კითხვის პირველი მოგონება
დაახლოებით რვა წლის ვიქნებოდი, ენიდ ბლაიტონის ცნობილ ხუთეულს ვკითხულობდი, კარგად განათებულ ოთახში, ნიგერიის უნივერსიტეტის კამპუსში მდებარე სახლის ქვედა სართულზე. კითხვა უფრო ადრე ვისწავლე, მაგრამ ეს ყველაზე ადრეული მოგონებაა, რომელიც დამრჩა: განსაკუთრებული სიამოვნების განცდა, საიდუმლოს სწრაფად ამოხსნის სურვილი და ამბის დასრულების უსურვილობა.
ბავშვობის საყვარელი წიგნი
ძალიან მიყვარდა კამარა ლაიეს The Dark Child, რომელმაც ალბათ გააღვივა ჩემი ინტერესი რაღაცნაირი ნოსტალგიისადმი ლიტერატურაში.
წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა
ჩემი მეგობრის ძმამ მომცა გაბრიელ გარსია მარკესის მარტოობის ასი წელიწადი. წიგნს არასოდეს დაუტოვებია ასეთი ემოციური შთაბეჭდილება. არასოდეს დამავიწყდება ეს გრძნობა, ჟრუანტელი სხეულში, როცა წავიკითხე ეპიზოდი პერსონაჟზე, რომელიც სამოთხეში მიდის. მან მასწავლა, როგორი მომხიბვლელი ძალა აქვს ამბებს, როგორ შეუძლიათ მათ შენი წარმოსახვის ჩათრევა და წარუშლელი კვალის დატოვება შენზე ისე, როგორც სხვას არაფერს.
მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვალა
კეროლ ანდერსონის White Rageდაახლოებით ექვსი წლის წინ წავიკითხე. წაკითხვამდეც ვიცოდი აფრიკელი ამერიკელების რეპარაციის შესახებ, მაგრამ ბუნდოვნად და არა ასე პრაქტიკული თვალსაზრისით. ამ ლამაზად დაწერილმა ისტორიამ სხვაგვარად ფიქრისკენ მიბიძგა.
მწერალი, რომელსაც დავუბრუნდი
ჩინუა აჩებეს ღმერთის ისარი, რადგან ესაა შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ რას აკეთებს ან უნდა აკეთებდეს მაინც ლიტერატურა: უნდა გასწავლიდეს და სიამოვნებას განიჭებდეს.
წიგნი, რომელსაც აღარასოდეს წავიკითხავ
ჯეიმს ჰედლი ჩეიზის კრიმინალური რომანები მიყვარდა, როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი. რამდენიმე წლის წინ ხელახლა წაკითხვა ვცადე და პირველ გვერდსაც ვერ გავცდი.
წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე
ანდჟეი შჩიპიორსკის The Beautiful Mrs Seidenman. ამ მრავალშრიან, ზრდასრულებისთვის დაწერილ წიგნს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პოლონეთის შესახებ, მძაფრი ეფექტი ჰქონდა ჩემზე, ალბათ იმიტომ, რომ მაშინ ნიგერია-ბიაფრას ომს ვიკვლევდი, საკითხს, რომელიც ჩემთან ემოციურად ახლოს იყო, რადგან ჩემი ბაბუები დაიღუპნენ ამ ომში.
წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ
ერთ წიგნზე მეტს ვკითხულობ ხოლმე ყოველთვის, რაც ალბათ თანამედროვე სამყაროში ხანგრძლივად კონცენტრაციის პრობლემის არსებობის მტკიცებულებაა და ყველაფერს არ ვამთავრებ, რასაც ვიწყებ. მაგრამ მსიამოვნებს პენელოპე ლაივლის წიგნის გზა ლიჩფილდისკენ და მერი გორდონის ანაზღაურების კითხვა. ორივეს ბოლომდე წავიკითხავ, რადგან კარგადაა დაწერილი, ფსიქოლოგიური სიზუსტით და ბრძნულად. ახლახან დავიწყე ბრწყინვალე ნიგერიელი გამომძიებელი ჟურნალისტის, დევიდ ჰანდეინის წიგნი ჯუნგლები. და, როგორც აუცილებელ შეხსენებებს, რამდენად მშვენიერია ენა, დროდადრო ვკითხულობ რიტა დოვეს, ჯეკ გილბერტისა და ლიან ო’სალივანის პოეტურ კრებულებს.
ჩემი კომფორტული საკითხავი
ჩემთვის განტვირთვაა ორი ჟურნალის – the Atlantic და the New Yorker – წაუკითხავი ნომრების კითხვა და იმის ცოდნა, რომ ნებისმიერ მათგანში შეიძლება აღმოვაჩინო რაღაც განსაკუთრებული.
© არილი