პასუხის მოლოდინში
პასუხს ელოდა შეყვარებულისგან.
ადრე თუ ხელად მოდიოდა მესიჯი,
ბოლო დროს პაუზები გაიზარდა,
რამდენიმე საათი არ ჩანდა ხოლმე სანატრელი შეტყობინება,
ხანდახან მთელი დღეც კი,
და განერვიულებულს ეჭირა ხელში ტელეფონი და დასჩერებოდა,
ყოველ წამს შედიოდა ინბოქსში,
ვეღარც სქროლავდა,
ვეღარც საიტებს ათვალიერებდა,
ხმა ბოლომდე ჰქონდა აწეული,
მაგრამ მაინც არ ენდობოდა ამას,
თვალს თუ მოაცილებდა ეკრანს,
მერე აუცილებლად უნდა გადაემოწმებინა,
ხომ არ იყო წერილი მოსული,
იქნებ დაზარუნება ვერ გავიგონე,
გამომრჩა სიყვარულზე ფიქრებში წასულსო,
ან მობილურში მოიშალა რამეო.
დახედავდა, ისევ არ იყო პასუხი მოსული
და ტელეფონს შეაჯანჯღარებდა,
სადღაც აქვე ხომ არ გაიჭედა მესიჯიო.
აჯანჯღარებდა, აჯანჯღარებდა,
მაგრამ უშედეგოდ,
წავიდა მერე და ახალი ტელეფონი იყიდა,
ბოლო მოდელის,
იქნებ აქ უფრო სწრაფად მოვიდეს მესიჯებიო,
მაგრამ ვერ უშველა უახლესმა ტექნოლოგიამაც,
მაინც დიდხანს უწევდა ლოდინი,
ინტერნეტკომპანია გამოცვალა,
სხვა დაიყენა სახლში,
რადგან უთხრეს,
ამათი ინტერნეტი უკეთ მუშაობს,
უფრო სწრაფიაო,
მაგრამ არ იყო ამაშიც საშველი,
პირიქით, ახლა უკვე
მთელი რამდენიმე დღეც კი არ ეხმიანებოდა შეყვარებული,
გაუსივდა გული,
სული დაუმძიმდა,
დაბოღმილი რეკავდა ინტერნეტკომპანიაში და აგინებდა,
ასე ცუდად რატომ მუშაობთ,
თქვენი დედა ვატირეო.
საბოლოოდ შეწყდა მოკლე ტექსტური შეტყობინებები სატრფოსაგან,
და სხვა რა ექნა, ხელოსანთან წაიღო ტელეფონი,
გეხვეწები, მიშველე რამე,
მესიჯები არ მომდის აქო.
დახედა ხელოსანმა და რა არ მოგდის,
ხუთი ახალი წერილია შემოსულიო.
არაო, არაო, ეგენი არ მაინტერესებსო,
იმისგან არ მომდის, ვისგანაც ველოდებიო.
არა, ძმაო, ეგრე არაა, მესიჯი ან მოდის, ან არა,
თუ ჭედავს, ყველასთვის ერთნაირად ჭედავს,
ტელეფონში არაა პრობლემა,
გამომგზავნშია პრობლემა,
ეგ უნდა გაარკვიოო.
გამომგზავნშია პრობლემაო? – დაფიქრდა, –
ეგ რანაირადო?
რა ვიცი აბა, ხომ არ ავიწყდება გამოგზავნა,
ან სულაც ხომ არ დაგიკიდაო.
ეგეთი რამეც ხდება,
რომ შეყვარებულმა დაგიკიდოსო? –
გაიოცა მესიჯების მომლოდინე კაცმა.
კი, ეგ ხდება თუ ხდება,
შენ რომელი სამყაროდანა ხარ საერთოდ მოსულიო –
გაეცინა ხელოსანს და უკან დაუბრუნა მობილური, –
არაფერი არ სჭირს ამ ტელეფონს,
შენ გჭირს რაღაც,
ან იმას, ვის მესიჯებსაც ელოდები,
და რაშია საქმე, ეგ გაარკვიეთო.
ოდა ვაკეს
როგორ არავინ იყო ამ ქუჩაზე.
მეგონა ვიღაც კვანტს დამიდებდა,
წამაქცევდა,
და ყურში ჩამძახებდა:
ჩუ, ბიჭო, ჩუ!
რადგან ძალიან ხმაურობდა რაღაც შიგნით,
არადა ამ ქუჩაზე ხომ
მუდამ რაღაც ხდებოდა,
ხომ მუდამ ეცემოდნენ დატანჯული ბიჭები მის ასფალტზე
და იკლაკნებოდნენ,
და გოგოები ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ მათ,
და მერე გარბოდნენ შეშინებულები,
როგორც კი დაინახავდნენ,
რომ მომაკვდავმა ბიჭმა თვალები გაახილა
და ახლა ცდილობს, ხანჯალივით მზერა გაუყაროს მათ…
ეს ასეთი უბანი იყო,
სნობების სახელი რომ აეკიდებინა სამარადჟამოდ,
არადა, მე ხომ ვიცი,
რომ აქ მუდამ სულ სხვა რამ ტრიალებდა,
და არასდროს იყო თითქოს ეს ჩემი ტერიტორია,
მაგრამ როგორც კი ფეხს ჩავდგამდი იქ,
მაშინვე მეკვეთებოდა
ეს ჩემი ბრტყელი ტერფი,
და გამშოტავდნენ ვაკელი გოგონები
ჭავჭავაძის პროსპექტზე და დამცინავად დამყურებდნენ,
მაგრამ გული სტკიოდათ,
გული მაინც სტკიოდათ,
ხანდახან უჩერდებოდათ კიდეც,
და საბურთალოელ გოგონებს ეძახდნენ ჩემს გადასარჩენად,
და ნახალოვკელ გოგონებს ეძახდნენ ჩემს გადასარჩენად,
და ავლაბრელ გოგონებს ეძახდნენ ჩემს გადასარჩენად,
თვითონ კი ჩამოსხდებოდნენ
და სილამაზის სალონში ათი წუთის წინ გაკეთებულ
ფრჩხილებს იკვნეტდნენ…
მე ყოველთვის მიყვარდა ვაკელი გოგოები,
ასეთი მგრძნობიარეები,
ასეთი თავმომწონეები,
ასეთი მიუწვდომლები,
ახლა კი მივუყვებოდი ქუჩას,
და არავინ იყო ამ ქუჩაზე.
ვინც კვანტს დამიდებდა,
წამაქცევდა,
და ყურში ჩამძახებდა:
ჩუ, ბიჭო, ჩუ!
და ჩაიარა ჩემს გვერდით ორმა გოგონამ,
და ერთმა მეორეს უთხრა:
Ты же знаешь, эти шланги мне очень нужны!
და გული გაიყინა და მერე უცებ გათბა.
ჰო, ეს რაღაც ძალიან სხვა იყო,
ეს ძალიან შორიდან მოტანილი ქარი იყო,
ცივი და ლამაზი,
ვიღაცისთვის საზიზღარი, მაგრამ
ამ მომენტში მე მაინც ამ ფრაზამ გადამარჩინა.
არ ვიცი, რატომ მომეწონა ეს ფრაზა ამ შუა ვაკეში,
მაგრამ მივდიოდი და ვბურდღუნებდი,
გაუჩერებლად ვიმეორებდი:
Ты же знаешь, эти шланги мне очень нужны!
კვანტს არავინ მიდებდა,
მაგრამ უკვე აღარც იყო საჭირო:
მე ხომ მახსოვდა,
რომ რამდენიმე დღის წინ ისეთი კვანტი დამიდეს,
რომ მისი სილამაზე
სიცოცხლის ბოლომდე უნდა მეტარებინა,
მე ხომ მახსოვდა,
რომ დღეს ამ ქუჩაზე მხოლოდ იმიტომ მივბანცალებ,
რომ შემთხვევითობაა უკვე ეს,
და არა ისეთი აუცილებლობა,
როგორიც 30 წლის წინ
აქ ჰაეროვნად გასეირნება იყო.
და ამიტომაც წამოიღო სუსტმა ქარმა,
და მოიტანა ჩემს ყურამდე:
Ты же знаешь, эти шланги мне очень нужны!
ფილოსოფოსები ამაზე ამბობენ, რომ
ესაა ახალი პარადიგმა,
მაგრამ მე არ ვიცოდი იმ წამს,
ეს ვაკის შეცვლილი პარადიგმა იყო თუ არა,
მე მხოლოდ ვგრძნობდი,
რომ ის ადგილი,
სადაც ახალგაზრდობაში ვეცემოდი და
ხელოვნურ სუნთქვას მიტარებდნენ ხოლმე
მიუწვდომელი გოგონები,
არასდროს დალპება,
მე მხოლოდ ვგრძნობდი,
რომ მთავარია იარო
მიზანმიმართულად არეული ნაბიჯებით
და გულში იმეორებდე თუნდაც ასეთ
სრულიად არაპოეტურ ფრაზას:
Ты же знаешь, эти шланги мне очень нужны!
ეს მაიაკოვსკიმ მასწავლა,
ქუთაისელმა პოეტმა,
რომ ასეთ ფრაზებში პოეზია დავინახო და დავდნე,
როგორც ფოლადი მეტალურგიულ ქარხანაში,
როგორც ბამბის ნაყინი პირში,
და გული ფეხის კოჭებში ამიძგერდეს,
და ჩემი შარიანი მოძრაობის რიტმი გამოიკვეთოს,
და დავეცე და ავფართხალდე…
მაგრამ ეგ ძველი პარადიგმაა…
უკვე ჩავლილი…
ახალი კი მეუბნება, რომ
აღარავინ დამიდებს კვანტს და არ წამაქცევს,
და არ ჩამძახებს ყურში:
ჩუ, ბიჭო, ჩუ!
და ამიტომ მივიჩქარი შენელებული ნაბიჯით
დღის უსახური დასასრულისაკენ
და ამის ბრაზი მიმყვება მხოლოდ…
იატაკი
როცა ცუდად ხარ,
ძალიან კარგია იატაკზე დაწოლა.
იატაკიდან ხომ მეტია მაღლა სივრცე,
და გრძნობ, რომ ისე აღარ იხრჩობი,
როგორც შენს რბილ ლოგინში ჩაწოლილი
იხრჩობოდი მუდამ.
ის ჭაღიც ხომ ცოტა უფრო შორსაა,
დედაშენმა რომ თავისი ხელით ააწყო
და მერე თავს ზემოთ დაგიკიდა,
თითქოსდა სათვალთვალოდ.
აი, გაშხლართულხარ იატაკზე და უკვე გგონია, რომ
ის ექვსთვალიანი მზვერავი
ამ გაზრდილი მანძილიდან
უკვე ვეღარ შეამჩნევს იმ ცოდვებს,
ბოლო პერიოდში
დიდი სისწრაფით რომ დაგიგროვდა.
იატაკზე როცა წევხარ,
აღარ გექაჩება ცივი პარკეტი
იმ თავგზააბნეული გრძნობებისაკენ,
რომლისკენაც რბილი ლოგინი
გაუთავებლად გეძახდა ხოლმე.
იატაკზე როცა წევხარ შიშველი,
ბინის კეთილშობილი ჭუჭყი შეგდის ტანში
და იმ ბოროტ ჭუჭყს აძევებს გარეთ,
სხეულში რომ გაგიჯდა ამ დღეებში და
სული გაგიცოფა.
იატაკზე როცა წევხარ დაღლილი,
აღარ გეშინია თვალების მილულვის და იმ კოშმარების,
რბილ ლოგინში ჩაძინებას რომ მოაქვს ხოლმე,
რადგანაც იცი, რომ იატაკის სიზმრები
რატომღაც მუდამ ჯანსაღი და კეთილია.
როცა ცუდად ხარ,
ვერ გშველიან ფსიქოთერაპევტები, მღვდლები და მეგობრები.
მაგრამ საბედნიეროდ მუდამაა სახლის იატაკი,
რომელზეც შეგიძლია გაიშოტო და იგრძნო,
როგორ შემოდის
ცივი პარკეტის მადლი შენში,
შეცდომებისგან მოკუნტულს ბეჭებში გასწორებს და
გიფილტრავს გულის ყველაზე უფრო
შხამიან პარკუჭს.
იასამანი
სიო არხევს და ატოკებს
ჩემი ფანჯრის წინ იასამნებს,
რომლებიც ვერ მოვათრიე სახლში,
წელსაც გავმაზეო, –
დანანებით თქვა
სიყვარულის კატასტროფებში მოყოლილმა ქალმა,
მიხურა ფანჯარა და
ორი ბოთლი „საფერავი“ გამოიძახა.
ქალი ისეთი იყო, რომ უხდებოდა კატასტროფები,
ძალიან უხდებოდა,
მაგრამ თვითონ იტანჯებოდა,
და იასამანიც ვერ მოეთრია სახლში,
სევდის გასაქარვებლად,
თვალის დასასვენებლად,
გულის გადასაყოლებლად.
არადა იასამანი სჭირდებოდა მას
ყველაზე მეტად ამ წამს –
თუნდაც უყურადღებოდ მიგდებული ჟურნალის მაგიდაზე,
თუნდაც აფიშებს შორის შეჩურთული,
თუნდაც გასარეცხი ჭურჭლის თავზე ნაზად დადებული –
თავის გულისამაჩუყებელ სუნს ხომ მაინც გაუშვებდა
ემოციებით დაღლილ ოთახში,
თავის რბილად ჭახჭახა ფერს ხომ მაინც შეიტანდა
ბინის შებოჭილ დიზაინში,
არადა გაემაზა კატასტროფებში მოყოლილ ქალს
წლევანდელი იასამანი
და ორი ბოთლი „საფერავივით“ ვერ გამოიძახებდა ახლა,
და ამიტომ მოიწყინა უეცრად
და მერე იტირა კიდეც,
და რომ ტიროდა,
ეგონა გულისგამხეთქავი სიყვარულის სამკუთხედის გამო ტიროდა,
ეგონა საკუთარი სიხარბის გამო ტიროდა,
ეგონა იმ კვანძის გამო ტიროდა,
რომელიც ვერც ვერავინ გახსნა მის ცხოვრებაში
და ვერც ვერავინ გაჭრა ხმლის ერთი მოქნევით,
ეგონა წყალში ჩაყრილი მილიონი შეუმჩნეველი
და სინამდვილეში კი
თვალისმომჭრელი მოძრაობის გამო ტიროდა,
ეგონა რომ სიტყვების გამო ტიროდა,
რომლებიც ლამის მოძრაობებზე მეტად შეყვარებოდა
ბოლო დროს,
ეგონა რომ უბრალოდ, ტირილის ესთეტიკის გამო ტიროდა,
არადა იასამანი აკლდა მას ახლა,
კიდევ ერთხელ გამაზული იასამანი,
თუნდაც ცოცხის გვერდით დაუდევრად მიყუდებული,
თუნდაც გაჩხერილი
იატაკზე რამდენიმე რიგად აკოკოლავებულ წიგნებს შორის,
თუნდაც დანგრეულ ლოგინზე უცნაურად დასვენებული,
ახლოს იყო თითქოს იასამანი,
მისი ფანჯრის წინ სიო არხევდა და ატოკებდა,
მაგრამ ეს ხომ პოეზია იყო,
„ლამის სახლში შემოიჭრას თუთა“,
მაგრამ ეს ხომ ილუზია იყო,
„ლამის წელზე შემომხვიოს ხელი“,
მაგრამ ეს ხომ ბოტანიკა იყო,
ლატვიელი ქალისგან ნასწავლი,
არადა სხვა რაში იყო გამოსავალი?
მის წინ მდგარ კორპუსზე რაღაც ტელეფონი ეწერა,
იქ დაერეკა?
ასე ხომ მწარედ მოტყუვდებოდა.
კორპუსის მიღმა ეშმაკის ბორბალი ტრიალებდა
და ფერებში გადადიოდა,
მასზე დამჯდარიყო?
ასე ხომ მწარედ მოტყუვდებოდა.
კაქტუსი მოერწყა აივანზე?
ასე ხომ მწარედ…
არა, არა… მიაგნო, თითქოს…
ასე მწარედ ნამდვილად არ მოტყუვდებოდა…
კაქტუსი მისი საყვარელი მცენარე იყო…
გაუმაზავი…
ამიტომაც მოისრისა კატასტროფებში მოყოლილი თვალები და
ყვავილების სარწყავს დაავლო
ტატუებით გადაჭედილი ლამაზი ხელი…
იასამანს კი,
მის სახლში აქამდე ვერაფრით რომ ვერ შეაღწია,
გაუხარდა და აშრიალდა…
© არილი