ინტერვიუ

ნესტან რატიანი – ჩემი ცხოვრების წიგნები

პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე ნესტან რატიანი თავისი ცხოვრების წიგნების შესახებ გვიამბობს:

კითხვის პირველი მოგონება

როცა მამაჩემის ბებიის სახლი დაანგრიეს ახლანდელი ტატიშვილის ქუჩაზე, მთელი ოჯახი დედაჩემის დედამ შეგვიფარა. მყუდრო ოროთახიან ბინაში მოსახვედრად, რომელშიც მეზობლების ბინების, სამზარეულოს, საკუჭნაოს კარები გამოდიოდა, უსაშველოდ გრძელი დერეფანი უნდა გაგევლო. ბნელში გახვეული იდუმალი დერეფანი ცოტათი შიშს მგვრიდა. ამიტომ, სანამ დედა და მამა ლექციებზე იღრმავებდნენ ცოდნას, ბებო კი საერთო სამზარეულოში საქმიანობდა, მე, ყოველგვარი პროტესტის გარეშე, ოთახში ვრჩებოდი ჩემი უმცროსი დის გასართობად. მაგრამ ხანდახან, როცა ჩემს დას შუადღის ძილით ტკბილად ეძინა, მოვიწყენდი ხოლმე, ბებო კი მთხოვდა, სამზარეულოდან მის მობრუნებამდე, ჩუმად ვყოფილიყავი. რა გააჩერებს ჩუმად სამი წლის ბავშვს? ცხადია, ფერადი ილუსტრაციებით დამშვენებული წიგნი და საბავშვო ჟურნალები. ძმები გრიმების რუსულად გამოცემული სამი ზღაპარი – „მძინარე მზეთუნახავი“, „წითელქუდა“ და „ჩექმებიანი კატა“ –  საათობით შემეძლო მეთვალიერებინა. არასოდეს მბეზრდებოდა ამ წიგნის  ფურცვლა და მის თვალიერება-თვალიერებაში ვისწავლე ჯერ ასოების ამოცნობა, მერე კი კითხვაც.      

ბავშვობის საყვარელი წიგნი

როცა საყვარელ წიგნებზე გეკითხებიან, ალბათ გულისხმობენ საყვარელ ნაწარმოებს და არა წიგნს, როგორც საგანს, როგორც ნივთს. მე გავაერთიანებ ამ ორს და ისე გავცემ პასუხს: ბავშვობის საყვარელი წიგნები ჯერ ლამაზად ილუსტრირებული წიგნები იყო, მერე უკვე – სათავგადასავლო ჟანრის. სხვათა შორის, ზოგიერთმა ილუსტრაციამ ლამის შემაძულა რამდენიმე წიგნი. ასეთები ძირითადად ქართულენოვანი საბავშვო წიგნები იყო. მქონია ამოჩემებული წიგნებიც. მაგალითად, საბავშვო მოთხრობებისა და ლექსების კრებული, სათაურით “For Girls and Boys instead of Toys”, რომელსაც თითქმის ყოველდღე ვკითხულობდი. და მაინც, ბავშვობის გამორჩეულად საყვარელი წიგნის ავტორი ასტრიდ ლინდგრენი იყო. „ჩვენც სალტკროკელები ვართ“ – მთელი ბავშვობა მინდოდა, ის, რაც ამ წიგნში ხდებოდა, ჩემი ამბავი, ჩემი თავგადასავალი გამხდარიყო. „ტყუპთა ოინებიც“ მინდოდა, ჩემი ისტორია ყოფილიყო, მაგრამ არც ტყუპისცალი მყავდა და ჩემს მშობლებსაც ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ. ეტყობა, თავგადასავლები მაკლდა, რადგან ახლა რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ორმოცი მაძიებლის გვერდით ყოფნა მინდოდა, საზაფხულო ბანაკებში დასვენებაზეც ვოცნებობდი, თუ იქ ბრინჯაოს ფრინველი და სხვა იდუმალი ამბები დამხვდებოდა, დოსტოევსკის სახელობის სკოლა-ინტერნატშიც, ანუ შკიდის რესპუბლიკაშიც სიამოვნებით ვიცხოვრებდი. ამ წიგნების პერსონაჟების გვერდით ყოფნა ჩემს ერთფეროვან ცხოვრებაზე მიმზიდველი ჩანდა. სხვათა შორის, არც ოლეგ კოშევოისთან მეგობრობაზე ვიტყოდი უარს, თუ ფაშისტები წამებით არ მომკლავდნენ და ცოცხალი გადავრჩებოდი.

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

წიგნი რომ არაერთ უნარს ავითარებს, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ამიტომაც, თამამად ვიტყვი, რომ შემცვალა ყველა იმ წიგნმა, რომელიც წავიკითხე მოზარდობის წლებში. ახლა არც ჩემს უნარებს ჩამოვთვლი და, მით უმეტეს, მათ შეფასებას არ დავიწყებ – ეს იმათი საქმეა, ვინც ჩემ გვერდითაა და ვინც ჩემთან თანამშრომლობს. დაე, ჩემი ცხოვრების ადამიანებმა იმსჯელონ, მოსწონთ თუ არ მოსწონთ  მოზარდობის ასაკში წიგნებით შეცვლილი ნესტან რატიანი.

მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვალა

საბჭოთა ათეისტურ სახელმწიფოში ვცხოვრობდი, ამიტომ ბიბლია თვალით არ მენახა, სახლში მხოლოდ ქართული ოთხთავის ექვთიმე ათონელისა და გიორგი მთაწმინდელის რედაქციით გამოცემული წიგნი გვქონდა. მე კიდევ ქრისტიანობა მაინტერესებდა. ამ ინტერესმა გადამაწყვეტინა, ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილებაზე ჩამებარებინა და ძველი ბერძნული და ლათინური ენები მესწავლა. მესამე კურსზე ვიყავი, როცა საბჭოთა მოქალაქეებისთვის საზღვრები გაიხსნა და მეც, ჩემი ახლად გაცნობილი ამერიკელი მეგობრის, ელიზაბეტ სკოტის და მამამისის, ჰარვარდის უნივერსიტეტის ნეიროქირურგის ხელშეწყობით, ჩემთვის საინტერესო ზამთრის კურსებზე ამოვყავი თავი პასადენაში. სწავლის დასრულების შემდეგ, ბიბლიებით და სხვა რელიგიური ლიტერატურით დატვირთული მძიმე ორი ჩემოდნით, რამდენიმე დღით ნიუ-იორკში ჩავედი. ჩემი მასპინძლის, რობერტ აჯიაშვილის სახლში გავიცანი  თბილისიდან აშშ-ში ჩასული ოჯახი – თოთხმეტი წლის ბიჭი, მისი დედა და ბიძა. მოზარდი ეტლით გადაადგილდებოდა. ჩემი გაოცება იმან გამოიწვია, რომ არჩილი არასოდეს შემხვედრია თბილისში. „არც გადის თბილისში გარეთ და როგორ შეხვდებოდიო. ეს ამერიკაში უყიდეს ეტლი, თორემ ბიძა აქ იმიტომ ჩამოჰყვა, ზურგით რომ ეტარებინაო. აქაა არჩილი გაღიმებული და ბედნიერი, რადგან ცხოვრებაში პირველად შეძლო სახლიდან უპრობლემოდ გასვლა მაღაზიასა თუ მუზეუმში, კინოსა თუ თეატრში, ქუჩაში თუ ტრანსპორტშიო“ – მითხრა რობერტმა. მაშინ პირველად დავფიქრდი პრობლემაზე: მე, საბჭოთა მოქალაქეს, არცერთი ეტლით მოსარგებლე არ მყავდა მანამდე ნანახი. არადა, ალბათ რამდენ ადამიანს სჭირდებოდა ეტლი. ბოლოსდაბოლოს, ომის ვეტერანები მაინც ხომ უნდა შემხვედროდნენ იმ საბჭოთა ქალაქების ქუჩებში, რომლებშიც დასასვენებლად თუ დასათვალიერებლად ჩავდიოდი. ეს ადამიანები ალბათ არჩილივით იმალებოდნენ სახლებში. მერე რუბენ გალიეგოს „თეთრით შავზეც“ წავიკითხე და ძალიან ბევრ რამეზე ამეხილა თვალი. შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პრობლემები მანამდე სრულიად უცხო იყო ჩემთვის. მოგვიანებით რაღაც სტატიებსაც გავეცანი, რომელთა ავტორებიც ცდილობდნენ, აეხსნათ მითები ვალაამის არქიპელაგზე ომის ინვალიდთა გადასახლების შესახებ. ამ მითებს ორი საფუძველი ჰქონდა: სსრკ დიდი ქალაქების ქუჩები გაწმინდეს ე.წ. სამოვრებისგან, ანუ კიდურების გარეშე დარჩენილი მებრძოლებისგან, რომლებიც ქუჩებში სამათხოვროდ გამოდიოდნენ და დანარჩენ მოქალაქეებს გამარჯვების სიხარულს უჩრდილავდნენ; ერთ ღამეში არასასურველი მოქალაქეების აყრა საცხოვრებელი ადგილებიდან და მათი გადასახლება უცხო არ იყო რეჟიმისთვის. ამიტომაც არავის გაუკვირდებოდა, გალიეგოსნაირი გმირები პატიმრებივით რომ გამოეკეტათ იზოლირებულ კუნძულებზე საგანგებოდ „აშენებულ ქალაქში“. თამამად ვიტყვი, რომ შემცვალა გალიეგომ, რადგან დავიწყე ფიქრი ჩემგან განსხვავებულ ადამიანებზე და მომინდა, უნივერსიტეტის სილაბუსშიც შემეტანა ეს ავტორი, ჩემს სტუდენტებსაც რომ ეფიქრათ ამ თემაზე. არანაკლებად შემცვალა სვეტლანა ალექსიევიჩმაც. „ჩერნობილის ლოცვა“ რომ წავიკითხე, საბჭოთა რეჟიმის მანკიერებებზე მანამდეც ბევრი მქონდა ნაფიქრი. მაგრამ სულ სხვანაირი გავხდი, როცა ალექსიევიჩის მეორე ნაწარმოები წავიკითხე. ისეთმა გულდამძიმებულმა ჩავამთავრე „ომს არა აქვს ქალის სახის“ კითხვა, რომ ახლაც მიჭირს ამ წიგნზე საუბარი. მიჭირს, მაგრამ სკოლაში ჩემს მოსწავლეებს მაინც ვთხოვე ამ ნაწარმოების წაკითხვა, მერე რა, თუ ნობელის პრემიის ლაურეატი ქალი ავტორის წიგნებს ჩემთვის პატივსაცემი რამდენიმე პროფესიონალი კვაზილიტერატურას უწოდებს. ის შეგრძნება, რაც ალექსიევიჩის წაკითხვის შემდეგ დამეუფლა, დამეუფლა მაშინაც, როცა რამდენიმე წლის მერე ტავიანების „ტოროლას ბუდე“ ვნახე. მადლობა ამ ხელოვანებს – გალიეგოს, ალექსიევიჩს, ტავიანებს, ჩემი შეხედულებები, ჩემი აღქმები რომ შეცვალეს. მადლობა ყველა იმ ხელოვანს, იმ შემოქმედებს, რომლებიც ხედვის კუთხეს უცვლიან ადამიანებს. რომ შემეძლოს, რამდენიმე ავტორის წაკითხვას კარცერში ჩაუსმელად „მივუსჯიდი“ პოლიტიკოსებს. ასეთი „სასჯელი“ ჯერჯერობით მხოლოდ ჩემს სტუდენტებსა და მოსწავლეებს დავაკისრე.

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

ასეთი წიგნი ორია – „ოდისეა“ და „სხვა ისტორია“. პირველმა წიგნმა გამიჩინა დაუძლეველი სურვილი, მასზე წიგნი დამეწერა, მეორე წიგნმა კი სურვილი რეალობად მაქცევინა. ჰომეროსის „ოდისეას“ წელიწადში ერთხელ მაინც, თუ ორჯერ არა, ვკითხულობ. ამ წლების განმავლობაში იმდენი სათქმელი დამიგროვდა, დაზუსტებით ვიცოდი, ადრე თუ გვიან აუცილებლად ავიღებდი ხელში კალამს. გავიდა წლები, მაგრამ არა და არ, ვერა და ვერ დადგა ის დღე, როცა წიგნის წერას შევუდგებოდი. რამდენიმე სტატია კი დავწერე „ოდისეაზე“, ოღონდ ეს არ მაკმაყოფილებდა. დეკემბრის ერთ ცივ საღამოს, საშინლად რომ მეზარებოდა სახლიდან გარეთ გასვლა, ჩემი მეგობარი თათა ხვედელიძე შემიჩნდა და გიგი თევზაძის წიგნის პრეზენტაციაზე წამიყვანა. სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო. დღეს ერთი წამით არ ვნანობ, იმ საღამოს რომ ვძლიე სიზარმაცეს და მეგობარს ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე კაფე „ბენიაში“ პრეზენტაციაზე გავყევი. სახლში დაბრუნებულმა ავიღე კალამი, უფრო სწორად, მოვკალათდი გამათბობელთან, მუხლებზე ნოუთბუქი დავიდე და „ჩემი ოდისეის“ პირველი სიტყვა ავკრიფე.   

წიგნი ან ავტორი, რომელსაც ვუბრუნდები

რუსთველი. როცა მივხვდი, რომ არ ვიცოდი „ვეფხისტყაოსანი“, მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით სტროფს ჩაგირაკრაკებდით ზეპირად, როცა მივხვდი, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ვერ მასწავლეს სკოლაში, „ვეფხისტყაოსანი“ ვერ მასწავლეს უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პარალელურად მუშაობა დავიწყე ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილებაში – ეგებ ასე მაინც მესწავლა ჩემთვის საინტერესო ნაწარმოები. ხმამაღლა როგორ ვიტყოდი, „ვეფხისტყაოსანი“ არ ვიცი-მეთქი, მაინც არავინ დამიჯერებდა ახალგაზრდა პროფესორს, რადგან ჩემს პორტფოლიოს უნივერსიტეტის წითელი დიპლომიც ამშვენებდა და ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატისა და დოქტორის სამეცნიერო ხარისხების მოწმობებიც. სამი თუ ოთხი წელი ისე ვიმუშავე აღნიშნულ განყოფილებაში, მერე ისე გადავედი ფოლკლორის განყოფილებაში, რომ ერთი სტატიაც კი არ დამიწერია „ვეფხისტყაოსანზე“. სამწუხაროდ, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში გაყინული განყოფილების კედლები ზრდისა და განვითარების ადგილი არ აღმოჩნდა სწავლას მოწყურებული პროფესორისთვის. გავიდა წლები და ერთ ზაფხულს მიმიწვიეს ერთთვიან შეკრებაზე, რომელიც შერეული აუდიტორიისგან შედგებოდა. ამ შეკრებაზე გადავწყვიტეთ, პლატონთან, არისტოტელესთან, შექსპირთან და სხვა ავტორების დიად წიგნებთან ერთად, წაგვეკითხა რუსთველიც. სემინარებზე ამერიკელი პროფესორებისთვის ინგლისური თარგმანის დაზუსტებისას აღმოვაჩინე, რომ ტექსტი ბევრად გასაგები იყო, როცა ზოგიერთ სიტყვას ძველ ბერძნულად ან ლათინურად ვთარგმნიდი, მაგალითად, „ძალა“ არისტოტელესეული „დინამისი“ უნდა ყოფილიყო და ა.შ. ეს დამთხვევა შემთხვევითი არ ყოფილა – რუსთველი პირველ ორ სტროფში რეზიუმირებდა არისტოტელეს შეხედულებას კოსმოგონიაზე. მერე აღმოვაჩინე, რომ ავთანდილი პლატონის ნაშრომს ციტირებდა ირიბად. მოგვიანებით ჩემს ორ მიგნებაზე სტატიები დავწერე. მას მერე არაერთხელ დავუბრუნდი ამ დიდებულ, დიახ, დიდებულ ნაწარმოებს და თითქმის ყოველ ჯერზე რაღაც ახალი დავინახე. თქვენ წარმოიდგინეთ, ისე არაფერი მეამაყება, თუ „ჩემს ოდისეას“ არ ჩავთვლით, როგორც ის რამდენიმე სტატია, რომლებიც „ვეფხისტყაოსანზე“ დავწერე. ვნახოთ, თუ მანამდე ვიცოცხლებ, ეგებ რამდენიმე წელიწადში წიგნიც დავწერო რუსთველის „ვეფხისტყაოსანზე“. ფიქრს სხოლე, ანუ მოცალეობა, ანუ მოცლილობა, ანუ თავისუფალი დრო სჭირდება. თავისუფალი დრო ფუფუნებაა. მე ძალიან ნელი ვარ, ამიტომ ფიქრისთვის მეტი თავისუფალი დრო მჭირდება, თორემ წიგნის დაწერა დღეების ამბავია.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები

„არასოდეს თქვა არასოდესო“ და რაღა მე უნდა ვიყო კატეგორიული, რაღა მე უნდა მათქმევინოთ ეს სიტყვა?!

წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე

სკოლის პერიოდში ყველაფერს ვკითხულობდი, რაც სახლში გვქონდა, სახლში კი დიდი ბიბლიოთეკა გვაქვს. მართლა ძალიან ბევრს ვკითხულობდი, სულ წიგნი მეჭირა ხელში, აი, ეზოში სათამაშოდ ჩასვლა კი რატომღაც არ მიყვარდა. არც მორცხვი ვიყავი, წიგნი რომ მომემიზეზებინა თანატოლებთან ურთიერთობისთვის თავის არიდების მიზნით და არც აკრძალული მქონდა სათამაშოდ სახლიდან გასვლა – უბრალოდ ეზოში თამაშს კითხვა მერჩივნა. სკოლის ასაკში წაკითხულ წიგნებს მოგვიანებით დავუბრუნდი და ბევრი მათგანი, შეიძლება ითქვას, თავიდან აღმოვაჩინე. როცა ერთსა და იმავე ნაწარმოებს მუსიკოსები სხვადასხვა ასაკში ასრულებენ, ხომ იცვლება შესრულებისას ხასიათი, ტექნიკა, მანერა, აქცენტები? სასაცილო არ იქნება, ერთ ნაწარმოებს ყველა ასაკში რომ ერთნაირად უკრავდეს შემსრულებელი? ჩვენც, წიგნის მკითხველებიც, ასე ვართ. ყოველ ჯერზე რაღაც ახალს მივაგნებთ, რაღაც ახალს აღმოვაჩენთ ხოლმე ტექსტში. „ოდისეას“ ყოველ წელს ვკითხულობ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მას უნივერსიტეტში ვასწავლი. ყოველ ახალ ჯგუფთან ერთად ახალ რაღაცას აღმოვაჩენ ხოლმე ტექსტში. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი სტუდენტობისას, „ოდისეა“ რომ ჩემი ცხოვრების მთავარი წიგნი გახდებოდა. მაგრამ აღმოჩენით მაინც პლატონი აღმოვაჩინე მოგვიანებით. პლატონის „ნადიმი“ ძველ ბერძნულ ენაზე რისმაგ გორდეზიანთან ერთად წავიკითხე ასპირანტურაში სწავლისას. ერთხელ ჩემს ამერიკელ მეგობართან, ლანს ფლეტჩერთან, სეტ ბენარდეტის სალექციო ჩანაწერს მოვუსმინე. ჩანაწერში ისმოდა, როგორ გულიანად იცინოდნენ სტუდენტები პლატონის „ნადიმის“ კითხვისას. მათი სიცილის ხმა ფონად გასდევდა თითქმის ყველა დანარჩენ ლექციას პლატონის დიალოგებზე. სხვანაირი სიცილი იყო ეს სიცილი, მანამდე არსად რომ არ გამეგონა. სიმართლე გითხრათ, სტუდენტებს თუ გაცინების უფლება ჰქონდათ ლექციებზე, ესეც ახალი იყო ჩემთვის. როცა პლატონის ტექსტებს მივუბრუნდი და მეც ვიპოვე რამდენიმე კალამბური, მივხვდი, რატომ იყო ლექციებზე პლატონის ნაწარმოებების  განხილვა ასე სახალისო. იმედია, ჩემი სტუდენტებიც ხალისობენ პლატონის წერის მანერაზე, როცა მის დიალოგებს გავდივართ. არაა აუდიტორიაში ჩატარებული ლექცია მჭმუნვარე სახეების ადგილი! ისე, „მას ჟამსა კორონიკონსა“ დანიელ დეფოც თავიდან აღმოვაჩინე. ლექცია უნდა ჩამეწერა ეპიდემიებზე, კარანტინებსა და იზოლაციებზე მხატვრულ ლიტერატურაში. ლექციას „სა-ჭირ-ო ლიტერატურა“ დავარქვი. მზადების პროცესში დანიელ დეფოს „ჟამიანობის ჟურნალი“ წავიკითხე. ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ, ჩარლზ ფერბენქსმა, რომ გაიგო, ლექციისთვის ვემზადებოდი, გამომკითხა, რომელ ავტორებს მიმოვიხილავდი. დანიელ დეფო რომ ვახსენე, ჩვენი საუბარი „რობინზონ კრუზოზე“ გადავიდა. ჩარლზმა აღმომაჩენინა, რომ ეს ნაწარმოები, რომელიც უმრავლესობის წარმოდგენაში საყმაწვილო ლიტერატურაა, რელიგიურ პრობლემას შეეხება. რამდენი ჩვენგანი მიხვდება იმ ასაკში, როცა ლამის სავალდებულოდ მიიჩნევა ამ ნაწარმოების წაკითხვა, რომ რობინზონ კრუზო სამოთხიდან გამოძევებული და უღმერთოდ დარჩენილი კაცობრიობის ალეგორიაა? რამდენი ადამიანი მიუბრუნდება ამ წიგნს მოზრდილობაში? მე მივუბრუნდი და ეგებ ამ ინტერვიუს შემდეგ სხვამაც გადახედოს დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოს“.

პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ

არცერთ პერსონაჟთან არ ვაიგივებ საკუთარ თავს. ყველანი უნიკალურები ვართ, არა? როგორღაც ვახერხებ, ჩემი ცხოვრება გავმიჯნო მხატვრული გამონაგონისგან.

ცნობილი წიგნი ან ავტორი, რომელიც არ მიყვარს

მირჩევნია იმ წიგნებზე/ავტორებზე ვილაპარაკო, რომლებიც მიყვარს და თუ რომელიმე წიგნი/ავტორი არ მიყვარს, არ ვაპირებ მასზე ლაპარაკს. რა თქმა უნდა, არის წიგნი/ავტორი, რომელიც მეგონა, არ მიყვარდა. მაგრამ რაღაც მიზეზით დამჭირდა, გადამეხედა ამ ავტორის წიგნისთვის. მეტი დრო რომ დავუთმე წიგნს, სხვა თვალით დავინახე, რაღაც აღმოვაჩინე, რაღაცას მივაგენი. რასაც დროს და გონებრივ რესურსებს ახარჯავ, ის გიყვარდება კიდეც. გადაყვარება აღარ გამომდის და მერე სტატიებში ვცდილობ, სხვაც დავაჯერო ჩემს სისწორეში. ინტერნეტში ჩემს უამრავ ასეთ წერილს ნახავთ.

წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე

ერთადერთი წიგნი ვერ დავასრულე და ამ წიგნის არც ავტორს დავასახელებ და არც სათაურს. ძალიან დამენანა ის თანხა, მგონი, სამი თუ ხუთი ლარი, რომელიც მასში გადავიხადე და რომლითაც აჯობებდა, ერთი კილო ხილი მეყიდა ჩემი შვილებისთვის.

ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე

ქაშუეთის მიწისქვეშა გადასასვლელში ბუკინისტთან ვიყიდე „ნართები“. ახლად გამოცემული წიგნებიდან კი ბოლოს „ახალი ეონის“ გამოცემული „აპოკრიფები. წიგნი მოციქულთა“ შევიძინე „ლიგამუსში“. ჩემი დაბადების დღის წინა დღეები იყო. ჩემს დას დავურეკე მაღაზიიდან, თუ გინდა, წიგნი მაჩუქე, ოცდაათ ლარად გამოძვრები-მეთქი, მაგრამ უკვე გიყიდე უფრო ძვირიანი საჩუქარიო. ძალიან მწყდება გული, რომ ვერ შევიძინე ამავე გამომცემლობის მიერ გამოცემული „გნოსტიკური სახარება“, ყველა ეგზემპლარი გაიყიდაო. ინგლისურად კი წავიკითხე, ონლაინ რაც დევს გნოსტიციზმზე, მაგრამ რადგან „გნოსტიკური სახარების“ ქართული თარგმანი არსებობს, სიამოვნებით ვიყიდდი.  

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

ამ კითხვაზე პასუხი არასდროს არ მექნება, რადგან როცა/თუ წიგნს ვკითხულობ, არ არსებობს, კითხვა შევწყვიტო და მეორე დღეს გავაგრძელო. წიგნს ვიწყებ და ვასრულებ, ღამეებსაც ვათენებ ხოლმე ამ მიზეზით. ამიტომ ჩემთვის დასმული კითხვა სხვაგვარად უნდა იყოს ფორმულირებული. აწმყო დროში, ანუ ახლა, წიგნს არ ვკითხულობ, აი, ბოლოს წავიკითხე ერთი წიგნი და უახლოეს მომავალში ვაპირებ, წავიკითხო მეორე წიგნი. ბოლოს, ე.ი. გუშინ, წავიკითხე ლაშა იმედაშვილის „სამი მკვლელობა თბილისში“ და უახლოეს მომავალში ვაპირებ წავიკითხო მედეას თემაზე შექმნილი ნაწარმოებები („s01e06” და სამი პიესა), მერე კი „აპოკრიფები. წიგნი მოციქულთა“. ამ უკანასკნელი წიგნის კითხვას დავიწყებ, როგორც კი მეცოდინება, რომ საკმარისი დრო მაქვს მის დასამთავრებლად. ცხადია, შეიძლება, მერე მეორეჯერაც წავიკითხო. ჯერჯერობით არ ვიცი, დამხვდება თუ არა ამ წიგნში იმის პასუხი, რაც მაინტერესებს. რაღაც ვარაუდი მაქვს ერთ ყველასთვის კარგად ნაცნობ ქართულ ხალხურ ლექსზე და სულ მასზე ვფიქრობ. სანამ რაღაც დასკვნას გამოვიტან, გნოსტიციზმში უნდა გავერკვე შეძლებისდაგვარად კარგად. ახლა დავუბრუნდები კითხვას, იმედია, დაინტერესდით, რატომ წავიკითხე გუშინ ლაშა იმედაშვილის ის რომანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოიცა. ნიუტონის თავისუფალი სკოლის IB-ში ვასწავლი ლიტერატურას. ჩემმა მოსწავლეებმა მეთორმეტე კლასში უნდა დაწერონ 4 000 სიტყვიანი კვლევა რომელიმე ქართულენოვან ნაწარმოებზე, ამას პროგრამა მოითხოვს. კვლევა იგზავნება შესაფასებლად გარე „გამსწორებელთან“. წელს ერთმა მოსწავლემ გადაწყვიტა, ლაშა იმედაშვილის რომანზე „სამი მკვლელობა თბილისში“ დაეწერა ნაშრომი. მეტაფიზიკური დეტექტიური რომანი არისო, ასე დაასკვნა, რადგან გაუჩინარებული პერსონაჟიც არის ამ რომანის პირველ ნაწილში, დამარცხებული დეტექტივი მეორეში და დაკარგული წერილი მესამეშიო. მანამდეც მქონდა წაკითხული ლაშა იმედაშვილის ეს რომანი, მაგრამ მეტაფიზიკური დეტექტივი თუ იყო, ნამდვილად არ მეგონა. სხვა გზა არ მქონდა, ახლიდან უნდა წამეკითხა ტექსტი, კარგი ოპონირება რომ გამეწია ჩემი მოსწავლისთვის.

წიგნი ან ავტორი, რომლის თარგმნასაც ვისურვებდი

„Blame my Brain“. დაწყებულიც მაქვს თარგმნა. ათ წელზე მეტია, რაც სკოლაში ვასწავლი. მინდა, ეს წიგნი წაიკითხონ ჩემი მოსწავლეების მშობლებმა. უფრო მეტად მინდა, ეს წიგნი წაიკითხონ ჩემმა მოსწავლეებმა, სანამ მშობლები გახდებიან. ახლა ზედა ორი წინადადებიდან ამოიღეთ კუთვნილებითი ნაცვალსახელი და თუ ამ კატეგორიაში ხართ, ანუ მშობელი ან მომავალი მშობელი ხართ და ინგლისურიც იცით, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სასარგებლო წიგნი. ან ჩემს თარგმანს დაელოდეთ, გპირდებით, ნელი კი ვარ, მაგრამ ბერძნულ კალენდებამდე მაინც არ გავწელავ მის თარგმნას. 

წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ

ფრენსის ბეკონის პროვოკაციულ წერილში კითხვა ჭამის პროცესთან არის შედარებული. ამ ალეგორიას ხშირად განვიხილავთ ლექციაზე მე და ჩემი სტუდენტები და კარგადაც ვხალისობთ ხოლმე, როცა წარმოვიდგენთ კონკრეტულ წიგნებს, რომელთა დახარისხებასაც ვცდილობთ ბეკონის შემოთავაზებული სისტემის მიხედვით. ვასახელებთ წიგნებს, რომლებსაც ვყლაპავთ ან რომელთა დაღეჭვა და მონელება გვიჭირს, წიგნებს, რომლებიც პირშივე დნება ან რომელთა დანახვაზე პირი ნერწყვით გვევსება და ბოლოს წიგნებს, რომლებსაც კი ვინელებთ, მაგრამ ფეკალიებად გამოდის ორგანიზმიდან. ცხადია, ზოგიერთ წიგნსა და ავტორზე ვერ ვთანხმდებით, რომელ კატეგორიაში მოვათავსოთ. ჰომეროსის „ოდისეა“, პლატონის „სახელმწიფო“, არისტოფანეს „ღრუბლები“, ესქილეს „ორესტეა“, ფოლკნერის „სული რომ ამომდიოდა“, მარკესის „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“, ჯონათან სვიფტის „მორიდებული წინადადება“ და სხვა საყოველთაოდ აღიარებული შედევრები უპრობლემოდ ხვდებიან საუკეთესოთა კატეგორიაში. ფრენსის ბეკონის კლასიფიკაციით, ესენი სასიცოცხლოდ აუცილებელი წიგნებია, პირდაპირ რომ სისხლში გადადის, თანაც მათი დაღეჭვაც უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს მკითხველებს. ამგვარ ნაწარმოებებს შორისაა უილიამ საროიანის „70 000 ასურელიც“. ეს მოთხრობა სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე და დღემდე ძალიან ვემადლიერები იმ უცნობ ყმაწვილს „ბიბლუსიდან“, ამერიკული მოთხრობების კრებულის შეძენა და კონკრეტულად საროიანის მოთხრობის წაკითხვა რომ მირჩია. სახლში დაბრუნებულმა ხათრი არ გავუტეხე კონსულტანტს და მას მერე „70 000 ასურელი“ ჩემი საყვარელი წიგნების სიაშია. ეგებ ამ ინტერვიუს შემდეგ თქვენს სიაშიც დაიკავოს საპატიო ადგილი…

© არილი

Facebook Comments Box