ახალი ამბები

ჩარლზ დიკენსის წერილები კოლექციიდან

ჩარლზ დიკენსის წერილები, რომლებიც აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო, ცოტა ხნის წინ პირველად გასაჯაროვდა.

გამოქვეყნებული 11 წერილი მოიცავს მოსაწვევ ბარათებს, ავტორის კითხვის პროცესთან დაკავშირებულ ჩვევებსა და გეგმებს, შვეიცარიაში მოგზაურობის დეტალებს და სხვ.

ერთ-ერთ წერილში, რომელიც 1866 წლის 10 თებერვლით თარიღდება, დიკენსი კვირის საფოსტო სერვისის გაუქმებაზე წუწუნებს და საცხოვრებლად სხვაგან გადასვლით იმუქრება:

„ამ სოფელში ცხოვრობს ბევრი ადამიანი, რომლებიც, ალბათ, წელიწადში არ იღებენ და გზავნიან იმდენ წერილს, რამდენსაც მე, ჩვეულებრივ, ერთი დღის განმავლობაში ვიღებ და ვგზავნი. საუკეთესო ურთიერთობა მაქვს ჩემს მეზობლებთან, მდიდრებთანაც და ღარიბებთანაც და დარწმუნებული ვარ, ძალიან შეწუხდებიან ჩემი გადასვლის გამო“ – ვკითხულობთ მის წერილში. „ძალიან მაფერხებს შემოთავაზებული შეზღუდვები, ამიტომ მგონია, ეს მდგომარეობა მაიძულებს, გავყიდო ჩემი ქონება და დავტოვო ქვეყნის ეს ნაწილი“.

აღსანიშნავია, რომ ეს წერილები იმ 300-ზე მეტ ნივთს შორისაა, რომლებიც ჩარლზ დიკენსის მუზეუმმა მოიპოვა 2020 წელს. კოლექცია მოიცავს პორტრეტებს, ჩანახატებსა და წიგნებსაც. მისი ღირებულება £1.8 მილიონია და მუზეუმმა სხვადასხვა ორგანიზაციის დახმარებით შეიძინა.

მუზეუმის კურატორის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წერილების კოლექციაში ისაა, რომ ისინი აჩვენებენ, სხვადასხვა დროს რაზე ფიქრობდა დიკენსი. ხოლო ფოსტის შესახებ წუწუნი მშვენიერი მაგალითია იმისა, თუ როგორ აღიქვამდა საკუთარ თავს. ცხადყოფს, რომ იგი სრულიად აცნობიერებდა საკუთარ პოზიციასა და განსაკუთრებულ მნიშვნელობას საზოგადოებაში.

გარდა ამ წერილებისა, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს ჩარლზ დიკენსის მუზეუმში და მის ოფიციალურ საიტზე სექტემბრიდან შეუძლიათ, კოლექცია შეიცავს  სხვა წერილებსაც, რომლებიც უკვე გამოქვეყნდა 2020 წელს.

ამ წერილებს შორის რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესო ჩანაწერია. მაგალითად, 1843 წლის 9 ნოემბერს, როცა დიკენსი „A Christmas Carol“-ზე მუშაობდა, ერთ-ერთ ახლო მეგობარს სწერს: „საშობაო წიგნის ნახევარი დავასრულე და ორი დღით ვისვენებ, სანამ Martin Chuzzlewit-ზე [მისი მეექვსე რომანი] გადავალ“.

წერილების შესახებ მუზეუმის დირექტორი ამბობდა, ისინი ნათელს ფენს მის სამუშაო პროცესს და საოცარია ის, რომ დიკენსი, გარემოებების მიუხედავად, სულ ახერხებდა წერის გაგრძელებას, ყოველთვის განაგრძობდა ტექსტზე ფიქრსო.

კიდევ ერთი წერილი 1846 წელსაა დაწერილი, როცა დიკენსი ოჯახთან ერთად რამდენიმე თვით შვეიცარიაში გაემგზავრა. წერილიდანაც ჩანს, რომ მწერალი ფიზიკურ აქტივობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა:

„მძიმე დღე იყო, მაგრამ კარგია, რომ სიცხისგან გავთავისუფლდი… შესაძლოა, სადილის შემდეგ ნავით გავისეირნო“.

სხვა წერილები დიკენსისა და მამამისის დაძაბულ ურთიერთობას ააშკარავებს. ასევე, შემონახულია წერილი, რომელსაც დიკენსი თავისი შემოქმედების თაყვანისმცემელს, ერთ ახალგაზრდა დანიელ ქალს სწერს და ურჩევს: „გონების მდგომარეობა, რომელსაც თქვენ აღწერთ, სასარგებლო არაა…. თუმცა, მისი განკურნება ადვილია… საჭიროა მოქმედება და სარგებლიანობა“.

მუზეუმმა წერილები ამერიკელისგან შეიძინა, რომელიც მათ 40 წლის განმავლობაში აგროვებდა.

ჩარლზ დიკენსის შთამომავალი, მარკ დიკენსი აღნიშნავს, რომ ეს გასაოცარი მასალა კიდევ უფრო გვაახლოებს დიკენსთან, როგორც ადამიანთან, გვაახლოებს მის პიროვნებასთან, მის შეგრძნებებთან, ოჯახთან და მეგობრებთან.

მუზეუმის ოფიციალურ გვერდზე გვხვდება კიდევ ერთი საინტერესო წერილი, რომელსაც 1847 წელს დიკენსი ცნობილ ინგლისელ მწერალს, უილიამ თეკერეის უგზავნის. წერილში მას კამათის დასრულებას სთხოვს თავის ახლო მეგობართან, ფორსტერთან. სამწუხაროდ, წერილში რამდენიმე გაურკვეველი ადგილია, თუმცა ცხადია, როგორ წუხს დიკენსი, რომ მათ შორის ასეთი უთანხმოებაა და მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს.

კოლექცია, წერილებთან ერთად, შეიცავს ასევე „The Pickwick Minute Book“-ს.

„პიკვიკის კლუბის ჩანაწერები“ დიკენსის პირველი რომანია, რომელიც წარმოუდგენლად პოპულარული გახდა და წიგნების, კლუბებისა და სხვადასხვა პროდუქციის შექმნის ინსპირაციად იქცა. ეს წიგნიც ერთ-ერთი ასეთი კლუბის ჩანაწერებია. კლუბი რომანითაა შთაგონებული და მოიცავს 1837 წლიდან 1843 წლამდე პერიოდს. მასში ვხვდებით კლუბის წევრების სახელებსა და სადისკუსიო თემებს, რომლებსაც შეხვედრებისას განიხილავდნენ. კლუბში ერთიანდებოდნენ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იკრიბებოდნენ ლონდონში და მიმდინარე მოვლენებზე, კულტურასა და ლიტერატურაზე მსჯელობდნენ.

 

კოლექციაში შეძლებთ მწერლის პირადი ნივთების, მისი გამადიდებელი შუშის, ვერცხლის ჭიქის, მაგიდისა და სავარძლების ნახვასაც.

 

 

 

 

 

საკოლექციო მასალის დათვალიერება აქ შეგიძლიათ.

© არილი

Facebook Comments Box