ახალი ამბები

შეხვედრა ბერნჰარდ შლინკთან – ისტორიაზე წერა: წარსულთან თანაცხოვრება

სიმბოლურია, რომ „The Conversation“-ის სტატიაში, რომელიც ხმამაღლა კითხვის მნიშვნელობას შეეხება, „წამკითხველია“ მოხსენიებული. „აქ ხმამაღლა კითხვა ინტიმურობის განუყოფელი ნაწილია. […] კითხვა აერთიანებს ორ განსხვავებულ ინდივიდს, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურადაც. ამიტომაც, მოგვიანებით, როცა ჰანას ომისას ჩადენილი დანაშაულების გამო დააპატიმრებენ, მთავარი გმირი მისთვის წაკითხვას განაგრძობს, ოღონდ შორიდან“.

სტატიაში ვკითხულობთ იმასაც, რომ ხმამაღლა კითხვას ადამიანების დაახლოების გასაოცარი უნარი აქვს. ხმამაღლა კითხვას მეტი დრო სჭირდება, მაგრამ ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ნელა კითხვა უფრო გრძნობადი კითხვაა. განსხვავებით, მაგალითად, აუდიო წიგნებისაგან, რომლებიც მეტად ხშირი და გავრცელებულია ბოლო დროს, ხმამაღლა კითხვისას წამკითხველი დამკვირვებელიცაა, არჩევს ჟესტებს, გამომეტყველებასა და ინტონაციას. რა თქმა უნდა, ამავდროულად მსმენელიც აკვირდება, მთელი მისი ყურადღება წამკითხველზეა კონცენტრირებული, რაც ქმნის კიდეც განსაკუთრებულ კავშირს.

რაც შეეხება ამ სტატიის სიმბოლურობის მიზეზს, 12 სექტემბერს, 19 საათზე სწორედ ბერნჰარდ შლინკთან, „წამკითხველის“ ავტორთან შეხვედრა გაიმართება გოეთეს ინსტიტუტში, სადაც ის ნაწყვეტებს წაიკითხავს თავისი რომანებიდან. შეხვედრის მოდერატორი მაია ფანჯიკიძე იქნება, რომელმაც მისი რომანი „ოლგა“ თარგმნა. დასწრება თავისუფალია, შესაბამისად, ნებისმიერი მსურველი შეძლებს, მსმენელად იქცეს, როცა ავტორი წამკითხველად გადაიქცევა.

ბერნჰარდ შლინკი 1944 წელს, გერმანიაში დაიბადა. მისი სამწერლო კარიერა დეტექტიური რომანებით დაიწყო, თუმცა მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები უკვე ხსენებული „წამკითხველია“, რომელიც 1995 წელს გამოიცა და ბესტსელერად იქცა. რომანის მთავარი გმირი თავდაპირველად 15 წლის ბიჭია, რომელსაც უფროსი ქალი, ჰანა უყვარდება. რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ, მოულოდნელად, ჰანა უჩინარდება. ხელახალი შეხვედრა მხოლოდ წლების შემდეგ, სასამართლოზე შედგება, სადაც ჰანას ომში ჩადენილი დანაშაულისთვის ასამართლებენ, მთხრობელი კი უკვე სტუდენტია. რომანი პირველი გერმანულენოვანი წიგნია, რომელმაც The New York Times  ბესტსელერთა სიაში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. თარგმნილია 50-ზე მეტ ენაზე, მათ შორის, ქართულადაც, გვანცა შუბითიძისა და ნათია ლაფერაძის მიერ.

„ვისი ხელით მოქმედებს დიქტატურა? როგორები არიან ტოტალიტარული რეჟიმის ნების უშუალო აღმსრულებლები? როგორ იქცევა ადამიანური სისუსტე ბოროტების დასაყრდენად? როგორ შეიძლება, რომ რიგითმა მოქალაქემ, რომელსაც სხვა გარემოებებში სრულიად განსხვავებული ცხოვრება ექნებოდა, წარმოუდგენელი სისასტიკის ჩადენისას თავს დააჯეროს, რომ მხოლოდ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს?“ – სწორედ ამ კითხვებს აჩენს „წამკითხველი“, თუმცა, როგორც თავად ავტორი ამბობს, მისი განზრახვა პასუხების გაცემა არაა.

„სტუდენტობისას ყოველთვის ვწერდი, მაგრამ არაფერს ვაქვეყნებდი. როდესაც პროფესორი გავხდი, დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ წერისას განცდილ სიამოვნებას კვლევების წერით მივიღებდი. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ გავაცნობიერე, რომ რაღაც მაკლდა“ – ამბობს შლინკი “The Independent”-თან ინტერვიუში და დასძენს: „მორალური დილემები ყოველთვის მაინტერესებდა, შესაძლოა, ეს დედაჩემსა და ჩემს ბავშვობას უკავშირდება. ის შეპყრობილი იყო მორალთან დაკავშირებული პრობლემებით. ვფიქრობ, ნაწილობრივ მისი დამსახურებაა“.

როგორც ჩანს, მორალურმა დილემებმა თუ მთავარი გმირების რთულმა ურთიერთობებმა მხოლოდ გერმანელი მკითხველი არ დააინტერესა. გოეთეს ინსტიტუტის პროფესორი ბარბარა ჰონრათი “The Guardian”-თან ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ წიგნი ინგლისურენოვან ქვეყნებშიც ძალიან წარმატებული იყო, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გერმანული ლიტერატურისთვის. ის ამბობდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში გერმანული ლიტერატურა რთულად საკითხავად მიიჩნეოდა, მაგრამ ეს დამოკიდებულება შეიცვალა, ამიტომაც დადებით გამოხმაურებებს შლინკის წიგნზე საბოლოოდ სხვა გერმანელი მწერლების მიმღებლობის გაზრდაც შეუძლია.

12 სექტემბერს მკითხველს გოეთეს ინსტიტუტში „წამკითხველთან“ ერთად მისი მეორე რომანის, „ოლგას“ შეძენისა და ავტორის ავტოგრაფის მიღების შესაძლებლობაც ექნება. „ოლგა“ 2018 წელს გამოცემული რომანია, რომელიც ობოლი გოგონასა და წარჩინებული გვარის წარმომადგენლის, ჰერბერტის სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს, ხოლო მათი ამბის პარალელურად მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მოვლენები ვითარდება.

ღონისძიების მეორე დღეს, 13 სექტემბერს, 19 საათზე მწერალთა სახლში შლინკი ისაუბრებს თემაზე „ისტორიაზე წერა: წარსულთან თანაცხოვრება“. საუბარს ნინო ლეჟავა გაუძღვება.

ისტორიისა და წარსულთან თანაცხოვრების თემატიკა ავტორისთვის განსაკუთრებით საინტერესო და, ამავდროულად, მტკივნეულიცაა. რამდენიმე წლის წინ თავად იხსენებდა, როგორ აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთ მის საყვარელ პროფესორს 30-იან წლებში ანტისემიტური წიგნი ჰქონდა გამოქვეყნებული. შლინკი ინტერვიუში ამბობდა, რომ მათ, გერმანელებმა, მოაგვარეს პრობლემა, როგორ დაემალათ რაღაცები, მაგრამ ახლა ჯერ იმასთან შეგუება უწევთ, რაც აღმოაჩინეს და შემდეგ მისი კოლექტიურ ბიოგრაფიაში ინტეგრირება. ამიტომაც რთულია, უყვარდეთ ის ადამიანები, რომელთა წარსულიც იციან. „შეუძლია ადამიანს ამის გაკეთება? მე ვფიქრობდი, რომ პროფესორი შესანიშნავი ადამიანი იყო და ამავდროულად არ შემეძლო ამის მიღება. ჩვენ, ყველას, ასეთ სტრესთან თანაცხოვრება გვიწევს“.

ავტორი უარყოფს რომანის ავტობიოგრაფიულობას, თუმცა აღიარებს, რომ საკუთარი გამოცდილება წერისას გამოიყენა.

„წამკითხველის“ თემატიკიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ კრიტიკული მოსაზრებებიც გაჩნდა. მკითხველების ნაწილი ავტორს საყვედურობდა, რომ ჰანას გაუნათლებლობით მისი დანაშაულების გამართლება გადაწყვიტა. ამის საპასუხოდ, შლინკი აღნიშნავს, რომ ჰანასთან დაკავშირებულ საკითხებზე კრიტიკა ძირითადად მისი თაობის წარმომადგენლებისგან მოისმინა, მაშინ, როდესაც უფროსმა თაობამ, რომელმაც ის ყველაფერი, რაც წიგნშია აღწერილი, თავად გამოიარა, წიგნი დადებითად შეაფასა.

ტექსტის არაერთგვაროვანი შეფასებებისა თუ თავად ავტორის გამოცდილებებიდან გამომდინარე, ქართველ მკითხველს ნამდვილად საინტერესო შეხვედრა და საუბარი ელის ბერნჰარდ შლინკთან.

შლინკი საქართველოს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში სტუმრობს. ფესტივალის სხვა მონაწილეებზე ინფორმაციის ნახვა აქ შეგიძლიათ.

© არილი

Facebook Comments Box