პროზა

ცირა ყურაშვილი – არჩივი

მოიკითხა ბებიამ თავისი არჩივი. საწოლის გვერდით, იატაკზე განერთხა თეთრი, მსხვილი და ტუკებივით სწორი ფეხები. ასე ჩვეოდა, იატაკზე არჩევდა დაბუდებას, თუკი გარეთ ცხელოდა.

გაფითქინებულ და მოკრძალების აღმძვრელ, კოხტად გადაგებულ საწოლს, რომლის ნიკელის თავზე იატაკის რყევისას ფართო, შავი, თეთრყვავილებიანი სრიალა კაბები ცოცავდა ხოლმე, არც კი შეეხებოდა, საწოლზე არ ჩამოჯდებოდა, ბავშვებსაც კი გვიკრძალავდა შეხებას.

დედა ბრინჯის ფაფას ამზადებდა, რძიანს, ტკბილს. მაშინ ხომ ბრინჯი სულ სხვაგვარი იყო და გემოც სხვანაირი ჰქონდა. ხარშვისას მეტად ფართოვდებოდა და თუ ვინმეზე იტყოდნენ – ,,გადაბრინჯული“, უნდა მიმხვდარიყავი – მის ამოფუებულ სხეულზე იყო ლაპარაკი.

რძიანი ფაფა თითქმის მზად იყო და ასეც ვახარე ბებიას, იგი ბრინჯით მოპირთავებული დიდი და გულღრმა თეფშით უნდა მიმერთმია.

შეისხით ტრ-ში! – ისეთი მოსხეპით მითხრა ბებიამ, თითქოს კარი უკანმოუხედავად გამოაქანა და ზედ სახეზე მომაჯახა. მას ხომ ხორციანი კერძები მომეტებულად უყვარდა და დანარჩენს მხოლოდ ჩალა-ბულას ეძახდა…

შევცბი, ასე ახლადგამოკვირტული ნერგი თუ შეცბება, მოულოდნელად ყინვა-თოში რომ დაარტყამს.

თურმე ერთ სიტყვას შეუძლია მოგკლას, ან დაგარჩინოს, წარგწყმიდოს ან გაცხოვნოს.

ყველა ბავშვი განიცდის მშობლის ხელმოკლეობას, სიღარიბე გადიდებული თვალებით უცქერს, თაობათა შორის მისით მოვარდნილ ამღვრეულ მდინარეს, ხიდების ჩაშლას. მე კი ხელმოკლეობაზე მეტად ბებიას ნაიბარაზე წამოსროლილი ამგვარი სიტყვები მაშფოთებდა, რადგან ამ სიუხეშეს ჰქონდა ძალა ჩაექრო ირგვლივ ყოველგვარი ნათელი, დაემახინჯებინა ბებიას ედელვაისივით მშვენიერი სახეც – ახალგაზრდობაში თითებზე გადაკვანტილებული ძაფებით ბუსუსებისგან არაერთგზის ,,დახვეწილი“ და ის ღიმილიც, სახიდან პირმცინარე ყვავილივით რომ გამოუკრთოდა.

ყური არ უნდა შემეგუებინა ამ სიტყვებისთვის, უნდა ამესხლიტა, მხოლოდ კარგი შემეთვისებინა, რომ ბებიას ნათლისთვის ჩრდილი არ მიმეყენებინა. მან ხომ მთელი ბავშვობა ნახირში, ტყისპირებზე ძროხების დევნაში, დაუდევარი, ტლუ გოგო-ბიჭების გვერდით გაატარა.

თუმც ბებიას თავისახლი ჩვენგან იქვე, კარიყურში, ათიოდე კილომეტრის მოშორებით იყო, ის მაინც გამუდმებით ენატრებოდა. სული სულ იქით, თავისი ახლობლებისკენ მიუწევდა.

იმ სოფლამდე ნახევარი გზა ავტობუსით, ნახევარი ფეხით შეგვეძლო გაგვევლო.

ბებია თავისახლს წასვლამდე ტანს დაიბანდა, დაფორაჯებულ, სავსე სხეულს ღრუბლის ნაჭრით ბავშვებს კარგად გაგვახეხინებდა, მერე თავის რომელიმე შავფონიან, დიდ ბარდღალაყვავილებიან კაბას ჩაიცვამდა და უკან გაგვიდევნებდა. სადგურამდე გზას ბებია თითქმის შუა ქუჩაში გაივლიდა. ჩვენ ქუჩის კიდისკენ მივექაჩებოდით, ის კი თითქოს გზა ვერ იტევდა, ამაყად მაინც შუაგულისკენ მიიწევდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ აქა-იქ კანტიკუნტად მიმავალ ავტომობილთა მძღოლები გზას თვითონ დაუთმობდნენ და ასეც ხდებოდა.

თავისახლს მისვლამდე, ის ავტობუსში მგზავრებს გულითადად გამოელაპარაკებოდა, ამ საუბარში თავისახლისადმი მთელ თავის მონატრებას და სინაზეს დააფრქვევდა, იღიმებოდა – უხდებოდა.

იმ დროს დაუპატიჟებელი, გაუფრთხილებელი მისვლა-მოსვლა ჩვეულებრივი ამბავი, მოთხოვნილებაც კი იყო.

ბებიას თავისახლს მივყავდით, რომ თავისი ძმისშვილიშვილები – ორი გოგონა და ერთი ბიჭი გაეცნო, რათა ერთმანეთთან გვეახლობლა და თუკი მომავალში ცხოვრების გზა ისევ გადაგვყრიდა, არ დაგვვიწყებოდა, რომ ერთი სისხლის ხალხი ვიყავით..

ტყისპირას მდგარ სახლში იესე ბაბუა და ლიდა ბებია ცხოვრობდნენ. ცისფერთვალება, ლამაზი ბიჭი იესე ბაბუას მოსახელე იყო და სოსოია ერქვა. სახლი აგურის სვეტებზე იდგა, სახლქვეშ მიწა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ბუნებრივად დაფერდებულიყო. აქ, სახლქვეშ, ამოუშენებელ და ოთხივ კუთხით ღია ადგილას ბავშვიც კი ვერ გაიმართებოდა, თუმც წელში ისედაც მოხრილ-მოკუკულ ლიდა ბებიას ამ მომიწნულზე ხვინჭა უჯანგარას ცოცხით ისე გადაეხვეტა, მიწის ზედაპირი ისე გადაესუფთავებინა, ქინძისთავი რომ დაგვარდნოდა, იმასაც კი იოლად იპოვიდი.

სახლსგვერდით ბოსტანში ზაფრანა ღვიოდა მზისგულზე, მწვანე საშკვლავი, მუქი იისფერი რეჰანიც ადენდა სურნელს და როგორც დახუჭობანას მოთამაშე ბალღები, აქა-იქ დარჭობილ სარებთან მიკუნჭული ჩანდნენ მწვანეჭიპიანი კვერცხისოდენა წითელი პომიდვრები.

ეს პაწია ბოსტანი ისეთ სურნელს აზავებდა ჰაერში, ისე განუყოფელს, მთლიანს და დაუსრულებელს ხდიდა ადამიანის სიცოცხლეს ამ გულტკბილ მზეში, ვერაფრით იფიქრებდი, თუ ამ ქვეყნად მხოლოდ დროებით შემოხეტებული სტუმარი იყავი.

ბოსტანს იქით, კარგა მოშორებით, წვრილი ბილიკის ბოლოში, საქონლის საბმულის გვერდზე ხის ფიცრებით შემოკავებულ ადგილას ნაკელი მოეზვინათ. იმის იქით კი ხის საფეხურებიანი ფეხსადგილი იდგა კედელზე მიჭედებულ ლურსმნის თავზე წამოცმული დაჭრილი გაზეთ ,,სოფლის ცხოვრების“ ფურცლებით.

სახლწინ გვერდწითელი მსხალი – დაბალი, კაკვით იოლად მოსაწევი ტოტებით. ბლომად ჩამოცვენილ მსხალს ფუტკარი ესეოდა – ჩვენი ტერფების მტერი.

გადაღმა ტყეში კი, მუხის ფოთლებქვეშ, სველ ნეშოში პაწია ნაღმებივით ფეხებთან გვიფეთქდებოდა: სოკო მტრედუა, ისეთი ფერის, განთიადისას ბაცად, მტრედისფრად რომ იცის ამონთება, ღვინისფერი ღვინუა, ბუკივით ძირბუკა, ნუკრის დორბლიანი დრუნჩივით ხაოიანი ირმიტუჩა, მეფესავით ერთიანად ჩამრგვალებული და იშვიათი ნიყვი-სოკოწითელი და მეფის ასულივით, ბალერინასავით ცალ ფეხზე შემდგარი, წვრილად დაპლისულკაბიანი, თავზე გახეხილ შოკოლადივით ნაფერთალებმოყრილი-წერეწო-წეროსუა. და მწარე არყა, ჩვენი თვალების მტერი, თუკი არყიან ხელს თვალში ამოვისვამდით, სიმწარე თვალებს თითქმის ნახევარ საათს აღარ გაგვახელინებდა.

ტყის გადაღმა, სოფლის მეორე მხარეს ბებიას მეორე ძმისშვილი და ძმისშვილიშვილები ცხოვრობდნენ, კნაჭა, გრძელთმიანი გოგონები, რომელთაც მთელი სასოება თავიანთ თმებზე დაემყარებინათ. მაგრამ სანამ გინდა თმები იზარდო? მით უფრო თუ შიგ მკბენარი აგიფუთფუთდა და თმის ძირებში პაწია კვერცხებიც მიაწილა. სწორედ მათთან სტუმრობის დღეს ჩვენს, მათსავით პატარა გოგონების თვალწინ შეკრიჭეს ის გრძელი, შლილი თმები.

– მიმაბი ჩემი თმებიი!

– რავარც გინდა მიმაკერეე!

– გამიმთელე, რაფერც გინდაა! – უწიოდნენ სარკეში ჩახედვისას გაბრაზებული გოგონები დედას და არ ეშვებოდნენ – გინდათუარა, გაემთელებინა აწ უკვე ყოფილი და კითხვის ნიშნებივით დაგრეხილი, სადღაც თითო ოროლა მკბენარნაპოვნი კრიალა და მბზინვარე თმები.

გაგიგია ეს სიტყვები: მდგნე და ქანვარე?

როცა მდინარე ისე ზანტად მიედინება, თითქოს დგას – მდგნეა.

და ქანვარეა, როცა სწრაფად მიექანება.

ასე მდგნე იყო ჩვენი ცხოვრება, თითქოს იდგა, არ იძვროდა, ისე ვცხოვრობდით…

თუმც ბებია ერფუტის თვალით იმ მდგნე დროიდან, ქანვარე დროსაც გამოჭვრეტდა და წერა-კითხვის უცოდინარი, მკითხავივით გვიმისნებდა:

– კაცი ასულა მთვარეზე და ერფუთი ამბობს, მზე და მთვარე ჩამოიყრება…

დროდადრო იესე ბაბუა და ლიდა ბებიაც გვესტუმრებოდნენ. ჭიშკართან უცხოს დალანდვისთანვე სახლში შემალულები და ჩუმ-ჩუმად გამოპარულნი, დედის თეძოს მიტუზულები მერე კიდეც დავფაცურობდით, მოხუცებს ტაბურეტებს ვუდგამდით და დაფერდილზე გადაყანთრულებს ცალ მხარეზე ფეხებს ქვებით გავუმაგრებდით, თლილი ჭიქით წყაროს წყალსაც მივაწოდებდით და მათ თვალწინ ჩავმწკრივდებოდით – სამი გოგონა და ორი ბიჭი.

იესე ბაბუა ხილის კანფეტებისთვის ჯიბისკენ წაიღებდა ხელს და მის ამოღებამდე უკვე სულწასულებს სათითაოდ დაგვირიგებდა. კანფეტის შესაფუთ ქაღალდზე სანატრელი მუქი ლურჯი, ღოღნაშოსფერი ქლიავი ეხატა. ჩვენთვის ყველაზე გემრიელი და სასარგებლო ხილი, ოღონდ მომავალში რატომღაც ისევე სასაცილოდ აგდებული სიტყვა, როგორც ბევრი კარგი, ძვირფასი რამ…

დედა გაიხსენებდა, თუ როგორ უვლიდა ლიდა ბებია, როცა ავად გახდა, როგორ ზრუნავდა, თან ჰყვებოდა მას. როგორ წუხდა იესე ბაბუაც, როცა დედას ბავშვობაში და-ძმა გარდაეცვალა, პატარა ნოდარი და ტატუნია. წუხდა, რომ ვერ იზრუნა მათზე, რომ თავისთან ვერ წაიყვანა დისშვილები და ასე დაუდევრობით ხელიდან გამოეცალათ.

იხსენებდნენ ძველ ცხოვრებას, ჰყვებოდნენ, ახსენებდნენ ბებიას სხვა და-ძმებსაც – თეოფილეს, ემელიონს, თამარას, თინას…

ასე იყო ზაფხულობით – გარეთ, ამ დაფერდილ ეზოში ვსხდებოდით, ზამთარში კი იმ ვიწრო ბუხრისპირას დავსხამდით სტუმრებს, რომელზედაც დედა იტყოდა: ,,ბუხარი და ორი კაცი… ეს მინიშნება იყო და გუნებაში უნდა მიგვერითმა: ,,თუ მესამეც მოგემატათ, ადექით და გადით კარში…“

ბუხრის თავზე მაღალფეხა ნავთის ლამპა იყო შედგმული. საღამოობით, ანთებისას მისი შუშა იოლად იბზარებოდა, ტყდებოდა კიდეც, ამის გამო ანთებული ფითილი ჭრაქივით ხრჩოლავდა ჩამოტეხილი შუშიდან. ლამპის გვერდით გამურული ჭრაქი, ჭრაქის გვერდით ნაძვის ხის სურნელოვანი კვარის რამდენიმე ნაფოტი იდო და გული მწყდებოდა, რომ ჩვენი გამჭვარტლული ბუხრის თავი არ იყო ისე მდიდრულად მორთული, როგორც ლიდა ბებიასი, რომელსაც გაზეთი ,,კომუნისტი“ ისე აჟურულად დაეჭრა და დაენიკბა, ისე გაელამაზებინა თავისი ბუხრის თავი, ვფიქრობდი, როცა გავიზრდებოდი, პირველ რიგში ვისწავლიდი, როგორ გამემშვენებინა ჩემი ბუხრის თარო ასეთივე აჟურულად დაჭრილი ფურცლით…

ბუხარი ჩვენი ბავშვობისა…

მასთან ზამთარში, საღამოობით სალეს ქვასავით გაბლიკვებულ ლეიბს და საბანს ვათბობდით, რადგან ოთახში ძალზე ციოდა და მერე ასე გამთბარ ქვეშაგებს ბავშვები ვეკონწიალებოდით, რომ გაყინულ საწოლამდე მიგვეთრია და ზამთრის გრძელ ღამეთა სუსხში ჩავმთბარიყავით.

იმ ზაფხულის თარანება დღეს კი, რაზეც დასაწყისში ვყვებოდი, დედამ დაკლა ახალი ქათამი, ბუხარში სამფეხზე შედგმულ თუჯის ქვაბში წყალი ადუღა-ააკვაჩხალა, მერე ქათამი შიგ ამოავლო, კარგად მოდგინა, ამოპუტა. არაყში დასველებულ, ლამბაქზე დაფენილ აალებულ ბამბაზე გატრუსვის ნაცვლად, იქვე, ცეცხლის ალზე გარუჯა, მჭადის ფქვილით და ხოროში მარილით კარგად გარეცხა, გამოშიგნა, გაასუფთავა, მარილი უსვა.

მერე ბუხარში კეცები გადგა, ოფლით ღვარულმა მჭადის ფქვილი მოზილა, შქერის ფართო და პრიალა ფოთლები ცალ ხელში მწყობრად დაიჭირა, კეცები ნაკვერჩხლებივით ოქროსფრად გაღვივდნენ თუარა, საკეცით ბუხრის წინ გადმოალაგა, ოდნავ შეანელა და შქერის მოტკაცუნე ნეშოზე კოხტად მომრგვალებული კოკრები დასვა, რომელსაც ირგვლივ მარჯვენა ხელის გულით სულ ტყაპა-ტყუპით ჩამოუარა, გასწი-გამოსწია. ნეშოდაფენილი და მჭადდაკრული კეცები ერთმანეთზე შეალაგა, პატარა კოშკივით შეაკოლიკა და საბიჯგად, რომ არ წამოქცეულიყო, აკაციის ხისგან გათლილი საკეცე, იგივე ცეცხლის საჩრეკი შეუყუდა.

მერე ახალი ქათამი ტაფაზე გემრიელად შეაწითლა, დაუწურა მაყვალი, დაუნაყა ნიგოზი და ნიორი, სურნელოვან წვენში ჩააბუჟბუჟა ხორცი, დასხდნენ უფროსები დიდ სუფრასთან, ჩვენ პატარები ჯორკო სკამებზე – მამის ხელით ფიცრებისგან გაკეთებულ პატარა სუფრასთან.

ამ დროს ჭიშკართან მოდგა მაღალი კაცი, ხელში მუქი, თხელი ფურცლის პატარა განივი ზოლით, რომელზეც მუქი იასამნისფერი ,,კაპიროვკით“ ბევრჯერ გამრავლებული ბეჭდური, მკრთალი ასოებით ეწერა რაღაც, ეტყობა ავისმომასწავებელი. მაღალმა კაცმა დედას რაღაც უთხრა და ეს პატარა, განივ ზოლად ქცეული ფურცელი გადასცა. დედას მუხლები დაუმძიმდა და ნელა წამოვიდა სახლისკენ.

ბებიამ კერძი გადაიღო და ის იყო, პირისკენ წაიღო ხორცის ნაჭერი.

– არ ჭამო დედა ხორცი! – უთხრა შემობრუნებულმა დედამ.

ბებიას ხელი გაუშეშდა, ფერი ეცვალა და სახე გაუქვავდა… მიხვდა.

ქმრის და შვილების მერე ის თავის სისხლს და ხორცს ნელ-ნელა, თანდათან კარგავდა. ზოგიც წასულიყო – თეოფილე, თინა, თამარა და ახლა იესე მიდიოდა, მერე ემელიონი…მერე თვითონ გაჰყვებოდა.

მოსულიყვნენ ცოტა ხნით მის სისხლად და ხორცად, ასაყვავებლად თუ ფოთოლგანსაძარცვად, გასახარელად თუ ასატირებლად, და მიდიოდნენ მისგან, მიჰყვებოდნენ იმ მდინარეს, რომელიც ბოლოს ყველას გაგვიყოლებდა.

მიდიოდნენ, ტოვებდნენ თავიანთ სხივს, იცვლიდნენ წუთიერ საცხოვრისს და მარადისობის კარზე აკაკუნებდნენ.

© არილი

Facebook Comments Box