პროზა (თარგმანი)

ჩეზარე პავეზე – პირველი სიყვარული

იტალიურიდან თარგმნა ნათია აბრამიშვილმა

ნინოს გაცნობამდე ვერ ვამჩნევდი, რომ ბიჭები, რომლებთან ერთადაც ქუჩაში დავრბოდი და ვგნიასობდი, ბინძურები და ცუდად ჩაცმულები იყვნენ.  უფრო მეტიც, მათი მშურდა, რადგან სულ ფეხშიშველები დადიოდნენ და შიშველი ქუსლებით ნამკალზეც კი შეეძლოთ გავლა. მე კი, როგორც ქალაქში გაზრდილს, ფერმკრთალი ფეხები ქვაფენილზე დადგმის დროსაც კი მტკიოდა.

იმისგან, რაც ამ ბიჭებთან ყოფნის დროს ვისწავლე, ნინოს მხოლოდ ზოგიერთი ბილწი სიტყვა აინტერესებდა. ნინო პატარა სახლში ცხოვრობდა სოფლის გასასვლელში და ბევრი უფროსი და ჰყავდა, რომლებიც მაფრთხობდნენ. ჩვეულებრივ, ღობესთან ვჩერდებოდი, ღობეში ვიჭვრიტებოდი და ვიმედოვნებდი, რომ ნინოს უკვე კიბეზე ჩამომავალს დავინახავდი. თუ შეყოვნდებოდა, გველივით სტვენას ვიწყებდი და ხმას იქამდე ვუმატებდი, სანამ ძაღლი არ აყეფდებოდა. ნინო ამ დროს სწრაფად გამოიქცეოდა ხოლმე, რადგან ძაღლის მასაც ეშინოდა.

ნინოსთვის ფეხსაცმელების გახდის და სხვებთან თამაშის შეთავაზებას აზრი არ ჰქონდა. ჩემს ძველ მეგობრებზე მას არასდროს ველაპარაკებოდი და რამდენიმე შეხვედრის შემდეგ იმასაც მივხვდი, რომ ნინოსთან მათი მრცხვენოდა. ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ, როგორც სასხვათაშორისოდ იტყოდა ხოლმე, იგი მშვენივრად იცნობდა ამ ბიჭებს, მათ თამაშებსა თუ საუბრებს. მოკლედ, გამოდიოდა, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, ოღონდ ჩვენზე სუფთა პერანგი და შორტი ეცვა. მას მიყრუებულ ქუჩებში ჯიბეებში ხელებჩაწყობილს უყვარდა სიარული, ამ დროს ბალახს ან ფანჯრებს უჭვრეტდა ან გამვლელებს ათვალიერებდა და შიგადაშიგ სახეს მანჭავდა.

იმ ზაფხულს 13 ან 14 წლის ვიქნებოდით. მოულოდნელად ვიგრძენი, რომ იმ მაწანწალებით მოხიბლული აღარ ვიყავი. ჩვენი ასაკისანი სუსტები და ჩერჩეტები იყვნენ, ჩვენსავით ძლიერები და საზრიანები კი 18 წლისანი მაინც იქნებოდნენ და მათთან საერთო აღარაფერი გვქონდა.

არ მაგონდება, პირველ ხანებში რაზე ვლაპარაკობდით ხოლმე მე და ნინო. მახსოვს, ერთხელ ვკითხე, რამდენი და გყავს-მეთქი.

– არცერთი. – მიპასუხა.

– კი მაგრამ, აბა, ის ამდენი ქალი ვინაა?  შენი დები არ არიან?

– ყველა დედასავითაა. – თქვა და სახე ჩვეულებისამებრ გვერდზე გაატრიალა. – და, როგორც ასეთი, არ მყავს.

ერთხელ მოვუყევი, როგორ წავედი ჩვენს სოფელში მივლინებაში მყოფ ჯარისკაცთან ერთად სანადიროდ. მის მერე ეს ამბავი იმდენჯერ და ისე დაწვრილმანებით მოვუყევი, რომ ერთ დღესაც მითხრა:

– საკმარისია.

– რა მოხდა?

– მეც მინდა სანადიროდ წასვლა. რა, არ შეიძლება?

მაშინ იგი კაშხალთან წავიყვანე, სადაც გაწუწული და ტალახში ამოსვრილი ჩემი ძველი მეგობრები კალათით თევზს იჭერდნენ. ნინო ჩვენგან მოშორებით იდგა და გულგრილად იღიმებოდა, მე კი წყალში, მისი სახის ანარეკლში კმაყოფილების ნიშანწყალს ვეძებდი. უცებ მჭედლის შვილმა მას სველი კალათა ესროლა და დაუყვირა, დაიჭირეო, ნინო კი გვერდზე გადგა და კალათას თითიც არ დააკარა. ამ ამბის მერე მას ,,ცოცხალმკვდარი’’ შეარქვეს, მე კი მის გამართლებას იმით ვცდილობდი, რომ ახალი პერანგი ეცვა. ნინო ბიჭების ლანძღვას მოჰყვა და როცა მათ საპასუხოდ ტალახის სროლა დაუწყეს, დაემუქრა, ყველას თქვენ-თქვენ ადგილებზე მოგსვამთო.

ნინო ყოველ დილას ოთახებში აქეთ-იქით სიარულში ატარებდა. პირველად რომ მივაკითხე და კისერწაგრძელებულმა ფანჯარაში შევიხედე, ოთახში მაღალი და ლამაზი ქალი დავინახე. ის ეზოში იყურებოდა და რომ დამინახა, მანიშნა, მომიახლოვდიო. თავი ისე მოვაჩვენე, ვითომ ვერაფერი შევნიშნე და მაშინვე გავქრი. მეშინოდა, რომ ნინო ამ ამბავზე რამეს მეტყოდა, თუმცა სიტყვაც არ დაუძრავს.

იმ დღიდან მოყოლებული დრო შემდეგნაირად გავანაწილე: თითქმის ყოველ დილას ჩემს ძველ მეგობრებთან ერთად თხებს ვმწყემსავდი. მათ ტრამვაისა და ლიფტში მომხდარი საოცარი ქალაქური თავგადასავლების მოყოლით ვაცვიფრებდი, დროდადრო კი მოყოლას ვწყვეტდი, რათა თხას გავკიდებოდი, ტოტისთვის ქერქი შემომეცალა ან კუტკალია მომეკლა. შუადღეს, როცა ძალიან ცხელოდა, ბეღელში ან თავლაში ყოფნის ნაცვლად ნინოსთან ერთად ვატარებდი დროს. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს დროს ტყუილად ვკარგავდი მოწყენილობაში, არადა ყოველ შუადღეს მაინც მასთან ვიყავი. როცა ეკლესიის აღმართზე ან მინდვრებში მორიგ დამღლელ ხეტიალს მოვრჩებოდით, სურვილი მიჩნდებოდა, მის ეზოში შევსულიყავი, ტირიფის მოწნულ სავარძელში ჩავმჯდარიყავი და მისი დების სიახლოვით სირცხვილით დავმწვარიყავი. თუმცა, როცა პირველად მიმიპატიჟა ნინომ შინ, გამბედაობა არ მეყო, შევსულიყავი.

კაშხლიდან რომ ვბრუნდებოდით, ვურჩიე, ჩვენს საქმეებში ოჯახის წევრები არ გარიო-მეთქი. გაიცინა და კბილებში გამოცრა, რომ შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი: მისი ოჯახი ჩემი მაწანწალა მეგობრების შესახებ ვერ შეიტყობდა. ესეც არ იყოს, მას ასეთი საქმეებისთვის ერთი მეგობარი ჰყავდა.

მისი სიცილი ერთ შუადღეს სასუქის საწყობის წინ გავლისას გავიგონე. იქვე გაჩერებულიყო დაბალი მანქანა, რომელიც ადრე სადღაც მენახა. საწყობის ნახევრად შეღებული კარიდან მოგუდული ხმები აღწევდა, რომლებიც უცებ რიხიანმა სიცილმა გადაფარა. შემდეგ ვიღაცის ხრინწიანი სიცილიც მოგვესმა. იქაურობა გოგირდისა და სასუქის სუნად ყარდა. ნინომ ყველაფერი წინასწარ ამიხსნა:

– ახლა გარეთ გამოვა.

გარეთ მოხუცი მუშა გამოვიდა, რომელმაც გვიცნო და თვალი მეგობრულად ჩაგვიკრა. შემდეგ მანქანის კარი გააღო და დაიყვირა: – ისროლე!

კარიდან გამოფრინდა გატენილი ტომარა, რომელიც მოხუცმა ჰაერში დაიჭირა და მანქანაში ჩადო. შემდეგ იმ ტომარას სხვა ტომრებიც მოჰყვა.

– დაგვეხმარე, ახალგაზრდავ. – თქვა მუშამ და ისე გაიცინა, ღრძილები გამოუჩნდა. ნინო საწყობში შევიდა და გაუჩინარდა. მე მანქანასთან ვიდექი და შიგნით მოძრავ ჩრდილებს ვაკვირდებოდი.

როცა მანქანა ტომრებით გაივსო, მოხუცს მათ გასწორებაში მივეხმარე. ამ დროს პარმაღზე გამოჩნდნენ ნინო და ხუჭუჭი კაცი, რომელსაც ყელზე ცხვირსახოცი ეკეთა, ხოლო წელზე – წითელი ქამარი. ფეხზე ჩექმები ეცვა, სახელოები აკეცილი ჰქონდა და ისეთი ბრგე იყო, მთელ კარს ფარავდა. ნინო იდაყვამდე სწვდებოდა.

იღიმებოდა და თან მე და ნინოს გვეხუმრებოდა:

– დამეგობრდით, არა?

შემდეგ თვალი ჩამიკრა და ხელი ჩამკიდა. მე გათავისუფლებას ვცდილობდი, მან კი რამდენიმეჯერ ხელი გადამიწია და ნინოს მიმართა:

– ნინო, ამას არ წაეჩხუბო, შენზე ძლიერია.

მერე წელში გასწორდა, ირგვლივ მიმოიხედა და თქვა:

 – მორჩით?

სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა. მერე მანქანაში ჩაჯდა და დაგვემშვიდობა:

– კარგად იყავით.

თქვა და გაუჩინარდა.

იმ საღამოს ნინო განსაკუთრებული აღფრთოვანებით მელაპარაკებოდა. ჯებირზე რომ ვისხედით, სულ ცმუკავდა, მიუხედავად იმისა, რომ თვალები უჩვეულოდ მშვიდი ჰქონდა. ჩემს კითხვებს გულანთებული პასუხობდა.

ბრუნო მძღოლად მუშაობდა და მისი ნამდვილი მეგობარი იყო. სოფელში რომ ჩამოვიდნენ, მათ სადგურზე დახვდა და მთელი გზა მხოლოდ ნინოს ელაპარაკებოდა, ყველაფერს უხსნიდა, დედამისს და მის დებს კი ნაძალადევად სცემდა პასუხებს. შემდეგაც, მხოლოდ სასხვათაშორისოდ თუ ჰკითხავდა ხოლმე, შენი ხბოსავით დები როგორ არიანო, ხბოში კი ,,ხბოსავით ჩერჩეტს’’ გულისხმობდა. ბრუნოს მის დებში ერთადერთი რამ მოსწონდა – მათი ამერიკული სიგარეტები. ნინოს სთხოვდა, როცა საშუალება ექნებოდა, მისთვის სიგარეტი ყუთით წამოეღო ხოლმე, რადგან მთელი ხიბლი სწორედ ყუთში იყო.

იმ საღამოს ნინო ყველაფერზე მელაპარაკებოდა: მიყვებოდა თავის აბაზანაზე, სადაც ისეთი სუნი იდგა, მდელოს სურნელსაც კი სჯობდა. უნდოდა იქ ბრუნო მიეყვანა, რათა ის სიმყრალე მოეშორებინა, რომელიც ზრდასრულ, თუნდაც მოწესრიგებულ კაცს ახასიათებს. მაგრამ განსაკუთრებით ის უნდოდა, რომ ჩემთან და ბრუნოსთან ერთად მანქანით ესეირნა მახლობელ გორაკებიან სოფლებში – თან დრო გაეტარებინა და თან მანქანის მართვა ესწავლა.

ბრუნო შეჰპირდა, რომ მანქანით წაიყვანდა, მაგრამ ამის საშუალება არა და არ მიეცათ. ბრუნოს ყველას გაჯავრება მოსწონდა და დიდად ერთობოდა, როცა ნინოს ახელებდა, ყველა შენზე ძლიერიაო. ერთხელაც ნინომ ისე მიჩქმიტა, ლამის ხორცი ამომგლიჯა და უცებ უკან გადახტა.

– ვნახოთ, აბა, თუ ჩემზე ძლიერი ხარ.

 დაიყვირა გამწარებულმა და ხელში ქვა აიღო.

მაშინ ჩუმად რომ ვმდგარიყავით ნინოს ჭიშკართან, ვკითხავდი, თუ რატომ ჩადიოდა ამას. მაგრამ, ჭიშკართანაც რომ ვმდგარიყავით, ალბათ მაინც ვერ შეძლებდა თავისი საქციელის ახსნას. ვერ ვხვდებოდი, რაში სჭირდებოდა სასიამოვნო საუბრის გაწყვეტა ამ სისაძაგლეების სათქმელად. მასავით ლამაზ აბაზანაში ვერ ვიბანდი, მაგრამ რაღაცნაირად მაწუხებდა, რომ მასზე ძლიერი ვიყავი.

– ყველას ეუბნება, რომ ჩემზე ძლიერები არიან. – თქვა ნინომ. შემდეგ ქვა გადააგდო და ღვარძლიანი ღიმილით მომიახლოვდა.

ვერ გავბედე, მეც ღიმილითვე მეპასუხა.

– ბრუნო შენც მოგწონს, არა? – აგრძელებდა ნინო. – იცოდე, რომ მას ის ხბოები მოსწონს. ჩემი დები.

– ყველა? – განვცვიფრდი.

– ყველა. – თქვა ნინომ.

– კი მაგრამ, კაცები ერთ ქალს ირჩევენ ხოლმე. – ვთქვი მე.

– რა შტერი ხარ. – თქვა ნინომ. – მათზე დაქორწინებას კი არ აპირებს.

– კი მაგრამ, არ თქვი, მხოლოდ მე მელაპარაკებოდაო?

– ეგ იმიტომ, რომ ისინი ხმას არ სცემდნენ. შტერები არიან.

სახლში საშინელ ხასიათზე დავბრუნდი. მრცხვენოდა მამაჩემის ულვაშების და იმ გასანთლული, ღვინით დასვრილი გადასაფარებლის, რომელზეც საჭმელს ვჭამდით. ჩემი პატარა და კი გამუდმებით გაჰკიოდა. მანქანაში არასდროს ვმჯდარიყავი და წარმოვიდგენდი, რა კარგი იქნებოდა ნინოსთან და ბრუნოსთან ერთად გასეირნება. თუმცა, ის ფაქტი, რომ ნინოს დები შტერები, ხოლო ნინო – ცბიერი იყო, გულს მტკენდა. მადლობა ღმერთს, მისთვის არასდროს მითქვამს, რომ ერთხელ მისი დები სიზმარშიც კი ვნახე.

მეორე დღეს ძველ მეგობრებთან ერთად სამწყემსად წასვლა სასირცხვილოდ მივიჩნიე და მთელი დილის გატარება ნინოსავით გადავწყვიტე: საუზმე, თავის მოწესრიგება, ოთახებში აქეთ-იქით სიარული. თუმცა, 10 საათზე უკვე ეზოში ვიყავი და არ ვიცოდი, რა მეკეთებინა.

სახლის გვერდით რომ დაბალი ვაშლის ხეები იყო, ლამის ზეპირად ვისწავლე. შემდეგ თაღედის წინ მოვყევი ბოდიალს, იქვე ჯერ კიდევ შარშან შეგროვებული ფიჩხების გროვა იყო. უცებ მენახირეს ცოლმა გამოიარა სათლით ხელში. ჭაღარა თავზე ყვითელი თავსაფარი ეკეთა, ხელები კი აკაპიწებული ჰქონდა. მაშინ მივხვდი, როგორ ძლებდა ნინო მთელი დილა თამაშის გარეშე: ნინოს ეზოში ხომ მისი დები მიდი-მოდიოდნენ. ალბათ რა კარგი იყო მათ გვერდით ცხოვრება. ისინი ხომ ისეთი ლამაზები იყვნენ, რომ მძღოლსაც კი მოსწონდა. ჩემთან კი მარტო დედა და მოსამსახურე იყო და ისინიც გლეხურ სამუშაოს ეწეოდნენ, მამაჩემი კი მხოლოდ საღამოს ბრუნდებოდა.

ქალი უცებ გომურისკენ გაიქცა. გავიგონე, როგორ აბღავლდა ძროხა, გეგონებოდა ტირისო. კარებთან რომ მივედი, ქალი მომვარდა და უკმაყოფილოდ მითხრა: ,,წადი, წადი.’’ შემდეგ წინ გადამიდგა და გზა ჩამიკეტა. ,,არ შეიძლება ამის ყურება. წადი, პიეტროს დაუძახე. უთხარი, რომ დროა. გაიგე?’’ პიეტრო ამ დროს სახლის უკან, მინდორში იყო სათოხნად. მე და პიეტრო ერთად წამოვედით. მან ჯერ სამზარეულოში შეიარა, რომ ბოთლიდან წყალი მოესვა, შემდეგ კი გომურს მივაშურეთ. ქალმა ისევ არ შემიშვა. პიეტრო მომიბრუნდა და ჩაიბურტყუნა: ,,წადი დედაშენს უთხარი, რომ ხბო იბადება.’’

იქვე გავდი-გამოვდიოდი და ცხოველის ყველა განმგმირავ ბღავილზე ვკრთებოდი. ბღავილს მომაკვდავის ხავილი მოჰყვებოდა ხოლმე. შემდეგ აღელვებული ლაპარაკი, ბოლოს კი წყლის ხმა და ჯაჭვის წკარუნი მოისმა. ვიდექი და ძროხის უფორმო მუცელზე ვფიქრობდი, რომელიც წინა დღეებში დავინახე.

უცებ ნინო გამახსენდა და მოვკურცხლე, რომ დროზე მიმესწრო. რომ მივედი, ეზოდან მისი ერთ-ერთი და გამოდიოდა. მას ქერა თმა და ფითქინა კანი ჰქონდა. ძალიან მომწონდა, როცა ველოსიპედით დასეირნობდა. ხელი თავზე დამადო და სიცილით მკითხა, რა გინდაო. ვუთხარი, რომ ნინოს ვეძებდი. 

– რატომ? – დაიჟინა მან.

– ხბო დაიბადა. – გაწითლებულმა ამოვილუღლუღე.

გოგონამ მიყურა, შემდეგ ხელი აიღო და ხმამაღლა გაიცინა.

– ლამაზია? – მკითხა.

არ ვიცოდი, რა მეპასუხა. მან ისევ გაიცინა, შებრუნდა და ნინოს დაუძახა:

– ნინო!

ეზოდან ვიღაცამ უპასუხა. შემდეგ ხელით რაღაც მანიშნა, ქოლგა გახსნა და აღარც შემოუხედავს, ისე წავიდა.

ნინო რომ მოვიდა, ძაღლი ყეფდა და აქეთ-იქით დარბოდა, თან ჯაჭვი წკარუნებდა.  ნინოს წაყვანის სურვილი აღარ მქონდა. ჩემი ბინძური ეზოსი შემრცხვა. მხოლოდ ეს ვუთხარი:

– წამოხვალ?

საბოლოოდ კაშხალთან აღმოვჩნდით, სადაც ქალები სარეცხს რეცხავდნენ. ორივე ვდუმდით.

– გინახავს, როგორ ჩნდება ხბო? – ვკითხე მოულოდნელად. – მე ამ დილით ვნახე. შემეშინდა.

– ყვიროდა? – მკითხა ნინომ.

– არა, დედა ყვიროდა. ძროხა. – ვუპასუხე.

– რატომ არ დამიძახე?

განაწყენებული სახე მივიღე, როგორც წინა დღეს.

– შტერო. – აღტყინებით თქვა ნინომ. – ვნახავდით, ბავშვები როგორ ჩნდებიან. მართლა დაინახე?

– არასდროს გინახავს ბავშვები როგორ ჩნდებიან? – ვკითხე მედიდურად.

ნინო გაჩუმდა და თავი დახარა. ქალები სარეცხს ქვაზე ატყლაშუნებდნენ. ერთ-ერთი მათგანი მსუქანი იყო. ხელებაკაპიწებული იდგა და სარეცხს იმხელაზე იქნევდა, იღლია მოუჩანდა, თან ამ დროს მეგობართან ერთად იცინოდა. კაბაში გამოწყობილს მოხრილი სხეული სულ უთრთოდა.

– გეგონება ცხენი გადის კუჭშიო. – განვაგრძე გაბზარული ხმით. – უბრალოდ, ხბო უფრო დიდია.

– მართლა დაინახე?

– კი. – ვუპასუხე.

– შენც ეგრე გაჩნდი. – თქვა ნინომ გაცხარებით.

– ჰო, მეც. – ვუპასუხე მშვიდად.

ნინომ მუშტი სახეში მიირტყა და ძირს გაგორდა. მე დაბნეული ვიდექი. მერე გვერდით მივუჯექი, რომ მისთვის სიმართლე მეთქვა, მან კი ამ დროს სიცილი ატეხა. თუმცა ეს ღვარძლიანი სიცილი იყო.

– თუ გინდა, მანქანით გაისეირნო ჩვენთან ერთად, მითხარი, როგორ იბადება ხბო.

ნინოს მივაშტერდი: თვალები ანთებოდა, ტუჩები კი უთრთოდა. შემდეგ ჩაიბურტყუნა:

– დედაშენიც ხომ არ გინახავს?

განცვიფრებულმა შევხედე და ვუთხარი:

– რა შტერი ხარ!

– მითხარი, ვინ გინახავს?

– მხოლოდ ხბოს დაბადება ვნახე.

– ქალები არ გინახავს?

– არა. – ვუთხარი და თავი დავღუნე.

უცებ ნინოს ხმა ჩამესმა ყურში:

– ანუ არ იცი, ქალები როგორ შვრებიან?

ვაღიარე, რომ ხბოს დაბადებაც კი არ მენახა. ნინო ბალახზე გადაკოტრიალდა და ფეხზე წამოხტა.

– მე ვიცი, როგორ შვრებიან. სისხლი გამოსდით და მუცლიდან ბავშვი უნდა გამოჰგლიჯონ.

– სისხლი ყოველთვის არ გამოსდით.

– ყოველთვის გამოსდით, სწორედ ამიტომ ყვირიან.

– არა!

 ვუთხარი, რომ ხბოს დაბადების მერე ძროხა ვნახე და სისხლი არ ჰქონდა, ხბო კი მხოლოდ ცოტა ნოტიო იყო.

– ქალებს სისხლი გამოსდით. – დაიჟინა ნინომ. – შენ არაფერიც არ იცი.

ხრინწიანი ხმით ამიხსნა, როგორ მშობიარობდნენ ქალები, მე კი ამ დროს ჩუმად ვიდექი და ბალახს მივშტერებოდი.

– შენი დებიც ეგრე იზამენ? – ვკითხე ბოლოს.

– კი, ისინიც.

შუადღეს ბრუნო მოულოდნელად ჩამოვიდა სოფელში. მანქანაში მხოლოდ ბოცა ედო, რომელიც სადგურამდე უნდა მიეტანა და რადგანაც ჩვენი ადგილი გამოიძებნა, თან წაგვიყვანა. უკან დაგვსვა, რომ ბოცა დაგვეჭირა და დაიძრა. მთელი გზა გული ყელში მიცემდა და მეჩვენებოდა, რომ მეც დავფრინავდი, ხეებიც, ბოძებიცა და გამვლელებიც. მზე თვალს მჭირდა და თვალებს რომ მოვჭუტავდი, ბრუნოს კეფას, მის წითელ ცხვირსახოცსა და საჭეზე დაწყობილ ხელებს ვხედავდი. მეშინოდა, რომ თუ დაამუხრუჭებდა, ბოცა წაიქცეოდა.

საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ერთადერთი ის იყო, რომ მიწაზე ფეხის დადგმისას წავბორძიკდი. ბრუნომ ბოცა ყვირილით მიიტანა საწყობამდე და შემდეგ სადგურის სასადილოში წაგვიყვანა. შეშინებული ჩრდილში დავჯექი, სიგრილეში. ვცდილობდი, ყველაფერში ნინოსთვის მიმებაძა: გარშემომყოფებს ვათვალიერებდი, ვიცინოდი და ბრუნოს სახეში შევციცინებდი.

ბრუნომ გვკითხა, რისი დალევა გვინდოდა და ნინომ ყინულიანი სასმელი მოითხოვა. პირი რომ გავისველეთ, ნინომ ყლუპი გადაყლაპა და ღიმილით მითხრა:

– ბერტო, მოუყევი ბრუნოს, ბავშვი როგორ ჩნდება.

ბრუნომ ცალი თვალით შემომხედა. შემდეგ ჭიქა დადო და ტუჩები მობრიცა.

– იცოდე, თუ არ… – ავფეთქდი მე.

ბრუნომ ოფლი მოიწმინდა. შემდეგ ნინოს მიუბრუნდა:

– უთხარი, რომ ჯერ კაცობა ისწავლოს. თქვენს ასაკში ეს აუცილებელია. სხვა დანარჩენზე ქალები იზრუნებენ.

– იმის თქმა მინდა, რომ ხბო დაიბადა… – თქვა ნინომ.

– ხბო კი არა, ორი ვირი დაიბადა. – გააწყვეტინა ბრუნომ. – სხვა სალაპარაკო არ გაქვთ?

ისევ ოფლი მოიწმინდა. გაღიზიანებული ჩანდა და თავჩაქინდრულები ვდუმდით. ნინო ყინულს ღეჭავდა.

– ნინო, კლარამ სიგარეტი მოგცა?

კლარა ქერათმიანი იყო.

– არა, დამალა. – უპასუხა ნინომ.

ბრუნომ ხელში თავის სიგარეტი აათამაშა და გულგრილად თქვა:

– ხვალ რობინიში წამოხვალთ? შუადღეს დავბრუნდებით. შენც წამოდი, ბერტო.

– მომაწევინე. – უთხრა ნინომ.

ვუყურებდი ბრუნო თავისი ტორებით როგორ ახვევდა სიგარეტს და ვერ ვბედავდი, რომ მეც მეთხოვა.

– ნინო, მიდიხარ ხვალ? – ვკითხე.

ნინომ ბრუნოს ალმაცერად შეხედა და ხმადაბლა თქვა:

  • ღობესთან დაგელოდოთ?

ბრუნომ თავი დაუქნია და სიგარეტი მიაწოდა. ვერ ვხდებოდი, ნინოს სახეზე მკვდრისფერი რატომ დაედო. თავის და ბრუნოს სიგარეტს რომ მოუკიდა, შევამჩნიე, როგორ უკანკალებდა ხელი.

  • ღვინო დალიე. – თქვა ბრუნომ. – ყინული ავადმყოფებისთვისაა.

ვიცოდი, რომ ნინოს წითელი ღვინო ეზიზღებოდა, თუმცა ჭიქა ხელში აიღო, პირთან მიიტანა და ბოლომდე დალია.

  • ცოტა გამხიარულდით. – თქვა ბრუნომ. – ზამთარში, ქალაქში რომ იქნებით, ასეთ კარგ ღვინოს ვეღარ დალევთ. იქ გამხდრები და სუსტები გაიზრდებით. ბერტო, შეყვარებული გყავს?
  • ამის დრო არ მაქვს. ზამთარში სკოლაში დავდივართ. – ვთქვი დარცხვენილმა.
  • და ზაფხულში გყავს?
  • მე… არა.

ბრუნოს გულწრფელად გაეცინა.

      – ყოჩაღ, და ზამთარში ხვდებით ხოლმე შენ და ნინო?

  • ამ ზამთარში შევხვდებით. – ვთქვი და ნინოს შევხედე.
  • ფრთხილად იყავი, ხომ იცი, ფარიკაობითაა დაკავებული, დაშნაზე არ წამოგაგოს. – მითხრა ბრუნომ და თვალი ჩამიკრა.

ნინო დუმდა. მეორე ჭიქა ღვინოც რომ დალია, შევნიშნე, რომ არ გვისმენდა. ბრუნოს ტყავის სამაჯურს მიშტერებოდა, რომელიც კვადრატულ მაჯაზე ეკეთა. უცებ ჰკითხა, რად გინდაო.

  • თავხედებს რომ სახე დავულეწო. – აუხსნა ბრუნომ. – ცერად უნდა დაარტყა, ზემოდან ქვემოთ, არც თითები გეტკინება და დარტყმაც ხელთათმანით დარტყმასავით ძლიერია. ერთ ღამეს სპინიოში სადგურთან მანქანით ვიდექი. ვიღაცამ ჩამიარა და მანქანაში ჩამიფურთხა. ჩამიფურთხა და გზა განაგრძო. შეფურთხება არასდროს არავის შეარჩინო, რადგან ვინც იფურთხება, ის მხდალია. დავეწიე და სახე დავულეწე. აი, ასე. ხედავ, რისთვისაცაა საჭირო?

ნინომ ისე დაახველა, რომ ბრუნოს ანთებული სახისთვის თვალი არ მოუშორებია. ეკლესიის უკან ბევრჯერ მოგვიწევია – ნინო სიგარეტის კვამლს ყოველთვის კარგად იტანდა ხოლმე. ალბათ, ამჯერად ღვინომ იმოქმედა. ან იქნებ ბრუნოსთან ჰქონდა რამე გაუგებრობა. რატომ იხსენიებდა ბრუნო მის დას სახელით?

  • დედაშენი და შენი დები რომ აკუიში წავლენ, იმ მოედანს გაჩვენებ, სადაც ერთხელ გაავებულ ძაღლს პირში ჩემი ტყავის სამაჯური ჩავუტენე და ისე გავაჩერე. ხედავთ ნაკბილარს?
  • აკუიში თქვენთან ერთად არ წამოვალ. – თქვა ნინომ.

ბრუნომ გაიცინა. –

       –  ბერტო, მორჩი სმას. მაშ, ხვალ შევხვდებით.

რობინიში წავედით. ბრუნო სწრაფად დადიოდა და მთელი გზა უსტვენდა. ყველა მოსახვევში ჩემკენ იხედებოდა. ნინო მის გვერდით თავჩაქინდრული იჯდა, გეგონებოდა, მაგრადაა ნაცემიო. ორჯერ თუ სამჯერ გორაკებსა და ცას ისე გააყოლა თვალი, თითქოს ძილიდან იმ წამს გამორკვეულიყოს.

  • წელს სოფელში საშინელი გვალვაა. – ვთქვი შემრიგებლური ტონით, ისე, როგორც მამაჩემს სჩვეოდა.

ბრუნო არ შემობრუნებულა. მეორეხარისხოვან გზაზე გადაუხვია და აკაციების ხეივანში აღმართს აუყვა. 5 წუთი ისე ვიარეთ, რომ ხის ტოტები საქარეს მინას ეხეთქებოდა, შემდეგ კი კლდეებს შორის გადებულ ქვის ხიდთან გავჩერდით. ბრუნო მანქანიდან ჩამოვიდა და თქვა:

  • აქ დამელოდეთ და მანქანას უყარაულეთ.

მანქანა ჩააქრო და გასაღები გამოაძრო.

  • არ შეეხოთ, მაინც ვერ დაძრავთ. ნინო, გამხიარულდი!

ორივეს სიგარეტი მოგვცა და მოგვიკიდა.

  • გზაზე ვინმე თუ გამოჩნდა, ვინც არ უნდა იყოს, დაასიგნალეთ. გასაგებია? თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, მანქანას გაგატარებინებ, ნინო. შენც, ბერტო. ყურადღებით იყავით.

ბილიკზე გავიდა და აკაციებში გაუჩინარდა.

მზე აჭერდა და აკაციების ჩრდილში შეფარებულები, ციცაბო გზას გადავყურებდით. ვერავინ გაივლიდა ისე, რომ ჩვენ ვერ შეგვემჩნია. იმ ადგილებში მანამდე არასდროს ვყოფილვარ.

ნინო კი, როგორც ჩანდა, იქ უკვე ყოფილიყო. საჭესთან იჯდა და ეწეოდა. არც ირგვლივ იყურებოდა და არც მანქანისა აინტერესებდა რამე. კაცივით ეწეოდა, წყვეტილად, ისე, რომ სიგარეტს არც უყურებდა.

  • დააგვიანდება? – ვკითხე.

ნინომ არ მიპასუხა. გადმოვედი და მანქანის ფარები და მტვრიანი ბორბლები დავათვალიერე. შემდეგ გადამშრალ ხრამს გადავხედე და გავიფიქრე, რომ იქაურობა მხოლოდ შემოდგომის წვიმებით თუ აივსებოდა და აქაფდებოდა წყლით. იქვე კოჟრიანი ძირხვენები მოჩანდნენ, რომლებიც თითქოს ძირს ჩასვლას ლამობდნენ, მაგრამ გველებს უფრთხოდნენ. სიგარეტის ნამწვი დავაგდე და დავაფურთხე, რომ ჩამექრო. ნინო ადგილიდან არ იძვროდა.

  • დამსვი, რა, მეც. – ვთხოვე.

ნინომ თვალები მოჭუტა. ასე მაშინ შვრებოდა, როცა გულში ბოროტება ედო.

  • იცი, სად წავიდა?

მხრები ავიჩეჩე. უცებ სადღაც ახლოდან ძაღლის ყეფა მოისმა.

  • აი. – თქვა ნინომ. – ქალთან მივიდა. მარტინოს ცოლთან თუ შვილთან დადის. ისინი ელოდებიან და რომ მივა, ძაღლს აბამენ. მერე კი საწოლში წვებიან.
  • კი მაგრამ, ჯერ ხომ დღეა.

ნინომ მხრები აიჩეჩა.

– საწოლში წვებიან. – გააგრძელა. – ასე უფრო მალე შვრებიან. მაგრამ ზოგჯერ, თუ არავინ მოვიდა, – თან გაიცინა – ერთი საათიც კი რჩება ხოლმე.

  • და მარტინო სადაა?
  • მარტინო სადგურზეა. გუშინ გავიგე.
  • რომ მოვიდეს?
  • მაგისთვის ვართ აქ, რომ სიგნალი მივცეთ.

მისი არ მჯეროდა.

      – ბრუნომ გითხრა ასე?

ნინომ ალმაცერად შემომხედა და სიგარეტი გადააგდო.

  • არ მჯერა. – განვაგრძე მე. – მაგისთვის ბევრი დროა საჭირო. ბრუნოს სხვა საფიქრალი აქვს. ეგეც არ იყოს, მანქანა უნდა მართოს…
  • მერე რა?
  • მერე ის, რომ ზედმეტად დაღლილი იქნება…  – ვთქვი ყოყმანით.
  • ბრუნო ძლიერია. – თქვა ნინომ გაბრაზებით – აი, ნახავ.
  • რას?
  • ნახავ.

ჩრდილებით დალაქავებული სოფლის შარაგზა ისევ ცარიელი იყო. ჩემ თვალწინ ზაფხულის ხვატში ფოთლები თრთოდნენ, მაგრამ ფოთლებზე მეტად ჩემი დამფრთხალი გული თრთოდა, ხოლო სოფელი და სახლი ჩემი მარტოობისა და ფიქრებისგან ძალიან შორს მესახებოდა. ნინოს რომ ის მტრული ტონი არ ჰქონოდა… კლარა გამახსენდა, რომელიც სახლში იყო და ჩვენზე არაფერი იცოდა. ისიც ხომ ქალი იყო… მანქანის საფეხურზე მოუსვენრად ჩამოვჯექი.

  • არ მჯერა. – წამოვიძახე. – მარტინა ყოველთვის ეკლესიაში დადის.
  • ეკლესიაში ყველა ქალი დადის. არ იცი, რომ ეკლესიაში ქორწინდებიან? და ქორწინდებიან იმისთვის, რომ ერთად დაწვნენ.
  • არ მჯერა. – ვთქვი მე. – ბრუნო კაცია, ისევე როგორც ჩვენ.
  • იცი, რას ვუზამ?
  • რას?
  • ნახავ.

მანქანაში ნინოს გვერდით დავჯექი. ალმაცერად მიყურებდა და თავისთვის სტვენდა.

  • ახლა ალბათ ერთმანეთს კოცნიან. – გამოცრა კბილებში.
  • ნინო, – წამოვყვირე. – მარტინო რომ დაბრუნდეს, რა ვქნათ? სახლში ყველას მოუყვება…
  • არ დაბრუნდება. – თქვა ნინომ. – ვინმე ხომ არაა? შებრუნდა და შარაგზა, მთავარი გზა და დაბლობი მოათვალიერა. ყურიც დავუგდეთ, მაგრამ ჩამიჩუმი არ ისმოდა.
  • ახლა ალბათ ტანსაცმელი გაიხადეს. – თქვა გაფითრებულმა ნინომ.
  • კარგი, რა… – ამოვილუღლუღე.
  • აი, მზად არიან. – თქვა ნინომ და სიგნალის ღილაკს დააჭირა.

საპასუხოდ ჯერ მხოლოდ ძაღლის ყეფა გაისმა, შემდეგ კი თითქოს მთელი ტყე აბობოქრდა. ვეცადე, ნინო გამეჩერებინა, მაგრამ სიგნალის ყურისწამღები ხმა, რომელიც დახრჩობის პირას მისული კაცის ხმას ჰგავდა, უკვე ყველგან გაისმოდა.

ბრუნო მალევე გამოჩნდა ბილიკზე, ჩვენ კი ამ დროს ხეების უკან, ბალახში ვისხედით. იქ ნინომ წამათრია. ბრუნომ ჯერ ირგვლივ მიმოიხედა, შემდეგ კი შარაგზას გახედა. ხელში წითელი ქამარი ეჭირა.

შარვალი რომ შეიკრა, ისევ გარშემო მიმოიხედა. შემდეგ ხმადაბლა დაიძახა: – ნინო!

ნინო მხარში ჩამეჭიდა.

ბრუნო მანქანაში ჩაჯდა და იქიდან მთავარ გზას დაუწყო ყურება, თან ტუჩებს აცმაცუნებდა. თმა აჩეჩილი ჰქონდა, ხოლო სახე გეგონებოდა წყლის ტუმბოსთვის ჰქონდა შეშვერილიო. მანქანიდან ჩამოვიდა და ბუჩქებისკენ აიღო გეზი. ჩვენკენ ზურგით დადგა, ფეხები განზე გაწია და გავიგონე, როგორ მოშარდა. ნინომ სიცილი ძლივს შეიკავა.

მაშინ ბრუნო ჩვენი მიმართულებით წამოვიდა. ზემოთ იყურებოდა და თან შარვალს იკრავდა. უცებ დაიხარა და ბუჩქნარს მოვარდა. ნინოსთვის ფეხში ხელის წავლება მოასწრო და წააქცია, მე ფეხზე წამოვხტი და მივაცქერდი. ვდუმდი. ნინომ ბრუნოს ორივე მაჯა ერთ ხელში მოიქცია და კურდღელივით ასწია. ნინო ყმუოდა და წიხლებს იშენდა, ამიტომ ბრუნო მისგან შორს იჭერდა თავს და თან გვერდებში ურტყამდა, ის კი ყველა დარტყმაზე ღრიალებდა და ტუჩებს კუმავდა. უცებ ჩემკენ გამოიხედა, თუმცა ვერ შემნიშნა და გზისკენ გავიქეცი. დავარდნის ხმა გავიგონე და დავინახე, ბრუნომ იღლიის ქვეშ მოქცეული ნინო როგორ ჩააგდო მანქანაში. უხეშად მითხრა:

– დაჯექი. ვბრუნდებით.

ნინო მთელი გზა გახევებული იჯდა ბრუნოს გვერდით და ხმას არ იღებდა. ცივი ქარი სახეში მცემდა და მეჩვენებოდა, რომ სიცხე მქონდა. ბრუნო სახლის წინ გაჩერდა. მიყურებდა, როგორ ჩავდიოდი და უცებ მომეჩვენა, რომ იცინოდა. ნინომ თავი ასწია, გაწვდილი ხელი გამაწევინა და მანქანიდან ყოყმანით გადმოვიდა. შემდეგ ძირს დააფურთხა და კოჭლობით ეზოში შევიდა.

მეორე დღეს ნინოს დაძახება ვერ გავბედე, რადგან ჭიშკართან რომ მივედი, ეზოში მისი დები შევნიშნე. ყავისფერთმიანები იყვნენ. ფეხები მზისთვის მიეშვირათ, ერთ-ერთი მათგანი კი კითხულობდა.

საღამოს ისევ შორიახლოს ვყურყუტებდი, როცა კლარა წამადგა თავს ველოსიპედით. ძირს ჩამოვიდა და მკითხა:

  • გუშინ სად იყავით? რა უქნა ბრუნომ ნინოს? სად იყავით? – აგრძელებდა ის. – თქვი. უკვე მაინც ყველაფერი ვიცი. ნინო დღეს წევს. რა დაუშავეთ ბრუნოს?
  • სად არის ბრუნო? – ვკითხე.

კლარამ ყურადღებით შემომხედა და ჭიშკრისკენ წავიდა, თან ველოსიპედი მიჰყავდა.

  • არ ვიცი, ბრუნო სადაა. მე მას არ ვიცნობ. მაგრამ ვიცი, რომ რაღაც დაუშავეთ. ნინოს არაფრის თქმა არ უნდა. რობინიში იყავით?
  • მანქანა გადაბრუნდა. – თქვი მე.
  • რობინიში რა გინდოდათ?
  • არაფერი, მანქანის მართვას ვსწავლობდით.

ეზოში ვიყავით. ტირიფის მოწნული სავარძლები ცარიელი იყო. ჩვენ ფეხებქვეშ ხრეშის ხრიალი ისმოდა.

  • იქ ვინმეს სანახავად იყავით?
  • არა, არა.
  • ნინო წევს. გინდა მის სანახავად შემოხვიდე? – მკითხა სერიოზულად.
  • არა, ხვალ გამოვივლი. გვიანია. – ვთქვი დაყოვნებით.
  • ხბო როგორაა? – ღიმილით მკითხა კლარამ.
  • რომელი ხბო?
  • იმ დღეს რომ დაიბადა… შენია?

თავი დავუქნიე. კლარამ ველოსიპედი კედელზე მიაყუდა და კიბეები აირბინა. – კარგად, ბოჩოლავ! – მობრუნდა და დამიყვირა. საკმაოდ მაღალი იყო.

რამდენიმე დღე ნინო არ ჩანდა. მთელ დროს მის ეზოსთან ყურყუტში ვატარებდი და ვიმედოვნებდი, რომ ვინმე მაინც გამოჩნდებოდა. აგვისტოს დასაწყისი იყო – წელიწადის ის დრო, როცა სოფელში არაფერი არაა: ვაშლი და ქლიავი ივლისში ილევა, ყურძენი კი სექტემბრამდე არ მწიფდება. ნინოს ლოდინში ახალი მეგობრების გაჩენას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ შარაგზებზე ხეტიალის მეტი აღარაფერი დამრჩენოდა. მარტოობა მხოლოდ ცოტა ხნითაა კარგი, განსაკუთრებით მაშინ, თუ თავში რამე კარგი აზრი მოგივა ან ღობის იქით კლარას დაინახავ. მთელი დღე მარტო ყოფნა კი მოსაწყენია.

ერთ-ერთ შუადღეს საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. სეტყვა არ იყო, თუმცა ციოდა და ცა ჩაშავდა. დედაჩემს და შინაურ ცხოველებს ძალიან შეეშინდათ, მე კი მომწონდა, რადგან საღამოს სასიამოვნოდ აგრილდა, დილით კი მიწა გუბეებითა და ფოთლებით დაიფარა. კლარა და მისი დები გამახსენდნენ: ვინ იცის, ელვამ თუ შეაშინათ.

როცა ბოლოს და ბოლოს ნინო ვნახე, ბევრს არ ლაპარაკობდა. ერთი-ორჯერ სიცილი ძლივს შევიკავე, როცა დავინახე, რომ ღობეებზე სიფრთხილით ჯდებოდა. ალმაცერად მიყურებდა და ის პირველი ხანები გამახსენდა, უთქმელად რომ დავსეირნობდით ხოლმე. ერთხელ არაბულწარწერიანი ლამაზი სიგარეტი მოიტანა, რომელმაც მძაფრი სურნელით გამაბრუა.

ერთ დღეს, კაშხალთან რომ მივედი, მხრებზე ქურთუკმოსხმული ნინო ფრთხილად მოგვიახლოვდა, ნაპირზე დაჯდა და გააბოლა. ბიჭები მაშინვე შემოეხვივნენ. ნინომ ორ თუ სამ მათგანს სიგარეტი მისცა და წყალში გადააფურთხა. შემდეგ გულგრილად თქვა:

  • მძღოლი ხომ არ გინახავთ კა ნერედან?

იმ ქერათმიანს მიმართავდა მულინოს ოჯახიდან, რომლის ძმაც სადგურზე მუშად მუშაობდა. გაირკვა, რომ ბრუნოს მადონას დღესასწაულზე ან უფრო ადრეც, სოფელში უნდა გამოევლო ფქვილის დასატვირთად.

ნინომ მშვიდი ხმით თქვა:

  • მას მარტინო ეძებს გასატყავებლად.

მჭედლის შვილმა აღნიშნა, რომ სიგარეტს თაფლის გემო ჰქონდა, მაგრამ ძლიერი იყო.

სახლისკენ ოთხნი წავედით. მჭედლის შვილს კოჭამდე შარვალი ეცვა და ფეხშიშველი იყო. დროდადრო პერანგის ქვეშ გულ-მკერდს იფხანდა. რამდენიმე დღეში ნინო მათთან დამეგობრდა და ერთმანეთში სიცილითა და მუჯლუგუნის კვრით დაიწყეს ლაპარაკი.

ერთ დღეს ნინომ მკითხა:

  • იმ დღეს ბრუნომ არაფერი გიქნა?
  • არ გახსოვს, სიგნალის ღილაკს ვინ დააჭირა? – ვუპასუხე მე.

იმ დღეებში ნინო თვალს არ მისწორებდა და სიარულის დროს ალმაცერად მიყურებდა ხოლმე.

  • ბერტო, რა გულუბრყვილო ხარ.

ზოგჯერ შუადღეს სადღაც იკარგებოდა. ვიღაცებთან ერთად ატარებდა დროს და სათევზაოდაც დადიოდა ხოლმე. ერთხელ თურმე სიგარეტთან ერთად ატმის სიროფიც კი მიუტანია ბიჭებისთვის.

  • ფრთხილად იყავი. შენთვის კარგი არ უნდათ და მხოლოდ იმიტომ გემეგობრებიან, რომ რაღაცები მიგაქვს ხოლმე. – ვუთხარი ერთ დღეს. მითხრა, რომ ყველაფერს ხვდებოდა.

მადონას დღესასწაულზე ნინო არ გამოჩნდა. არც მისი დები გამოსულან ეზოში, რომ გორაკებზე ანთებული კოცონები ენახათ. პირველად ხდებოდა, რომ დღესასწაულს მარტო ვატარებდი და ადგილს ვერ ვპოულობდი. მეორე დღეს ვიღაცისგან შევიტყვე, რომ ნინო მულინების გორაკზე წასულა ცეცხლის დასანთებად. იქ მჭედლის შვილისთვის ხელი უკრავს და ცეცხლში ჩაუგდია, შემდეგ კი სახლში გაქცეულა. მის მერე მჭედლის შვილი ნინოს მოსაკლავად დასდევდა.

ამჯერად ნინომ მებაღის პირით გამომიძახა და შემევედრა, რომ ბრუნოს დასაძახებლად წავსულიყავი. კა ნერე შორი იყო, მაგრამ მაინც წავედი. ავტოფარეხში დავიბარე, რომ ნინო სოფელში ჩამოსულიყო. ნინოს ეზოში რომ შევდიოდი, კენჭები და მიწის გუნდები მომხვდა. მჭედლის შვილი და მისი მეგობრები აღმოჩნდნენ, რომლებიც ჩასაფრებულები ნინოს უცდიდნენ.

რამდენიმე საათში ბრუნო ჩამოვიდა. მხნედ გამოიყურებოდა, ისევ ცხვირსახოცი შემოეხვია ყელზე და ჩექმა ეცვა. ჭიშკართან გავაჩერე, იმის იმედით, რომ ისევ სროლად დაიწყებდნენ. ბრუნოს ეგონა, რომ აკუიში გამგზავრებასთან დაკავშირებით გამოიძახეს და ნინო რომ დაინახა, თავში წამოარტყა. ნინო ბრაზისგან წამოწითლდა, თუმცა ბრუნოს გვერდში ამოუდგა და ჰკითხა, შერიგება თუ გინდაო. ის უძრავად იდგა და ეზოს გაჰყურებდა. შემდეგ გადაიხარხარა და თქვა:

  • კარგი. რა გინდა?

უცებ ნინოს მიწის გუნდა მოხვდა ზურგში. ის გვერდით გადახტა, ბრუნოს მუჭი ხელში მოიქცია და უთხრა:

  • მოსდე იმ მაწანწალებს.

როცა ბრუნომ შეიტყო, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, მათკენ გაიხედა და შემდეგ ხმამაღლა მოგვმართა:

  • ქალებზე უარესები ხართ. მათთვის კი, ქვემოთ რომ არიან, უმჯობესია, თავი არ მომაბეზრონ, თორემ მიიღებენ.

ამ დროს კლარა გამოვიდა. ერთმანეთი იცნეს და აკუიზე ლაპარაკს მოჰყვნენ. ნინომ ყვავილნარში შემიპატიჟა რაღაცის საჩვენებლად. ეზოში შევდიოდი და თან კლარას ვუყურებდი, რომელიც ჭიშკარზე დაყრდნობილი უსმენდა ბრუნოს.

რამდენიმე წუთში ბრუნოს კენჭი მოხვდა სახეში. კლარას ყვირილზე ჩვენც მათთან მივვარდით. ბრუნო უკვე ორ მათგანს წიხლებს უშენდა, მათ შორის ერთ-ერთი მჭედლის შვილი იყო. ჭიშკართან გავჩერდი. აღელვებას ვერ ვმალავდი და მუჭები ძლიერად მქონდა შეკრული. ყველაფერი კლარას თვალწინ ხდებოდა: მზად ვიყავი, იმ არამზადებს მეც გავსწორებოდი.

ბრუნო ღიმილიანი სახით დაბრუნდა, კლარას დაემშვიდობა და ნინოს კიდევ ერთხელ წამოუთაქა თავში. ყველანი აღგზნებულები ვიყავით.

აგვისტოს ლამაზი დღეები იდგა. სხვის ეზოში ქურდულად შეპარვის მერე, ნინო ხშირად მპატიჟებდა ხოლმე თავის ბაღში. ამ დროს ძაღლს სახლის უკან აბამდნენ ხოლმე. ერთხელ ქოლგის ქვეშ დავსხედით და პურითა და ჯემით წავიხემსეთ. ნინო სავარძელში იყო გაშხლართული და მეუბნებოდა, რომ ქალაქში ჯემს ხშირად მიირთმევდა. ისიც მითხრა, რომ ფარიკაობის გაკვეთილზე მიმიყვანდა და მაჩვენებდა, თუ რა კარგია. მომავალ წელს, ივლისში, ზღვაზე აპირებდა წასვლას და მეც თუ წავყვებოდი, ნავით გამასეირნებდა. ნიჩბებს აღმიწერდა და მაფრთხილებდა, რომ თუ წავყვებოდი, ცურვა უნდა მესწავლა.

  • შენი დები არ თხოვდებიან? – ვკითხე მას.
  • ერთი დაქორწინებულია. – მიპასუხა ნინომ. – აქ არაა. შარშან კლარაც უნდა გათხოვილიყო, მაგრამ ბოლოს ერთმანეთს დაშორდნენ.
  • და დედაშენი?

დედამისი ერთ-ერთი ყავისფერთმიან ქალიშვილთაგანი აღმოჩნდა. მისი და მეგონა და ყურებს არ ვუჯერებდი.

  • ჩემს სახლში მარტო ქალები არიან. – ამბობდა ნინო. – კლარა მაინც გათხოვილიყო და წასულიყო.

ისეთი სასიამოვნო იყო ნინოსთან დროის გატარება… სიბოროტეებს აღარ მეუბნებოდა. ბრუნოსთან ერთად კიდევ ერთხელ გავისეირნეთ მანქანით მახლობელ სოფელში, ამჯერად ჩხუბის გარეშე. კლარამ მასთან სიგარეტი გაგვატანა, მან კი ის ღიმილით ჩაიდო ჯიბეში.

მხოლოდ მჭედლის შვილის ამბავი გვადარდებდა: თმა ისევ შეტრუსული ჰქონდა და შორიდან ამაყად მოგვშტერებოდა და ტუჩებს მანჭავდა ხოლმე.

ერთხელ ეკლესიის წინ მოედანზე შეგვხვდა. სახეზე მლიქვნელური ღიმილი გადაჰფენოდა. ნინოს სიგარეტი სთხოვა, მან კი მხრები აიჩეჩა.

  • სიგარეტს თუ მომცემ, ისეთ რამეს გეტყვი, რომ მერე მთელ შეკვრას მაჩუქებ.
  • მიეცი. – ჩავჩურჩულე ნინოს. – და შეგირიგდება.

ნინოს სიგარეტი თან არ ჰქონდა. მჭედლის შვილმა გაიცინა და თქვა:

  • არა უშავს. ორტოში წამოდით, გასაგიჟებელ რამეს განახებთ.
  • სულელები გგონივართ? – ჰკითხა ნინომ.

მაშინ მჭედლის შვილმა ყვითელი კბილები ნინოს ყურთან მიუტანა და ფშვინვით რაღაც ჩასჩურჩულა. ნინოს მკვდრის ფერი დაედო. უკან დაიხია, ჯერ მე შემომხედა, მერე მას და ენის დაბმით თქვა:

  • მართალს ამბობ?
  • რა მოხდა? – ვკითხე მე.
  • წავედით. – თქვა ნინომ.

ორტო სახლის უკან, გორაკის ფერდობზე მდგარი დამხმარე ნაგებობა იყო. სახლსა და პირველ ხრამს შორის დაბლობზე გადაჭიმულიყო დიდი ვენახი, რომელიც ლერწმითა და მანანით იყო გარშემორტყმული. ლერწმებს რომ მივაღწიეთ, ხტუნვა-ხტუნვით დავიწყეთ გზის გაკვლევა ვენახის რიგებში. ყოველი შემთხვევისთვის, ჩუმად სქელი ტოტი მოვტეხე, ვაი და მჭედლის შვილი რამე ცუდს გვიმზადებდა.

  • დღეს ბრუნო ხომ არ გინახავს? – ვიკითხე მოულოდნელად, რათა ნინოც და ჩვენი თანმხლებიც მინიშნებას მიმხვდარიყო.

ნინოს ტუჩები უთრთოდა და არ მიპასუხა. კაზეტო როსოს მიმართულებით მივდიოდით. კაზეტო როსო ვენახის ბოლოს მდგარი, ხეებში ჩაფლული მიტოვებული ქოხმახი იყო. წინა წელს იქ ციხე-სიმაგრეს ვაწყობდით სათამაშოდ.

  • ჩუმად. – თქვა ნინომ, ქოხმახს რომ მივუახლოვდით. – გაჩერდით. ბერტო, არ გამოუშვა რა.

ცოტა კიდევ წაიწია წინ და გაჩერდა. ხის კარი დაკეტილი იყო. ნინომ კუთხისკენ მიიწია, ფეხის წვერებზე დადგა და ფანჯარაში შეიხედა.

მჭედლის შვილი ჩუმად იცინოდა.

  • რა ხდება?
  • მიდი, ნახე. – მითხრა მან.

ნინოს ჩვენც მივუახლოვდით, ის კი ამ დროს რაფაზე იყო დაყრდნობილი და დაბზარულ მინაში იყურებოდა. მეც შევიხედე, მაგრამ ვერაფერი დავინახე, რადგან მზისგან ვიყავი დაბრმავებული. სიბნელეში რაღაც მოძრაობდა.

შემდეგ მიწაზე თეთრი სხეული დავინახე, რომელსაც წითელ ცხვირსახოციანი კაცი მოშორდა. ბრუნო იყო. ქალი კი კლარა აღმოჩნდა, რომელსაც შიშველ გულმკერდზე მზის ოქროსფერი შუქი ეცემოდა. მტვრიანი მინიდან გეგონებოდა ეს ყველაფერი ღრუბლებში ხდებაო.

  • ის თეთრია. – ჩაიჩურჩულა მჭედლის შვილმა.

ნინო უკან გადახტა.

– აქეთ გამოდით.  – კბილებში გამოსცრა. – აქეთ გამოდით.

უცებ ვიგრძენი, ზურგში ვიღაც ფრჩხილებით როგორ ჩამაფრინდა. მჭედლის შვილმა ნინოს უკნიდან პანღური უთავაზა.

  • თუ არ წამოხვალ, ბრუნოს დავუძახებ. – თქვა ნინომ გაბრაზებით.

მჭედლის შვილმა ნინოს თავი დაანება და დამცინავი სახით უკან დაიხია. ერთი წამით ერთმანეთს მიაშტერდნენ და ნინო მისკენ გაიქცა, თუმცა მოწინააღმდეგე ხელიდან გაუსხლტა.

მეც გავიქეცი, თან ხელში ტოტი ჩამებღუჯა. ვენახის ბოლოს, თითქმის ლერწმებთან, ნინო მჭედლის შვილს დაეწია და წააქცია. მიწაზე გორავდნენ და თან ერთმანეთს კბენდნენ. მათ მეც შევუერთდი და დაკემსილ შარვალზე, დასვრილ პერანგსა და ყვითელ კბილებში დავუწყე ცემა. ვურტყამდი და ვოცნებობდი, რომ კარლას დავენახე.

როცა მჭედლის შვილმა ყვირილი დაიწყო და ღრიალი მორთო, თავი დავანებე და ნინოც მოვაშორე. ჩვენი მოწინააღმდეგე კვალში ჩავარდნილი დავტოვეთ და გავიქეცით.

ვფიქრობ, მე და ნინოს მაშინ ერთი აზრი გვიტრიალებდა თავში, რადგან ძალღონეგამოცლილი და ნაგვემი ცხენივით მიიკვლევდა გზას და ცდილობდა, დამშორებოდა. უცებ გავჩერდი და გაქცევა ვაცადე. ამგვარად, ერთმანეთთან ლაპარაკი არ მოგვიწევდა.

დავინახე, როგორ გაუჩინარდა სახლის კუთხესთან და გზაზე, ხრეშის გროვაზე დავჯექი. მხოლოდ სახლში შევნიშნე, რომ ყელზე სისხლი მეცხო, თუმცა არ მადარდებდა: ჭიშკარში შევედი და თივაზე დავეცი. როცა ავდექი, უკვე დაბნელებული იყო. მთელი სხეული დაჭიმული მქონდა. ლოყაზე ხელი მოვისვი, შემხმარი სისხლი რომ მომეცილებინა. სისხლი ცრემლებს მაგონებდა და ვფიქრობდი, დანარჩენი დებიც კლარასნაირები იყვნენ თუ არა.

მეორე დღეს შევიტყვე, რომ ნინოს ხელი ჰქონდა მოტეხილი. მასთან მისვლა ვერ გავბედე, რადგან მეშინოდა, რომ დაგვინახავდნენ.

მომდევნო ღამეები საათობით ვფხიზლობდი – თვალებს ვხუჭავდი და ბალიშს ვებღაუჭებოდი. ერთ მთვარიან ღამეს, რომ არ შემშინებოდა, ავდგებოდი, ქოხმახში გავიქცეოდი და ვნახავდი, რამე კვალი ხომ არ იყო დარჩენილი. იქ მეორე დილით გადავიწყვიტე მისვლა, თუმცა ვენახში გლეხი შევნიშნე და შესვლა ვერ გავბედე.

ეზოდან იშვიათად გამოვდიოდი, რადგან თავდასხმისა და ქვების მოხვედრის მეშინოდა. მაგრამ ერთ დღეს ბიჭებმა სათევზაოდ წასვლა შემომთავაზეს, რადგან ჩემი ბადე სჭირდებოდათ. მჭედლის შვილმა ხმის ამოღება ვერ გაბედა, რადგან ნინოს ხელი ჰქონდა მოტეხილი. თუმცა, ერთ დღეს, როცა ქერა მულინოსთან ერთად ბეღელში ვლაპარაკობდი, მან მკითხა, ნინოს დაც ქერა იყო თუ არა. შემდეგ შემრცხვა, მაგრამ იმ წუთში ვერ გავჩუმდი და ყველაფერს მოვყევი. ლაპარაკის დროს გულს ყელში ვგრძნობდი და ისეთი სასოწარკვეთილება დამეუფლა, რომლის მსგავსიც მაშინ მეუფლებოდა, სამზარეულოში შიშველი ვიჯექი რომ ვიჯექი ბავშვობაში და ვუყურებდი, როგორ მივსებდნენ აბაზანას. მერე გავჩუმდი და ქერაც გაჩუმდა.

ერთ დილას ბრუნო ველოსიპედით წამადგა თავზე, როცა ტირიფის ტოტს ვთლიდი. გაჩერდა და დამიძახა. ყელზე შავი ცხვირსახოცი ეკეთა და ჯიბეებიანი პერანგი ეცვა.

  • ნინოს ეჩხუბე?

ნინოს ბრუნოსთვის გუშინ უთხოვია, რომ მოვეძებნე და მასთან გავეგზავნე. იჩხუბა?  ხიდან გადმოვარდნის ამბავი მართალს არ ჰგავდა. სახეზე ის ნაკაწრი ბიჭის ნახელავი უფრო იყო.

  • რომ არ გიცნობდეთ, ვიფიქრებდი, გოგოს გაკეთებული ნაკაწრია-მეთქი. – თქვა ბოლოს.

უნდობლად ვუყურებდი.

  • წადი, მოინახულე. კაცებს შორის გაუგებრობა არასდროს უნდა იყოს. მიდი, ნინოს სჭირდები. იმას მაინც მოუყვებით ერთმანეთს, ბავშვები როგორ იბადებიან.
  • კი მაგრამ, შენ მოინახულე? – ვკითხე ეჭვნეულად.
  • აბა, რა. მეგობრები არ ვართ? ყოჩაღი ბიჭია. ორი კვირაა, ხელი მოტეხილი აქვს და უკვე მანქანით გასეირნება უნდა.

ბრუნომ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ბოლი პირიდან გამოუშვა და ველოსიპედი გაასწორა.

  • მისი დები რას ამბობენ? – ვკითხე მე.
  • ფეხებზე ჰკიდიათ. – მომიბრუნდა ბრუნო. – დედამისს ხომ საერთოდ. ერთადერთი, ვინც ცოტა ყურადღებას იჩენს, ქერაა.

ბრუნო გზას გაუყვა. განცვიფრებული თვალებით ვუცქერდი და გულის სიღრმეში კმაყოფილებას ვგრძნობდი.

© არილი

Facebook Comments Box