი მყარი არგუმენტი მართლწერის შეცდომაა: შექსპირის „ციმბერლინის“ 1623 წლის პირველ ცნობილ პუბლიკაციაში, დედოფალი ძველ ბრიტანელ მეფეს მოიხსენიებს, როგორც ‘Cassibulan’ (ნაცვლად ‘Cassibellan’). სხვა უფრო ძველი ისტორიული წყარო, რომელიც იყენებს ამ მართლწერას, ჩვენთვის უცნობია… გარდა ნორთის ჩანაწერებისა…“
თუმცა შექსპირის ინსტიტუტის დირექტორი, მაიკლ დობსონი ამბობს, რომ მიუხედავად ნორთის ანოტაციების აღმოჩენის თავისთავადი „ღირებულებისა“, „არა მგონია, რომ მტკიცებულებები… საკმარისი იყოს იმის დასასაბუთებლად, რომ ნორთი თავის წყაროდ ფაბიანის ქრონიკას იყენებდა. არც იმის საფუძველი ჩანს სადმე, რომ შექსპირს ამ ანოტაციების ან დაკარგული პიესის შესახებ რამე უნდა სცოდნოდა“.
ასევე დაამატა, რომ თეორიის დასასაბუთებლად ორთოგრაფიული მტკიცებულება საკმარისი არაა, რადგან ჩანაწერი ეკუთვნის არა შექსპირს, არამედ გადამწერს. და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქვეყნოდ ცნობილია, „ციმბერლანის“ მთავარი სიუჟეტური ხაზი არა ფაბიანის ან სხვა რომელიმე მემატიანეს ჩანაწერიდან, არამედ ბოკაჩოს „დეკამერონიდან“ რომ მოდის.
© არილი