ავტორი: მარსელ ტერუ
დიდი ხანია ვნანობდი, ჯაშუში რომ არ გავხდი, როცა საამისოდ ყველაფერი მიწყობდა ხელს – ცივი ომის პერიოდში გავიზარდე, კემბრიჯსა და სკოლა-ინტერნატებში ვსწავლობდი, რუსულიც ვიცი. მაგრამ, ხავიერ მარიასის რომანმა მიმახვედრა, თურმე, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად, დიდ ფათერაკს გადავრჩენილვარ ამ წარუმატებლობით.
ახალგაზრდა ქალი ბერტა ისლა 1960-იან წლებში, ფრანკოს დიქტატურის დროს, როგორც მადრიდის სკოლის საშუალო სკოლის მოსწავლე, თავის ცხოვრების სიყვარულსა და მომავალ მეუღლეს – ენების ათვისების საოცარი უნარის მქონე ტომას ნევინსონს, შეხვდა.
შეუღლდებიან უცნაური და ამაღელვებელი რწმენით, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი. რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან რომანი ხშირად ბედთან მიმართებით ადამიანის უძლურებასა და მცდელობათა ამაოებაზე რეფლექსირებს. ამის მიუხედავად, ბერტასა და ტომასს შორის დაუძლეველი დისტანციაც არსებობს, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება ფაქტით, რომ ორივემ პირველ სასიყვარულო გამოცდილება სხვასთან შეიძინა: ტომასმა – ოქსფორდში, ენების სწავლისას; ხოლო ბერტამ – ახალგაზრდა ტორეადორთან, რომელსაც საპროტესტო აქციის დროს ქუჩაში გადაეყარა. პარადოქსულად, ამ ორგულობამ უფრო გაუმტკიცათ რწმენა, რომ ერთმანეთს განგების ძალით დაუკავშირდნენ.
ტომასის ენებისა და იმიტირების ნიჭი საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის ყურადღებას მიიპყრობს. ყმაწვილი უარყოფს შემოთავაზებას, რის შემდეგაც საეჭვო გარემოებებით მკვლელობაში დასდებენ ბრალს. გამოუვალ სიტუაციაში მყოფ ტომასის ჯაშუშთა რიგებში მოუწევს გაწევრიანება.
ასე იწყება მისი ორმაგი ცხოვრება – მადრიდში ბერტასთან ერთად ოჯახს უვლის, ხოლო საიდუმლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად ხშირად მოგზაურობს საზღვარგარეთ. მეუღლემ არაფერი იცის და უსიტყვოდ ეგუება ქმრის უცაბედ გაუჩინარებებს სანამ IRA-ის მომხრენი არ აიძულებენ, თვალი გაუსწოროს სიმართლეს.
ბერტას ქმარზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, ხშირად მას ვერც ეკონტაქტება. ათწლეულების განმავლობაში მისი სიყვარული და მოთმინება გამოიცდება – გამოივლის 1970-იანი წლების არეულობას, ფოლკლენდის ომს, ბერლინის კედლის დაცემასა და საბჭოთა კავშირის ნგრევას. მთელი ეს დრო, ტომასი არსად ჩანს, ვარაუდობენ, რომ გარდაიცვალა. ბერტას ცხოვრებაც ნელ-ნელა თავის ბავშვობის კოშმარს ემსგავსება – იქცევა ქალად, რომლის ამბავიც გაჟღერებას არ იმსახურებს; სხვისი საინტერესო და ამაღელვებელი ცხოვრების უმნიშვნელო მონაწილედ.
რომანი არაა ჯაშუშებზე, იდენტობის მალვის დრამატულობასა თუ საიდუმლო სამსახურის აგენტის მორალურ დილემებზე. პირველ რიგში, მარიასს არყოფნის მდგომარეობა აინტერესებს: ლოდინი, გაურკვევლობა, უმნიშვნელობა, უცოდინარობა, ილუზია და თავის მოტყუება. მისი პერსონაჟები ხელებს გამუდმებით ბურუსში აფათურებენ და იკარგებიან ნისლში, რომელიც სხვა ადამიანისა ან, თუნდაც, საკუთარ თავში დააეჭვებთ – რა ვიცი მის შესახებ? ან რა შეიძლება ვიცოდე?
ხავიერ მარიასს ხშირად ნობელის პრემიის კანდიდატად განიხილავენ. „ბერტა ისლა“ მის ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურზე ტრილოგიას („შენი სახე ხვალ“) ეხმიანება – რომანებში ბევრი თემა და პერსონაჟი მეორდება.
ესპანელ მწერალს ხშირად თანმიმდევრულ და ჩამაფიქრებელ სტილს უწონებენ; ადარებენ ჰენრი ჯეიმზს, მონტენს, პრუსტს, ლორენ სტერნს და სერ თომას ბრაუნს. სინამდვილეში, „ბერტა ისლას“ კითხვისას გაცილებით მეტი ვისწავლე თარგმნის ხელოვნებასა და ესპანურში ქვეწყობის გამოყენებაზე, ვიდრე საიდუმლო აგენტთა ცხოვრების წესზე. აშკარაა, უპირველეს ყოვლისა, ავტორს ენა აინტერესებს და მისი ტექსტიც დახუნძლულია მინიშნებებით შექსპირისა თუ ტ. ს. ელიოტის შემოქმედებაზე.
მარიასი ასევე სიტყვაუხვი წინადადებებითაა ცნობილია – უმნიშვნელო ფაქტებზე საუბარი თავის საპატიო ნიშად უქცევია. თავადაც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ წერისას კონკრეტული ლიტერატურულ აზროვნებას მისდევს და არ სურს, იდეის წინადადებებში განაწილებით სათქმელს დაუკარგოს სიზუსტე. თუმცა, ხშირად ამგვარი ტექსტი კიდევ უფრო დიდ დაბნეულობას იწვევს. თითქოს პროზა მეტ ყურადღებას საკუთარ რიტმულ ჰარმონიულობას უთმობს, ვიდრე სცენასა და სურათებს, რომლებსაც წარმოსახვაში უნდა ხატავდეს. მაგალითად, რეპეტიტორმა „პირდაპირ შეხედა ტომასს თავისი ცისფერი, ოდნავ მოჭუტული, ნაპერწკლებსავით გამჭოლი თვალებით, რომლებსაც, თითქოს, იმდენად არ შეეძლოთ ეჭვის გარეშე დაჰკვირვებოდნენ, რომ მათმა სილურჯემ ფერი იცვალა, გაყვითლდნენ, როგორც ძილმორეული, მაგრამ ფხიზელი ლომის ან, შესაძლოა, რომელიმე სხვა კატისებრთა თვალები,” – რთულია, მიხვდე ავტორს რის თქმა სუნდა.
ბერტაც, როცა მთხრობლის როლს ირგებს, საკუთარ თავს ამავე, რეფრენისკენ მიდრეკილი ხმით გამოხატავს: „წლები გავიდა და შემდეგ კიდევ მეტი წელი გავიდა. ერთმანეთს მისდევდნენ, და ყოველდღიურად ახალგაზრდობა მაკლდებოდა, ყოველდღიურად ასაკი მემატებოდა, შეიძლება, დაბერებაც კი დავიწყე, თუმცა, ალბათ, არც იმდენად, რადგან ყოველთვის ჩემს ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდას ვგავდი, ამ მხრივ, გამიმართლა და არც ვწუწუნებ, ხალხს ჰგონია, რომ ჩემს ასაკთან შედარებით ათი წლით ახალგაზრდა ვარ.“
მარიასის პერსონაჟებს რეალობის არსის შესახებ ფილოსოფიური და ეპისტემოლოგიური კითხვები არ ასვენებთ, ხოლო საკუთარი ემოციები თუ ყოველდღიური საქმიანობა ნაკლებად ადარდებთ. აღნიშნულს, სავარაუდოდ, ავტორის საფუძვლიანი ფილოსოფიური განათლება განაპირობებს, რომელიც თავს მის თითოეულ ნაწარმოებში სიღრმისეულად იჩენს. თუმცა, ამასთანავე, ნაკლებად სავარაუდოა, ხავიერ მარიასი იმ მნიშვნელოვან უნარს ფლობდეს, რომელიც, რობერტ ლუის სტივენსონის თქმით, დილის გაზეთსაც ილიადად აქცევს.
© არილი