ესე,  კრიტიკა,  რეპორტაჟი

ხათუნა ხაბულიანი – Re:Museum

re museum

პუბლიკაცია Re:Museum   ყდაზე ჩამოთვლილი პერსონების სახელებით მიიზიდავს  სახელოვნებო სივრცესთან ახლოს მყოფ მკითხველს და მკაფიო სტილის დიზაინითაც გაუმყარებს მოლოდინებს შინაარსზე. წიგნის მხატვრული მხარე მანანა არაბულს ეკუთვნის, ტექსტში ჩართული სიახლისა და თავისუფლების განწყობით სავსე გრაფიკული კომენტარები კი ოთარ ყარალაშვილს, რომელიც პროექტის მსვლელობისას თარჯიმნის როლს ასრულებდა, მუშაობისას სპონტანურად გაკეთებული ჩანახატების წიგნის ილუსტრაციებად შერჩევა კი მოგვიანებით გადაწყდა.

წიგნიცა და გამოფენაც საერთო სათაურით –  Re:Museum, – თბილისის გოეთეს ინსტიტუტისა და ეროვნული მუზეუმის ერთობლივი პროექტის – „მუზეუმი – დროის მანქანის“ – ფარგლებში მომზადდა და მუზეუმების თანამედროვე პრობლემატიკას ეხება. პუბლიკაცია განავრცობს თემას, რომელზეც კურატორებმა და გამოფენის მონაწილე ხელოვანებმა იმუშავეს. არტ ინსტიტუციების საკითხი, ზოგჯერ მათი საერთოდ არ არსებობა, – მაგალითად, ჩვენ არ გვაქვს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ან გალერეა უახლესი ნამუშევრების მუდმივი კოლექცით, – საკმაოდ ხშირად განიხილება და მოიცავს დისკუსიასაც თემაზე, თუ როგორ შეიძლება დღეს მუზეუმი გამოიყურებოდეს, როცა სიტუაცია ძლიერ განსხვავებულია მუზეუმების ისტორიის საწყისი პერიოდისგან.

მუზეუმი  საყოველთაოდ გავრცელებული კლასიკური გაგებით იმპერიული დისკურსის ნაწილია და ევროპულ კულტურაში თავდაპირველად გაჩნდა ტროფეების დემონსტრირებისა და იდეოლოგიური პროპაგანდის მიზნით, – ხელოვნება არისტოკრატიისა და ძალაუფლების მფლობელთა ქონების ნაწილი იყო და კოლექციის პრეზენტაციაც იმ საზღვრებს გულისხმობდა, სადამდეც იმპერიის ამბიციები აღწევდა. არსებობს მოსაზრება, რომ ამერიკული მუზეუმები ამ მხრივ განსხვავდება ევროპულისგან და ისინი უფრო საგანმანათლებლო და შემეცნებითი მიზნებით შეიქმნა, ერთგვარი „ცოდნის ტაძრების“ ფუნქციით. ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკასა და ევროპაშიც არსებობენ უკვე ხანგრძლივი ისტორიის მქონე მუზეუმები, რომელთა მონუმენტური და კლასიცისტური იმიჯი უცვლელი რჩება და თავისი არსით ისინი კონსერვატულ ინსტიტუციებს წარმოადგენენ; თუმცა სხვა ტიპის მუზეუმებიც გვხვდება და ძირითადად ისინი განიხილავენ მუზეუმის ახლებური ხედვისა და ტრანსფორმაციის საკითხებს. სწორედ ამ თემაზე საუბრობენ ინტერვიუების კრებულში წარმოდგენილი რესპონდენტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმების ხელმძღვანელებს ან თანამედროვე არტ სამყაროს მოქმედ ფიგურებს წარმოადგენენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი შტეფან ვაკვიტცი წერს წიგნის შესავალ წერილში, რომ ამერიკული მუზეუმები, რომლებიც XIX საუკუნის ბოლოს ზღაპრულად მდიდარი და კულტურის სფეროში ამბიციური კაპიტალისტების – როკფელერების, მელონების, ვანდერბილდებისა და უითნის მიერ შეიქმნა, ენციკლოპედიური ტიპისაა და სხვადასხვა კულტურების ნიმუშებს უყრის თავს და „ერთგვარ უნივერსალურ იმპერიალისტურ იმიჯად გვევლინება, რომელიც კაპიტალისტურმა არისტოკრატიამ საკუთარი თავის შესახებ შეიქმნა ნიუ-იორკის „ოქროს საუკუნის“ პერიოდში.“ ამის შემდეგ კი მეხუთე ავენიუზე მყოფი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი სცენაზე გამოდის, როგორც XX საუკუნის „მოდერნისტული ოცნება, სადაც ბატონობს დემოკრატია, თავისუფალი ვაჭრობა და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი. და ა.შ… მუზეუმები სეკულარული საზოგადოების ტაძრებს წარმოადგენენ.“ შტეფან ვაკვიტცის აზრით, მუზეუმი აჩვენებს იმას, თუ როგორ ხედავს ქვეყანა საკუთარ თავს და საერთოდ მუზეუმები „რეპრეზენტატული აზროვნების კოლექტიური გამოხატულების შედეგს“ წარმოადგენენ.

თბილისის ეროვნულ გალერეას, სადაც ხსენებული ექსპოზიცია მოეწყო, ასევე ტიპური ისტორია აქვს და მისი თავდაპირველი დანიშნულება, როცა „დიდების ტაძარი“ ერქვა, რუსული იმპერიული ნარატივის გავრცობა იყო. მის ექსპონატებს კავკასიაში რუსეთის ძალაუფლების ტრიუმფი უნდა ეჩვენებინა. თუმცა ისტორია განსხვავებული გზით წავიდა და შემდგომი ათწლეულების განმავლობაში ცისფერ გალერეასაც უკვე სხვა იდეოლოგია  და უტოპიური მსოფლმხედველობის ერთ-ერთი ვარიანტის შესაბამისი სტილი – სოციალისტური რეალიზმი უნდა დამკვიდრებინა. გამოფენა – Re:Museum – ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, გერმანელი ხელოვანების ნამუშევრებს აჩვენებს, წიგნის შემდგენელი და ინტერვიუერი კი ვატო წერეთელია, – თანამედროვე ხელოვნების ცენტრის – თბილისის ხელმძღვანელი. პუბლიკაცია ინგლისურ-რუსული ბილინგვაა და ამ მხრივ სამწუხაროა, რომ ადგილობივი აუდიტორია მას ქართულ ენაზე ვერ გაეცნობა, თუმცა გასაგებია, რომ მისი ყველა მონაწილის ენაზე გამოცემა პრაქტიკულად რთულად განსახორციელებელი იქნებოდა.

მსჯელობა მუზეუმების კრიზისის, მათი განახლების აუცლებლობაზე მოდერნისტული ხელოვნების საწყისებიდან არსებობს, როცა რეალობასთან დაშორებული აკადემიზმი, ცხოვრებისგან მოწყვეტილი სტუდიური მხატვრობა და შინაარსსმოკლებულ ფორმაზე კონცენტრირება კრიტიკის მთავარი თემა გახდა. მუზეუმის მიმართ პრეტენზიები იცვლება კულტურაში მიმდინარე ცვლილებების პარალელურად და დღევანდელ პირობებში, ხელოვნების ლიბერალიზაციის ახალი ეტაპის ფონზე, რასაკვირველია განსხვავებულია მოთხოვნები, რომელთაც ჩვენი დროის დამთვალიერებელი თუ ხელოვანი არტ ინსტიტუციებს უყენებს. როდესაც თანამედროვე ხელოვნებაში თავად ნამუშევრის სტატუსი შეცვლილია და მისი მოქმედების ველი აღარ არის კონკრეტული საზღვრებით განპირობებული, მისი პრეზენტაციისა და შენახვის ადგილიც თვისობრივ ცვლილებებს მოითხოვს. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმების ფუნქციაც განპირობებულია ხელოვნების ნამუშევრების როლითა და სოციუმის მოთხოვნების მიხედვით. „ხელოვნების ნიმუშის როლი აღარ მდგომარეობს წარმოსახვითი და უტოპიური რეალობების შექმნაში, არამედ არსებულ რეალობაში ის მოქმედების მოდელებსა  და ცხოვრების წესს  წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რა მასშტაბს აირჩევს არტისტი,“ – წერს ნიკოლა ბურიო თავის „რელაციონალურ ესთეტიკაში“, რომელიც წინა ათწლეულის ერთ-ერთი პოპულარული თეორია იყო, ხოლო თავად ნიკოლა ბურიო 1999-2006 წლამდე პარიზის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის – პალე დი ტოკიოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და შეძლებისდაგვარად პრაქტიკაში ახორციელებდა თავის შეხედულებებს თანამედროვე არტ ინსტიტუციების აქტივობების შესახებ, სადაც ხელოვნება შემადგენელი ნაწილია ადამიანური ურთიერთობებისა და სოციალური კონტექსტისა. უშუალოდ მუზეუმს, როგორც კონცეფციას ან  სოციალურ გარემოს და მის პოტენციალს ეხებოდა შეკითხვები, რომლითაც ვატო წერეთელი მიმართავდა თავის რესპონდენტებს პუბლიკაციაზე მუშაობის დროს. ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ინტერვიუდ შეიძლება ჩაითვალოს საუბარი ჩარლ ეშესთან, რომელიც დღეისთვის ხელმძღვანელობს აბეს მუზეუმს ეინდჰოვენში და 2012 წელს ექვს ევროპულ მუზეუმთან ერთად დააარსა გაერთიანება, რომლის საბოლოო მიზანია თანამედროვე ხელოვნების ევროპული ცენტრის შექმნა 2017 წლისთვის. ჩარლზ ეშეს ინტერესების სფეროებიდან ერთ-ერთი ხელოვნებისა და სოციალური ცვლილებების ურთიერთობებს ეხება. მუზეუმში მუშაობის პრივილეგიად ის მიიჩნევს შესაძლებლობას, რომ გადაიწეროს ისტორია პოლიტიკური თვალსაზრისით და მოხდეს მისი ჩვენება მოქალაქეების პოზიციიდან, როგორც კრიტიკულად მოაზროვნე კოლექტივისა. მუზეუმის მოღვაწეობაში, მისი აზრით, მნიშვნელოვანი ზუსტად კრიტიკული აზროვნების მომენტია და უინტერესოდ მიიჩნევს იმ ინსტიტუციებს, რომლებიც ერიდებიან ნებისმიერ ინოვაციას. ისტორიის კრიტიკულად გააზრებას ასევე არსებითად თვლის ქშიშტოფ ჩიჟევსკი, რომელიც კონკრეტული ისტორიის მაგალითზე ჰყვება, როგორ შეიძლება  ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის კავშირის საინტერესო ფორმით განხორციელება. მისი ისტორია ეხება ძველი, მიტოვებული სინაგოგის სიახლით შევსებას, მის ცოცხალ და საინტერესო სივრცედ ქცევას და იმ მაკავშირებელი რგოლის ძიებას, რომელიც ვიტრინაში მოქცეულ „მკვდარ“ ექსპონატებს უწყვეტი პროცესის ნაწილად აქცევს. კარლ პრუშა – ვენის სამხატვრო აკადემიის რექტორი საუბრობს მისთვის საინტერესო პროექტებზე, რომლებიც არქიტექტურული იდეების რეალიზაციას ეხება. ძალიან მნიშვნელოვანია ავსტრიელი დიზაინერისა და კურატორის, პიტერ ნოვერის მოსაზრებები კონსერვატული კონსტექსტებისა და თანამედროვე ხელოვნების ურთიერთობების შესახებ. ის საუბრობს ვენის სიტუაციაზე, რომელიც თანამედროვე დასავლეთის პირობებში კონსერვატული კულტურის ეგზოტიკად იკითხება და, რასაკვირველია, შეიძლება ერთგვარი პარალელების პოვნაც ჩვენს სიტუაციასთანაც, რომელსაც ავსტრიულ სინადვილესთან მცირე რამ აქვს საერთო, თუმცა კონსერვატული უძრაობის ადგილობრივი ვერსია დაახლოებით მსგავს პრობლემებს ქმნის ქართული კონტექსტისთვისაც, სადაც სრულიად უხმაუროდ და განხილვის გარეშე ჩაივლის ხოლმე  არტისტული აქტივობის ისეთი პრეცედენტები, რომლებიც სხვაგან საჯარო განხილვის თემად იქცეოდნენ. რა როლს შეიძლება აქ ეროვნული მუზეუმი ასრულებდეს, ეს რთულად განსასაზღვრი საკითხია და ეროვნული მუზეუმის დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის აზრით კი, მნიშვნელოვანია  წონასწორობის შენარჩუნება ინტერდისციპლინარული მიდგომებისა და პრობლემების ღიად გაშუქების პირობებში. მუზეუმისთვის ისეთ სახასიათო ნიშანზე, როგორიც კოლექტიური მეხსიერებაა, საუბრობენ ერიკ ბერგრენი და კოსტა ეკონომუ, რომლებიც განმარტავენ დავიწყების მუზეუმის კონცეფტს, ერთგვარ რეაქციას მედიის მიერ ინფორმაციით მანიპულირების საყოველთაოდ ცნობილ თემაზე, როცა ისტორიული გამოცდილების ერთი ნაწილის მეხსიერებაში შენახვა სხვა ნაწილის დავიწყების ხარჯზე ხდება.

ინტერვიუების კრებული ბორის გროისის ტექსტით სრულდება. „ინსტალაციის პოლიტიკაში“ ავტორი თანამედროვე ხელოვნების სპეციფიკურ მახასიათებლებზე მსჯელობას არტ ბაზრისა და ხელოვნების მასობრივ კულტურის ნაწილად ქცევის კონტექსტს უკავშირებს. ექსპოზიციის ის თავისებურებები, რაც ინსტალაციის ფორმატთან ერთად გაჩნდა, განაპირობებს როგორც ნამუშევრის პრეზენტაციის ხასიათსა და ხელოვანისა თუ კურატორის პოზიციებს, ასევე დამთვალიერებლის ჩართვასაც „ხელოვნების სხეულში.“ ბორის გროისი ერთ-ერთ ადრინდელ პუბლიკაციაში წერდა იმ თანამედროვე პარადოქსის შესახებაც, როცა მუზეუმების საყოველთაოდ აღიარებული კრიზისის პარალელურად მიმდინარეობს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმების მშენებლობების ბუმი, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთი თუ აზიის ქვეყნები. ამბივალენტური პროცესები, რომლითაც ჩვენი კულტურული სივრცე გაჯერებულია, თავისთავად წარმოადგენს იმ რთული და დაძაბული მიმდინარე ისტორიის სურათს, რომელშიც ჩვენ გვიხდება ცხოვრება და ხელოვნებისა თუ მუზუემების ახალი ფუნქციების აღმოჩენა.

14.08.2014

© “არილი”

Facebook Comments Box