პოეზია

შოთა იათაშვილი – პოეტური გამოცდილების სიმწარე და სხვ. ლექსები

shota iatashvili 28288

პოეტური გამოცდილების სიმწარე

მათ შეუძლიათ იცხოვრონ.
მე შემიძლია ვწერდე.

მათ შეუძლიათ ყალყზე შეაყენონ მოტოციკლეტები.
მე შემიძლია ამაზე სრულიად შთამბეჭდავად ვწერდე.

მათ შეუძლიათ ერთმანეთს ეხუტებოდნენ ბედნიერები.
მე შემიძლია, მათ გვერდით აბუზული ვიდგე
და გონებაში გამომყავდეს მოხდენილი ფრაზები იმის შესახებ,
თუ როგორ უღიმის ერთი მეორეს –
მაგალითად ასე: გოგოს ჩექმები ბიჭის ჩაფხუტს,
ან პირიქით: ბიჭის ჯინსი გოგოს კაშნეს.

მათ შეუძლიათ არ შემამჩნიონ.
მე სხვა გზა არ მაქვს: უნდა შევამჩნიო ისინი, როგორც ლექსის თემა.

მათ შეუძლიათ იცხოვრონ ჩემზე უკეთ.
მე შემიძლია მათზე უკეთ ვწერდე.

 

მისვლა
მეგობრის კარზე ვაკაკუნებდით.
ნაცნობ თეთრ კარზე.
კარს ეწერა: ზაზა თვა ძე
ნეტა ადრეც ასე იყო?
ვფიქრობდით და ვაკაკუნებდით…
ველოდით, რომ ვიღაც უცხო გამოვიდოდა,
და ვეტყოდით:
ჩვენ აქ მოვედით,
შემოგვიშვი,
ერთი წუთით შემოგვიშვი,
ვიცით, რომ აქ ყველაფერი შეიცვალა,
რომ შეთეთრდა კედლები და
გაიტანეს ძველი ავეჯი,
რომ ვერაფერს,
ჩვენთვის ძვირფასს,
აქ ვერ ვიპოვით,
ვიცით, რომ ეს
უკვე აღარ არის სახლი
თვა ძის,
მაგრამ,
მაინც,
მთვრალებს,
ახლა,
ჩვენ აქ მოგვინდა,
და ნაცნობი და მორყეული
კიბეები ამოვიარეთ
რყევა-რყევით
და დავდექით თეთრ თვა ძესთან
და ვაკაკუნეთ,
და არავინ რომ არ გამოვიდა

ის დაჯდა იქვე, აივანზე,
ბევრი იტირა,
მე კი ვიდექი და ვფიქრობდი:
ნეტა ადრეც ასე ეწერა?

 

***
სიზიფეს ბედს შევნატრი უკვე.
მწვერვალისკენ ლოდის თრევას,
ამ ლოდის მერე თუნდაც უკან ჩამოგორებას.
გაქრა ეგ დრო.
რახანია ხრიოკ ვაკეს მივუყვები.
არც აღმართი, არც დაღმართი.
მივაგორებ ხან ერთ ქვას და ხან მეორეს.
ფეხის წვერით, ან არგანით.
ქვებიც დიდი ვერაფერი:
ერთმანეთისგან მხოლოდ ზომით განსხვავდებიან.
ლამაზ, ჭრელ კენჭებს აქ ვერ იპოვი –
ზღვა ხომ შორსაა.
მივაგორებ.
წინ ჰორიზონტი შემაშფოთებლად გადაშლილა –
იგრძნობა, რომ კიდევ დიდხანს
მომიწევს ამ საქმის კეთება.
ყოველი ქვა – ერთი დღეა.
გადააგორებ ერთ ქვას – ერთ დღეს,
და მეორეს მიადგები.
ოდნავ უფრო მძიმეს ან მსუბუქს.
ანდა სულაც ზუსტად ისეთს…
და თავიდან.

მოწყენილი სიზიფე ვარ.
ჟინდამცხრალი.
საკუთარ ბედს საბოლოოდ შეგუებული.

ომი
კალმისტარი მეჭირა ხელში.
მას სურდა, რომ შერკინებოდა ცარიელ ფურცელს.
ვერ ბედავდა.
დიდხანს იწვალა.
მეც ვიწვალე: არ ვიცოდი რით დავხმარებოდი.
ბოლოს მივხვდი:
მეგობარი სჭირდებოდა ბრძოლის ველზე.
მეორე ხელში სიგარეტი დავიკავე.
წავუკიდე.
დენთის სუნი დატრიალდა.
შეუტიეს ორივემ ერთად.
დაამარცხეს თეთრი ფურცელი.

 

***

იყო ერთი,

რომელმაც მკვდარი გააცოცხლა.

დღეს მკვდრებს კლავენ.

ბევრი კლავს.

ბევრია მკვდარი და

ბევრია მკვდრის მკვლელი –

და თუ ბევრია მკვდრის მკვლელი,

ნიუტონის კანონის თანახმად

ბევრი უნდა იყოს ცოცხალის გამცოცხლებელიც.

ეგ ფიზიკაა.

ხოლო მათემატიკაში აი, ასეა:

მკვდრის მკვლელი – ორი მინუსია,

რაც ნიშნავს პლიუსს,

და ცოცხალის გამცოცხლებელი – ორი პლიუსია,

ანუ ასევე პლიუსი.

 

იყო ბევრი,

რომელთაც ცოცხლები მოკლეს.

და იყო ერთი,

რომელმაც მკვდარი გააცოცხლა.

და ყოველთვის იქნება უთვალავი,

ვინც ფიზიკისა და მათემატიკის კანონებს დაარღვევს:

მკვდარს მოკლავს და

ცოცხალს ვერ გააცოცხლებს.

© არილი

Facebook Comments Box