პროზა

ჯაბა ზარქუა – დაკარგვა ხრუშოვკაში 

მეორე მოთხრობა ციკლიდან „ხრუშოვკის ტრილოგია“

1

                                                 კლარას პირველი დაკარგვა

         კლარა კანდელაკს მშვენივრად ახსოვდა, რომ ამ 15 სექტემბერს 93 წლისა შესრულებულიყო, ისიც უწყოდა, რომ კლარა კანდელაკი გახლდათ და ისიც, რომ ოჯახში მის გარდა ერთი შვილი, ერთი რძალი, ორი შვილიშვილი და ერთიც ძაღლი ბინადრობდა. მიუხედავად უბადლო მეხსიერებისა, რომელიც ცოტათი გასაკვირიც კი იყო მის ასაკში, ერთ მშვენიერ დღეს სასტუმრო ოთახიდან საპირფარეშოსკენ გასულს კივილი აღმოხდა:

– მიშველეეეთ! არის აქ ვინმე?? გესმით ჩემი?? დავიკარგე, მარტო ვარ, მიშველეეეთ!

ბესარიონი და მაკა სუფრასთან ისხდნენ და ჩახოხბილს გეახლებოდნენ. ბავშვები საძინებელში გასულიყვნენ. ძაღლს კი ეძინა. კლარას ხმაზე ყველანი მისი მიმართულებით გავარდნენ და უცნაურ სანახაობას წააწყდნენ – მოხუცი საპირფარეშოს წინ იდგა, დაბნეული იყურებოდა იქით-აქეთ და არ იცოდა სად წასულიყო.

– უი, რა კარგია რომ აქვე ყოფილხართ, გადავრჩი მგონი. – სახე გაებადრა და ოჯახის წევრებისკენ დაიძრა. – რატომ მიყურებთ ასე?

– რა დაგემართა, კლარა? მშვიდობაა? – სერიოზულად ჰკითხა ბესარიონმა.

– რა უნდა დამმართნოდა. არაფერი ისეთი, ერთი პრობლემა მაქვს და…

– რა?

– ტუალეტი სადაა? – ჩურჩულით და ეშმაკური ღიმილით გახედა თავის შვილს.

– ტუალეტში მიდიოდი?

– ჰო, და გზაში დავიკარგე.

– ჰაჰაჰა… – გადაიხარხარეს ბავშვებმა და საკუთარი საძინებლისკენ გასწიეს.

– არაფერია სასაცილო! – დატუქსა მაკამ და სასტუმრო ოთახში გაბრუნდა.

– აგერ არის ტუალეტი, დე. მის წინ იდექი. რა გჭირს. – ბესარიონმა ხელი მოხვია მხარზე და საპირფარეშოს კართან მიიყვანა.

– ბესო, აქ იყავი რა, მეშინია ისევ არ დავიკარგო და მერე ვაიდა არ გამიმართლოს და აქ არ დამხვდეთ, რა მეშველება. – გაუღიმა მოხუცმა და საპირფარეშოში შევიდა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, რამაც ბესარიონი ძალიან დააფიქრა. იმ ღამეს თავის ცოლთან აწყობდა გეგმებს. ფიქრობდა, რომ დედა სასწრაფოდ ნევროლოგთან უნდა წაეყვანა. მაკა კი ეუბნებოდა, რომ ნევროლოგიური არაფერი სჭირდა მოხუცს და ფსიქიატრს უნდა სწვეოდნენ. ამაზე ბესარიონი გახელდა, დედაჩემი გიჟი კი არ არისო. მაკა არ დანებდა და აუხსნა, რომ აუცილებელი არაა შიზოფრენია ჰქონდეს ადამიანს ფსიქიატრს რომ ენახოსო. ბესარიონი არ ტყდებოდა მაინც, აქაოდა ჯიუტია დედაჩემი და რომ გაიგებს ფსიქიატრთან მიგვყავს, ცოცხალი თავით არ წამოგვყვებაო. მაკამ კი გამოსავალი იპოვნა და შესთავაზა, რომ მოეტყუებინათ და დაემალათ ექიმის სპეციალობა. მაშინ ბესომ უპასუხა, რომ დებილი კი არაა დედაჩემი ასე ბრმად წამოგვყვეს ექიმთანო. მაკამ გამოსავალი იპოვნა – სახლში მოვიყვანოთ ფსიქიატრი, ვითომ ჩვენი მეგობარია რომელიმე და უბრალოდ გვესტუმრაო. ბესარიონი ცოტათი კი შეყოყმანდა, თითქოს ჭკუაში დაუჯდაო ეს იდეა, მაგრამ მერე თქვა, რომელი ექიმი მოვა სახლში ამ სპექტაკლისთვისო. მაკამ კი უთხრა, რომ ერთი მეგულებაო, რომელიც გამოძახებებზე დადის და ასეთ სიტუაციებში მოქმედების გამოცდილებაც აქვსო. ბესარიონი დაინტერესდა ექიმის ვინაობით და გაიგო, რომ გუგა ბუთურაშვილი ჰყოლია მაკას მხედველობაში. პირველად მესმისო, აითვალწუნა ზრდილობის გულისთვის. მაკამ კი უთხრა, განა რამდენ ფსიქიატრს იცნობ, თითქოს გაგეგებოდეს ამ საქმეში რამეო. ბესარიონი ისევ გახელდა, შენ საიდანღა იცნობ ფსიქიატრს, საყვარელი იყო შენი თუ ექიმიო. მაკა არ დაიბნა და უპასუხა, არც ერთი და არც მეორე, ნინოს ბაბუამ როცა გარეკა სიბერეში და მოლანდებები დაეწყო, მას დაჰყავდა სახლში და იქიდან მახსოვსო. ისიც დასძინა, ერთხელ მეც შევესწარი მის კონსულტაციას და ძალიან ჭკვიანი და სანდომიანი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებსო. ასე შუა ხნის იქნება, თუმცა თმაშეჭაღარავებული და სათვალიანიო. ცოტათი გიჟივით კი იქცევაო შიგადაშიგ, ასე მაგალითად, შუა ლაპარაკში შეიძლება გაშტერდეს, ბლოკნოტი დააძროს ჯიბიდან და რაღაცეები მოინიშნოსო, მაგრამ ეგრე ხომ ყველა ფსიქიატრი იქცევაო. ფსიქიატრი კი არადა, ყველა ექიმი მასეაო, რასაც მკურნალობენ ის სჭირთო. ეგო როგორო, პროქტოლოგებს ბუასილი სჭირთო? გადაიხარხარა ბესარიონმა, მაკამ კი შუბლზე აკოცა ქმარს, გვერდი იცვალა და სანათი ჩააქრო.

იმ ღამით ბესარიონს ესიზმრა, რომ თავის აგარაკზე იყო. მდიდრულად მოეწყო ყველაფერი. ფართო ვერანდიდან ადევნებდა ბუნებას თვალ-ყურს, სიგარას ეწეოდა, ფორთოხლის წვენს სვამდა და უკანალს იფხანდა. უკნიდან ქალი მოეხვია, მაკა, ასე 20 წლით ახალგაზრდად გამოიყურებოდა. კაცმა ქალს ტუჩებში აკოცა, შემდეგ ისევ მოაჯირს გადაეყრდნო და ხმამაღლა მორთო ყვირილი: „ბესარიონ ბრეგვაძე ვარ, ჩემი თავის ბატონ-პატრონი და არა მარტო ჩემი თავის, ყველამ იცოდეთ, ბესარიონ ბრეგვაძე ვარ, ჩემი თავის ბატონ-პატრონი და არა მარტო“.

– დამშვიდდი ჩემო სიცოცხლე, ვიცი რომ ბესარიონ ბრეგვაძე ხარ, დაიძინე ახლა, ჩვენც დაგვაძინე. – მაკა ქმარს მოეფერა და მალევე დააშოშმინა.

2

                                            597 39 01 00 – გუგა ექიმი

         – მიშველეეთ! სად ვარ, სად გამეღვიძა, მიშველეეთ!

ბესარიონის წინა ღამის ყვირილი მონაგონი იყო, რადგან დილის 8 საათიდან რომ მორთო კლარამ, სანამ ძაღლსაც არ გაეღვიძა, მანამდე არ გაჩერებულა. ძალიან ზარმაცი და მცონარა ძაღლი ჰყავდათ, შარპეის ჯიშის. გვიან იღვიძებდა, ბევრს ჭამდა და შეუქცევადად სუქდებოდა, ბოლოს იმდენად გასუქდა, რომ ამ ჯიშისთვის დამახასიათებელი ნაოჭებიც კი გაუქრა და კანი სხეულზე გადაეტკიცა ორი ზომით პატარა მაისურივით. იძულების წესით დასვეს დიეტაზე, რასაც თავიდან ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მერე დაჰყვა პატრონთა ნებას, რადგან ძაღლი იყო მაინც და სხვა გზა არ ჰქონდა.

– რა ხდება, დედი? აქ ვარ, ნუ გეშინია, რა მოხდა? – გულგახეთქილი ბესარიონი შევარდა ლოჯში, რომელიც დედის საძინებელის ფუნქციას ითავსებდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ სანამ ამ ბინაში მხოლოდ კლარა და ბესარიონი ცხოვრობდნენ, დედას ნამდვილ საძინებელში ეძინა და ბესარიონს – ლოჯში, ტელევიზორთან. მას შემდეგ რაც ბესარიონი დაოჯახდა და შვილებიც შეეძინა, საძინებელი მათ ხვდათ წილად, ხოლო ქალმა ლოჯში დაიდო ბინა. დიდად არასდროს შეუწუხებია ამ ფაქტს. მთავარია, სითბო სულ იყო, ტელევიზორიც ჰქონდა და საპირფარეშოც ორი ფეხის ნაბიჯზე ეგულებოდა. საერთოდაც, ძალიან კეთილი და უბოროტო ქალი იყო კლარა, რის გამოც მსგავს სიტუაციებს არასდროს იხვევდა გულში და მსგავს დეტალებს არასდროს აქცევდა ყურადღებას, ყოველ შემთხვევაში, თავად ამ სიმართლისა სჯეროდა. აბა ახლა საძინებლიდან რომ მისი მეგობარი თინა გამოესახლებინა შვილსა და რძალს, წარმოგიდგენიათ რა დღეს დააწევდა? შეიძლებოდა გაზიც კი შეეშვა შიგნით და ორივე ამოეგუდა. ბევრი მოხუცი იყო ასე, საკუთარ საძინებელს მიჯაჭვული. კლარას კი რა დარჩენოდა. ქმარი მაინც არ ჰყავდა ბოლო 30 წელია და სულ იმას ამბობდა, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს სად დამდებთ, ბოლოს მაინც მიწაში უნდა ჩამდოთ და ახლა აბა ლოჯიაში გამიშლით თუ ზალაში, რა მნიშვნელობა აქვსო. მთავარია გარეთ არ გამაგდოთ დროზე ადრე და ყველაფერზე ყაბულს ვარ, თქვენ იყავით ოღონდ კარგადო.

– დედა გენაცვალოს, გაგაღვიძე დედი? ბოდიში ჩემო ლამაზო ბიჭო, მაგრამ ახლა ადგომა მინდოდა და როცა ლოგინიდან ავდექი, დავიკარგე და არ ვიცი სად უნდა წავიდე. შეგიძლია ტუალეტამდე მიმიყვანო? ძალიან მინდა და რა მექნა აბა. სულ ვიკარგები, სულ… რა ჯანდაბაა… გუშინ გახსოვს რა დამემართა? იგივე მჭირს ახლაც!

– წამო დედი… – მხრებზე ხელი მოხვია ბესარიონმა. – მოიცა, მოიცა, რა მითხარი ახლა გუშინდელზე?

– რა და, იგივე დამემართათქო.

– კი მაგრამ, გახსოვს გუშინ რომ დაიკარგე?

– აბა? როგორ გამიმართლა რომ ახლო-მახლო აღმოჩნდი!

– ისიც გახსოვს, სად დაიკარგე?

– ტუალეტის წინ ვიდექი.

– მოიცა, მოიცა. ვერაფერი გავიგე, დე. ყველაფერი გახსოვს და მაინც გგონია რომ დაიკარგე?

– ჰო დედი, მეც ვერ გავიგე ბევრი ვერაფერი, მაგრამ რაცაა ეგაა. ახლაც დავიკარგე. რა ვქნა აბა.

ბესარიონი ჩაფიქრდა და დედა საპირფარეშოსთან მიაცილა.

– მაკა, – მას შემდეგ რაც დედა უკანვე გამოიყვანა ლოჯში, თავის საძინებელში შევიდა და ცოლს შეხედა მჭმუნვარე სახით, – ვერაფერი გავიგე მაკა, ყველაფერი ახსოვს და არაფერი ახსოვს თან.

– ნინოს მივწერო და გავიგო ფსიქიატრის ნომერი?

– მგონი კი. შენ როგორ ფიქრობ?

– მე დარწმუნებული ვარ, რა ფიქრი ამას უნდა. ჩვენ რამდენიც არ უნდა ვიფიქროთ, რას მივხვდებით? სპეციალისტი უნდა ამ საქმეს, სპეციალისტი! 93 წლისაა, ხუმრობა საქმე კი ნუ გგონია კაცო. მაგ ასაკში კი არა, მე მერევა ხოლმე რაღაცეები ახლა.

– მართალი ხარ. დამიბერდა დედიკო. – ბესარიონი ლოგინზე ჩამოჯდა და თავი ჩაქინდრა სევდიანად.

მაკა მხრებზე მიეფერა, შემდეგ მობილური ამოაძვრინა და ნინოს მისწერა მესენჯერში:

„Ro naxav, damireke”.

ნინომ მალევე გადმოურეკა.

– რატომ გღვიძავს ამ დილაუთენია?

– რავი აბა. რა ხდება მაკ, ხო მშვიდობა გაქვს?

– გუგა ბუთურაშვილის ნომერი მომწერე რა. შუა დღეს შეგხვდები ყავაზე და აგიხსნი რად მინდა, ახლა დაკავებული ვარ. მშვიდობაა, არ ინერვიულო.

„Ok. Kavis saxlshi gavidet da vilaparakot. Ha nomeri – 597 39 01 00, guga eqimi“.

3

                                                        ჭორაობა

         – კაი სპეციალისტია ხო, გოგო? – მაკამ უშაქრო კაპუჩინო მოყლუპა და ნინოს შეხედა.

– კი, მართლა. არ გახსოვს ბაბუაჩემი რა მძიმე დღეში იყო?

– ჰოო, გოგო, როგორ არ მახსოვს.

– დადიოდა ამხელა კაცი და ყველა მკვდარი ელანდებოდა, ვისაც ვიცნობდით და არ ვიცნობდით. მერე ერთ დღეს, აუ რა სასაცილო იყო… – გულიანად გაეცინა ნინოს და თვალწინ დაუდგა რაღაც სცენა.

– მომიყევი რა!

– რა და ერთ დღესაც ეს ჩვენი გრიშა, შენ ხარ ჩემი ბატონი, გაგვეპარა სახლიდან. ჰოდა, თურმე კარის მეზობელს მიადგა და ჩამოუღო კარები. იმან რომ გაუღო, გაუკვირდა, რა ხდება გრიშა ბიძიაო. საუკუნე იყო გრიშა სახლიდან არ გაგვეყვანა და ძალიან უცნაურად მოეჩვენა ალბათ ეს სტუმრობა. რა ხდება კი არა, შენი დედაც ვატირე მეო, შე უნამუსო კაცო, დამიბრუნე ჩემი შლანგი ჩემი ეზოდან რომ გააყოლე ხელს, გგონია ვერ დაგინახეო?! ხელითაც იწევდა თურმე, ხმაურზე გამოვედით და ძლივს გამოვაცალეთ იქაურობას. აუ, რომ გენახა კობას სახე, რა დაბნეული იყო. რა შლანგი წაეღო, როდის, რა არ დაებრუნებინა, წარმოდგენა არ ჰქონდა საწყალს და გრიშა კიდევ ისეთი ზიზღით უყვიროდა, ცოტაც და დაიჯერებდა რომ მართლა მოეპარა რამე.

– აუ კაი რა, არ ვიცოდი ეგ. რა მოხდა ნეტა?

– რა და, ეს კობა თურმე აერია მის გარდაცვლილ კარის მეზობელში, რომელსაც რატომღაც აბრალებდა რაღაც შლანგის მოპარვას. რავი მე, მიდი და გაიგე. რა მნიშვნელობა აქვს ამას ახლა, თვითონ სიტუაცია იყო სასაცილო ზოგადად.

– აუ რა მოუვიდოდა წარმოიდგინე ახლა, ძალიან უცნაურია.

– ჰო. ჰოდა, იმას მოვაყოლე, რომ ასეთი კაცი მოარჯულა გუგა ექიმმა, წარმოგიდგენია?

– როგორ?

– როგორ ქნა არ ვიცი ეგ, მაგრამ ფაქტია, რომ საწყალი აღარ წვალობდა ბოლოსკენ. ეს ჰალუცინაციები რა საშინელებაა რა, წარმოიდგინე მკვდრებს რომ ხედავ და ნუ კაი ჰო, ის მაინც შეღავათია რომ ცოცხლები გგონია ყველა, მაგრამ რა საშინელებაა მაინც არარსებულ ადამიანებთან რომ იწყებ ცხოვრებას, არა?

– ცუდად ვარ რაღაც, თემა შევცვალოთ რა, ძალიან მეშინია.

– რისი? ნუ გეშინია, აგერ ნახავ კლარას როგორ მოგიწესრიგებთ გუგა ექიმი, ძალიან საყვარელია თან.

– კლარას ჯანდაბამდე გზა ჰქონია კაცო, მაინც აღარ დარჩენია ბევრი, რაც მაგან მე ახალგაზრდობა ჩამიმწარა, ახლა ბესოს გამო ვღელავ, თორემ გგონია ძალიან მადარდებს ეგ ბებერი?

– აუ კარგი რა, ყველა დედამთილი მასეა, ნუ აბუქებ ახლა, ცოდოა.

– მოიცა რა, არ გახსოვს დასანახად რომ ვერ მიტანდა?

– ახლა ხომ აღარ ეჯავრები?

– ახლა დაჩიავდა, თორემ სანამ სიტყვა ეთქმოდა, მანამდე – იცოცხლე.

– დაივიწყე, არ შეიძლება ასე, მოხუცია უკვე, მართლა ცოტაღა დარჩენია, დადექი მასზე მაღლა, რა გჭირს.

– ჰო კაი, კაი. ვდგავარ, რა ვქნა მეტი. მშვენიერი ურთიერთობა მაქვს და აგერ ექიმიც კი მიმყავს, მეტი რა უნდა გავაკეთო.

– რისი გეშინია აბა? აზრი გაგაწყვეტინე.

– გოგო, რისი და, მეც რომ იგივე დამემართოს, რა ვქნა მერე?

– რა?

– რომ დავიკარგო. რა საშინელებაა წარმოიდგინე. შენს გრიშას ბოლომდე მაინც ჰქონდა გარეკილი და ეს თითქოს ნორმალურადაა და თან არანორმალურადაა. ანუ წარმოიდგინე, ნუ თარიღები, ვინაობა პერსონები, ყველაფერი ახსოვს, აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ აი, ორიენტაცია უჭირს მარტო. ისიც როგორ ვთქვა ახლა, განა ის ავიწყდება რომ თავისი სახლია, უბრალოდ ოთახიდან ოთახში ვერ გადის და შუა გზაში თავს დაკარგულად თვლის. თან ძალიან სასაცილოა, როცა წინა დაკარგვის ეპიზოდი ახსოვს და აანალიზებს, რომ დაიკარგა თავისივე სახლში, მაგრამ მაინც იკარგება ხელმეორედ. ამას ჯობია გრიშასავით ბოლომდე გარეკო თუ გარეკვაა, არა?

– რავი გოგო, მართალი გითხრა თავს ვარიდებ ამ თემებზე ფიქრს. რაღაც მძაბავს ძალიან. შენ ის მითხარი ახლა სამსახურში რა ხდება?

– უჰ, კაი გამახსენე, რამდენი მაქვს მოსაყოლი…

ზუსტად ამ დროს გუგა ბუთურაშვილი უკვე სახლიდან გამოსასვლელად ემზადებოდა. გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ფეხით მისულიყო დანიშნულების ადგილამდე, სულ ორი კვარტალი აშორებდა, სადღაც ასე ოცი წუთის სავალი გზა, ისიც აუჩქარებლად.

4

                                               10 ოქტომბერი

         – ბატონი გუგა ბრძანდებით?

– დიახ, დიახ, გისმენთ.

– ბატონო გუგა, შვიდზე გელოდებოდით ჩვენთან.

– რომელი ხართ? – თითქოს სიზმრიდან გამოერკვაო გუგა ექიმი, ადგილზე გაშეშდა და დაბნეულმა მიმოიხედა ირგვლივ.

– ბატონო გუგა, მე ბესარიონ ბრეგვაძე ვარ, ჩემი მეუღლე გესაუბრათ შუადღეზე და შეხვედრაზე შეგითანხმდათ. დედაჩემთან დაკავშირებით, თუ გახსოვთ.

– დედა, დედა… აჰმ, გამახსენდა! – გახარებულმა შესძახა. – ასაკოვანი ქალბატონი ჩივილებით დეზორიენტაციაზე, ხომ არ მეშლება?

– ჰო, აი რომ იკარგება საკუთარ ბინაში…

– დიახ, დიახ, მახსოვს. უნდა შევხვედროდით ხო?

– დიახ, გადაიდო ბატონო გუგა? თუ გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდათ, არ არის პრობლემა, შეგვიძლია ცოტათი გადავწიოთ ან სულაც სხვა დღე ავარჩიოთ.

– არა, არა, როგორ გეკადრებათ, შეთანხმება – შეთანხმებაა. ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის, შვიდზე უნდა ვყოფილიყავი, არა?

– დიახ.

– კეთილი, აუცილებლად მოვალ, გზაში ვარ უკვე. თუ შეგიძლიათ, მისამართი გამიმეოროთ. ტელეფონში მქონდა მონიშნული და ვეძებ და ვერსად ვპოულობ ახლა.

–   სერგო ზაქარიაძის 8 ნომერი, მესამე სართული, შემოსასვლელი ეზოს მხრიდან, მეორე სადარბაზო.

– გამახსენდა, გამახსენდა, არ არის პრობლემა, ვიცი რომელი სახლიცაა. მაქსიმუმ ნახევარ საათში თქვენთან ვარ. კიდევ ერთხელ ბოდიში დაგვიანებისთვის!

– როგორ გეკადრებათ, დროებით.

– დროებით.

გუგა ექიმმა ეკლესია შენიშნა. მიუახლოვდა და მისამართი ამოიკითხა: კონსტანტინე კაპანელის ქუჩა, ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონი. აქედან ფეხით ჩასვლის დრო აღარ იყო უკვე და სასწრაფოდ ტაქსს დაუქნია ხელი, რადგან მოერიდა კიდევ უფრო დაგვიანების. სამ ლარად შეთანხმდნენ. გუგა ექიმი უკანა სავარძელში მოთავსდა, უბიდან ბლოკნოტი ამოაძვრინა და წერა დაიწყო:

„რა ჯანდაბა დამემართა, ისევ დავიბენი. პაციენტთან მივდიოდი გამოძახებაზე და წარმოდგენა არ მაქვს როგორ აღმოვჩნდი იქ, სადაც აღმოვჩნდი. აბსოლუტურად სხვა მხარეს. თურმე რას ნიშნავს ფრაზა „ფიქრებმა გაიტაცა“. მართლა გამიტაცა და რომ არა ტელეფონის ზარი, ვინ იცის სადამდე გავიდოდი.

საქმე იმაშია, რომ ამ ბოლო დროს ხშირად მეფიქრება 10 ოქტომბერზე. თან ჩვეულებრივ 10 ოქტომბერზე კი არა, არამედ 525 წლის წინანდელზე. მართლა საოცარი სიტუაცია იყო მაშინ გემზე. არასდროს მიმგზავრია გემით, მაგრამ რამდენიმე თვის წინ რომ ამოვიკითხე სადღაც ერთი საინტერესო ფაქტი კოლუმბის მოგზაურობის შესახებ, მას მერე მეფიქრება.

მოკლედ, ესპანეთიდან 1492 წლის 3 აგვისტოს გავიდნენ კოლუმბის გემები. მოგზაურობა უსაშველოდ გაიწელა. მეზღვაურებში უკმაყოფილება იმატებდა. კოლუმბი ორ ჟურნალს აწარმოებდა გემზე თურმე – ერთში აღრიცხავდა ნამდვილ მანძილს, რომელიც გამოევლოთ და მეორეში კი – ტყუილს, მასზე ნაკლებს. მეზღვაურებისთვის მხოლოდ მეორე იყო ხელმისაწვდომი. საბრალოები, ალბათ რაზე არ ფიქრობდნენ ამდენხნიანი მოგზაურობის შემდეგ როცა უყურებდნენ ჟურნალში რა მანძილი გაევლოთ. თან მიდი და ამტკიცე მერე სინამდვილეში, რომ უფრო მეტი იქნებოდა გავლილი. ასე ინტუიტიურად ვგრძნობ და უბრალოდ ასე მგონიაო, ხომ არ იტყოდნენ? არადა გრძნობდნენ ნამდვილად, რომ რაღაც წესრიგში ვერ იყო. ამ ტყუილში როგორღაც გაუტარებიათ კვირები, მაგრამ 10 ოქტომბერს უკვე ემოციებს პიკისთვის მიუღწევია და ბუნტის საშიშროებაც რეალური გამხდარა. სასოწარკვეთილი მოგზაური მიმხვდარა, რომ საშველი არ იყო და შეუთავაზებია მეზღვაურებისთვის, კიდევ ორი დღეც მაცალეთ და მიწა თუ არ გამოჩნდება, მერე გავბრუნდეთ უკანო. ბედად, 11 ოქტომბერს მიწაც გამოჩენილა და მერე კი ვიცით ყველაფერი, მაგრამ 11 ოქტომბერი საინტერესო არ არის უკვე. მე 10 ოქტომბერი ამეკვიატა.

წარმოიდგინეთ, იქით მეზღვაურები გრძნობენ რაღაცას, აქეთ კოლუმბი გრძნობს რაღაცას და სინამდვილეში წარმოდგენა არ აქვთ საით მიდიან და სად უნდა მივიდნენ. ნეტა რა მოხდებოდა იმ ორ დღეში მიწა რომ არ გამოჩენილიყო? უფრო უარესიც – არც მიწა გამოჩენილიყო და ვერც უკან წასასვლელი გზა გაეკვლიათ?

ხდება ზოგჯერ, რომ სადღაც მიდიხარ, იცი რომ არც სწორად მიდიხარ და არც არასწორად და ისიც იცი, რომ მაინც უნდა იარო. ცუდია რომ 11-ში მიწა გამოჩნდა. კაცობრიობისთვის როგორ იქნებოდა არ ვიცი, მაგრამ მეზღვაურებსაც და კოლუმბსაც ბევრად საინტერესო ინდივიდუალური აღმოჩენები ელოდათ წინ, დარწმუნებული ვარ. ამერიკამ ყველაფერი გააბანალურა და ჩაშალა. როგორც პრინ…“

– აქ გავაჩერო?

– დიახ, დიახ, აქ ჩამოვალ.

გუგა ექიმმა რკინის ფულები გაუწოდა მძღოლს, მადლობა გადაუხადა, საათზე დაიხედა და ჩავიდა. ოცი წუთი გასულიყო. ათ წუთში თუ კარზე დააკაკუნებდა, ზუსტად ჩაეტეოდა დროში.

კარი ბესარიონმა გაუღო.

5

ბავშვების თეორია

– ადვილად მოგვაგენით, ხო?

– დიახ, აქვე ვცხოვრობ, არ ვარ შორს, უბრალოდ გზაში შევყოვნდი, დიდი ხნის უნახავი ნაცნობი შემხვდა და ბევრი მელაპარაკა.

– არა უშავს. ქურთუკი მომეცით და აქეთ გამობრძანდით, – ბესარიონმა ქურთუკი გამოართვა და ყურში ჩასჩურჩულა. – ვითომ თანამშრომლები ვართ, ყველაფერი რომ ბუნებრივად გამოჩნდეს, ძალიან ეჭვიანი და ჭკვიანი ქალია დედაჩემი, კარგით?

– კეთილი, არ არის პრობლემა, ამის მეტი რა მიკეთებია, ეს ჩემი საქმეა, არ იდარდოთ. – გაუღიმა გუგა ექიმმა და ხელგაშლილი შევიდა სასტუმრო ოთახში. – ოოო, კეთილი იყოს ჩემი ფეხი ბრეგვაძეებში, კეთილი იყოს!

სუფრასთან მაკა, ბესარიონი, გუგა ექიმი და კლარა ისხდნენ. ბავშვები მაკას გაეფრთხილებინა, რომ ექიმი უნდა მოსულიყო და ცხვირი არ გამოეყოთ ოთახიდან, რადგან კლარა ბებიამ არ იცოდა, რომ ეს კაცი ექიმი იყო და უმალავდნენ ამას. ბავშვები დიდად არც შეწინააღმდეგებიან, რადგან ისედაც ეჯავრებოდათ უფროსებთან სუფრაზე ჯდომა, სავალდებულო ლექსების თქმა, შეყვარებულების შესახებ მოყოლა და ა.შ. და ა.შ. მიუხედავად ამის, აღნიშნულმა კონსპირაციულმა ვითარებამ მათი ცნობისწადილი მაინც გააღვივა და გაცხოველებულ მსჯელობაში გაატარეს მთელი საღამო. საბოლოოდ დაასკვნეს, რომ ზოგი ადამიანი სხეულით ბერდება და ტვინით არა, როგორც ბებია კლარას შემთხვევაში იყო. შესაბამისად, ვერდაბერებული ტვინი ძალიან წუხდა იმაზე, რომ დაბერებული სხეული ცოტა ხანში უნდა მომკვდარიყო და სხვადასხვა თამაშებს იწყებდა, რაც სხვა ადამიანებისთვის ცოტათი უცნაურიც შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგალითად, კლარა ბებიას შემთხვევაში, ტვინი ცდილობდა უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანი ეთამაშა, რომელიც სიკვდილისკენ მიმავალ გზაზეც დაიკარგებოდა და თუ ეს ასე მოხდებოდა მართლა, არც მოკვდებოდა კარგა ხანს. ბავშვებს ეს ვერსია იმდენად ლოგიკურად მოეჩვენათ, რომ ერთი სული ჰქონდათ ექიმის მოსაზრების გაგებისა, თუმცა დიდი იმედებით არ იყვნენ გამსჭვალულები, რადგან იცოდნენ რომ ექიმი რამე უცხო ტერმინოლოგიის კორიანტელს დააყენებდა და თავდაჯერებული სახით რაღაც უცხო წამლებს დანიშნავდა, რომელიც ბებიას ისევ იმ გზაზე შეაყენებდა, რაც ბუნებრივი და გარდაუვალი აღსასრულისკენ მიდიოდა. არადა ბავშვებს უყვარდათ ბებია და ერთგვარად გულშემატკივრობდნენ კიდეც მის ამბოხს. თავიანთი ბავშვობა ახსენდებოდათ, ბავშვები კი იყვნენ ისედაც, მაგრამ ყველა ბავშვს აქვს კიდევ უფრო ბავშვობა, ჰოდა ისინიც ისხდნენ და იხსენებდნენ იმ წუთებს, როცა გარდაუვალ გზებზე სიარულს დაუძვრნენ და მაგალითად, სკოლაში არ წავიდნენ ან ასაცრელად ვიზიტი აირიდეს თავიდან ან რა და ან რა. რამდენი რამის გამოგონება უწევდათ ამისთვის, რამდენი მარცხი უწვნევიათ კიდეც, მაგრამ ის სიამოვნების შეგრძნება, რაც თუნდაც ერთი გარდაუვალი გზიდან გადახვევით განუცდიათ, ამ წუთამდე ახსოვდათ.

– ქალბატონო კლარა, შეგიძლიათ მიმასწავლოთ საპირფარეშო?

„არა ბებო, არა! არ მოტყუვდე, ექიმია ეს კაცი და გამოწმებს, არა!“ – კარს მიღმა იყვნენ ბავშვები ატუზულები და გულდასმით ადევნებდნენ სიტუაციას თვალ-ყურს.

– უი რა საინტერესოა, შეგიძლიათ უფრო დეტალურად მომიყვეთ? რას ბრძანებთ, ჰაჰა.

„ბებო შეჩერდი, ნუ უყვები შენი დაკარგვის ისტორიებს, გიმკურნალებს, გაჩერდი. გთხოვ!!!!“

– მოიცათ, მოიცათ, ერთი რამ ვერ გავიგე – ყველაფერი გახსოვთ? ანუ გახსოვთ რომ იკარგებით? პარადოქსივითაა, არა?

„ბებო, იწყებს უკვე უცხო სიტყვების რახა-რუხს! მგონი მოგწონს, მგონი შენი ნდობა მოიპოვა ბებო, რა გჭირს, არ გატყდე!“

– იცით, ასეთი შემთხვევის შესახებ არასდროს მსმენია. ძალიან, ძალიან უცნაური რამაა. ერთი მეგობარი მყავს, იშვიათი ნეიროსენსორული აბსტრაქციების კოლექციონერია და ნება მიბოძეთ მოვუყვე თქვენი შემთხვევა. მასაც თუ ნანახი არ ექნა, მართლაც უნიკალური იქნება! ხოლო თუ ნანახი ექნა, იქნება და დაგვეხმაროს რამით. დისკომფორტს გრძნობთ, არა? გაწუხებთ ხო ეს სიტუაცია? ისე კი არ იფიქროთ, თითქოს ძალით ვცდილობდე თქვენს დახმარებას.

„აუ ბე, ძაან აფერისტია ეს კაცი, ძალიან!“

– კეთილი, მაშ ასე მოვილაპარაკოთ. მე დღეს საღამოსვე დაველაპარაკები ჩემს მეგობარს და ხვალ დაგირეკავთ და გადმოგცემთ რას მეტყვის. თუ დაინტერესდებით, მერე შემიძლია შეგახვედროთ კიდეც. როგორ? აჰ, ეგ მეც არ ვიცი რას ნიშნავს. ჰაჰა, იშვიათი ნეიროსენსორული აბსტრაქციების კოლექციონერია და დაე მივანდოთ ეს რაღაცა მასვე, ნუ ჩავეძიებით, აბა ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, არა? მთავარია, რომ ძალიან კარგი ადამიანია, გულკეთილი და სხვისი ჭირის და სხვისი სიკეთის ბოლომდე გამზიარებელი.

„ბებია უნდა გადავარჩინოთ, სხვა გზა არაა!“

დაასკვნეს ბავშვებმა, რომლებიც იყვნენ რვა წლისები და რომლებსაც იმ ღამით არ უძინიათ. აი ბესარიონს კი ეძინა და ისევ ის აგარაკი ესიზმრა. ამჯერად საძინებელში იყო. აბრეშუმის ხალათი ეცვა, სარკეში იყურებოდა და სიგარას ეწეოდა. ხან ერთ გვერდს მიუშვერდა სარკეს და ხანაც – მეორეს. „ჰმ, ბესარიონ ბრეგვაძემ ყველაფერს მიაღწია და შედგა, ბესარიონ ბრეგვაძემ იპოვა თავისი თავი და აწი დუნე ცხოვრებით ტკბობაღა დარჩენია“, ჩურჩულებდა თავისთვის.

6

                       იშვიათ ნეიროსენსორულ აბსტრაქციათა კოლექციონერი

         გუგა ექიმი ფიქრობდა რომელი წამალი დაენიშნა პაციენტ კანდელაკისთვის. შემთხვევა მართლაც უცნაური და რთული ეჩვენა. ქალი მხოლოდ დეზორიენტაციას უჩიოდა, თუმცა ეს დეზორიენტაციაც უცნაურად იყო გამოვლენილი. ისეთი შთაბეჭდილება შეექმნებოდა ადამიანს, თითქოს რაღაცას თამაშობს და იტყუება ყურადღების მისაქცევადო. აბა როგორ იყო შესაძლებელი ზუსტად გხსომებოდა რომ გუშინ ტუალეტის საძებრად წასული დაიკარგე და ტუალეტის წინ აღმოგაჩინეს აყვირებული? ანუ პაციენტი აანალიზებდა, რომ საკუთარ სახლში იყო და ამ სახლში საპირფარეშოც არსებობდა. ცოტა უფრო ფართო სპექტრის დეზორიენტაცია რომ ჰქონოდა და სიტყვაზე, დავიწყნოდა რომ სახლშია, ეგ კიდევ ჰო. მოკლედ, გუგა ექიმი აშკარად ვერ ერკვეოდა წესიერად საქმის არსში და ასე გაურკვევლად კი წამლის დანიშვნა არ შეიძლებოდა.

ცოტა ხანი აივანზე გასვლა გადაწყვიტა. სიგარეტს მოუკიდა და ინატრა, ნეტა მართლა ჰყოლოდა იშვიათი ნეიროსენსორული აბსტრაქციების კოლექციონერი მეგობარი. მაგრად კი მოაფიქრდა ეს რაღაცა, სუფთა იმპროვიზაცია იყო, ასეთი სიტყვათშეთანხმება არასდროს გამოუყენებია აქამდე. ნეტა თუ არსებობდა ვინმე მართლა? რომ არსებულიყო, აუცილებლად დაუმეგობრდებოდა და კლარას შემთხვევას მოუყვებოდა კოლექციისთვის. ის კი გულდასმით მოუსმენდა და ეტყოდა:

– გუგა, რთული შემთხვევაა, მსგავსი არასდროს მინახავს.

– ვა, მართლა? ათასობით უიშვიათესი ქეისი გაქვს აღწერილი და შენახული შენს ჟურნალში და ასეთი არ არის არც ერთი, დავიჯერო?

– იცი რა, ბევრი ვიფიქრე და არა, ასეთი არ არის. ერთი კითხვა მაქვს – ქალი მხოლოდ საპირფარეშოში გასვლის დროს იკარგება?

– არ დამიზუსტებია. რა მნიშვნელობა აქვს?

– გადამწყვეტი. საპირფარეშო არის ერთადერთი ადგილი ჩვენს ბინაში, რომელიც გვახსენებს ბუნებრივ საჭიროებებს და პირიქით – ბუნებრივი საჭიროებები გვახსენებენ ამ ადგილს, თუმცა ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. არსებობს რაღაც, რაც გარდაუვალია.

– საინტერესოდ მსჯელობ. რა არის გარდაუვალი?

– ბევრი რამე, მაგრამ ეს ორი გამოვყოთ ახლა – მოფსმა და სიკვდილი.

– ძილი?

– ძილი სასიამოვნოცაა, დასვენებაა, რელაქსაცია. თან როგორ გითხრა ახლა, ძილით სადაც გინდა იქ დაიძინებ, გინდა შენს საძინებელში და გინდაც იატაკზე. აი მოფსმისთვის კი მხოლოდ საპირფარეშო უნდა გამოიყენო. რაღაცნაირი ძლიერი ადგილია, სრულ დომინაციას ამყარებს ადამიანებზე და ახსენებს მათ, რომ არსებობს რაღაც, რაც გარდაუვალია. ადამიანებს კი ასოციაციური მეხსიერება გვაქვს და ხშირად ერთი რამის გახსენებას, სხვა ბევრი რამის გახსენებაც მოჰყვება, ამ შემთხვევაში კი იმისი, რომ არსებობს მეორე რაღაცაც, რაც ასევე გარდაუვალია.

– სიკვდილი!

– გამარჯობა მეგობარო, სიკვდილი.

– ქალი 93 წლისაა.

– კიდევ ერთხელ გამარჯობა, მეგობარო.

– და ძალიან ჭკვიანი და საღ გონებაზე მყოფია. მთელი არსებით, გულითა და გონებით ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ…

– უნდა მოკვდეს! და აი ისიც, მისი გონება იწყებს მოქმედებას მის გადასარჩენად.

– და ავიწყებს მას ადგილს, რომელიც ასოცირებულია სიკვდილთან, როგორც მეორე გარდაუვალ რამესთან.

– სწორია. და იცი რა არის ამ მდგომარეობის პროგნოზი, რომელსაც წარმოდგენა არ მაქვს რა ჰქვია?

– არ ვიცი.

– მალე აუცილებლად დაიწყებს ჩაფსმას.

– მართალია!

– ჩაფსმას კი იცი რა მოჰყვება?

– არ ვიცი.

– ჩართავს უკუევოლუციის მექანიზმს მის ტვინში, რომელიც ყველას გვაქვს, მაგრამ გამორთულ მდგომარეობაში. სიკვდილისაგან თავის დაღწევის მიზნით, ქალი დაიწყებს უკუგანვითარებას. მის უკან კი ნაკლები ასაკი და სულაც – ბავშვობა დგას. ამას ნელ-ნელა მოჰყვება კოგნიტური ფუნქციების გაუარესება და ეს ჩვენი ჭკვიანი და საღ გონებაზე მყოფი ქალი აღარ იქნება ჭკვიანი და საღ გონებაზე მყოფი.

– დეპერსონალიზაცია, დეზორიენტაცია დროსა და სივრცეში, მოკლედ მთელი ბუკეტი!

– კი და კიდევ უფრო ტრაგიკული რა არის იცი ამ შემთხვევაში?

– რა?

– არ ვიცი როგორ უნდა მართო ეს მდგომარეობა.

გუგა ექიმი რეალობაში დაბრუნდა დროებით. მიხვდა რომ სწორ გზაზე იდგა ახალშეძენილი წარმოსახვითი მეგობრის წყალობით და იმასაც მიხვდა, რომ ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა გადასადგამი, მხოლოდ ერთი. ის დრო იყო, როცა ინტუიციას უნდა მინდობოდა. ინტუიციამ კი უთხრა, რომ პასუხს გემზე იპოვნიდა, 10 ოქტომბერს, ატლანტიკის ოკეანეში.

7

                                              ნამდვილი აღმოჩენა

         წყალი მშვიდი იყო. გემბანზეც უჩვეულო სიმშვიდე ჩამოწოლილიყო, თუმცა ყველა გრძნობდა, რომ წუთი-წუთზე რაღაც უნდა მომხდარიყო.

– კაპიტანო, მგონი ბუნტი მზადდება. – კოლუმბს ასისტენტმა უჩურჩულა. ძალიან ნერვიულობდა ეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც პირველად იყო ამხელა მოგზაურობაში.

– საიდან იცი?

– ლაპარაკს მოვკარი ყური. მგონი, გონსალო ფრანკო და ჯაკომელ რიკო ხლართავენ რაღაცას. ეგენი უნდა იყვნენ მეთაურები ალბათ. ასე ამბობდნენ, ყელშია უკვე ეს უთავბოლო ხეტიალი, შეპყრობილია კაპიტანი და ამ თავის აკვიატებებს გადაგვაყოლებსო. დროა ხმა ამოვიღოთო.

– სხვები მხარს უჭერენ?

– ასე მგონია – კი.

– რაზე დაყრდნობით?

– ყველა ეთანხმებოდა. ცოლები გვენატრებაო. არ გვინდა აქ სიკვდილიო.

– ჰმ, როცა მეზღვაური ცოლზე და სიკვდილზე იწყებს ფიქრს, ვერ არის კარგი ნიშანი კაპიტნისათვის. ყველანი შეკრიბე ქვემოთ, სანამ იმოქმედებენ უნდა დავასწროთ.

– რას იზამთ, კაპიტანო?

– შეკრიბეთქო.

მალე მოიყარა თავი მთელმა ეკიპაჟმა. მოუთმენლად ელოდნენ კაპიტანს, რომელიც მცირე დაგვიანებით წარსდგა მათ წინაშე.

– 2 დღე, მეგობრებო. – მოკლედ თქვა კოლუმბმა.

– რა ორი დღე? – დაიღრიალა ვიღაცამ ბრბოდან.

– დღეს არის 10 ოქტომბერი. თუ ორ დღეში მიწა არ გამოჩნდება, უკან ავიღებთ გეზს – ჩვენი ცოლებისკენ. კაპიტნის პირობა არ დაირღვევა.

– ეს ორი დღე რაღას უნდა ველოდოთ?

– 2 თვეზე მეტია ველით და ორი დღე მე მაჩუქეთ, რა მოხდა. გული მიგრძნობს, რომ რაღაც დიდთან ვართ ახლოს.

მეზღვაურებმა გადაწყვიტეს ორი დღის ჩუქება კაპიტნისათვის და დაწყნარდნენ.

11 ოქტომბერს ისევ წყალი იყო ირგვლივ.

12 ოქტომბერსაც.

13-ში კი გეზი აიღეს უკან.

ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა კაპიტნის გარდა, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობდა. გემებს კი უცვალეს გეზი, მაგრამ როგორ უნდა გაეგნოთ მარშუტი ესპანეთამდე, წარმოდგენა არავის ჰქონდა, რადგან ისედაც დაკარგულები იყვნენ და ახლა უფრო დაიკარგნენ. კოლუმბი მიხვდა, რომ ბრიყვი და მოუთმენელი მეზღვაურები წყალში უთავბოლო ცურვისთვის იყვნენ განწირულები, თუმცა აბა ამას რა მნიშვნელობა აქვს – მთავარია ეგონათ, რომ სახლში მიდიოდნენ, ერთგულ ცოლებთან თბილ ლოგინებში.

კოლუმბი ერთ რამესაც მიხვდა – სახლში რომ დაბრუნებულიყო, აუცილებლად მოკვდებოდა, რადგან განაგრძობდა დაბერებას და როგორც მოხუცთა ხვედრია, ცოტა ხანში მიწაშიც ჩაწვებოდა. წყალში კი ეს არ ეწერა ან ეწერა, მაგრამ სულ სხვა დროს, ვიდრე მიწაზე უნდა მომხდარიყო. კაპიტანი დაფიქრდა, რომ ყველა ადამიანს თავისი სიკვდილი აქვს. სიკვდილი სწავლობს ადამიანის ცხოვრების მიმდინარეობას, იჭერს კანონზიმერებას და უსაფრდება იქ, სადაც გარდაუვალია და ლოგიკური. ძალიან დაიბნეოდა კოლუმბის სიკვდილი, როცა ერთ მშვენიერ დღესაც აღმოაჩენდა, რომ მისი საკბილო იქ არ იყო, სადაც ელოდა. განა რა, განა არ იცოდა რომ ამით უკვდავი ვერ გახდებოდა, მაგრამ… ვინ იცის, იქნება და…

ოკეანე იყო მშვიდი და ლურჯი. მეზღვაურები იყვნენ მშვიდები და გარუჯულები. გემი იყო ხის. ეს ყველაფერი კი კოლუმბს ეკუთვნოდა, რომელიც სარკის წინ იდგა და იმეორებდა: „მე კაპიტანი ვარ, ეს ყველაფერი მე მეკუთვნის, მე დავიკარგე და აღმოვაჩინე ჩემი თავი“.

8

                                    წამალი, რომელიც არაფერს კურნავს

         – გამარჯობა პატარა, მე გუგა ვარ, ორი დღის წინ ვიყავი თქვენთან სტუმრად, მამას მეგობარი. სახლში არიან უფროსები?

– მე ლიზიკო ვარ, გუგა ექიმო, აქ არ დარეკოთ, ბებია კარგადაა და არ უნდა არაფერი.

– საიდან იცი რომ ექიმი ვარ?

– დედამ გვითხრა ყველაფერი.

– რატომ აღარ დავრეკო? მამას შევპირდი რომ დავურეკავდი და…

– და ბებიას წამლებს დაუნიშნავდი, არა?

– არ გინდა ბებიას ვუმკურნალოთ?

– არა!

– რატომ?

– იმიტომ!

– კი მაგრამ, რატომ ლიზიკო? უნდა ვუშველოთ ბებიას.

– მოკლავთ მკურნალობით! არ მინდა რომ უმკურნალოთ!

– საიდან მოიტანე? კარგი წამალი უნდა დავუნიშნო, არ მოკლავს.

– არ გვინდა მე და ნიკუშას და მორჩა, არ მოგცემთ საშუალებას რომ ბებიას უმკურნალოთ.

– ლიზიკო, მისმინე, თუ არ მეტყვი რატომ არ გინდა რომ ბებიას ვუმკურნალო, მაშინ მოვალ თქვენთან და პირადად შევხვდები მამას, რა პრობლემაა.

– (პაუზა) (ჩურჩული – „უთხარი, უთხარი“).

– მითხარი ლიზიკო, ყველაფერს გავიგებ.

ლიზიკომ ყველაფერი მოუყვა სიკვდილთან ამბოხებული კლარა ბებიის შესახებ. გუგა ექიმი ყურადღებით უსმენდა. ბოლოს კი უთხრა:

– იცი რა ლიზიკო, ყველაფერში გეთანხმები. მეც მასე ვფიქრობდი.

– ეეე… ეგ როგორ?

– როგორ და ზუსტად ისე, როგორც შენ მომიყევი.

– მაშინ წამალს რატომ უნიშნავ?

– მაინტერესებს დალევს თუ არა.

– რატომ?

– იმიტომ, რომ თუ დალევს, ე.ი. დახმარებას ითხოვს და სხვა რამეშია საქმე. თუ არ დალევს, ე.ი. სწორად ვხვდებით მე და შენ ყველაფერს და უნდა შევეშვათ. თან უფრო მეტსაც გეტყვი, ეს წამალი სინამდვილეში წამალი სულაც არაა, უწყინარი აბია, რომელიც არაფრის სამკურნალოდ არ გამოიყენება. უბრალოდ, იმის შემოწმება მინდა დალევს თუ არა.

– რომ დალიოს?

– მაშინ კიდევ ვიფიქრებ და რამე მართლა წამალს დავუნიშნავ.

– არა, არა, რომ შეეშინდეს ან ხათრით რომ დალიოს?

– როცა ავუხსნი და ვეტყვი, რომ სერიოზული წამალია და ამის დალევის შემდეგ არასდროს დაიკარგება, ხათრით აღარ დალევს.

– და თუ დალევს?

– მაშინ ე.ი. შველას ითხოვს ჩვენგან, ცოდო არაა? ასე ხომ არ მივატოვებთ?

– (პაუზა) (ჩურჩული – „მართალია, მართალია, სწორია“).

– ლიზიკო, ახლა ჭკვიანი გოგო იყავი და დაუძახე მამას.

– კარგი. (ყვირილი – „მაააა, მოდი გუგა ბიძიაა ტელეფონზეეეე“).

– გამარჯობა ბატონო ბესარიონ.

– ოჰ, გამარჯობა ბატონო გუგა. როგორ ველოდი თქვენს ზარს. აბა, რა მოიფიქრეთ?

– მეორე ვიზიტი მჭირდება თქვენთან. მაქვს გეგმა, ოღონდ პაციენტს პირადად უნდა ავუხსნა, ასე ტელეფონზე არ გამოვა.

– დღეს საღამოს მოახერხებთ?

– აუცილებლად.

გუგა ბუთურაშვილს ხელში ეჭირა 5 ტაბლეტი, რომელზეც არ იყო მარკირების არანაირი ნიშანი და კლარა კანდელაკს უხსნიდა ამ ექსპერიმენტული ტაბლეტების წარმომავლობას, იშვიათ ნეიროსენსორულ აბსტრაქციათა კოლექციონერთან დიალოგის შედეგად რომ მოეპოვებინა. თურმე არ ყოფილა კლარა კანდელაკის შემთხვევა ისეთი იშვიათი, როგორიც ეგონათ და თურმე ამ მდგომარეობის სამართავად პრეპარატიც არსებულა, ოღონდ ჯერ კიდევ კვლევის სტადიაზე მყოფი. უსაფრთხოების ეტაპი წარმატებით ჰქონია პრეპარატს გავლილი და საწყისი მონაცემებით, კარგ შედეგებსაც აჩვენებდა თურმე. კლარა ზრდილობიანად უსმენდა და არ აწყვეტინებდა.

– ყოველ დილით, კვებიდან 15 წუთში ერთი ტაბლეტი. საკვები არ იყოს ძალიან ცხიმიანი, ქალბატონო კლარა. ეს გადმომცა მეგობარმა.

9

                                          უგზო-უკვლოდ დაკარგული

         – მიშველეეეთ! ღმერთო რა სირცხვილია, ბესოოოო! მოდი ბესო დროზეეე!

ბესარიონი შუა ძილში იყო. აგარაკზე ისვენებდა. ამჯერად გრეიფრუტის წვენს გეახლებოდათ, ყალიონს ეწეოდა და ეზოში სეირნობდა.

„ბაბუ, როგორ გამახარე, აქ რა გინდა? რას აკეთებ?“

ჯემალი ბაბუა ეზოს კუთხეში მიწას ჩიჩქნიდა. ხმა არ გაუცია შვილიშვილისთვის.

„მოხმარება ხომ არ გინდა, ბაბუ?“

ბესარიონი მიუახლოვდა, ჩაიმუხლა და მიწის ჩიჩქვნას შეუდგა ბაბუის მხარდამხარ. ბაბუა არ ელაპარაკებოდა. ზედაც არ უყურებდა. ჯანდაბა, სულ დავისვარე, ფიქრობდა ბესარიონი და მუშაობას არ წყვეტდა. მთელი დღე იმუშავეს, სანამ კარგა მოზრდილი ორმო არ ამოთხარეს. ბაბუა ფეხზე დადგა და პერანგი გაიხადა.

„რას აკეთებ, ბაბუ?“

ჯემალი ბაბუამ შარვალიც ჩაიხადა. შემდეგ შემცივნებულმა ხელები მხრებზე მოისვა და წინდებისა და ტრუსის ამარა ორმოში ჩაძვრა. პირველად შეხედა შვილიშვილს სახეში.

„მომაყარე დროზე, რას მიდგახარ უსაქმოდ, ვერ ხედავ, ვიყინები?“

ბესარიონმა ორმოს გვერდზე დაგროვილი მიწის გორაკიდან მუჭა-მუჭა დაიწყო მიწის მიყრა. ნელ-ნელა ივსებოდა ორმო. ჯემალი ბაბუა კანკალმა აიტანა. ბესარიონს ტირილი აუტყდა, თუმცა არ გაჩერებულა.

„შვილიშვილები მარხავენ ბაბუებს, ყველაფერი ლოგიკურია, მე ბესარიონ ბრეგვაძე ვარ და ყველაფერი ლოგიკურია, შვილიშვილები მარხავენ ბაბუებს და ყველაფერ…“

– მიშველეეეეთ! ბესოოო!

– ვაიმე, რა ხდება, დედა! – წამოხდა ოფლში გახვითქული ბესარიონი და ლოჯისკენ გაიქცა.

– ბესო, რა ხდება? – გამოიღვიძა მაკამაც, თუმცა ქმარი უკვე ოთახში აღარ იყო. ფეხები ფაჩუჩებში გაუყარა და ლოჯისკენ გაქანდა.

– ჩემო პატარა დედიკო, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ გეშინია, არაფერი ცუდი არ მომხდარა.

ლოჯში შესულ მაკას ეს სცენა დახვდა – ბესარიონი დედას ეხვეოდა, ლოგინის კიდეზე ისხდნენ. ქალს საბანი ჰქონდა მოხვეული. ზეწარზე დიდი ყვითელი ლაქა ისახებოდა.

– გამოვცვლი, არა უშავს. – მაკა დაფაცურდა და ახალი ზეწარის მოსატანად გავიდა.

– დედი, წამალს რატომ არ სვამ, ხომ გითხარი უნდა დალიოთქო, ასეთი რამე არ მოგივიდოდა.

– არ მინდა, არ მინდა, არ მინდა, ბესოოო…

– ჩემი ხათრით დედი, მოდი ვჭამოთ ახლა რამე და მერე დალიე, არაფერი მოგივა, პირიქით, ყველაფერი მოგვარდება, არაფერი დაგემართება.

– ძუძუ მინდა. – თქვა ქალმა, საწოლზე მიწვა, ემბრიონის პოზა მიიღო და ცერა თითის წოვას მოჰყვა.

„იეს! ყოჩაღ ბე!“ – ბავშვებმა ყველაფერი გაიგეს და გახარებულები ერთმანეთს ჩაეხუტნენ.

მაკა ზეწარს ცვლიდა და გულში ეღიმებოდა ამ სიტუაციაზე. სამართალმა პური ჭამაო, ფიქრობდა. ეს ბილწი და ამაზრზენი ქალი ზუსტად ისე კვდება, როგორც ბილწი და ამაზრზენი ქალები უნდა მოკვდნენო. ვერ პატიობდა წლების წინ, ჯერ კიდევ ახალი რძალი რომ იყო, ყველაფერს რომ უწუნებდა – ტან-ფეხიდან დაწყებული, ტანისამოსით დამთავრებული. მერე რა, რომ ეს ყველაფერი წლების წინ მომხდარა და დროთა განმავლობაში კლარაც მორბილებულა, მაკას მაინც მწარედ ახსოვდა ის პერიოდი.

ბესარიონი თავზარდაცემული იყო. ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც არ უნდა მომხდარიყო. საკუთარი დედა საკუთარ შვილად ქცეოდა და არ იცოდა რა მოეხერხებინა მისთვის. ის, ბესარიონ ბრეგვაძე, ცხოვრების გზაზე შემდგარი წესიერი ადამიანი ასეთ მუხანათურ მოულოდნელობას არ იმსახურებდა. ხომ შეიძლებოდა დედა უბრალოდ ამდგარიყო და მომკვდარიყო, როგორც ეს მისი მეგობრის, გურამ რობაქიძის დედამ გააკეთა, მაგალითად?

მას შემდეგ კიდევ 10 წელიწადი იცოცხლა კლარა კანდელაკმა, სრულიად უუნარომ და ჩვილი ბავშვის მდგომარეობაში მყოფმა გაატარა დარჩენილი წლები. 103 წლისა გარდაიცვალა – თევზის ფხით დაიხრჩო, ხარება დღეს.

© არილი

Facebook Comments Box