ელენე ფილფანი
რომანებისთვის რუკების დართვის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის, თუმცა, ამ პრაქტიკისადმი დამოკიდებულება ცალსახა არასდროს ყოფილა. ვინაიდან, ვიზუალური გზამკვლევი ლიტერატურული ტექსტის დემისტიფიკაციისა და გამარტივების საფრთხეს ქმნის. უარეს შემთხვევაში კი წარმოშობს პერსპექტივის ჰეგემონიას, რომელიც მკითხველის წარმოსახვის ჩარჩოში მოქცევით მთლიანად ცვლის ნარატივთან ურთიერთობის გამოცდილებას.
ამერიკული საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულების, ჰანტინგტონის ხელოვნების მუზეუმის, მიმდინარე გამოფენა Mapping Fiction-ის მიზანი, ლიტერატურული რუკების ევოლუციის ჩვენებით, სწორედ ამ კომპლექსურ ურთიერთობაში ჩაღრმავებაა. ლიტერატურულ კარტოგრაფიაზე დიალოგის განახლებით პროექტი ცდილობს ჩასწვდეს სიტყვიერი და ვიზუალური გზებით წარმოსახვის სტიმულირების დინამიკასა და ლოგიკას და კიდევ ერთხელ ჩააფიქროს მნახველი, თუ როგორ და რამდენად ახერხებს წიგნი, თავისი სტრუქტურითა და ფიზიკური შეზღუდვებით თხრობითი სივრცის ორგანიზებას.
გამოფენა ჯეიმს ჯოისის „ულისეს“ პირველი გამოცემის (1922 წ.) 100 წლის თავს ეძღვნება, ვინაიდან, კონცეპტი სწორედ მეოცე საუკუნის ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნის პუბლიკაციასთან დაკავშირებული ისტორიის შთაგონებით შემუშავდა. უხამსობის ბრალდების ნიადაგზე გაუთავებელმა სასამართლო დავებმა „ულისეს“ ინგლისურენოვან სამყაროში გამოქვეყნება შეაფერხა და მხოლოდ 1934 წელს მოახერხა Random House-მა ამერიკაში მისი ლეგალურად დაბეჭდვა. რთულად მოსახელთებელი თხრობის მანერის გამო გამომცემლობას სურდა რომანისთვის რუკები დაერთო, როგორც ამხსნელი ვიზუალური მასალა, თუმცა ჯოისი ამ იდეის სასტიკი წინააღმდეგი აღმოჩნდა. მას სურდა მკითხველი პერსონაჟთა ცნობიერების ნაკადს მიჰყოლოდა, მათთან ერთად მოგზაურობისას განსხვავებული პერსპექტივებითა და მხოლოდ სიტყვიერი მითითებებით აეგო გონებაში ქალაქის სტრუქტურა. ამავდროულად, მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის რუკები და ილუსტრაციები, ძირითადად, სათავგადასავლო რომანებს ახლდა თან, რომლებიც არასრულწლოვანთა თავშესაქცევად აღიქმებოდა. სერიოზულ ლიტერატურას შესახედაობაც შესაბამისი უნდა ჰქონოდა. საბოლოოდ, კომპრომისული შეთანხმებით ინგლისურენოვან სამყაროში „ულისეს“ პირველ გამოცემას დუბლინის რუკის პოსტერი ახლდა თან.
თუ ჯეიმს ჯოისი რუკებს არ სწყალობდა, მისი თანამედროვე უილიამ ფოლკნერი სიხარულით შეხვდა Random House-ის თხოვნას, რომ რომანი „აბესალომ! აბესალომ!“ იოკნაპატოფას ოლქის რუკითა და პერსონაჟთა გენეალოგიით გამოცემულიყო. მოგვიანებით Viking Press-სთან თანამშრომლობისას თავისი სხვა ნაწარმოებებისთვისაც შექმნა იოკნაპატოფას რუკა, სადაც საკუთარ თავს მოიხსენიებდა, როგორც „ერთადერთ მფლობელსა და მესაკუთრეს“.
ასევე, რობერტ ლუის სტივენსონის უკმაყოფილება გამოიწვია 1886 წელს „გატაცებულის“ ავტორისეული რუკის გარეშე გამოცემამ. „რუკის გარეშე, „გატაცებული“ ისე ვერ იფუნქციონირებდა, როგორც სტივენსონს სურდა,“ ამბობს გამოფენის კურატორი კარლა ნილსენი, ბრიტანულ გაზეთ The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მას სურდა, ტოპოგრაფიული ცნობიერებით მკითხველისათვის ამბავზე იმაზე მეტი კონტროლი მიენიჭებინა, ვიდრე პროტაგონისტს თავად გააჩნდა, რათა გატაცებული პერსონაჟის გადაადგილების სრული ტრაექტორიისთვის თვალი ედევნებინათ.
რუკებისა და სიტყვებით გადმოცემული ნარატივის ურთიერთობის კვლევა წინ წამოწევს მკითხველის ამბავთან ინტერაქციის სპეციფიკას, წარმოსახვისა და აბსტრაჰირების მექანიზმის ფუნქციონირებას. საშუალებას იძლევა ერთმანეთს შევადაროთ ფიქსირებულად და ფლუიდურად ორგანიზებული სივრცეები, რათა პასუხი გაეცეს კითხვებს: რა შემთხვევაში ამდიდრებს ვიზუალური გზამკვლევი ნარატივს და როდის უკარგავს მას ღირებულებას; ვიზუალიზაციისას რუკით შევსებული დეტალები სრულყოფს კითხვის გამოცდილებას თუ შემოაქვს არასაჭირო კონკრეტიკა.
უფრო ზოგად ჭრილში გამოფენა რეფლექსირებს თხრობის ბუნებაზე. ფუნდამენტურად, ესაა დილემა, სად უნდა გაივლოს ზღვარი, როგორი ჩარჩო უნდა შემოიწეროს. კარტოგრაფებიც და მწერლებიც ამ კითხვებს უტრიალებენ: რომელი ჭრილით ასახონ სამყარო, რა მასშტაბით, რამდენი დეტალი შემოიტანონ და რამდენად უნდა იმეორებდეს წარმოსახვა რეალობას? აღნიშნული პირდაპირ მიემართება ხორხე ლუის ბორხესის ერთაბზაციან მოთხრობას „მეცნიერების სიზუსტეზე“ (Del rigor en la ciencia), სადაც წარმოდგენილია აბსურდული რუკა, რომელიც ქალაქის ზედმიწევნით გამოსახვისთვის მთელ მის ტერიტორიას იკავებს. ესაა რეფლექსიაა აბსტრაქციის ღირებულების შესახებ, რასაც მივყავართ ლუის კეროლის კარტოგრაფიულ დილემამდე: „ამჟამად რუკად თვითონ ქვეყანას ვიყენებთ, და დამერწმუნეთ, თითქმის ისევე ეფექტურია“ (Paradox of the Complete Map).
სწორედ ამ დილემის ზღვარზე ძევს ლიტერატურული რუკების საკითხი და მათ მიერ თხრობაში შემოყვანილი დეტალიზაციის დონე. „ეს ნარატივს ახასიათებს,“ ამბობს ნილსენი, „ნაწილობრივია. რუკების მსგავსად, შესაძლოა პერსონაჟის ზედმიწევნითი აღწერა არ არსებობდეს, თუმცა მკითხველი მათ მაინც სრულყოფილად განიცდის.“
გამოფენაზე მე-16-დან მე-20 საუკუნემდე დათარიღებული 70-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. ცენტრალური ნამუშევრის, „ულისეს“ მიღმა, მნახველი შეხვდება ლიტერატურულ შედევრებს უშუალოდ ჰანტინგტონის არქივიდან, როგორიცაა ლუის კეროლის „ნადირობა ნადირობაზე“, სტივენსონის რუკები „განძთა კუნძულიდან“ და „გატაცებულიდან“, ტოლკინის კარტოგრაფია „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიიდან, ოქტავია ბატლერის ხელით ნახატი რუკები და სხვა. ქრონოლოგიური შედარება მიზნად ისახავს აჩვენოს თანადროული ტექნოლოგიების შესაძლებლობები, როგორ ცვლის განსახილველ მედიუმთა ურთიერთობის ბუნებასა და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ მომავალში.
გამოფენა ამავე წლის 2 მაისს დაიხურება.
© არილი