პოეზია (თარგმანი)

ხოსე ფ. ა. ოლივიერი – წყლულის თავდები

გერმანულიდან თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო ბელა ჩეკურიშვილმა

ხოსე ფ.ა. ოლივიერი (1961) ესპანური წარმოშობის გერმანელი პოეტია. ქალაქ ჰაუსახში დაიბადა და იქვე ცხოვრობს.

მამამისი ანდალუზიიდან ჩამოვიდა ბადენ-ვუტენბერგის მიწაზე და შვილები ბილინგვად გაზარდა, რასაც დაემატა შვარცვალდის ალემანური დიალექტი. ამგვარი მრავალენოვანება უკვე ბევრი გერმანელი მწერლისთვის არის დამახასიათებელი, ვინც გერმანიაში გადმოსახლებულ უცხოელთა მეორე თაობას წარმოადგენენ.

ხოსე ოლივიერი პირველ რიგში ცნობილია როგორც პოეტი, წერს ასევე მოთხრობებს და ესეებს კულტურის პოლიტიკის საკითხებზე. საკუთარ ლექსებს ხშირად სიმღერით წარმოადგენს. სიდნეის ოპერაში კი მისი ლექსების საცეკვაო ვარიანტი შექმნეს, რომლის სასიმღერო ნაწილში ოლივიერი გერმანელ რეპერ Doppel-U -სთან ერთად გამოვიდა.

იგი 1998 წლიდან ჰაუსახში ლიტერატურულ ფესტივალს კურატორობს და ახალგაზრდებში პოეზიის პოპულარიზაციის მიზნით, შტუტგარტის ლიტერატურულ სახლთან ერთად, სკოლის მოსწავლეებისთვის ლიტერატურულ სახელოსნოებს აწყობს. ბავშვებთან მუშაობა მისი ჰობია. ბოსტონში, კაიროსა და ლიმაში ყოფნისას ქუჩის ბავშვებს ასწავლიდა.

ხოსე ოლივიერის ორენოვნება მის ლექსებშიც აისახება: ავტორი თამამად მიმართავს ახალი სიტყვების შექმნას და მათი ორმაგი მნიშვნელობით გამოყენებას არ ერიდება. ამბობს, ორ ენაზე ფიქრი იგივეა, ორი დედა რომ გყავდეს და მე სწორედ ეს ბედნიერება მხვდა წილადო.

იგი განათლებით ფილოსოფოსია. ფილოსოფიურია მისი პოეზიისადმი დამოკიდებულებაც. წერა მისთვის სამყაროსთან დიალოგში ყოფნაა. „ვწერდი მაშინ, როცა რაღაცას ვერ გავიგებდი“ – ამბობს თავის ადრეულ ლექსებზე დღეს უკვე 20-მდე კრებულის ავტორი. მისი თქმით, ლექსის წერა არჩევანი არ არის, ეს არსებობის ფორმაა, უწყვეტი პროცესია. „პოეტი მაშინაც ვარ, როცა ვსაუზმობ და როცა არ ვწერ, ესეც ჩემი შემოქმედებითი საქმიანობის ნაწილია“.

ხოსე ოლივიერის ბოლო კრებული 2018 წელს გამოვიდა ბერლინში, სათაურით „წყლულის თავდები“ ეს ლექსები ამ კრებულიდან არის ნათარგმნი.

 

მონიშნული ორშაბათი, სულთმოფენობა 3

სასიყვარულო ღამეები

დავიწყებას მიეცა უკვე

მხოლოდ 1 ღამე გადარჩა

ჩამსხვრეული ფანჯარის იქით

ბზარები რომ ისევ ისეა

და 1 ცეკვა თითისწვერების გარშემო

ფეხშიშველი სრულ სიჩუმეში

არავითარი ფეხსაცმელი დიდი პატარა

გამოგორდება ეს სურათი კამათელივით

და მოთმინებით ელოდება კარი გაუღო

და უხმაუროდ დაემსხვრევა ჭიქა

იატაკს

ერთდროს პრიალას

საგულდაგულოდ დაგვილ-გაწმენდილს

ვლაპარაკობდით

არ გვჭირდებოდა ამისთვის ენა

არც ბინაში რეგისტრაცია.

 

El mar no canta * / არასდროს

(jay!* ლორკა)

ზღვა ადგილზე ვეღარ ჩერდება,

1000 რუსი სალდათია უკრაინაში.

ეს რა თქმა არის, იტყვით, ეს ხომ

მეტად უხეში შეცდომაა, ბარბარიზმია!

თუმცა კი ფხვნილი, ჯარისკაცთა მკერდი რომ აფრქვევს,

რძედ არ იქცევა. ხოლო

ტანკების ხორთუმებმა (სპილოებისას ნუ შეადრით),

კადნიერად რომ აბრექილან,

ჭიანჭველების კოლონები გააცამტვერეს.

 

*El mar no canta – ზღვა არ მღერის (ესპ). მექსიკელი მომღერლის, ენრიკე გუზმანის (*1943) ჰიტი.

*jay! – შეძახილი ფლამენკოს ცეკვისას.

 

Pro logo

თუ prólogo უფრო სწორია?

მიგრაცია ლექსად

მეუბნებოდნენ ოცნებაა, არ ღირს წვალებად

ესპანეთში ინატრო შატო. მამა კი ამ დროს

ყველა სასახლეს ჰა-ს ციხის ნანგრევს ანაცვალებდა.

 

დავბადებულვარ ერთ მიყრუებულ სოფელში ოთახს

შირმითა ჰყოფდნენ. დედაჩემმა

 

მაწოვა ძუძუ

და დარდიანი

მხარში მედგა სუსტსა და უძლურს.

 

როგორც კი ჩემით წავდგი ნაბიჯი,

პირველ ცდაზევე

ხელი დავიწვი.

 

ოცნებებიდან

მყისვე ვფხიზლდები

თუ ჩემს წინ რუკა გადაიშლება.

 

            გლეხური პური

და ჯვარი

(ხნული საკვეთელის

წყალობა) იყო

 

წმინდა ნიშანი და მაღალი

ღმერთის

დასტური

 

თავთავის შეკვრა

სამადლობელი / სუფრა და პურის

ცხობის დღეც იდგა

 

ლოცვის დროს

საქმე / გარჯა

ბეღლიდან პირგაუტეხლად

 

იგზავნებოდა

ის მუშახელი / პურს ვინც

აცხობდა

 

თვეში  ერთხელ და ყოველ ჯერზე

სტუმარი ერთით

მეტი იჯდა

იმ მაგიდასთან

 

საღამო,  black out 

»0,10« (უფლის მინიშნების ქვეშ)            

ვ: წერ ლექსს

ტუა

როგორც შენ

ლეტის ქაღალდზე

იქნებ

სირბილემ გახადოს ის უფრო მსუბუქი?

მეტ ფენიანი მეტ სტროფიანი მეტ

ხმოვანებით? ნეტავ დამცინებენ

ამაზე სხვანი? როგორც

ქსენია ბოგუსლავსკაიას

1916 ში

16 იანვარს

ფუტურისტული ლექსების კითხვისას?

 

კურიერში ვკითხულობ რომ ევროკავშირის

28 ქვეყანას

გადაუწყვეტია დადოს თურქეთთან ხელშეკრულება

 

არც ერთი მსახური

არა ჩანს დარბაზში („შავი კვადრატი“)

ვისაც ვუყვირებდი

„ჩააქრეთ შუქი. დაასრულეთ ეს

კომედია  ტრაგედია“.

16 იანვარი 2016

განმარტება:

Blackout – ასე ერქვა მე-19 საუკუნეში მომენტს, როცა თეატრში შუქს აქრობდნენ. დღესაც ასე ეუბნებიან განათების მექანიკოსს, როცა სიბნელე სჭირდებათ. სიბნელეს თეატრში დაძაბულობა შემოაქვს, თუმცა დაკარგულობის შეგრძნებასაც იწვევს. მერე კი ფარდა იწევა. როცა ქსენია ბოგულავსკაია 1916 წლის 16 იანვარს „0, 10“ -ს გამოფენაზე თავის ფუტურისტულ ლექსებს კითხულობდა, პუბლიკამ მას დასცინა. როცა მისკენ მიმართული ხუმრობები მეტისმეტი გახდა, ქსენია ბოგუსლავსკაიამ დარბაზის მსახურს გასძახა: „ჩააქრეთ შუქი, ბოლო მოუღეთ ამ კომედიას“.

 

თვალთა ხედვა, 4 სურათად

(სცენისათვის)         

ზის

ზის მეზობლის ქალი

პალმის ქვეშ ჩალის ქუდით

ზის მთელი დღე

ზის მთელი დღე მეზობლის ქალი

ქსოვს

ქსოვს თვალებით

ქსოვს თვალებით საკუთარ

ბიოგრაფიას

(ზეცის ბაწარი, მიწის ხელი)

კემსავს

კემსავს შალის ძაფი

კემსავს შალის ძაფი ყურებს

იხშობს ყურთასმენას ამგვარად

წუთისოფლით გაავებული

 

II

დადის

დადის მისი ქმარი

დათბილულ ჟილეტსა და ველვეტის შარვალში

მოაქვს ერთი თეფში

მოაქვს ერთი თეფში სუპი

დუმს

დუმს სავსე კოვზი

დუმს სიბნელით სავსე კოვზი

ქალის სახესთან

(მჭრელი, ბარსი მზერა)

ჰკვეთს

გაჰკვეთს
გაჰკვეთს ფილებიან იატაკს

იხშობს ყურთასმენას ამგვარად

წუთისოფლით გაავებული

 

III

ბარბაცებს

ბარბაცებს მათი ვაჟიშვილი

არყით გაჟღენთილ ტანზე

ბარბაცებს ჭიქა

ბარბაცებს არყის ჭიქა ვაჟიშვილი
თვალს უკრავს

თვალს უკრავს ცხიმის რგოლებს

თვალს უკრავს ცხიმის რგოლებს სუპზე

არწყევს

(სტომატიტიანი, ტუჩებმოფლაშული)

იღიმება

იღიმება გასუფთავებული

შეჰღიმის არყის ჭიქას

იხშობს ყურთასმენას ამგვარად

წუთისოფლით გაავებული

 

IV

აქიცინებს

აქიცინებს ძაღლი

აქიცინებს ძაღლი მეგობრულად კუდს

აქიცინებს

აქიცინებს

 

(ფარდა ეშვება)

© არილი

Facebook Comments Box